31.10.2024

ფიქრები შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით

უკრაინის მოვლენები დიდხანს გაჰყვება მსოფლიო საზოგადოებას, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს. პირველს – იმიტომ, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ მონუსხულს – რუსეთს, უკრაინის მოვლენებამდე, ანუ ყირიმამდე, მიიჩნევდა აგრესორად, ეშვებიან დათვად. ყირიმის მიერთების შემდეგ კი ზედმეტიც არის ლაპარაკი მისი ობიექტურობისკენ შებრუნება.

რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ანუ იმათ, ვინც სწორედაც რომ სიტუაციის ამღვრევით ტივტივებენ ბობოქარი ზღვისა თუ ოკეანის ზედაპირზე, შესანიშნავად იგრძნობენ თავს. ხუმრობა ხომ არ არის ესოდენ ნოყიერი ლუკმისთვის მზერა?

დასავლელი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით პოლიტოლოგები და ჟურნალისტები ისე ახლო არიან სანუკვარ „ტორტის“ ნაჭერთან, რომელსაც რუსეთის გამუდმებული ლანძღვა ჰქვია, რომ მზად არიან დაუღეჭავად გადაყლაპონ.

მსოფლიო საზოგადოების მეხსიერებაში ჯერაც კარგად არის შემორჩენილი საქართველოში რუსული „აგრესია“ და ახლა, ახალი, უკრაინის „გაუპატიურება“. ის, რომ ასეთ ცალსახა სიბრტყეში იხილება საქართველო-უკრაინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ლომის წილი რუსეთის პოლიტიკაზე მოდის.

საქმეში ჩახედული ექსპერტები თვლიან, რომ უკრაინის მოვლენებს ადგილი არ ექნებოდა, კრემლს რომ დროულად მოეფშვნიტა თვალები და გამოეფხიკა ყურები, ანუ დროულად მიეხედა იმ პრობლემებისთვის – სოციალურის და აქედან გამომდინარე პოლიტიკურისთვის, რომელიც ანტირუსულ განწყობაში გადაიზარდა.

მაინც, რა უნდა გაეკეთებინა რუსეთს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში პოზიციების შესანარჩუნებლად? ან, ჰქონდა თუ არა მას ამის შესაძლებლობა, როდესაც საბჭოთა სისტემისგან გადაღლილი რესპუბლიკები ნაკლები გულმხურვალებით შეხვდებოდნენ მოსკოვის აქტიურობას? არც ელცინის რუსეთს ჰქონდა სურვილი აქტიურად ჩაეყო ცხვირი ყოფილი „ძმების“ საშინაო საქმეებში, მითუმეტეს, როდესაც რუსეთიც, ისე დაჩაგრულად მიიჩნევდა თავს, როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები.

რუსეთი აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს, ისე, როგორც დანარჩენი საბჭოელები, ანუ თავისუფლებას საბჭოთა კავშირისგან. ცხადია, ესოდენ სერიოზული ფონის პირობებში, ზედმეტი იყო რაღაცნაირი გავლენის მოპოვება ყოფილებზე.

ჩვენ დავიშალეთ და დავიწყეთ ახალი ცხოვრების შენება – ცხოვრებისა, რომლის არც არაფერი გაგვეგებოდა, რამეთუ სოციალ-კომუნიზმიდან კაპიტალიზმზე, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა ახალი რამ იყო მსოფლიოსთვის.

და მაინც შეეძლო თუ არა მოსკოვს ყოფილებისთვის რაღაც ყურადღების გამოჩენა? ბევრი თვლის, რომ შეეძლო, თუმცა იმასაც ამბობს, რომ რუსეთს თვით ჰქონდა გაუსაძლისი პრობლემები, გამოწვეული საბჭოთა კავშირის დაშლით. განვლილი 23 წლის გადასახედიდან გაცილებით იოლია ლაპარაკი, რამეთუ ამ წლებში უდიდესი გამოცდილება დაგროვდა, როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში, ისეთი, რომელიც მაშინ არ იყო და მიზეზთა გამო არც შეიძლება ყოფილიყო.

რუსეთი, საკუთარ  პროპლემებში ჩაფლული, დროს ვერ ძებნიდა გუშინდელი „ძმების“ პრობლემების აღსაქმელად. ის თვითონ ეძებდა ხსნას სხვაგან, მაგალითად, დასავლეთში. დასავლეთი გახდა ყველა ყოფილი საბჭოთას მხსნელი და იმედი. ის, დასავლეთიც, მოქმედებდა ისე, როგორც მას შეეფერებოდა – ახალი ტერიტორიების ათვისების სურვილით, საკუთარი პოზიციების განმტკიცებით, მათთვის უცნობი და ახალი ტერიტორიების მორჯულებით.

და ვიდრე მოსკოვი თავის პრობლემებში იყო გართული – უფულო და საბაზრო ეკონომიკის ანბანის უცოდინარი, დასავლეთმა, უპირველესად აშშ-ა მოახერხეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მენტალური ანექსია. დასავლეთმა, იმთავითვე აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა, გაწვრთნა, ასწავლა, გამოკვება, ამერიკულ იდეალებს აზიარა ისინი.

ამერიკაში გაწვრთნილებს, სამშობლოში ახალი „ხილი“ – არასამთავრობო ორგანიზაციები გაუხსნა – მსუყე ანაზღაურებით. სისტემატური გახდა არასამთავრობო ქართველთა, უკრაინელთა, რუსთა, სხვათა ამერიკაში სტაჟირება, ლექციები, სემინარები და ა.შ. და როდესაც რუსეთმა გამოიღვიძა – „მატარებელი წასული დახვდა“.

მეოცე საუკუნის ბოლო დეკადასა და 21-ე საუკუნის პირველ დეკადაში, მსოფლიოში არსებულ იარაღისეულ აგრესიას, ფარული აგრესია დაემატა, გაძლიერებული პროპაგანდისტული მანქანით, მოსაქრთამი ფულის გაზრდილი რაოდენობით, აქტიური ძირგამომთხრელი მოქმედებით და ყოველივე აღნიშნული ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის განვითარების საფარით.

უფრო თვალნათელი გახდა აშშ-ს მიერ „დემოკრატიის“ და ადამიანის უფლებების დაცვისთვის განხორციელებული „დემოკრატიული“ ქმედება. ამოიჩემებს ეს დიდი ქვეყანა, რომელიმე ქვეყნის არადემოკრატიულობას და ფულს და ენერგიას არ იშურებს მისი „გადემოკრატებისთვის“. თუ იმ ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას მაინცდამაინც გულზე არ ეხატება იმპორტული დემოკრატია, ვაშინგტონი ახერხებს ასეთთა პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რისი მოწმენიც გავხდით უკრაინაში.

დღეს, სისტემატურად ისმის კითხვა – სადამდე გაგრძელდება ამერიკული ფარული ექსპანსია ყოფილ საბჭოთა სივრცეში და უკრაინის შემდეგ ვინ იქნება მორიგი მსხვერპლი?

ექსპერტების მიხედვით, აშშ-ს ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ერთიდაიგივე ხელწერა აქვს, მაგრამ თვით საექსპერიმენტო პოლიგონი მეტად განსხვავებულია ერთმანეთისგან, უპირველესად შიდა სტაბილურობით. შედარებით სტაბილური სახელმწიფო სისტემის მქონე ქვეყნები ნაკლებად არიან დამოკიდებული გარეშე ფაქტორებზე, გამოწვევებზე.

ასეთთა რიცხვს მიეკუთვნებიან ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, სადაც ხელისუფლების სტაბილურობა განპირობებულია მტკიცე სახელმწიფო აპარატით, ოპოზიციური ძალების სისუსტით, მათი ქვეყნიდან განდევნით ან პასუხისგებაში მიცემით. ეს ქვეყნები, მიუხედავად დასავლეთის უკმაყოფილებისა, ახერხებენ ისევ დასავლეთთან იქონიონ ურთიერთობები. დასავლეთიც, მათთან მიმართებაში ივიწყებს „დემოკრატიულ სტანდარტებს“. ამ შემთხვევაში ის პრაგმატულად მოქმედებს – აყენებს რა წინა პლანზე ენერგეტიკულ საკითხებს.

ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, ტაჯიკეთი ვაშინგტონისგან სხვანაირი მოპყრობის ატმოსფეროში არიან. თითოეულ მათგანზე ვაშინგტონს აქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობის საკუთარი საგზაო რუქა. მაგალითად, ტაჯიკეთს თხოვს მეტ დათმობას თითქმის ყველა საკითხში, განსაკუთრებით აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ბაზის გახსნის საქმეში. აზერბაიჯანში არ მოსწონს დამოუკიდებელი პოლტიკა, სომხეთში – რუსეთთან მისი მჭიდრო ურთიერთობა, ბელორუსში – მტკიცე ხელი.

ყველა აღნიშნულ ქვეყანაში აშშ-ს მჭიდრო კავშირები აქვს დამყარებული ოპოზიციურ ძალებთან. დასავლეთის მედიაში ხშირია ამ კვარტეტის ლანძღვა-გინება ოპოზიციის მიმართ ცუდი მოპყრობის გამო, თუმცა ეს კრიტიკა ნაკლებად უფრთხობს ძილს ამ ქვეყნების ლიდერებს.

ყველაზე სუსტ რგოლად მიიჩნევა საქართველო, მოლდოვა, ყირგიზეთი, უპირველესად, უაღრესად სუსტი სახელმწიფო სტრუქტურის გამო. სწორედ ამ სისუსტემ გამოიწვია, თანაც არაერთხელ ქუჩის ზეგავლენით ხელისუფლების ცვლა.

ცალ-ცალკე აღებული ეს ქვეყნები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგალითად, მოლდოვას, რომელიც ემზადება ევროპის ასოცირებული წევრობისთვის, შიდა პრობლემებიც აქვს. მაგალითად, გაგაუზები, რომლებსაც გაგონებაც არ უნდათ ევროკავშირთან ასოცირების. მათ უკვე ჩაატარეს რეფერენდუმი  და მხარი დაუჭირეს საბაჟო კავშირთან ურთიერთობას.

მოლდოვაში საბაჟო კავშირთან ურთიერთობას მხარს უჭერს ქვეყნის ყველაზე მძლავრი პარტია – კომუნისტური, მას კი მხარს მოსახლეობის 47%-ი უჭერს. საპარლამენტო არჩვნები მოლდოვაში გვიან შემოდგომით ჩატარდება და, როგორც ამბობენ, კომუნისტების გამარჯვებით დამთავრდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩქარობს ევროკავშირი. მას სურს უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს ასოცირებული წევრობის ვადამდელი გაფორმება. იგივე სურვილი აქვს აშშ-ს, რომელმაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირით განაცხადა ამის თაობაზე – სამივე ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრების დროს თეთრ სახლში.

აშშ-ს ხელისუფლება იმდენად ტენდენციურად იქცევა ამ სამ ქვეყანასთან, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში, რომ ხშირად ბადებს კითხვას, რამდენად სცემს პატივს საკუთარ კონსტიტუციას. დემოკრატ, ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფოს, სრულებით არ შეეფერება იარაღით ხელისუფლებაში მისულთან რაიმე კონტაქტის დამყარება, მითუმეტეს ფულადი დახმარება.

აშშ-ა უარი თქვა ეგვიპტის ლეგიტიმური პრეზიდენტის მურსის ჩამომგდებ სამხედრო მმართველებისთვის ყოველწლიური სამხედრო დახმარების გაწევაზე (ორი მილიარდი დოლარი). უკრაინის შემთხვევაში – მზად არის გამოყოს ერთი მილიარდი დოლარის დახმარება. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ იაცენიუკს პრეზიდენტი იღებს.

პროტოკოლის თვალსაზრისით, ეს მიღება გაცილებით მაღალი დონისა იყო, ვიდრე ღარიბაშვილისა და მისი თანმხლები პირების მიღება. ჩვენს შემთხვევაში, ობამამ შეიარა იმ ოთახში, სადაც ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი ელაპარაკებოდა საქართველოს დელეგაციას და იქ რამდენიმე წუთი დაჰყო. უკრაინის არალეგიტიმური, დროებითი პრემიერი კი პირადად მან მიიღო, მართალია არა მთლად მაღალი პროტოკოლით – ანუ ბუხარში ცეცხლმოკიდებელი შეშით, მაგრამ მაინც მაღალით და ა.შ.

ყირგიზეთი ის ქვეყანაა, სადაც სისტემატურად ხდება სახელმწიფო გადატრიალებები. მთავარია იყოს საბაბი. ყირგიზეთში დიდი ამერიკული ინტერესია სამხედრო-საჰაერო ბაზის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ატამბაევმა, მართალია ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აეროპორტ მანასიდან ამერიკული ბაზის გაყვანის თაობაზე, მაგრამ, როგორც იქაურები ამბობენ, ყოველივე ეს მოჩვენებითია, ვინაიდან აეროდრომი, მისი ინფრასტრუქტურა და ა.შ. ხელშეკრულებით გადადის თურქული კომპანიის ხელში. თურქეთი კი ნატოს წევრია და სრული შესაძლებელია დაეთანხმოს ამერიკის მიერ ბაზის გამოყენებას.

ყირგიზეთში და არა მარტო იქ, არამედ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში მკვეთრად უპირისპირდება ერთმანეთს რუსულ-ამერიკული ინტერესები. და თუ ამ რეგიონში ამერიკული ზეგავლენა აღემატება რუსულს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ რუსეთი ნატოურ რკალშია, უფრო ზუსტად წრეში, რომელიც შემდგომში შევიწროებას იწყებს უკვე თვით რუსეთის ხარჯზე, იქ მოქმედი ანტირუსული, ლიბერალური ძალების ამოქმედებით.

ეს ძალები დღესაც, ანტიკრემლურად გაჰყვირიან და პუტინს საბჭოური მენტალიტეტისთვის აგინებენ, მოითხოვენ უკრაინიდან შორს ყოფნას. ეს, ის ძალებია, რომლებიც აშშ-ს სისტემატურ დაფინანსებაზე არიან, თეთრ სახლსა და კონგრესს ნებისმიერ საკითხზე კოლექტიური წერილებით „ბომბავენ“ და ითხოვენ მათგან პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების დასჯას.

ეს, გამყიდველი, რუსეთის მოღალატე ლიბერალური ძალებია, რომლებიც სააკაშვილს გმირად მიიჩნევენ. ეს, ის ძალებია, რომლებიც დადებითად აფასებენ კიევში პროფაშისტური ელემენტების მისვლას ხელისუფლებაში. სწორედ ამ ძალებმა დიდი მსვლელობა მოაწყვეს მოსკოვის ცენტრში გასულ შაბათს (15 მარტს) და მიტინგიც გამართეს.

რა უნდა მოიმოქმედოს კრემლმა, რომელსაც აშშ-ა როგორც შინ, ისე გარეთ, საზღვრებთან ესოდენ სერიოზული პრობლემები აუგორა? ყირიმის შეერთებით რუსეთისთვის დიდი საქმე გაკეთდა, მაგრამ ყირიმი ვერ გადაფარავს იმას, რასაც უკრაინა ჰქვია.

აშშ-ს მიერ მტრად ამხედრებული უკრაინა, რუსეთისთვის უდიდესი პრობლემაა, თითქმის ყველა თვალსაზრისით, განსაკუთრებით სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით. რუსეთმა, რომელიც ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებას ეწინააღმდეგებოდა აღმოსავლეთ ევროპაში, შეიძლება ყურისძირში, უკრაინაში მიიღოს ისინი. როგორც ამბობენ, ეს საკითხიც განიხილეს ობამა-იაცენიუკმა.

რას მოიმოქმედებს რუსეთი? დანებდება ამ შემოტევას? არამც და არამც. რუსეთი გადადგამს, უფრო სწორად გადაადგმევინებენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც სანანებელი შეიძლება გაუხდეს მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს.

როგორც ცნობილია, საქართველოს პოლიტიკური „ელიტა“ შესაშური ოპტიმიზმით ელის ნატოს სამიტს და დარწმუნებულია, რომ „მაპს“ მოგვცემენ. „მაპი“ წევრობა არ არის, მაგრამ აღარაფერი აკლია. შეეგუება რუსეთი თავის სამხრეთის საზღვრებთან ნატოს გამოჩენას? ცხადია, არა! ის, უდავოდ, გადადგამს შესაბამის ნაბიჯს, რაც კარგს არაფერს მოგვიტანს.

 კუთხეში მიყენებული რუსეთი არ შეეგუება ბედს და ეს უნდა იცოდეს უპირველესად საქართველოს პოლიტიკამ. მან ისიც უნდა იცოდეს, რომ ნატო, ნატოში შესული საქართველოსთვის, ბირთვულ ომს არ გამოუცხადებს რუსეთს.

ნატომ ვერაფერი შეჰბედა თავისსავე წევრ თურქეთს, როდესაც მან ჩრდილო კვიპროსის თურქი მოსახლეობის დასაცავად ჯარი შეიყვანა იქ. 1974 წელს მოხდა ეს ამბავი. მას შემდეგ თურქეთი იქ არის და როგორც ჩანს, კარგა ხანს იქნება.

მიკვირს, ქართველ პოლიტიკოსთა აჩემება და ნატოს, ნატოს ძახილი. მიკვირს, მათი გულუბრყვილობა და ბრიუსელით თავის დაიმედება. ნუთუ უკრაინის მაგალითი არაფერს ეუბნება მათ? დიდი, მითუმეტეს ბირთვული დაპირისპირება დამანგრევებელი იქნება ყველასთვის, მითუმეტეს ჩვენთვის, ომის შემთხვევაში პოლიგონად ქცეულისთვის.

თუმცა ამის რეალური აღქმა არ აქვს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას. მათ „წილხვედრობის“, უფრო სწორად ნატოს და აშშ-ს „წილხვედრობის“ იმედი აქვთ, მაგრამ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რომ „წილხვედრობის“ იმედად ყოფნა არ სურს. იქნებ, ვისაც ნატო-აშშ-ს იმედი აქვთ, იქ წავიდნენ, პერსონალურად შეუერთდნენ ნატოს, რითაც ისინიც კმაყოფილნი იქნებიან და საქართველოც – მათი ახირებული გეგმისგან გადარჩენილი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.