15.10.2024

ფარისევლობა და საკუთარ კუჭზე ზრუნვა?

ბატონ გურამ გოგიაშვილისთვის

ვიცი არ გამოაქვეყნებთ, მაგრამ წაიკითხეთ მაინც.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ – საქართველოს მოსახლეობის, პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ინტელიგენციის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დეფიციტის შესახებ. „წერე და იკითხე“ – ისეა ჩვენი საქმე, მაგრამ, როდესაც ურემი გადაბრუნდება, ყველა ერთხმად გაჰყვირის – „ეს, რა დაგვემართაო“ – და მაზოხისტურ სახის ხოკვასთან ერთად, უმალ დამნაშავის დასჯას მოითხოვს. თუმცა „დამსჯელური“ შემართება ცოტა ხანს გასდევს, რის შემდეგაც მისი აზროვნება (საზოგადოების) ძველ, შემგუებლურ კალაპოტს უბრუნდება ცნობილი ფრაზებით – გვეშველება რამე. ან ღმერთის წილხვედრი საქართველო უდავოდ გაბრწყინდება.

მინდა დავიჯერო, რომ ასეც იქნება, მაგრამ ცხოვრებისეული ფაქტები სხვას მკარნახობენ, ისეთს, დამშვიდების საშუალებას რომ არ იძლევა. აი თუნდაც მოსახლეობის ბოლო აღწერის შედეგების გამომზეურება. ერის ბედით შეწუხებული ნებისმიერი მავანი აუცილებლად შეწუხდება, რამეთუ აღწერის შედეგები, მიუხედავად „გასალაშინებისა“, ისეთია, რომ უნდა შეწუხდეს.

„გასალაშინებულს“ იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი ვარაუდით სწორედ ამას უნდა ჰქონოდა ადგილი ნეგატიურის, პოზიტიურად წარმოსაჩენად. ბევრი იფიქრეს ამაზე, ბევრიც ეცადნენ, თორემ კარგა ხნის წინათ ჩატარებული აღწერის შედეგები გაცილებით ადრე უნდა ეცნობებინათ მოსახლეობისთვის  და არა დაგვიანებით, თანაც საპარლამენტო არჩევნების წინ. 3,7 მილიონი მოსახლე – ასეთი შედეგი დაიდო, რაც უდავოდ ნეგატიურია თუნდაც იმასთან შედარებით, რაც არცთუ დიდი ხნის წინათ იყო – 5,5 მილიონი კომუნისტების დროს, მოგვიანებით – 4,5 მილიონი.

საქართველოს ხელისუფლების, საზოგადოების ზერელე დამოკიდებულება სტატისტიკისადმი უდავოდ გვიკარნახებს უზუსტობაზე ისეთ უსერიოზულეს საქმეში, რასაც მოსახლეობის აღწერა ჰქვია. გავიხსენოთ აღწერის პროცესი, თუმცა ხანდაზმულობის გამო ძნელი გასახსენებელია, მაგრამ მაინც. არცთუ იშვიათი იყო აღმწერთა ყველა უბნის, სახლის არ შემოვლა ანუ გამოტოვება, ძველ მონაცემებზე დაყრდნობა და ა.შ.

დიდი სიზუსტით ჩატარებული აღწერის შემთხვევაში, გაცილებით სავალალო შედეგი იქნებოდა. მოსახლეობამ იკლო და ყველაფერთან ერთად იკლო ეკონომიკური მიგრაციის შედეგად. ქვეყნის მოსახლეობის აქტიური ნაწილი, ვისაც ფიზიკური შრომა შეუძლია – გასულია ქვეყნიდან, თანაც ისე, არვინ იცის, დაბრუნდება თუ არა. ასეთები, აღწერის მიხედვით საქართველოში ცხოვრობენ, რეალურად – უცხოეთში. მათი უმრავლესობა აქ დაბრუნებას არ ლამობს, გაუსაძლისი ცხოვრების პირობების გამო.

საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არაფერი უღონია დემოგრაფიული სურათის გასაუმჯობესებლად ან თუ უღონია, იმდენად უმნიშვნელო, რომ დადებითი გავლენა არ მოუხდენია. საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად ვითარების უკეთესობისკენ შეცვლისა, კარგა ხანია იმას გაიძახის, რომ ყველაფერს აკეთებს ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის მისაღებად.

უდავოდ საშური საქმეა, მაგრამ დაფიქრებულა ვინმე ხელისუფლებიდან, რა შეიძლება მოჰყვეს ევროკავშირში უვიზო შესვლას? როდესაც მკაცრი სავიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მილიონზე მეტმა მცხოვრებმა მოახერხა ლეგალურად თუ არალეგალურად ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლა, უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში რაღა დააკავებს?

სააკაშვილის ხელისუფლების დროს ვიზალიბერალიზაციისთვის ბრძოლას ჰქონდა მიზანი – ქვეყნის მოსახლეობისგან დაცლა, მაგრამ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც რომ გაგრძელდა ეს ტენდენცია? ვითარება უდავოდ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ საკითხში „ოცნება“ და „ნაცები“ ერთნი არიან. ცხადია, უვიზო მიმოსვლა დიდი რამაა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, მაგრამ ისეთის, როგორიც ჩვენია სხვაა და ამიტომაც სხვაგვარად უნდა ეფიქრა ხელისუფლებას. არ იფიქრა. პირიქით, სულ იმის ძახილში იყო – როგორ იღვწის ვიზალიბერალიზაციის შემოსაღებად.

არაერთხელ გვსმენია ხელისუფალთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის სიკეთეების თაობაზე – როგორ მჭიდროდ დავუკავშირდებით ევროპას; ბიზნესმენები როგორ იოლად იმოგზაურებენ ევროპაში ბიზნეს-პროექტების განსახორციელებლად და ა.შ., რაც თავისთავად უკეთებდა რეკლამას საქმეს, რომელიც მძიმედ შეიძლება დასრულდეს ქვეყნისთვის. თუმცა, როგორც ჩანს ქართულ პოლიტიკას ეს ნაკლებად ანაღვლებს, ისე, როგორც მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც ხელისუფალთა ყურადღება უნდა გამოეწვია. ერთ-ერთი და მე ვიტყოდი უმთავრესი უგვირგვინო „მეფის“ საკითხია. ანუ მილიარდერ ივანიშვილის.

საქართველოს მოსახლეობა, ყელამდე ჩაფლული ყოველდღიურ პრობლემებში, ვერ ხედავს, რა ხდება მის თავს. ვინც უნდა თქვას ამის შესახებ – ინტელიგენციამ, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა – ხმას არ იღებენ, რამეთუ მილიარდერის „ცელქობებს“ არაფრად მიიჩნევენ, თუნდაც ყბადაღებულ საარჩევნო კანონთან შედარებით. ერთადერთი პარტია, ვინც ზოგიერთ საკითხში ებრძვის ბიძინას, „ნაციონალები“ არიან, თუმცა ეს ბრძოლაც ფრაგმენტულია, ნაკლებად თანმიმდევრული და დიდად პოლიტიკური.

„ნაციონალების“ ბრძოლას ხელისუფლება და საზოგადოება უარყოფითად აფასებს – „ნაცთა“ ცუდი საქციელის გამო – ხელისუფლებაში ყოფნის თითქმის 10 წლის განმავლობაში. დაიწყებენ „ნაცები“ ანტიბიძინურ კამპანიას და დაიწყებენ ხელისუფლების წარმომადგენლები „ნაცთა“ გინებას იმის გახსენებით, რა იყო მათი მმართველობის დროს.

დიახ! „ნაცთა“ მმართველობის დროს იყო საშინელება, მაგრამ განა ხელისუფლებამ (მაშინ ოპოზიციამ) არ აღუთქვა ხალხს, რომ ასეთს ადგილი არ ექნებოდა? განა ხალხი არ მოელოდა ხელისუფლების მხრიდან „ნაცთა“ პოლიტიკური არენიდან „გადარეცხვას“?

მოელოდა და მერე როგორ! დაპირება არ შესრულდა, ისე, როგორც სხვა დაპირებები და „ოცნება“ დაემსგავსა „ნაცებს“, ოღონდ ცოცხების გარეშე.

„ნაცებმა“, ერთხანს გაყუჩებულებმა პოლიტიკური ქარიშხლის მოლოდინში, გადაიტანეს სტრესული მდგომარეობა და ისე შეუტიეს ხელისუფლებას, თითქოს 10 წლის განმავლობაში ბუზიც არ აუფრენიათ. საკმარისია პატარა საბაბი და „ნაცების“ ისტერიული ბღავილი აყრუებს ქვეყანას. ვინ არის დამნაშავე „ნაცთა“ აქტიურობაში? უპირველესად ხელისუფლება, რომელიც არათუ დანაპირებს არ ასრულებს, არამედ შეცდომას-შეცდომაზე უშვებს, რითაც უდავოდ ხელს უწყობს „ნაცთა“ აღზევებას.

ხელისუფლებამ ვერაფრით შეიგნო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი სააკაშვილი ამერიკული პროექტია, თანაც ისეთი, ყოველთვის რომ წინა პლანზე ეყოლებათ (ამერიკელებს), ვინაიდან „ნაცები“ ისეთებია, ნებისმიერ დროს რომ უსიტყვოდ შეასრულებენ ვაშინგტონის დაკვეთას. „ნაციონალური მოძრაობა“, ის ბოროტი ძალაა, რომელიც ნეგატიური ქმედებითაა ცნობილი, როგორც შინ, ისე გარეთ. განა უკრაინის მაგალითი არაფერს გვეუბნება ან გივი თარგამაძის ვიდეო-კადრები რუსულ ოპოზიციასთან?

„ნაციონალური მოძრაობა“ ანტირუსული ძალაა, ანტირუსულად მომართული, გაცილებით მეტი ანტირუსულობით, ვიდრე თვით ამერიკა. ასეთს აშშ-ი არ გაწირავს, პირიქით ხელს შეუწყობს ხელისუფლებაში მოსვლისთვის. განა ამერიკული ორგანიზაციების მიერ საზოგადოების გამოკითხვის შედეგები არ მიგვანიშნებენ ამაზე? ამერიკული ორგანიზაციები გვეუბნებიან, რომ საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ ერთი პროცენტით ჩამორჩება სახელისუფლებო პარტია „ოცნებას“. მაგრამ ეს რომ საკმარისი არ არის ხელისუფლების დაპყრობისთვის?

არჩევნებამდე დიდი დროა, რასაც რაციონალურად გამოიყენებენ IRI და NDI ახალ-ახალი „კვლევების“ ჩატარებით, რომელთა მიზანი ერთი იქნება – საზოგადოების დარწმუნება „ნაცთა“ პოპულარობაში. აშშ-ის გარკვეულმა წრეებმა უკვე იფიქრეს, რომ „ნაცებს“ დახმარება დასჭირდებათ და გაჩნდნენ ახალი „დამხმარებლები“ ბურჭულაძის, „გირჩის“, „თავისუფალი დემოკრატების“, ნათელაშვილის სახით. ყველა ისინი პარლამენტში მოხვდებიან, ისე როგორც „რესპუბლიკელები“. ასე შეიქმნება „ნაცური“ საპარლამენტო კოალიცია – ღია თუ დახურული, რომელიც შექმნის მთავრობას, გაქცეული ლიდერის ხელმძღვანელობით.

მძიმედ წასაკითხი (მოსასმენი) პროექტია, მაგრამ გაცილებით მძიმე იქნება პარლამენტში მრავალი პარტიის შესვლა და სამთავრობო სავარძლებისთვის წარმოშობილი ხელჩართული ომი – ქუჩის აქციებში გადაზრდით, ქაოსით და სააკაშვილის, როგორც მხსნელის დაბრუნებით.

ღმერთმა ქნას, მოყვანილი ვარაუდები არ გამართლდეს და არჩევნებმა დაპირისპირების გარეშე ჩაიაროს, მაგრამ ამისთვის „ოცნებამ“ და მისმა უგვირგვინო მეფემ, ივანიშვილმა შეცდომა არ დაუშვან. მაგრამ, რომ უშვებენ?! და უშვებენ ყოველდღიურად, თანაც რამდენჯერმე, რითაც ჩასაფრებულ „ნაცებს“ კრიტიკის საბაბს აძლევენ. ავიღოთ თუნდაც ვითომ უწყინარი ორი საკითხი – მწვანე კონცხიდან, შეკვეთილში, ბიძინას „დაჩაზე“, თითქმის 200 წლის ხის გადარგვა და ბოტანიკური ბაღისთვის საკმაოდ დიდი ტერიტორიის ბიძინასთვის გადაცემა.

„ნაცების“ საპროტესტო კამპანიას აქვს სერიოზული საბაბი – თავნებობა, არასახელმწიფოებრივი ქმედება და ა.შ. „ოცნებასაც“ აქვს საბაბი, ოღონდ სუსტი – დაიცვას „შეფი“ თუნდაც „უგვირგვინო“, მაგრამ მაინც „შეფი“.

„ოცნების“ და ივანიშვილის გულშემატკივრები გაიძახიან – „შენ დრუნჩიანი ხარო“ – „ნაცებზე“. ისინიც, თავის მხრივ ამბობენ – „დრუნჩიანი თქვენ და თქვენი შეფიაო“. და მართლებიც არიან, 200-წლიანი, ლათინური ამერიკიდან ჩამოტანილი ხის ბიძინას საბრძანებელში გადარგვა, მილიარდერის ავადმყოფური აკვიატების ნაყოფია, ისე, როგორც სახლში ზვიგენების, პინგვინების (ზებრას კიდევ არაუშავს) ყოლა.

ხის გადარგვას „ნაცთა“ გნიასი მოჰყვა, რამაც პროცესი დროებით შეაჩერა. გახარებულმა „ნაცებმა“ ამცნეს სამშობლოს ბიძინაზე გამარჯვება, მაგრამ ცოტა ხნით. ბიძინამ, ჯიბრით ხე მაინც გადაიტანა, რაშიც ათასობით დოლარი დახარჯა. „ნაცებმაც“ საპროტესტო გნიასი შეწყვიტეს. შემართება აღარ ეყოფათ, ისინიც ხომ ქართველები არიან – ანუ ერთჯერადი აფეთქების ხალხი.

და ისევ ფლორასთან დაკავშირებული განგაში, ამჯერად თბილისის ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში და მისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიის ჩამოჭრაში. და ისევ ივანიშვილი – რინგის ერთ კუთხეში, მეორეში – „ნაცები“. საზოგადოება რასა იქმს?

საზოგადოება, მითუმეტეს „ოცნებელები“ კიცხავენ „ნაცებს“, თან რა საბაბით? მართალია, ბიძინას მიაქვს ბოტანიკური ბაღის ნაწილი, მაგრამ ორჯერ მეტს აძლევს სხვა მხარესო. არის ასეთი გამონათქვამებიც – ბიძინამ იმდენი კარგი გააკეთა საქართველოსთვის – ერთი ხე რა გახდა – ვაჩუქოთო. ან ბოტანიკური ბაღი მისი ფულით არსებობს და თუ რამეს ჩამოაჭრის, ორჯერ მეტს დაუბრუნებსო და ა.შ.

რა მარტივად, პრიმიტიულად ვაზროვნებთ?!

ფეხებზე გვკიდია ხეც და ბაღიც, არადა ერთსაც და მეორესაც გაცილებით მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ჩვენს და მილიარდერის ქარაფშუტული ნააზრევს. კერძოდ, ხეც და ბაღიც ქვეყანას, სამშობლოს უკავშირდება და ამიტომაცაა მათი ხელყოფა დანაშაული. და არა იმიტომ, რომ უბრალო ხე ან ბაღია. ისინი ხელშეუხებლებია და დაცული უნდა იყოს მილიარდერის კაპრიზებისგან.

მწვანე კონცხიც, ბათუმისა და თბილისის ბოტანიკური ბაღებიც რუსეთის იმპერიის მეცნიერის კრასნოვის მრავალწლიანი შრომის ნაყოფია, რომელიც საქართველოს დარჩა, ჩვენ კი, დამოუკიდებლობის 25-ე წელს ბიძინას „ვუფეშქაშეთ“?

განა ქვეყნის მამამარჩენლად შერაცხულს „სათავისო“ თამაშებისთვის უნდა ეცალოს დამშეულ საქართველოში? სად არის ე.წ. ინტელიგენცია, უამრავი პოლიტიკური პარტია? ინტელიგენცია – ბიძინას ფულით დაბმული, ხმას არ იღებს – „ხის დედაც და ბაღისაცო“, – ფიქრობს გატრუნული, – „რომ ვთქვა, ყოველთვიურ ბიძინურ „სტიპენდიას“ დავკარგავო“, – ფიქრობს ალბათ. ასეთი, სამშობლოს ვერ ხედავს. ასეთისთვის სამშობლოზე გზა – საკუთარ კუჭზე გადის. იცის ეს ბიძინამ და უკადრებელს, კადრულობს. ერთადერთი, რასაც „ოცნება“ და მისთანები ამბობენ – „ნაცებს“ სიტყვა არ ამოეღებათო.

კეთილი, მაგრამ თქვენ რომ არ იღებთ და არა მარტო თქვენ, საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან არც ერთი?! ისინი მხოლოდ საარჩევნო კოდექსზე გაჰკივიან. ხე ან ბაღი, მასთან რა მოსატანია? არც ერთ მათგანს საპროტესტო მიტინგი არ გაუმართავს. არც ერთ მათგანს საჯაროდ, ტელევიზიაში არ დაუგმია ბიძინას აღვირახსნილობა. არც ერთი მათგანი არ წასულა „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ. ვინც მიდის – „ნაციონალებია“ – ფარისევლურად, საპიაროდ, მაგრამ მაინც, რითაც ქულას-ქულაზე აგროვებენ სახელმწიფოს სათავეში დაბრუნების მიზნით. მერე არ თქვათ, როგორ მოვიდნენო!

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.