21.12.2024

„უპასუხისმგებლო“ პრეზიდენტი პუტინი

Russian President Vladimir Putin waves while walking along Red Square after a military parade on Victory Day, which marks the 76th anniversary of the victory over Nazi Germany in World War Two, in central Moscow, Russia May 9, 2021. REUTERS/Evgenia Novozhenina

უკრაინული ამბების გაშუქებაში საქართველოს მედია ტოლს არ უდებს უკრაინული მილიარდერის, დღევანდელი ხელისუფლების მთავარი ხერხემლის პოროშენკოს მფლობელობაში არსებულ ტელეკომპანია TV-5. ქართული მედია, რომ საკუთარ ქვეყანას ესოდენ გააფთრებით იცავდეს, როგორც უკრაინას, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.

ჟურნალისტებს არ ჩამორჩებიან ე.წ. პოლიტოლოგები და ექსპერტები, რომელთა ნათქვამში აშკარად მოჩანს ცალსახა, დაუნდობელი ცალმხრივობა რუსეთის მიმართ. რა სიტყვებით არ მოიხსენიებენ ისინი რუსეთის პრეზიდენტსა და ხელისუფლებას და ამ „მოხსენიებით“ აშიშვლებენ საკუთარ ტენდენციურობას, მიკერძოებას, სიძულვილს, რთული თემის ერთ-ერთი მონაწილის, რუსეთის მიმართ.

და როდესაც ბოღმა არის ჩართული, თანაც უკიდეგანოდ, ამათუიმ საკითხის განხილვაში, იქ ჭეშმარიტება ვერ დადგინდება, სიმართლე ვერ ითქმება. იცის ეს ქართველმა მკითხველმა, ტელემაყურებელმა და ამიტომაც ზერელედ, უნდობლად უყურებს ახლადდაჩეკილი ჟურნალისტებისა და პოლიტოლოგების „ნააზრალს“, უყურებს, უსმენს და ეჭვი ეპარება მათ მიერ გაჟღერებულ „სინამდვილეზე“.

თანამედროვე ყოფა იმით მაინც არის ასე თუ ისე გამორჩეული, რომ ინფორმაციის მიღების მრავალ შესაძლებლობას იძლევა. საკმარისია ტელევიზორის პულტზე თითის დაჭერა და ნებისმიერის თვალწინ გადაიშლება მრავალი სურათი, განსხვავებული და გაცილებით ობიექტური ჩვენისგან. შესაძლოა, იქაც მრავლად იყოს გამიზნული სიყალბე, მაგრამ აქაურს ვერაფრით შეეპაექრება. რაც მართალია, ტენდენციურობაში, ცალმხრივობასა და სიყალბეში  რომ მაგრები ვართ, ფაქტია.

ფაქტია ისიც, თუ ასე გაგრძელდა ადგილობრივ ჟურნალისტებს და პოლიტოლოგთა ნაცოდვილარს ფასი დაეკარგება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – ნდობა. საზოგადოება აღარ მიიღებს მათ მიერ შექმნილ პროდუქციას, იმპორტულს დასჯერდება. უკვე ასეა, რის დასტურად არაერთხელ მსმენია – ამათ როგორ ვუყურებ (ტელევიზიები აქვთ მხედველობაში), ამათ ნერვებს როგორ დავაგლეჯინებ, უცხოურ არხებზე გადავრთავო.

თუ ტელემაყურებლისთვის იოლია სამამულო წარმოების პროდუქციაზე უარის თქმა, გაცილებით იოლია ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული მასალებისთვის თავის არიდება, ძალიან მარტივი გზით – არ იყიდი და მორჩა. აკი არ ყიდულობენ! საქართველოში ძნელად მოიძებნება ისეთი ჟურნალ-გაზეთი, ჯიხურში გაუყიდლად რომ არ რჩებოდეს. მართალია, ზოგი ჭორებით ისაღებს თავს, ზოგიც უკბილო სენსაციით, მაგრამ ასეთ პერიოდიკას ხანმოკლე დღე აქვს. მისი „სიცოცხლის“ ხანგრძლივობა პეპლისას ჰგავს.

უკრაინის ამბების ჩვენეულმა გაშუქებამ, სინათლე რომ ვერ მოჰფინა ერთობ მტკივნეულ საკითხს, ცხადია. ისიც ცხადია, რომ ქართულმა მედიამ ბევრი „იჩალიჩა” ჩვენში რუსეთის ისედაც ცუდი იმიჯის კიდევ უფრო გაუარესებაზე, „იჩალიჩა“, მაგრამ … ხშირ შემთხვევაში უკურეაქცია გამოიწვია. ხვდებიან ამას ადგილობრივი ჟურნალისტ-პოლიტოლოგება?

პოლიტიკოსებზე აღარაფერს ვამბობ. არა, ნამდვილად ვერ ხვდებიან, ვინაიდან ისინიც მათივე ტელეკოლეგების ცრუ ინფორმაციის ბადეში არიან გახვეულნი. დავუმატოთ ამას საქართველოში მოქმედი და აშშ-ს ჭკუასა და ფულზე დამყნობილი არასამთავროების ღრმადფალსიფიცირებული განცხადებები და გვექნება – „ჭეშმარიტება“ სალ კლდეზე მაგარი,  თუნდაც ასეთი:

„ცივილიზებული სამყარო, მაქსიმალურად ეცდება, თვითონ აიცილოს პირდაპირი კონფრონტაცია ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოსთან. მითუმეტეს, როდესაც ისეთი უპასუხისმგებლო ადამიანები სხედან იმ სახელმწიფოს სათავეში, როგორიც ბატონი პუტინი და მისი გარემოცვა. დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალი მოიძებნება და რუსეთს ეს არ შერჩება“, – აცხადებს გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე.

მაინც რამდენი კვლევის ცენტრი, ინსტიტუტი და მსგავსი სახის არასამთავრობო შექმნა ამ დალოცვილმა ამერიკამ? თანაც ყველა მათგანი – ერთი ჭკუით და ერთი ტერმინოლოგიით შემკულ-აღჭურვილი?

პუტინის და რუსეთის დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ როდესაც „ექსპერტისგან“ ესოდენ დამამცირებელ მოსაზრებას ისმენ მეზობელი სახელმწიფოს ხელმძღვანელზე, როგორც მე, ისე სხვას უმალ დაგვებადება კითხვა – რატომ არის პუტინი უპასუხისმგებლო და თუ არის, ეს მისი თანდაყოლილი თვისებაა თუ შეძენილი? თუ შეძენილია, რით არის ეს გამოწვეული, რამ აიძულა ის იყოს ასეთი?

ბირთვული სახელმწიფოს პირველი პირის უპასუხისმგებლობა უმძიმესი რამ არის არა მარტო მისთვის და მისი ქვეყნისთვის, მსოფლიოსთვის. ასეთს, ფხალაძის ენით, არ ელაპარაკებიან. ასეთს, უყვავებენ, არ აღიზიანებენ – აქაოდა არ გაბრაზდეს და დედა არ გვიტიროსო. ფხალაძე კი აღიზიანებს. ჯანდაბას მისი თავი, მაგრამ ჩვენ რას გვერჩის?! ფხალაძეზე გაბრაზებული რუსეთი რომ ჩვენ ანუ საქართველოს დაეტაკება, ხომ ფაქტია?! და კიდევ, ფხალაძე რომ მხოლობით რიცხვში იყოს, რა გვიჭირს?! რამდენი ფხალაძეა?!

მაინც რატომ არის პუტინი უპასუხისმგებლო? იქნებ პირიქით? ფხალაძის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი იმიტომ არის უპასუხისმგებლო, რომ უკრაინისგან ყირიმის მოგლეჯვას აპირებს.

„რუსეთი ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ კლანჭებიდან არ გაექცეს სახელმწიფოები, რომლებიც ფაქტიურად უკვე გასული არიან მისი ზეგავლენის ზონიდან. ამიტომ, როგორც წესი, ინტერვენციის ფინალური აგონია ყოველთვის საშიშია ხოლმე. სწორედ, ამ ფინალური აგონიის ეტაპზეა ახლა რუსეთი საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში“, – აცხადებს ექსპერტი.

თუ გავიხსენებთ არცთუ შორეულ წარსულს და ობიექტურად შევაფასებთ მაშინდელ მოვლენებს, დავინახავთ, რომ ნანატრი დამოუკიდებლობა როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, კრემლიდან მოვიდა. მართალია, რამდენიმე თვით ადრე საქართველომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც ხელს მეც ვაწერ, მაგრამ ნამდვილი დამოუკიდებლობა მაშინ გვხვდა წილად, როდესაც საბჭოეთის პირველმა პირმა, პრეზიდენტმა გორბაჩოვმა გამოაცხადა დიდი იმპერიის დაშლა, თან გზა დაგვილოცა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ.

საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთის პრეზიდენტმა გამოკვეთილად აღნიშნა ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის თაობაზე, ცნო მათი ახალი სტატუსი და დიპლომატიური ურთიერთობებიც დაამყარა მათთან.

ყოველივე აღნიშნულს კი წინ უსწრებდა აშშ-ს და საბჭოთა კავშირის ლიდერების არაერთწლიანი მოლაპარაკება და ვერბალური შეთანხმება, რომ სოციალისტური ქვეყნების ბანაკის დაშლის შემდეგ, დასავლეთი არ ჩაითრევდა აღმოსავლეთი ევროპის სახელმწიფოებს ნატოს სამხედრო ბლოკში, რომ დასავლეთი არამც და არამც არ მიუახლოვდებოდა ნატოს სახით საბჭოთა საზღვრებს.

ვიყოთ გულწრფელნი და მიუკერძოებლად ვთქვათ – შეასრულა თუ არა აშშ-ა ვერბალური დაპირება?! ცხადია არა!

„ფაფუკი“, „თავანკარა“, „დემოკრატი დასავლეთი“ ყოველთვის იყო ის, რაც დღეს არის. მის დაპირებას აზრი არ აქვს, ვინაიდან თქმასთან ერთად ივიწყებს. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც უკრაინაში, 21თებერვალს გაფორმებული დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერენ საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, უკრაინის მაშინდელი ოპოზიციური „ტროიკა“ – კლიჩკო, იაცენუკი და ტიაგნიბოკა და უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი იანუკოვიჩი. ამ ხელშეკრულებას 24 საათიც არ უარსებია, ისე მოხდა შეიარაღებული გადატრიალება.

კრემლმა, არათუ აშშ-ი და მთელი დასავლეთი შეიპირა აღმოსავლეთით ნატოს არ გაფართოებაზე, არამედ თანხმობაც განაცხადა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საკუთარი სამხედრო ბაზების გაყვანაზე, ოღონდ ერთი პირობით – რომ იქ სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზები არ განლაგდებოდა. რაც შეეხება ყირიმს – უკრაინასთან გაფორმდა ხელშეკრულება, იქ რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის დატოვების თაობაზე, რაშიც რუსეთი ყოველწლიურად 100 მილიონ დოლარს გადაიხდიდა.

ვიყოთ გულახდილნი და ობიექტურად ვთქვათ, ვასრულებთ ჩვენ დაპირებას?!

მართალია, საქართველოში ჯერ-ჯერობით სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზა (გარდა რუსეთისა) არ განთავსებულა, მაგრამ არც არაფერი აკლია. რუსეთის ნერვების მოსაშლელად განუწყვეტლივ ვლაპარაკობთ ნატოში შესვლაზე; ჩართული ვართ ნატოს არაერთ პროგრამაში; სისტემატურად ვმასპინძლობთ ნატოელ სამხედრო ექსპერტებს; ვმონაწილეობთ ნატოს სამხედრო ოპერაციებში ერაყში, ავღანეთში, უახლოეს მომავალში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში; გულის ფანცქალითა და ენის ჭარბი ტლიკინით ველოდებით ნატოს სამიტზე „მაპის“ მონიჭებას და ა.შ., რითაც აშკარა გამოწვევას ვუკეთებთ რუსეთს და მის „უპასუხისმგებლო“ პრეზიდენტ პუტინს.

უფრო მეტიც, საქართველომ, ცხადია აშშ-ს გარკვეული წრეების პირდაპირი თუ ირიბი წაქეზებით, 2008 წლის აგვისტოს, რუსეთზეც ასწია ხელი. ახლა არ მითხრათ „ჩაგვითრიესო“. ტალიავინის დასკვნაში, რომ სიტყვა „ჩათრევა“ არ არის?!

საინტერესოა, რას მოიმოქმედებდა ამ შემთხვევაში დიდი და მძლიერი სახელმწიფო, თანაც ბირთვული იარაღის პატრონი? თავზე ხელს გადაგვისვამდა და გვეტყოდა – კარგი ბიჭები ხართო? რა უთხრა აშშ-ა ერაყს, ავღანეთს, იუგოსლავიას, გრენადას, პანამას, ლიბიას. ან რას ეტყოდა კუბას, ნიკარაგუას, საბჭოთა კავშირი რომ არ ყოფილიყო? არც ერთი ჩამოთვლილი ქვეყანა იარაღით არ შებმია ამერიკას ისე, როგორც ჩვენ, რუსეთს. არ შებმია, მაგრამ „ფუნჩულამ“ და „დემოკრატმა“ ამერიკამ, საკუთარი ჰეგემონისტური მიზნებისთვის შავ დღეში ჩაჰყარა ისინი.

დღესაც მიდის ომი ავღანეთში, დიდი მსხვერპლითა და ნგრევით. ავღანეთის ფეხზე დაყენებას ათეული წელიწადი დასჭირდება, ისე, როგორც ლიბიის, ერაყის, სხვების და ეს ყველაფერი ვაშინგტონის პოლიტიკოსთა წყალობით.

ვაშინგტონი, სწორედ ის ბირთვია, სადაც პერმანენტულად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ექსპერიმენტების შემუშავება და შემდეგ ამათუ იმ ქვეყანაზე გამოცდა. ვაშინგტონური გამოცდის ობიექტად არის ქცეული პოსტსაბჭოთა სივრცე. რა სახის რევოლუციები არ მოაწყო ვაშინგტონმა აქ – „ვარდების“, „ნარინჯის“, „ტიტების“ და ა.შ. ამჯერად ულტრანაციონალისტურს აწყობს უკრაინაში, რომლის მიზანი მარტივია – რუსეთისთვის, უკრაინის ჩამოშორება, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელთა ამხედრება, ორ ძმას შორის ისეთი შუღლისა და მტრობის დათესვა, სამარადისოდ რომ გადაჰკიდებს მათ ერთმანეთს. მიზანი? რუსეთის წელში გატეხვა, დაშლა და მისი წიაღისეული სიმდიდრეების ხელში ჩაგდება. და როდესაც ასეთს აქვს ადგილი, რუსეთის პრეზიდენტს არ შეიძლება ჰქონდეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მოვლენებისადმი.

პუტინის „უპასუხისმგებლობა“ სწორედაც პასუხისმგებლობაზე, ქვეყნის გადარჩენაზე გადის. სხვაგვარად ის ვერ მოიქცევა. სხვაგვარად მოქცევა ღალატის ტოლფასი იქნება, ანუ იქნება ისეთი უხერხემლო, როგორიც იყო უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი. ეს ის პრეზიდენტია, რომელმაც იოტისოდენა სიმპატია და მხარდაჭერა ვერ პოვა ვერც დასავლეთ, ვაერც აღმოსავლეთ უკრაინაში.

„რუსეთი არის არაპროგნოზირებადი სახელმწიფო. ამ სახელმწიფოსგან ყველაფრის მოლოდინი შეიძლება. რასაც ჩვენ ვხედავთ, დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან ამ ბოლო პერიოდში არის ყველაზე მწყობრი პოლიტიკა. მართლაც, რჩება იმის შთაბეჭდილება, რომ დასავლეთი ცდილობს პასუხი გასცეს რუსეთს“, – ბრძანებს ფხალაძე.

უდავოდ, დასავლეთს რომ მწყობრი პოლიტიკა აქვს რუსეთის მიმართ, მტკიცება არ სჭირდება. ვილნიუსის სამიტიდან, დღემდე, ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, ისე, როგორც აშშ-ს პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს დღე არ ჩაუგდიათ, უკრაინის ულტრანაციონალისტური წრეების გამოკვება-გამოწვრთნის საქმეში. და რაც მთავარია ანტირუსულად გადაგვარების მცდელობაში. რაც მართალია, მათ მოახერხეს ეს.

საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა ოფიციალური თბილისი, რომ მისთვის დასავლეთი საქართველო ჩამოეჭრათ?

მართალია, უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ ვინ თქვა, რომ უკრაინელსა და რუსს შორის ისეთი განსხვავებაა, როგორც ინგლისელსა და ჩინელს ან ფრანგსა და გერმანელს შორის? უკრაინიდან, კიევის რუსეთიდან იწყება რუსეთის ისტორია.

რუსმა პოლიტიკოსებმა დაუშვეს უკრაინის დამოუკიდებლობა, მაგრამ არა მტრობა, არა საკუთარ თავზე დამიზნებული აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება.

რუსმა პოლიტიკოსებმა დაუშვეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ბელოვეჟის მოლაპარაკების დროს სიტყვაც არ დაძრეს 1954 წელს ხრუშჩოვის მიერ უკრაინისთვის მსუყე საჩუქრის, ყირიმის უკან დაბრუნებაზე.

რუსეთის ხელისუფლებამ ზომაზე მეტი დამთმობი ნაბიჯი გადადგა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ, რასაც დაფასება ესაჭიროებოდა. ნაცვლად ამისა მან მიიღო ანტირუსული პოლიტიკა, დასავლეთიდან გაღვივებული, ულტრანაციონალისტური გამოხდომები, ასევე დასავლეთიდან წაქეზებული.

როგორც ჩანს, „უპასუხისმგებლო“ პუტინს მეტის ატანა არ შეუძლია. მისი მხრიდან, ვითარებასთან შეგუება, გაცილებით მეტი უპასუხისმგებლობა იქნება, ვიდრე ის, რასაც დღეს აქვს ადგილი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.