08.12.2024

სპორტი და პოლიტიკა

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები უდავოდ შევა მსოფლიოს სპორტის ისტორიაში, როგორც პოლიტიზირებული ღონისძიება.

სპორტი, რომ კარგა ხანია პოლიტიკას ემსახურება, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ამას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი ახსნაც. სპორტი – პოლიტიკის გარეშე, ვერც საყოველთაო გახდება და ვერც საასპარეზო არენის მოპოვებას მოახერხებს. უბრალოდ წარმოვიდგინოთ, ბრაზილიის სპორტის მესვეურებს, ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, რომ დაეყენებინათ საკითხი, რიო-დე-ჟანეიროში მორიგი ოლიმპიური თამაშების გამართვის თაობაზე, მიიღებდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დასტურს?

ოლიმპიური თამაშების მოსაწყობად მარტო სურვილი და პატრიოტული შემართება არ კმარა. მას უდავოდ სჭირდება სახელმწიფო ხელისუფლების ცივი გონება და რაც მთავარია გათვლა ფინანსური დანახარჯისა, ცხადია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ურომლისოდ წარმოუდგენელია ოლიმპიური ობიექტების მშენებლობა, ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვა წვრილმან-მსხვილმანი საკითხების მოგვარება, რომელთა გარეშე ოლიმპიადის ჯეროვან დონეზე ჩატარება შეუძლებელია.

დიახ! სახელმწიფოა მთავარი შემოქმედი, ხოლო სპორტი და სპორტის დარგობრივი ფედერაციები, ისე როგორც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, თანაშემოქმედი. ამდენად, მსოფლიო საზოგადოება რახანია შეეგუა ამ აზრს და თუ რამეს ნახავს ხინჯს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, უმალ მთავრობას მიადგება გასაკრიტიკებლად.

ბრაზილიაში ჩასულმა ავსტრალიის ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიწუნა ახალაშენებული „ოლიმპიური სოფლის“ ის შენობა, სადაც გუნდი განათავსეს, რის შესახებაც საყვედურების რისხვა დაატყდა ბრაზილიის ხელისუფლებას. ავსტრალიის გუნდის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან მოწყობილი პრეს-კონფერენციის დროს კრიტიკის ქარტეხილი დაანთო. მასპინძელთა პასუხმაც არ დააყოვნა. რიოს მერმა ენამოსწრებულად მიუგო ჭირვეულ სტუმარს, რომ გაცილებით უარყოფითად გამოიყურებოდა სიდნეის ოლიმპიური თამაშები.

ალბათ, მედიურ კინკლავს ადგილი არ ექნებოდა, თუ ავსტრალიელი „დაჩაგრული“, ნაცვლად ჟურნალისტებისა, პირდაპირ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს მიმართავდა, მაგრამ არა, მან მედია ამჯობინა, რითაც შეურაცჰხყო მასპინძელი. ამ ნაბიჯში „სპორტული“ არაფერია. აქ პოლიტიკაა ანუ პოლიტიკური ფესვები ავსტრალია-ბრაზილიის ურთიერთობებიდან გამომდინარე. ავსტრალიელთა PR-ულ შეტევას უდავოდ მოჰყვა მასპინძელთა განაწყენება. ამასთანავე დანარჩენი გუნდების მხრიდან ეჭვის თვალით მზერა ყველა წვრილმან-მსხვილმანი საკითხებისადმი, რომელთაც უდავოდ აქვს და ექნება ადგილი გრანდიოზული ღონისძიების მსვლელობისას.

ავსტრალიელთა დემარშმა, თამაშების დაწყებამდე, უარყოფითად განაწყო მსოფლიო საზოგადოება მასპინძელი ქვეყნის საორგანიზაციო კომიტეტისადმი, ქვეყნისა და მისი ხელისუფლებისადმი – თუ არ შეეძლოთ, რატომ იჩემებდნენ ოლიმპიური თამაშების მასპინძლობასო – იტყვის ის.

ჩავხედოთ პოლიტიკას, რომელიც ნამდვილი ბარომეტრია იმისა, რაც ხდება ყველა სფეროში – სპორტიდან დაწყებული, ხელოვნებით დამთავრებული. ბრაზილია-აშშ-ს ურთიერთობები, რომ ისეთი არ არის, როგორსაც ვაშინგტონი ისურვებდა, ცხადზე უცხადესია. აშშ-ს არ მოსწონს „ბრიკს“-ის (ბრაზილია, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) კავშირი და დღიდან მისი შექმნისა ცდილობს ამ ორგანიზაციისთვის ფეხის დადებას, რასაც ნაწილობრივ ახერხებს კიდეც.

ბრაზილიის პრეზიდენტს, ამჯერად დროებით გადაყენებულს, არაერთხელ გამოუთქვამს თავისი გულისწყრომა აშშ-ს პრეზიდენტის ობამასთვის მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. განაწყენებულმა დილმა რუსეფფმა უარიც კი თქვა აშშ-ი დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტზე. ბუტიაობა ასე არ უნდაო და ვაშინგტონმა ისეთი ანტიბრაზილური PR-ი ააგორა, თქვენი მოწონებული. ცილისწამებათა ნიაღვარმა წალეკა მსოფლიო მედია. ამერიკა, რა ამერიკაა, მარტომ რომ „იომოს“. მან უმალ ამოიყენა გვერდში მოკავშირეები, მათ შორის ავსტრალიაც, რომლებიც აყეფა და აყეფა.

გავიხსენოთ სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები. აშშ-ს მედიის თაოსნობით ისეთი ანტირუსული პროპაგანდა აგორდა, ძნელად თუ გაუძლებდა რომელიმე ქვეყანა. რუსეთმა გაუძლო. დასავლელმა ჟურნალისტებმა, თავიანთი ამერიკელი კოლეგების კარნახით და რაც მთავარია პოლიტიკის, სოჭის თამაშების გახსნამდე ისეთი საჯარო განცხადებები გააკეთეს, თამაშების არაორგანიზებულობასთან დაკავშირებით, მსმენელი უდავოდ განეწყობოდა რუსეთის ხელისუფალთა წინააღმდეგ – თუ არ შეეძლოთ, რას იქაჩებოდნენ, სხვაგან უკეთესად იქნებოდა ორგანიზებულიო.

სოჭში, ისე, როგორც დღეს რიო-დე-ჟანეიროში, ყურადღება უნიტაზებზე და სანგაყვანილობაზე იყო გამახვილებული. სოჭის თამაშები ბრწყინვალედ ჩატარდა. დარწმუნებული ვარ რიო-დე-ჟანეიროს თამაშებიც ასე ჩატარდება.

ბრაზილიაში მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება – ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მეორედ ტარდება, თანაც 2 წლის ინტერვალში. იმ ჩემპიონატის დაწყებამდეც იყო ატეხილი ვაი-უშველებელი – არაორგანიზებულიაო. მაგრამ ორგანიზებული გამოდგა, თუმცა ცუდი ნათქვამი მაინც დარჩა გულში – ქვეყნის მიმართ უპირველეს ყოვლისა.

პოლიტიკა რომ ყელაფერში ერევა, კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან და მეტით თავს არ მოგაბეზრებთ. გაზაფხულზე, ევროვიზიის სიმღერის კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა რუსი მომღერალი ლაზარევი. სწორედ მას დაუჭირეს მხარი ევროპის ქვეყნებმა, მათ შორის დასავლეთ ევროპის, მაგრამ „რატომღაც“ ჟიურიმ პირველ ადგილზე უკრაინელი ჯამალა გაიყვანა, თანაც ძველი სიმღერით, რაც კონკურსის დებულებით აკრძალულია, თანაც სიმღერის პოლიტიკური ქვეტექსტით, რაც ასევე იკრძალება. მაგრამ, ჯამალა – ყირიმელი თათარი, ისტორიულ-თანამედროვე რუსული პოლიტიკის მსხვერპლი, პირველი ადგილით დასაჩუქრდა. რუსი ლაზარევი – ევროპული პოლიტიკის რეალური მსხვერპლი – მესამეთი.

 არის თუ არა ზემომოყვანილი მაგალითები დასავლეთის აღვირახსნილი ქცევისა, როგორც პოლიტიკაში, ისე ნებისმიერ დარგში?! მსოფლიოს პირველი ქვეყანა, თანაც ენით აუწერელი „დემოკრატიით“ ცნობილი, ყველასთვის სამაგალითო და მისაბაძი, მისდა სამწუხაროდ მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს თვით საკუთარ ქყეყანაში.

„ვგონებ ჩვენ არ გვაქვს უფლება ჭკუა ვასწავლოთ სხვას. შეხედეთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. როგორ უნდა ვასწავლოთ ჩვენ სხვას ჭკუა, როდესაც ხალხი ესვრის პოლიციას“, – განაცხადა პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ტრამპმა.

და მართლაც, ის, რაც აშშ-ს ქალაქებში ხდება, დემოკრატიას ვერ უწოდებთ. დღე ისე არ ჩაივლის, პოლიციელმა ფერადკანიანი არ დახვრიტოს, რასაც „მეორეხარისხოვანთა“ რისხვა მოსდევს – პოლიციელთა ხოცვა.

დიახ! ობამა ფერადკანიანია. ასეთი იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივანი პაუელიც, რომელმაც თავის წიგნში ზედმიწევნით ზუსტად აღწერა იმ დისკრიმინაციის შესახებ, რასაც აშშ-ი აქვს ადგილი ფერადთა მიმართ. ასეთ ქვეყანას დემოკრატიულობაზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია.

ცნობილი ამერიკეული ორგანიზაცია „გელაპის“ გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის ისტორიის მანძილზე მოსახლეობის უნდობლობა ქვეყნის ტრადიციული ინსტიტუტების მიმართ ისეთი დაბალი არ ყოფილა, როგორც დღეს. აშშ-ს მოქალაქეთა მხოლოდ 30% ენდობა უზენაეს სასამართლოს. მხოლოდ 22% – სჯერა გაზეთების, 15%-ს – ტელევიზიების. 74% უნდობლობას უცხადებს ბანკებს. რაც შეეხება კონგრესს – მას მხოლოდ 7% უცხადებს ნდობას. დაახლოებით იგივე პროცენტი – მთავრობას. ესოდენ სავალალო ვითარების მქონე ქვეყანა არ უნდა გაჰყვიროდეს „ამერიკულ წარმატებულ ცხოვრებაზე“, არ უნდა აძალებდეს სხვას, უყოყმანოდ გაიზიაროს ამერიკული ცხოვრების წესი.

ამერიკა, რომ „განუმეორებელი“ და „მოწინავეა“, ხმამაღლა გაისმა რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ახლახანს გამართულ ყრილობებზე. „ჯერ ამერიკა და შემდეგ სხვა. სხვა ყველა, ქონდრის კაცებივით, ქონდრის ქვეყნებია“ – რაც ხაზგასმით განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნულანდმა – საიდუმლო მოსმენებთან დაკავშირებით, გერმანიის კანცლერის მერკელის გულისწყრომის პასუხად. მან მერკელს შემდეგი შინაარსის სიტყვები შეაგება – „დიახაც, მე უნდა ვიცოდე, რას ფიქრობს და ამბობს მერკელი, ვინაიდან ჩვენ ვართ, რაც ვართ“.

ამერიკელებს დაბადებიდან ჩასჩიჩინებენ, რომ ამერიკაა პირველი – პოლიტიკაში, შეიარაღებაში, კულტურაში, სპორტში და ა.შ. და თუ ვინმე გადაუდგება მას – დაისჯება. ასე ისჯება რუსეთი, იმიტომ, რომ სუვერენული პოლიტიკა აქვს და პირში არ შესციცინებს ვაშინგტონს. სწორედ ამიტომ ვაშინგტონი აწესებს ანტირუსულ ეკონომიკურ სანქციებს და ანალოგიურს მოითხოვს მისი მოკავშირეებისგან. ქმნის ტერორისტულ ორგანიზაციებს ჯერ ავღანეთში, შემდეგ ახლო აღმოსავლეთში, რუსეთის წინააღმდეგ; აფართოვებს ნატოს აღმოსავლეთით, რუსეთის ალყაში მოსაქცევად; ევროპაში განალაგებს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს, რუსეთის წინააღმდეგ. აწარმოებს ანტირუსულ პოლიტიკას სპორტის, კულტურის, მეცნიერების, … დარგებში.

გახსოვთ, რა წინააღმდეგობას წააწყდა რუსეთი, როდესაც ზამთრის ოლიმპიური თამაშებისა და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა? ამერიკელთა ორგანიზებით, არნახული PR აგორდა. რა არ აკადრეს რუსეთს, რომ აღნიშნული ღონისძიებები იქ არ გამართულიყო. ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი 2008 წლის აგრესიაზე და აგრესორის მასპინძლობის მიუღებლობაზე.

2014 წელს ჩატარდა სოჭის ოლიმპიური თამაშები. არც მაშინ და არც შემდეგ, მაღალ დონეზე, არ დასმულა „რუსული დოპინგის“ შესახებ, ისე, როგორც რიო-დე-ჟანეიროს თამაშებამდე – თითზე ჩამოსათვლელ პერიოდში. რატომ ასე გვიან? იმიტომ, რომ რუსეთს რეაგირებისთვის დრო არ დარჩენოდა.

აშშ-ს ანტიდოპინგური სამსახურის ჩაწოდებით, მსოფლიოს ანტოდოპინგურმა სააგენტომ კანადელი მონის მაკლარენის თავმჯდომარეობით, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა რუს სპორტსმენებს და აუკრძალა მათ ბრაზილიის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება.

ვიდრე ამ ვერდიქტს გამოაცხადებდა, ერთი დღით ადრე, ამერიკის ანტიდოპინგურმა სამსახურმა ამცნო მსოფლიოს, ის, რაც მეორე დღეს მსოფლიო ანტიდოპინგურმა ორგანიზაციამ (WADA) განაცხადა. არადა მსოფლიო ანტიდოპინგური ორგანიზაციის სხდომა დახურული იყო. მაშ, საიდან გაიგო აშშ-ს ანტიდოპინგურმა სამსახურმა ნეგატიური გადაწყვეტილების თაობაზე (ერთი დღით ადრე)?

კი არ გაიგო, თვით უკარნახა მსოფლიოს სააგენტოს ისეთი განცხადების გაკეთება, როგორიც გაკეთდა. საბედნიეროდ, მსოფლიოს ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო შედარებით ობიექტური გადაწყვეტილება და შესაძლებლობა მისცა რუს სპორტსმენებს ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების, რაც არამცდაარამც არ მოეწონა მიხეილ გეწაძეს, რომელმაც 26 ივლისს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკა“-ში დაწერა: „საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო ალბათ ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება მსოფლიოს სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ანტიდოპინგურმა სააგენტომ, კანადელი პროფესორის, რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით „დადო“ აბსოლუტურად უტყუარი, „წყალგაუვალი“ დასკვნა სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარი გამაოგნებელი ფალსიფიცირების შესახებ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა კაპიტულანტური გადაწყვეტილება და არათუ დაუშვა რუსეთის ნაკრები რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე, არამედ აუკრძალა ამ თამაშებში მონაწილეობა იმ რუს სპორტსმენს (სტეპანოვას), ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა რუსეთში, სახელმწიფო დონეზე არსებული ფალსიფიცირებისა და „დოპინგიზმის“ მხილებაში“.

ავტორის ყოველი სიტყვა ეჭვის მომგვრელია და გამომხატველია იმ სიძულვილისა, რომელიც პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ჩაბუდებულია გარკვეულ ქართველთა თავებში – „აგრესორი“, „მტარვალი“, „ოკუპანტი“ რუსეთი და ა.შ. სპორტი, ამ შემთხვევაში, ის „სატოპკე“ მასალაა, რასაც ოსტატურად (ასე ჰგონია ავტორს) იყენებს რუსეთის დასაწიხლად.

მაკლარენის „აბსოლუტურად უტყუარი“, „წყალგაუვალი“ დასკვნა, რომ არც უტყუარი და არც წყალგაუვალია და პოლიტიკური დაკვეთაა, თვით დასავლელმა ექსპერტებმაც და სპორტის მესვეურებმაც არაერთხელ ამხილეს. მათ ისიც თქვეს, რომ ეს ორგანიზაცია ვერ დგას თავის სიმაღლეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ დარღვევებს (რუსეთის გარდა) ადგილი არ ექნებოდა, რასაც ვაწყდებით ყოველდღიურ სპორტულ ცხოვრებაში.

„წყალგაუვალი“ მასალა ეფუძნება რუსეთში შერისხულ, პასუხისგებაში მიცემულ, აშშ-ში გაქცეულ და აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ ჩახუტებულ, გამყიდველ როდჩენკოვის მიერ მოყოლილ ზღაპრებს, რომელიც დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებია და შორს არის სინამდვილისგან. რუსეთმა არაერთხელ მოუწოდა მსოფლიო სააგენტოს მოსკოვში ჩასვლა და ადგილზე შემოწმების ჩატარება, რაზეც მან უარი განაცხადა. ნაცვლად ამისა, დეტექტიური რომანი (ავტორი როდჩენკოვი და მისი ამერიკელი მფარველები; ცნობისთვის მას ფბრ-ი იცავს) უმალ დაიბეჭდა ამერიკულ, შემდეგ ევროპულ პრესაში. გადაიღეს „დოკუმენტური“ ფილმიც – მთავარი მოქმედი პირი იგივე როდჩენკოვი და ყოველგვარი კონკრეტული მაგალითების გარეშე, „გააშავეს“ რუსეთი, მისი ხელისუფლება, ლამის პრეზიდენტი.

რუს სპორტსმენებს ადანაშაულებენ „მელდონის“ (Meldonium) მიღებისთვის – იმ პრეპარატის, რომელიც ვერადავერ დაადგინა მსოფლიოს ანტოდოპინგურმა სააგენტომ, არის თუ არა დოპინგი. სწორედ „მელდონის“ მიღებისთვის ჩამოაშორეს სპორტს ცნობილი რუსი ჩოგბურთელი შარაპოვა, რომელმაც სარჩელი შეიტანა სასამართლოში. შარაპოვას საქმე, რომ დროულად განეხილა სასამართლოს და დადებითი განაჩენი გამოეტანა (უარყოფითის გამოტანა გაუჭირდებოდა), ის მიიღებდა მონაწილეობას ბრაზილიის ოლიმპიურ თამაშებში, მაგრამ მთავარი აქ „დოპინგი“ კი არ არის, არამედ შარაპოვას ოლიმპიადიდან გამოთიშვა და რახან ესოდენ მზაკვრული გეგმა ტრიალებდა შარაპოვას – კერძოდ და რუსეთს – საერთოდ, თავს, სასამართლომ განხილვა სექტემბრისთვის გადადო. რა შეიძლება ეწოდოს ამას, თუ არა ცინიზმი სპორტში?!

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს ბრალდება, რომ პოლიტიკურია, ცხადია. ისიც ცხადია, რომ რუსეთი, სოჭთან მიმართებაში არაფერ შუაშია, ვინაიდან მთლიანად სპორტსმენთა ანალიზები უცხოელ სპეციალისტებს ჰქონდათ მინდობილი, ინგლისელი ექსპერტების ხელმძღვანელობით. როდჩენკოვის მონათხრობი – სინჯის კონტეინერების ღამით გახსნის თაობაზე, დეტექტივს ჰგავს, რომელიც ინტერესით მოისმინება, მაგრამ სინამდვილესთან არავითარი კავშირი არ აქვს.

შვეიცარულმა კომპანიამ, რომელიც კონტეინერებს ამზადებს, განაცხადა, რომ კოდის გარეშე ბოთლს ვერვინ გახსნიდა – კოდი კი უცხოელების ხელში იყო. ძალით გახსნა, რასაც როდჩენკოვი ამტკიცებს – იწვევს კონტეინერის ისეთ დაზიანებას, უმალ რომ თვალშისაცემი გახდება.

ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოიტანა სანახევრო გადაწყვეტილება, რითაც დაზიანდა რუსეთი, ადრე წაყენებული ბრალდებების გამო. ცხადია, ოლიმპიური კომიტეტი ვერ დასჯიდა რუსეთის გუნდს, ვინაიდან იურისპრუდენციიდან გამომდინარე, ერთის დანაშაული, სხვაზე, ამ შემთხვევაში უდანაშაულო გუნდზე, არ ვრცელდება, თუმცა აშშ-ს ანტიდოპინგური სამსახური დაბეჯითებით ითხოვდა რუსეთის გუნდის მოხსნას.

რუსეთის ნაკრები – ნაომარ-დაზარალებულ-შემუსრული, მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში, მაგრამ ვაი ამ მიღებას. როდესაც 70 სპორტსმენზე მეტს ჩამოაშორებენ გუნდს, ის მოიპოვებს გუნდურ გამარჯვებას? ჰოდა, ამერიკელთა გეგმაც შესრულდება – ნაკლები კონკურენციის ფონზე, ისინი გახდებიან ოლიმპიური ჩემპიონები. რუსები კი – ვინ იცის, იქნებ საპატიო ხუთეულშიც ვერ მოხვდნენ.

წერილის ავტორი არ ერიდება პოლიტიკური დასკვნების გაკეთებასაც, თუნდაც ასეთის: „ოლიმპიური კომიტეტის სხდომამდე ორი დღით ადრე, გაეროში რუსეთის ელჩმა, ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის განახლება სრულიად შესაძლებელია, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაურეკა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის და გააფრთხილა – რუსეთისთვის ასეთი სილის გაწვნას უმძიმესი შედეგი მოჰყვება. იმავე დღეებში, რუსეთის ავიაციამ დაბომბა ამერიკულ-ინგლისური სამხედრო ბაზა სირიაში“.

ვაა! რა მაგარია რუსეთი! იქით ჩურკინის გაფრთხილება, აქეთ ლავროვის და „აკანკალებული“ ვაშინგტონი. კარგი იქნებოდა, რომ ასე მარტივად ყოფილიყო საქმე. რახანია უკრაინის არმია ბომბავს დონეცკსა და ლუგანსკს; არ ასრულებს „მინსკის ხელშეკრულბის“ მოთხოვნებს, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ბოლო დროს ვითარება ისე დაიძაბა (უკრაინელთა გამოისობით), რომ არც ფართომასშტაბიანი შეტევაა გამორიცხული მათი მხრიდან. შეტევა კი – ომია ანუ უკრაინის არმიის მიერ წამოწყებული ომი და არა რუსული მხარის, რომელიც არ იმყოფება დონეცკსა და ლუგანსკში.

„უკრაინა დაიწყებს ომსო“, – თქვა ჩურკინმა – „და  არა რუსეთიო“. რაც შეეხება ლავროვს – მან მართლაც დაურეკა ქერის და უთხრა, რომ სპორტში პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს. რაც იყო პასუხი იმ ამერიკელი კონგრესმენების განცხადებაზე, ვინც ისე, როგორც აშშ-ს ანტიდოპინგური სააგენტო მოითხვდა რუსეთის დასჯას.

რაც შეეხება ამერიკულ-ინგლისური სამხედრო ბაზის დაბომბვას სირიაში – ეს, რაღაც ახალია, ასეთი ბაზა და მისი დაბომბვა? იქნებ სხვა უნდა ეთქვა ავტორს და არა ამერიკულ-ინგლისური სამხედრო ბაზა? თანაც ეს დაბომბვა განხორციელდა მოსკოვში 18-საათიანი ლავროვ-ქერის ნაყოფიერი მოლაპარაკების შემდეგ?

დიახ! რუსულმა ავიაციამ დაბომბა ტერორისტული ორგანიზაცია „ჯებხატ ან ნუსრას“ პოზიციები, ცხადია აშშ-თან შეთანხმებით და არა ამერიკული ბაზები სირიაში.

ავტორი იმასაც წერს, რომ დასავლელი ლიდერები ყველაფერს მიხვდნენ – რუსეთის ოლიმპიური ნაკრების თამაშებში უარის თქმა რუსეთისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა და უკან დაიხიეს. „დღეს ყველა როდის აცნობიერებს, რა გამანადგურებელი შედეგი მოჰყვება ამ სამარცხვინო (მორიგ) კაპიტულაციას იმავე დასავლეთისთვის. იმავე საქართველოში, რომლის სპორტულ და არა მხოლოდ სპორტულ ხელმძღვანელობას არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებია გრანდიოზული სკანდალის გამო“.

ვაგლახ, რომ სააკაშვილი არ გვყავს ხელმძღვანელად, თორემ უმალ კუდით ქვას ასროლინებდა დოპინგგაჯერებულ რუსეთს. აკი, არ ასროლინა 2008 წელს – ომში „გამარჯვებით“?!

როგორც ჩანს, ავტორის მსგავსი „პატრიოტი“ ქართულ სპორტში არ მოიძებნება. კიდევ კარგი რომ არ! როგორც ჩანს ქართულ სპორტის მესვეურებს კარგად ახსოვთ საბჭოთა სპორტი და ის უდიდესი ამაგი, რაც საბჭოეთმა გასწია საქართველოს სპორტისთვის. საბჭოთა საქართველო ჰელსინკის ოლიმპიადიდან დაწყებული, საბჭოეთის დაშლამდე, ყველა ოლიმპიურ თამაშებში იღებდა მონაწილეობას, როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალური სპორტის სახეობებში. ოლიმპიური ჩემპიონებიც მრავლად გვყავდა იმ „ავადსახსენებელ“ პერიოდში. აი, სწორედ ის ამაგი ახსოვთ ქართველ სპორტსმენებს და თავს უფლებას ვერ აძლევენ ლანძღონ რუსეთი, რასაც ზედმიწევნით კარგად აკეთებენ ჩვენი „სახელოვანი“ „პოლიტიკოსები“ და არანაკლებ „სახელოვანი“ ექსპერტები. ერთ-ერთის პორტრეტი თქვენს წინაშეა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.