15.10.2024

სექსი და ქვეყანა

ბატონ გურამ გოგიაშვილისთვის

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალის გამომზეურების თაობაზე იმდენი დაიწერა და ითქვა, არც ღირს ამ თემის გარჩევა. ასედაც მოვიქცეოდი, რომ არა ერთი „უმნიშვნელო“ დეტალი, რომელიც ვერადავერ ჩაჯდა ყველა იმათ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადების ტექსტში – ასე უხვად, რომ ვისმენთ და ვკითხულობთ ბეჭვდით თუ ელექტრონულ მედიაში.

საჯარო გამომსვლელთა უდიდესი უმრავლესობა გმობს „აკრძალული“ კადრების ჩვენების ფაქტს და დაბეჯითებით მოითხოვს დამნაშავეთა დასჯას (ცხადია არა იმათ, ვინც ვიდეო კადრებზეა აღბეჭდილი – ისინი მსხვერპლნი არიან – უმრავლესობის მიხედვით), ვინც ვიდეო გაასაჯაროვა. სწორედ ამ „უმრავლესობის“ საწინააღმდეგო მოსაზრებაც გამოჩნდა გაზეთების – „საქართველო და მსოფლიო“ და „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზე – ავტორები თეა მოსია, ბაკურ სვანიძე, ანზორ მაისურაძე, არმაზ სანებლიძე, შესაძლოა სხვებიც, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან.

ისინიც გმობენ ერთობ „დელიკატური“ მასალის საჯაროდ გამოჭენებას, თუმცა უფრო ღრმად ჩადიან და აშიშვლებენ იმ რეალობას, რაც სამწუხაროდ სუფევს საქართველოში. რა ბედნიერებაა, რომ საზოგადოებაში ესენიც არიან და არა მარტო ისინი (უმრავლესობა), წინააღმდეგ შემთხვევაში მთლად დაღუპული ვიქნებოდით.

25 წელიწადია საქართველო „დამოუკიდებელ“ ცხოვრებაშია – ყველა იმ „სიკეთეში“ გათვითცნობიერებული, რაშიც დასავლეთი. ჩვენ გაცილებით სწრაფად მოვახერხეთ დასავლურის შეთვისება, ვიდრე თვით დასავლეთმა. მას დიდი დრო დასჭირდა ამისთვის. ჩვენ, ნაკლები – „ნიჭის“ წყალობით. ქართულმა საზოგადოებამ – ვითარცა მწყურვალემ თავისუფალი ცხოვრებისა, აბაზანის ღრუბელივით შეისრუტა დასავლური გამრუდებული ცხოვრების წესი – სიამოვნებაზე აგებული და ისე წარმოგვიდგინა, თითქოს ამის გარდა, სხვა არაფერი ყოფილიყო იმ დალოცვილ ევროატლანტიკურ სივრცეში.

არა განათლება, არა შრომის დისციპლინა, არა გამოზომილი, ხელმომჭირნე ცხოვრება, არა ნამდვილი დემოკრატია, არა საქმისადმი უაღრესად სერიოზული მიდგომა, არა კანონმორჩილება და კიდევ მრავალი „არა“ ყველაფერი ის, რითიც ცნობილია ევროატლანტიკური სივრცე.

მაგრამ, დიახ – ერთსქესიანთა ქორწინებას, გეი-პარადებს, მამათმავლობასა და დედათმავლობას, უზნეობას, ავხორცობას – ასეთსაც აქვს იქ ადგილი.

ადამიანი, უცბათ ითვისებს იოლად ასათვისებელს ანუ იმას, რაც მეორეჩამონათვალშია. ასე და ამრიგად ჩვენმა საზოგადოებამაც „გაიიოლა“ ყოფა. მაგრამ, მარტო მან შეძლო ყოველივე ამის „მიღწევა“ – სხვისდა დაუხმარებლად? მიუხედავად „დიდი ნიჭისა“ (ასე ვახასიათებთ საკუთარ თავს), უეცრად, მეორე ჩამონათვლის შეთვისება, უდავოდ გაჭირდებოდა, რომ არა იგივე დასავლური „დამხმარე“ ხელი. სწორედ მას უნდა „ვუმადლოდეთ“ დემოკრატიული, თავისუფალი, უკომპლექსო ცხოვრების გაზიარებისთვის – ისეთის, სადაც სირცხვილის გრძნობა – დამახასიათებელი „ჩამორჩენილი“ საბჭოური ცხოვრებისთვის, შორს არის მოსროლილი.

ისრაელის პრეზიდენტმა ბენ გურიონმა ენამოსწრებულად ბრძანა – ახლა კი ნამდვილი სახელმწიფო ვართ, ვინაიდან ჩვენი ბოზი და ქურდი გვყავსო, მაგრამ სხვაგვარად იტყოდა ამ კატეგორიის ადამიანების უმრავლესობა, რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში. დასტურად, ისრაელის პრეზიდენტის ციხეში გამოწყვდევაა – თანამშრომელი ქალის სურვილის საწინააღმდეგო სქესობრივი კავშირის მცდელობისთვის.

ძველი თაობის ქართველობას ემახსოვრება შევარდნაძის მოთხოვნა ოპერისა და ბალეტის თეატრში მორალური სულისკვეთების ასამაღლებლად შესაბამისი აღმზრდელობითი ღონისძიებების გატარების თაობაზე. მაშინ ერთმა ხელოვანმა მოსწრებულად ბრძანა – „პედერასტების გარეშე ოპერისა და ბალეტის თეატრი აღარ იქნებაო“, მაგრამ მას სულაც არ უგულისხმია მთელი დასის გაპედერასტება.

ის, რაც იმჟამად სახამუშო თემა იყო, დღეს ხელის გულზე დევს და საამაყოც არის. და არა მარტო საამაყო, ბევრ შემთხვევაში მისაბაძიც. ამისთვისაა მომართული ზოგიერთი ელექტრონული მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია. „დისკრიმინაციის დაშვება დასაგმობია“, – გაჰყვირიან ისინი, რითაც აშკარად მხარში უდგანან და ახალისებენ იმათ, ვინც ბუნებამ შეაბრუნა საწინააღმდეგოსკენ.

დასავლეთი, მარტო ამ „თავისუფლებით“ არ არის ცნობილი, ჩვენ რომ თვალის დახამხამებაში გადმოვიღეთ, მას მეცნიერებაც აქვს და ტექნოლოგიებიც, მრეწველობაც და სოფლის მეურნეობაც, ავტომშენებლობაც და სამხედრო მშენებლობაც, სხვა მრავალიც, რომელიც უდავოდ აჭარბებს იმას, რაც ჩვენ გადმოვიღეთ. მარტო მანკიერება რომ იყოს, დაინგრევა, თუმცა მოჭარბებულმა სქესობრივმა აღვირახსნილობამ მასაც შეიძლება გაუჩინოს ბზარები.

ჩვენ კი ის, რაც დასავლეთს აქვს, არ გვაქვს. ჩვენ გადმოვიღეთ ის, რაც დასავლეთს აქვს, ოღონდ ნაკლები დოზით. ბალანსი, პოზიტივსა და ნეგატივს შორის, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ანუ ხელისუფლებამ. იმ შემთხვევაში, თუ თვით ხელისუფლებაში ე.წ. სქესობრივი ლიბერალები არიან, ბალანსი დაირღვევა და ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს შეიძენს. ქვეყანა, სადაც „ლიბერალური სექსი“ ზეიმობს, ქვეყანა აღარ არის, უფრო ზუსტად არის, მაგრამ თავიდან ბოლომდე სხვაზეა დამოკიდებული, სხვისი კარნახით ცხოვრობს.

ქვეყანა – ჩვენ, ადამიანები ვართ. და თუ ამ ადამიანთა საგრძნობი ნაწილი, განსაკუთრებით ხელისუფლებაში, სექსუალურ თავისუფლებას ეტრფის, ქვეყანა სუსტია – სხვაზე დამოკიდებული. იმისთვის, რომ ასეთი დამორჩილებული ადამიანთა კასტა შექმნილიყო და აქედან გამომდინარე დამორჩილებული ქვეყნების რიცხვი გაზრდილიყო, ბევრი იღვაწეს აშშ-ს გარკვეულმა წრეებმა, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მიზანი – მსოფლიო პირველობის მოპოვება. სანუკვარი მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი, მათ შორის „სექსიც“ მისაღები იყო და არა მარტო ის, გარყვნილება, მოქრთამვა და ა.შ.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველაფერს, ოქროს, მატერიალურ ძალას, რესურსებს ხალხის გამოსათაყვანებლად. ადამიანის ტვინი, შეგნება ექვემდებარება ცვლილებას. რუსეთში ქაოსის დათესვით, ჩვენ შეუმჩნევლად შევცვლით მათ ფასეულობებს ფალსიფიცირებულზე და დავარწმუნებთ მათ ამ ცრუ ფასეულობებში. ჩვენ მოვიძევთ ჩვენს თანამოაზრეებს, თანაშემწეებს, მოკავშირეებს თვით რუსეთში.

ლიტერატურიდან და ხელოვნებიდან თანდათანობით განვდევნით სოციალურ რეალობას, გავუქრობთ სურვილს კვლევის და იმის, რაც ხალხის მასებში ხდება. ლიტერატურამ, თეატრმა, კინომ, პრესამ – უნდა ასახოს და განადიდოს ყველაზე უმდაბლესი ადამიანური გრძნობები. ჩვენ ყოველმხრივ დავეხმარებით ე.წ. მხატვრებს, რომლებიც ადამიანთა ტვინებში ჩაბეჭდავენ სექსის კულტს, ძალადობას, სადიზმს, გამყიდველობას, ერთი სიტყვით ყველა უწესობას.

სახელმწიფო მმართველობაში შევქმნით ქაოსს და გაუგებრობას. შეუმჩნევლად, მაგრამ აქტიურად და სისტემატურად ხელს შევუწყობთ მოხელეთა გამოთაყვანებას, კორუფციას, უპრინციპობას, ბიუროკრატიზმს. პატიოსნება, დაცინვის საგანი გახდება, ის არავის დასჭირდება. წარსულის გადმონაშთი გახდება. თავხედობა, ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ცხოველური შიში ერთმანეთის მიმართ.

ნაციონალიზმი და ხალხთა შორის შუღლი, უპირველესად მტრობა და სიძულვილი რუსი ხალხის მიმართ, ჩვენს მიერ შეუმჩნევლად იქნება კულტივირებული და ძალიან ცოტა თუ მიხვდება რა ხდება. მაგრამ ასეთ ხალხს, ჩვენ უსუსურად, დასაცინ ობიექტად გადავაქცევთ. ასე და ამრიგად შევარყევთ თაობას-თაობაზე. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ხალხისთვის ბავშვობიდან, ყოველთვის აქცენტს ახალგაზრდებზე გავაკეთებთ – გავღრწნით, გავათახსირებთ, გავაამორალურებთ მათ“.

ეს ამონარიდი ალენ დალესის დოქტრინიდანაა. თვით დალესი გასული საუკუნის ომისშემდგომ წლებში წარმატებით ხელმძღვანელობდა აშშ-ს ცსს-ს. დალესის სიტყვები არა მარტო რუსეთის (საბჭოთა კავშირის) წინააღმდეგაა მიმართული, არამედ ნებისმიერი ქვეყნის, რომელიც შედიოდა საბჭოთა კავშირში და სოციალისტურ ბანაკში.

მას შემდეგ 60 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ დალესის დოქტრინას ყავლი არ გასვლია, უფრო მეტიც ახალი შემართებით ამოქმედდა ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც ჩვენია. და ამ პროცესში ლომის წილი ამერიკელთა მიერ შექმნილ არასამთავრობო სექტორს ეკუთვნის.

25 წლის განმავლობაში აშშ-ა საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, სხვაგან არა მარტო არასამთავრობოები ჩამოაყალიბეს, არამედ ხელისუფლებაც, მისი ოპოზიციაც, ჟურნალისტიკაც და ა.შ. ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც ხელს უწყობს ქვეყნის მმართველობის უზურპაციას და ისეთად გადაქცევას, ვაშინგტონს რომ სურს.

როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა ბრძანა – უკრაინის გადასაგვარებლად, გასაღრწნელად და ანტირუსულად განსაწყობად აშშ-ის ბიუჯეტიდან 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. კერძო ფონდებიდან გაცილებით მეტი. არანაკლები ფულია დახარჯული საქართველოში. მიზანი მარტივია – ისეთი ხელისუფლებისა და საზოგადოების მიღება, რომელიც ვაშინგტონის დაკრულზე იცეკვებს.

საქართველოს პოლიტიკა, სხვადასხვა დონის მოხელეები, სამართალდამცველები, საზოგადოება, მეტადრე ახალგაზრდობა მიაჩვიეს ფულს, მეძავობას, სექსუალურ აღვირახნილობას, სხვა „სიკეთეებს“ და ყურებით დაიჭირეს ისინი – წაართვეს რა დამოუკიდებელი აზროვნება, სინდისი და ნამუსი. ასეთთა აქეთ-იქით ტრიალი, ვითარცა თოჯინის, მარტივი საქმეა. ჰოდა, რახან ასეა, არის თუ არა გასაკვირი ზემონახსენები უმრავლესობის აღვირახსნილი ბღავილი – ვიდეო-ფილმების შემქმნელ-გამშვების დასასჯელად? ნამდვილად არა! ვინაიდან ყველა მათგანს საკუთარი თავის ლუსტრაცია ანაღვლებს.

ვიდეო-მასალის გამომქვეყნებელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ არის ეს მასალა დამმონტაჟებელი ანუ ფალსიფიცირებული? და თუ არა, რა ზომები უნდა გატარდეს მათ მიმართ, ვინც სახელმწიფო მოხელეთა, პარლამენტართა, ელიტარულ ჟურნალისტთა ავხორცობა გამოამზეურა?

როდესაც ქვეყნის პოლიტიკა უზომო თანხებს ნთქავს საკუთარი ორგანიზმის დაგრილებაში, გაუკუღმართებულ სქესობრივ ცხოვრებაში – ხალხის შიმშილობის ფონზე, მარტივად რომ ვთქვათ, ტრაგედიაა. ასევე ტრაგედიაა პრეზიდენტის ნათქვამი: „მე, მაქვს, მქონდა და მექნება მდიდარი სექსუალური ცხოვრება“. მსგავსი თავხედობა საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს, მათ შორის სააკაშვილსაც კი (ამ საქმის დიდოსტატს), საჯაროდ არ განუცხადებია.

ალენ დალესის დოქტრინამ პირდაპირი ზეგავლენა იქონია არა მარტო საზოგადოების იმ ნაწილზე, პარლამენტი და მთავრობა რომ ჰქვია, არამედ პრეზიდენტზე – კაცზე, რომელიც მუდამ ხალხის ზრუნვაში უნდა ათენებდეს და აღამებდეს. ნაცვლად ამისა „მდიდარ“ სექსს გვთავაზობს – მშიერ საზოგადოებას. ასეთის შემყურეს – სექსისთვის აუცილებელი ერექცია როგორღა აქვს? და თუ აქვს, მძიმედაა მისი და ქვეყნის საქმე, რამეთუ დამშეულ ქვეყანაში სექსის კი არა, თავის მოფხანვის დროც არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს.

შეიცავს თუ არა დალესის მიერ ჩამოთვლილი უზნეობის კასკადი, ამათუიმ ქვეყნის მდგრადობისთვის საფრთხეს? უდავოდ! უცხოეთის სპეცსამსახურებს დალესის „რეცეპტით“ მკურნალი ხელისუფლება, კონტროლზე ჰყავს აყვანილი და ნებისმიერ დროს გამოიყენებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად. დავუშვათ, ამას არ აქვს ადგილი, სხვა რა საფრთხე შეიძლება მოიტანოს სახელმწიფო მოხელეთა სქესობრივმა ლიბერალიზმმა? – საკუთარი თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რასაც სამწუხაროდ ჰქონდა და აქვს ადგილი.

როდესაც თანამდებობაზე მყოფი მავანი, საკუთარ საყვარელს (ქალს თუ კაცს), ყოველგვარი დამსახურების გარეშე ნიშნავს თანამდებობაზე – დანაშაულია, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ბრიყვი საყვარელი, კოლეგებს შორის, განაწყენების, ჭორაობის ობიექტი ხდება. ასეთი, გზას უკეტავს მუყაით მოხელეს წინსვლაში, გულს უცრუებს მას. თუ ამურული ურთიერთობით დაწინაურებულებს დავუმატებთ ნათესაური ნიშნით დაწინაურებულებს, მივიღებთ იმას, რაც საქართველოშია – დილეტანტთა მმართველობას, რაც სახელმწიფო მდგრადობას უდავოდ ურყევს საფუძველს.

მეძავეობის და ნათესაურობის ნიშნით დაწინაურებულები, უმალ მიბაძვის საგანი ხდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ვინაიდან იოლი გზაა სამსახურში მოსაწყობად და იქ კარიერის გასაკეთებლად. ასე, რომ საზოგადოება, რომელიც მიმტევებლურად, ზერელედ უდგება ამ თემას, ცდება. ცხადია, სექსი არ იკრძალება, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფთათვის დაუწერელი კანონები მოქმედებს, უმთავრესად მორალური, რაც ოჯახის სიწმინდეზე და სიმტკიცეზე გადის. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ინგრევა ოჯახები და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქვეყნის სიმტკიცე.

მარგველაშვილი ან ნებისმიერი მაღალი თანამდებობის მოხელე, არა მარტო საკუთარ თავს უნდა სცემდეს პატივს, არამედ საზოგადოებასაც. ასეა ყველგან, მათ შორის აშშ-ში, სადაც ოჯახის სიწმინდის თემა, ხელისუფალთა შორის, პრესის კონტროლს ექვემდებარება.

ქართული პოლიტელიტის ნაწილმა ამ ერთობ მძიმე და დელიკატური მოვლენიდან გამოსავლის ძებნაში რუსეთი გამოჩხრიკა. პავლე კუბლაშვილმა, „ნაცმა“ პარლამენტარმა საჯაროდ განაცხადა, რომ ვიდეო-მასალის გამოქვეყნება რუსეთმა გააკეთაო, ვინაიდან ამით სურს საქართველოს ისე გაშავება, ნატოში და ევროკავშირში რომ არ მიიღონო.~აქაც რუსეთი? მაგრამ თუ დავფიქრდებით, უმალ წინააღმდეგობაში მოვალთ. რატომ უნდა გაგვკიცხოს ევროკავშირმა ბოზობისთვის? განა ევროკავშირი არ მოითხოვს ჩვენგან გეი-პარადების ჩატარებას, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და ა.შ.? პირიქით, რუსეთს რომ გამოექვეყნებინა ამით დახმარებას გაუწევდა საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციაში შესვლაში. ასე, რომ რუსეთის მაგალითი ყურითმოთრეულია.

დასკვნისთვის, უნდა ითქვას მარტივი ჭეშმარიტება – არ ყოფილიყო ის, რაც იყო და არ იქნებოდა გამოქვეყნება.

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.