08.12.2024

სენატორ კენედის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით

ა.წ. 25 იანვარს გაზეთ „პალიტრაში“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „რატომ  ეწვია სენატორი კენედი „დეზერტირების“ ბაზარს“.

წერილის ავტორი, ჟურნალისტი ეკა სალაღაია წერს: – „შესაძლოა სტატიის დაბეჭდვის შემდეგ ბევრი გამოგვეხმაუროს და ფოტოზე გამოსახული სხვა ადამიანების ვინაობაც გაცხადდეს ან სულაც ამ ფოტოსთან დაკავშირებული ისტორია გვიამბონ, რომელიც ჩვენ არ ვიცით…“

ვნახე რა აღნიშნული მასალა, უმალ გადავწყვიტე ჟურნალისტთან დაკავშირება, მაგრამ ვერ მოვახერხე, მიუხედავად გაზეთის გაფრთხილებისა. გაზეთის რედაქციას გაუჭირდა ჟურნალისტის მოძებნა და მისთვის ჩემი მობილური ტელეფონის მიცემა, რაც უდავოდ მეტყველებს რედაქციის „ოპერატიულ მუშაობაზე“. რაც შეეხება თვით ჟურნალისტს – რჩევის სახით ვიტყვი, თუ სურდა გამოხმაურება, უნდა მიენიშნებინა, რა გზით და როგორ.

სენატორი კენედის საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საოქმო (პროტოკოლის) საკონსულო სამსახურის უფროსად ვმუშაობდი და საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა და განხორციელება ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო.

სენატორი კენედი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ იყო მოწვეული. სტუმრობის წინ, მას შესთავაზეს ვიზიტის პროგრამა, სადაც საქართველოც იყო ჩართული.

სენატორის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ათი დღით ადრე შევიტყვეთ მოსკოვიდან. საქართველოში სენატორისა და მისი თანმხლები პირების ვიზიტის განხორციელება საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ხაზით უნდა მომხდარიყო. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა პროტოკოლური პროგრამისა და ვიზიტის ჯეროვან დონეზე უზრუნველყოფის საკითხი თქვენს მონა-მორჩილს – საოქმო-საკონსულო სამსახურის უფროსს დაავალა.

შევადგინე პროგრამა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს გიორგი ძოწენიძეს შევუთანხმე. პროგრამაში საათობრივად იყო გაწერილი თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობათა მონახულების, ოფიციალური შეხვედრების, სტუმრის პატივსაცემი ოფიციალური თუ არაოფიციალური სადილების, კულტურული პროგრამის შესახებ.

ვიზიტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში ჩატარდა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ პროგრამაში დაფიქსირებული ობიექტების ხელმძღვანელები, მილიციისა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები, ის პირები, ვინც მუდმივად უნდა ხლებოდნენ სენატორსა და დელეგაციის წევრებს. პროგრამა დაიბეჭდა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ტიპოგრაფიულად და გაიგზავნა მოსკოვში, სადაც უნდა ჩასულიყო ამერიკელი სენატორი.

ასე რომ, ამერიკელმა სტუმრებმა წინასწარ იცოდნენ საქართველოში ვიზიტის პროგრამა, გარდა ამისა სად და რომელ ნომერში იცხოვრებდნენ, რომელი და რა ნომრის მანქანით გადაადგილდებოდნენ, ვინ იქნებოდა მათი მუდმივი თანმხლები პირები და ა.შ. ყოველივე ჩაბეჭდილი იყო ოფიციალური ვიზიტის პროგრამაში.

პროგრამის მიხედვით, სტუმარს აეროპორტში ხვდებოდა, აცილებდა და ვიზიტის განმავლობაში თან ახლდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე, სხვა ოფიციალური პირები. სტუმრის ოფიციალური საუბარი უნდა გამართულიყო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გიორგი ძოწენიძესთან, რომელიც იყო მთავარი მასპინძელი ოფიციალური ბანკეტის დროს.

ცნობისთვის აღვნიშნავ, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობა საპატიო თანამდებობა იყო ანუ უხელფასო, ხოლო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეობა, ხელფასიანი. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გიორგი ძოწენიძე, ითვლებოდა ქვეყნის პრეზიდენტად, ხოლო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ფუნქცია იყო სესიების (საგაზაფხულოსა და საშემოდგომოს, ორ-ორი დღით) გაძღოლა. სესიებს შორის საქმიანობას უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი წარმართავდა – მუდმივმოქმედი ორგანო.

ჟურნალისტს ებადება კითხვა, რატომ არ ახლდა საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი და პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი ე.შევარდნაძე სტუმარს.

სენატორი კენედის საქართველოში ვიზიტის დროს ე.შევარდნაძე არ იყო პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. ის, საქართველოს კომპარტიის ცკ პირველი მდივანი იყო. პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატად შემდეგ აირჩიეს.

გარდა ამისა, ცნობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ პარტია მსგავს ანუ სახელმწიფო ვიზიტებში არ ერეოდა, ვინაიდან ჩარევა გამოიწვევდა საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციებში გაუგებრობას. მრავალპარტიულობას შეჩვეულებს ერთი, თუნდაც მმართველი პარტიის ლიდერთან შეხვედრა არამართებულად მიაჩნდათ. საბჭოთა კავშირის კომპარტიის ლიდერები მხოლოდ მოძმე ქვეყნების კომპარტიის ლიდერებს ხვდებოდნენ.

მიუხედავად ამისა სენატორ კენედისთან შეხვედრის სურვილი თვით ე.შევარდნაძემ გამოთქვა, რამაც სერიოზული თავსატკივარი გაგვიჩინა. ისე უნდა გაგვეკეთებინა, თითქოს შეხვედრა შემთხვევით მოხდა. ამ “შემთხვევითობის“ ადგილიც გამოვძებნეთ – წეროვნის მეურნეობა, სადაც, მეურნეობის დათვალიერების შემდეგ, არაოფიციალური სადილი უნდა გამართულიყო. გაიმართა სადილი, რომელსაც ე.შევარდნაძე შემოესწრო – მცხეთაში ვითომ გავლით მყოფი. სადილმა გულთბილ ვითარებაში ჩაიარა, რომლის დროს კენედიმ, შევარდნაძემ და ძოწენიძემ სადღეგრძელოები წარმოთქვეს.

ჟურნალისტი წერს: „ჩანს, საგანგებოდ მომზადებულან სენატორ კენედის დასახვედრად. „დეზერტირების“ ბაზარში საგულდაგულოდ მორეცხილი იატაკი ისევ სველი ჩანს, გამყიდველებიც საგანგებოდ გამოწყობილები ჩანან. ჩემი ბავშვობიდან არ მახსენდება თეთრხალათიანი ან თეთრწინსაფრიანი გამყიდველები“.

„დეზერტირების“ ბაზრის დათვალიერება პროგრამით არ იყო გათვალისწინებული. სურვილი ბაზრის ნახვისა სტუმარმა გამოთქვა. მას უბრალოდ აინტერესებდა აღმოსავლური ბაზარი. ბაზრის დათვალიერების შესახებ უმალ ეცნობა ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ნინო ჟვანიას, რომელმაც შეძლო ბაზრის ჯეროვან დონეზე დათვალიერების ორგანიზება. რაც შეეხება თეთრ ხალათებსა და თეთრ წინსაფრებს, უცხო არ იყო არც ერთი ბაზრისთვის, მითუმეტეს თბილისის ცენტრალური ბაზრის „დეზერტირებისთვის“, რომელიც ქალაქის კუთვნილება იყო.

ნინო ჟვანია ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ და მისი ობიექტის წარმატებული მასპინძლობა ქალაქის პრესტიჟი იყო. სტუმარმა ჩამოიარა დახლები და ზოგიერთ გამყიდველს ჩემი (თარჯიმნის) დახმარებით გამოელაპარაკა. ზემოთა ფოტოზე სწორედ ეს მომენტია დაფიქსირებული – კენედისა და ყასაბი კადილაშვილის ლაპარაკი.

„სურათზე სათვალებიანი თარჯიმანიაო“, – წერს ჟურნალისტი. სათვალებიანი კენედის მრჩეველია, ხოლო თარჯიმნობას, პროტოკოლთან ერთად მე ვასრულებდი.

ჟურნალისტი წერს, რომ კენედი ვიზიტის დროს გოგირდის აბანოშიც ყოფილა და მექისისთვის საათიც უჩუქებია.

სენატორი კენედი გოგირდის აბანოში არ ყოფილა, ცხადია მექისისთვის საათიც არ უჩუქებია. საზოგადოებას ახსოვს ავსტრიის კანცლერის ვიზიტი, რომელიც იმყოფებოდა გოგირდის აბანოში.

დავუბრუნდები „დეზერტირების“ ბაზარს. ზემოთ აღვნიშნე, რომ ბაზარში წასვლა სტუმრის თხოვნით მოხდა, რაც სულაც არ იყო იშვიათობა ამერიკის დელეგაციების საქართველოში სტუმრობის დროს. მათთვის არაფერს წარმოადგენდა ტიპოგრაფიულად დამზადებულ ვიზიტის პროგრამაში ცვლილებების შეტანა. ასე მოხდა „დეზერტირების“ ბაზრის და რუსთაველის პროსპექტზე მდებარე სუვენირების სალონის მონახულება.

ბაზრიდან სახელმწიფო რეზიდენციაში დაბრუნებულმა კენედიმ მოულოდნელად გადაწყვიტა სუვენირების ყიდვა და მთხოვა თანხლება. ამერიკელი დაცვის მუშაკებისა და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლების თანხლებით მივაკითხეთ რუსთაველის პროსპექტზე მდებარე სუვენირების სალონს, სადაც სტუმარმა სხვადასხვა სახის სუვენირები შეიძინა.

სალონის წინ მოულოდნელად უამრავი თბილისელი შეიყარა. ყველას უნდოდა კენედის ნახვა და მასთან დალაპარაკება. არც ედვარდ კენედის გაუწბილებია თბილისელები. სტუმრის მნახველთა რაოდენობა ისე გაიზარდა, რომ რუსთაველის პროსპექტზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაიკეტა. უამრავი ხალხი შემოერტყა კენედის და ავტომანქანამდე მისვლა შეუძლებელი გახდა, მაშინ ამერიკელმა დაცვის მუშაკმა ორი ავტომანქანა „ჩაიკა“ პარალელურად გვერდი-გვერდ დააყენა, სახურავზე ავიდა და მანქანებზე ფეხებგაბჯენილმა კენედი ლაჯებს ქვეშ გაატარა და მესამე ავტომანქანა „ჩაიკაში“ მისმა ამერიკელმა კოლეგამ რის ვაივაგლახით ჩასვა.

მახსენდება მცხეთაში ვიზიტი. ჯვრის დათვალიერების შემდეგ კენედიმ მკითხა ვისადილებდით თუ არაო. „მცხეთაში, სვეტი-ცხოვლის ტაძარს მოვინახულებთ და შემდეგ ვისადილებთო“, –  მიუგო ირაკლი აბაშიძემ. როდესაც მივედით სვეტი-ცხოველთან, სტუმარმა იკითხა – „აქ, უნდა ვისადილოთო?“ და როდესაც გაიგო, რომ სადილი ტაძრის დათვალიერების შემდეგ იყო დაგეგმილი, უარი თქვა სვეტი-ცხოველში შესვლაზე – „ჯერ ვისადილოთო“. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სადილი წეროვანში გაიმართა.

ედვარდ კენედი და მისი თანმხლები პირები კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის პირველ და მეორე სახლებში ცხოვრობდნენ.

საქართველოში ვიზიტმა ამერიკელ სტუმრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რასაც ხელი შეუწყო სტუმართა თანმხლები პირების გულთბილმა მასპინძლობამ და შესანიშნავმა ამინდმა. სენატორი  კენედის საქართველოში ვიზიტი ფართოდ გაშუქდა ტელევიზიითა და პრესით. სამწუხაროა, რომ უნიკალური ვიდეო-კადრებიდან ცოტა თუ შემორჩა. ედვარდ კენედის საქართველოში ვიზიტი კარგად დაამახსოვრდა ქართველ ხალხს. მას დღესაც თბილად და დიდი ინტერესით იხსენებენ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.

რატომ ეწვია სენატორი კენედიდეზერტირებისბაზარს

25-01-2016

კენედი ამ ვიზიტის დროს გოგირდის აბანოშიც ყოფილა და ისე მოსწონებია, საათი მოუხსნია­ და უჩუქებია­ მექისესთვის, რომელმაც იგი გვარი­ანად დაზილა…”

ცენტრში ედუარდ კენედი. სულ წინ გენერალი ნოდარ მაისურაძე (ვასილ ინაურის მოადგილე), კენედის გვერდით, სათვალიანი, მისი თარჯიმანია. მის გვერდით ნინა ჟვანია (იმ დროს კალინინის რაიონის რაიკომის მდივანი იყო); მეორე მხარეს, კენედისგან მარცხნივ, თბილისის კა-გე-ბეს უფროსი, პოლკოვნიკი დურმიშხან გაგუაა, უკან კი – პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე. მაშინ ის საქართველოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, კომპარტიის ცკ-ის წევრი და დეპუტატი იყო. ირაკლი აბაშიძის გვერდით თბილისის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩხიკვიშვილია. უკანა პლანზე თეთრხალათიანი, “დეზერტირების” ბაზრის დირექტორი ჩოხელი გახლავთ. შესაძლოა, ამ სტატიის დაბეჭდვის შემდეგ ბევრი გამოგეხმაუროთ და ფოტოზე გამოსახული სხვა ადამიანების ვინაობაც გაცხადდეს, ან სულაც ამ ფოტოსთან დაკავშირებული ისტორია გვიამბონ, რომელიც ჩვენ არ ვიცით

“ხანდახან ერთი ფოტო მეტს გვიამბობს­ წარსულზე, ვიდრე უამრავი მშრალი კადრი. მადლობა ღმერთს, ახლა მეტი შეგვიძლია ჟურნალისტებს, ვიდრე კომუნისტურ წარსულში, მკაცრი ცენზურის პირობებში ჰქონდათ”, – ასე დავიწყე საუბარი­ ჩემს კოლეგა მაია რამიშვილთან, რომელსაც ხელთ ჩაუვარდა 1974 წელს გადაღებული ფოტო, სადაც ასახულია, როგორ მოაბიჯებს სენატორი ედუარდ კენედი თბილისის დეზერტირების ბაზარში.

– პროექტ “საუკუნის პორტრეტებზე” მუშაობისას კერძო არქივებში ვმუშაობდი – ოჯახებში მივდიოდით და საინტერესო მასალას ვეძებდით. ამ ფოტოსაც შემთხვევით წავაწყდი. სამწუხაროდ, არ მახსოვს, რომელ ოჯახში. საზოგადოებრივი მაუწყებლის­ ვიდეოარქივ “მატიანეს” კარგად ვიცნობ და ედუარდ კენედის საქართველოში სტუმრობის შესახებაც ვიცოდი, მაგრამ “მატიანეში” ძალიან მწირი ინფორმაცია იყო – ძირითადად, აეროპორტში დახვედრის კადრები, საზეიმო შეხვედრა პიონერთა სასახლეში და ანსამბლ “მზიურთან”. ეს ფოტო რომ ვნახე, მივხვდი: იყო კიდევ რაღაც, რაც ან არ აჩვენეს, ან “მატიანემ” არ შემოინახა.

ჩანს, საგანგებოდ მომზადებულან სენატორ კენედის დასახვედრად. “დეზერტირებისბაზარში საგულდაგულოდ მორეცხილი იატაკი ისევ სველი ჩანს
– გამყიდველებიც

საგანგებოდ გამოწყობილები ჩანან. ჩემი ბავშვობიდან არ მახსენდება თეთრხალათიანი ან თეთრწინსაფრიანი გამყიდველები…

ამ დროს რესპუბლიკის პირველი პირი საკავშირო პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი ედუარდ შევარდნაძე იყო. საინტერესოა, რატომ არ ახლავს იგი სტუმარს?
– როგორც ჩანს, ეს გასვ­ლა პროტოკოლით გათ­ვალისწინებული არ იყო და ამიტომაც არ არის შევარდნაძე.
ეს ფოტო რამდენიმე ხნის წინ ავტვირთე­ სოციალურ ქსელში და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთმა მომწერა, კენედი ამ ვიზიტის დროს გოგირდის აბანოშიც ყოფილა და ისე მოსწონებია, საათი მოუხსნია­ და უჩუქებია­ მექისესთვის, რომელმაც იგი გვარი­ანად დაზილა. თუმცა, ამ ფაქტის დამ­ადასტურებელი კადრი ვერ მოვიძიე.

ეკა სალაღაია