31.10.2024

საკითხი, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს ბირთვული თანაფარდობა

ბატონ გურამ გოგიაშვილს

აშშ-რუსეთის ვერბალური ომი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და თუ მის ინტენსიურობას წერტილი არ დაესვა, სავალალო შედეგს მიიღებს სამყარო.

სიტყვა მაშინ არის საშიში, როდესაც სინამდვილეს ეფუძნება. სინამდვილე კი ისეთია, ნახევარ ნაბიჯსაც არ ტოვებს ბირთვული ომის თავიდან აცილებისთვის. მაინც რა იმალება სიტყვის უკან – წარღვნით რომ ემუქრება მსოფლიოს?

ამ შემთხვევაში საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების შექმნა, რომელსაც შეუძლია ბირთვული იარაღის ტარება ანუ შესაბამის მიზნამდე მიტანა. ბუნებრივად იბადება კითხვა – ვინ ქმნის ასეთ რაკეტებს, ვინ ემუქრება მსოფლიო მშვიდობას?

პასუხი ასეთია – აშშ-ის და მისი მოკავშირეების განცხადებით – რუსეთი, ხოლო რუსეთის თქმით – აშშ-ი. ვინ არის ამ ორს შორის მართალი?

პასუხი ასეთია – ორივეს ახსნა-განმარტებით – ორივე. და მაინც ვინ არის უფრო მეტად მტყუანი?

პასუხი, კითხვაზე არცთუ იოლი გასაცემია, ამდენად თვალი გადაავლეთ აღნიშნული იარაღის დამზადება-არსებობის ისტორიას და თვით გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნა.

საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტები დამზადდა, როგორც საბჭოთა კავშირში, ისე აშშ-ი და დამზადებიდან დაწყებული, განადგურებამდე, მწვავე განსჯის საგანი იყო მოსკოვ-ვაშინგტონს შორის. საბჭოთა რაკეტების ფრენის რადიუსი 500-დან 2500 კილომეტრამდე იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა ევროპის კონტინენტს, თუკი ისინი საბჭოთა კავშირის დასავლეთ ნაწილში იქნებოდა განთავსებული.

სსრკ-ისთვის ანალოგიური საფრთხის შემცვლელი იყო ამერიკული რაკეტები განლაგებული ევროპის სახელმწიფოებში. მაშინ პრობლების მოსაგვარებლად აშშ-სსრკ-ს შორის დაიწყო მოლაპარაკება, რომელიც წარმატებით დასრულდა 1987 წლის ხელშეკრულებით. მას ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა და საბჭოთა კავშირის კპ ცკ-ის გენერალურმა მდივანმა მიხეილ გორბაჩოვმა.

ხელშეკრულების მიხედვით ორივე მხარემ შეწყვიტა ამ სახის რაკეტების დამზადება და დაიწყო მისი განადგურება. ორთა მაშინდელმა გადაწყვეტილებამ დიდი შვება მოუტანა მსოფლიოს, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებს, ნაკლები – საბჭოთა კავშირს, ვინაიდან აღნიშნული სახის საჰაერო და საზღვაო ბაზირების რაკეტები დაიტოვა აშშ-მა. ისინი ხელშეკრულებაში არ იქნა შეტანილი. გაუქმდა მხოლოდ სახმელეთო ბაზირების რაკეტები, რამაც ნაწილობრივი შვება და არა მთლიანი (ისე, როგორც ევროპას) მოუტანა სსრკ-ს.

აშშ-ს, რომელიც მრავალი ათასი კილომეტრითაა დაშორებული ევროპის კონტინენტიდან, საშუალო და მცირე მანძილის საბჭოთა რაკეტები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცავდა საფრთხეს, თუ განხორციელდებოდა თავდასხმა ევროპაში არსებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე.

1987 წლის ხელშეკრულების ვადის გასვლას 2017-18 წლებში მოჰყვა სსრკ-ს მემკვიდრის რუსეთის განცხადება – ხელშეკრულების ვადის გაგრძელდების ან ახლის დადების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ არაერთხელ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა. ვალში არც მეორე მხარე დარჩა. აშშ-ის წინა პრეზიდენტმა ობამამ მიმართა რუსეთს იმ დარღვევების თაობაზე, რომელიც ამერიკამ აღმოაჩინა. კერძოდ, ნაცვლად სსრკ-ს მიერ განადგურებული რაკეტებისა, მალულად ახალი რაკეტების დამზადება.

მოსკოვმა თავი იმართლა და მზადყოფნა გამოთქვა ამ სახის რაკეტებთან დაკავშირებით ახალი მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე. ვაშინგტონმა წინადადება არ მიიღო. მან უარი თქვა კრემლის შეთავაზებაზე – ადგილზე შემოწმებასთან დაკავშირებით.

რუსეთ-ამერიკის სიტყვიერი პაექრობა ახალი პრეზიდენტის, ტრამპის დროსაც გაგრძელდა. ამ თემაზე იყო საუბარი გასულ წელს ჰელსინკში პუტინ-ტრამპის მოლაპარაკების დროს. მაშინ მხარეები შეთანხმდნენ, მომავალ შეხვედრაზე დეტალურად განეხილათ 1987 წლის ხელშეკრულება და მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება.

მომავალი ორი შეხვედრა პარიზსა და ბუენოს-აირესში (საერთაშორისო შეხვედრების ფორმატში) აღარ გაიმართა, აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის გადაწყვეტილებით. ბუენოს-აირესში მოლაპარაკების ჩაშლის საბაბი უკრაინის გემების ავანტიურაზე, რუსეთის მკვეთრი პასუხი იყო, რაც ჩემის აზრით ვერ ესადაგებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის გაუქმებას, როგორიც ევროპის უსაფრთხოებაა.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მოლაპარაკების ჩაშლა არასერიოზულად გამოაცხადა. თან ისიც აღნიშნა, რომ ვაშინგტონის საბაბი უკბილოა, ვინაიდან სინამდვილეში ვაშინგტონს სულაც არ სურდა ამ დარგში მოლაპარაკების გამართვა, ვინაიდან მას გადაწყვეტილი ჰქონდა საშუალო და მცირე მანძილის სახმელეთო ბაზირების ახალი რაკეტების დამზადება და მათი ევროპაში განლაგება. ამ მიზნისთვის აშშ-ის ბიუჯეტში შესაბამისი თანხებიც გამოიყო.

პუტინის განცხადებას ვაშინგტონმა მძლავრი ანტირუსული PR მიაყოლა და მსოფლიოს დაუწყო მტკიცება, რომ ყველაფერში  რუსეთია დამნაშავე, ვინაიდან მან მალურად, 1987 წლის ხელშეკრულების დარღვევით, დაამზადა ახალი რაკეტები, რომელთა ფრენის რადიუსი გაცილებით აღემატება ძველის.

ამერიკულ დადანაშაულებას რუსეთმა თვალნათელი მაგალითი დაუპირისპირა – სადემონსტრაციოდ გამოიტანა რა ახალი საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტა. ამასთანავე რუსეთმა მიიწვია მოსკოვში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოების სამხედრო ატაშეები, სამხედრო სპეციალისტები, მედიის წარმომადგენლები, მათ შორის აშშ-ნ და ნატოს წევრი ქვეყნებიდან.

ეს ორი უკანასკნელი დემონსტრაციულად არ დაესწრო რუსეთის მიერ მოწყობილ ჩვენებას. მაშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართა მათ ჩასულიყვნენ მოსკოვში და ადგილზე შეემოწმებინათ ახალი რაკეტა.

წინადადება არ გაიზიარეს ვაშინგტონმა და ბრიუსელმა. ნაცვლად ამისა ა.წ. 2 თებერვალს ტრამპმა განაცხადა, რომ იწყებს 1987 წლის ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურას და თუ რუსეთი არ გაანადგურებს ახალ რაკეტებს, 60 დღის შემდეგ დატოვებს ხელშეკრულებას.

ვაშინგტონმა მოსკოვს გამოსასწორებელი ვადა მისცა, რაც მოსკოვისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. პუტინმა თავდაცვის მინისტრ შოიგუს და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან ერთად განაცხადა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე პასუხი იქნება სარკისებური, ანუ რუსეთიც დაამზადებს ახალ საშუალო და მცირე მანძილის რაკეტებს, გარდა ამისა ისეთ იარაღს, რაც ბარიერივით წინ აღუდგება ევროპაში განლაგებულ ახალ ამერიკულ რაკეტებს.

ამ განცხადების შემდეგ რუსეთიც გავიდა ხელშეკრულებიდან.

რას ნიშნავს ამერიკელთა მიერ ახალი საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების დამზადება-განლაგება რუსეთისთვის?

უპირველეს ყოვლისა განადგურების საფრთხის გაფართოებას. ევროპის აღმოსავლეთში ამ სახის რაკეტების განლაგება და მათი გამოყენება საფრთხეს შეუქმნის რუსეთის სტრატეგიული ბირთვული იარაღის ბაზირების ზონას.  თუ აშშ-ი რუსეთის საზღვრებთან განათავსებს ამ სახის ახალ რაკეტებს, მათი ფრენის დრო სანკტ-პეტერბურგამდე ნაცვლად 20-25 წუთისა – 3 წუთი იქნება, ხოლო მოსკოვამდე – 6 წუთი, რაც რუსეთის მხრიდან სწრაფი რეაგირების საშუალებას გამორიცხავს. 3-6 წუთი ერთობ მცირე დროა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

აშშ-ის სამხედრო დოქტრინის მიხედვით დაწყებულია ნაკლები ძალის ბირთვული ქობინების W76-2 დამზადება, რომლებიც დამაგრდება საშუალო და მცირე რადიუსის ახალ რაკეტებზე. ნაკლები ძალის ბირთვული იარაღით შეიძლება რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის შახტების განადგურება.

აშშ-ის მიერ ახალი საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განლაგება უდავოდ არღვევს ორ ქვეყანას შორის არსებულ ბირთვულ პარიტეტს და  აშშ-ს პრიორიტეტულობის შეგრძნებას ანიჭებს, რაც შეტევისთვის დიდი წახალისებაა, თანაც ცდუნების მაგვარი.

როდესაც აშშ-ი დარწმუნდება, რომ მის მიერ რუსეთისკენ გასროლილი რაკეტა 3-6 წუთში გაანადგურებს სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვს, ასევე სამხედრო ობიექტებს, ყოველგვარი საპასუხო დარტყმის გარეშე, ბირთვულ ღილაკზე თითის დაჭერას რაღა უდგას წინ?

რუსი სამხედროები და ექსპერტები, რომლებიც შეშფოთდნენ, მაგრამ არ შეშინდნენ ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, საჯაროდ აცხადებენ, რომ პასუხი მტკიცე და სასტიკი იქნება, ანუ ევროპაში საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტები განლაგებისთანავე – განადგურდება. რუსეთს მაგალითად ისრაელი მოჰყავს, რომელიც საომარი მოქმედების დაწყებამდე წინასწარ ესხმის თავს იმ ობიექტებს, სადაც მისთვის საშიში იარაღია განთავსებული.

მიუხედავად საშიში ვითარებისა, აღმოსავლეთ ევროპის ისეთის ქვეყნები, როგორებიცაა ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, პოლონეთი, სხვები, შესაძლოა უკრაინაც მზადყოფნას გამოთქვამენ საშუალო და მცირე რადიუსის ამერიკული რაკეტების თავიანთ ტერიტორიებზე განლაგების, რაც უდავოდ ღალატია საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

საქართველოს პოლიტიკა – აყოლილი უკრაინაზე, თანაც აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერილი, ხშირად ისეთ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს, რაც ხალხის ინტერესებისგან შორს არის, ამასთანავე ხარის წინ წითელი ნაჭრის აფრიალების მსგავსია. მაგალითად ფრანგული ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვაც გამოდგება. ეს რაკეტები ვერაფრით დაიცავს ქვეყანას უამრავი რუსული ბირთვული თუ ჩვეულებრივი სარაკეტო თავდასხმიდან. მაგრამ გააღიზიანებს მას და პოტენციურ სამიზნედ აქცევს ქვეყანას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც რუსეთი დასავლური შეტევის განხორციელებამდე აპირებს შეტევის ბუდის განადგურებას.

13-14 თებერვალს ნატოს სამიტზე, ნაცვლად საზრიანი გადაწყვეტილების მიღებისა, კვლავ დაადანაშაულეს რუსეთი საშუალო და მცირე მანძილის რაკეტებთან დაკავშირებით. სამიტმა გადაწყვიტა ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ხარჯების გაზრდა, რათა პასუხი გაეცეს რუსულ აგრესიას. ითქვა აშშ-ის რაკეტების ევროპაში განლაგების თაობაზეც.

რუსეთია დამნაშავე მაშინაც, როდესაც აშშ-ა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა არ შეასრულეს დაპირება ნატოს აღმოსავლეთით არ გაფართოებასთან დაკავშირებით და ლამის ნატოს ქვეყნების რკალში მოაქციეს ის?

რუსეთია დამნაშავე ამჟამად, როდესაც აშშ-ა მიატოვა 1987 წლის ხელშეკრულება და აპირებს საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების დამზადება-განლაგებას ევროპის აღმოსავლეთით?

რუსეთია დამნაშავე მაშინაც, როდესაც ეს ქვეყანა თავის დაცვის მიზნით  ქმნის ახალ სარაკეტო სისტემას? …

სადამდე გაგრძელდება რუსეთის დადანაშაულება?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი