16.10.2024

სააკაშვილი – როგორც ასეთი

2003 წლის შემოდგომის „შევარდნა“ დღემდე ტრიალებს მსოფლიოს ელექტრონულ მედიაში – ცხადია არა ისეთი ინტენსიურობით, როგორც ადრე, მაგრამ მსოფლიოს თანამედროვე ისტორიის განხილვისას ამ აქტს პირველ რიგში იხსენებენ.

მიხვდით ალბათ რა მაქავს მხედველობაში – სააკაშვილის შევარდნა საქართველოს პარლამენტის ახალი მოწვევის პირველ სხდომაზე, რომელსაც მაშინდელი პრეზიდენტი შევარდნაძე უძღვებოდა.

ის შევარდნა დასავლურმა პოლიტიკამ და მედიამ პოზიტიურად შეაფასა ანუ პოსტსაბჭოთა სივრცეში გამეფებული კორუფციის და დახავსებული საბჭოური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლად.

პარლამენტში შევარდნამ, სააკაშვილს უკვდავი რევოლუციონერის იმიჯი შესძინა და მის შემდგომ ქმედებას, როგორც პრეზიდენტის, განუსაზღვრელი უფლებები მიანიჭა. ასეთი იყო საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის და სრულიად დასავლეთის პოლიტიკური წრეების გადაწყვეტილება. რა დითირამბები არ ითქვა მაშინ აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან. მათში განსაკუთრებით გამოირჩეოდა – „თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურა“.

იმ შევარდნიდან, 2017 წლის დეკემბრის „ავარდნამდე“ მრავალი წელი გავიდა. მიხვდით ალბათ რა მაქვს მხედველობაში – სააკაშვილის, საცხოვრებელი სახლის სახურავზე „ავარდნა“, რამაც მთელი მსოფლიოს ელექტრონული მედიის და ბეჭდვითი პრესის ყურადღება მიიპყრო. ზოგიერთი, მათ შორის რუსეთის სამთავრობო ტელეარხები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ სააკაშვილის ირგვლივ დატრიალებულ მოვლენებს.

უკრაინის დედაქალაქში დატრიალებული ტრაგიკომედია უდავოდ მრავალი წლის განმავლობაში იქნება მსოფლიოს ელექტრონული მედიის „დამამშვენებელი“. ხუმრობა ხომ არ არის ყოფილი პრეზიდენტის, თან მოქმედი პოლიტიკოსის მიერ საცხოვრებელი სახლის სახურავის დალაშქვრა; უკრაინელი სპეცსამსახურების მუშაკების მიერ მისი შეპყრობა; სახურავიდან ჩამოყვანა და პოლიციის ავტომანქანაში შეტენვა; სააკაშვილის მომხრეების თავგანწირული მოქმედება მისი ავტომანქანიდან ძალით გამოყვანის მიზნით და ბოლოს სააკაშვილის გაღიმებულ-შეშლილი სახე – ავტომანქანიდან გამოყვანის შემდეგ – ისეთი, როგორც 2003 წელს – პარლამენტში შევარდნის დროს.

ეს ორი ისტორიული მომენტი სხვადასხვა ქვეყანაში მოხდა, თუმცა ერთმანეთთან დაძმობილებულში, ერთბედქვეშ მყოფში, ერთი და იგივე პატრონის პირობებში. საქართველოს და უკრაინას, თანამედროვე ისტორიაში ბევრი რამ აკავშირებს, რომელიც 1991 წლის დეკემბერში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. ორივემ „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციებით გაითქვა სახელი.

რევოლუციების დამდგმელი რეჟისორი აშშ-ს პოლიტიკური წრეები იყვნენ, სპეცსამსახურებთან ერთად. მიზანი – მოსკოვის გავლენის სფეროდან, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დახსნა. ამერიკელთა მცდელობას, მილიონობით დახარჯულ ფულს, ტვინის გამოსარეცხ ტრენინგებს ფუჭად არ ჩაუვლია და თუ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან სამში მაინც – საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, მათთვის დადებითი შედეგი იქნა მიღებული, უდავოდ დიდ წარმატებად შეიძლება აღვიქვათ.

სამივეს სძულს რუსეთი. სამივეში ქვეყნის მართვის სადავეები არასამთავრობო ორგანიზაციების, ოლიგარქების, პროამერიკულად განწყობილი ხელისუფლების ხელშია. სამივე რუსეთის და მისი ხელისუფლების ლანძღვა-გინების პერმანენტულ სტადიაშია. სამივე უმძიმეს ეკონომიკურ-საფინანსო კრიზისშია და აქედან გამომდინარე გაუსაძლის სოციალურ პირობებში. სამივე ქვეყანაში კატასტროფული დემოგრაფიული ვითარებაა – მოსახლეობის დიდი რაოდენობის გადინებით, მოკვდაობის შობადობაზე სიჭარბით.

სამივე მიისწრაფვის ნატოსკენ და ევროკავშირისკენ, მაგრამ სამივეს „ღია კარის“ მიუხედავად, მყარად ჩარაზული კარი ხვდება. სამივე თვალში შესციცინებს დასავლეთს, განსაკუთრებით აშშ-ს და ცდილობს იქიდან წამოსული დირექტივები სწრაფად და პირნათლად შეასრულონ.

სამივესთვის ჩვეულებრივ ამბად არის ქცეული ერთსქესიანთა ქორწინება, ტელეეკრანებზე „ცისფერთა“ კეკლუცობა, მსუბუქ ნარკოტიკებთან მიმართებაში ლიბერალური დამოკიდებულება, ტრადიციული ცხოვრებისთვის ზურგის შექცევა და „წარმატებული“ თანამედროვეობისადმი გულმხურვალე მხარდაჭერა.

სამივეში ისეთი ვითარებაა შექმნილი, ამერიკელ პოლიტიკოს ალენ დალესს რომ გაახარებდა. სწორედ მისი დოქტრინის ზეობასთან გვაქვს საქმე და არა მარტო. როდესაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მკაცრად იტყვის: „ვინც ლგბტ-ს,  ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დაგმობს და ცისფერის შევიწროებას გაბედავს, ჩვენთან ექნება საქმეო“ – სახიფათო განცხადება არ არის, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული? ნიშნვს თუ არა ეს „რბილი“ მეთოდი შობადობის შემცირებას?

დიახ! როგორც ჩანს, ამერიკულმა პოლიტიკურმა წრეებმა უკეთ იციან, რომ დედამიწას მზარდი მოსახლეობის გამოკვების თავი არ აქვს. და რახან სასმელი წყლისა და საკვების პრობლემები დგას, განა უკეთესი არ იქნება შობადობის დამუხრუჭება, უკვე დაბადებულისა და გაზრდილის განადგურება – შემუშავებული ფარული გეგმით მოსახლეობის გამოსახშირი ომებით, ხელოვნურად გამოყვანილი დაავადებებით, დაზიანებულ-მოწამლული სასოფლო-სამეურნეო მიწებით და ა.შ. ამ მოწოდებას სამივე ქვეყანამ ,უფრო სწორად ხელისუფლებამ უმალ შემხვედრი გეგმა შეაგება და ისეთი ცხოვრება არგუნა საკუთარ ხალხს – მტერიც რომ ვერ ინატრებდა.

იმ ვაკხანალიის დამწყებს, რასაც სამივეგან აქვს ადგილი – ერთი სახელი აქვს – სააკაშვილი. ამერიკაში სწავლაგავლილი, ნატრენინგალი მიხეილი, პოლიტიკურად ჩამოყალიბებული და ვაშინგტონის მიერ მხარდაჭერილი, ხელწამოსაკრავი წვრილფეხა პოლიტიკოსი არ არის. ის მებრძოლია, მიმწოლი, ქარიზმატული, საკუთარი იდეების სხვაზე გადამდები. ხშირად ქართველი ე.წ. პოლიტიკოსები ამბობენ – სააკაშვილს რომ ამერიკა არ უჭერდეს მხარს, უმალ ჩაიფუშებოდაო. ვინც ამას ამბობს, ავიწყდება – თვითონაც არ იქნებოდა, აშშ-ი რომ არ ყოფილიყო.

აშშ-ს ნდობა რომ მოიპოვა, სწორედ ამაშია სააკაშვილის ნიჭი. თან ისიც მხედველობაშია მისაღები, რომ ვაშინგტონ-სააკაშვილის ურთიერთდამოკიდებულება არ ხუნდება. და ალბათ არც გახუნდება, ვინაიდან ვაშინგტონი ისეთს, როგორიც სააკაშვილია, ვერსად იპოვის.

წამით დავფიქრდეთ და ვთქვათ – ვინ იქნებოდა ისეთი გულადი, ვინც ათასობით პოლიციელის რკალს გაარღვევდა და პარლამენტში შევარდებოდა; ვინ წამოიწყებდა ომს სამხედრო თვალსაზრისით მართლაცდა გოლიათ რუსეთთან; ვინ გახდებოდა ოდესის გუბერნატორი; ვინ გადალახავდა პოლონეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარს; ვინ ააბუნტებდა უკრაინელებს საკუთარი პრეზიდენტის წინააღმდეგ; ვინ ავარდებოდა სახურავზე და იქედან მოუწოდებდა ხალხს რევოლუციისკენ, პრეზიდენტის იმპიჩმენტისკენ; მანამდე კი, ვინ დაამყარებდა საერთაშორისო ტერორიზმთან მჭიდრო კავშირებს; ვინ ჩაიყვანდა სნაიპერებს კიევში 2014 წლის მაიდნის რევოლუციის მოსაწყობად?

ყოველივე აღნიშნულის და არ აღნიშნულის, თუმცა ნეგატიურის, ხალხში ჭორებად მოარულის შემოქმედი სააკაშვილია და რაც არ უნდა იძახოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მდინარაძემ, სხვა „ოცნებელებმა“: „მრცხვენია, რომ ეს ადამიანი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო“-ო, მის ავტორიტეტს ვაშინგტონში არაფერი დაემუქრება.

სააკაშვილი, სააკაშვილია. მას განუმეორებელი ხელწერა აქვს. ხელწერა მეამბოხის, ავანტიურისტის, შფოთისთვის, ამ სიტყვების შესაფერისი სხვა მრავალი სინონიმის. მაგრამ არა კაბინეტური მუშაკის, სახელმწიფო ქაღალდებში ჩაფლულის, პედანტურად 9 საათიდან 18 საათამდე მომუშავის.

სააკაშვილი არის ის, რასაც ვხედავთ – პოლიტიკოსი, აშშ-ს მეგობარი და მისი ნების წარმატებული შემსრულებელი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.