09.10.2024

რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკების მოლოდინში

„რუსეთი იყო იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებმაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა გამოხატეს თურქეთის დემოკრატიის მიმართ, არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების დროს“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ.

15 ივლისს მეამბოხე სამხედროები შეეცადნენ თურქეთის ხელისუფლებისა და პრეზიდენტ ერდოღანის დამხობას, თუმცა უშედეგოდ. გადატრიალების მცდელობამ თითქმის 300 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაიხოცნენ ამბოხებულებიც, 2000-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.

სამხედრო გადატრიალების მცდელობას მოჰყვა ხელისუფლების მიერ გატარებული მკაცრი ზომები – მასობრივი დაპატიმრებები, სამსახურებიდან დათხოვნები, ხელისუფლებისთვის საეჭვო ჟურნალ-გაზეთების, ტელევიზიების დახურვა, სხვა მკაცრი ქმედებები, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია აშშ-ა და ევროკავშირში. ისინი მოუწოდებენ ერდოღანს თავშეკავებისკენ.

რამდენად გაითვალისწინებს თურქეთის პრეზიდენტი დასავლეთის მოთხოვნას, ძნელი გამოსაცნობი არ არის. ერდოღანი გამარჯვებულია. მან გაუძლო შიდა შემოტევას და გაგულისებული მზად არის პასუხი აგებინოს მის მიმართ მტრულად განწყობილ ოპოზიციას. ასეთ დროს ჭკუის დარიგებას ის არ მიიღებს, მითუმეტეს იმათგან, ვისაც სამხედრო გადატრიალების მხარდამჭერებად მიიჩნევს.

ერდოღანი, დღეს უკვე დაუფარავად აცხადებს არშემდგარ სამხედრო გადატრიალებაში აშშ-სა და ნატოს როლზე. მას მაგალითად ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზა მოჰყავს, საიდანაც გაფრინდნენ გადატრიალებაში მონაწილე თურქი მფრინავები. ბაზაზე მომუშავე ამერიკელმა სამხედროებმა ნება დართეს თურქ მფრინავებს საწვავით შეევსოთ თვითმფრინავები, რაც თურქეთის ხელისუფალთა განცხადებით, მეამბოხეთა მიმართ აშკარა მხარდაჭერა იყო.

ინჯირლიკის ავიაბაზაზე 5000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა. თურქეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გადატრიალებას აშშ-ში მცხოვრები თურქი იმამი ფეთჰულაჰ გიულენი ხელმძღვანელობდა და მოუწოდებს აშშ-ს გადასცეს ის თურქეთს.

ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ ექსტრადაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია მას თურქეთისგან ჯერაც არ მიუღია. მხოლოდ ამ მასალის გაცნობის შემდეგ გამოიტანს ის დასკვნას გიულენის გადაცემა-არგადაცემის თაობაზე. გარდა ამისა ვაშინგტონი კატეგორიულად უარყოფს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობაზე. არადა გადატრიალების ბუდედ ავიაბაზა ინჯირლიკი ითვლება.

რუსეთის წყაროების მიხედვით, სამხედრო გადატრიალების მზადების თაობაზე რუსეთმა ერთი დღით ადრე შეატყობინა თურქეთის შესაბამის სამსახურებს. რა მოიმოქმედეს მათ, ძნელი დასადგენია, მაგრამ მათ მიმართ განხორციელებული მკაცრი ზომები მიანიშნებს იმაზე, რომ უშიშროებაც ვერ ან არ იდგა (შეგნებულად) შესაბამის დონეზე. ამ და სხვა თემებზე უდავოდ იქნება საუბარი 9 აგვისტოს დაგეგმილ მოლაპარაკებაზე, რომელიც პუტინსა და ერდოღანს შორის გაიმართება ქ. სანკტ-პეტერბურგში.

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ამ შეხვედრას მსოფლიო პოლიტიკა, განსაკუთრებით ამერიკულ-ევროპული, დიდი ინტერესით ელოდება. რით არის ესოდენ დიდი ინტერესი გამოწვეული? უპირველესად იმით, რომ გასული ნოემბრიდან, დღემდე რუსეთ-თურქეთს, მაღალ დონეზე არათუ შეხვედრა, არამედ სატელეფონო ლაპარაკიც არ ჰქონიათ, თუ არ ჩავთვლით ბოლო შემთხვევებს (თვითმფრინავის ჩამოგდების გამო), ერდოღანის მობოდიშების დროს რომ ჰქონდა ადგილი.

თითქმის ერთწლიანმა პაუზამ და რუსეთის განაწყენებამ გამოიწვია დაწყებული ეკონომიკური ურთიერთობების ისეთ დონემდე დაცემა, უარესს რომ ვერ იფიქრებდა ვერავინ. მარტო რუსი ტურისტების ნაკადის შეწყვეტას მოჰყვა თურქეთის ხმელთაშუაზღვის კურორტების დაცარიელება, უმუშევრობა და სხვა „სიკეთეები“. მარტო ტურიზმიდან თურქეთის ბიუჯეტში არშესულმა თანხამ 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რომ აღარაფერი ვთქვათ ენერგეტიკული პროექტების გაყინვაზე, რუსეთში თურქული ბიზნესის შეჩერებაზე, რუსეთის ბაზარზე თურქული პროდუქციის შეტანის აკრძალვაზე და სხვა მრავალი.

რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავის ჩამოგდებით თურქეთმა, ერთის ხელის მოსმით, ნულის დონეზე დაიყვანა ათეული წლების განმავლობაში ნაშენი თურქულ-რუსული ურთიერთობები. მართალია, ამ საქმით თურქეთმა ზომაზე მეტად ასიამოვნა ნატოელ კოლეგებსა და ვაშინგტონს, მაგრამ საკუთარ თავს ავნო. პეტერბურგის შეხვედრა ნიშნავს ძველი ურთიერთობების აღსადგენად გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა არცთუ იოლი იქნება გაჩენილი უნდობლობის გაბათილება.

ერდოღანის მხრიდან ამერიკა-ნატოს დადანაშაულება არშემდგარ გადატრიალებაში, მას ერთადერთ გზას უტოვებს – გზას რუსეთისკენ, რაც უდავოდ უარყოფითად აღიქმება დასავლეთში. თუ ერდოღანის გაქრობას დასავლეთი ადვილად შეეგუება, თურქეთის რუსეთისკენ გადახრას – ვერა.

დასავლეთი ისურვებდა უერდოღანო თურქეთს – უდიდეს ევრაზიულ სახელმწიფოს, რომლის წვლილი ნატოში საკმაოდ დიდია. მისი არმია მეორეა ნატოში, რაოდენობის თვალსაზრისით და მეექვსე მსოფლიოში – 500000 სამხედრო მოსამსახურე, მათგან – 370000 ქვეითი.

2006 წელს მიღებულ იქნა „ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“, რომელმაც ერდოღანს მისცა საშუალება წამოეწყო მასშტაბური რეფორმა, რომლის მიხედვით, სამხედრო ჯარები შემცირდა 280-300-მდე. რაც შეეხება სამხედრო-საზღვაო ძალებს და მის დომინირებას შავ ზღვაში, სპეციალისტების მიხედვით, მიუხედავად სხვადასხვა სახის გემების სიმრავლისა, თურქეთი მზად არ არის აწარმოოს აქტიური სამხედრო მოქმედება. ძირითადად, მისი ყურადღება მიპყრობილია სრუტეების კონტროლისკენ და საბერძნეთიდან სავარაუდო შეტევის შეკავებისკენ.

სამხედრო-საჰაერო ძალები აღჭურვილია სხვადასხვა მოდიფიკაციის ამერიკული F-16 თვითმფრინავებით. თურქეთი რახანია ელოდება F-35 სახის თანამედროვე ამერიკული თვითმფრინავების მიღებას, მაგრამ უშედეგოდ. ამჟამინდელი დაძაბულობა შეაფერხებს თურქეთისთვის ამერიკული თვითმფრინავების გადაცემას.

თურქეთის ხელისუფლებას მძიმე ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან, მეტადრე გერმანიასთან. ევროკავშირი უარყოფითად იხილავს თურქეთში განხორციელებულ მასობრივ დაჭერებს და ერდოღანის სურვილს შემოიღოს სიკვდილით დასჯა, რასაც 2004 წლის შემდეგ ადგილი არ ჰქონია.

არშემდგარმა სამხედრო გადატრიალებამ შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში არსებული ძალთა ბალანსი კარდინალურად შეცვალოს. როდესაც თურქეთის პრეზიდენტი პრეს-კონფერენციაზე დაბეჯითებით აცხადებს, რომ ტერორიზმი დასავლეთის შემოქმედებაა და თურქეთში მოწყობილ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში დასავლეთის ხელი ურევია, პოლიტიკური ვითარება ძველებური აღარ იქნება.

იდგა თუ არა აშშ-ს სპეცსამსახურები თურქეთის გადატრიალების უკან – ძნელი დასადასტურებელია. ვაშნგტონი რახანია გაიძახის – „მე, არაფერ შუაში ვარო“ – მაგრამ ასეც რომ იყოს, მას არვინ დაუჯერებს, წარსულის მზაკვრული მაგალითებიდან გამომდინარე.

გასული საუკუნის 50-იან წლებში ასე გაიძახოდა – „მე, არაფერ შუაში ვარ ირანის პრემიერ-მინისტრის მოსადეკის ჩამოგდებაშიო“, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო რამ დაფიქსირდა არა მაშინ, არამედ სულ ახლახანს აშშ-ს იმჟამინდელი არქივების გასაჯაროების დროს. ტელეკომპანია BBC-მ სატელევიზიო ფილმიც მიუძღვნა ამ ისტორიულ ფაქტს, სადაც აჩვენა საიდუმლო დოკუმენტები, რომლის მიხედვით განხორციელდა ირანის არჩეული ხელისუფლების დამხობა.

დოკუმენტს ეიზენჰაუერი, სხვა მაღალი ამერკელი მოხელეები და ბრიტანეთის პრემიერი ჩერჩილი აწერენ ხელს.

ამერიკა-ინგლისის საიდუმლო ოპერაცია მაშინ გასაჯაროვდა, როდესაც მან აქტუალობა დაკარგა და მხოლოდ ისტორიის საკუთრება გახდა. იგივე ელის თურქეთის არშემდგარ გადატრიალებას. თურქეთს და სხვასაც ეცოდინება მთავარი შემოქმედის ვინაობა, მაგრამ „შემოქმედს“ მხოლოდ ლოგიკითა და ვარაუდით შერისხავს და არა ოფიციალური დოკუმენტებით.

ვაშინგტონსა და ბრიუსელში არ გამორიცხავენ ერდოღანთან ურთიერთობის გაუარესებას. გაკვრით, მაგრამ მაინც ლაპარაკობენ ნატოში თურქეთის წევრობის შეჩერებაზე. ბრიუსელი, ევროკავშირის სახით იმასაც აცხადებს, რომ მოლაპარაკება თურქეთის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით არ გაიმართება, თუ თურქეთი შემოიღებს სიკვდილით დასჯას.

რა გზას აირჩევს ერდოღანი – დასჯის ამოქმედებას თუ ევროკავშირში შესვლას?

უდავოდ პირველს, ვინაიდან მეორე – ევროკავშირში შესვლა მას არ ეღირსება, ისე, როგორც ვერ ეღირსა ბოლო 53 წლის განმავლობაში. ბრიუსელი თითქოს დადებითად იყო განმსჭვალული თურქეთის თავის რიგებში მისაღებად – თურქული კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციის შემდეგ. ეს პროცესიც დაიწყო, თუმცა ვერ დასრულდა მთელი რიგი პრობლემების გამო. მათ შორის უპირველესია თვით თურქეთი – 80-მილიონიანი მუსლიმანური ქვეყანა, სადაც საერო სახელმწიფოებრიობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ყურადღებაც ექცევა, მაგრამ ის მაინც არ არის ისეთი, როგორსაც ევროკავშირი ისურვებდა.

80-მილიონიანი თურქეთი – ევროკავშირის შემადგენლობაში, ნიშნავს არა ძველ ევროპას, არამედ ახალ, სრულიად გამოუცნობს და საფრთხის შემცველს. ეს იცის ევროპამ და ნაცვლად იმისა, აღიაროს თურქეთის არმიღების საბაბი, რაღაცას მიედ-მოედება, ცალი ყბით მოლაპარაკებასაც აწარმოებს და მცირე, მაგრამ მაინც იმედსაც აძლევს ანკარას, რაც მზაკვრული პოლიტიკაა.

ქვეყანას, სადაც სახელმწიფო გადატრიალებას მეხუთედ ჰქონდა ადგილი – ოთხჯერ წარმატებით, ერთხელ წარუმატებლად, რომ არ მიიღებენ ევროკავშირში, ცხადზე უცხადესია, რაც კარგად უნდა სცოდნოდა ანკარას. ცხადია იცოდა, მაგრამ ისევ ბრიუსელის ორპირული პოლიტიკის მსხვერპლად გადაიქცა. ბრიუსელისთვის მთავარი არა თურქეთის გაწევრება იყო, არამედ თურქეთის ევროკავშირის კართან მიბმა, მუდამ დაპირებების (ხშირ შემთხვევაში ფუჭის) თავს მოხვევა.

ბრიუსელის პოლიტიკა თურქეთის მიმართ არ შეცვლილა 50 წლის განმავლობაში. ამ პოლიტიკამ დივიდენდები ბრიუსელს მოუტანა ანუ შეაკავა თურქეთი სხვა მხარეს გადახრისგან. იგივე პოლიტიკას მიმართავს ის საქართველოს, უკრაინის ან მოლდოვის მიმართ, მაგრამ მათ არ სჯერათ ამის, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მაგალითი წინ უდევთ.

როგორც ჩანს, თურქეთმა ბოლოსდაბოლოს დაინახა ის, რაც მან ისედაც იცოდა, მაგრამ ხმამაღლა არ ამბობდა. დღეს ამბობს, თან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს. დაადგება თუ არა დასავლეთის მიერ მოძულებული ერდოღანი ანტიდასავლურ გზას, 9 აგვისტოს გამოჩნდება.

 რუსეთი შეეცდება მოწინააღმდეგის ბანაკიდან გადმოსულ ერდოღანთან საქმიანი ურთიერთობების აღდგენას, რაც არ არის გასაკვირი. დასავლეთის მიერ შერისხული პუტინი ეძებს მოკავშირეებს.

ნატოს წევრი თურქეთის თემა ყოველთვის იყო აქტუალური, როგორც საბჭოთა კავშირის, ისე მის მემკვიდრე რუსეთის ხელისუფლებისთვის. თურქეთის დასავლური ორბიტიდან დაშორება და რუსეთთან დაახლოება გამოუსწორებელი შეცდომა იქნება ბარაკ ობამას ადმინისტრაცისთვის, ისე, როგორც სხვა შეცდომები, დაშვებული დემოკრატიული პარტიის მმართველობის ბოლო 8 წლის განმავლობაში.

6 თვის შემდეგ პრეზიდენტი ობამა დატოვებს „თეთრ სახლს“ და მასთან ერთად პრეზიდენტობას. ნობელის პრემიის ლაურეატმა (მშვიდობის დარგში) დიდი ვერაფერი მშვიდობა არგუნა მსოფლიოს. მართალია, ობამას ჯარი არსად გადაუსხამს, ისე, როგორც მისმა წინამორბედებმა, მაგრამ არც ნობელის პრემიის ლაურეატობისთვის შესაფერისი სამშვიდობო პოლიტიკა უწარმოებია, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე მსოფლიოში. სწორედ ეს წამოსძახა პრეზიდენტობისთვის მებრძოლმა ტრამპმა მას – ობამა-კლინტონის კოალიციამ მსოფლიო კიდევ უფრო არასტაბილური და სახიფათო გახადაო. მართალია ობამამ ჯარი გაიყვანა ერაყიდან, შეამცირა სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში, მაგრამ ერთსა და მეორეში უმძიმესი ვითარებაა, ისე, როგორც ლიბიაში, სირიაში, სხვაგან.

8 წლის განმავლობაში პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაცია კულისებიდან ახორციელებდა იმ მზაკვრულ პოლიტიკას, რასაც მისი წინამორბედები ღიად აკეთებდნენ. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება, ანტირუსულ-ანტიჩინური პოლიტიკა და სხვა მრავალი ისეთივე შავი ასოებით ჩაიწერება მის ავტობიოგრაფიაში, როგორც წინამორბედთა ისტორიაში ღია აგრესია.

როდესაც პრეზიდენტი საჯაროდ განაცხადებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები აწარმოებენ შეტევას ამერიკის კომპიუტერულ სისტემაზე და რომ რუსეთი აშშ-ს ნომერ პირველი მტერია – ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ანალოგიური პლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება, თუ დემოკრატი კლინტონი გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. კლინტონიც ისევე ადანაშაულებს რუსეთს, როგორც ობამა. მისი გამარჯვების შემთხვევაში მშვიდობა მსოფლიოში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. სწორედ ამას ამბობს პრეზიდენტობისთვის მებრძოლი რესპუბლიკელი ტრამპი, რომელიც დაუფარავად აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან კარგ ურთიერთობებს დაამყარებს.

რუსული „ბუის“ ანუ საფრთხის თემას ამერიკის არც ერთ საარჩევნო ბატალიებში ისეთი აქტუალურობა არ გამოუწვევია, როგორც დღეს. არაპოლიტიკოს ტრამპს უნდა უმადლოდეს ამერიკა არატრაფარეტულ აზროვნებას, რაღაც სიახლის შეტანის სურვილს დამყაყებულ პოლიტიკაში.

წინასაარჩევნო ჭიდილმა გამოაშკარავა აშშ-ს პოლიტიკური სახე, ის დაუძლეველი კონსერვატივიზმი, რუსოფობია, საკუთარი თავის განდიდების მანია, რასაც ადგილი აქვს აშშ-ი. ტრამპმა, დიამეტრალურად განსხვავებული აზროვნებით, გამოაფხიზლა არაპოლიტიკოსი ამერიკა, რაც პოლიტიკოსმა ამერიკამ საშინელებად აღიქვა. და გახდა ტრამპი – აშშ-ს მოღალატე, უვიცი პიროვნება, რომელიც ვერ შეძლებს აშშ-ს მართვას. „ის უვიცია ამისთვისო“, – თქვა პრეზიდენტმა ობამამ.

როგორც ობამასთვის, ისე კლინტონისა და ამერიკელი პოლიტიკოსების უმრავლესობისთვის რუსეთი იყო, არის და იქნება აშშ-ს მტერი. რუსეთის მტრის ხატობით ბევრი ითბობს ხელს – ზოგი სამხედრო შეკვეთებში, ზოგი საიდუმლო ოპერაციებში, ზოგი ანტირუსული ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში და ა.შ.

ანტირუსობა ისეთი შემოსავლიანი თემაა, არვინ გაუშვებს ხელიდან. ტრამპი ცდილობს შეცვალოს ვითარება და სწორედ ამიტომაცაა „არაფრის“ მცოდნე, „ბრიყვი“. მილიარდერ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში სხვაგვარი პოლიტიკა იქნება ახლო აღმოსავლეთის, თურქეთის, ირანის, რუსეთის, სხვების მიმართ. პოლიტიკა ისეთი, აშშ-ს პოლიტიკოსთა დიდ ნაწილს რომ არ აწყობს. მათ რუსეთის მტრის ხატობა აწყობთ და მისგან გამომდინარე დოლარების ნაკადი.

რუსეთ-თურქეთის 9 აგვისტოს მოლაპარაკებას თუ ვინ შეხვდება უარყოფითად –  უპირველესად აშშ-ია, რომელიც ძალას არ დაიშურებს ორივეს გაშავებისთვის – სიტყვით და საქმით. შავი PR-ი მისი მოგონილია, ხოლო საიდუმლო ოპერაციებში მას ბადალი არ ჰყავს.

     ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.