09.10.2024

რა კავშირი აქვს სპორტთან პოლიტიკას?

პაოლო კოელიოს აქვს ასეთი გამონათქვამი – „დასაფასებელია ის, ვინც ლხინში გიდგას გვერდში და არა ჭირში“. ცნობილი მწერლის მიხედვით, ჭირში თანადგომას ისედაც უწევენ.

რუსეთს დიდი ლხინი აქვს, ოლიმპიური თამაშების სახით. ხუმრობა საქმე ხომ არ არის ლხინში მონაწილე 88 ქვეყნის სპორტსმენის, თანმხლები პირების, ჟურნალისტების, სტუმრების, გულშემატკივრების გამასპინძლება?!

ოლიმპიური თამაშები ყველა კონტინენტის მოსახლეობის მოჭარბებულ ყურადღებას რომ იპყრობს – ესეც არ არის გასაკვირი. სპორტი, სანახაობის და არა მარტო სანახაობის თვალსაზრისით, იზიდავს ყველას, მიუხედავად ასაკისა, სქესისა, რელიგიური აღმსარებლობისა, ეროვნებისა.

სოჭის ოლიმპიური თამაშები 18 მარტს ისტორიის ნაწილი გახდება. 19 მარტიდან დაწყებული მას, უკვე წარსულ დროში მოიხსენიებენ. წარსულ დროში გაიხსენებენ ოლიმპიურ ჩემპიონებს, მათ მიერ დაგროვილ ქულებს, ოსტატობას, შემართებას, შეუპოვრობას. გაიხსენებენ ქალაქს – ოლიმპიური თამაშების მასპინძელს, სპორტულ ნაგებობებს, საცხოვრებელ პირობებს, მომსახურებას, ადგილობრივი მოსახლეობის მასპინძლობას. სტატისტიკაში გადასული მონაცემები კი – სპორტის სფეროში დაკავებული ექსპერტების ხანგრძლივი განსჯის საგნად იქცევა.

რუსეთისთვის, სოჭის ოლიმპიურ თამაშებს არა მარტო სპორტისთვის დამახასიათებელი დატვირთვა აქვს, არამედ პოლიტიკურიც. საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი, საბჭოეთიდან მკვეთრად განსხვავებული ქვეყანა, პირველად ატარებს ოლიმპიურ თამაშებს და თანაც საბჭოთა კავშირის დაშლიდან სულ რაღაც 20 წელიწადზე ცოტა მეტის გავლის შემდეგ.

საბჭოთა კავშირის დაშლამ უდიდესი ზარალი მოუტანა რუსეთს, როგორც გეოგრაფიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ერთ დროს, თითქმის ყველა ზღვასა და ბარზე გამავალი საბჭოთა იმპერია, შევიწროებულ-შემცირებული, სამრეწველო ინფრასტრუქტურა დაკარგული, არათუ ოლიმპიური თამაშების მასპინძლობას, რუსეთის ჩემპიონატის ჩატარებასაც ალმაცრად უყურებდა. მაგრამ პუტინის ხელისუფლებამ შეძლო.

შეძლო დაჩოქილი რუსეთის, ერთ დროს უდიდესი იმპერიის, ფეხზე წამოყენება, ეკონომიკის გამართვა, სოციალური ყოფის გაუმჯობესება, სამხედრო მშენებლობის ფართოდ გაშლა, საერთაშორისო არენაზე დაკარგული ავტორიტეტის დაბრუნება.

პუტინის რუსეთი ანგარიშგასაწევი ძალაა. ეს ის ქვეყანაა, რომელიც ტოლს არ უდებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა აშშ-ი, ჩინეთი, ინდოეთი, ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოები. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, „დიდი რვიანისა“ და „ოცეულის“ წევრი, ბირთვული სახელმწიფო, შეიარაღების თვალსაზრისით აშშ-თან პარიტეტში მყოფი ქვეყანა, დაბეჯითებით აცხადებს მრავალპოლუსიანი მსოფლიოს შექმნაზე, რაც თავისთავად იწვევს ერთპოლუსიანობით გალაღებული აშშ-ს გულისწყრომას.

პუტინის რუსეთი ანგარიშგასაწევი სახელმწიფოა, კარდინალურად განსხვავებული გორბაჩოვ-ელცინის დროინდელი ქვეყნიდან. და რაც არ უნდა ზერელედ შეხედოს ნომერ პირველმა ქვეყანამ მომძლავრებულ რუსეთს, მით უფრო დაშორდება მსოფლიო პრობლემების ეფექტიანად მოგვარების თემას.

საერთაშორისო არენაზე ძნელად წარმოსადგენია რომელიმე საკითხის გონივრული მოგვარება რუსეთის გარეშე. ახლო აღმოსავლეთი, ავღანეთი, ირანის ბირთვული კვლევები, ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება, ბირთვული თუ ჩვეულებრივი იარაღის შემცირება – ის საკითხებია, სადაც კრემლის მოსაზრებას ანგარიში ეწევა.

რამდენად სასურველია ამგვარი ქმედება (ანგარიშის გაწევა) აშშ-ს და მის მოკავშირე ევროპის მხრიდან, სხვა საკითხია. პოლიტიკური ვაშინგტონისთვის გაცილებით ხელსაყრელი იყო ელცინის რუსეთი – სუსტი ქვეყანა, მაგრამ წიაღისეულით მდიდარი. ასეთთან ლაპარაკიც იოლი იყო, მითუმეტეს მისი ნედლეულის გამოყენება. თითზე ჩამოთვლილი წლები გაგრძელდა უმეტოქეოდ დარჩენილი აშშ-ს პირველ ქვეყნობა. და ისევ რუსეთი, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, გახდა საბაბი თავის ტკივილისა.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთი არ ილტვის სუპერობისთვის. მისთვის მთავარია საკუთარი ცხოვრების მოწყობა – წარმატებული ეკონომიკით, სოციალური ყოფით. მაგრამ არის ეს დამამშვიდებელი აშშ-ის? ყურადღების მოდუნება არ ღირს, ასე თვლის ვაშინგტონი. პრეზიდენტ რეიგანის რუსული გამონათქვამი – „доверяй, но проверяй“, ძალაშია და თვალის მოხუჭვის შანსს არ აძლევს ამერიკას.

სამხედრო ძლიერებაზე დაფუძნებული ძალთა ბალანსი მუდმივ ძალისხმევას საჭიროებს და მასთან ერთად დიდ ფულს. პუტინის რუსეთმა ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად არა მარტო ეკონომიკას მიხედა, არამედ სამხედრო მშენებლობასაც. თანამედროვე რუსეთის შემოსავლები მარტო ენერგომატარებლების ექსპორტს არ ეფუძნება. ის იარაღსაც ჰყიდის საგრძნობი რაოდენობით და ამ საქმეში მეორეა მსოფლიოში – მეტოქე აშშ-ს შემდეგ. რა სახის იარაღით არ ვაჭრობს რუსეთი. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მართალია, ამ საქმეში ის ჩამოუვარდება პირველ ადგილზე მყოფ ამერიკას, მაგრამ სამხედრო ექსპერტთა გათვლით, სულაც არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში სხვაობის შემცირება.

რუსეთის სუნთქვა ესმის ამერიკას, ისე, როგორც ჩინეთის, ინდოეთის, ევროკავშირის. ის (აშშ) იმ სპრინტერს ჰგავს, რომელიც თავდავიწყებით გარბის წინ, თან უკან იყურება, შეშფოთებული – ვაი, თუ დამეწიონო.

დაწევისა რა მოგახსენოთ, მაგრამ თანაფარდობის თემა თვალშისაცემია. დიდი სახელმწიფოს, მითუმეტეს პირველობისთვის მებრძოლისთვის მთავარია სულ მუდამ ფხიზლად ყოფნა, კონტროლი მსოფლიო ვითარებისა, მეტოქეთა მიზნების დროული შეფასება-გაანალიზება, მათი შეფერხებისთვის დაშვებული თუ დაუშვებელი ღონისძიებების გატარება და ისეთი ვითარების შექმნა, რაც მეტოქის მოკლე თუ გრძელვადიან ჩავარდნას გამოიწვევს.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში პირველი ქვეყნის მხრიდან რუსეთის მიმართ არაერთ შემაფერხებელ ქმედებას ჰქონდა ადგილი. მარტო „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციები რად ღირს – აფეთქებული პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსეთის  უშუალო საზღვრებთან ან ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების მცდელობა, ან თუნდაც ევროკავშირის პროექტი – „აღმოსავლეთის პარტნიორობა“, რომელმაც უმძიმესი პრობლემა შექმნა უკრაინაში.

უკრაინის საკითხი ჩიხშია შესული ისე, როგორც სირიის და ამ ჩიხის გულმხურვალე შემქმნელი პირველი ქვეყანაა – კულუარული ომის დიდოსტატი, ავანტიურიზმის მთავარი შემოქმედი, მთელი მსოფლიოს მალული მსმენელი.

დასავლეთის, უპირველესად აშშ-ს ძალისხმევით, უკრაინა ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაშია, რაც რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული ირიბი დარტყმაა – პირდაპირს რომ წააგავს. ამერიკა და ევროპა რუსეთს ადანაშაულებენ უკრაინაზე ზეწოლაში – თვით კი ვიზიტს-ვიზიტზე ახორციელებენ უკრაინაში, სადაც ხელისუფლებასთან ყასიდ მოლაპარაკებას, ოპოზიციასთან საგნობრივი მოლაპარაკება ცვლის. უკრაინის პრეზიდენტთან ლაპარაკის მთავარი თემა – ოპოზიციის შენდობა, კანონმდებლობის შეცვლა და რაც მთავარია, საპრეზიდენტო მმართველობის, საპრეზიდენტო-საპარლამენტოთი ჩანაცვლებაა.

დასავლელი სტუმრები ჯერ-ჯერობით პირდაპირ არ ეუბნებიან იანუკოვიჩს – გადადექი და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნეო – ამაზე ოპოზიციურ „ტროიკას“ ალაპარაკებენ. ამერიკა-ევროპით ზურგგამაგრებული კლიჩკო, იაცენუკი და ტიაგნიბოკა კატეგორიულად ითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას – წინააღმდეგ შემთხვევაში საყოველთაო დაუმორჩილებლობით იქადნებიან.

საქმეში ოდნავ ჩახედული მავანი ვერაფრით იფიქრებს, რომ „ტროიკის“ მყარი მოთხოვნა ვაშინგტონის მოთხოვნა არ არის. უკრაინის ფრონტზე ვაშინგტონი იგებს, ჯერ-ჯერობით, ისე, როგორც სირიის ფრონტზე, ანუ „ჟენევა-2“-ს მოლაპარაკებებზე.

გასული შემოდგომის სირია-უკრაინის ფრონტზე დამარცხება ვერადავერ გადახარშა აშშ-ა. ხუთი თვის განმავლობაში ის და მისი ევროპელი პარტნიორები დაუღალავად მუშაობდნენ გამარჯვებული რუსეთის გამარჯვების განეიტრალებისთვის. შედეგიც სახეზეა – უკრაინის პერმანენტული რევოლუცია და სირიის საკითხის ჩიხში შეყვანა.

ჟენევაში დასრულებული ხელისუფლება-ოპოზიციის მოლაპარაკება სამწუხაროდ უშედეგოა. დასავლეთს, მიზეზად, ბაშარ ასადის ხელისუფლება მოჰყავს. ამერიკა-საფრანგეთის პრეზიდენტების სულ ახლახან გამართულ მოლაპარაკებებზე მკაფიოდ ითქვა, რომ ბაშარ ასადის ხელისუფლება აფერხებს ჟენევის მოლაპარაკებას.

ირღვევა „ჟენევა-2“-ს ინიციატორთა შორის დადებული შეთანხმების პუნქტები – მოლაპარაკებაში ყველა მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფა. „ჟენევა-2“-ს გამართვამდე ვაშინგტონი შეპირდა რუსეთს, რომ მოლაპარაკებაში სრულიად სირიის ოპოზიციას მიაღებინებდა მონაწილეობას. სამწუხაროდ, მან დაპირება არ შეასრულა. მან არც მეორე დაპირება შეასრულა – უპირობო მოლაპარაკებასთან დაკავშირებით.

სირიის ოპოზიცია მოითხოვს ბაშარ ასადის გადადგომას და გარდამავალი მთავრობის შექმნას. მსგავსი შეთანხმება მოსკოვ-ვაშინგტონს შორის არ ყოფილა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა მოსკოვს დაეყოლიებინა ბაშარ ასადის ხელისუფლება მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღებაში.

აშშ-ს პოლიტიკას  ორი სახე აქვს – ერთი საჯარო, მეორე – ფარული. როდესაც საჯაროთი – მშვიდობასა და დიალოგზე გაჰყვირის, ფარულით – უჩუმრად აკეთებს საქმეს – ავანტიურისტულის მსგავსს, დიამეტრალურად განსხვავებულს საჯარო განცხადებებისგან, რაც თავისთავად გვაფიქრებინებს, რომ ვაშინგტონისთვის ის არის კარგი, რაც ცუდია, ანუ მას აწყობს ოპოზიციური ძალების აქტიურობა, აწყობს დაძაბულობა და რაც მთავარია ბაშარ ასადის ჩამოგდება.

აშშ-ი სწორედაც  ის ქვეყანაა, რომელიც ნაკლებად ინტერესდება – შემდეგ რა? ვაშინგტონმა ჩამოაგდო და ჩამოახრჩო ძველი მეგობარი სადამ ჰუსეინი, ისე, რომ წამითაც არ უფიქრია, რა შეძლება მოჰყოლოდა ამას. ამერიკამ ჯარი გამოიყვანა ერაყიდან, ჩათვალა რა იქ სტაბილური მდგომარეობაა. მაგრამ სტაბილურს ვერ უწოდებ, როდესაც დღეში, საშუალოდ, ტერორისტულ თავდასხმებსა და აფეთქებებს 50 ადამიანი ეწირება. ათ წელიწადზე მეტია ამერიკა თავის მოკავშირეებთან ერთად იბრძვის ავღანეთში, მათდა სამწუხაროდ უშედეგოდ.

წელს აშშ-ი დატოვებს ავღანეთს, ისე როგორს 25 წლის წინათ, 15 თებერვალს საბჭოთა ჯარებმა დატოვეს ავღანეთი. მაშინ საბჭოეთმა 15 ათასი ჯარისკაცი დაკარგა ავღანეთში ბრძოლების დროს, საერთო დანაკარგმა კი 26 ათასი შეადგინა. რაც შეეხება ავღანეთს, მილიონ ორასი ათასი ადამიანი შეეწირა იმ ომს. იმ ომში ფარულ მონაწილეობას ღებულობდა აშშ-ი და მისი მოკავშირეები. ყოველდღიურად, აშშ-ი „თალიბებს“ 2 მილიონი დოლარით ამარაგებდა.

ვაშინგტონის მხარდაჭერით ნატომ წირვა გამოუყვანა კადაფის ლიბიას, თვით კადაფი საშინელი წამებით მოკლეს. ლიბიაში ქაოსია – სხვადასხვა ტომების სისხლიანი დაპირისპირებით, ტერაქტებით.

რომ არა რუსეთის პრეზიდენტი, ანალოგიური ვითარება იქნებოდა სირიაშიც. შესაძლოა უარესიც, ვინაიდან სირიას სხვა გეოგრაფიული მდებარეობა, მითუმეტეს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

ვიმეორებ, აშშ-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ოლანდის სახელმწიფო ვიზიტის დროს მასპინძელმა ობამამ, ისე, როგორც სტუმარმა განაცხადეს, რომ სირიის საკითხის ძალისმიერი გზით გადაჭრის თემა არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან. ძნელია მსგავსმა განცხადებამ თავი შეაკავებინოს სირიის ოპოზიციას საომარი ქმედებისგან.

სირიისა და ირანის, განიარაღებისა და ეკონომიკური გავლენის, პოსტსაბჭოთა სივრცის და მათ შორის უკრაინისა და საქართველოს საკითხები „კავკასიური წრის“ იმ სცენას მაგონებს, ბავშვს რომ აქეთ-იქით ექაჩებიან ისე, ლამის პატარა შუაზე გახლიჩონ.

და როდესაც ესოდენ დამძიმებული ხარ მოპაექრესთან ურთიერთობებით, მიიღებ მის შემოთავაზებას ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად?!

ვაშინგტონმა არ მიიღო მოსკოვის მიწვევა, ყურით მოთრეულ მიზეზთა გამო, რომელთა შორისაა „ცისფრობის“ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონი, ადამიანის უფლებების დარღვევა, ოპოზიციის შევიწროება და სხვა. არადა ყველა მათგანზე მოსკოვს დამაჯერებელი არგუმენტები გააჩნია, მაგრამ დაჯერება რომ არ უნდათ?!

არ მიიღო ვაშინგტონმა მოსკოვის არგუმენტები და თავის ევროპელ მოკავშირეებსაც არ მიაღებინა, აიძულა რა ისინი არ დასწრებოდნენ სოჭის ოლიმპიადას. მავანი იტყვის, რა შუაშია სპორტი და პოლიტიკა? როცა გული გულობს, შუაში კია არა, თავშია.

პრეზიდენტმა ობამამ თავისი უარით სამაგიერო გადაუხადა პუტინს სირიის, ირანის, უკრაინის, ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების საკითხებში საკუთარი მყარი პოზიციისთვის. გარდა ამისა იმ პირველობისთვის, რომელიც მას (პუტინს) მსოფლიოს 86 საინფორმაციო სააგენტომ არგუნა სათაურით – „მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი“.

ობამა-ევროპის ლიდერთა დემარში წყლის წვეთებივით ჰგავს ერთმანეთს ანუ მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადას. მაშინ, ავღანეთში შეჭრის საბაბით დასავლეთმა  უარი თქვა მოსკოვში ჩასვლაზე, ამჯერად ვითომდა „პედერასტთა“ შევიწროების გამო. მაგრამ ეს ხომ ყურით მოთრეული არგუმენტია?

პუტინის ლხინი აშშ-ა და მისმა მოკავშირე ევროპამ შეგნებულად არ გაიზიარა, რითაც ხაზი გაუსვა არა მარტო პაოლო კოელიოს ფილოსოფიას, არამედ მარტივ ჭეშმარიტებას – მოწინააღმდეგესთან ლხინშიც იბრძვი, ჭირში ხომ იბრძვი და იბრძვი.

დასავლეთის უარი იოლად მოსანელებელი არ არის. დასავლეთის დემარში კარგა ხანს გაჰყვება რუსეთს, ისე, როგორც დემარში, მოსკოვის ოლიმპიადასთან დაკავშირებით. აღარ არის საბჭოთა კავშირი, აღარც ლეონიდ ბრეჟნევი და პოლიტბიუროა, მაგრამ არის მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტი. აღარ იქნება პუტინი და მისი მთავრობა, მაგრამ იქნება ამერიკა-ევროპის ბოიკოტი სოჭს „პედერასტთა“ გამო. მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტისას იფიქრებდა ვინმე, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გამართულ ოლიმპიადაზე ამერიკა-ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსთა მონაწილეობას მამათმავალთა საჯდომი გადაეფარებოდა?

აშშ-ა ყველაფერი იღონა, ცხადია ირიბად, რათა ამერიკელებს სოჭის ოლიმპიადაზე დასწრების სურვილი არ გასჩენოდათ. მარტო სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილება რად ღირს – ფრთხილად იყავით სოჭი ისეთ ადგილას მდებარეობს, ძალიან ახლოს რომ არის ტერორიზმის ეპიცენტრთანო, თან სასტუმროების სიმცირეც მიიღეთ მხედველობაშიო.

დაიწყო ოლიმპიადა და დაიწყო პრეტენზიები – სასტუმროს ნომრები მზად არ არისო, ქუჩებში მაწანწალა ძაღლებიაო, ლიფტი არ მუშაობსო და ა.შ. თუმცა გაზვიადებულმა კრიტიკამ დიდხანს ვერ გასტანა, ვინაიდან თბილმა გარემომ, მასპინძლობამ და ორგანიზებულობამ გადაფარა „კეთილის მსურველთა“ გამონათქვამები.

პუტინმა გაუძლო გარე ზეწოლას, არანაკლებ შიდას, „ობიექტურ“ არასამთავრობოთა მხრიდან. სოჭის ოლიმპიადას თუ რუსეთის გუნდის გამარჯვება არ მოჰყოლია, პუტინის პოლიტიკური გამარჯვება უდავოდ მოჰყვა. სოჭმა მთელს მსოფლიოს აჩვენა ფეხზეწამომდგარი რუსეთი, რომელსაც ძალუძს მსოფლიო მასშტაბის ღონისძიების გამართვა; დაანახა თანამედროვე სუპერსახელმწიფო, რომელსაც თითზე ჩამოსათვლელ წლებში შეუძლია სუპერთანამედროვე სპორტული შენობა-ნაგებობების აშენება და არა მარტო სპორტული სასახლეების, არამედ ახალი ქალაქის, თავისი რკინიგზითა და საავტომობილო გზებით, გაზისა და ელექტროენერგიის მომარაგებით.

სოჭმა რუსეთის მოქალაქეებს გაუჩინა რწმენა შინაგანი სიძლიერისა, შეკავშირებული ერთად დგომისა, მონოლითურობისა, რაც ესოდენ აუცილებელი იყო საბჭოთა კავშირის ნგრევით გამოწვეული ნიჰილიზმის დასაძლევად, ჩეჩნეთის ომით გამოწვეული ტკივილის მოსაშუშებლად.

სოჭმა კრემლს და მოსკოვს შთაბერა რწმენა, რომ რუსეთი არის კავკასიაში მთავარი და უმთავრესი მოთამაშე და არა აშშ-ი ან ევროკავშირი. რომ ის არის რეგიონის ლიდერი და კავკასიის საკითხები მასთან უნდა შეთანხმდეს.

რუსები რომ იტყვიან, სოჭმა დაანახა მსოფლიოს – „ვინ არის სახლში უფროსი“.

სოჭის ოლიმპიადამ ყველას რაღაც დაანახა. დაგვანახა ჩვენც, თუ დავინახავთ. რა იყო ეს? უპირველესად გულთბილი მასპინძლობა საქართველოს წარგზავნილებს და რაც მთავარია უაღრესად თბილი სიტყვები რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც მან სოჭის საზოგადო პალატასთან შეხვედრის დროს გააჟღერა.

სოჭმა მწვანე შუქი აუნთო რუსეთ-საქართველოს პირველი პირების მოლაპარაკებას, ცხადია თუ ამ გონივრულ წინადადებას „მურმანის ეკალივით“ ხელს არ შეუშლის „სტრატეგიული პარტნიორი“. საჯაროდ, ვაშინგტონი მიესალმა ამ იდეას, მაგრამ მხოლოდ საჯაროდ. რას ეტყვის აშშ-ს ელჩი ნორლანდი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს, სხვა საკითხია.

ჩემთვის ნაკლებად დასაჯერებელია, რომ მას და მის ვაშინგტონელ ბოსებს ხიბლავთ შეხვედრის პერსპექტივა. მანამდე კი პუტინის მოკლე ნათქვამს – თუ შეხვედრის სურვილი ექნებათ, უარს არ ვეტყვიო – წამდაუწუმ ატრიალებენ. ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, თითქოს პრეზიდენტ პუტინს შეხვედრის სურვილით გაჟღენთილი წერილი გამოეგზავნოს მარგველაშვილისთვის.

მარგველაშვილისთვის თუ ღარიბაშვილისთვის? რომ არ ვიცით. როგორც ჩანს, მათაც არ იციან, ვინ შეხვდება პუტინს.

და არის ატეხილი მედიური ბჭობა. ორივე მხარე იჩემებს შეხვედრაში მონაწილეობას. თქვე კაი ხალხო, თუ ასე გაგახარებდათ პუტინის ნახევარსიტყვა, ამდენ ხანს სად იყავით?

სულ ამას არ გიჩიჩინებდით წელიწადნახევრის განმავლობაში?!

საქართველო იმ ქმარგაყრილ ქალს მაგონებს, რომელიც დაქალთან ქოქოლას აყრის ყოფილ მეუღლეს, მაგრამ ერთი სული აქვს ქმრისგან რამე დადებითი მოისმინოს. ეს დადებითი კი ძველებური ურთიერთობის აღდგენაა. დავუშვათ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა პუტინთან შეხვედრა, რა წინადადებით წარდგება ის მის წინაშე?

ივანიშვილისეული ვარიანტი – ნატოშიც ვიქნებით, ევროკავშირშიც და შენთანაცო – რომ არ გამოდგება, ცხადია. თუმცა ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ჯერ პირველი ბარიერი გვაქვს გადასალახი – კონსულტაციები ვაშინგტონთან. და თუ ის გადავლახეთ, მერე ვნახოთ, რას ვიღონებთ მოლაპარაკებაზე პუტინთან.

ისე კი, რაც მართალია, ჩანს ამ ხელისუფლებას, წინამორბედთან შედარებით, უნდა პუტინთან დალაპარაკება. ისე უნდა, რომ არცკი ახსენებს შეუვალ განცხადებას – ფანჯიკიძე რომ წამდაუწუმ გვიფრიალებდა – „ვიდრე ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საელჩოები იქნება, მოსკოვს არ დაველაპარაკებითო“. მაგრამ ღირს კი მინისტრის სიტყვების გახსენება, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება?

 ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.