08.12.2024

„ოცნების“ „ნაცური“ ფერიცვალება

რაც დრო გადის, „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ემსგავსება თავის წინამორბედს, „ნაციონალურ მოძრაობას“. არ არის ეს გასაკვრი, ვინაიდან „ოცნების“ რიგებში უხვად არიან ყოფილი „ნაცები“, ყოფილი „რესპუბლიკელები“, სხვა ყოფილებიც, იმჟამად „ნაცებთან“ ჩახუტებულები. ხშირად გაგვიგია გამოთქმა – ყოფილი „კაგებეშნიკები“ არ არსებობს, ვინაიდან „კაგებეშნიკი“ ყოველთვის „კაგებეშნიკიაო“. ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას „ნაციონალებზეც“ – მიუხედავად იმისა, სად არიან ისინი, ვისი სახელით გამოდიან, მაინც „ნაციონალებად“ რჩებიან.

გუშინდელი „ნაცები“, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დღეს „ოცნების“ ქურქში არიან გახვეულნი, ზოგიც ახალი სახელის ქვეშ მოღვაწეობს და გულის ფანცქალით ელოდება ბელადის მეორედ მოსვლას. ზოგს ეს „მოვლენა“ სასაცილოდაც არ მიაჩნია – რა სააკაშვილი, რის სააკაშვილი. მაგრამ ისეთი ავანტიურისტი პოლიტიკოსისგან, როგორიც სააკაშვილია, ყველაფერია მოსალოდნელი, მეტადრე მისი მხარდამჭერი ამერიკელი პოლიტიკოსებისგან.

სააკაშვილი აშშ-ში და ევროკავშირში ჩამოწერილ პოლიტიკოსად არ განიხილება. ის სარეზერვო ძალაა, რომელსაც ვინ და როგორ გამოიყენებს მომავალში, არავინ იცის. სააკაშვილი რომ სამოცდაათს გადაცილებული იყოს, მაშინაც კი ძნელი იქნებოდა მისი ჩამოწერა – ასაკიდან გამომდინარე, მითუმეტეს ამერიკელებისთვის, რომელთათვის ხანდაზმული ასაკი სწორედაც რომ მიღებულია პოლიტიკაში. ასე რომ, რაც არ უნდა დასცინოს ამ პიროვნებას „ოცნებამ“, აკრიტიკოს და თავს ლაფი დაასხას, ის იოლად ჩამოიწმენდს ტალახს და გააგრძელებს თავის ავანტიურისტულ მოქმედებას სიცოცხლის ბოლომდე.

„ოცნებამ“ სხვა ტერმინოლოგია, სხვა მიდგომა უნდა გამოძებნოს „ბელადისა“ და მისი საქმის ღიად თუ ფარულად გამგრძელებლებთან საბრძოლველად, თუმცა, როგორც აღვნიშნე, როდესაც საკუთარ რიგებში უხვად გყავს „სააკაშვილები“, „გამოძებნაც“ გაჭირდება, მითუმეტეს ბრძოლა.

ოთხი წელიწადი მოანდომა „ოცნებამ“ „ნაცთა“ დაგმობას, სააკაშვილის პიროვნების განქიქებას, თუმცა ნაკლები შედეგით. და როდესაც მსგავს უსუსურობას ხედავს მოსახლეობა, უდავოდ არ გაუჩნდება „ოცნების“ მიმართ სიმპათია. სიმპათიის არ გაჩენის საბაბი არა მარტო „ნაცთა“ ტყუილი გმობაა, არამედ ყველაფერი ის, რაც „ოცნების“ უკუღმართმა მმართველობამ მოიტანა. ხალხი დიდ განსხვავებას ვერ ხედავს დღევანდელ და გუშინდელ ხელისუფალთა შორის. ზოგი იმასაც ამბობს – განსხვავება „ცოცხის ტარებშია“ და თუ „ესენი“ ცოცხებს არ იყენებენ, როგორც „ისინი“, დავაცადოთ, ამასაც მოვესწრებითო.

ოთხწლიანი „ოცნებური“ მმართველობა უმართაობის, თავგასულობის თვალსაზრისით – კულმინაციას აღწევს. ზუსტად ანალოგიურს ჰქონდა ადგილი „ნაცთა“ რვაწლიანი მმართველობის თავზე. „ოცნებამ“ „ნაცური“ რეკორდი ოთხ წელიწადში მოხსნა. „ოცნებას“ ისე, როგორც მის წინამორბედს, საერთოდ არ აინტერესებს მოსახლეობის აზრი, რითაც აშკარად ემსგავსება წინამორბედს.

„ოცნება“ მშვენივრად მისეირნობს „ნაცთა“ გაკვალულ გზაზე, რასაც მოხელეთა მაღალი ხელფასები, პრემიები და ხელფასზე დანამატები ჰქვია. ესენიც, ისე „წარმატებით“ ფლანგავენ სახელმწიფო ბიუჯეტს არაფრისმომტან საზღვარგარეთის ვოიაჟებში, როგორც ისინი. ესენიც, ისე ასაქმებენ თავიანთი ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს, როგორც ისინი. ამათაც არ აწუხებთ ხალხის გასაჭირი, როგორც იმათ. ესენიც, ისე თავგასაპნული არიან ევროატლანტიკური სივრცის მიმართ, როგორც ისინი და კრიტიკულნი რუსეთის მიმართ.

ესენიც „ბედნიერ“ ცხოვრებას გვიშენებენ, ისე, როგორც ისინი 8 წლის განმავლობაში, ოღონდ ერთია ამ „მშენებლობაში“ – საკუთარი თავი, არც „ამას“ ავიწყდება და პირველ პლანზე აქვს გამოტანილი. სხვას ვერაფერს იტყვი მოჭარბებული ხელფასების, დანამატების, პრემიების შემხედვარე, რასაც იღებდნენ „ნაცები“, ამჟამად კი „ოცნებელები“. ამ მანკიერებას ბოლო არ უჩანს, მიუხედავად ხალხის გულისწყრომისა.

არაერთხელ ითქვა საბიუჯეტო ორგანოებში საშტატო ერთეულების სიჭარბეზე, თვით საბიუჯეტო ორგანოების შემცირებაზე. იყო დაპირებაც, ცხადია არჩევნების წინ, მაგრამ არჩევნების შემდეგ ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. სულ ახლახანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ საქართველოს საელჩოების საშტატო განრიგში ეკონომიკური ატაშეს თანამდებობის შემოღება.

პირველი, რაც გაოცებს, არის ის, რასაც უყაირათო ფულის ხარჯვა ჰქვია. მეორე, საქართველოს ლამის 80 ქვეყანაში აქვს გახსნილი დიპლომატიური წარმომადგენლობა და ყველა მათგანში ეკონომიკური ატაშეს გაგზავნა მძიმედ დააწვება ბიუჯეტს. გარდა ამისა, ჰყავს საქართველოს 80 განსწავლული ეკონომისტი? 80 მოხელე, ერთად შკრებილი, ლამის 2 სამინისტრს ტოლია. ასე „უჭერს“ ხელისუფლება ქამრებს საკუთარ მოსახლეობას კისერზე.

ხელისუფლება აღარ ლაპარაკობს სამინისტროების ოპტიმიზაციაზე. არც არავის ახსენდება იმ სამინისტროთა მუშაობის მარგი ქმედების კოეფიციენტი, რომელთა შენახვა ესოდენ ძვირი უჯდება ბიუჯეტს. არის მთელი რიგი სამინისტროები, რომელთა გაუქმება უდავოდ შვებას მისცემდა ქვეყნის ბიუჯეტს და არა მარტო მას, საზოგადოებას დაიხსნიდა ამ სამინისტროთა მუშაკების ლაქლაქისგან.

ავიღოთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო – სახელმწიფო  ორგანო, რომელიც გაღლეტილი ქვეყნის, ისედაც გაღლეტილ ბიუჯეტს მადიანად მიირთმევს, მაშინ, როდესაც არსებობს აფხაზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები, სამინისტროები, რომელთა უპირველესი მოვალეობა სწორედაც ლტოლვილების მოვლა-პატრონობა უნდა იყოს. ანალოგიურ აბრაკადაბრასთან გვაქვს საქმე სამხრეთ ოსეთის ლტოლვილებთან დაკავშირებით.

შერიგების სამინისტროს ფუნქცია თუ მარტო ჟენევის შეხვედრაში მონაწილეობით შემოიფარგლება, არცთუ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. საინტერესოა ამ სამინისტრომ, მისი არსებობის მანძილზე, განსაკუთრებით „საოცნებო“ აღზევების ჟამს, რამდენი „შემრიგებლური“ ნაბიჯი გადადგა სოხუმ-ცხინვალის მიმართულებით?

არც ერთი. სამინისტროს ნაბიჯები მხოლოდ ევროპა-ამერიკისკენაა მიმართული და არა იქითკენ, სადაც შერიგების თემა გაცილებით უკეთ ესმით, ვიდრე ჟენევა-ბრიუსელ-ვაშინგტონში. მხედველობაში რუსეთი მაქვს. ვის სჭირდება ასეთი სამინისტრო? მხოლოდ მათ, ვინც იქ მუშაობს და ბიუჯეტს ჭამს. ამ საქმეს საგარეო უწყება უნდა აკეთებდეს, მისი ერთ-ერთი დეპარტამენტი და არა სამინისტრო. ღიმილის მომგვრელია ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრო, რომელიც ასევე საგარეო უწყებაში უნდა იყოს ერთ-ერთ დეპარტამენტში სამმართველოს სახით.

ზემოთ ვახსენე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებები და აღვნიშნე, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გაუქმების შემთხვევაში მათ უნდა დაეკისროთ ლტოლვილების მოვლა-პატრონობა, მაგრამ თვით ამ ორგანიზაციების არსებობა არის ანაქრონიზმი, რომელიც ვითომ „დიდ პოლიტიკას“ უკავშირდება.

არადა ტყუილია ყოველივე. „დიდი პოლიტიკა“ – თავის დროზე შევარდნაძის გამოგონილი იყო, ისე, როგორც საქართველოს პარლამენტში, მრავალი წლის განმავლობაში არსებული აფხაზეთის ფრაქცია. ეს, ის თემაა, ტაბუ რომ აქვს დადებული და არავინ ეხება, აქაოდა ამით არ გავაფუჭოთ ურთიერთობა აფხაზებთან და ოსებთანო. არადა, სწორედ თბილისში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „სარეზერვო“ ხელისუფლებების არსებობამ გააუარესა ურთიერთობა იმათთან.

ხელისუფლებაში ნუთუ ვერვინ ხვდება, რომ მათი ბუტაფორიული არსებობა არაფრის მომტანია, გარდა საბიუჯეტო თანხების ხარჯვისა?! ან იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენგან წასულ ავტონომიებს დავიბრუნებთ და აქ არსებულ ვითომ იმათ ხელისუფლებას ავტონომიების თავში დავსვამთ? თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი და რაც უმნიშვნელოვანესია ამ ტყუილში – ფულის ხარჯვაა.

მრავალი წლის წინათ, ზურაბ ჟვანიას თაოსნობით შეიქმნა მარეგულირებელი კომისიები ანუ სახელმწიფო ორგანოები, ვითომ არასახელმწიფო. ვის ვატყუებთ?! საკუთარ თავს? ქვეყნის ბიუჯეტს, უპირველეს ყოვლისა და ეს ტყუილი ძალიან ძვირი ჯდება.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა 2016 წელს თანამდებობრივი ანაზღაურების სახით 404250 ლარი მიიღო ანუ თვეში 33687 ლარი; საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ 326603 ლარი, თვეში 27216 ლარი; კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ 255425 ლარი, თვეში 21285 ლარი; კომისიის წევრმა 187203 ლარი, თვეში 15600 ლარი; კომისიის სხვა წევრებმა  242685 ლარი, თვეში 21223 ლარი.

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა 220474 ლარი, თვეში 18373 ლარი. ენერგეტიკისა და წყალმომარაგეობის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ 147750 ლარი, თვეში 12312 ლარი. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა 212500 ლარი, თვეში 17708 ლარი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა 158177 ლარი, თვეში 13181 ლარი. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა 130380 ლარი, თვეში 10865 ლარი.

სია გრძელია და ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამ წურბელების შენახვას უზრუნველყოფს ხალხის ჯიბეები. ობიექტურად იბადება კითხვა – რატომ არ შეიძლება ზემომოყვანილი ორგანიზაციების შესაბამისი სამინისტროების საშტატო განრიგში მოქცევა – დეპარტამენტის ან განყოფილების სახით?

რატომაც არა, მაგრამ როგორ გაუსწორებს თვალს ხელისუფლება იქ „დასაქმებულ“ ნათესავებს?

აღნიშნულ ხელმძღვანელთა ხელფასების გარდა, მხედველობაშია მისაღები თანამშრომელთა ხელფასები, კომუნალური გადასახადები, ავეჯი, ტრანსპორტი და ა.შ. რაც საერთო ჯამში დიდი ფულია – მძიმე ტვირთად რომ აწევს მოსახლეობას.

ხელისუფლება შეგვპირდა „ქამრების შემოჭერას“, მაგრამ ისევ გრძელდება პრემიების გაცემა, საზღვარგარეთ ძვირადღირებული, არაფრის მომტანი (ქვეყნისთვის) მივლინებები, ახალი, ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენა და სხვა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ე.წ. საშუალო ფენა გაქრა, ღარიბ-ღატაკთა საფეხურზე ჩამოქვეითების შედეგად.

პარლამენტიდან თავდაჯერებულად, დამცინავი ღიმილით შემოგვცქერის 41 მილიონერი პარლამენტარი. ეს, ის ხალხია, ვინც ქონება ბოლო 20 წლის განმავლობაში მოიხვეჭა – მაშინ, როდესაც ხალხს სციოდა, შიოდა, შუქი, გაზი და პური ენატრებოდა. რა გამოდის, ვინც აფხაზეთში თავს იკლავდა, თბილისში ღამეებს ათენებდა შრომაში, 180-ლარიანი პენსია ერგო, ამათ კი – მილიონები?

ბობოხიძეების, ნარჩემაშვილების, ქუცნაშვილების, სხვების –  დანარჩენი მილიონერების, იმედი უნდა ჰქონდეს ხალხს?

მაძღარს, ყველა მაძღარი ჰგონიაო – ნათქვამია. 41 მილიონერი არ არის საქვეყნო საქმის გამკეთებელი. ისინი თავის საქმეს აკეთებენ. პარლამენტში ყოფნით, მოპოვებულ მილიონებს მწყემსავენ. მილიონერების მიერ გაკეთებული საქვეყნო საქმე აქ კი არა, იქ არვის უნახავს – იმ ევროკავშირში, საითკენაც მივექანებით. იქნებ დადგა დრო, ერთხელ და სამუდამოდ დავაწესოთ – ბიზნესმენი – ბიზნესში, და არა ხელისუფლებაში, ვინაიდან სახელმწიფო საქმისა და ბიზნესის კეთება ერთდროულად შეუძლებელია, რადგან ბიზნესმენი პრიორიტეტს ყოველთვის საკუთარ საქმეს ანიჭებს და არა სახელმწიფოს. მტკიცება ამისა საჭირო არ არის. ზემომოყვანილი მაგალითი არის რეალობის ამსახველი ანუ იმის, რომ მავანი საკუთარს მაღლა აყენებს სახელმწიფოზე. ეს, რომ ასე არყოფილიყო, გვეყოლებოდა 41 მილიონერი პარლამენტარი?!

ჩამოთვლილ 41 მილიონერ პარლამენტარში ბევრმა სწორედ პარლამენტში ყოფნით იშოვა მილიონები. არიან ისეთებიც, რომლებიც გამსახურდიას უზენაესი საბჭოდან დაწყებული, დღემდე არიან პარლამენტში, რაც, ჩემის აზრით, მიუღებელია.  უმჯობესი იქნებოდა პარლამენტის წევრობის ვადის დაწესება – 2 მოწვევა. ისიც ისევე შეზღუდული უნდა იყოს ვადით, როგორც პრეზიდენტი.

საქართველო, მიუხედავად დამოუკიდებლად არსებობის 25-წლიანი გამოცდილებისა საპარლამენტო ცხოვრების თვალსაზრისით, სუსტად გამოიყურება. პარლამენტში შესული ბლოკები, შიდა განხეთქილების შედეგად, ორი წლის გასვლისთანავე ერთმანეთს უპირისპირდება და ნაცვლად სახელმწიფო საქმის კეთებისა, ერთმანეთთან კინკლავს უნდება. პარლამენტარები თავიანთ შესაძლებლობებს 2 წლის განმავლობაში წურავენ და დარჩენილ დროს ნაკლებპროდუქტულად იყენებენ.

პარლამენტის აპარატში და პარლამენტარის ამპლუაში მრავალწლიანი მუშაობის შედეგად დავრწმუნდი, რომ ვიდრე ქვეყანა ნამდვილ საპარლამენტო საქმიანობას შეეგუება, პარლამენტის ერთი მოწვევის ვადა 2.5 წლით შემოიფარგლოს.

ხშირად გვსმენია – ქვეყანა საპარლამენტო უნდა იყოს თუ საპრეზიდენტო. ამ უკანასკნელის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ყოფილმა პრეზიდენტებმა გააჩინეს. სწორედ მათმა ერთპიროვნულმა მმართველობის (დიქტატურაში გადასულმა) წყურვილმა გამოიწვია ამ თანამდებობისადმი ნეგატიური განწყობა. არადა საპარლამენტო რესპუბლიკა ჯერ-ჯერობით ვერაფრით აკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნებს.

დღეს არსებობს პრეზიდენტიც, პრემიერიც და პარლამენტიც, მაგრამ ოპერატიულად და გონივრულად საკითხის გადაჭრა ჭირს. ხელისუფლება-აღმასრულებელ-საკანონმდებლოს სახით გაფაციცებით მუშაობს პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეზღუდვაზე, რაც აისახება გადამუშავებულ კონსტიტუციაში – პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევისა და მისთვის უფლებამოსილებათა ჩამორთმევის სახით.

ალბათ კვლავ დადგება პრეზიდენტის სასახლიდან გამოყვანის და სასახლის პროფილის შეცვლის საკითხი. ამ თემაზე ოთხ წელიწადზე მეტია ლაპარაკობს „ოცნება“ და მისი შემქმნელი ივანიშვილი. რით არის ეს გამოწვეული? რა არგუმენტებითაც ამტკიცებენ პრეზიდენტის სასახლის გაუქმებას, არასერიოზულია. ხელისუფლება, რომელიც ქუთაისში პარლამენტის შენახვისთვის ბიუჯეტის მსუყე თანხებს ხარჯავს, არ უნდა გვაყრიდეს თვალში „მომჭირნეობის“ ნაცარს და თანხების დაზოგვის მიზნით პრეზიდენტის სასახლის სხვა დანიშნულებისთვის გამოყენებას.

სააკაშვილმა დადებითი რაც გააკეთა პრეზიდენტის სასახლის აშენება იყო. ამით საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის სახეს, რომელსაც დროშასთან, გერბთან და ჰიმნთან ერთად არა მარტო სიმბოლური დატვირთვა აქვს. პრეზიდენტის სასახლე უნდა დარჩეს – პრზიდენტისთვის, რომელსაც წარმომადგენლობითი ფუნქცია აკისრია. სასახლის გარეშე მისი შესრულება შეუძლებელია.

საკონსტიტუციო კომისია მუშაობას განაგრძობს. სულ მალე საზოგადოებას გააცნობენ მუშაობის შედეგებს. იქნებიან უკმაყოფილოები და კმაყოფილებიც. უკმაყოფილოები უკვე არიან და ისინი გამოდიან კონსტიტუციზე მუშაობის პროცესიდან. რით არის გამოწვეული უკმაყოფილება?

უპირველესად, მმართველი პარტიის ერთპიროვნული მოქმედებით. „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მოსარგებად, რითაც იმეორებს წინამორბედი „ნაცების“ ნეგატიურ საქციელს. ამასთანავე საზოგადოებას უმტკიცებს, რომ მათ მიერ შემუშავებული შესწორებები შესანიშნავი და განუმეორებელია. ვის სჭირდება ასეთი კონსტიტუცია? მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“ და კიდევ იმას, ვისაც „ოცნების“ შემქმნელი ჰქვია.

რა კონსტიტუციაც არ უნდა ძერწოს საკონსტიტუციო კომისიამ და შემდეგ პარლამენტმა,  არვინ შეხედავს მას, ვინაიდან ქვეყანაში ფეოდალური მმართველობაა – ერთი ფულიანი კაცის ხუშტურზე აწყობილი. კონსტიტუცია ვერაფრით მოთოკავს მას. ის და მისი ოჯახის წევრები კი ნებისმიერ შემთხვევაში კონსტიტუციას, თოკზე გამობმულ ფინიასავით, გაატარებენ. კონსტიტუცია ყოველთვის კისერს მოიტეხს აღმასრულებელ-საკანონმდებლო ორგანოებთან შეტაკებისას, ისე, როგორც მათ შემქმნელ ივანიშვილთან. აქედან გამომდინარე ტყუილია ის ძალისხმევა, რაც კონსტიტუციაზე მუშაობისას იხარჯება.

მეხუთე წელია „საოცნებო“ მმართველობაშია ქვეყანა და რაც დრო გადის ეს მმართველობა წინამორბედთა მმართველობას ემსგავსება, ეს გვაფიქრებინებს შემდეგს – ესენიც ისე სავალალოდ დაამთავრებენ თავიანთ მმართველობას, როგორც „ნაცებმა“ დაამთავრეს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.