„ნახმარი“ ევროკავშირი
სულ ახლახანს, საერთაშორისო საზოგადოების მოჭარბებული ყურადღების საგნად იქცა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თუ თანაშემწის (ზოგი ასე მოიხსენიებს, ზოგიც ისე) ვიქტორია ნულანდის „კაზმულსიტყვაობა“. საზოგადოების გაკვირვება სულაც არ გამოუწვევია ქალბატონის სექსთან დაკავშირებულ ლექსიკას – ამას ევროპელიც მიეჩვია და ამერიკელიც. გაუკვირდათ ის, რომ ასე პირდაპირ და არაორაზროვნად მოხდა ევროკავშირის ერთ ადგილას გაშვება – რუსულად რომ ესოდენ „მხატვრულად“ ჟღერს – „პოშოლ ნა ხუ…“.
„სპეციალისტები“ დღემდე კამათობენ, ნულანდმა მართლაც „ნა ხუ…“ გაუშვა ევროკავშირი თუ უბრალოდ „ფაკ“ (Fuck – სქესობრივი აქტის გამომხატველი სიტყვა) თქვაო. თავისი შინაარსით „ფაკ“ და „პოშოლ ნა ხუ…“, დაახლოებით ერთი და იგივეა, ვინაიდან ქართულად „ასოზე გაშვება“ სწორედ სქესობრივი აქტის ანუ „ფაკ“-ის წინაპირობაა.
და ვიდრე „სპეციალისტები“ ამ თემაზე მსჯელობენ, ერთს ვიტყვი, ამერიკულ პოლიტიკურ ლექსიკონში და არა მარტო პოლიტიკურში, არამედ ყოველდღიურში „ფაკ“-ს უდიდესი დატვირთვა აქვს, ისე, როგორც „შიტს“, „ბასტარდს“ (განავალს, ნაბიჭვარს). უყურებ ამერიკულ ფილმებს, ცხადია ინგლისურად, და ყურს გჭრით ზემოთნახსენები სიტყვები. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც წამდაუწუმ მათი ხსენებაა, ისე, როგორც რუსეთში „პოშოლ ნა ხუ…“ ან „ბლიადი“ (ბოზი).
გონებამახვილმა რუსებმა ის მაინც მოახერხეს ‘ბლიადი“ „ბლინით“ შეეცვალათ. და არის „ბლინის“, ცხადია „ბლიადის“ მნიშვნელობით, წაღმა-უკუღმა ტრიალი. ყველამ იცის, რა სიტყვას ცვლის „ბლინი“ – მთქმელიც კმაყოფილია და მსმენელიც. ასე, რომ, თუ „ფაკი“ სხვა სიტყვით შეიცვლება, უდავოდ მოიგებს ამერიკული ინგლისური, მთქმელიც არხეინად იქნება – უწმაწურობისგან დაზღვეული და მსმენელიც. აღარც კრიტიკას ექნება ადგილი, მითუმეტეს ქილიკს.
როგორც ჩანს, ამერიკელებს მოუწევთ ამ დარგში რუსული მდიდარი ლექსიკის გაზიარება, ისე, როგორც თავის დროზე მთელმა დასავლეთმა აიტაცა რუსული „ტროიკა“. ახსენებ ამ სიტყვას, განსაკუთრებით პოლიტიკაში და უმალ ხვდები, რაზეა ლაპარაკი. აი ნულანდს, რომ „ფაკ“-ის ნაცვლად „პოშოლ ნა ხუ…“ გამოეყენებინა ევროპელთა მიმართ, ამერიკულ განწყობასაც მარტივად და ლაზათიანად გამოხატავდა, თან მოსაყვედურეთა წინაშე თავის მართლებისას იმასაც იტყოდა – რუსული სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდიო. ახლა რაღა ეშველება? არც არაფერი და სწორედ ამიტომაც იძულებული იყო ბოდიში მოეხადა.
ისე, კაცმა რომ თქვას, გაამერიკელებულ-გაევროპელებულ ქართველთათვის რახანია „ფაკ“-ი მშობლიურივით აღიქმება. იშვიათად ნახავთ შენობას, რომლის კედლებს „ფაკ“-ი არ ამშვენებდეს. მას კონკურენციას ძარღვიანი ქართული „ყ…“ თუ გაუწევს, ასევე დიდი ასოებით „ამოქარგული“. ჩვენი პროდასავლურობა აშკარა თვალშისაცემია. თუ წინათ, სახლების კედლებზე აჭრელებული „ტუალეტური პოეზია“ ქართულ-რუსული იყო, დღეს – ქართულ-ინგლისურია და თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად მარტო ინგლისური, ისე, როგორც მაღაზიების წარწერები.
რომ იტყვიან, ინგლისურს პირდაპირ ქუჩის წარწერებიდან ვსწავლობთ, თანაც ყოველგვარი მასწავლებლის გარეშე. სწავლა კი იძულებითია. როდესაც ზოოლოგიურ მაღაზიას აწერია „პეტს ქორნერ“ (ქართულად „ძაღლების კუთხე“), იძულებული ხარ ინგლისურის მცოდნეს ჰკითხო, რას ნიშნავს „პეთ“-ს.
ინგლისური სიტყვების უზომო და უაზრო, თანაც უადგილო გამოყენება ზეპირმეტყველების დროს შემაშფოთებელ სახეს ღებულობს, მაგრამ ეს არავის აწუხებს. უპირველესად კი იმას, ცხადია ხელისუფლებას, ვისაც უნდა აწუხებდეს. თემა იმდენად სერიოზულია, სჯობს სხვა დროს შევაჩერო მასზე თქვენი ყურადღება.
დავუბრუნდეთ ჩვენს „გმირს“ ქალბტონ ნულანდს. ქალისთვის, მითუმეტეს სახელმწიფო მოხელისთვის, მითუმეტეს დიპლომატისთვის ტელეფონში „მოვტ…“, „მოვტყ…“-ის ძახილი, რომ დიდ კულტურასა და ქალურ სინატიფეზე არ მეტყველებს, ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რა დამოკიდებულება აქვს მას ევროპის იმ 28 სახელმწიფოსთან, რომელიც ევროკავშირად გვევლინება. როდესაც აშშ-ს საშუალო დონის მოხელე ესოდენ გულიანად გაუშვებს ევროკრებულს ერთ ადგილას, რას უნდა ელოდეს რესპექტაბელური კავშირი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ან პრეზიდენტისგან?
ნულანდის ამ სატელეფონო „გაშვებამ“ მსოფლიოს აჩვენა აშშ-ს ნამდვილი სახე. ნულანდის ერთმა სიტყვამ – „ფაკ“, დაანახა მსოფლიოს ვაშინგტონის აგდებული დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ; დაანახა აშშ-ს პოლიტიკოსთა ნამდვილი განწყობა „ბებერი“ თუ „ახალგაზრდა“ (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები) ევროპისადმი.
ნულანდი, უკრაინაში, აშშ-ს ელჩს ელაპარაკებოდა. საუბრის შინაარსიდან გამომდინარე აშკარავდება ამერიკელი მოხელეების აგდებული დამოკიდებულება ნახევარმილიარდიანი ევროპული გაერთიანების მიმართ. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ, რა დამოკიდებულება ექნებათ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების – ევროკავშირსა და ნატოში შესვლის მსურველთა მიმართ? მათ, ალბათ, „მოტ…“ ღირსადაც არავინ აგდებს?
მთელი ამ ისტორიიდან ერთი რამ იკვეთება – ევროკავშირის უსუსურობა, ყოველ შემთხვევაში ნულანდის სიტყვებიდან სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. უკვე მერამდენე წელიწადია აშშ-ი ევროკავშირიდან ითხოვს „აღმოსავლეთით გაფართოების“ პროექტის წარმატებით განხორციელებას, მაგრამ უშედეგოდ. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა ჩიხშია შესული და ეს ჩიხი უკრაინის პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა შექმნა. უკანასკნელ მომენტში მან გადაიფიქრა ევროკავშირის ასოცირებულ წევრობაზე ხელის მოწერა, რითაც წყალში ჩაყარა ევროკავშირის მაღალჩინოსანთა არაერთწლიანი „ამაგი“ უკრაინის მორჯულების საქმეში.
მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოს საზოგადოება ხედავდა, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროექტი ევროკავშირის პირმშო იყო. ნულანდის ერთმა „ფაკ“-მა ფარდა ჩამოხსნა ყველაფერს. ისე გაღიზიანდა შემკვეთი, რომ სატელეფონო საუბარშიც კი თავი ვერ შეიკავა. არადა ვის – ვის და აშშ-ს სპეცსამსახურის საქმიანობის მცოდნეს კარგად უნდა სცოდნოდა სატელეფონო ლაპარაკის „დაცულობაზე“.
ის, რომ აშშ-ი მთელ რიგ საკითხებში ეჭვის თვალით უყურებს თავის „მოკავშირე“ ევროპას, არახალია. უახლესი ისტორიის მიხედვით, ვაშინგტონს ევროკავშირის დიდი ნდობა არ უნდა ჰქონდეს. გავიხსენოთ პრეზიდენტ დე გოლის დამოუკიდებელი პოლიტიკა, იმჟამინდელი საფრანგეთის ნატოდან გამოსვლა ან პრეზიდენტ ჟაკ შირაკის ანტიამერიკული განწყობა ერაყში ომის დაწყებასთან დაკავშირებით. ომის გაჩაღებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა გერმანიის კანცლერ შროდერსაც.
მაშინ საფრანგეთმა და გერმანიამ გაიზიარეს რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ანტისაომარი პოზიცია. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ პრეზიდენტ ბუშს ევროპაში თავის დასაყრდენად ევროკავშირის ახალი წევრები (აღმოსავლეთი ევროპიდან) აერჩია. ბალტიისპირა ქვეყნები, პოლონეთი, რუმინეთი, ჩეხეთი მრავალი წლის განმავლობაში უყოყმანოდ ასრულებდნენ და ასრულებენ ვაშინგტონის ნებისმიერ დავალებას. მხოლოდ სარკოზი-მერკელის მოსვლამ ხელისუფლების სათავეში მისცა ვაშინგტონს მტკიცე ურთიერთთანამშრომლობის შანსი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს „სიმტკიცეც“ არ არის ვაშინგტონის სასურველ დონეზე.
ნულანდის გაღიზიანებიდან ნათლად ჩანს ის, რომ მომავალში აშშ-ი გაცილებით აქტიურად ჩაერთვება უკრაინულ პროცესში. ის აღარ იქნება ბრიუსელის იმედზე. არადა ვაშინგტონი, ისედაც გააქტიურებული, ახალ აქტიურობას აღარ საჭიროებს, მაგრამ ეს ჩვენი გაგებით. ვაშინგტონის გაგებით კი – უკრაინის პრობლემა საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტას, ცხადია აშშ-ს სასარგებლოდ, რაც თავისთავად გულისხმობს პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაყენებას, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკად გადაკეთებას, ხელისუფლების სათავეში ოპოზიციის მოსვლას.
სატელეფონო საუბრის მიხედვით, ნულანდი ეჭვის თვალით უყურებს წარსულში მოკრივე კლიჩკოს ხელისუფლებაში ყოფნას, მითუმეტეს ტიაგნიბოკას. მას შედარებით გამოცდილად იაცენიუკი მიაჩნია. უკრაინის პოლიტიკურ დაფაზე „პაიკების“ ნულანდისეული განლაგება აშკარა მანიშნებელია იმისა, თუ რა როლს აკისრებს საკუთარ თავს აშშ-ი.
ნულანდის სატელეფონო ლაპარაკმა ახლა მაინც თვალი უნდა აუხილოს „მოკავშირე“ ევროპას და სხვას, აშშ-ს მხრიდან დამოუკიდებელი ქვეყნების საშინაო საქმეებში ხელის ფათურთან დაკავშირებით.
ძვირი, მეტად ძვირი უჯდება აშშ-ს ადმინისტრაციას „ამბოხებული“ მაიდანის შენახვა. ხუმრობა საქმეა, ჯან-ღონით სავსე უკრაინელი პროტესტანტების მრავალთვიანი კვება? ამიტომაც ჩქარობს ვაშინგტონი. ამიტომაც გამოხატავს თავის გულისწყრომას ბრიუსელის მიმართ.
ვაშინგტონს სურს დაასწროს რუსეთს და დროულად მოაკვარახჭინოს უკრაინის ახალი რევოლუციის საქმე, ვინაიდან დროის გაწელვა, მარტივი მიზეზის გამო, იანუკოვიჩისა და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს – მომიტინგეების გადაღლა, სოჭის ოლიმპიური თამაშების დამთავრება.
პუტინი და კრემლი, სოჭის ოლიმპიადით დაკავებულნი, ჯეროვან აქტიურობას არ ამჟღავნებენ უკრაინის პრობლემებისადმი, მაგრამ დამთავრების შემდეგ რომ იაქტიურებენ, უეჭველია. იაქტიურებენ იმიტომ, რომ უკრაინის დაცემა, ანუ გაოპოზიციონერება სტიმულს მისცემს ვაშინგტონს ახალი ანტიკრემლური ტალღის აგორებაში.
ამას წინათ ცნობილმა მეცნიერმა და დიპლომატმა ჰენრი კისინჯერმა ბრძანა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ მოსალოდნელი რევოლუციის აგორების გენერალური რეპეტიციაა.
და არა მარტო კისინჯერმა, ცნობილმა ამერიკელმა ექსპერტებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის უკრაინის შიდა საქმეებით დაინტერესება, რუსეთის წაქცევის სურვილითაა გამოწვეული. ვაშინგტონისთვის მიუღებელია საკუთარი „მეს“ მატარებელი რუსეთის პრეზიდენტი და ხელისუფლება. ვაშინგტონისთვის სანატრელია ელცინ-კოზირევის ტანდემი, რომელიც საღად მოაზროვნე ამერიკელებშიც კი ღიმილს და გაკვირვებას იწვევდა.
ელცინის პრეზიდენტობის დროს რუსეთში სტუმრად მყოფმა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ნიქსონმა, საგარეო საქმეთა მინისტრ კოზირევთან ლაპარაკის შემდეგ, თავის თანმხლებ დიმიტრი საიმსს გულწრფელად უთხრა – „ამ ძაღლის შვილმა, ნაცვლად იმისა, თავისი პოზიცია ჩამოაყალიბოს, ჩვენ გვთხოვს დახმარებასო“.
ვაშინგტონს არ მოსწონს პუტინი, არ მოსწონს მისი პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ძლიერ სახელმწიფოდ გადაქცევას ლამობს. არ მოსწონს მისი (პუტინის) დამოუკიდებელი აზროვნება და ა.შ.
ვაშინგტონს არც ჩინეთი მოსწონს, ვინაიდან დიდია და ძლიერი, თანაც დამოუკიდებელი, ამიტომაც გამუდმებით აკრიტიკებს მას ადამიანის უფლებათა დარღვევაში, კორუფციაში, ოპოზიციის შევიწროებაში და ა.შ.
„გეების“ დევნის საბაბით აშშ-ს პრეზიდენტი არ ჩავიდა სოჭში, მაგრამ არის ეს საბაბი? სოჭში ჩასულ ობამას უნდა ჰქონოდა მასპინძელ პუტინთან მოლაპარაკება საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის სირიაზე, ახლო აღმოსავლეთზე, ირანზე და რაც მთავარია, უკრაინაზე. პირისპირ, თვალში თვალგაყრილი ლაპარაკი არცთუ იოლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვით გრძნობ საკუთარ მოჭარბებულ აქტიურობას შენი საზღვრებიდან შორს, ცხრა ზღვასა და მთას იქით, მეტოქედ აღიარებული ქვეყნის საზღვრებთან.
ჭარბი აქტიურობაა, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნულანდი ფუნთუშებს ურიგებს მეამბოხე უკრაინელებს, სურათებს იღებს „მომავალ“ მთავრობასთან; როდესაც სენატორი მაკკეინი, სხვები სიტყვით მიმართავენ მეამბოხე მაიდანს; როდესაც წამდაუწუმ ლანძღავ და აგინებ უკრაინის ლეგიტიმურ მთავრობას და მოუწოდებ ხელისუფლების ცვლისკენ. რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველა მათგანში სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა იკვეთება.
ასეთმა, სხვა კი არ უნდა გაუშვას „ნა ხუ…“, არამედ სხვამ უნდა გაუშვას ასოზე, თუნდაც იმ ევროკავშირმა. მაგრამ აქვს მას ამის თავი?! არ აქვს, თორემ სატელეფონო მოსმენების შემდეგ, თავს ვიღაც ნულანდს არ „მოატ…“-და.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.