მსოფლიო იმკის აშშ-ს დიპლომატიის შეცდომებს
ის, რომ აშშ-ს დიპლომატია სერიოზულად მოიკოჭლებს, თვალშისაცემია. „ცივი ომის“ დამთავრების დღიდან მოყოლებული, მსოფლიოში ეულად დარჩენილ პირველ ქვეყანას, შეცდომების კორიანტელი ახრჩობს და არა მარტო მას, არამედ მის შემხედვარე მსოფლიოს. რით შეიძლება ავხსნათ დიდი ქვეყნის დიპლომატიური წარუმატებლობა? უპირველესად იმით, რომ დიდი და პირველი ქვეყანაა, დიდი და პირველი შეიარაღებული ძალებითა და იარაღით.
ფრანგ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ს ყოველწლიური სამხედრო ხარჯები აღემატება ყველა დანარჩენი ქვეყნის სამხედრო ხარჯებს – ერთად აღებულს.
სამხედრო ძლიერება არის ის უდიდესი ბერკეტი, რომელიც ხელს არ უწყობს დიპლომატიის განვითარებას. ასეთ დროს დიპლომატიურ სამსახურს არ სჭირდება გონების დაძაბვა, ჭკუის მოხმობა, ვინაიდან სამხედრო ძალა უზრუნველყოფს ქვეყნის როგორც უსაფრთხოებას, ისე წარმატებას, თუნდაც დიპლომატიურ არენაზე.
გაქვს ძალა – გონება რაღა საჭიროა?! ამ პრინციპით მოქმედებდა და მოქმედებს აშშ-ი „ცივი ომის“ დამთავრებიდან დღემდე. ამ პრინციპმა დააშვებინა მას მთელი რიგი შეცდომები და მომავალშიც დააშვებინებს, თუკი არ მოხდება პოზიციების გადახალისება.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია – გამოცდილ ამერიკელ დიპლომატებთან გვერდიგვერდ მუშაობენ ისეთები, რომელთა კვალიფიკაცია არათუ დიპლომატიაში, არამედ ნებისმიერ სხვა დარგში მიუღებელი იქნებოდა.
სამწუხაროა ისიც, რომ ესოდენ „კვალიფიციური“ კადრები საგრძნობლად აჭარბებენ ძველ, გამოცდილ კადრებს და რახან მსგავს საქმესთან გვაქვს საქმე, დიპლომატიური ჩავარდნებიც გარანტირებულია. მარტო სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი რად ღირს? დღე ისე არ ჩაივლის, ქალბატონმა ფსაკიმ (გვარიც ცოდნასთან შესაფერისი აქვს) არ დაახეთქოს – უკრაინა აწვდის გაზს რუსეთს ან უკრაინა დემოკრატიული სახელმწიფოა.
ქვეყანა, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ბომბავს, ხოცავს და სასმელ წყალს უკეტავს – დემოკრატიული ვერ იქნება. ქვეყანა, რომელიც საკუთარ მოსახლეობას თავზე აყრის აკრძალულ ფოსფორის ბომბებს – დემოკრატიული ვერ გახდება. ქვეყანა, რომელიც ოდესის სასაკლაოს მოაწყობს, მეტადრე ფაშისტურია, ვიდრე დემოკრატიული და ა.შ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იცის თუ არა მან ფოსფორის ბომბების შესახებ, ფსაკიმ მოკლედ უპასუხა – არა!
ანალოგიური სიბრიყვით გამოირჩეოდა მისი წინამორბედი ნულანდი, ამჯერად სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, მაგრამ მას, უცოდინარობასთან ერთად, ჭარბი ამბიციები და ბოროტებაც ამკობდა. სწორედ, მისი წყალობით არის უკრაინა ამ დღეში. სწორედ, მისი წყალობით მოხდა უკრაინელი ნეოფაშისტების წახალისება და ხელისუფლებაში მიყვანა.
ცხადია, ნულანდი მარტო არ არის, მას გვერდს უმშვენებენ ამერიკის პოლიტიკასა და დიპლომატიაში შეჭრილი დედაკაცები, დაუნდობელნი, დაბალი განათლებითა და არაადამიანური გრძნობებით. არც მამაკაცები აკლებენ ხელს, გაიხსენეთ დიპლომატიური „შარლატანი“ ბრაისა – საქართველოს დამაქცევლი. აქ დავსვამ წერტილს, ვინაიდან გვარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
აშშ-ს დიპლომატიის მიუტევებელი შეცდომების შედეგად ამ ქვეყნის მხოლოდ იმიჯი ზიანდება და მეტი არაფერი, მაგრამ სერიოზული ზიანი ადგება იმ ქვეყნებს, რომლებზედაც მიმართულია აშშ-ს დიპლომატია. გახსოვთ, ალბათ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და მასზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის ერაყის დამადანაშაულებელი განცხადება.
პაუელმა სინჯარა, რაღაც გაუგებარი ფხვნილით (ცხადია მისთვის გასაგები), ხელში შეათამაშა და მთელს მსოფლიოს აუწყა ტყუილი – ერაყში ქიმიური იარაღის ქარხნების არსებობის შესახებ. „ამას, როგორ ბედავსო“ – იყვირეს ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომტებმა – „დავკრათ ერაყსო“, და დაიწყო ერაყის პირდაპირი აგრესია – სადამ ჰუსეინის დასამხობად, ერაყის დასაჩოქებლად.
მრავალი წელიწადი შეწირა აშშ-ა ერაყის „დემოკრატიულ“ სახელმწიფოდ გადაკეთებას და წლებთან ერთად მილიონობით დოლარი, ადამიანთა სიცოცხლე, როგორც ამერიკელის, ისე ერაყელის. ერაყის „დემოკრატიად“ გადაკეთებას ძალა, სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეალია ქართულმა ჯარმაც – ამერიკელთა მოკავშირემ და მათთვის კოჭის მგორებელმა.
ეშველა ერაყს? ჩამოახრჩვეს სადამ ჰუსეინი. დაანგრიეს ერაყი, მაგრამ ვერც ქიმიური და ვერც ბირთვული იარაღის კვალს ვერსად მიაგნეს. გადამდგარი პაუელი მოგვიანებით იტყვის, რომ მის მიერ აფრიალებული ქიმიურ იარაღიანი სინჯარა, ტყუილი იყო, ანუ სარეცხი ფხვნილი. პაუელი იტყვის ამას სინდისის ქენჯნის გარეშე. მერე რა?
დაისაჯა ვინმე, თუნდაც პაუელი, ბუშზე არაფერს ვამბობ, ამ ტყუილისთვის?
დიახ, დაისაჯა! და ეს ერაყია, საერთო ჯამში ახლო აღმოსავლეთი. ამერიკულმა აგრესიამ მილიონამდე ერაყელი იმსხვერპლა, დაანგრია და გაანადგურა ქალაქები, სოფლები. დღეს, ბუშიც კარგად გრძნობს თავს და პაუელიც, იმჟამინდელი სხვა ამერიკელი პოლიტიკოს-დიპლომატები. აი, რაც შეეხება ერაყს და ახლო აღმოსავლეთს – მძიმედაა საქმე.
ამერიკულმა „კეთილშობილურმა“ აქტმა – „დემოკრატიის ექსპორტმა“ ერაყში, ფეხი ვერ მოიკიდა – საქმით, თორემ სიტყვით – იცოცხლეთ. ერთხელ ბუშმა ურჩია რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ერაყული დემოკრატიის გაზიარება. პუტინს, გაოცებისგან, გაეღიმა.
დარწმუნებული ვარ ბუშის ნათქვამი იყო გულწრფელი. მას მართლაც ეგონა, რომ აშშ-ა ნამდვილ დემოკრატიას აზიარა ერაყი. დარწმუნებული ვარ, ასეთ სასიხარულო ფერებში უხატავდნენ მას ამერიკელი დიპლომატები, ერაყის ამბვებს.
რა მივიღეთ? ანუ რა მიიღო მსოფლიომ ერაყში განხორციელებული აგრესიით?
საყოველთაო ქაოსი, ზენიტში აყვანილი ტერორიზმი, რელიგიური დაპირისპირება სუნიტებსა და შიიტებს შორის, ფართომასშტაბიანი სეპარატიზმი, რომელიც ერაყს დაშლით ემუქრება – სადამ ჰუსეინის დიქტატურული რეჟიმით განმტკიცებული უნიტარულ ქვეყანას.
როგორც ჩანს, ქვეყნის მთლიანობის, მისი სიძლიერის, სიმშვიდის, სოციალური ყოფის გარანტი ყოფილა სადამ ჰუსეინის დიქტატურა. ვერავინ ბედავდა მაშინ ერაყიდან გამოყოფის დეკლარირებას. ვერავინ აიღებდა ხელში იარაღს ერთმანეთის საწინააღმდეგო რელიგიური ომის გასაჩაღებლად.
დიახ! მოსახლეობის უმრავლესობა შიიტები, უკმაყოფილო იყვნენ სუნიტი უმცირესობის ბატონობით, მაგრამ იყო მშვიდობა. იყო შანსი ერთმანეთში მშვიდობიანი მოლაპარაკებისა. სადამ ჰუსეინის ჩამოხრჩობის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა შიიტებმა, ამერიკელთა მხარდაჭერით, ჩაატარეს ე.წ. დემოკრატიული არჩევნები. ქვეყანა „დემოკრატიული“ განვითარების გზას დაადგა. ვაშინგტონმა, როგორც იქნა ქვეყნიდან გაიყვანა თავისი ჯარი და მთელი პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას, მათ მიერ გამოწვრთნილ არმიასა და პოლიციას გადააბარა.
ერაყის ხანგრძლივმა ომმა, არა მარტო ამ სახელმწიფოს ავნო, არამედ აგრესორსაც. აშშ-ს საფინანსო-ეკონომიკური ვითარება გაუსაძლისად გადაიქცა. მას შემდეგ აშშ-ი წელში ვერ გაიმართა. დიდი გამოდგა ერაყის ომის ხარჯი თუნდაც პირველი ქვეყნის ეკონომიკისთვის.
რაც შეეხება პოლიტიკას – აქაც აშშ-ს ერთობ არასახარბიელო ვითარება აქვს. მართალია, ერაყის პრემიერ-მინისტრის ნური ალ მალიქის მთავრობა მტრულად არ არის განწყობილი აშშ-მი, მაგრამ არც დიდი მეგობრული გრძნობები აქვს მის მიმართ.
შეცდნენ ამერიკელები, როდესაც იფიქრეს, რომ ერაყი მუდამ ლოიალური იქნებოდა აშშ-ს მიმართ. აღმოსავლეთის ფილოსოფია სხვაა. მას გაცილებით ღრმა და ძნელად ამოსახსნელი ისტორია, ხასიათი, წეს-ჩვეულებები გააჩნია, ვიდრე პატარა ისტორიის მქონე აშშ-ს. ერაყისა და საერთოდ ახლო აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიის შესწავლას დრო და გამოცდილება სჭირდება და რაც მთავარია, ღრმა ცოდნით აღჭურვილი დიპლომატია. როდესაც ასეთი არ გაგაჩნია, იოლ გზას მოძებნი, ანუ ძალისმიერს, ანუ ომს, რასაც ჰქონდა ადგილი ერაყში.
აშშ-ს „სტრატეგიულმა პარტნიორმა“ ერაყმა, ამერიკელთა გულის გასახეთქად, პრაგმატული ურთიერთობები გააჩაღა ირანთან, სულიერი თვალსაზრისით (შიიტები), ძმებთან. მართალია ირან-ერაყის რვაწლიანი ომი – წაქეზებული აშშ-ს მიერ, გარკვეული ბარიერი იყო ორი ქვეყნის ურთიერთობაში, მაგრამ ის იყო სადამ ჰუსეინის დროს, მაშინ, როდესაც ერაყელი შიიტები ოპოზიციაში იყვნენ. დღეს, სხვა დროა. ერაყის სათავეში შიიტები არიან და შესანიშნავად ართმევენ თავს შიიტურ ირანთან ურთიერთობას.
ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ სერიოზული დასაყრდენი პოვა ერაყის დღევანდელ ხელისუფლებაში. ორი ქვეყნის პოზიციები ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს, მათ შორის სირიის საკითხებში. ირანი, ბაშარ ასადის უპირველესი მხარდამჭერი და დამხმარე ქვეყანაა, არა მარტო რადიკალური ისლამისა და „ალ ქაიდას“ წინააღმდეგ ომში, არამედ ეკონომიკის და რაც მთავარია რელიგიის დარგში.
სირიის სათავეში რახანია ალავიტები (შიიტები) იმყოფებიან, რაც არათუ აადვილებს ირან-სირიის ძმობას, არამედ მტკიცედ ადუღაბებს.
ამერიკულმა პოლიტიკამ სერიოზული კრახი განიცადა – მის მიმართ „ლიოალური“ ერაყის, ირანისკენ გადახრის თვალსაზრისით. ირანმა მოახერხა ერაყის საკუთარ პოლიტიკურ რელსებზე გადმოყვანა, რითაც განიმტკიცა პოზიციები და გავლენა ახლო აღმოსავლეთში. როდესაც ირანის პრეზიდენტი ხალხმრავალ შეკრებაზე აცხადებს, რომ არ დაუშვებს ერაყში რადიკალური ისლამის გამარჯვებას და მუდამ იბრძოლებს მის წინააღმდეგ, რაღაცას ნიშნავს. და ეს „რაღაცა“ გაცილებით წონიანია, ვიდრე ფსაკის ან თუნდაც სახელმწიფო მდივან ქერის „ნაბჟუქურალი“.
ამერიკელთა მიერ აშენებული „დემოკრატიული“ ერაყი ნაკერებში ირღვევა, თანაც სწრაფად. ერაყში, ამერიკელთა ყოფნით გამოწვეულმა შიდა დუღილმა, რახანია გადალახა საზღრები. ტერორისტული აქტები ყოველდღიურად ასეულობით მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლეს სპობს. მაგრამ ეს საშინელი ყოველდღიურობა არაფერია სეპარატისტულ ომთან, რომელიც ეს-ესაა დაიწყო და გრძელდება.
შეიარაღებულმა სუნიტმა ექსტრემისტებმა ბრძოლით დაიკავეს ქალაქი მოსული, სხვა ქალაქები, მათ შორის კირკუკი და ბაღდადის აღებით იმუქრებიან. ამერიკელთა გაწვრთნილმა ერაყის ჯარმა ვერ გაუძლო ტერორისტთა შეტევას, იარაღი დაჰყარა და ბრძოლის ველიდან გაიქცა. ერთადერთი სერიოზული ძალა – ირანის სამხედრო ბრიგადებია, რომლებმაც მოახერხეს რადიკალთა ტრიუმფალური მარშის შეჩერება.
ერაყის შიიტთა სულიერმა ლიდერმა მოუწოდა ერაყელ ახალგაზრდებს დაიცვან სამშობლო და მათაც არ დაუყოვნებიათ – ათასობით ახალგაზრდამ აიღო ხელში იარაღი სამშობლოს დასაცავად.
პრემიერ-მინისტრმა ალ მალიქიმ, შექმნილ ვითარებაში ვაშინგტონის ადმინისტრაცია დაადანაშაულა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არა აშშ-ს მხრიდან ექსტრემისტთა მხარდაჭერა სირიაში, ერაყის ამბებს ადგილი არ ექნებოდა.
მალიქი მართალია. რახანია მიმდინარეობს სამოქალაქო ომი სირიაში ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ. ექსტრემისტ მოჯახედებს, მათ შორის ორგანიზაცია „ან-ნუსრას“ (სირიული „ალ-ქაიდა“) სამხედრო, ფინანსურ, საინფორმაციო დახმარებას უწევს აშშ-ი და ევროკავშირი. როგორც ერთის, ისე მეორისთვის მიუღებელია პრეზიდენტი ბაშარ ასადი და მისი მთავრობა. სიძულვილი მათი მხრიდან ასადისადმი იმდენად დიდია, რომ არა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, გასული წლის სექტემბრიდან დაწყებული, საჰაერო თავდასხმებს არ მოაკლებდნენ სირიას.
პუტინმა შეძლო ამერიკული აგრესიული სამხედრო მანქანის შეჩერება, რამაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა, რასაც ვერ ვიტყვით აშშ-ს პრეზიდენტ ობამაზე. პოლიტიკურმა მარცხმა გააკაპასა აშშ-ს ადმინისტრაცია და რუსეთის ახალი თავსატეხიც გამოაცხო – უკრაინის სახით.
ექსტრემისტების მიერ ქ.მოსულის აღების შემდეგ, ცხელ გულზე ობამამ განაცხადა, რომ არ დაუშვებს რადიკალური ექსტრემისტების ნავარდს ახლო აღმოსავლეთში, მათ მიერ პოზიციების განმტკიცებას და ა.შ. მან ისიც თქვა, რომ სამხედრო დახმარებას გაუწევს ერაყის მთავრობას ექსტრემისტთა პოზიციების საჰაერო დაბომბვით. თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ს ჯარს ერაყში არ გადასხამს.
მაგრამ ეს იყო ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება. მოგვიანებით მან ერაყში მიმდინარე პროცესებში ნური ალ მალიქი დაადანაშაულა და ისიც თქვა, რომ მაშინ გაუწევს ერაყს დახმარებას, როდესაც პრემიერის პოლიტიკა დაემთხვევა აშშ-ს ადმინისტრაციის პოლიტიკას. ობამამ ისიც თქვა, რომ ერაყის მთავრობამ უნდა შეცვალოს პოზიცია სუნიტი ერაყელების მიმართ.
აშშ-ს პრეზიდენტის განსხვავებული პოზიციები ისეთს აფიქრებინებს კაცს, როგორიცაა შემდეგი – ხომ არ არის ექსტრემისტული ძალების შეტევა ინსპირირებული თვით აშშ-ს მიერ? სიტყვა – საჰაერო დაბომბვა, რა კონტექსტშია ნათქვამი და გულისხმობს, თუ არა ფართო არიალის მოცვას, ანუ ექსტრემისტული ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიების არა მარტო ერაყში, არამედ მეზობელ სირიაში?
შეეხება თუ არა ეს დაბომბვა სირიაში გამაგრებულ ექსტრემისტებს, რომლებიც ახორციელებენ შეტევას ერაყზე? დაბომბვის დაწყებით – ერაყთან ერთად ხომ არ გაიწირება სირია? ამ მოსაზრებას ამყარებს ვაშინგტონის მზაკვრული პოლიტიკა მთელს მსოფლიოში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში და ამჟამად უკრაინაში.
13 ივნისს, RT („რაშა თუდეის“) ეთერში გამოსვლის დროს ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა და მეცნიერმა, პროფესორმა სტეფან კოენმა, მთელი სიგრძე-სიგანით, დასაბუთებულად გააკრიტიკა აშშ-ს პოლიტიკა „ცივი ომის“ დამთავრებიდან დღემდე. მან უარყოფითად მოიხსენია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და უკრაინის მოვლენები, რომლებიც ეფუძნება ექსპანსიონიზმს და ჰეგემონიზმს.
ანალოგიური მიდგომა აქვს ვაშინგტონს ახლო აღმოსავლეთთან, განსაკუთრებით სირია-ირანთან, თუმცა ირანთან მიმართებაში პოზიციები იცვლება. აშშ-ს ირანის მიმართ პოლიტიკის ცვლას ხელს უწყობს რუსეთთან მტრული დამოკიდებულება. თითქმის ერთი წელიწადია მიმდინარეობს გაეროს უშიშროების საბჭოს, გერმანიის და ირანის მოლაპარაკება ირანის ბირთვული კვლევების პროგრამასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ აშშ-ი ირანს მოუხსნის სანქციებს, რაც ირანს შვებით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.
უკრაინის მოვლენების შემდეგ, ევროკავშირი და ამერიკა უფრო დაინტერესებული არიან სანქციების მოხსნით, რაც წმინდა ეკონომიკური ინტერესებით არის გამოწვეული. ბრიუსელმა, 2012 წელს დაუწესა სანქციები ირანს, რომლის მიხედვით, აიკრძალა ირანის ნავთობის შეძენა. ირანი გარიცხეს საერთაშორისო საბანკო სისტემიდან (SWIFT).
ირანი არის მსოფლიო ლიდერი გაზის რეზერვებით, ხოლო ნავთობით მეორე-მესამე ადგილზე. ის მზადაა მიაწოდოს ენერგომატარებლები ევროპას. თუმცა ამის განსახორციელებლად ირანს სჭირდება ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, ამისთვის კი საჭიროა ინვესტიციები. აშშ-ი დაინტერესებულია ევროპაში ირანული ებერგომატარებლების გამოჩენით, რითაც სერიოზული კონკურეტი გაუჩნდება რუსეთს. აშშ-ს სურს ირანის პოზიციის განეიტრალება უკრაინის საკითხებში. შეიძლება თუ არა ანტიირანული სანქციების გაუქმებით ენერგომატარებლებზე ფასების დაცემა და ამით რუსეთის დაჩოქება?
ირანის წილი მსოფლიო ნავთობისა და გაზის საქმეში ისეთი დიდი არ არის, რომ არსებული ფასები ჩამოშალოს. თუ ირანი აღადგენს სანქციებამდე ნავთობის ექსპორტის დონეს – 2.4 მილიონი ბარელი დღე-ღამეში, ამით რუსეთს პრობლემებს ვერ შეუქმნის. ყოველდღიურად მსოფლიო ბაზარზე 90 მილიონი ბარელი ნავთობი მიდის.
აშშ-ს სხვა გეგმებიც აქვს ირანის მიმართ. მათი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში რუსეთს დიდი პრობლემები შეექმნება არა მარტო დასავლეთით – უკრაინის, არამედ სამხრეთით – ირანის სახით. მაგრამ არის ირანი მზად ამერიკასთან ჩასახუტებლად?
ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკა ყოველთვის ეფუძნებოდა საღ აზროვნებას და რაც მთავარია ტრადიციულ ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე, აშშ-ს იმედს, რუსეთის მიმართ ირანის პოლიტიკის შეცვლის თაობაზე, ნაკლები პერსპექტივა ექნება, თუმცა აშშ-ი ის ქვეყანა არ არის, ძალა და ფული დაიშუროს ამ საქმისთვის.
ერაყში განხორციელებულმა ცუდმა ამერიკულმა პოლიტიკამ უკვე იჩინა თავი. ექსტრემისტების ანტისამთავრობო შეტევა დაიწყო და როდის და რა შედეგით დამთავრდება, არავინ იცის.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.