08.12.2024

მორიგი „სპექტაკლი“ რუსეთის წინააღმდეგ

ბატონ გურამ გოგიაშვილს

უკრაინაში მცხოვრები რუსი ჟურნალისტის ბაბჩენკოს მკვლელობის და გაცოცხლების ამბავმა მთელი მსოფლიოს მედია მოიარა და ისეთივე სისწრაფით დასამარდა, როგორც უკრაინის სპეცსამსახურების მიერ უკბილოდ შეთითხნილი „ოპერაცია“.

ევროკავშირი, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დაბეჯითებით მოითხოვენ უკრაინის ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებას ამ „ოპერაციასთან“ დაკავშირებით. მათ აინტერესებთ, რას ემსახურებოდა სპეცსამსახურების ესოდენ „გონივრული“ ოპერაცია და რატომ აუნთო მას მწვანე შუქი პრეზიდენტმა პოროშენკომ.

ეს ამბავი რომ ტყუილი მკვლელობით, პოტენციურ რუს ქილერზე შეიძლებოდა გასვლა – ძნელად დასაჯერებელია. ასე რომ, ტელეკამერების თანდასწრებით დაჭერილი „ვიღაც“, გარკვეული თანხის გადახდით რომ ცდილობდა ამბოხებული დონეცკელი მკვლელის დაქირავებას ბაბჩენკოს ლიკვიდაციისთვის – სიმართლის შემთხვევაშიც კი დაუჯერებელი იქნებოდა.

ბაბჩენკო ის ჟურნალისტი არ არის, რომლის ლიკვიდაციაც ესოდენ შვებად მოევლინებოდა პრეზიდენტ პუტინს. რუსეთის ელექტრონული და ბეჭდვითი მედიის ნაწილი გაჯერებულია ანტირუსული, ანტიპუტინური სულისკვეთებით. ტელეკომპანია „დოჟდი“, RTVI, რადიო „ეხო მოსკვი“, სხვა ტელეკომპანიები დაბეჯითებით ლანძღავენ რუსეთის პრეზიდენტს, ხელისუფლებას, მაგრამ მათთავის ხელი არვის დაუკარებია.

არადა, იმ ცილისმწამებლური, ფალსიფიცირებული თოქ-შოუებისა და დიალოგების შემდეგ, რომელთა მსვლელობისას ადიდებულ მდინარესავით გადმოდის ტელეეკრანებიდან თავშეუკავებელი ლანძღვა-გინება, მართლაც იწვევს ნებისმიერ საღადმოაზროვნე ადამიანში პროტესტის გრძნობას. მაგრამ რა გაეწყობა, თვით რუსეთის ხელისუფლება თვლის, რომ ეს არის დემოკრატია, საკუთარი აზრის დაფიქსირება, სიტყვის თავისუფლება.

აი, ასეთ ვითარებაში რუსი ჟურნალისტი, ცხადია სხვებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი, პუტინის გინების გამო რომ უკრაინას მიაშურებს, ვითომდა საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სრული დემაგოგიაა.

უკრაინა ის ნაკრძალია, სადაც ანტირუსობა უმაღლეს დონეზე ფასდება. ასედა ამრიგად მივიღეთ ის, რასაც ჰქვია ე.წ. ჟურნალისტისა და უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ერთობლივად დადგმული სპექტაკლი – ერთობ მდარე ხარისხის.

ბაბჩენკოს ისტორია უმალ ჩაესვენა, მაგრამ არცთუ უშედეგოდ. შედეგი – მომაკვდინებელია, როგორც სპეცსამსახურებთან შეკრული ჟურნალისტისთვის, ისე თვით სპეცსამსახურების, ხელისუფლების, პრეზიდენტისთვის. მათ თვითონ გამოუტანეს განაჩენი საკუთარ თავს და ქვეყანას – კატასტროფულად გაზარდეს რა უნდობლობა, რომელიც ისედაც არსებობდა მსოფლიოს საზოგადოების მხრიდან. ვინ დაუჯერებს მათ?

ევროპელი და ამერიკელი პატრონებიც კი შეაშფოთა უკრაინულმა „ფეიკმა“ – ისინი ალბათ უფრო დახვეწილს ელოდნენ. დიახ, ისეთს, 20  საათზე მეტს რომ გაძლებდა. მაგალითად, სკრიპალების მსგავსს, ანდა სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების მაგვარს, თუნდაც რუსეთის მიერ სამგზავრო თვითმფრინავის „ჩამოგდეის“ ისტორიას. აღარაფერს ვამბობ რუსი ოლიმპიელების მიერ დოპინგის გამოყენებაზე.

სხვა მაგალითებიც ბევრია, მაგრამ აღნიშნულიც საკმარისია კოლექტიური დასავლეთის „ფეიკის“ დემონსტრირებისთვის. ყველა მათგანმა 20 საათზე მეტი გაძლო და თქვენ წარმოიდგინეთ, დღესაც ძლებს – თავს გვახსენებს რა დასავლური მედიის დახმარებით. უნებლიედ იბადება კითხვა – ნუთუ რუსეთის ხელისუფლება ისეთი ბოროტი, სისხლისმსმელი და ამტანია, რომ წლების განმავლობაში არაფრად აგდებდეს კოლექტიური დასავლეთის პერმანენტული ტალახის სროლას?

დასავლური შეტევა რომ მარტო ტალახს ჯერდებოდეს, რაღა უჭირდა რუსეთს?

ტალახს ცხელ-ცხელი ეკონომიკური სანქციები მოჰყვება ხოლმე, რაც არა მარტო რუსეთზე მოქმედებს, არამედ თვით დამწესებელზეც.

ზემომოყვანილი ფაქტები ნათელი დასტურია იმ ანტირუსული კამპანიისა, რასაც კოლექტიური დასავლეთი აწარმოებს რუსეთის მიმართ. რატომ? – იმიტომ, რომ რუსეთი ისეთი არ არის, როგორსაც აშშ-ი და მისი ევროპელი მოკავშირეები ისურვებდნენ. რუსეთი იცავს საკუთარ სუვერენიტეტს, თავისუფლებას, რაც მას ძალიან ძვირი უჯდება – მარტო ბაბჩენკოს, სკრიპალების, თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდების ატანა არ გინდა?!

რუსეთი იტანს, რითაც არა მარტო საკუთარ თავისუფლებას იცავს, არამედ სხვათა თავისუფლებასაც. წამიერად წარმოვიდგინოთ რუსეთი, ჩინეთი ან ირანი აშშ-ს გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებად, რა სახე ექნებოდა მსოფლიოს?

პრიმიტიული, აშშ-ს ჰეგემონიის ქვეშ მყოფი მსოფლიო – ამერიკული ოცნებებით და ყოველივე ამერიკულით გაჯერებული ანუ გლობალიზაცია ამერიკულად. ასეთ მსოფლიოში საშუალო და პატარა ქვეყნების ადგილი არ არის. ის ან უნდა გადაეშვას გლობალიზაციის ამერიულ ჭაობში და მასთან ერთად ჩაიძიროს, ან გაძლოს. მაგრამ, ვინ გააძლებინებს – კარზე მომდგარი დასავლელი მგლები?

ამიტომაცაა მისაღები და გასახარიც კი ძლიერი, საკუთარ პოზიციებზე მყარად მდგომი რუსეთის არსებობა. რა იქნებოდა სირია, რუსეთის გარეშე? – ალბათ ის, რაც ერაყი, ლიბია, სხვა ქვეყნები, რომლებმაც ორ სკამზე ჯდომა ამჯობინეს, რამაც საბოლოო ჯამში ერთიც არ დაუტოვა.

ცინცხალი მაგალითი – ბულგარეთის პრეზიდენტის, შემდეგ პრემიერ-მინისტრის ვიზიტები მოსკოვში და პუტინთან მოლაპარაკებები. ეს, გამოფხიზლებული ბულგარეთია და არა ის, ამ რამდენიმე წლის წინათ რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებაზე უარი რომ თქვა და მას, აშშ-ს უკანალის ლოკვა ამჯობინა. ლამის ბოლომდე მიყვანილი რუსული გაზსადენის მშენებლობა შეწყდა, რითაც ბულგარეთმა არა მარტო გაზი დაკარგა, არამედ სატრანზიტო ქვეყნის სტატუსიც. ის, რაც დღეს თურქეთთან მიმართებაში შენდება, ბულგარეთში უნდა განხორციელებულიყო. იქიდან კი რუსული გაზი სამხრეთ ევროპას მიეწოდება.

არაო! ბრძანა აშშ-ა და სოფიას სენატორი მაკკეინი ეწვია – თითის ქნევით და მაგიდაზე მუშტების ბრაგუნით. ბულგარეთს უარი ათქმევინეს რუსულ გაზზე. შედეგი?

ბულგარეთმა დაკარგა მარტო ტრანზიტისთვის ყოველწლიური 800 მილიონი ევრო და იაფი გაზი. დაუმთავრებელმა პროექტმა რუსეთიც აზარალა – 4-5 მილიარდი დოლარით. დღეს, გამოფხიზლებული ბულგარეთი პუტინს ეხვეწება – აღვადგინოთ ის, რასაც ვგეგმავდითო.

დავუბრუნდეთ უკრაინულ „სპექტაკლს“, რომელიც ოდნავ გონებაგახსნილ ადამიანში უმალ აღძრავს ამ ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ნეგატიურ განწყობას. უკრაინამ დასავლელი მასწავლებლებისგან გადაიღო მაგალითი, მერე რა რომ ისე არ გამოუვიდა, როგორც იმათ?

თუ ტყუილსა და ფალსიფიკაციაში დაოსტატებულ ინგლისს, აშშ-ს, სხვებს დადგმული სპექტაკლები არ გამოსდით, რა ჰქნას ცუდმა მოსწავლე უკრაინამ?

მავანი მეტყვის – თავი დაანებოს ტყუილებს, დასავლეთის პირში ციცინს, უკანალის ლოკვას, რუსეთის გინებას და საკუთარი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე იფიქროსო. კეთილი, მაგრამ ეს ხელისუფლება, ამერიკელებს რომ კარგი საქმისთვის არ მოუყვანია?

მიზანი მისი არის რუსეთისთვის მუდმივი პრობლემების შექმნა, ანტირუსული პლაცდარმის განმტკიცება და ა.შ. ამას კი უკრაინა სამაგალითოდ ასრულებს, ისე, როგორც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლება. ბევრს აღარ ახსოვს ყოველდღიური „ტერორისტული აქტები“, რუსეთი რომ „გვიტარებდა“ იმჟამად. ვინ დაითვლის, რამდენი „ტერორისტული აქტი“ აღკვეთა სააკაშვილის ხელისუფლებამ?!

მარტო ის „ვიღაც“ რად ღირს, აშშ-ს საელჩოს ღობესთან რომ ბომბი „დატოვა“?! სიცრუე იყო სააკაშვილის და მისი ხელისუფლების მთავარი დამახასიათებელი. ის ამ მხრივ უკრაინასაც ჯობნიდა და დასავლელ მასწავლებლებსაც.

სხვა ვერაფერს იტყვი მამალ ტყუილზე – რუსეთის აგრესია რომ დაერქვა. მისი მიხედვით, ცხინვალში ომი რუსეთმა გააჩაღა და არა სააკაშვილის რეჟიმმა. დღეს, ამ ტყუილს სიმართლედ გვიცხადებენ არა მარტო სააკაშვილები, არამედ „ოცნებელებიც“.

არადა 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულმა ივანიშვილმა განაცხადა: „მე, ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლება, პრეზიდენტის მეთაურობით იმ სიტუაციაში არაადეკვატურად მოიქცა. მე, ვთვლი, გაუმართლებელი იყო სამხედრო შენაერთების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა და საომარი მოქმედების დაწყება, მანამდე, ვიდრე რუსეთმა გადმოკვეთა საზღვარი“.

დღეს კი რა ხდება? იმჟამინდელი სიმართლის, ტყუილად წარმოჩენა და დაბეჯითებით მტკიცება, რომ ცხინვალის ომამდე რუსეთი სისტემატურად ახორციელებდა პროვოკაციულ აქტებს საქართველოს წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა აგრესია.

აღარავის ახსოვს საერთაშორისო სპეცკომისიის დასკვნა, სადაც ჩაიწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. კომისიას ცნობილი დიპლომატი ტალიავინი ხელმძღვანელობდა. მასში შედიოდნენ 20 სამხედრო ექსპერტი – ისტორიკოსები, სამართლის მცოდნეები ევროკავშირიდან, ეუთოდან, გაეროდან, საქართველოდან და რუსეთიდან.

2008 წლის 2 ოქტომბრის ევროსაბჭოს რეზოლუციაში (მე-5 პუნქტი) ჩაიწერა, რომ საქართველოს სამხედრო შენაერთებმა, 2008 წლის 7 აგვისტოს, გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ცხინვალის დაბომბვა, რამაც გამოიწვია ახალი ესკალაცია – სამხედრო მოქმედებები.

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ზემომოყვანილი სინამდვილე შეცვალოს, რაშიც მას მხარს უჭერენ გარკვეული დასავლული ექსპერტები, იურისტები, ცხადია შესაბამისი ანაზღაურებით.

ისინი 2 კურდღელს იჭერენ – ანტირუსულ განწყობასაც აგორებენ და სააკაშვილის გათეთრებასაც ცდილობენ – პრეზიდენტის, რომელმაც 2008 წლის ომის შედეგად ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა. ასეთი, ქვეყნის ღალატისთვის უნდა გასამართლდეს და დაისაჯოს. მაგრამ ვინ არის გამკითხველი?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი