კარიბის კრიზისიდან – უკრაინის კრიზისამდე
2014 წლის თებერვალ-მარტის მოვლენები საერთაშორისო ცხოვრების ერთ-ერთ ურთულეს პერიოდად შეიძლება შეფასდეს. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე, სულ რამდენიმე მოვლენას ჰქონდა ადგილი, რომელმაც აშკარა დაპირისპირება გამოიწვია რუსეთის წინამორბედ საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის. ერთი მათგანი, კარიბის კრიზისი იყო. მაშინ, საბჭოეთმა ახალგაზრდა კომუნისტური კუბის დასაცავად, რაკეტები განალაგა კუნძულზე და ამერიკას დაუმიზნა.
კარიბის კრიზისი არ იყო გამოწვეული საბჭოთა ექსცენტრული ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის აბსურდული ახირებით. მოსკოვის ნაბიჯი არ იყო გამოწვეული მსოფლიო ჰეგემონიზმით ან აშშ-ს დაჩოქების სურვილით. მას ობიექტური მიზეზები ჰქონდა, თუმცა, აშშ-ს მიერ მართული მსოფლიო მედიის მიხედვით, აგრესორი და ავანტიურისტი საბჭოთა კავშირი გამოვიდა, რომელმაც ამერიკის კონტინენტზე, აშშ-ს მეზობლად, გადაწყვიტა საკუთარი გავლენის სფეროს გაფართოება.
მაშინდელი მსოფლიო გულმოდგინედ გმობდა კრემლის გადაწყვეტილებას. მაშინ, არც არავის უფიქრია, რით იყო გამოწვეული მოსკოვის ეს ნაბიჯი, არც არავის დაუწერია ობიექტურად, ვითარების შეფასებით. იყო მხოლოდ გინება – ცალსახა მიკერძოებული. მხოლოდ შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, კარიბის კრიზისის მეორე პლანზე გადასვლამ, გააჩინა ობიექტური შეფასების შანსი.
კარიბის კრიზისი, ხრუშჩოვის მიერ გამოწვეული, მარტო ხრუშჩოვისა არ იყო. ამ საქმეში მას ტოლს არ უდებდა აშშ-ს ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ჯონ კენედი. დღიდან კუბის რევოლუციისა, აშშ-ს ძალა არ დაუშურებია ფიდელ კასტროს ხელისუფლების დასამხობად. არა ერთ საზღვაო შეტევას ჰქონდა ადგილი კუბის წინააღმდეგ, რამაც აიძულა საბჭოთა ხელმძღვანელობა გადაედგა რადიკალური ნაბიჯები. პრეზიდენტ კენედისა და მისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საბჭოეთს, კატეგორიულად მოეთხოვა კუბიდან რაკეტების გატანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი იქადნებოდა კუბის მასირებული დაბომბვით.
მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია ხრუშჩოვის სამარცხვინო უკანდახევა და კუბიდან რაკეტების გატანის ამბავი. მხოლოდ ვიწრო წრემ იცის, რომ ხრუშჩოვი მაშინ დათანხმდა კენედის მოთხოვნას, როდესაც კენედიმ სამარადისო უარი თქვა კუბაში შეჭრაზე და თანხმობა განაცხადა თურქეთში განლაგებული ამერიკული რაკეტების გატანაზე.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. იმჟამინდელი პოლიტიკოსები კარგახანია ისტორიის კუთვნილებაა, თვით კარიბის ზღვის კრიზისიც ისტორიისა და ექსპერტების იშვიათი განხილვის საგანია.
უკრაინის მოვლენები, ცხადია განსხვავებულია კარიბის კრიზისისგან, თუმცა რაღაცით წააგავს კიდევაც. ამჯერად, აშშ-ია რუსეთის ზღურბლთან, მაგრამ შეცვლილი პოლიტიკით, თანაც უხილავით და არა რაკეტებით. ამჯერადაც, პროპაგანდისტული მანქანა აშშ-ს ხელშია. ამჯერადაც, გამათრახებულია საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთი აგრესიული ზრახვებისთვის. ისე, როგორც კარიბის კრიზისის დროს, საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთი, აგებს მედიურ ომს.
ძნელია კონკურენცია გაუწიო დასავლურ პროპაგანდას – ორგანიზებულს, უხვად დაფინანსებულს, თითო-ოროლა რუსული ტელეკომპანიით ან რუსულენოვანი გაზეთით.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ-სა და მისი მოკავშირეების მცდელობა, გაეშავებინათ მემკვიდრე რუსეთი, წარმატებით გაგრძელდა – ჩეჩნეთის ომით, რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის საბაბით და ა.შ.
საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთი, ისეთივე კაპიტალისტური სახელმწიფოა, როგორც აშშ-ი, სხვა ქვეყნები. აღარ არის კომუნისტური იდეოლოგია. რუსეთის დღევანდელი იდეოლოგია ფულია, ისე, როგორც დასავლეთის. მილიარდერთა რაოდენობით რუსეთი მხოლოდ აშშ-ს და ჩინეთს ჩამორჩება. ასე, რომ სოციალისტურ-კომუნისტური სისტემა არაფერ შუაშია, სახეზეა მსოფლიო ჰეგემონიზმი.
საბჭოეთის დაშლის შემდეგ მსოფლიოს ერთმმართველად მოვლენილი აშშ-ი ვერ ეგუება წინააღმდეგობას და მოწინააღმდეგეთა მოწოდებას ერთპოლუსიანი მსოფლიოს, მრავალპოლუსიანად გადაკეთებისთვის. ვაშინგტონის სურვილია, მთელმა მსოფლიომ იაზროვნოს ისე, როგორც თვით აზროვნებს; უყოყმანოდ შეასრულოს მისი დავალება; ყველამ იომოს იქ, სადაც ვაშინგტონს სურს; მტრად შერაცხოს ყველა, ვინც ვაშინგტონის დიქტატს არ ემორჩილება.
ვაშინგტონის მსოფლიო ბატონობას უზრუნველყოფს დახვეწილი სამხედრო მანქანა, მსოფლიოში განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზები, ბირთვული იარაღი, საფინანსო სისტემა – მსოფლიო ბანკითა და სავალუტო ფონდით. ვაშინგტონის ჰეგემონიზმის განმტკიცებას ხელს უწყობენ მისი ნატოელი და ევროკავშირელი მოკავშირეები. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მტრისა და მოყვრის 24-საათიანი მოსმენა, მართული მედია.
საბჭოეთის დაშლის შემდეგ ვაშინგტონის ყურადღების სრული კონცენტრაცია პოსტსაბჭოთა სივრცის ათვისებაზე იყო მობილიზებული. იმჟამინდელმა, ელცინის სუსტმა რუსეთმა, რომელიც შვებას და დახმარებას ვაშინგტონში ეძებდა, იმდენად დააჩაჩანაკა რუსეთის პოზიციები, განსაკუთრებით საერთაშორისო არენაზე, მის აზრს არც არავინ კითხულობდა. რუსეთის სისუსტემ მძიმე შედეგები გამოიღო არა მარტო ევროპაში, არამედ ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, შორეულ აღმოსავლეთში. მარტო იუგოსლავია რად ღირს! აშშ-ა და ნატომ თავს უფლება მისცეს ბომბებით გასწორებოდნენ მილოშევიჩის რეჟიმს.
მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა, მაგრამ დაშლილ იუგოსლავიაში ჯერაც არასახარბიელო ურთიერთობებია.
მძიმე ვითარებაა ნაომარ ერაყში, სადაც არა მარტო რელიგიურ ნიადაგზე გაღვივებულ დაპირისპირებას აქვს ადგილი, არამედ გაქანებულ სეპარატიზმსაც.
არაბულმა რევოლუციებმა, თავისებურად ინსპირირებულმა აშშ-ს სპეცსამსახურების მხრიდან, ცხოვრებისთვის გაუსაძლისი პირობები შექმნა. ანალოგიური ვითარებაა ლიბიაში, სირიაში. იქ სადაც აშშ-ი აქტიურად იყენებს ფარულ თუ ღია მეთოდს საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად. ვაშინგტონის ხელი იგრძნობა ყველგან და განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში.
რუსეთის სისუსტით გამოწვეულმა ინდიფერენტიზმმა ხელ-ფეზი გაუხსნა ამერიკას აქტიური, ფარული ოპერაციების განხორციელებაში, რასაც მოჰყვა ფერად-ყვავილოვანი რევოლუციები. მათგან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი საქართველოსა და უკრაინაში. ცხადია, რევოლუციები უხილავი ამერიკული ძალის ხელშეწყობით განხორციელდა, რომელშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა ადგილობრივი კადრების ამერიკულად აღზრდას, რევოლუციებისთვის საჭირო ტექნოლოგიების სწავლებას, ტრენინგებს და სხვა.
რუსეთს, საკუთარი შიდა პრობლემებით დაკავებულს, არ ეცალა სერიოზული წინააღმდეგობის გაწევისთვის. თვით რუსეთში მომძლავრდა აშშ-ნ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა. გაიზარდა დასავლური ცხოვრებისა და ღირებულებების მეხოტბე ჟურნალ-გაზეთების ტირაჟები; გაფართოვდა ანტირუსულად, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ტელე-რადიო გადაცემების რაოდენობა; გააქტიურდა საბჭოთა სისტემის დამგმობი პროპაგანდა; ზენიტში ავიდა დასავლური ღირებულებების ქებათაქება.
რუსეთის ხელისუფლებამ ვერაფერი ქმედითი ვერ დაუპირისპირა არასამთავრობო სექტორის მიერ ქადაგებულ ანტისამთავრობო რიტორიკას. შიდა საკითხებზე გადატანილმა ყურადღებამ, გზა გაუხსნა პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ს უკონკურენციო მოქმედების. მან არა მარტო პოლიტიკური ელიტის აღზრდა მოახერხა, არამედ ხელისუფლებაშიც მიიყვანა – მოლდოვაში, საქართველოში, უკრაინაში.
და როდესაც 2004 წლის რევოლუციებმა ისე ვერ გაამართლა, როგორც ვაშინგტონს სურდა, დაიწყო ახალი ეტაპი პოსტსაბჭოთა სივრცის ათვისებისა. ამ მხრივ გამოვყოფდი უკრაინას. უკრაინა სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს რუსეთის სიმტკიცეში. დასავლეთისთვის ეს ყოველთვის იყო ცნობილი. „რუსეთის წაქცევა გაცილებით იოლი იქნება, თუ მას უკრაინას ჩამოვაშორებთ“, – ამბობდა ბისმარკი.
რუსეთის დასასუსტებლად და დასაშლელად ევროპაში ფეხშედგმული ამერიკაც უკრაინის რუსეთისგან მოგლეჯვას მიიჩნევდა. მაგრამ ეს იყო წარსულში. არის თუ არა რუსეთისთვის, უკრაინის წართმევის თემა აქტუალური, დღეს?!
არის და არა ნაკლებ, ვიდრე იყო წარსულში. საბჭოეთის დაშლისთანავე უკრაინის წაგლეჯვის თემამ სხვა ელფერი შეიძინა. თვით ამერიკელთა განცხადებით, უკრაინაში ანტირუსული „ბაცილის“ გაღვივებას 5 მილიარდი დოლარი დასჭირდა. ვაშინგტონმა გამოიყენა დასავლეთ უკრაინის ნაციონალიზმი, ანტირუსული განწყობა, კორუმპირებლობა. ამერიკელი ექსპერტების მეცადინეობით უკრაინაში შეიქმნა ის, რასაც მაიდანი ჰქვია.
იატაკქვეშა ამერიკულ ქმედებას რუსეთმა ვერაფერი დაუპირისპირა. უფრო მეტიც, დასავლეთი, მას ყასიდად ეკითხებოდა აზრს უკრაინასთან მიმართებაში. და მოხდა ის, რაც მოხდა, ანუ პრეზიდენტ იანუკოვიჩის ჩამოგდება, „რევოლუციური“ მთავრობის აღზევება. და ამერიკელთა მხრიდან ანტირუსული პოლიტიკის გატარება – რუსული ენის აკრძალვის მცდელობით დაწყებული, უკრაინის, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობით დამთავრებული.
„რევოლუციურმა“ დასავლეთ უკრაინამ, აშშ-ს სპეცსამსახურების, პოლიტიკოსების, ექსპერტების, ჟურნალისტების აქტიურობით, არათუ ლეგიტიმური ხელისუფლება დაამხო, არამედ რუსულენოვან მოსახლეობასაც გაურთულა ცხოვრება.
რა მიიღო უკრაინამ დამოუკიდებლობის 23 წელიწადის განმავლობაში? როგორც უცხოელი, ისე უკრაინელი ექსპერტების მიხედვით, კარგი არაფერი. უკრაინის ეკონომიკა, აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი, მხოლოდ რუსეთის შეკვეთების შესრულებით ცდილობს უკრაინის ეკონომიკური მდგომარეობის რაღაც დონეზე შენარჩუნებას. ერთ დროს, 45-მილიონიანი მძლავრი საბჭოთა რესპუბლიკა – მრეწველობითა და სოფლის მეურნეობით განთქმული, მარცვლეულის, განსაკუთრებით ხორბლის საშური მწარმოებელი, მძიმე კრიზისშია.
რა მიიღო უკრაინამ? ოლიგარქიული მმართველობა, მილიონერ-მილიარდერების ქვეყანა, სახალხო დოვლათის დატაცებით გასუქებული. დღეს, სენსაციურად აჩვენებენ პრეზიდენტ იანუკოვიჩის საკუთარ საცხოვრებელ სასახლეს, მაგრამ ვნახოთ როგორ ცხოვრობენ ხელისუფლებაში მისული „რევოლუციონერები“.
ტელეკამერამ აღბეჭდა იულია ტიმოშენკოს ვილა. ისიც ითქვა, რომ ეს ვებერთელა სახლი ერთ-ერთია მხოლოდ. უკრაინის პროკურატურა ტიმოშენკოს მილიონობით დოლარის მითვისებაში დებს ბრალს. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა პოროშენკოს სვეტებიანმა სასახლემ, იაცენუკის ვილამ და ა.შ. საიდან ასეთი სიმდიდრე? ამაზე ნამდვილად ვერავინ იტყვის – ბებიამ დამიტოვა ან პატიოსანი შრომით შევიძინეო.
და ეს ყველაფერი ხდებოდა ოკეანისგადაღმული მასწავლებლების თვალწინ, ევროკავშირის მაღალჩინოსნების დაყვავებით, მაშინ, როდესაც უკრაინას, სისხლით და ხორცით მოძმე რუსეთის წინააღმდეგ ტრენინგებს უტარებდნენ, როდესაც ფაშისტი „ბანდერას“ მიმდევრებს რუსეთის სიძულვილს უნერგავდნენ. 23 წლის განმავლობაში ვერც აშშ-ა და ვერც ევროკავშირმა ვერ, იქნებ არ, დაინახა საით მიექანებოდა უკრაინა.
ვერ დაინახა, იმიტომ, რომ სხვა „იდეალები“ ამოძრავებდა – რუსეთის დაქცევა რომ ჰქვია – უკრაინის წართმევით, მისი ნაციონალური (შესაძლოა ფაშისტური) „ბაცილის“ გაღვივებით. ნორმალური უკრაინელები სატელევიზიო თოქ-შოუებშიც ხაზგასმით სვამდნენ ასეთ კითხვას – რა მიიღო უკრაინამ დამოუკიდებლობის მოპოვებით და თვითონვე პასუხობდნენ – მომღერალი რუსლანა და მოკრივე ძმები კლიჩკოები.
მშრომელი აღმოსავლეთი უკრაინა, რუსული მოსახლეობით გაჯერებული, ყოველთვის მიიჩნევდა და მიიჩნევს რუსეთს ერთადერთ დამცველად, მხსნელად. და ეს არ არის გასაკვირი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში „რევოლუციური“ სული ტრიალებს; როდესაც „რევოლუციონერები“ რუსული ენის აკრძალვას მოითხოვენ; როდესაც იმუქრებიან რუსული სკოლების დახურვით; როდესაც 10 მილიონზე მეტ რუსს ძალით აყურებინებენ კინოფილმებს უკრაინულ ენაზე; როდესაც ახალი ვიცე-პრემიერი დიმიტრი იაროში საჯაროდ ითხოვს ჟიდებისა და მოსკალების განადგურებას და ამ საქმეში დახმარებას თხოვს ჩეჩენ ბანდიტს დოკუ უმაროვს.
ეს, ის იაროშია, რომელიც დუდაევის გვერდით იბრძოდა საძულველი რუსეთის წინააღმდეგ. სწორედ მისმა და კლიჩკოს პარტიის წევრებმა ძალისმიერად დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები. იქ მომუშავე პირები ფიზიკურად შეურაცხყვეს, ზოგი რკინის ბოძს მიაჯაჭვეს, ცემეს და ყინვაში ცივი წყალი გადაასხეს.
არაადამიანურმა, ველურმა ქცევამ შეაშფოთა აღმოსავლეთ უკრაინა, ყირიმი, რუსულენოვანი მოსახლეობა. ბევრმა მათგანმა – ბოლო მონაცემებით 140 000-მა რუსეთის საზღვარი გადაკვეთა, თავის გადარჩენის მიზნით. და როდესაც ოფიციალურმა მოსკოვმა არაერთხელ მიმართა ამერიკა-ევროპას – უკრაინის ვითარების სერიოზული, საფუძვლიანი შესწავლისკენ – დასავლეთის მხრიდან იყო მონოტონური განცხადება, რომ ყველაფერი კანონიერების ჩარჩოში მიმდინარეობს.
მხოლოდ ბრმამ შეიძლება, სალაღობო გასეირნებად ჩათვალოს კიევის მაიდანზე ამერიკელი სენატორების, მათ შორის მაკკეინის მიერ მომიტინგეების მხარდაჭერა, მათი რევოლუციისკენ მოწოდება, სხვა სენატორებისა და კონგრესმენების, დიპლომატების სისტემატური ვიზიტები.
გადატრიალებამდე, სამი თვის განმავლობაში, ერთ დღესაც ისე არ ჩაუვლია, რომ მომიტინგეები არ გაემხნევებინათ ევროკავშირელ მაღალჩინოსნებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს და ა.შ.
კვირას ისე არ ჩაუვლია, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს მკაცრი ტონით ტელეფონით არ ელაპარაკა იანუკოვიჩთან. ვიცე-პრეზიდენტი იანუკოვიჩისგან ითხოვდა ძალის გამოუყენებლობას, თუმცა არაფერს ამბობდა მომიტინგეთა მიერ ძალის გამოყენებაზე. ან რა უნდა ეთქვა? ვითარება ხომ ისე მიდიოდა, როგორც ამერიკული სცენარით იყო გათვალისწინებული? ანუ კანონიერი პრეზიდენტის დამხობა და ახალი, რევოლუციური ხელისუფლების გამეფება.
დასავლეთი, რომელიც თავ-ფეხიანად იყო გადაშვებული უკრაინული რევოლუციის მორევში, მოსკოვს აფრთხილებდა – არ ჩარეულიყო უკრაინის საშინაო საქმეებში. ის, რაც დასაშვები იყო – ათასობით კილომეტრზე მყოფი აშშ-სთვის, დაუშვებელი იყო მეზობელი რუსეთისთვის.
დასავლეთმა დაამხო იანუკოვიჩის ხელისუფლება, არჩევნების გზით მოსული, იმ არჩევნებით, რომელიც აშშ-ა და ევროკავშირმა წარმატებულად ჩათვალეს. მაშ, ისეთი რა შეიცვალა ორწელიწადნახევარში იანუკოვიჩის პიროვნებაში, რომ ასერიგად გაეწირა დასავლეთს? ზოგი ამბობს ვილნიუსის სამიტის განაწყენებას, ზოგიც რას და ზოგიც რას.
ვილნიუსის სამიტზე ასოცირების დოკუმენტზე ხელმოწერის უარის თქმა, ცხადია იყო იანუკოვიჩის წინააღმდეგ აგორებული რისხვის საბაბი, მაგრამ არა მთავარი. მთავარი კი ის იყო, რომ დასავლეთმა არასანდო იანუკოვიჩის შემცვლელები გამოძებნა და მის წინააღმდეგ მომავალ წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მზადებას შეუდგა, ცხადია შესაბამისი შედეგების მიღებით, ანუ იანუკოვიჩის დამარცხებით. ვილნიუსის სამიტმა დააჩქარა ეს პროცესი.
დღეს, უკრაინის ამბუნტებელი აშშ-ი და ევროკავშირი, მშვიდობის მტრედებივით, საყოველთაოდ გაჰყვირიან რუსული აგრესიის თაობაზე, გმობენ პუტინს და რუსეთის დუმას, პუტინისთვის სამხედრო მოქმედებაში ხელ-ფეხის გახსნის გამო.
მაინც რამხელა ცინიზმია ჩაქსოვილი ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთა განცხადებაში, რომ ყირიმისა და აღმოსავლეთი უკრაინის მოსახლეობის სამართლიანი აღშფოთება უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, მისი შიში, უსაფუძვლოა და გამოგონებულია პუტინის მიერ.
დასავლეთმა აიძულა რუსეთი გადაედგა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა. საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა აშშ-ი ან ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, ამერიკელს ან ევროპელს განადგურებით რომ დამუქრებოდნენ?
საინტერესოა, რას იზამდა ობამა პუტინის ადგილზე, ამერიკელებს, რომ დახმარებისთვის მიემართათ?
საინტერესოა, რატომ გააგზავნა საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა, ყოფილ კოლონია – ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო კონტინგენტი?
მაგრამ, როგორც ჩანს, ის, რაც დასაშვებია დასავლეთისთვის, დაუშვებელია რუსეთისთვის. რუსეთს ძვირად დაუჯდება უკრაინაში შეჭრაო, – ბრძანა ობამამ.
თუ რამ ძვირად დაუჯდება რუსეთს, უკრაინის დაკარგვაა. შენელდება ყურადღება უკრაინის მიმართ, ფრონტის ხაზი რუსეთისკენ გადაიწევს და რომ ეს არ მოხდეს, პუტინმა მიიღო მძიმე, მაგრამ საკუთარი ქვეყნის გადასარჩენი გადაწყვეტილება.
რუსეთის დაქუცმაცების პროექტი კარგა ხანია არსებობს ვაშინგტონში, რაც თავისთავად იწვევს კრემლის ობიექტურ რეაგირებას.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.