ე.წ. დემოკრატიის ორმაგი თამაში
სირიის მოვლენებმა გონიერ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, ვინ და როგორ იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ; ვინ და როგორ იცავს დემოკრატიას და აქედან გამომდინარე, რას ნიშნავს სინამდვილეში ეს ყბადაღებული სიტყვა.
გონიერმა მსოფლიომ კარგახანია გაიგო, რომ ქვეყანა, რომელიც სისტემატურად ხმარობს სიტყვა „დემოკრატიას“, შორს არის მისი შინაარსისგან და მას (სიტყვას) სხვის დასასჯელად იყენებს. დაუმატებს სიტყვა „დემოკრატიას“ „არა“-ს, გადააქცევს მას „არადემოკრაიულად“ და გზა ხსნილია მთელს მსოფლიოში ასეთის გასაშავებლად, დასაწიხლად, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სხვის მიმართ ამ სიტყვის გამომყენებელი, მსოფლიოს პირველი ქვეყანაა – შესაბამისი პროპაგანდისტული მანქანით.
გამოწერს არადემოკრატიულობის რეცეპტს დიდი ამერიკა და უმალ აღაღადდება მისი თანამგზავრი ქვეყნები ზუსტად ისე, ხშირად მასზე მეტად, რათა კარგად ასიამოვნონ ე.წ. დიდ პარტნიორს. უყურებს ამას გონიერი დანარჩენი მსოფლიო და უკვირს – რაოდენ მერკანტილური მიდგომა უნდა ჰქონდეთ თანამგზავრ ქვეყნებს – ნებისმიერ დროს, ნებისმიერ შემთხვევაში „დიდის“ მიმართ კვერის დასაკრავად.
იტყვის აშშ-ი – სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი საკუთარი ხალხისთვის გენოციდის მომწყობია და უმალ კვერს უკრავენ თანამგზავრი ქვეყნები. იტყვის აშშ-ი, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაღებული ვიდეო და ფოტომასალა – „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიიდან თურქეთში ავტოცისტერნების შესვლის თაობაზე, საეჭვოა და უმალ აჰყვებიან მას მოკავშირეები.
არადა, როგორც აშშ-ს, ისე მის მოკავშირეებს კარგად მოეხსენებათ არა მარტო ავტოცისტერნების თურქეთში შესვლის, არამედ თურქეთიდან „ისლამურ სახელმწიფოში“, ჯიჰადისტების, იარაღის, საბრძოლო მასალების შესვლის თაობაზეც.
აშშ-ი წელიწადნახევარია „იბრძვის“ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, მაგრამ ე.წ. სახელმწიფოს არავითარი ზარალი არ მიდგომია, პირიქით ამ ხნის განმავლობაში მან უკვე დაპყრობილ სირია-ერაყის ტერიტორიებს, ახალიც დაუმატა. სირიაში, რუსეთის სამხედროთა გამოჩენის შემდეგ შეიცვალა ვითარება.
რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა არა მარტო „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე არსებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაჰკრეს, არამედ ბენზინგადამტან ავტოცისტრენებსაც, რამაც ერთობ შეაწუხა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მებრძოლი“ კოალიციის წევრი თურქეთი.
მაინც, რატომ უნდა შეწუხებულიყო თურქეთი – ტერორისტებთან მებრძოლი ქვეყანა, რუსეთის შეტევისგან? მარტივი მიზეზის გამო – თურქეთი, არათუ ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“, არამედ პირიქით – ვაჭრობს მასთან, როგორც ნავთობით, ისე სირიის ტერიტორიაზე დანგრეული უნიკალური კულტურის ძეგლების არტეფაქტებით. ორივე არალეგალური, შავი ბიზნესია, რომელითაც ხელს არა მარტო „ისლამური სახელმწიფო“ ითბობს, არამედ თურქეთის ხელისუფლება, კერძოდ პრეზიდენტ ერდოღანის ოჯახი.
დემოკრატი ამერიკა ამ არალეგალურ, ბინძურ ბიზნესს კარგა ხანია უყურებს, მაგრამ არაფერს ამბობს, რომ იტყვიან – თვალებს ხუჭავს, რაც ორი მიზეზით არის გამოწვეული: პირველი, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიმართ არცთუ მტრული დამოკიდებულებით. მეორე – თურქეთისადმი მოკავშირული განწყობით.
თურქეთი არა მარტო ანტიტერორისტული კოალიციის წევრია – კოალიციის, რომელიც აშშ-ს მიერ არის შეკოწიწებული, არამედ ნატოს წევრიც. თურქეთის წვლილი ნატოში მნიშვნელოვანია – 460000-იანი არმიით და შეიარაღებით. ამ პარამეტრებით ის მეორეა აშშ-ს შემდეგ.
თურქეთი სხვა მხრივაც მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ნ, რაც სრულ საფუძველს უქმნის აშშ-ს დემოკრატიულად მოიხსენიოს ეს ქვეყანა, მაგრად დახუჭოს თვალი მის ავ ქმედებებზე, თუნდაც ისეთზე, რუსული ბომბდამშენის ჩამოგდება რომ ჰქვია.
ქვეყანა, რომელიც ებრძვის ტერორიზმს, მეორე ქვეყანამ, რომელიც ასევე ებრძვის ტერორიზმს, არ უნდა გაწიროს. აქ, საკუთარი საზღვრის დარღვევის მაგალითის მოყვანა სრულიად გაუმართებელია, ისე, როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება – თურქეთს ჰქონდა უფლება საკუთარი საზღვრის დაცვის მიზნით რუსული თვითმფრინავის ჩამოეგდების.
საინტერესოა, აშშ-ს თვითმფრინავს რომ დაერღვია თურქეთის საჰაერო სივრცე, ისევე დაისჯებოდა, როგორც რუსეთის თვითმფრინავი?!
აშშ-ი, თურქეთს – დამნაშავეს, ტერორიზმთან მჭიდრო კავშირებში მყოფ ქვეყანას, თავზე ხელს უსვამს, რაც ათამამებს ოფიციალურ ანკარას და ახალი „საგმირო“ საქმეებისთვის განაწყობს. სულ ახლახანს, თურქეთის სახმელეთო ძალებმა, ტანკებით, საბრძოლო ტექნიკით, მრავალრიცხოვანი ქვეითებით გადალახეს ერაყის საზღვარი და ის ტერიტორია დაიკავეს, სადაც ქურთებია გამაგრებული.
ქურთები რახანია თურქეთს მოსისხლე მტრად მოიხსენიებენ, მაგრამ არიან ქურთები, რომლებიც ოფიციალურ ანკარასთან თანამშრომლობენ. სწორედ ასეთი ქურთების ტერიტორიაზე შეიჭრა თურქეთის არმია, მაგრამ ეს ტერიტორია ხომ ერაყისაა?!
ოფიციალურმა ბაღდადმა მოსთხოვა ანკარას ერაყის ტერიტორიის დატოვება, მაგრამ მოთხოვნა, მოთხოვნად რჩებოდა. თურქეთის პრემიერ-მინისტრი დავუთოღლუ „გაოცებული“ ამბობდა – რა უკვირს ერაყის ხელისუფლებას, ჩვენ ხომ ქურთების შეიარაღებული ფორმირების „პეშმერგას“ გასაწვრთნელად შევედით ერაყში, „პეშმერგა“ კი „ისლამურ სახელმწიფოს“ ეომებაო. ერაყის მთავრობამ კატეგორიულად განაცხადა, თუ თურქეთი არ გაიყვანს თავის ჯარს, გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს. მხოლოდ ამის შემდეგ, გადაწყვიტა თურქეთმა ჯარის გამოყვანა.
დავუთოღლუს ცინიკური განცხადება არა მარტო მისი გონების ნაყოფია, არამედ აშშ-ს პოლიტიკის, რომელიც ვერც ბენზინით დატვირთული ათასობით ავტომანქანის თურქეთში შესვლას ხედავს და ვერც ერაყში თურქეთის არმიის შეჭრას.
წუთით წარმოვიდგინოთ, რა მოჰყვებოდა რუსეთის სახმელეთო არმიის შესვლას სირიაში? როდესაც მსგავს ორმაგ სტანდარტებს უხვად აქვს ადგილი, რა გასაკვირია „ისლამური სახელმწიფოს“ არსებობა?!
სულ ახლახანს, აშშ-ი ტერორისტული აქტი განხორციელდა, რომელმაც 14 ადამიანი შეიწირა. აშშ-ს ადმინისტრაცია ყველა ხერხით ცდილობდა ტერაქტი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არ დაეკავშირებინა. ძნელია აღიარო ის, რისი აღიარებაც გაგაშავებს, მაგრამ რა გაეწყობა, როდესაც საკუთარი ცსს მოგაწვდის ცნობას აღნიშნულის თაობაზე?!
სულ ახლახანს, ტელეკომპანია CNN-მა აჩვენა დოკუმენტური ფილმი ერაყში შეჭრასთან დაკავშირებით. ფილმის ავტორის, ცნობილი პოლიტოლოგის ფარიდ ზაქარიას მიხედვით, სწორედ ერაყში შეჭრას მოჰყვა ის დავიდარაბა, რასაც ახლო აღმოსავლეთში აქვს ადგილი და რამაც გამოიწვია „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნა.
ავტორი ხაზგასმით მიუთითებს ამერიკის ოფიციალური პირების ლოიალურ დამოკიდებულებაზე ერაყში, აშშ-ს ციხეში მყოფი ელ ბაღდადის მიმართ, რომელსაც ნება ჰქონდა დართული წირვა-ლოცვა აღევლინა ციხის პატიმრებთან. ელ ბაღდადი დროზე ადრე გაათავისუფლეს ციხიდან და უსწრაფესად აღაზევეს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერად.
„დემოკრატიულ“ ამერიკას ახასიათებს მსგავსი რამ. ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდაც“ ხომ მისი შრომის ნაყოფია?!
საფრანგეთის ავიაციის გენერალი ჟან დიუ ვერდიე ამბობს, რომ ამერიკელებს გლობალური სტრატეგია არ აქვთ. „ისინი აცხადებენ, რომ სურთ „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება, მაგრამ არასაკმარისად ირჯებიან ამისთვის. არც იმას ცდილობენ გადაკეტონ „ისლამურ სახელმწიფოსა“ და თურქეთს შორის საზღვარი, რომელიც არა მარტო ტერორისტებს ატარებს, ტერორისტებისთვის – იარაღსაც“, – აცხადებს ის.
საზღვრის დაკეტვაზე ანკარამ ასე ბრძანა – ძვირია. 78 კილომეტრზე არა მარტო მავთულხლართები უნდა გაიბას, სათვალთვალო კოშკებიც უნდა დაიდგას, რასაც 3 მილიარდი დოლარი სჭირდებაო.
როგორც ჩანს, თურქეთს გაუტკბა დასავლეთთან ვაჭრობა. ჯერ იყოდა, თურქეთის ტერიტორიაზე დაბანაკებული ლტოლვილების დასამაგრებლად (ევროპაში რომ არ შევიდნენ) ევროკავშირს 3 მილიარდი ევრო და ევროკავშირში თურქთა უვიზო მიმოსვლა გამოსძალა, ახლა, ახალ სამ მილიარდს ითხოვს საზღვრის გადასაკეტად. არადა, ევროკავშირის წევრმა უნგრეთმა, ყოველგვარი ფულის მოთხოვნის გარეშე, გადაკეტა თავისი საზღვარი.
აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ევროკავშირელთა გაუმართლებელი ლიბერალიზმი თურქეთთან მიმართებაში, რაც არა მარტო 3 მილიარდის მიცემაში გამოიხატება, არამედ ვიზალიბერალიზაციაშიც.
თურქეთი, საუდის არაბეთთან და ყატართან ერთად მიიჩნევიან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მოთანამშრომლე ქვეყნებად. თურქეთის ტერიტორიიდან ხდება ახალ-ახალი საზარბაზნე ხორცის შესვლა „ისლამურ სახელმწიფოში“. საომარ მოქმედებაში დაჭრილი ჯიჰატისტები სწორედ თურქეთის საავადმყოფოებში და დასასვენებელ სახლებში გადიან მკურნალობა-რეაბილიტაციას.
ტერორისტები თავისუფლად გადადიან და გადმოდიან თურქეთის საზღვარს. მათ ასეთივე წარმატებით შეუძლიათ ევროპაში შესვლაც, თურქეთში შეძენილი ყალბი პასპორტებით. ასეთ ვითარებაში თურქეთთან დათმობაზე წასვლა სცილდება ნებისმიერი სახის ლიბერალიზმს.
ფრანგი პოლიტოლოგი ჟიულიენ ფროინდი აღნიშნავს, პოლიტიკური ხელოვნება იმაში გამოიხატება, რომ ზუსტად შეარჩიო მტერი. ხშირად ხდება ისე, რომ მტერი გარჩევთ თქვენ, როგორც „ისლამური სახელმწიფო“ და თქვენ ძალაუნებურად ემორჩილებით მას.
ფრანგი ექსპერტი ივან ბლო ამბობს, რომ რუსეთმა მკაფიოდ განსაზღვრა მტერი „ისლამური სახელმწიფო“. „აშშ-ს და მისი მოკავშირეების შეცდომა ის არის, რომ ისინი რამდენიმე მიმართულებით მიაპყრობენ ყურადღებას – ავღანელი „თალიბების“, „ისლამური სახელმწიფოს“, ბაშარ ასადის, ირანის, თუნდაც რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც სანქციების ობიექტად აქვთ გადაქცეული, რაც ხელს არ უწყობს მტრის განსაზღვრას.
„ისლამური სახელმწიფო“, სხვა ტერორისტული დაჯგუფებები არიან ჩვენი ნამდვილი მტრები, სიცოცხლისთვის სახიფათო იდეოლოგიით და რადიკალიზმით. ეს იდეოლოგია 1930 წელს შექმნა ეგვიპტელმა პროფესორმა საიდ კუტბმა. ის ყურანს ექსტრემისტულად განმარტავს. ეგვიპტის პრეზიდენტ ნასერის დროს მას სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ ამით „მოძღვრებას“ წერტილი არ დასმია.
კუტბისა და მისი მიმდევრების უსამა ბენ-ლადენისა და აიმან აზ-ზავახირის მიხედვით, დემოკრატია მკრეხელობაა, იმიტომ რომ ღმერთის უზენაესობის, ადამიანის უზენაესობით ჩანაცვლებას ცდილობს“.
ჯიჰადისტები იბრძვიან დემოკრატიის გავრცელების წინააღმდეგ ძალადობრივი გზით. რადიკალებს მიაჩნიათ, რომ სიკვდილამდე უნდა იომონ მათთან, ვინც სხვანაირად აღიქვამს რელიგიურ ტექსტებს. უპირველესად მათი მსხვერპლი თვით მუსლიმანები არიან, მაგრამ მათთან ერთად კაცობრიობა არის საფრთხის ქვეშ.
აშკარაა, რომ აშშ-ი ჯეროვნად ვერ აფასებს ისლამის საფრთხეს და მთელი ძალებით არ გადის მის წინააღმდეგ საბრძოლველად, პირიქით ცდილობს მასთან საერთო ენის გამოძებნას და ბაშარ ასადის წინააღმდეგ ამოქმედებას. და არა მარტო ბაშარ ასადის, ყველა იმათ წინააღმდეგ, ვინც ახლო აღმოსავლეთში შეეცილება აშშ-ს.
ამ თვალსაზრისით, ირანი და რუსეთი სწორედ რომ მტრებად აღიქმებიან ოფიციალურ ამერიკულ პოლიტიკაში. სწორედ აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ რუსეთი, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერთად აშშ-ს მტერია. არადა რუსეთმა, სირიაში თავისი 2-თვიანი სამხედრო მოქმედებით დაამტკიცა, თუ ვინ არის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ნამდვილი მებრძოლი.
ამერიკის პრესაში გამოქვეყნებული ანალიტიკური მასალის მიხედვით, კარგად ჩანს ოფიციალური ამერიკის დამოკიდებულება „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ. მასალა კარგა ხანია გამოქვეყნდა ანუ რუსეთის, სირიაში აქტიურ მოქმედებამდე, რომელმაც შეცვალა ვაშინგტონის გეგმები.
ამერიკელთა პროექტით, „ისლამურ სახელმწიფოს“ უნდა დაესრულებინა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დამხობა, რის შემდეგ სირია-ერაყის ტერიტორიაზე შეიქმნებოდა პატარ-პატარა სახელმწიფოები, რომლებსაც კონტროლს „ისლამური სახელმწიფო“ (აშშ-თან ჩახუტებული) გაუწევდა. თვით ამ „სახელმწიფოში“ საკადრო სელექცია განხორციელდებოდა. რეაქციულ ჯიჰადისტებს საიქიოს გაისტუმრებდნენ, ხოლო ე.წ. ლიბერალებს ხელს შეუწყობდნენ ქვეყნის ჩამოყალიბებაში.
რით არის ეს გეგმა განსხვავებული იუგოსლავიის დაშლის გეგმისგან? არც არაფრით, გარდა გეოგრაფიული მდებარეობისა. გეგმის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული თურქეთი, საუდის არაბეთი, ყატარი. ისინი, ვინც სირია-ერაყის დაშლის შედეგად მსუყე ლუკმას ელიან, ამიტომაც მათი ნებისმიერი გამოხდომა დადებითად ფასდება ვაშინგტონში. მაგრამ, არის ეს ტერორიზმთან ბრძოლა? სიტყვით – დიახ! საქმით – არა!
ასეთ ჰეგემონთან, ჩვენ რომ „სტრატეგიულ პარტნიორად“ მივიჩნევთ, არათუ საეჭვოა ნორმალური ურთიერთობა, არამედ სახიფათოც, ვინაიდან, როდის რას დაგვმართებს, ღმერთმა უწყისს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.