22.07.2024

ეროვნული დღესასწაული?

26 მაისს საქართველომ მორიგი ეროვნული დღესასწაული იზეიმა, თუმცა სრულიად საქართველომ თუ საქართველოს ხელისუფლებამ? ჩემის აზრით, ამ უკანასკნელმა, ვინაიდან ქვეყანას საზეიმო არაფერი აქვს. ზეიმი მაშინ არის, ხალხს რომ ეზეიმება და მიუხედავად რთული ეკონომიკური ვითარებისა, იმედის ნაპერწკალი უნათებს სულს. სამწუხაროდ, ასეთს ნამდვილად არ აქვს ადგილი. თუ კრიტიკულად განვიხილავთ ჩვენს ყოფას – არც ხვალინდელი დღეა სიკეთის მომასწავებელი. სიკეთე, გარჯით, ხელისუფლების პროფესიონალიზმითა და გონიერებით მოიპოვება და არა ლოზუნგური განცხადებებით, გაუმართლებელი თავდაჯერებულობით, ეგზომ დამახასიათებლით „ოცნების“ ხელისუფლებისთვის.

დამოუკიდებლად არსებობის დაწყებიდან დღემდე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, ქვეყნის ნამდვილი დამოუკიდებლობის მოპოვება და აქედან გამომდინარე თავისუფლება. დამოკიდებულობის თვალსაზრისით, დაახლოებით იგივე ვითარებაა, რასაც 1991 წლის დეკემბრამდე ჰქონდა ადგილი – სსრკ-ს პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა გორბაჩოვმა, სატელევიზიო გამოსვლაში რომ საბჭოთა რესპუბლიკებს გზა დაულოცა დამოუკიდებლად არსებობაში.

მანამდე გამსახურდიას ხელისუფლებამ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და ამასთანავე, ვითომ დამოუკიდებლობა. მაგრამ ვერვინ დამარწმუნებს, რომ კრემლის სხვაგვარი, საწინააღმდეგო მიზნების შემთხვევაში, რომელიმე საბჭოთა რესპუბლიკა, მათ შორის ბალტიისპირეთის, ასე იოლად ეღირსებოდა საბჭოთა კავშირიდან გასვლა.

საბჭოთა კავშირის დაშლა დიდი გეოპოლიტიკური თამაში იყო – ლიბერალი საბჭოთა კომუნისტების მხრიდან წამოწყებული. „პერესტროიკა“, „გლასნოსტი“, გორბაჩოვისეული სხვა მოწოდებები დასავლური ცხოვრებისა და ღირებულებებისადმი ლოიალური დამოკიდებულების ამსახველი იყო, ამასთანავე თვალთმაქცობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რომელმაც 1991 წლის დეკემბრამდე ჩატარებული რეფერენდუმით დაადასტურა  საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მტკიცე სურვილი.

რა გაეწყობა, მოხდა ის, რაც მოხდა, თუმცა გაცილებით უმჯობესი იყო ჩინეთისთვის მიბაძვა და მთავარი აქცენტი არა პოლიტიკურ ლაქლაქზე გადატანა – ზოგმა დემოკრატიად რომ აღიქვა, არამედ ჩავარდნილი ეკონომიკის ამოქაჩვა, საბჭოთა კავშირიდან გასვლის შესაბამისი მექანიზმის შექმნა, გარკვეული ვადის დანიშვნა – 3-5 წელი, უმტკივნეულო გაყრისთვის. სამწუხაროდ, ამას ადგილი არ ჰქონია და ნანატრი დამოუკიდებლობა ისე დაგვაცხრა თავს, როგორც აყვავებულ ველ-მინდორს შავი, სეტყვის მომასწავებელი ღრუბელი.

საქართველოს ხელისუფლება – დამოუკიდებლად არსებობას დახარბებული, უმალ წყვეტს თითქმის ყველა ეკონომიკურ-საფინანსო კავშირებს ყოფილ ძმებთან და თავის გადასარჩენად დასავლეთისკენ – თურქეთის სახით, მიექანება. გულუბრყვილო ხელისუფალთ, მათ შორის „გამოცდილ“ შევარდნაძესაც, ჰგონია, რომ დამოუკიდებელი და ევროპა-ამერიკისკენ 180 გრადუსით შებრუნებული საქართველო, დასავლეთისთვის ჩასახუტებელი ქვეყანა იქნება. ის, ანუ დასავლეთი გვაჭმევს, გვასმევს, მოგვეფერება, დააფასებს ქართულ კულტურას, ისტორიას და „ღმერთის წილხვედრობას“, მილიონობით დოლარით ხელს გაგვიმართავს.

მაშინ სხვა წარმოდგენა გვქონდა ამერიკა-ევროპაზე, რაც დღესაც შემორჩენილია ახალგაზრდებსა და გონდაკარგულ ზოგიერთ არახალგაზრდას შორის. საქართველოს პოლიტიკას, მათ შორის „გამოცდილ“ შევარდნაძესაც ეგონა, რომ ნატო თვით შემოგვთავაზებდა გაწევრებას – უმალ, დაუყოვნებლივ, ოღონდ ჩვენ ფიცი დაგვედო – შორს რუსეთიდან და ამ ფიცის დასამტკიცებლად გველანძღა გუშინდელი „დიდი ძმა“ – დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად.

ყოველივე აღნიშნულიდან რაც შემოგვრჩა, რუსეთის გინებაა. ამ საქმეში ისე გავიწაფეთ, ტოლს არ ვუდებთ უკრაინას. საქართველო ისევ დასავლეთისკენ მიდის, ხელისუფალთა უხვი დაპირებებით, ბრტყელ-ბრტყელი ლოზუნგებით, ლაპარაკით და როგორც ვატყობ, ასეც გაგრძელდება კარგა ხნის განმავლობაში.

„ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიზანი არის სწორედ ის, რისთვისაც ჩვენ ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს“, – ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი.

მთავრობის სხვა წევრები თავხედურად უმტკიცებენ საზოგადოებას, რომ რასაც ისინი აკეთებენ უაღრესად მნიშვნელოვანი და წარმატების მომტანია. ოფიციალურ აზრს მხარის დაჭერა სჭირდება ექსპერტების, საზოგადოების მხრიდან – აი, ასეთი: „პუტინის რუსეთის სისტემური სისუსტე, როგორც ჩანს, იმდენად მყარი მოცემულობაა, დღეს ქართული პოლიტიკის მხრიდან ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა ისტორიული განვითარების პარადიგმის შეცვლა და ისევ რუსულ ორბიტაზე დაბრუნება“ (დავით ავალიშვილი).

ძნელია ამ პირის დარწმუნება, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება სულაც არ ნიშნავს რუსეთის, აშშ-ს, ევროკავშირის ორბიტაზე ყოფნას. დამოუკიდებლობა – ყველას აზრის გათვალისწინებას ნიშნავს და შესაბამისი დასკვნების გამოტანას – ისეთის, საკუთარ ქვეყანას რომ არ დაამცირებს, ისე როგორც ეს არის აღბეჭდილი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გადაღებულ ფოტოსურათზე. ოღონდ საქართველოს ხელისუფლებამ რამე დადებითი გააკეთოს ქვეყნისთვის და არ დავეძებთ – კვირიკაშვილი ტრამპის მაგიდასთან დასჯილ მოწაფესავით იდგება თუ გამარჯვებული რაინდივით.

არვინ იცის ტრამპისა და კონგრესის გადაწყვეტილება ყოფილ ავტონომიებთან დაკავშირებით რამდენად შესრულდება. დასჯის თუ არა ტრამპი ფინანსურად იმ სახელმწიფოს, ვინც საქართველოს ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობას აღიარებს?

ერთი წლის განმავლობაში ვაკვირდებით ტრამპს, მისი ჭკუა-გონების სლალომურობას, რაც სულაც არ გვისახავს იმის იმედს, რომ დღევანდელ ნათქვამს, ხვალ არ გადათქვამს. წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომ სულ სხვა შინაარსისაა, ვიდრე დღევანდელი, მტკიცება არ სჭირდება. მხოლოდ ერთშია ტრამპი თანმიმდევრული – მომჭირნეობაში.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის ამბობდა, რომ დახმარებას შეუმცირებდა საზღვარგარეთის ქვეყნებს, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. მომავალი წლის საბიუჯეტო კანონ-პროექტის მიხედვით საქართველო – ნაცვლად არსებული 80,605 მილიონი დოლარისა – 34,1 მილიონ დოლარს მიიღებს; სომხეთი – ნაცვლად 20,367 მილიონისა – 6,8 მილიონს; აზერბაიჯანი – 10,2 მილიონისა, 1 მილიონს. სხვა ქვეყნებს არ ჩამოვთვლი. რას ნიშნავს ეს, თუ არა პოსტსაბჭოთა სივრცისადმი ზედაპირულ დამოკიდებულებას?

წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი აცხადებდა, რომ ამერიკას არაფერი ესაქმება უკრაინაში, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ხოლო ბალტიისპირა ქვეყნებზე ის აცხადებდა, რომ ავანტიურისტები არიან და მათ შეუძლიათ ამერიკა-რუსეთის სამხედრო დაპირისპირების გამოწვევა.

წინასაარჩევნო განცხადებების გაგრძელებად უნდა ჩავთვალოთ ტრამპის დებიუტი ნატოს ახალ შტაბ-ბინაში – ბრიუსელში. იქ შეკრებილი ნატოს წევრი სახელმწიფოები დიდის იმედით ელოდნენ ტრამპის დამოკიდებულებას ნატოს წესდების მე-5 პუნქტისადმი – ყველა ერთისადმი, ერთი ყველასთვის. ამერიკის პრეზიდენტს სიტყვაც არ დაუძრავს ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ, არაწევრი ქვეყნების მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში დაიცავს თუ არა ამერიკა მათ.

არადა, რა გულის ფანცქალით ელოდნენ ახალი ბატონის დამოკიდებულებას ამ პუნქტისადმი. განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდათ ბალტიისპირა ქვეყნებს და პოლონეთს – აშკარად ანტირუსულად განწყობილებს. ტრამპმა თავი შეიკავა. აი, რაც შეეხება საწევროების გადახდას – ტრამპი იყო მკაცრი. მან მოუწოდა ყველას გადაიხადონ საწევრო – ეროვნული შემოსავლის 2%. 28 წევრიდან 23 არ იხდის, საკუთარი თავდაცვისთვის, რაც ამერიკელი გადასახადების გადამხდელების აბუჩად აგდებააო – თქვა მან. აშშ-ი იხდის ნატოს ხარჯების 70%. 23 ქვეყანა, მათ შორის გერმანიაც, თავს არიდებს გადახდას.

წინასაარჩევნო გამოსვლებში ტრამპი ამბობდა – თუ არ გადაიხდიან, აშშ-ი დატოვებს ნატოს. რა იქნება არ გადახდის შემთხვევაში, მომავალი გვიჩვენებს.

ტრამპმა მოითხოვა ნატოს ჩართვა ტერორიზმთან ბრძოლაში, რაც ამ უზარმაზარი ორგანიზაციისთვის შეუძლებელია. ნატო – საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგოდ იყო შექმნილი. მისი მრავალწლიანი მოქმედება სხვაგვარ პრინციპებს ექვემდებარება. ტერორიზმთან ბრძოლა სულ სხვა ცოდნას მოითხოვს, რაც ამ ეტაპზე ნატოსთვის განუხორციელებელია. გარდა ამისა ტერორიზმთან ბრძოლა მსხვერპლსაც მოითხოვს – ავღანეთში, ერაყში, სირიაში ანუ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას.

ბრიუსელი ფეხს ითრევს და არ სურს ამ საქმეში ჩართვა, ვინაიდან ვერც ერთი ნატოს წევრი ქვეყანის ხელისუფლება ვერ შეძლებს საკუთარი თავის დაცვას შინ აგორებული კრიტიკიდან – თუნდაც ერთი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვიდან გამომდინარე. საქართველო და მისი ჯანი, ამიტომაცაა ნატოს შტაბ-ბინის მხრიდან ესოდენ საქებარი სიტყვები საქართველოს მიმართ.

ნატოს სამიტი – უფრო საპატარძლოს ნახვას წააგავდა, ვიდრე საქმიან შეხვედრას, უფრო სწორად – ბოსის მიერ ხელქვეითებთან გასაუბრებას და იმის ხაზგასმას, თუ ვინ არის ოჯახში უფროსი. საცოდავ შთაბეჭდილებას ტოვებდა 28 „დამოუკიდებელი“ ქვეყნის მეთაურის ბოსის თვალებში ციცინი.

ბრიუსელის სამიტმა და სიცილიის „დიდი შვიდეულის“ შეხვედრამ დაგვანახა, რომ აშშ-ი არის სუპერსახელმწიფო, მთის მწვერვალზე ასული, ხოლო დანარჩენი ქვეყნები სადღაც ქვევით არიან – მწვერვალზე მყოფთან მონურ მორჩილებაში. ამ რეალობას ვერაფრით ვუწოდებ თანაფარდობას, დემოკრატიას, თუნდაც თავისუფლებას. ექნებათ იმდენი „თანაფარდობა“, რამდენსაც აშშ-ი ისურვებს, თუ არ ისურვა, არც არაფერი ექნებათ.

აი, ასეთი „დემოკრატიისკენ“ მიისწრაფვის საქართველოს ხელისუფლება – მოჩვენებითის, ზედაპირულის, ტყუილი დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ. ასეთ „დემოკრატიას“ ესაჭიროება სახალხო ზეიმები, ისეთი, როგორიც „ოცნების“ ხელისუფლებამ ჩაატარა 26 მაისს, ისეთი, რომელსაც სააკაშვილი ატარებდა, მანამდე კი შევარდნაძე – დიდი ფულის ხარჯვით, ვიღაც ხელმრუდეთათვის ხელის გამართვით.

სტალინმა 1945 წლის ფაშიზმზე გამარჯვების პარადი ერთხელ ჩაატარა. მას შემდეგ ის, არვის გახსენებია. მხოლოდ ბრეჟნევის დროს აღდგა ეს ზეიმი. სტალინი მიიჩნევდა, რომ ფაშიზმის შემოსევისგან დანგრეულ ათასობით ქალაქსა და სოფელს პარადით ვერ აღადგენდა. შრომა იყო საჭირო და თითოეული კაპიკის მიზნობრივი გამოყენება.

დღევანდელი საქართველო უდავოდ შორსაა „ზეიმობისგან“. ხალხს შია, სწყურია, სანაგვეში იქექება – ასეთ დროს რა აზეიმებს. ზეიმი ხელისუფლებისთვის არის – აი, მათ უდავოდ ეზეიმებათ და რახან ასე სურთ, უმჯობესი იქნებოდა საზეიმო შეკრების რომელიმე სტადიონზე გამართვა, კონცერტის იქვე მოწყობა და არა 26 მაისამდე 4 დღით ადრე ქალაქის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა, სცენის აღმართვა, მთელს ქალაქში ტრანსპორტის საცობების ხელოვნური შექმნა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.