27.12.2024

ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით

ბოლო 15-20 წლის განმავლობაში უცხოეთიდან შემოსული ცნობები – „გასახარი და იმედისმომცემი“ რომ პოზიტიურ განწყობას არ იწვევს მკითხველში, გასაკვირი არ არის. თუ წლების განმავლობაში მიღებულ მესიჯებს გადავავლებთ თვალს და მათში გაჟღერებულ „წარმატებებს შევადარებთ რეალობას, დასამშვიდებელს ვერაფერს დავინახავთ. რასაც ვნახავთ – არის შემდეგი – მესიჯი, მესიჯისთვის, მძიმე რეალობა ხალხისთვის.

უფრო კონკრეტულად – პოზიტიური პათოსით გაჯერებული მესიჯი ხელისუფალთათვის, მათი ნათესავებისა და ახლობლებისთვის, დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოებისა და საბანკო სისტემის მუშაკებისთვის. დანარჩენთათვის ის რეალობა, რაც უდავოდ არ ჯდება იმ სათაურის შინაარსში, ერთმა გაზეთმა რომ ევროკომისიის 2017 წლის 10 ნოემბრის ანგარიშს წარუმძღვარა: „საქართველო რეგიონში უმთავრესი სტრატეგიული და უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია“.

ა.წ. 10 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე, რომელიც 2016 წლის დეკემბრიდან, 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს. ანგარიშის მიხედვით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები „უფრო ინტენსიური“ გამხდარა, რისთვისაც დიდი სტიმული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მიუცია. ეს კი საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი რეფორმების შედეგია.

ევროკავშირ-საქართველოს „ინტენსიური“ ურთიერთობებიდან გამომდინარე უვიზო რეჟიმის შემოღების გარდა, სხვა არაფერია. კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. იმთავითვე ვამბობდი, რომ უვიზო მიმოსვლის შემოღება უკრაინა-მოლდოვა-საქართველოსთან ევროკავშირის დამსახურებაა და არა აღნიშნული სამეულის, ვინაიდან ევროკავშირის უმთავრესი პოლიტიკური მიზანი განხორციელდა, რასაც რუსეთის ალყაში მოქცევა და ამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთის საზღვრებთან პრობლემების შექმნა ჰქვია.

ევროკავშირის მთავარი მიზანი იყო, არის და იქნება რუსეთის გავლენის შემცირება ყოფილ საბჭოთა სივრცეში, მათ შორის ზემომოყვანილ ქვეყნებში. ამ საქმეში უდიდეს როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველო, რაც დაფასებულია ევროკომისიის მიერ ისეთი წამახალისებელი სიტყვებით, როგორებიცაა „ევროკომისიის უმთავრესი სტრატეგიული და უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი რეგიონში“.

ევროკომისიის ანგარიშმა უმალ გამახსენა ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, პუბლიცისტის, აშშ-ს საიდუმლო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ჯონ პერკინსის წიგნი „Confessions of an Economic Hit Man“, რომელშიც ავტორი მის მიერ გავლილ ცხოვრებას ასახავს.

მაინც, რა ცხოვრებაზეა ლაპარაკი?

იმაზე, რაც ავტორმა გაიარა სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის დროს – როგორც აშშ-ს მიერ მივლინებულმა ეკონომიკურმა ექსპერტმა.

რა იყო მივლინების მიზანი?

მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკის განადგურება. ეს პროცესი უცბად არ მიიღწეოდა. დასახული მიზნის გასახორციელებლად შრომატევადი საქმე იყო გასაკეთებელი, რაც თავისთავად მოითხოვდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, შესაბაბის წრეებთან, ეკონომისტებთან, პოლიტიკოსებთან მუშაობას, მათი ნდობის მოპოვებას, ფინანსურ მოხიბლვას.

ეს მუშაობა წარმატებით ჩაატარა ბატონმა პერკინსმა ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში და არა მარტო იქ, სხვაგანაც, რის შედეგად ეს ქვეყნები გაკოტრებული აღმოჩდნენ და ვალების დაფარვის მიზნით, იძულებული გახდნენ ქვეყნის უძრავი ქონება, მიზერულ ფასებში, ხშირად უფასოდაც, ვალის გასტუმრების მიზნით ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის გადაეცათ. გაკოტრებამდე კი სულ მუდამ იყო ლაპარაკი ამ ქვეყნების წარმატებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, სხვადასხვა რეიტინგებში მოწინავე ადგილების დაკავებაზე და ა.შ.

პერკინსმა ვერ გაუძლო ამერიკული ისტებლიშმენტის ცინიზმს, დაუნდობელ პოლიტიკას – მიმართულს მესამე სამყაროს ეკონომიკური მკვლელობისკენ და მიატოვა მაღალანაზღაურებადი პრესტიჟული სამსახური და მსოფლიოს აჩუქა წიგნი „ეკონომიკური მკვლელი“ („Confessions of an Economic Hit Man“), თავისი ავტორობით.

რაღაც მსგავსი რამ ტრიალებს ჩვენს თავს, მოტყუების თვალსაზრისით, თორემ საქართველო რომ ევროკავშირის „უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი“ არ არის და ვერც ვერასოდეს გახდება – ფაქტია.

ევროკომისიის შექებას ზოგი რეალობად აღიქვამს, თან იმასაც ამბობს – ხედავთ, რა მაგრები ვართო, მაგრამ ზოგი სკეპტიკურად უყურებს ამ ამბავს, ვინაიდან ნათლად ხედავს რა დღეშიც ვართ. საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც დიდი ძალისხმევით შეძლო საბჭოთა პერიოდში აშენებული მძიმე, მსუბუქი, კვების მრეწველობის ქარხნების, ფაბრიკების, საწარმოების დანგრევა-განადგურება და უცხოეთში ჯართად გაყიდვა.

1991 წლიდან ვანგრევთ მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, ხელოვნებას, მეცნიერებას, კულტურას, განათლების სისტემას და მათ ნაცვლად ახალს არაფერს ვქმნით. ნგრევის პროცესი, სწორედ დასავლელთა რჩევით, კარნახით მიმდინარეობს, იმ დასავლელთა, ვინც ხოტბას გვასხამს „წარმატებული“ ეკონომიკისთვის.

სულ ახლახანს, ამერიკაში მყოფი პირველი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ქუმსიშვილი აქეს და ადიდეს ხელისუფლების წარმატებული საფინანსო პოლიტიკის გამო.

რა რეალობაც არის შექმნილი ქვეყანაში ყველამ კარგად ვიცით და რაც მთავარია მტკივნეულად ვგრძნობთ – ლარის გაუფასურებით, პირველი მოთხოვნილების საგნებზე, კვების პროდუქტებზე, მომსახურებაზე და ა.შ. ფასების მატებით. აშშ-ს ადმინისტრაციამ იცის რა ხდება საქართველოში და ნაცვლად იმისა კრიტიკულად შეახუროს ხელისუფლება უნიათო საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის გამო, პირიქით აქებს, რითაც ადუნებს მის ყურადღებას და სტიმულს აძლევს მეტი სისულელეების კეთებაში.

აი, ერთი მაგალითი: „საქართველო არის სტაბილური დემოკრატია, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა; მოქმედებს ღია ბაზარი, სადაც დაცულია ექსპორტიორების უფლებები; ქვეყანაში არის ლიბერალური ეკონომიკა; …“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ბანკირებთან შეხვედრის დროს.

სხვათაშორის, ამერიკელ კონგრესმენთა ერთმა ჯგუფმა განაცხადა – კანონის რა უზენაესობას აქვს ადგილი ჩვენში; ან ბიზნესის დაცვის რა მექანიზმი მოქმედებს და მოითხოვა ამ საკითხების, მასთან ერთად კორუფციის მაგალითების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა.

კორუფცია ყველა ქვეყანაშია – აყაყანდა უმრავლესობა. კონკრეტული მაგალითები დაგვიდონ და მერე ვილაპარაკოთო – ამბობდნენ ისინი.

უდავოდ მისასალმებელია კრიტიკოსი კონგრესმენების განცხადება, მაგრამ ზღვაში წვეთია მაქებარი კონგრესმენებისა და ადმინისტრაციის უმრავლესობის ფონზე.

დავუბრუნდეთ ევროკავშირთან წარმატებული ვაჭრობის თემას. რა წარმატებულ ვაჭრობაზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანას სავაჭრო პროდუქცია არ გააჩნია?!

საქართველო არ აწარმოებს ისეთ საქონელს, ევროკავშირის ბაზარზე რომ გაიტანოს. მიზერული რაოდენობის ღვინო, რომელიც ლამის ჯიბით ჩაიტანონ ჩვენმა მოხელეებმა ევროპაში, არაფერია წარმატებული ვაჭრობისთვის. ჯართიც აღარ არის – რაც იყო, ცენტებზე გაიყიდა. მინერალური წყლები, ისიც შეზღუდული რაოდენობით თუ გადის, დიდი არაფერი შეღავათია ქვეყნისთვის. მაშ, რა ვაჭრობაზე ლაპარაკობს ევროკომისია?

იმაზე, რაც არ არის თუ იმაზე, რაც პერსპექტივაში შეიძლება იყოს? პერსპექტივაც რომ ვირტუალურია და ნაკლებად დამაიმედებელი?

პროდუქციის წარმოებისთვის საწარმოა საჭირო, რაც დაფინანსებას, კადრების მომზადებას, გასაღების ბაზრის მოძიებას, რეკლამას და სხვა მრავალ მსხვილმან-წვრილმან საქმეს ეხება. დავუშვათ, რაღაცნაირად მოვახერხეთ, შევძლებთ საწარმოს შენარჩუნებას ან პროდუქციის ხარისხის დაცვას ისეთ დონეზე, როგორიც ქარხნის გახსნის დროს იყო?

რეალობა გვიკარნახებს საწინააღმდეგოს. კვების პროდუქტების მწარმოებელი მცირე ობიექტების მაგალითიდან გამომდინარე, დასაწყისში დამზადებული ხარისხიანი პროდუქტი, სულ მალე უხარისხო ხდება. სამწუხაროდ, ამ მოვლენას სისტემატურად აქვს ადგილი, რასაც აქ მყოფი ამერიკელ-ევროპელი ექსპერტები გულგრილად უყურებენ და ნაცვლად სერიოზული კრიტიკისა, არაფერს აკეთებენ მდგომარეობის გამოსასწორებლად.

დასავლეთს აინტერესებს მხოლოდ ერთი – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის რუსეთზე მისეულ ქოფაკებად გადაქცევა, რასაც სამივენი, ჯერ-ჯერობით, წარმატებით ართმევენ თავს.

ქართულ მედიასა და საზოგადოებაში სისტემატურად გაისმის საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში შესვლის თაობაზე. არის უკმაყოფილო განცხადებებიც, რომ საქართველოს ხელისუფლება დროულად არ აკეთებს განაცხადს ევროკავშირში გასაწევრებლად. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, განსაკუთრებით დიპლომატიამ ამ თემებთან დაკავშირებით სისტემატურად შეაწუხოს ბრიუსელი.

ვაი, ჩვენს თავს! ასეთი ექსპერტების რჩევები რომ არაფრის მომტანია, თუ არა გაღიზიანების, კარგად არის ცნობილი. ასოცირებული წევრობა რომ გვიბოძეს, ეს მათი დამსახურებაა (საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის) და არა ჩვენი.

ასოცირების ხელშეკრულებაში არსადაა ნახსენები ევროკავშირში შესვლის თაობაზე და რაც არ უნდა შევაწუხოთ ბრიუსელი, არაფერი გამოვა. პირიქით, ის შეიძლება ისე გაღიზიანდეს, როგორც ამასწინათ, როდესაც პოროშენკოს – უკრაინის პრეზიდენტის თავდაჯერებულ განცხადებას ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით – ჟან კლოდ იუნკერმა (ევროკომისიის თავმჯდომარემ) ხისტად უპასუხა, რომ არც დღეს, ხვალ ან უახლოეს მომავალში ბრიუსელი არ ხედავს უკრაინას ევროკავშირში.

იუნკერის სიტყვები ჩვენც უნდა გავიგოთ და გაუაზრებელ, თავხედურ შეტევას ნატოსა და ევროკავშირზე წერტილი უნდა დავუსვათ. როგორც აშშ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჯერად ექსპერტი დანიელ ფრიდი გვირჩევს – გამუდმებული ხვეწნა-მუდარის ნაცვლად, ქვეყნის შიგნით საქმე უნდა ვაკეთოთ და როდესაც ამ ორგანიზაციებში გაწევრების დრო მოვა, ისინი შეგვატყობინებენ ამასო.

არავითარი მომაბეზრებელი ხვეწნა-თხოვნა, ისეთი, ევროპასთან ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ბარამიძე რომ აკეთებდა. მისი დანახვა ნატო-ევროკავშირის მოხელეებს ისე აღიზიანებდათ, თავს ვერ იკავებდნენ. ერთმა დაუფარავადაც მითხრა – ტვინი წაიღოო.

ჩვენ, დღესაც ვერ შეგვიგნია, რომ დასავლელთა მიერ ჩვენს მიმართ გადადგმული ნაბიჯი, მის და მხოლოდ მის ინტერესს ემსახურება და არა ჩვენს. ასე იყო გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში და ასეა დღესაც. ის, რომ საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა, სოციალური ყოფა ასეთ გაუსაძლის დონეზეა – სწორედ რომ მისი დამსახურებაა. სწორედ მან არ აიძულა ხელისუფლება ყურადღება გაემახვილებინა ამ თემებზე.

თუმცა რა გასაკვირია, დემოკრატიული დასავლეთი ხომ ჩვეულებრივად აღიქვამს ფეოდალი ივანიშვილის შექმნილ პოლიტიკურ სისტემას – ქვეყნის კულუარებიდან მართვას?!

დასავლეთის დამსახურებაა მოძალადე სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა და 9 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის თავზე მისი ცეკვა-თამაშის ატანა. გახსოვთ ალბათ, რა პათოსით აცხადებდა დასავლეთი სააკაშვილის ხელისუფლების მიერ „მოპოვებული წარმატებების“ შესახებ.

ეს პროცესი დღესაც გრძელდება. გუშინ სხვა გვარს, სხვა პარტიას აქებდნენ, დღეს სხვას. მეგობრები და პარტნიორები ჭირში გამოიცდება. სამწუხაროდ, ამ საქმეში დასავლეთმა ვერ დაგვამახსოვრა თავი. გაიხსენეთ 2008 წელი, მისი წინა და შემდგომი წლები. თუნდაც წლევანდელი წელი რად ღირს. დასავლეთ საქართველოში ფაროსანამ ციტრუსს დიდი დარტყმა მიაყენა. განადგურდა თხილი, სიმინდი, კარალიოკი, ხურმა. „ერთადერთი გამოსავალია, რომ „როგორმე საწარმოებმა ციტრუსი მიიღონ და წვენებად გადაამუშაონ“, – აცხადებს სოფლის მეურნეობის სპეციალისტი გოჩა ზენაიშვილი. კეთილი, მაგრამ რომელმა საწარმოებმა?

გურიის, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის მოსახლეობამ ენით აუწერელი ზარალი მიიღო. სად იყვნენ ჩვენი დასავლელი „პარტნიორები“, რომლებთანაც „საარაკო“ ვაჭრობა გვაქვს?

წარბიც არ შეუხრიათ. უფრო მეტიც – მავნებელი ფაროსანა გაზაფხულზე თბილისს, კახეთს, ქართლს შეესევა. აი, მაშინ ნახეთ ზარალი.

დადამბლავებული ხელისუფლების შემხედვარე, ძნელია გამოსავალზე იფიქრო, შესაბამისი ზომები მიიღო. ჩვენი „მეგობარი“ დასავლეთი, რომელიც, ჩემის აზრით, შხამ-ქიმიკატების მოწოდებით უნდა იყოს დაკავებული – ხმაჩაკმენდილია. არადა, მძიმე ზამთრის შემდეგ, რომ უმძიმესი გაზაფხული და შემოდგომა მოგველის, ფაქტია. ნაცვლად ამისა – ევროკომისიის დადებითი ანგარიში, რომელიც არც ხალხის გამოსაკვებად გამოდგება და არც შექმნილი პრობლემების დასაძლევად.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.