დავამარცხეთ ფაშიზმი?
სულ ახლახანს ვიზეიმეთ ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი. ვიზეიმეთ?
იზეიმა რუსეთმა, რუსეთის გმირ ქალაქებში გამართული მართლაცდა გრანდიოზული სამხედრო პარადებით, სახალხო დემონსტრაციებით, გმირთა მემორიალების ყვავილებით შემკობით, საზეიმო ფეიერვერკებითა და კონცერტებით.
ზემოთდასმული კითხვა – ვიზეიმეთ? – ჩვენ და ბევრ ჩვენისთანა ქვეყანას ეხება, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვებას კი არ ზეიმობს, უბრალოდ აღნიშნავს.
9 მაისი ქართული პოლიტიკისთვის ის აუცილებელი პროგრამაა, რომელიც უნდა შესრულდეს (ისე, როგორც ფიგურული ციგურაობაში). არ გინდა და უნდა შეასრულო, ვინაიდან ფაქტი ჯიუტია – სამასი ათასი ქართველისა, რომელიც ფაშიზმისგან დასაცავად იბრძოდა სხვადასხვა ფრონტზე. ნახევარი ბრძოლის ველზე დარჩა – სამარადისო სახით.
რა გაეწყობა, ეს იყო და რომ იყო, აღბეჭდილია მეომრების ტვინებში, მათი ახლობლების, მეგობრების, ნათესავების, იმ თაობის ხალხის, ვინც მოესწრო დიდი სამამულო ომის უბედურებას.
ნაცთა ბატონობის 9 წლის განმავლობაში არაერთხელ გვსმენია – სამამულო ომი, ჩვენი ომი არ იყოო. რა გულობრყვილო, ბავშვური, თანაც ბოროტი ნათქვამია. ჩვენი არ იყოო და ააფეთქეს ქუთაისის გმირთა მემორიალი. ჩვენი არ იყო – ის რუსი პოლიტიკოსი იყოო და წყვდიად ღამეში, ქურდულად აიღეს სტალინის მშობლიურ გორში – სტალინის ძეგლი.
ჩვენ ძალით შეგვათრიეს საბჭოთა კავშირშიო – და ფართოდ გაშალეს პროპაგანდა საბჭოთა სიმბოლიკის წინააღმდეგ. პარლამენტი გვპირდებოდა, რომ სულ მალე აკრძალავს საბჭოთა სიმბოლიკას. სააკაშვილის დაუღალავი მეცადინეობით, მუზეუმიც გახსნეს – საბჭოთა საშინელებების, ისე, როგორც ბალტიისპირეთში.
გუშინდელი და დღევანდელი საქართველოს პოლიტიკა ებრძვის ყოველივე იმას, რაც მაშინ იყო და ამ დროს აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავს – ვაკის პარკში მისვლით, ომის ვეტერანებთან ფასადური, ზედაპირული სითბოს გამოვლინებით, უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინებით შემკობით.
სამწუხაროა, რომ თუნდაც ყასიდად ეს, ერთ დროს შესანიშნავი ძეგლი, 9 მაისს მაინც ახსენდებათ. „უამრავ საქვეყნო საქმეებში ჩაძირულთ“, დრო არ რჩებათ უნიკალური ძეგლისთვის. რომ გახსენებოდათ, ზრუნვის საგნად იქცეოდა, ძველებური სიდიადით აკიაფდებოდა. მაგრამ, წარსული თუნდაც გმირული, რომ არ უნდათ?
საინტერესოა საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვის შემდეგ, მივლენ გმირთა მემორიალთან? ის გმირობა ხომ საბჭოეთის დროს მოხდა – ნამგალი და უროს დროშიანი საბჭოეთის, სამშობლოსთვის, სტალინისთვის გამაყრუებელი ყვირილით რომ გადადიოდნენ შეტევაზე საბჭოთა მეომრები.
საბჭოთა კავშირი, დიდი სამამულო ომი, სტალინი, ნამგალი და ურო განუყრელი მცნებაა და ასე დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, ისტორიაში. იმ ისტორიაში, რომლის ამოძირკვას რახანია შეუდგნენ გუშინდელი და დღევანდელი პოლიტიკოსები. რა ფარისიველობაა, თანაც ამაზრზენი. პარლამენტი, რომელიც დიდის დაბეჯითებით რამდენჯერმე იღებს უკრაინის ფაშისტური ხელისუფლების მხარდასაჭერ დოკუმენტს, ვაკის პარკში გვირგვინით ამკობს სამამულო ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცის მემორიალს.
ქვეყნის მთავრობა, რომელიც სისტემატურ კონტაქტშია კიევის თვითმარქვია ხელისუფლებასთან, პარალელურად სიტყვას აბრუნებს სამამულო ომში დაღუპული გმირების შესახებ. არადა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დიდი სიამოვნებით არც ამ ომს ახსენებდნენ და არც ომის გმირებს. ყავისფერ უკრაინას თუ უჭერ მხარს (ფაქტია, რომ ასეა, თვალი ადევნეთ ჩვენს ტელევიზიებს და დარწმუნდებით), მაშინ შორს უნდა დაიჭირო თავი უცნობი ჯარისკაცის მემორიალისგან.
ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი ვიზეიმეთ, მაგრამ დავამარცხეთ ფაშიზმი? უკრაინის მაგალითმა ცხადყო, რომ არა. და არა იმიტომ, რომ ფაშიზმი შეიწყალა დიდი სამეულიდან ერთმა ქვეყანამ, აშშ-ი რომ ჰქვია. შეიწყალა არა ჰუმანური თვალსაზრისით, არამედ შორსმჭვრეტელური მზაკვრობისთვის.
დამარცხებულმა უკრაინელმა ფაშისტებმა უსაფრთხო ამერიკულ ცას შეაფარეს თავი. შემფარებელმა, მისთვის ჩვეული პრაგმატულობით, სამომავლო ანტისაბჭოური გამოხდომებისთვის, ასვეს და აჭამეს უკრაინელ ბანდიტებს. მართალია ისინი ვერ მოესწრნენ საბჭოეთის წინააღმდეგ იარაღშემართული ხელის გაშლას, მაგრამ მათი შთამომავლები – ნოყიერ ფაშისტურ ნიადაგზე აღზრდილნი, ყველაფერს აკეთებენ „თავისუფალ“ უკრაინაში ტერორისტული აქტების განსახორციელებლად. ოდესაში ჩადენილი დანაშაული – „მარჯვენა სექტორის“ – იგივე ფაშისტური ორგანიზაციის მიერ, მრავალი ათეული წელიწადი არ მოშორდება უკრაინას.
ფაშისტების მიერ დიდი სამამულო ომის დროს ჩადენილი დანაშაული, დღესაც ისე აღიქმება, როგორც 70 წლის წინათ, ვინაიდან ხატინის, ოსვენციმის, მაიდანეკის და მრავალი მათი მსგავსი დანაშაულის ჩარჩოებში მოქცევა შეუძლებელია. უკრაინელმა ფაშისტებმა ოდესა არ იკმარეს და გამარჯვების დღეს აღმოსავლეთ უკრაინის პატარა ქალაქი მარიოპული, იქაურ მოსახლეობასთან ანგარიშსწორების არენად აქციეს – მძიმე სამხედრო ტექნიკით, ტანკებით შეუტიეს რა უიარაღო დემონსტრანტებს.
დასავლეთი, კერძოდ აშშ-ი დუმს, თან რუსეთს აფრთხილებს – ჩაიშლება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები და მაშინ ნახავთ, როგორ ეკონომიკურ სანქციებს დაგიწესებთო.
შეიძლება თუ არა უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება, როდესაც სამხრეთ-აღმოსავლეთი უკრაინა კიევის თვითმარქვია, ფაშისტური მთავრობის წინააღმდეგია? შეიძლება თუ არა ასეთი არჩევნებისთვის კანონიერის სახელის მიკუთვნება?
აშშ-ს ყველაფერი შეიძლება, ვინაიდან მას ასე სურს. სურს არჩევნებში „თავისი“ კაცის – პოროშენკოს გაყვანა და გაიყვანს კიდევაც – გაყალბება და მისი ჯანი.
განა ასეთს არ ჰქონდა ადგილი 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც ხმის დათვლის დამთავრებამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ბუშმა გამარჯვება მიულოცა, ფაქტიურად დამარცხებულ სააკაშვილს?
გამარჯვებული პოროშენკო ნიშნავს აშშ-ს გეოპოლიტიკური კურსის გამარჯვებას; უკრაინის, ისედაც უმძიმესი სიტუაციის, კიდევ უფრო დაძაბვას; რუსეთთან გაუარესებული ამერიკული ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებას; და გამუდმებით იმის პროპაგანდას, რომ რუსეთმა ყირიმი მოსტაცა გუგულივით სათნო უკრაინას.
თუ როგორ მოსტაცა, კარგად გამოჩნდა სევასტოპოლში გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო-საზღვაო პარადის დროს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ჩაიბარა. კარგა ხანია არ მინახავს ხალხის ესოდენი სიხარული, სიხარულის ცრემლები, თანაც მამაკაცების თვალში, აღფრთოვანება და ომახიანი „მადლობა“ – გამოთქმული პრეზიდენტ პუტინის მიმართ.
ამერიკელთა ძუძუნაწოვი უკრაინული მედია თავხედურად აცხადებს, რომ ყირიმის რეფერენდუმში მხოლოდ მოსახლეობის 30% მიიღო მონაწილეობა, რომ რეფერენდუმი რუსეთმა გააყალბა. კარგით რა, ნამუსი აღარ არის – მარტო სევასტოპოლის გორაკებზე შეფენილი მოსახლეობის რაოდენობა იყო გაცილებით მეტი, ვიდრე 30%.
მაინც, რატომ ტიროდნენ ყირიმელი მამაკაცები საზეიმო დღეს? რამ გამოიწვია სიხარულის ცრემლები? იმან ხომ არა, რომ თავი დააღწიეს 23-წლიან უკრაინულ საშინელებას, მეორეხარისხოვან მოქალაქეობას, არაადამიანურ დამოკიდებულებას? ოფიციალური უკრაინის პოლიტიკის სავალალოდ – ეს, ასეა და მას მტკიცება არ სჭირდება. და თუ მან არ შეცვალა შიდა პოლიტიკა, ყირიმის გზას მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი უკრაინა გაჰყვება.
დონეცკის ოლქსა და ლუგანსკში ჩატარებული რეფერენდუმი ამის დასტურია. როდესაც მოღერებული სამთავრობო ავტომატების ქვეშ მოსახლეობის 75%-ი მიიღებს რეფერენდუმში მონაწილეობას და აქედან 90%-ი მხარს დაუჭერს კიევიდან თავისუფლებას, ყველაფერი ნათელია. უკრაინის ფაშისტური ხელისუფლება დამარცხდა. მართალია, მან განაცხადა, რომ არც თვითონ და არც მისი მხარდამჭერი დასავლეთი რეფერენდუმის შედეგებს კანონიერად არ აღიქვამენ, ამით ვითარება არ იცვლება.
ბოლო წლების განმავლობაში არასდროს გვინახავს ხალხის გაუთავებელი, გრძელი რიგები ხმის მისაცემად. ძნელია ამაზე თქვა, რომ რეფერენდუმში მხოლოდ უმცირესობამ მიიღო მონაწილეობა. ძნელია, მაგრამ კიევის ხელისუფლება თავხედურად აცხადებს, თან იმასაც ამატებს, რომ რეფერენდუმში მონაწილეობდნენ ტერორისტები, მკვლელები და ბანდიტები. კარგად ჰქონია საქმე უკრაინას, თუ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მოსახლეობის 75%-ი ასეთია.
ამ დროს გაოცებს ქართული პოლიტიკის, მედიის, პოლიტოლოგიის ფაშისტურ უკრაინაზე მეტი უკრაინელობა. ნაცვლად იმისა, რომ სხვაგვარად, თუნდაც ეჭვის თვალით შეხედონ კიევის თვითმარქვია, ფაშისტური რეჟიმის პოლიტიკას, პირიქით, დუჟმორეული იცავენ მას. ამ დაცვაში კი ავიწყდებათ ერთი რამ – ისინი, „კრავენ“ უკრაინას „დათვ“ რუსეთისგან კი არ იცავენ, არამედ უკრაინული ჩამოსხმის ბანდერულ ფაშიზმს.
აღმოსავლეთ უკრაინაში ჩატარებულმა სახალხო რეფერენდუმმა მაინც დაგვაფიქროს ჩვენს მომავალზე. დაგვაფიქროს იმაზე, რომ გაეროს დოკუმენტებში ჩაწერილი ერთა თვითგამორკვევის თემა ლაღად დააბიჯებს პლანეტაზე. ეს სილაღე მას აშშ-ა შთაბერა და არა მარტო კოსოვოს მაგალითით. იმთავითვე აბსურდული და უსუსური იყო ამერიკელთა განმარტება, რომ კოსოვოს მაგალითი უნიკალურია და ის სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდება.
არ გავრცელდება? მაგრამ, რომ ვრცელდება და თანაც კატასტროფული სისწრაფით? წინ კატალონიისა და შოტლანდიის რფერენდუმებია. ასეთ დროს სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია უკრაინის თვითმარქვია ხელისუფლებისთვის მხარდაჭერა. ნაცვლად ამისა დღენიადაგ უნდა ვშრომობდეთ ანალოგიური ვითარების თავიდან ასაშორებლად. ვის-ვის და საქართველოს, ამ თვალსაზრისით, უდიდესი სახიფათო ნაღმები აქვს დამარხული, რომლის გააქტიურება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი რუსეთის მოქმედების დაწყებასთან ერთად. ამ შემთხვევაში ვერც უკრაინა, ვერც აშშ-ი და ვერც ევროპა ჩვენ ვერ გვიხსნის.
პოლიტიკა რთული რამ არის და ის პროფესიონალმა პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ და არა დილეტანტმა ბიზნესმენებმა, თუნდაც მილიარდერებმა და მათზე არანაკლებ დილეტანტმა და ბრიყვმა ე.წ. პოლიტიკოსებმა.
უკრაინის მოვლენებისადმი ქართული პოლიტიკის მიდგომამ დამარწმუნა, რომ არც ამ ხელისუფლებას და არც მის წინამორბედს არავითარი საგარეო კურსი არ გააჩნია. ის, რომ საშინაო კურსი არაფერ თავშია, ყოველდღიურად ვაწყდებით. ნეტავ ვინმეს აეხსნა, რა საგარეო კურსს მიჰყვება დღევანდელი საქართველო? მავანი მეტყვის – ევროატლანტიკურისო. კეთილი, მაგრამ ეს ლოზუნგია. რაც შეეხება კურსს, თავისი გათვლებით, საზრიანი, სიღრმისეული განმარტებით არ ჩანს. არც ის ჩანს, რას მოგვიტანს ასეთი კურსი. ხელისუფლება გვიმალავს და ნაცვლად იმისა, რომ განგვიმარტოს, პარლამენტის თავმჯდომარის პირით გვეუბნება – თუ ანტიდისკრიმინაციულ კანონს არ მივიღებთ, ასოცირებული წევრი ვერ გავხდებითო.
თუ რას მოუტანს ასოცირებული წევრობა ქვეყანას, როგორც ჩანს არც თვითონ იცის და არც სხვა პოლიტიკოსებმა. მათ აშშ-ა ჩასძახა და ისინიც ამბობენ. ამერიკა-ევროკავშირს „გაუმაზეს“. ხალხი, ქვეყანა? ერთიც და მეორეც ცალ ფეხზე ჰკიდიათ, მთავარია მათი კარგად ყოფნა, ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნა, პერსონალური სიკეთეების მიღება, საკუთარი სოციალური პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება, მაგრამ ეს რომ არ არის პოლიტიკა საქვეყნო და საერო? მოკლედ, ყველაფერი იმ უხამსი გამონათქვამივითაა – „ასოზე მკიდია, მამიდა, მე თუ საშო მამინდა“…
და დაიკიდა ამ მთავრობამ, იმ მთავრობამ და იმის წინანდელმა, ქვეყანა. შედეგად მივიღეთ ამერიკა-ევროპის მოლაქუცე ხელისუფლება, ვიღაც ნულანდების, მაკკეინების, რასმუსენების, ფსაკების და მათ მსგავსთა სანავარდო.
საგარეო უწყების ხელმძღვანელს თუ დავესესხებით – „ოცნების“ საგარეო კურსის წარმატება საზღვარგარეთ, საქართველოს საელჩოთა გახსნაში ყოფილა. თითქმის 70 ქვეყანაში გვაქვს გახსნილი საელჩოები და თანაც ისეთში, არასდროს რომ არავითარი შეხება არ გვქონია და არც გვექნება. ზოგ დილეტანტს ჰგონია, რომ ეს აუცილებელია. ტყუილია ეს! არავითარ აუცილებლობას საელჩოს გახსნა არ წარმოადგენს, თანაც მოჭარბებულად „ეკზოტიკურ“ ქვეყნებში.
ახლა არ იკითხავთ, რა ჯდება ნათესავ-მეგობრებით დაკომპლექტებული თუნდაც ერთი საელჩო? საშუალოდ, როდესაც ელჩის ხელფასი 5000 დოლარია, საელჩოს შენობის დაქირავების, ტრანსპორტისა და სხვა ხარჯების რაოდენობაც მნიშვნელოვანი, ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენლის თავში აზრადაც არ მოსდის, დასვას კითხვა – რას აკეთებს ამა თუ იმ ქვეყანაში საქართველოს საელჩო? რაში წაადგა საელჩოს მუშაობა ქვეყანას?
საქართველოს, გაღლეტილი ჯიბის მქონეს, უდავოდ უნდა ჰყავდეს ხელმომჭირნე ხელისუფლება, რომელიც თეთრებით დათვლის ამა თუ იმ სამინისტროს, ორგანიზაციის, საელჩოს არსებობის აუცილებლობას და გამოთავისუფლებულ ხარჯებს ნამდვილ, აუცილებელ საქმეს მოახმარს.
ვინმემ იცის, რატომ იხარჯება ფული არარსებული „შერიგების“ სამინისტროსთვის, რომელსაც ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობს, ან რა მოაქვს ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს, გარდა იმისა, რომ მინისტრ პეტრიაშვილს „აბაირამებს“, ან რა მოიტანა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მრავალწლიანი „მოღვაწეობით“? ვის სჭირდება დიასპორის სამინისტრო?
ახლა თვალი შევავლოთ აფხაზეთის უზენაეს საბჭოს, მთავრობას, სამინისტროებს, ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთის, ვის და რას ემსახურებიან ისინი? მათ არსებობას ნეგატივი უფრო მოაქვს, ვიდრე პოზიტივი და ვიდრე იქნება ესოდენ ზერელე, დანაშაულებრივი მიდგომა სახელმწიფო ბიუჯეტისადმი, არ იქნება ქვეყანა, არ იქნება საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა, არ იქნება ქვეყნის ხედვა იმ რეგიონის მიმართ, სადაც საქართველოა.
ამ რეგიონში თურქეთ-აზერბაიჯანის გარდა სხვებიც არიან და მათი მხედველობიდან ამოშლა, პოლიტიკური სიბეცეა. პოლიტიკური სიბეცეა, როდესაც რუსეთი ნომერ პირველ მტრად გყავს გამოცხადებული, თან დაბეჯითებით მოითხოვ მის ბაზარზე შენი პროდუქციის გასაღებას. პოლიტიკური სიბეცეა, როდესაც ირანს და მის ბიზნესს უამრავ ბარიერს უქმნი საქართველოში, როდესაც იმ ირანელებს, რომლებსაც, ბინის სახით, უძრავი ქონება აქვთ შეძენილი საქართველოში, არ აძლევ საბანკო ოპერაციების განხორციელების საშუალებას.
არც ერთ ქვეყანას, გარდა ირანისა, საქართველოში არ აქვს აკრძალული საბანკო ოპერაციები და ეს ყველაფერი ხდება აშშ-ს კარნახით, უფრო სწორად ბრძანებით. და რახან ამას აქვს ადგილი, გამოდის, რომ არ გაქვს პოლიტიკა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც მუდამ უჭერდა და უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს, განსაკუთრებით გაეროში.
ამას წინათ ირანის პრეზიდენტმა როუჰანიმ, საქართველოს ელჩთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ირანი დაინტერესებულია საქართველოსთან სარკინიგზო მაგისტრალით დაკავშირების, რაც თავისთავად უმნიშვნელოვანესი პროექტია ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის.
ამ თემაზე არაერთხელ მითქვამს, რომ ირან-სომხეთ-საქართველო-აფხაზეთ-რუსეთის რკინიგზის ამოქმედება ხელს შეუწყობს ტვირთების მიმოქცევას აზიისა და ევროპის ქვეყნებს შორის. მაგრამ რას იტყვის აშშ-ი? ამ ეტაპზე უარს, რასაც უპოლიტიკო საქართველო მონურად დაემორჩილება.
ირან-„ექვსეულის“ მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს და სრული შესაძლებელია, რომ აშშ-ა მოხსნას ანტიირანული სანქციები. აი, მაშინ კი, სანანებელი გაგვიხდება დაკარგული მილიონები, რომელსაც ირანი აპირებდა საქართველოს ეკონომიკაში ჩასადებად.
საქართველოს ხელისუფლებამ არ იცის, რომ ირანი მძლავრი სახელმწიფოა საკუთარი მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, მეცნიერებით, მედიცინით, განათლებით და ა.შ. მასთან პრაგმატული ურთიერთობა გაცილებით მეტად წაადგება ქვეყანას, ვიდრე ევროპასთან, რომელსაც ჩვენსკენ გამოხედვაც არ უნდა.
ამას წინათ ერთ-ერთი გაზეთი გვატყობინებდა, რომ საქართველო მალე მიჰყიდის სასმელ წყალს ირანსო. იდეა კარგია, აბსტრაქტულობის ნიშნები რომ არ დაჰკრავდეს. ირანს თვით გააქვს ექსპორტზე სასმელი წყალი. აი, სარწყავი წყალი კი დეფიციტია და ჩვენი ქვეყნიდან ირანის ამ რესურსით დაკმაყოფილება შეუძლებელი. რით არის ყოველივე ეს გამოწვეული? უპირველესად დაუინტერესებლობით, უცოდინრობით, რეგიონისადმი ზერელე დამოკიდებულებით.
ხელისუფლების აშშ-სადმი მონური მორჩილება, ამ ქვეყნის დაკრულ „შალახოზე“ ცეკვა, მხოლოდ ამერიკა-ევროპაზე ორიენტაცია – დამღუპველია ქვეყნისთვის. ასეთი ერთმხრივი პოლიტიკის მატარებელ ქვეყანას, აშშ-ს და ორი-სამი ევროპული ქვეყნის გარდა სულაც არ ესაჭიროება სხვა ქვეყნებში საელჩოები.
უჭირს დღევანდელ საქართველოს და უჭირს მეტადრე იმიტომ, რომ არ აქვს პოლიტიკური კურსი, არ აქვს შეგრძნება საკუთარი ქვეყნისა, საკუთარი საქმისა. საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი საქმე უნდა აკეთოს და არა ცხრა მთას იქით მყოფი ქვეყნის. მან უნდა იცოდეს, რომ ამერიკა-ევროპისადმი კერპთაყანისმცემლობა ისეთივე მიუღებელია, როგორც პიტნა ვირისთვის, როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონი აწმყოსა და მომავლისთვის.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.