15.10.2024

ბავარიული „დიდი შვიდეულის“ სამიტი

G7 summit or meeting concept. Row from flags of members of G7 group of seven and list of countries, 3d illustration

წუთში 200 ათასი ევროს ხარჯი, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ათასკაციანი ამალა, 20000 გერმანელი პოლიციელი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მრავალრიცხოვან შვეულფრენებთან ერთად უზრუნველყოფდა ბავარიაში გამართული „დიდი შვიდეულის“ უსაფრთხოებას – აი, ის მნიშვნელოვანი მომენტები, რომლითაც დაგვამახსოვრდება „დიდთა“ ბოლო სამიტი. შინაარსი? – იკითხავს მკითხველი. შინაარსიც იყო – მოკრძალებული, სრულიად შეუფერებელი ძლიერთა ამა ქვეყნისათვის.

სამიტის დასასრულს გერმანიის ვიცე-კანცლერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვალტერ შტაინმაიერი იტყვის წინადადებას, რომლის არსი ასეთია – მომავალ სამიტს თუ არ დაესწრება რუსეთი, სამიტი დაკარგავს მნიშვნელობას. გერმანიის ყოფილი კანცლერი შმიდტი კი მიიჩნევს, რომ ოჯახურ „ჭუკჭუკში“ (ჩემეული განმარტებით) თუ სხვებიც არ მიიღებენ მონაწილეობას, სამიტის არსებობას აზრი აღარ ექნება.

მაინც ვის მოიაზრებს გერმანიის ექსკანცლერი უმაღლეს სამიტში? უპირველეს ყოვლისა რუსეთს, შემდეგ ჩინეთსა და ინდოეთს, შემდეგ სამხრეთ აფრიკას, ბრაზილიას და ა.შ. ერთი სიტყვით, ყველა იმ ქვეყანას, რომლის წვლილი მსოფლიო ეკონომიკაში და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – პოლიტიკაში თვალსაჩინოა. მაგრამ ამ ქვეყნების დამატებით „დიდი შვიდეული“ ხომ „დიდ თოთხმეტეულად“ გადაკეთდება და არსებულ „დიდ ოცეულამდე“ 6 ქვეყნის დამატებაღა იქნება საჭირო?!

ასეა თუ ისე, ბავარიულმა სამიტმა მრავალი თავსატეხი გააჩინა, მათ შორის – ფორმატთან დაკავშირებით, რომლის გაუთვალისწინებლობა „დიდი შვიდეულის“ მიერ, წარუმატებლობის საწინდარი იქნება.

დიახ! რუსეთი უკვე მეორედ არ დაასწრეს სამიტს ანუ „რვიანის“ ფორმატს, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ბორის ელცინის პატივსაცემად შემოღებულს. ის ისევ ძველ ფორმატს „დიდ შვიდეულს“ დაუბრუნეს.

ვითომ რა დიდი დამსახურება ჰქონდა ელცინს ან იმჟამინდელ რუსეთს, „დიდ შვიდეულში“ მერვე წევრად რომ შეიყვანეს? – იკითხავს მავანი. არც თავისი ეკონომიკური პოტენციალით და არც დემოკრატიის ხარისხით მაშინდელი რუსეთი ვერ აკმაყოფილებდა „დიდი შვიდეულის“ პარამეტრებს, მაგრამ ეს არ იყო მთავარი. მთავარი იყო დასავლეთის დუდუკზე აცეკვებული ელცინი და რუსეთი, და რაც მთავარია, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო არენაზე მეორე-მესამეხარისხოვანი როლის შესრულებაზე თანხმობა.

აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტის, მამა ბუშის მიერ ელცინისთვის შეთავაზებული „ჩეინჯი“ დასავლეთისთვის წარმატებული გამოდგა – ამბიციებდაკმაყოფილებული, მაგრამ დაკოდილი რუსეთის სახით. იმჟამინდელ რუსეთს,  დასუსტებულს და მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში მოქცეულს, ნაკლებად შესწევდა ძალა „დიდ რვიანად“ გადაკეთებულ სამიტში რაღაც ისეთის დაყენების, რაც სერიოზულ თავსატეხს გაუჩენდა ძველი „შვიდეულის“ წევრებს.

თავსატკივარი პუტინის გამოჩენას მოჰყვა. ფეხზე წამომდგარმა პუტინისეულმა რუსეთმა, საკუთარი გაბარიტებიდან გამომდინარე, მოითხოვა და მოითხოვა ომახიანად, არა ისე, როგორც ელცინის დროს. პუტინი „დიდი რვიანის“ ყველა სამიტზე ისეთ წინადადებებს აყენებდა, რაც უდავოდ აღელვებდა მსოფლიოს, მაგრამ ნაკლებად, გამძღარ „შვიდეულს“. პუტინის „რვიანობა“ თავსატკივარი იყო „შვიდეულისთვის“, ვინაიდან აიძულებდა მას, რეალობის გათვალისწინებით, და არა საკუთარი ამბიციებიდან გამომდინარე, ემოქმედა.

ბავარიული სამიტის დასრულებისთანავე გამართულ პრეს-კონფერენციაზე მასპინძელმა ანგელა მერკელმა ბრძანა – „სამიტი ჩატარდა ვნებათა ღელვის, დაპირისპირების გარეშეო“. ამ განცხადებით მან მიგვანიშნა – პუტინი რომ ყოფილიყო, კამათი უდავოდ იქნებოდა.

დიახ! ორი დღის განმავლობაში სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა გულახდილად „იჭუკჭუკეს“ და თავი აარიდეს ისეთ უხერხულ თემასაც, როგორიცაა აშშ-ს მხრიდან მოკავშირეთა სატელეფონო თვალთვალი, განსაკუთრებით კი გერმანიის მიმართ გამოვლენილი ელექტრონული „შპიონაჟი“.

თემა „შპიონაჟი“ არახალია, მაგრამ „დიდი შვიდეულის“ სამიტამდე მან ისეთ კულმინაციას მიაღწია, რომ პრეზიდენტმა ობამამ არაორაზროვნად თქვა, თუ სამიტზე მოხდება გერმანელთა გულისწყრომის გამოვლინება, ის სამიტს არ დაესწრება. მერკელმა გაითვალისწინა ოკეანისგადაღმელი „პარტნიორის“ ულტიმატუმის მაგვარი სულისკვეთება და ისე ჩაიკმინა ხმა, არათუ ამერიკელთა არაკორექტული ქმედება, არამედ სხვა მისი მსგავსიც დაივიწყა.

სამიტზე ყველა იყო ერთსულოვანი უკრაინასთან დაკავშირებით. ანუ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე უკრაინის აღმოსავლეთში არ შეწყდება დაძაბულობა; არ შესრულდება „მინსკის“ მოთხოვნის ყველა პუნქტი.

რუსეთი დარჩა ისე, როგორც წინა სამიტზე – აგრესორის სტატუსით. რუსეთის ხელისუფლების რეაქცია იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქმეს ეს არ უშველის, ვინაიდან უკრაინის სახით დასავლეთმა, კერძოდ აშშ-ა, ნამდვილი ანტირუსული პლაცდარმი შექმნა, რომელზეც მრავალი წლის განმავლობაში ოცნებობდა. ერთი სიტვით გაყავისფერებული (ფაშისტური) უკრაინა, უკრაინის არმიის მიერ დონეცკ-ლუგანსკის დაბომბვა, სამხრეთ-აღმოსავლეთში სისტემატური ტერორისტული აქტების განხორციელება, რუსულენოვანთა დევნა და ა.შ. სულაც არ აღელვებს დასავლეთს, ვინაიდან უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება აშშ-ს შექმნილია. აქედან გამომდინარე, უკრაინა ყოველთვის იქნება „თეთრი“, რუსეთი – „შავი“.

მარტო უკრაინის საკითხის განხილვა რომ ყოფილიყო „დიდი შვიდეულის“ სამიტის თემა – ურუსეთოდ შეუძლებელი იყო, ისე, როგორც ახლო აღმოსავლეთის, სირიის, ირანის ბირთვული პროგრამის, სხვა გლობალური თემების. თანამედროვე მსოფლიო საკითხები იმდენადაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რომ რუსეთის გამოთიშვა კარგს არაფერს მოიტანს.

ვერც მოიტანა. „ეს, ის საკითხებია, რუსეთთან ერთად რომ უნდა გადავწყვიტოთო“, – ბრძანა მასპინძელმა მერკელმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს. და უკრაინას მიაყოლა ახლო აღმოსავლეთის, სირიის, ირანის, იემენის საკითხები, ენერგეტიკა და ა.შ. გამოდის, რომ ამ თემებზე „იჭუკჭუკეს“, მაგრამ რუსეთის დაუხმარებლად ვერ გადაწყვიტეს. „სხვა ფორმატებში გადავწყვიტოთო“, – ბრძანა მერკელმა. რაღა სხვა! არ ჯობდა „რვიანის“ ფორმატში?

ის, რომ რუსეთი სამიტზე არ მიიწვიეს – დახავსებული პოლიტიკაა და ხელს უწყობს სეპარატიზმს. იმისთვის, რომ ე.წ. ჯიუტმა პუტინმა გაიზიაროს დასავლური იდეები, ლაპარაკია საჭირო და არა იზოლაციაში მოქცევა, გარიყვა. ცივილიზაციათა დიალოგს უფრო მეტი შედეგი მოჰყვება, ვიდრე ცივილიზაციათა დაპირისპირებას. სწორედ ამ დაპირისპირებამ გამოიწვია რუსეთის მოსახლეობის აგრესიული დამოკიდებულება ყოველგვარი დასავლურის მიმართ. რუსეთში ჩატარებული საყოველთაო გამოკითხვების მიხედვით – რუსი, ამერიკელს ნომერ პირველ მტრად მიიჩნევს.

არადა, მსოფლიო პრობლემების დასაძლევად ერთობლივი მოქმედებაა საჭირო. ერთობლივი მოქმედება კი საყოველთაო სიძულვილის ფონზე შეუძლებელია.

37 წლის წინათ ირანის ისლამური რევოლუციის მთავარმა შემოქმედმა აიათოლა ხომეინიმ ბრძანა: „ცივილიზაციათა დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე“, მაგრამ ვერაფერს გახდა ევროატლანტიკურ ყრუ კედელთან. მოგვიანებით, ირანის პრეზიდენტმა ხათამიმ გაიმეორა დიდი აიათოლას ნათქვამი და მას რელიგიათა დიალოგიც დაუმატა. ისევ, „არსაიდან ხმა, არსით ძახილი“. ნაცვლად ამისა ეკონომიკური სანქციები, ზღვასავით უკიდგანო, ქვეყნისთვის დამანგრეველი, არა მარტო ნიშანში ამოღებულისთვის, არამედ ყველა იმისთვის, ვისაც „ნიშანში ამოღებულთან“ ჰქონდა საქმე.

რუსეთს დაუწესეს სანქციები, მაგრამ რუსეთმაც დააწესა დამწესებელთა მიმართ. საერთო ჯამში დაზარალდა ორივე. ანალოგიური რამ მოხდა ირანის მიმართაც, გაცილებით ადრე, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ. სანქცირებულ ირანს გაუჭირდა, მაგრამ გაუძლო შემოტევებს და მაინც გამარჯვებული გამოვიდა. ამ თვის ბოლოს დასრულდება ირან-„ექვსეულის“ მოლაპარაკება (გაეროს 5 მუდმივი წევრი და გერმანია) და როგორც სანდო წყაროები ამბობენ, გაუქმდება ანტიირანული სანქციებიც.

რას მიაღწია აშშ-ა და მისმა მოკავშირეებმა ირანის საწინააღმდეგო სანქციებით? იმას, რასაც ჰქვია ეკონომიკის განვითარების შეფერხება – თუმცა დროებით. აშშ-ი, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატად მიიჩნევს და ადამიანის უფლებათა დამცველად, მზადაა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პოლიტიკურ ოპონენტს დაუწესოს სანქციები, სანქციები, რომლებიც საბოლოო ჯამში მკვეთრად აუარესებს სანქცირებული ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ ყოფას ანუ ადამიანის უფლებებს. რა გამოდის? ადამიანის უფლებების მებაირაღე ქვეყანა, თვით არღვევს ადამიანის უფლებებს? ვაგლახ, რომ ასეა!

გარდა ამისა „დემოკრატი“ აშშ-ი მზაკვრულად ცდილობს სანქციებდამძიმებული მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანას და არასასურველი ხელისუფლების დამხობას. არ გამოვიდა.

ყველა მხრიდან ალყაში მოქცეული „სანქცირებული“, თავის თავში ეძებს რეზერვებს და ცდილობს თავი გაართვას შემოტევებს.

სიტყვა „წარმატებით“ ნაკლებად გამოხატავს იმ რეალობას, რასაც „სანქცირებულ“ ირანში ჰქონდა და აქვს ადგილი. ირანის ხელისუფლებამ, ხალხმა გადალახეს შიშის პრობლემა, გაუძლეს შემოტევას, მათ შორის 8-წლიან ომს და ისეთად მოგვევლინენ, თქვენი მოწონებული. სანქცირებულმა ირანმა თვით დაიწყო ყოველივე იმის კეთება, რასაც ადრე უცხოეთში ყიდულობდა. კბილის პასტიდან დაწყებული, სხვადასხვა რადიუსით მფრინავი საბრძოლო რაკეტებით დამთავრებული – 80-მილიონიანი ირანი ყველაფერს ამზადებს. ამზადებს ხარისხიანად, უზადოდ.

გადით თბილისის ბაზრობაზე და იკითხეთ, რომელი ქვეყნის სანტექნიკა ან სხვა საქონელი არის გამძლე, თან სარფიან ფასებში და უმალ დაგისახელებენ ირანულს-რუსულთან ერთად. რეკლამა არ სჭირდება პროდუქციას, რომელსაც ეს ქვეყანა ამზადებს. ასეა ყველა სფეროში, მითუმეტეს პოლიტიკაში. განა ის არაფერია, როდესაც ირანი მარტო უზის „ექვსეულის“ მაგიდას, თან როგორი „ექსვსეულს“. ირანმა, პოლიტიკური თვალსაზრისით, მოახერხა მათთან გათანაბრება. გათანაბრება, საკუთარი „მეს“, „სახის“ დაკარგვის გარეშე.

საქართველოს მოსახლეობამ ნაკლებად იცის თანამედროვე ირანის შესახებ, რაც ჩვენი ხელისუფლებისა და მედიის ბრალია, ამასთანავე იმ ამორჩეული ცალმხრივი ორიენტაციის – ევროატლანტიკური რომ ჰქვია. საქართველოს ხელისუფლებას მზე და მთვარე აშშ-ზე ამოსდის და ამ დროს ირანი რა მოსატანია? მოსატანია და მერე როგორი. მაინც რა არის ირანში ისეთი, რამაც ინტერესი უნდა გამოიწვიოს ჩვენში? ბევრი რამ, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ აღვნიშნავ ზოგიერთს: საერთო საყოველთაო განათლება, მეცნიერება, ენერგეტიკული პროგრესი, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, სულიერი სიმტკიცე, პატრიოტიზმი, შეუპოვრობა მტრის მიმართ.

სულ ახლახანს, ირანელმა ხალხმა და მსოფლიო მუსლიმანობამ აღნიშნეს თანამედროვე ირანის დამაარსებლის აიათოლა ხომეინის გარდაცვალების 26 წლისთავი. ინტერნეტში და პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ღონისძიებაში 64 ქვეყნის თითქმის ექვსასამდე უცხოელი იღებდა მონაწილეობას, რომელთაც საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ თანამედროვე ირანის მიღწევებს და პოლიტიკას, რომელსაც ეს ქვეყანა აწარმოებს.

მავანი იკითხავს, სად ბავარიის „დიდი შვიდეულის“ სამიტი და სად იმამ ხომეინის გარდაცვალების 26 წლისთავიო. მაგრამ  გავიხსენოთ სამიტის დღის წესრიგი, სადაც ირანის ბირთვული პროგრამა, ახლო აღმოსავლეთის საკითხები, სირიაში ომი და „ისლამური სახელმწიფოს“ გამოწვევა „შვიდეულის“ განხილვის თემები იყო.

ირანი ის ქვეყანაა, რომელსაც ხელი უჭირავს ახლო აღმოსავლეთის მაჯისცემაზე. ირანი ის ქვეყანაა, რომლის გარეშე შეუძლებელია სირია-ერაყის პრობლემების გადაწყვეტა. ირანი ის ქვეყანაა, ვინც მრავალი წლის განმავლობაში მედგრად იბრძვის ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ. ირანი ის ქვეყანაა, რომელიც დღიდან „ალ-ქაიდას“ შექმნისა, ებრძვის ამ ორგანიზაციას და მის ფილიალს „ჯაბხად ან ნუსრას“.  ირანი მხარს უჭერს ბაშარ ასადს, „ჰესბოლას“, „ჰამასს“, რითაც იმხედრებს საუდის არაბეთს, ყატარს, თურქეთს. ამ „სამეულს“ ხომ მჭიდრო იატაკქვეშა კავშირები აქვთ „ისლამურ სახელმწიფოსთან“, ისე, როგორც აშშ-ს და „დიდი შვიდეულის“ ზოგიერთ წევრს?!

დიახ, ირანი კერკეტი პოლიტიკური კაკალია, რომლის გატეხვა ამერიკულ კბილებსაც არ შეუძლია. არ შეუძლია, ვინაიდან ჭირს სინამდვილის დაფარვა. აშშ-ი, 30 წელიწადზე მეტია ირანს ნომერ პირველ ტერორისტად მოიხსენიებს და რაც მთავარია ტერორიზმის წამახალისებელ ქვეყნად. ირანის ასეთად მოხსენიება რომ წაწყმენდაა, ცოტამ თუ იცის საქართველოში. არც ის იცის, რომ თუ ვინმე მართლაც ებრძვის ტერორიზმს და არა მოჩვენებით, როგორც ამერიკა, ირანია.

აიათოლა ხომეინის 26 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართა იმამ ხომეინის სამარადისო სასუფეველში, ირანის მეთაურის აიათოლა ხამენეის სიტყვაში ხაზგასმით აღინიშნა: „აშშ-ი იტანენ ერაყსა და სირიაში ექსტრემისტული სუნიტური ჯგუფების მოქმედებას. აშშ-ი არა მარტო ლოიალურად ეპყრობიან ექსტრემისტებს სირია-ერაყში, არამედ ფარულად ეხმარებიან მათ“.

აიათოლა ხამენეიმ დაადანაშაულა აშშ-ი ისლამის მიმდევრებს შორის შუღლის გაღვივებაში. „ირანის ისლამური რესპუბლიკა გააგრძელებს ჩაგრული ხალხების მხარდაჭერას, მათ შორის პალესტინის“. აიათოლა ხამენეიმ ირან-„ექვსეულის“ მოლაპარაკებაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ არც ერთი მათგანი არ შეიძლება ჩაითვალოს მოლაპარაკების სანდო პარტნიორად.

ქვეყნის მეთაურის გამოსვლას ესწრებოდა ირანის საზოგადოების ათასობით წარმომადგენელი, უცხოელი სტუმრები და ირანში აკრედიტებული დიპლომატები.

ირანის ხელისუფალთა თავდაჯერებულობა ბევრი რამით არის განპირობებული, უპირველეს ყოვლისა კი იმით, რომ ის მართალ საქმეს ემსახურება, საქმეს, რომელიც აიათოლა ხომეინიმ დაიწყო და წარმატებით ხორციელდება მისი მემკვიდრეების მიერ. ირანი არის სახელმწიფო, რომლის ომახიანი ხმა ისმის მთელს ახლო აღმოსავლეთში და არა მარტო იქ. ირანი არის ქვეყანა, რომელსაც მოკრძალებით, პატივისცემით ეპყრობიან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

ირანი არის ქვეყანა, რომელიც 37 წელიწადი იბრძვის მსოფლიოში საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის და ამ ბრძოლაში წარმატებებსაც აღწევს. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ირანი არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე თუნდაც „დიდ შვიდეულში“ შემავალი ქვეყნების. „დიდი შვიდეულის“ შემადგენლობა მზადაა ნებისმიერ დროს უყოყმანო დამოკიდებულება გამოხატოს კლასის დამრიგებლის – აშშ-ს მიმართ. ასე იყო ბოლო, ბავარიული სამიტის დროსაც, რისთვისაც პრესამ ამ შეხვედრას „ერთ+ექვსი“ დაარქვა. და როდესაც მსგავს მორჩილებასთან გვაქვს საქმე, იქ დემოკრატია რა მოსატანია.

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.