08.12.2024

ამბავი უსაქმური კაცისა, ტესტიკულისა და მახათისა

როდესაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სოციალური მდგომარეობა კატასტროფულია; როდესაც კვების პროდუქტებსა და პირველადი მოთხოვნილების საგნებზე ფასები ყოველდღიურად მატულობს; როდესაც ასანთის ფასმაც კი მოიმატა;

როდესაც დედაქალაქის ქუჩები, პროსპექტების ჩათვლით, ორმოს-ორმოზე გვთავაზობს და თუ ნიანგივით გადმოკარკლულ თვალებს გზის საფარს ოდნავ მოწყვეტთ ან კისერს მოიტეხთ, ან ფეხს, ან ავტომანქანას დაამტრევთ;

როდესაც გაუმართავი საქალაქო ტრანსპორტის, გაუმართავი მუშაობის შედეგად სამსახურში ნერვებდაგლეჯილი, ტანსაცმელშემოხეული მიდიხართ; როდესაც საქალაქო ტრანსპორტის „მუშაობას“ ქალაქის მერი სანიმუშოდ მიიჩნევს, რითაც ისედაც გახეთქილ გულს, კიდევ უფრო გვიხეთქავს;

როდესაც კერძო ტრანსპორტით გადატვირტულ ვიწრო ქუჩებს დიდ ნაწილს ჩამოჭრი და მაღაზიებს ააშენებ („დეზერტირის“ ბაზართან); როდესაც ნგრევის პირამდე მისულ ქალაქის ისტორიულ უბნებში თითს-თითზე არ დააკარებ და  პირიქით, ხელს შეაშველებ ნგრევას;

როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ჩამორიგებული დანაპირებიდან არც ერთს არ შეასრულებ; როდესაც ვერც ქარხანას და ვერც მარტივ საწარმოსაც ვერ აამუშავებ; როდესაც მთავარ მეზობელთან ურთიერთობას ვერ დაალაგებ; როდესაც დაკარგულ ტერიტორიებს არათუ ვერ იბრუნებ, ლაპარაკსაც წყვეტ ამ თემაზე (საფუძვლიანი, გონივრული ლაპარაკი მაქვს მხედველობაში); როდესაც ისეთ ხელისუფლებას „გამოჭედ“, მარტო საკუთარ ბედნიერებაზე რომ ფიქრობს;

როდესაც ქვეყნის მოსახლეობას აიძულებ ურიის ვალი დაიდოს, რომ გაძვრეს ამ ქვეყნიდან სამშვიდობოს;

როდესაც გაუნათლებელ, უსწავლელ ყმაწვილ გოგო-ბიჭებს, მეტადრე ნათესავებს, ქვეყანას საჯიჯგნად, საწვრთნელ პოლიგონად მისცემ; როდესაც ჟურნალისტიკასთან, მითუმეტეს ობიექტურობასთან მწყრალად მყოფ თინეიჯერებს ტელეეკრანებს დაუთმობ ჩვენი ტვინების გასალაყებლად, სიცრუის საქებარად, უბედურების, ბედნიერებად წარმოსაჩენად;

როდესაც ვიღაც „დეველოპერის“ ხუშტურიდან გამომდინარე, ათეული წლობით ნახარებ ხეებს ჭრი უნიათო შენობების წამოსაჭიმად; როდესაც ისტორიულ უბანში მტკვარზე უფუნქციო ხიდს და ორ ვებერთელა „ტრუბას“ გადებ, მთელ ძველ ქალაქს რომ ფარავს, ხოლო სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიის“ გვერდში ველოსიპედის „ძეგლს“ დგამ, აღმაშენებლისას კი – ქალაქის განაპირა მოისვრი;

როდესაც პრობლემებით გადატვირთულ მოსახლეობას ახალ პრობლემას გაუჩენ, რეცეპტების სახით; როდესაც ავტოტრანსპორტის მფლობელს აიძულებ ავტომანქანა საათში 2-ლარიან კერძო ავტოსადგომზე გააჩეროს და ასეთ „სერვისს“ ყველა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაავრცელებ;

როდესაც უსუსური მუშაობით ხალხს აიძულებ ჯოგებად ეცნენ წითელ შუქნიშანზე გაჩერებულ ავტომანქანებს 10 თეთრის გამოსაძალად; როდესაც მთავრობის უნიათო მუშაობის შედეგად სანაგვე ყუთებში კისრით გადაშვებულთა რაოდენობას ვერ ამცირებ; როდესაც . . .

რამდენი „როდესაც“ ჩამოვთვალო? – თავს უფლებას არ უნდა აძლევდე ილაპარაკო პრეზიდენტის სასახლეზე და იქ პრეზიდენტის ყოფნა-არყოფნაზე. თავს უფლებას არ უნდა აძლევდე ზემოთჩამოთვლილი საკითხებიდან ყურადღების ისეთ საკითხზე გადატანას, რაც არც უნდა იყოს სამსჯელო, მითუმეტეს საჭორაო. მაგრამ რა გაეწყობა, საქართველო ჯერ ისეთად რჩება, შეუმდგარის სახელი რომ ამშვენებს.

დიახ! შეუმდგარობამ, პოლიტიკურმა უმწიფრობამ იცის ისეთი ენის სავსავი, რასაც ქართულ ტელესივრცეში აქვს ადგილი. ტელეეკრანებიდან ხომ „გვხმარობს“ ერთობ უნიჭო ჟურნალისტიკა თავისი „მჭერმეტყველებით“ და ბრიყვული, თანაც თავდაჯერებული გამომეტყველებით. მაგრამ ესეც არ იკმარეს და ქუჩებზე წამოჭიმული ბილბორდებიდან გვიმზერენ, თავხედურად. მათ ლაშქარს ახალი „სახე“ დაემატა, ვინმე გამზარდია, რომელიც უფრო ზევით ავიდა ანუ სახლის სახურავზე.

„მაგას, ეკუთვნის! ივანიშვილთან მიჰყავს პარადიო“, – განმარტეს. ეკუთვნის, უდავოდ ეკუთვნის, რახან „მარჩენალთან“ აქვს შეხება, მაგრამ რატომ არიან ეგზომ პრივილეგირებულები სატელევიზიო მავანნი და რატომ არ არიან კალმის ოსტატი ჟურნალისტები ესოდენ დაფასებულნი? რატომ არიან ეს უკანასკნელნი დისკრიმინირებულნი? ამიხსნეს – ვინც ფულს იხდის, პორტრეტიც მისიაო.

ესეც თქვენი დემოკრატია. ამ სიტყვას შეგნებულად ავარიდე გვერდი ზემოთმოყვანილ ჩამონათვალში. ხარ ბიძინასთან და ამაყად, „დემოკრატიულად“ გადმოხედავ დაბეჩავებულ მოქალაქეებს სახლის სახურავიდან, ბილბორდიდან.

მე თუ მკითხავთ, „მეშჩანობის“ ერთ-ერთი, თანაც უკიდურესი ფორმაა ვექილების, უცნობი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების, ძალად ნაცნობი „ტელეჟურნალისტების“ ფოტოების ქუჩური გამოფენა. რამდენიმე წლის წინათ „ვიღაცამ“ იყიდა „ზემელზე“ ერთ-ერთი სახლის კედელი და თავისი პორტრეტით „დაგვამშვენა“. კარგა ხანს ვერვინ გაიგო ვინ იყო ის. და დიდი ძიების შემდეგ რომ დაადგინეს, პორტრეტიც გაქრა, მაგრამ ჟურნალისტების – შემოგვრჩა. ჩვენდა სავალალოდ – საღამოს ტელეეკრანზე ვუყურებთ, დილიდან დაწყებული, ქუჩაში. შენც ნუ უყურებო, მეუბნებიან. არ მინდა შევხედო, მაგრამ თვალი სად წავიღო, თუ დავხუჭავ – ორმოში აღმოვჩნდები.

„გინდ მიყურე, გინდ არაო“, – რომ გვეუბნებიან, ვითომ არის არჩევანი? ყველა არხზე ისინი არიან, ქუჩაშიც ისინი და რაღა არჩევანია? გამოდის, რომ უნდა ვუყურო. ასე უნდა ყველას და მათ შორის ივანიშვილსაც, მაგრამ ყველასგან განსხვავებით ივანიშვილს არათუ უნდა, რომ ვუყუროთ, მას უნდა ყველა მისი სიტყვა დავაკონსპექტოდ, ტვინში ჩავიბეჭდოთ და ისე მოვიქცეთ, როგორც მისი სიტყვა გვკარნახობს.

„ჭეშმარიტი დემოკრატიაა“ – სხვას ვერაფერს იტყვი. მოჭარბებული „ჭეშმარიტება“ იგრძნობა მის ყველა სიტყვაში, იმაშიც, მის ბაგეთ რომ არ წამოსცდენიათ. და არა მარტო მის სიტყვებში – ყველა „მეოცნების“ სიტყვაში, თავი ბიძინისტად რომ მოაქვს.

ასე და ამრიგად, კვირის განმავლობაში ვისმენთ მარგველაშვილის „არაკაცური“ საქციელის შესახებ, რაც შემდეგში გამოიხატება: „კონსტიტუცია პრეზიდენტმაც იცის. ისიც იცის და იცოდა ყოველთვის, რომ პრეზიდენტის ასეთი ფეშენებელური რეზიდენცია დიდი ფუფუნებაა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ჯიუტი, გაბრაზებული ბავშვივით მოიქცა. ახლა რა იქნება?

ოდნავ გონიერი კაცი, საკუთარი ნებით უნდა გამოვიდეს ბოროტებისა და გარყვნილების ბუდიდან!“, – წერს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ჟურნალისტი, ფრიად „ნიჭიერი“ და სათნო პიროვნება, თეა მოსია.

არასდროს ვყოფილვარ მარგველაშვილის გულშემატკივარი, მისი კრიტიკოსი კი იცოცხლეთ, მაგრამ ამ საკითხში აშკარად ვემხრობი, ვინაიდან შეგნებულად თუ შეუგნებლად, ის იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ესოდენ სიმწრით შექმნილს დამოუკიდებლობის ჟამს. მე, როგორც ქვეყნის პროტოკოლის სამსახურის ყოფილ უფროსს, უკეთ მომეხსენება პრეზიდენტის სასახლის წარმომადგენლობითი მნიშვნელობა, ვიდრე ნებისმიერ ჟურნალისტს, პოლიტიკოსს, თუნდაც მილიარდერ ივანიშვილს, რომელმაც თქვა: „პრეზიდენტის ადმინისტრაციას 16.000 კვ.მ-ის ფართობი უკავია, რაც ჭარბი ფართია. რომ არ უჭირდეს სახელმწიფოს, ჭარბი ფართი მაინც არ უნდა გქონდეს“; „ჩვენ, საკმაოდ გაჭირვებული სახელმწიფო გვაქვს“.

„ბრძნული“ ნათქვამია, მაგრამ მასისთვის, რომელიც არც გაგებაშია და არც აინტერესებს მარგველაშვილის არსებობა, არათუ მისი სასახლეში ყოფნა. არ აინტერესებს, ვინაიდან ვერადავერ ამოვიდა ნაგვის ყუთიდან, ვერ ეღირსა ბიძინას დაპირებულ სიკეთეს.

ბიძინას ნათქვამიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ქვეყნის სიდუხჭირის მიხედვით უნდა ცხოვრობდეს ანუ გლდანულის ან ვარკეთილის ოროთახიან ბინაში უნდა ჰქონდეს რეზიდენცია. მაგრამ მარტო პრეზიდენტი?! იქნებ მდიდარი, ისეთი, როგორიც ბიძინაა, ოდნავ თავშეკავებულ ცხოვრებას უნდა ეწეოდეს და არა ზვიგენების, ზებრების, პინგვინების, ცნობილი უცხოელი მხატვრების ნახატების გარემოცვაში.

არა, ნამდვილად არ აქვთ ჩვენს ფულიანებს გაჭირვებული საქართველოს შესაფერისი ცხოვრება. ზოგმა ვაკეში უკრაინისა და ირანის საელჩოებს შორის აიშენა სახლი, ზოგმაც თავის დროზე საკუთარ ოფისად გადააქცია „ქორწინების სასახლე“. ჩემმა მეზობელმა ერთ პატარა ქუჩაზე სამი, უზარმაზარი სახლი წამოჭიმა, უცხოეთიდან შემოტანილი საშენი მასალებით და ა.შ. აღარ ჩამოვთვლი რა მოასწრეს „ნაცებმა“ 9 წლის განმავლობაში და „ქოცებმა“ ორ წელიწადნახევარში.

პრეზიდენტის ყოფნა სააკაშვილის მიერ აშენებულ სასახლეში არ შეიძლება, მაგრამ „ქოცების“ ხელისუფლების ჭარბზე-უჭარბესი ხელფასები და ხელფასზე დანამატები, უცხოეთში ფეშენებელური, თანაც უსაგნო მოგზაურობა შეიძლება. არავინ ამბობს, მათ შორის არც ივანიშვილი – ესოდენ დიდი ამალით რა უნდოდა მარგველაშვილს ვატიკანში? სულაც არ იყო საჭირო ეკონომიკური მრჩევლისა და სხვა მრჩევლების, მითუმეტეს უშიშროების საბჭოს მდივნის თანხლება რომის პაპთან.

„გაგულავების“ მომენტი სახეზეა, მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს, ვითომ ეს ფულის ხარჯვა არ იყოს. მაგრამ აქ საქმე სხვაშია და არა სასახლეში. როგორც ჩანს, ივანიშვილს სურს ამ სასახლის დასაკუთრება და მიხვეულ-მოხვეული გზით ცდილობს, ხალხის ხელით ამის გაკეთებას.

არგუმენტი სასახლისა და გაჭირვებული ქვეყნისა სრულიად უადგილოა, თუნდაც მარგველაშვილის ადრეგაკეთებული განცხადების მოშველიება – სააკაშვილის სასახლეში არშესვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან მაშინ მან არ იცოდა პრეზიდენტის იმ პროტოკოლური ფუნქციების შესახებ, რაც დღეს იცის და რაც აუცილებელია ქვეყნისთვის.

დიახ! დღეს ქვეყანა, ქვეყანას არ ჰგავს, მაგრამ ასე ვიქნებით ყოველთვის? ივანიშვილის რეცეპტით ორი წლის შემდეგ კარგად უნდა ვიყოთ და თუ კარგად ვიქნებით, პრეზიდენტის პროტოკოლიც უნდა ავამოქმედოთ და დღეს გაპარტახებული შენობის (თუ მარგველაშვილი გამოვიდა შენობიდან) ნაცვლად ახალი უნდა ავაშენოთ.

პრეზიდენტის დღევანდელი შეზღუდული საკონსტიტუციო ფუნქციები, სულაც არ ნიშნავს პროტოკოლის შეზღუდვას. ის ყოველთვის იარსებებს, პრეზიდენტის გაზრდილი თუ შეზღუდული ფუნქციების შემთხვევაში. ასე, რომ სრულიად უადგილოდ მივიჩნევ ბიძინასეული „არგუმენტების“ გაზიარებას და მისივე დავალებით აჭიკჭიკებული „ქოცების“ განცხადებებს.

ბაბაიებო, ქვეყანა თავზე გექცევათ და უმჯობესია უსაგნო, ქარაფშუტულ ლაპარაკის ნაცვლად, საქმეს მიხედოთ. მაგრამ საქმის მიხედვა მხოლოდ მას ძალუძს, ვინც საქმე იცის. ის, რომ „ქოცებმა“ საქმე არ იციან და არც სურვილი აქვთ იცოდნენ, ფაქტია.

ახლა იმაზე – „ოდნავ გონიერი კაცი, რომ უნდა გამოვიდეს ბოროტებისა და გარყვნილების ბუდიდან“ – ამ მოწოდებით არათუ ჩვენ, ქართველები შორს ვერ წავალთ, მსოფლიოც ვერ განვითარდება. მსგავსი ფილოსოფიით, ფაშისტური რეიხსტაგი, რომლის თავზეც ეგოროვმა და ქანთარიამ გამარჯვებული საბჭოთა კავშირის წითელი დროშა აღმართეს, გადარჩენილ, დღეს უკვე აყვავებულ გერმანიას უნდა დაენგრია, ვინაიდან იმაზე მეტი საშინელება, რაც რეიხსტაგის შენობაში მოკალათებულებმა მოუტანეს კაცობრიობას, არ არსებობს.

არც ბოლშევიკებს უნდა მოერგოთ საკუთარ თავზე მეფისეული კრემლი, არც ჯორჯ ბუშ უმცროსი უნდა შესულიყო თეთრ სახლში, მითუმეტეს მის ოვალურ კაბინეტში, საიდანაც წინამორბედი კლინტონი, იასირ არაფატთან „ცხელი სატელეფონო“ ხაზით სარგებლობის დროს, მონიკა ლევინსკის ორალურ-სექსუალური მომსახურეობის საამურ განცდებში იყო. ალბათ, ჯორჯ ბუშ უმცროსს უნდა ეთქვა – ფუი, ეშმაკს; ფუი, ეშმაკს და ახალი „თეთრი სახლი“ უნდა აეშენებინა?!

მეგობრებო, სასახლე არაფერ შუაშია. სასახლე არ ჩადის ბოროტებას, გარყვნილებას. ამის შემოქმედნი ადამიანები არიან. არ მოგვწონდა ავხორცი და ბოროტი სააკაშვილი და გადავირჩიეთ. გადარჩეულს თავში აზრადაც არ მოსვლია სახლის ზურგზე მოკიდება და წაღება. რომ მოსვლოდა, შეძლებდა?

სასახლეები წლებს, საუკუნეებს უძლებენ და არა მარტო ჟამთა ცვლას, არამედ იქ მოკალათებულ ჭკვიან თუ უჭკუო, ბოროტ თუ კეთილ, პატიოსან თუ ავხორც მმართველებს. რამდენი ასეთის მომსწრეა პეტერბურგისა და ვერსალის სასახლეები?!

ვინ, სად, როდის ბრძანა, რომ პრეზიდენტს სასახლე არ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ის ფუნქციები არ აქვს, რაც წინამორბედს ჰქონდა. არც დიდი ბრიტანეთის დედოფალს აქვს „პირველკაცობის“ შესაბამისი ფუნქციები, მაგრამ ინგლისელებს აზრადაც არ მოსვლიათ ვინძორიდან  მისი გამოპანღურება. და იცით რატომ? იმიტომ, რომ ტრადიციები არსებობს, რომლის წინაშე ყველა მორჩილია.

საქართველოში მსგავსი ტრადიციები არ არსებობს. ახლა იქმნება და ჩანასახშივე გვინდა მოვსპოთ, გავანადგუროთ. საქართელო ძველი, მაგრამ ახალგაზრდა ქვეყანაა, თანაც ისეთი, ყოველწუთს რომ ცვლის სახელმწიფოს მმართველობით სისტემას. გუშინ საპრეზიდენტო მმართველობა გვქონდა, დღეს რა გვაქვს, არავინ იცის. ამბობენ საპარლამენტოო. თუ რა „წარმატებული“ სისტემაც არის, ყველა ვხედავთ და რახან ვხედავთ, იმასაც ვხედავთ, რომ უნდა შეიცვალოს – ისევ საპრეზიდენტოზე.

ისე კი, ჩემის აზრით, ასეთი დაკოდილი პრეზიდენტის ინსტიტუტის ნაცვლად, სულ რომ არ იყოს სჯობს. იქნებ პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება, ისე, როგორც გამსახურდიას მმართველობის დასაწყისში – უზენაესი საბჭო და მთავრობა იყოს. მაგრამ ეს ყველაფერი მომავლის საქმეა, შესაძლოა არცთუ შორეულის და რახან ასეა, ის მაინც შევძლოთ, აშენებული შენობა არ გავაპარტახოთ.

P.S. საინტერესოა ფუნქციააყრილი პრეზიდენტი, მაგრამ მაინც პრეზიდენტი სად გამართავდა საპატიო ყარაულს ბელორუსის პრეზიდენტის ლუკაშენკოს პატივსაცემად? ათონელის ქუჩაზე?

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.