26.12.2024

„1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ და თავგანწირვამ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას გადამწყვტი ბიძგი მისცა“. ეს შეფასება  არაერთხელ გვსმენია მასმედიაში. ამ შეფასებას სისტემატიურად იმეორებენ, როგორც პოლიტიკოსები, ისე ინტელიგენციის წარმომადგენლები, მთლიანად ქართული საზოგადოება. 1989 9 აპრილის შემდეგ 24-მა ცხრა აპრილმა ჩაიარა – პარლამენტის შენობის წინ მისვლით და დაღუპულთათვის პატივის მიგებით. 24 წელი ვიხსენებთ იმ მართლაცდა ტრაგიკულ დღეს, მაგრამ წამითაც არ გვსურს ჩვენთვის მაინც ვთქვათ, საჭირო იყო თუ არა მაშინდელი თავგანწირვა.

9 აპრილი ისეთი თემაა, რომ მის შესახებ საზოგადოებაში არსებული მოსაზრების გარდა არსებულ სხვას, ხმამაღლა ვერ იტყვი – ცუდად გაიგებენ, არადა ვიწრო წრეში გამოთქმული აზრიც საინტერესოა და მასაც აქვს არსებობის უფლება.

1989 წლის 9 აპრილი არ მოხდებოდა, რომ არ ყოფილიყო გორბაჩოვის მიერ დაწყებული ლიბერალიზაციის პროცესი – „გლასნოსტად“ და „პერესტროიკად“ მონათლლი. სწორედ მოჭერილი ჭანჭიკების მოშვებამ მისცა სტიმული საბჭოთა კავშირში არსებულ დისიდენტურ მოძრაობას შედარებით თავისუფალი მოქმედების საშუალება. გამოცოცხლდა იატაკქვეშ არსებული დისიდენტური ორგანიცაზიები და მათი ბეჭდვითი ორგანოები, გახშირდა მიტინგები, დემონსტრაციები. ამ საერთო საკავშირო ფერხულში თავისი საპატიო, ანგარიშგასაწევი ადგილი საქართველოს სხვაგვარად მოაზროვნე ორგანიზაციებმაც დაიკავეს.

კრემლის ლიბერალური ნაბიჯების გამომწვევ მიზეზთა შორის მრავალი სახელდება, მათ შორის გეგმური ეკონომიკის უსუსურობა, ეკონომიკური სტაგნაცია, თვით საბჭოთა კავშირის კპ ცკ-ს გენერალური მდივნის, მიხეილ გორბაჩოვის სისუსტე და სხვა. მაგრამ მთავარ მიზეზთა შორის დასავლური პრესიცაა – ის, რაც საბჭოეთის შექმნის პირველსავე დღიდან, მძლავრი პროპაგანდისტულ-ეკონომიკური ბერკეტებით, პერმანენტულად ცდილობდა კლასობრივი იდეოლოგიის მატარებელი ქვეყნის დაშლა-განადგურებას.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ეკონომიკურმა ჩავარდნებმა, კომუნისტური სისტემის გადარჩენის მცდელობამ და ამ გადარჩენისთვის სამხედრო მშენებლობაში დახარჯულმა უზომო თანხებმა, თავისთავად აფიქრებინეს კრემლის მაშინდელ ბინადართ, მოწინააღმდეგე დასავლეთთან, საერთო ენის გამონახვის თაობაზე. საერთო ენის გამონახვას კი თავისთავად მოჰყვა კასკადი დათმობებისა და საბოლოო ჯამში საბჭოთა იმპერიის დაშლა.

1989 9 აპრილს, ცენტრიდან წამოსული უხილავი თავისუფლების ელფერი დაჰკრავდა. რომ არა მსგავსი რამ, არც დისიდენტური მოძრაობა გაიფურჩქნებოდა და არც მიტინგებს ექნებოდა ადგილი. საბჭოთა სისტემისთვის არცთუ უცხო წესს – რეპრესიებს, უმთავრესად სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანთა საწინააღმდეგოდ მიმართულს, ფართო გასაქანი ექნებოდა – შესაბამისი შედეგებით.

აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებული ფართომასშტაბიანი მიტინგი – ვაკის პარკში გამართული, მთავრობის სახლის (შემდგომში პარლამენტის) მიმართულებით დაძრული და მთავრობის სახლის კიბეებზე სპონტანურად დაბანაკებული, არა მარტო ანტისახელისუფლებო, არამედ ანტისაკავშირო მიტინგად გადაიქცა.

საბჭოთა იმპერიისთვის უცხო, მრავალდღიანმა მიტინგმა საბჭოთა საქართველოს მმართველობის მანქანის საგრძნობი შეფერხება გამოიწვია. თვით ამ მანქანაში გაჩნდა ბზარები, ეროვნული მოძრაობის ლიდერთა მიმართ სიმპათიით გამსჭვალული დამოკიდებულება, დევიზით – „რა იცი, რა ხდება“.

მთავრობის სახლის წინ გამართულმა მრავალდღიანმა მიტინგმა აშკარად გამოკვეთა სახელმწიფო მანქანის საწინააღმდეგო ძალა, თავისი ლიდერებით. მეხსიერებას შემორჩა შენობის წინამდებარე მოედანსა და პროსპექტის დიდ ნაწილზე ზღვა მომიტინგეები. მათ მიერ, სწრაფად, ყოველგვარი აურზაურის გარეშე გაკეთებული დერეფანი, მიტინგზე მისულ ეროვნული მოძრაობის ლიდერთათვის გზის დასათმობად.

მიტინგზე მისული საზოგადოების გულითადი დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიასა და მისი თანამებრძოლების მიმართ კარგად ჩანდა მთავრობის სახლის ფანჯრებიდან. ჩანდა ისიც, როგორ იძაბებოდა პოლიტიკური ვითარება. ხელისუფლების თხოვნით, ქვეყნის ინტელიგენციის წარმომადგენლები, როგორც ტელევიზიით, ისე მიტინგზე, მიმართავდნენ შეკრებილებს დაშლისაკენ, თუმცა ეროვნული მოძრაობის ლიდერთა მხრიდან შესაბამისი პასუხი არ ჩანდა.

უფრო მეტიც – საბედისწერო 9 აპრილის ღამეს, მომიტინგეებს მოედნის გათავისუფლებისკენ და იქვე მდებარე ქვაშვეთის ეკლესიაში ლოცვისკენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მისმა უწმიდესობა ილია II-მაც მოუწოდა. სამწუხაროდ, სულიერი მამის მოწოდება, მოწოდებად დარჩა.

საბჭოთა ჯარის მიერ მოედნის ძალისმიერი გზით გაწმენდას მოჰყვა მსხვერპლი, მომიტინგეთა ქიმიური იარაღით მოწამლვა, საგანგებო მდგომარეობის შემოღება და სხვა.

9 აპრილს დაღვრილმა სისხლმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. კიდევ ერთხელ შეახსენა საერთაშორისო საზოგადოებას საბჭოთა რეპრესიული მანქანის ნგრევის აუცილობლობაზე, საბჭოთა სისტემის დაშლაზე. 9 აპრილმა გააღრმავა ხალხში არსებული ანტისაბჭოური განწყობა, საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის სურვილი, დამოუკიდებლად არსებობის აუცილებლობა.

9 აპრილმა, ფაქტიურად წერტილი დაუსვა, ისედაც წყალშემდგარ საბჭოთა სისტემას. მართალია, საქართველოს კვლავ მართავდა კომპარტია და შეცვლილი კომუნისტური ხელისუფლება, მაგრამ რეალური ძალაუფლება ეროვნული მოძრაობის ხელში აღმოჩნდა.

1989 წლის აპრილიდან, 1990 წლის შემოდგომამდე პერიოდს, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ორხელისუფლებიანობა. 1990 წლის შემოდგომით გაიმართა მრავალპარტიული საყოველთაო არჩევნები, რაც პირველი მერცხალი იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში. ხალხმა მხარი დაუჭირა პარტიათა კოალიციას, „მრგვალი მაგიდის“ სახით და მის ლიდერს ზვიდ გამსახურდიას, რომელიც უზენაესმა საბჭომ თავმჯდომარედაც აირჩია.

„პერესტროიკის“ ავტორებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ – საბჭოთა კავშირის დაშლის სახით. ვითარებიდან გამოსვლის მიზნით ერთადერთი რამ, რაც მათ მოიფიქრეს – რეფერენდუმის ჩატარება იყო, რომელიც გაიმართა 1991 წლის 17 მარტს. რეფერენდუმში ყველა რესპუბლიკა იღებდა მონაწილეობას, გარდა საქართველოსი, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა მას. რეფერენდუმს უნდა გაერკვია – უნდოდათ თუ არა საბჭოელებს ერთიანი კავშირი.

საქართველოს ახალი ხელისუფლება მარტო ბოიკოტს არ დასჯერდა. მან საპირისპირო რეფერენდუმი შესთავაზა საქართველოს მოსახლეობას იმავე წლის 31 მარტს. რეფერენდუმის დღეს საქართველოს სტუმრობდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, ცნობილი მეცნიერისა და პოლიტოლოგის დიმიტრი საიმსის თანხლებით.

ნიქსონის საქართველოში ჩამოსვლა განპირობებული იყო ზვიად გამსახურდიას სურვილით, რომელმაც სტუმრის ჩამოსაყვანად მოსკოვში მიავლინა მაშინდელი ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე მურმან ომანიძე. ნიქსონი სპეცთვითმფრინავით ჩამოვიდა თბილისში და დაესწრო რეფერენდუმის მსვლელობას ვაკის რაიონის ერთ-ერთ უბანზე.

რეფერენდუმის ლოგიკური გაგრძელება იყო 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება, რომელიც საზეიმო ვითარებაში ჩატარდა უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს მოჰყვა არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლა, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციის, დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციად გადაკეთება, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება, 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის მიღება.

ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. ყველა მათგანს, ქვეყნის უახლეს ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ . . .

დავუშვათ არ მომხდარიყო 9 აპრილი, ექნებოდა თუ არა ეროვნულ ხელისუფლებას ხელისუფლებაში მოსვლის შანსი? გახდებოდა თუ არა ზვიად გამსახურდია ჯერ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, შემდეგ უზენაესი საბჭოს მიერ არჩეული პრეზიდენტი და მაისში, საყოველთაო-სახალხო არჩევნებით არჩეული პრეზიდენტი?

საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ არც ერთ ჩამოთვლილ მოვლენას ადგილი არ ექნებოდა, რომ არ ყოფილიყო 9 აპრილი. საქართველოს შემორჩებოდა კომუნისტური ხელისუფლება ჯუმბერ პატიაშვილის მეთაურობით, მაგრამ საბჭოთა კავშირი დაშლას ვერ ასცდებოდა.

გაზვიადებულია მოსაზრება, რომ 9 აპრილის ტრაგიკულმა მოვლენებმა დაშალა საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირი ზემოდან, კრემლიდან დაიშალა, უფრო სწორად დაეშალათ, გაუთვლელი პოლიტიკური ნაბიჯების გამო.

საბჭოთა კავშირის დაშლაში ფასდაუდებელი საქმე აკეთა თვით კომუნისტურმა პარტიამ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა, სამართალდამცავმა ორგანოებმა, ყველა იმან, ვინც უყოყმანოდ ასრულა კრემლის მითითება. საბჭოეთის დაშლას მოჰყვა საბჭოთა დოვლათის ყოფილ პარტიულ ფუნქციონერებზე განაწილება. გუშინდელი კომკავშირულ-პარტიული ელიტა დღეს ბიზნეს-ელიტის სახითაა წარმოდგენილი.

რომ არ ყოფილიყო 9 აპრილი, საქართველოში დარჩებოდა სახეშეცვლილი კომუნისტური ხელისუფლება, ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა თითქმის ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში. ცხადია, გაიმართებოდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ მასში სხვაგვარად მოაზროვნეთა მიერ ჩამოყალიბებულ პარტიებს გამარჯვების შანსი ნაკლებად ექნებოდათ. ერთს, რასაც ისინი შეძლებდნენ – პარლამენტში უმცირესობით მოხვედრა იქნებოდა.

რომ არ ყოფილიყო 9 აპრილი – ვერც გამსახურდია და ვერც შევარდნაძე, მითუმეტეს ვერც სააკაშვილი ქვეყნის სათავეში ვერ მოექცეოდა. საქართველო გადაურჩებოდა ეკონომიკურ, ფისკალურ, ფიზიკურ ნგრევას, რასაც ადგილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის ნგრევის შედეგად. მეტნაკლებად შენარჩუნდებოდა ის ეკონომიკური კავშირები, რომლებიც 70 წლის განმავლობაში ჰქონდათ საბჭოთა რესპუბლიკებს. საბჭოეთის დაშლა ესოდენ მგრძნობიარე არ იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის.

საბჭოთა კავშირის ნგრევა არც დამოუკიდებლობის აქტის აღდგენას გამოუწვევია. ამ აქტს არ გამოუწვევია საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის დიპლომატიური აღიარება, თუ არ ჩავთვლით თითო-ოროლა მაგალითს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბალტიისპირა რესპუბლიკების საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის დროს.

1991 წლის აგვისტოს მოსკოვის გადატრიალების უშედეგო მცდელობიდან დაწყებული, დეკემბრით დამთავრებული, არაერთ დრამატულ მოვლენას ჰქონდა ადგილი საბჭოეთის ცხოვრებაში. მარტო „ბელოვეჟის“ სამთა შეთანხმება (რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის) რად ღირს, რომ არაფერი ვთქვათ დანარჩენებზე. ყოველივე ამან აიძულა სსრ კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის დაშლა გამოეცხადებინა.

სწორედ საბჭოეთის დაშლას მოჰყვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს დიპლომატიური აღიარება. და არა დამოუკიდებლობის აქტის მიღებას.

არც ის არის ჭეშმარიტება, რომ ეს დოკუმენტი გახდა გაეროში შესვლის საფუძველი. არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას მსგავსი დოკუმენტი არ ჰქონია, მაგრამ ყველა ისინი, საქართველოზე გაცილებით ადრე, შეიყვანეს გაეროში. საქართველო მხოლოდ 1992 წლის ივლისში გახდა გაეროს წევრი. დაგვიანების მთავარი მიზეზი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა და გაურკვეველი, არალეგიტიმური მმართველობა იყო.

9 აპრილის ჰეროიკულ პერიოდს მოჰყვა ხელისუფლების არა რიგითი, არამედ ფუნდამენტური ცვლა – სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლის მცდელობა ანუ პოლიტიკურ სისტემათა ცვლა. საქართველო დაადგა ყველასთვის უცნობ გზას.

გამოუცდელი ქვეყნისთვის, მითუმეტეს ქვეყნის მართვის არმცოდნე ხელისუფლებისთვის, ახალი ცხოვრების შენება ბნელ ოთახში, იატაკზე დავარდნილი კაპიკიანის ძებნის სადარი გამოდგა. ექსპერიმენტულმა, სპონტანურმა, სუბიექტურმა გადაწყვეტილებებმა მძიმე დაღი დაასვა ქვეყნის ეკონომიკას. მარტო სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვა რად ღირს – შემდეგი განცხადებით – ამ აქტმა მძიმე ზიანი მიაყენა საბჭოთა კავშირსო.

ეკონომიკურ და სოციალურ გაუარესებას ცეცხლზე ნავთი დაასხა პოლიტიკურმა კინკლაობამ, თვით მმართველ „მრგვალ მაგიდაში“ გუშინდელ თანამებრძოლთა უკომპრომისო დაპირისპირებამ. ქუჩაში დარჩენილ პარტიათა გამუდმებულმა თავდასხმებმა ხელისუფლებაზე არანაკლები არეულობა გამოიწვია.

რუსთაველის პროსპექტი ე.წ. ქუჩის ოპოზიციის მოშიმშილეთა წამოსაწოლი ადგილი გახდა. კარვებით და ლეიბებით აღჭურვილი ოპოზიცია ერთობ არასახარბიელო სურათს ქმნიდა, რაც აღინიშნა კიდევაც საქართველოში ჩამოსულ ამერიკელ კონგრესმენთა მხრიდან. კონგრესმენთა დელეგაციის რუსთაველის პროსპექტზე ჩავლას და წამოწოლილ ოპოზიციონერებთან დალაპარაკებას მოჰყვა მათი ასეთი განცხადება – ჩამოურიგოს ხელისუფლებამ ამ პარტიებს სახელმწიფო თანამდებობები და არავითარ პროტესტს ადგილი არ ექნება.

არანაკლებ ქაოტური იყო ხელისუფალთა განცხადებები, უპირველესად მოსკოვის მისამართით გამოთქმული. რუსეთი გადაიქცა ნომერ პირველ მტრად, რაც, იქედან მოყოლებული, დღესაც გრძელდება. მკვახე იყო ამერიკისადმი რიტორიკაც, რამაც აშშ-ს მაშინდელ პრეზიდენტ ბუშს (მამას) ათქმევინა შემდეგი – გამსახურდია მდინარის საწინააღმდეგოდ მიცურავსო.

ყურს ჭრიდა შემდეგი ხასიათის განცხადებები – საქართველო ქართველებისთვის, აჭარის ავტონომიის სტატუსის გადახედვა და სხვა. პირველს მოჰყვა აზერბაიჯანული წარმოშობის მოსახლეობასთან დაპირისპირება, მეორეს – ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო გამოსვლა აჭარაში. დაიძაბა, ისედაც დაძაბული ურთიერთობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. საქართველო ორ ნაწილად გაიყო – ზვიადის მომხრეებად და მოწინააღმეგეებად.

შიდა და გარე ქიშპობა-დაპირისპირების გაგრძელება იყო თბილისის ომი, რამაც საბოლოო წერტილი დაუსვა 9 აპრილის მონაპოვარს, იმჟამინდელ ერთსულოვნებას.

თბილისის ომმა არა მარტო ფიზიკურად გაანადგურა დედაქალაქის ცენტრი, არამედ დასცა მთელი ქვეყნის მოსახლეობის სულიერება. მხედრიონის გამოჩენამ, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში კრიმინალურმა თარეშმა, ძარცვა-ქურდობამ, მკვლელობამ, კრიმინალი, ჩვეულებრივ მოვლენად აქცია.

არჩეული პრეზიდენტის ქვეყნიდან განდევნა, შევარდნაძის მოსკოვიდან დაბრუნება, აფხაზეთში ომის დაწყება, აფხაზეთის ფაქტიური დაკარგვა, უგაზობა, უშუქობა, უპურობა, უფულობა და სხვა მრავალი ნეგატიური მომენტი ხალხის აზროვნების კარდინალური ცვლის სტიმული გახდა.

ერთ დროს სამართლიანობის, მეგობრობის, მებაირაღე ქართველი, უპოვართა დამხმარე და კრიმინალთან მებრძოლი – თვით გადაიქცა კრიმინალად, სახელმწიფო ქონების დამტაცებლად, საკუთარი სიამოვნებისთვის – მშობლების, ნათესავების, მეგობრების, ახლობლების, ქვეყნის გამწირავად.

შევარდნაძის დროს მიღებულმა გადაწყვეტილებამ კუპონების შემოღების თაობაზე, კუპონებთან დაკავშირებულმა თაღლითობამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო არა მარტო იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, არამედ ინტელიგენციის „საუკეთესო“ წარმომადგენლებმაც, წელში გადატეხა ქვეყნის ისედაც უსუსური მონეტარული სისტემა.

ისტორიის შეფასებისას ვარაუდებით არ ლაპარაკობენ, მაგრამ მოდით ვივარაუდოთ, რომ არ ყოფილიყო 9 აპრილი ზემოთჩამოთვლილ ნეგატიურ მოვლენებს ექნებოდა ადგილი თუ არა? არ ექნებოდა.

საქართველო გადაურჩებოდა უმწვავეს კატაკლიზმებს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. არ დაიკარგებოდა ყოფილი ავტონომიები. მეზობელ რუსეთთან იქნებოდა ნორმალური ურთიერთობები და რაც მთავარია ზემოთჩამოთვლილი უბედურებების მთავარი შემოქმედი სამი პრეზიდენტი არ იქნებოდა.

ყავაზე მარჩიელობა და ვარაუდი საამური წინასწარმეტყველებით – არაფერს გვძენს, მაგრამ მოსასმენად სასიამოვნო ხომ არის?

 ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.