05.12.2024

ხალხი ვალდებულია ნახოს „აკრძალული ხილი“

ფარულმა ვიდეო-ჩანაწერებმა მძაფრი რეაქცია გამოიწვია საქართველოში. ის „ელიტარული“ ბედნიერები, ვისაც წილად ხვდათ „აკრძალული ხილის“ ხილვა, სახეშეშლილი გვიყვება უბრალო მომაკვდავებს ანუ საქართველოს მოსახლეობის 99,99%-ს ნანახის შესახებ.

განსაკუთრებით აღელვებული ჩანდა საქართველოში აშშ-ს ელჩი ნორლადი, მიუხედავად იმისა, რომ ის შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწყობილ „პრასმოტრს“ არ დასწრებია. ელჩი, საელჩოს იმ დიპლომატთა მიერ მოყოლილზე აღელდა, ვინც სხვა ქვეყნის დიპლომატებთან ერთად ნახა ვიდეო-მასალა. მოკლე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ საკითხი უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავე დასჯილი.

უნდა ვიმედოვნოთ, რომ ამერიკელი დიპლომატები არ გაიკვირვებენ, მითუმეტეს არ გააპროტესტებენ დანაშაულის ჩამდენთა დაკავება-გასამართლებას, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას ეკუთვნიან ისინი ან რომელი პარტიის დავალებას ასრულებდნენ.

მე იმ 99,99%-ს მივეკუთვნები, ვისაც ვიდეო-ფირები არ უნახავს, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყოველივე, სააკაშვილის და მისი „ნაციონალური მოძრაობის“ შემოქმედებაა. ჩვენს ურყევ პოზიციას ზურგს უმაგრებს სააკაშვილისა და ნაციონალების მიერ 9 წლის განმავლობაში ჩადენილი არა ერთი დანაშაული, რომელზეც თვალს ხუჭავდა სააკაშვილს მიტმასნილი საზოგადოების ნაწილი, ე.წ. ინტელიგენცია, საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსი, ამერიკელი პოლიტიკოსები, ევროკავშირ-ევროსაბჭოს მაღალ-დაბალ ჩინოსნები, სხვები და სვები. და რაც მთავარია მედია – შინა და გარე, 9 წლის განმავლობაში რომ სააკაშვილის ხოტბით „იკლავდა“ თავს.

ვითომ მარტო სააკაშვილის „საგმირო“ საქმეების? იქნებ საკუთარი ჯიბისთვის? ელიტარულ მედიაში განსაკუთრებით ელექტრონულში მყოფ „ჟურნალისტთა“ ანაზღაურება ხომ ნებისმიერი ქართველისთვის მიუწვდომელი მწვერვალი იყო!

სააკაშვილმა დააფასა გაყიდული ჟურნალისტები – ზოგი დიპლომატად გაამწესა, ზოგი სამინისტროებსა და უწყებებს ჩაუნერგა – მაღალანაზღაურებადი თანამდებობებით, ზოგს ახალი შოუ-პროგრამები უბოძა, შესაბამისი სპონსორებით და სხვა. ყველა ისინი დღესაც წამლავენ საზოგადოებას, უდარდელი, საამური საქართველოს არარსებული სურათის შექმნით. მათი ქმრები და ახლო ნათესავები, ახლობლები კი სხვა ვიდეო-ფირებს ქმნიდნენ, მხილველთა მონათხრობით ამერიკელი კინორეჟისორის ჰიჩკოკის სადარს.

ამერიკელმა დიპლომატებმა, როგორც ჩანს ისეთი რამ ნახეს, თვით ათას . . . გადამხტარ ამერიკელსაც რომ გააკვირვებს. რომ იტყვიან „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასო“. მათ მიერ გამოზრდილ-გამოწვრთნილმა შვილმა კახურად – დაუკრეფავშიც გადაალაჯა და ტლანქი, ბოროტი მოძრაობით იქ არსებული მცენარეები მითელ-მოთელა.

მაინც რა ნახეს ამერიკელმა დიპლომატებმა ან მათმა კოლეგებმა – ისეთი, რომ პატიმართა წამება-შეურაცხყოფით სახელგანთქმული ქვეყნის შვილებს ასე გაუკვირდათ? ნუთუ ნანახი უფრო შემზარავია, ვიდრე ერაყის აბუ-გრების ან გუანტანამოს კადრები – პატიმართა წამებით, ამერიკელ სამხედროთა მიერ პატიმრების თავზე დაშარდვით და სხვა?

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ნორლანდ! განა თქვენ არ გაწვრთვენით სააკაშვილის პოლიციელები? განა ბევრმა მათგანმა ამერიკაში არ „იტრენინგა“? განა თქვენ არ უთათუნებდით მხარზე ხელს სააკაშვილსა და მის გუნდს, მუყაითი, თვალსაჩინო სამსახურისთვის? განა თქვენი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დიდის აღტაცებით არ ეუბნებოდა სააკაშვილის დედას, ასეთი სანაქებო პიროვნების აღზრდისთვის? განა თქვენი სენატორი მაკკეინი და სხვები დღესაც კეთილ სიტყვებს არ იშურებენ კრიმინალი სააკაშვილის და მისი თანაბანდიტების მიმართ? განა თქვენ არ დაიცავით ქვეყნის მოღალატე პრეზიდენტი 2008 წლის ომისთვის? განა თქვენ არ იხსენით აგრესორი სააკაშვილი ამ ტერმინისგან?

თქვენო აღმატებულებავ! ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეთ, რომ თავზე ზედმეტი ხელის გადასმა რყვნის კაცს, მითუმეტეს სახელმწიფოს მაღალჩინოსანს, მითუმეტეს პრეზიდენტს, მაგრამ. . . თქვენის მხრიდან თავზე ხელის გადასმაც იმიტომ ხომ არ ხდებოდა, რომ საკაშვილი თქვენს საქმეს აკეთებდა? ანუ როგორც თქვენ ხშირად ამბობთ – „სააკაშვილები და მისთანები ბოზის შვილები არიან, მაგრამ ჩვენი ბოზის შვილები“.

ის, რაც თქვენ გიკვირთ, სულაც არ უკვირს თქვენს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ალბერტ გორს, რომელიც თავის წიგნში „შეტევა გონებაზე“ ამხელს თანამედროვე ამერიკის „ისტებლიშმენტის“ მანკიერებებს. „ბუშმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა რამსფელდმა შეძლეს დაუბრკოლებლად გაეტარებინათ პოლიტიკა, რომელიც ეფუძნებოდა ერაყში, ავღანეთში, გუანტანამოზე, სხვა საიდუმლო ციხეებში დატყევებულებზე ჩატარებულ წამებას. მაშინაც კი, როდესაც პენტაგონის მოხელეებმა ამხილეს რამსფელდის პირადი მონაწილეობა – აღიარების მისაღებად პატიმართა მიმართ რადიკალური ზომების გატარებაში, მან არ აგო პასუხი ამერიკის ფუძემდებლური პრინციპების შერყვნისათვის. ბევრი პატიმარი აცხადებდა, რომ ციხის მსახურები, დაშინებით აიძულებდნენ მათ შეურაცხყოფა მიეყენებინათ საკუთარი რელიგიისთვის – ეჭამათ ღორის ხორცი, ესვათ ალკოჰოლური სასმელი. ერთ-ერთმა ისიც განაცხადა, რომ ძალის გამოყენებით უარი ათქმევინეს ისლამზე, შემდეგ ფეხი მოტეხეს და მოტეხილ ფეხზე ფეხები ურტყეს, თან  აყვირებდნენ – „მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი ვარო“.

რაც მართალია, სანაქებო შვილი გაზარდეთ თქვენ და ქალბატონმა გიულიმ. ბარაქალა თქვენს მარჯვენას.

ორიოდ სიტყვით „ელიტარულებსა“ და დანარჩენ საზოგადოებაზე, ვითომ რა დამსახურება აქვთ უცხოელ დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ე.წ. პოლიტიკოსებს ქვეყნის წინაშე, რომ მათ მიეცით უფლება  ვიდეო-მასალის ნახვის?

ეს, ისეთი რამ არის, მოყოლით რომ არ შეფასდება. ყველა ხომ ისეთი მთხრობელი არ არის, როგორც ამერიკელი დიპლომატები ან ისეთი მსმენელი, როგორც ამერიკის ელჩი?

იქნებ ჩვენც, ფართო საზოგადოებას, ვის თავზეც დატრიალდა ცხრაწლიანი უბედურების ბორბალი გვენახა ეს დასაქცევი ვიდეო-კადრები?! ნუ გვიფრთხილდებით! ავიტანთ! ისე, როგორც ავიტანეთ სააკაშვილის რეჟიმი. საზოგადოება ვალდებულია ნახოს ის, რაც „ელიტამ“ ნახა. მთავრობა ვალდებულია აჩვენოს ხალხს სააკაშვილის „შემოქმედება“.

ხალხი ვალდებულია ნანახიდან თვით გამოიტანოს შესაბამის დასკვნა და არა ვიღაცის მონაყოლიდან. დარწმუნებული ვარ, მთავრობას ეყოფა ვაჟკაცობა ყოველივე ამისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხს უფლება აქვს არ დაიჯეროს სხვათა მონაყოლი, რაც არ უნდა ზუსტი იყოს ის.

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.