სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ 12 ივლისი თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ მძიმე მოსაგონარ დღედ იქცევა. ჯერ იყო და სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ნიკოლას ბერნსმა, დიდი ქვეყნის წარმომადგენლის შესაფერისად, საყვედური უთხრა ჩინელ კოლეგას სნოუდენის არ გადაცემისთვის, შემდეგ კი იყო – მითად ქცეული ამერიკელის მიერ, რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცველების მიპატიჟება „შერემეტიევოს“ აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში.

ამ ამბავმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ლამის მთელი დღის განმავლობაში რუსეთის ყველა ტელეარხის (და არა მარტო რუსეთის) მთავარ თემად იქცა. ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია (სნოუდენიდან გამომდინარე) ჩინეთთან მიმართებაში დაახლოებით ასე ჟღერდა – ჩვენ იმედი გვქონდა ჩინეთთან ურთიერთობის განვითარების, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ, მაგრამ სნოუდენის ამბავმა შეიძლება გარკვეული კორექტირება შეიტანოს ამ საქმეში.

ბერნსის ჩინელი კოლეგის განცხადება იყო მოკლე და შეუვალი – ჩინეთი მოქმედებდა კანონებით, რომლებიც არ ითვალისწინებს სნოუდენის ამერიკისთვის გადაცემას.

ობამას ადმინისტრაციის გაღიზიანება აშკარად ჩანდა „შერემეტიევოს“ შეხვედრის შემდეგ, განსაკუთრებით იმ საკითხში, რომელიც ჯაშუშად მონათლული ამერიკელისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა გააკრიტიკა რუსეთი – სნოუდენს პროპაგანდისთვის იყენებსო.

მკითხველმა იცის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უარი თქვა სნოუდენის ექსტრადიციაზე, მაგრამ ისიც დაამატა, რომ იმ შემთხვევაში მისცემს რუსეთი სნოუდენს პოლიტიკურ თავშესაფარს, თუ შეწყვეტს ანტიამერიკულ მოქმედებას.

მკითხველმა ისიც იცის, რომ სნოუდენს, პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას, ლათინური ამერიკის ქვეყნები: ვენესუელა, ბოლივია და ნიკარაგუა შეჰპირდნენ, მაგრამ ამ ქვეყნებამდე მიღწევა, უპასპორტოდ დარჩენილი სნოუდენისთვის (აშშ-ა გააუქმა სნოუდენის პასპორტი) შეუძლებელია. გარდა ამისა, არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ აშშ-ს სპეცსამსახურები არ დასვამენ სნოუდენის თვითმფრინავს, ძალით, სხვაგან.

ეს მეთოდი უკვე გამოიყენეს ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავთან დაკავშირებით – ძალით დასვეს რა მოსკოვიდან სამშობლოში მიმავალი მორალესი ვენის აეროპორტში. აშშ-ს სპეცსამსახცურებს ეგონათ, რომ მორალესის თვითმფრინავში სნოუდენი იმყოფებოდა.

ამ ამბავმა დიდი გულისწყრომა გამოიწვია ლათინურ ამერიკაში. 12 ქვეყნის მეთაური და მაღალი წარმომადგენელი, მეორე დღესვე, შეიკრიბნენ ბოლივიაში საპროტესტო აქციაზე და მიმართეს გაეროს, მართლაცდა აღმაშფოთებელი საქციელის დაგმობისთვის. არადა აშშ-ს პრეზიდენტი, ობამა აფრიკაში ვიზიტის დროს აცხადებდა, რომ ის არ აპირებს 29 წლის ჰაკერის დასაჭერად თვითმფრინავის დასმას.

განვითარებულმა მოვლენებმა სნოუდენს არავითარი გზა არ დაუტოვა, გარდა ერთისა – ეთხოვა რუსეთის ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თავშესაფარი – პუტინის წინადადების გათვალისწინებით.

პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას არანაკლებ ორი კვირისა დასჭირდება. ამ ხნის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებას, პირადად პუტინს, ამერიკელთა სერიოზული შეტევის გადატანა მოუწევს, რაც არცთუ იოლი იქნება. და რატომ – უპირველესად იმიტომ, რომ პუტინი რუსეთის პრეზიდენტია ანუ ქვეყნის, რომელიც არა პარტნიორი (როგორც პუტინმა თქვა), არამედ აშშ-ს მეტოქე ქვეყანაა.

სწორედ, პუტინის დროს, შეძლო დაჩოქილმა რუსეთმა ფეხზე წამოდგომა. სწორედ, პუტინის პრეზიდენტობისას მოხდა რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური წინსვა, რუსეთის შეიარაღებული ძალების განმტკიცება. სწორედ, პუტინის დროს, რუსეთმა შეძლო საერთაშორისო არენაზე მისთვის შესაფერისი ავტორიტეტის მოპოვება. დღეს, რუსეთს ეკითხებიან, რაც კარგად გამოჩნდა ლოხ-ერნის, „დიდი რვიანის“, შეხვედრის დროს სირიის საკითხთან დაკავშირებით.

ასეთი რუსეთი აშშ-ს სერიოზული მეტოქეა. ასეთი რუსეთი არ დააქნევინებს სასაყვედურო თითს არც ამერიკას და არც სხვას. რუსეთი არ არის „ბანანის“ რესპუბლიკა, რომ ვაშინგტონის ბრძანებით სნოუდენი გადასცეს მას. ამას მხოლოდ „ბანანის რესპუბლიკები“ აკეთებენ – ბრძანა ცნობილმა რუსმა ექსპერტმა, ამჯერად აშშ-ი მომუშავე ანდრანიკ მიგრანიანმა. მან ეს ეპითეტი, წინათ რომ ლათინური ამერიკის ქვეყნების დასახასიათებლად იყენებდნენ, ევროპის ქვეყნებისთვის გამოიყენა.

მან მოსწრებულად ახსენა მეორე ტერმინი „ფინლანდიზაცია“, რომელიც ერთობ პოპულარული ტერმინი იყო საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც გავლენა ფინეთზე საგრძნობი იყო. „ფინლანდიზაციის“ მსგავსი ვითარებაა შექმნილი ამერიკასა და ევროპას შორის – ბრძანა მან.

მართლაც, რა შეიძლება ვუწოდოთ ევროკავშირის დღევანდელ პოლიტიკას, თუ არა დედლური მოქმედება?

როგორც ჩანს ევროპის ლიდერთაგან ყველაზე მამალი, დედალი, მერკელია, რომელმაც მოურიდებლად დაურღვია პრეზიდენტ ობამას აფრიკული განწყობა და აფრიკაში ვიზიტის დროს სატელეფონო (ალბათ იმასაც უსმენდნენ) საყვედური უთხრა სნოუდენის მიერ გამოვლენილ მოსმენებთან დაკავშირებით.

„კანცლერინმა თეთრი სახლის ბინადრის ყურამდე მიიტანა ცნობა იმის შესახებ, რომ ევროპა აღშფოთებულია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ, ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, ჯაშუშური მოქმედების განხორციელების გამო, მოკავშირე ევროპის ქვეყნების მიმართ“, – ასე იტყობინებოდა კანცლერის კანცელარია.

ობამამ განაცხადა, რომ მზად არის ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკის მხარემ მოლაპარაკება გამართოს როგორც გერმანიასთან, ისე ევროკავშირის სპეცდელეგაციასთან.

ის, რომ აშშ-ი ყველას და ყველაფერს უსმენს – არახალია. აღნიშნულის შესახებ ბევრმა ამერიკელმა საჯაროდ განაცხადა, ხოლო ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გორმა წიგნიც მიუძღვნა ამ თემას. მაგრამ ერთია, როდესაც იცი, რომ რაღაც ტრიალებს შენს თავს და მეორეა, როდესაც ამის შესახებ გეუბნება თვით სპეცსამსახურის თანამშრომელი სნოუდენი. სხვათა შორის „შერემეტიევოს“ შეხვედრაზე მან რუს ადამიანის უფლებათა დამცველებს გულახდილად უთხრა, რომ „თქვენც გისმენდითო“.

აშშ-ა არავინ დაინდო, არც შინაური, არც გარეული და ელექტრონული ქუდი ჩამოფხატა მთელს მსოფლიოს, ნებისმიერ ადამიანს. „დაიცვა“ რა ამ ქმედებით „ადამიანის უფლებები“? ესეც თქვენი „დემოკრატი“ ამერიკა.

გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმს“-მა გამოაქვეყნა სტატია აშშ-ი ფოსტის ტოტალური კონტროლის შესახებ. გასულ წელს აშშ-ს სპეცსამსახურმა 160 მილიარდი წერილის ფოტოგრაფირება მოახდინეს.

აშშ-ს სპეცსამსახურების სიბინძურეების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, სჯობს თანამედროვე „ფინლანდიზაციას“ დავუბრუნდეთ. ამერიკის ქმედებით აღშფოთებული ევროპა, ნაცვლად იმისა, რომ „აღშფოთება“ ცოტა ხნით მაინც გაეჭიანურებინა, პირიქით მოიქცა და ბოლივიის პრეზიდენტ მორალესს არ მისცა საშუალება, საწვავის შევსებისთვის დაფრენილიყო საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში. მან ულტიმატუმით მიმართა მორალესს – საწვავს მოგცემთ თვითმფრინავის გაჩხრეკის სანაცვლოდო.

აღნიშნული ქვეყნები, ისე, როგორც მთელი ევროკავშირი ამერიკელი პარტნიორივით ხმალამოღებული იბრძვის პედერასტთა უფლებების დასაცავად და ამ დროს ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავს აიძულებს ვენაში დაჯდომას, რაც დანაშაულია.

დავუშვათ, გაჩხრეკვის დროს აღმოეჩინათ სნოუდენი – რას მოიმოქმედებდნენ? უყოყმანოდ გადასცემდნენ აშშ-ს, სადაც მას სიკვდილით დასჯიდნენ. ვაშა ევროკავშირს!

ამის შემხედვარე, როგორ დავიჯერო, რომ ევროკომისარ შტეფან ფულეს – კიშინოვის გეი პარადის მედროშეს, უყვარს ადამიანის უფლების, მათ შორის პედერასტების დაცვა? როგორ დავიჯერო, რომ მის ნათქვამს ბათუმში წყალი არ გაუვა?

ევროკავშირის აღმოსავლეთის ქვეყნებთან პარტნიორობაში, რომ პოლიტიკური მიზნები არ მოსჩანდეს, კიდევ არაუშავს, მაგრამ მთავარი, ბრუსელის პოლიტიკაში ისაა, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებით მოხიბლოს – სამომავლოდ, არა დღეს, ხვალ ან ზეგ, ოდესმე.

სანატრელი ოცნების ასრულებისთვის ამ ქვეყნებმა ირიბადაც არ უნდა გაიხედონ რუსეთისკენ, მითუმეტეს არ უნდა შევიდნენ ერთიან საბაჟო სისტემაში. მოგცემენ ასოცირებული წევრობის სტატუსს და იქნები ასე, მრავალი ათეული წელი – თურქეთივით.

რომ არ გაგაწევრიანო ხან 17 მაისს შეგახსენებენ, ხან ვანიჩკას დაპატიმრებას, ხან კიდევ რას. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას სჯერა, რაც „ენამოსწრებულად“ აღნიშნა ევროპასთან „ჩახუტების“ მინისტრმა პეტრიაშვილმა ბათუმის კონფერენციაზე – „ მთელს საქართველოს სურს ევროკავშირში შესვლა, მაგრამ არიან ისეთები, ვისაც არ სჯერათო. იმ ანეკდოტისა არ იყოს – ვისაც გვჯერა – გაგვატარეთო“.

ასეთი, შეიყვანს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს – აპა არა? არადა პოლიტიკური თვალსაზრისით, წვერებიანი ანეკდოტის გამოყენება სრულიად უადგილო იყო. ანეკდოტი კი ასეთია – „ლენინის მავზოლეუმთან გრძელ რიგში მდგომი თავში ხელს იცემს – არ მჯერა ლენინის სიკვდილისო, რითაც აყოვნებს რიგს. უკან მდგომი კი ეუბნება – ჩვენ გვჯერა და გაგვატარეთ განსვენებულის სანახავადო“.

ანეკდოტის შინაარსიდან გამომდინარე პეტრიაშვილი და მისი „კამანდა“ მკვდარი ლენინის ანუ ევროკავშირის სანახავად ისწრაფვიან, თან იმასაც ამბობენ, რომ ყველაფერი ხალხმა გადაწყვიტაო.

როდესაც ხალხის ხარჯზე საკუთარ პრობლემებს წყვეტდა და წყვეტს ძველ-ახალი ხელისუფლება ხალხს არავინ ახსენებს. ხალხს ახსენებენ მაშინ, როდესაც საკუთარი პოლიტიკის გატარება სურთ – აქაოდა ხალხმა გადაწყვიტაო.

როდის გადაწყვიტა ხალხმა, ბატონო ალექსი! 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს? ხელისუფლებამ რომ ხელოვნურად მიატმასნა ნატოს საკითხი არჩევნებს? თქვენ და თქვენი კოლეგა პოლიტიკოსები არ გაჰყვიროდით – არჩევნები გაყალბდაო? და თუ გაყალბდა, ნატოში შესვლის საკითხი როგორღა გადაურჩა გაყალბებას?

სინამდვილის დასადგენად ახალი რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო და რატომ აჭიანურებთ? შედეგის გეშინიათ? ის, ვისაც არ სურს ნატო და ევროკავშირი თითზე ჩამოსათვლელი არ არის – მრავლობითია. და მათი აზრიც გასათვალისწინებელია. ეს, ისე, ცნობისთვის.

ამას გარდა მაქვს კითხვა – საქართველო, რომ ევროკავშირში ყოფილიყო და სნოუდენი თბილისის აეროპორტში გამოჩენილიყო, რას მოიმოქმედებდა თქვენი ხელისუფლება? პასუხითაც არ შეგაწუხებთ, ვინაიდან ვიცი ხელისუფლების გაქანება – ჩამოსულს უმალ გადასცემდით ამერიკელ ბატონს, რითაც წერტილს დაუსვამდით მის სიცოცხლეს, თან იმასაც იტყოდით – სამოკავშირო ხელშეკრულების შესრულება ჩვენთვის სავალდებულოაო.

დაახლოებით, თუ ზუსტად არა, ასეთი იყო თქვენი მთავრობის განმარტება ირანთან, 2008 წელს, დადებული უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გამოსვლის და ირანისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვის დროს – ჩვენ გაეროს წევრები ვართ და უშიშროების საბჭოს მოთხოვნებს ვასრულებთო.

ყოჩაღ!

მაგრამ გაეროს წევრი 193-ზე მეტი ქვეყანა რომ სისტემატურად არ ასრულებს,  უშიშროების საბჭოს მოთხოვნებს, მათ შორის ისრაელი, რაღა თქვენ (ხელისუფლება) გახდით მუყაითი შემსრულებელი? იქნებ აქ სხვასთან გვაქვს საქმე? გამიგებთ ალბათ. პასუხს ახლა არ გთხოვთ, როდესაც შორს იქნებით საჯარო სამსახურიდან, მაშინ შეგაწუხებთ.

დასასრულს კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რუსეთი არ არის „ბანანის“ ქვეყნებად ქცეული ევროპის მსგავსი ქვეყანა. მას თავისი სიტყვა აქვს, ისევე, როგორც ჩინეთს და ეს კარგად უნდა გვახსოვდეს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.