საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ახალგაზრდებთან შეხვედრისას მთავარი ყურადღება გაამახვილა ამერიკის დღევანდელ პოლიტიკაზე. მსოფლიო მედიამ სხვაგვარად აღიქვა პრეზიდენტის ლაპარაკი – თავის მართლებად, რაც შეესაბამება სინამდვილეს.

ამერიკის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა, რომ გაურკვეველ ზიგ-ზაგებშია, ცნობილი ფაქტია. მარტო ის რად ღირს, როდესაც ავღანეთის პრეზიდენტის კარზაის ზურგს უკან, შეხვედრაზე უთანხმდება თალიბანს, ხოლო  – კარზაის გაღიზიანებული განცხადების შემდეგ, უარს ამბობს ყატარში დაგეგმილ მოლაპარაკებაზე. ან ავიღოთ მეორე მაგალითი – აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსთა და არა მარტო მათი, მოსმენა. ეს ინფორმაცია ბრიტანულ „გარდიანს“ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა თანამშრომელმა სნოუდენმა მიაწოდა. მიაწოდა და დაიწყო სნოუდენის დევნა.

აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირები, ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენით დაწყებული, სახელმწიფო მდივნით, კერით დამთავრებული, მუქარას არ იშურებენ რუსეთის, ჩინეთის, ჰონ-კონგის, კარიბის ზღვის ქვეყნების სახელმწიფოების მიმართ – თუ არ გადმოგვცემთ სნოუდენს, ამას ვიზამთ და იმას ვიზამთო.

და როდესაც მუქარა სალ კლდეს აწყდება, ვაშინგტონი არბილებს ტერმინოლოგიას. ასე იყო მაშინ, როდესაც ჯო ბაიდენმა დაურეკა ეკვადორის პრეზიდენტს, რაფაელ კორეას. მან თბილად მოიკითხა პრეზიდენტი და დასასრულს ურჩია პოლიტიკური თავშესაფარი არ მიეცა სნოუდენისთვის. ეკვადორის პრეზიდენტმა, მოკლე ინტერვიუში აღნიშნა, რომ პატივს სცემს აშშ-ს, თუმცა მას თავისი პოზიცია აქვს.

დაახლოებით მსგავსი პასუხი მიიღო პრეზიდენტმა ობამამ სულ ახლახანს, სენეგალში ვიზიტის დროს, როდესაც მან მასპინძლებს მოუწოდა მეტი ლიბერალობისკენ პედერასტთა მიმართ. სენეგალის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ სენეგალი მსგავსი ლიბერალიზმისთვის მზად არ არის.

ამერიკა, მსოფლიოს პირველი ქვეყანაა, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით, მაგრამ მისი ერთპიროვნული ლიდერობა ეჭვქვეშ დგება. ჰეგემონი გრძნობს კეფაში ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, სხვა ქვეყნების სუნთქვას. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ცდილობენ ერთმართველობის, მრავალპოლუსიანობით შეცვლას. ამ და სხვა ქვეყნებს, აშშ-ი არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური პრობლემების შექმნით ემუქრება, თუმცა „ჯიუტი“ ქვეყნებიც უკან არ იხევენ. მათ კარგახანია საქმით დაამტკიცეს, რომ ამერიკა მათთან ვერაფერს გახდება.

რაც უფრო გადის დრო, მით უფრო იზრდება „ჯიუტთა“ რაოდენობა: კუბა, ვენესუელა, ნიკარაგუა, ბოლივია, ეკვადორი, ირანი, სირია და ა.შ. საგონებელში ჩავარდნილი ვაშინგტონი, მათ წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს, რომელთა უმთავრესი მიზანი ამ ქვეყნების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ყოფის გაუარესება და მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანაა – ხელისუფლების დასამხობად. იქ, სადაც ამას ვერ აღწევს, აშშ-ი სხვა გზებს მიმართავს – შიდა შეიარაღებული კონფლიქტების გაღვივებას. ლიბია და სირია ამის დამადასტურებელია.

ვაშინგტონი მიზნის მისაღწევად ყველაფერს კადრულობს, მათ შორის „თალიბანთან“ და „ალ-კაიდასთან“ ფარულ მოლაპარაკებას. „ალ-კაიდას“ „ბოევიკების“ სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში ჩართვას, ე.წ. მეამბოხეთათვის იარაღის მიწოდებას, დაფინანსებას, წვრთნას. და ეს ყველაფერი „დემოკრატიისა“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის“ საბაბით ხდება.

ამერიკელთა გარდა, ვერც ვერავინ დაამტკიცებს, რომ „ადამიანის უფლებათა დასაცავად“ საჭიროა „ალ-კაიდას“ გამოყენება, რომ საყოველთაო ფარული მოსმენა დემოკრატიის დაცვისთვის ხორციელდება, ისე, როგორც კუბის წინააღმდეგ 50 წლის განმავლობაში შემოღებული ეკონომიკური სანქციები.

მხოლოდ თეთრ სახლს შეუძლია იმის მტკიცება, რომ ირანის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციები, რიგითი ირანელის უფლებათა დაცვას ემსახურება.

აშშ-ი ის ქვეყანაა, რომელსაც სუპერ-თანამედროვე ბირთვული და ჩვეულებრივი შეიარაღება აქვს, მაგრამ არ აქვს დიპლომატია. ვაშინგტონი თვლის, რომ მას დიპლომატია არ სჭირდება, ვინაიდან მისი სიძლიერე წყვეტს დიპლომატიურ საკითხებს – ძალისმიერად. ძვირი უჯდება მსოფლიოს ასეთი ჰეგემონის „კაპრიზები“. განსაკუთრებით ძვირია ამერიკელთა გაუმართლებელი ჭირვეულობა მათ მიერ ამოჩემებული ქვეყნებისთვის. ირანს ამ ქვეყნებს შორის „განსაკუთრებული“ ადგილი უკავია.

34 წელიწადია აშშ-ი ებრძვის ირანს. რა ხერხს არ იყენებს ამ ქვეყნის ხელისუფლების დასამხობად, მაგრამ ამაოდ. ირანი აგრძელებს დამოუკიდებელ კურსს. მას არ ეშინია არც გაათმაგებული სანქციების და არც პირდაპირი საჰაერო თავდასხმის მუქარის, რასაც ხშირად აქვს ადგილი, როგორც ვაშინგტონიდან, ისე მისი ახლო აღმოსავლელი მოკავშირე – ისრაელიდან.

ირანის პოზიცია გამოკვეთილია – 20% ურანის გამდიდრება, სირიის კანონიერი პრეზიდენტის ბაშარ ასადისადმი და პალესტინელი ხალხის სამართლიანი მოთხოვნებისადმი მხარდაჭერა, ისრაელის ამბიციური გეგმების წინააღმდეგ გალაშქრება, რუსეთთან და ჩინეთთან კონსტრუქციული კავშირების ჩამოყალიბება და სხვა.

ახლო აღმოსავლეთში ირანის როლის ზრდა აშფოთებს ამერიკას. მას დამჯერი ირანი უნდა, ისეთი, როგორიც შაჰის ირანი იყო. მას ისეთი ირანი უნდა, რომელიც მუდამ პირში შესციცინებს ვაშინგტონს,  მუდამ მზად იქნება მისი დავალებების შესასრულებლად. და ეს ყველაფერი ვაშინგტონს სურს არა მოლაპარაკების, არამედ ძალისმიერი გზით.

ვაშინგტონს უჭირს დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოება – ეს დიდი ქვეყნის დაავადებაა და ამ დაავადებაში თავმოყრილია ქედმაღლობაც, სიძლიერის შეგრძნებაც, ყოვლისშემძლეობაც და სხვა. როდესაც ჩამოთვლილი მანკიერი თვისებები არ ჭრის, ის იძულებულია მოსალაპარაკებელ მაგიდასთან დაჯდეს.

ათ წელზე მეტი შეალია ამერიკამ თალიბებთან ომს ავღანეთში. შედეგი, სავალალო – ასობით დაღუპული და ათასობით დასახიჩრებული ამერიკელი, ომით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური ვითარება. ხედავს რა ჩიხურ მდგომარეობას, ვაშინგტონი მზად არის თალიბებთან მოსალაპარაკებლად. ნუთუ არ შეიძლებოდა საკუთარი პოზიციების ისე გათვლა, რომ მოლაპარაკება გაცილებით ადრე დაწყებულიყო?! შეიძლებოდა!

ნუთუ არ შეიძლებოდა ირანთან პირდაპირი მოლაპარაკების დაწყება? შეიძლებოდა! მაგრამ, როგორც ჩანს, სანამ ურემი არ გადაბრუნებულა, ვაშინგტონი არ არის მზად ამისთვის. და არათუ თვით, არამედ სხვასაც აიძულებს ისე მოიქცეს, როგორც თვითონ.

ვაშინგტონის „სტრატეგია“ საქართველოზეც აისახება, თუნდაც ისეთ საკითხში, როგორიცაა ირანთან ურთიერთობა. მას შემდეგ, რაც აშშ-ა ღრმად გაიდგა ფეხი კავკასიაში, ალმაცრად დაუწყო ყურება ირან-საქართველოს ურთიერთობას.

ვაშინგტონს არ მოეწონა საქართველოში, გაზის კრიზისის დროს, ირანის გაზის გამოყენება. „ერთ თვეში ამას ადგილი აღარ ჰქონდესო!“ – უბრძანა ვაშინგტონმა თბილისს და ჩასვრილმა, უთავმოყვარო სააკაშვილის ხელისუფლებამ უმალ უარი თქვა ირანიდან გაზის იმპორტზე. არადა ამ თხოვნით თბილისმა მიმართა თეირანს.

სააკაშვილის ხელისუფლების ერთადერთი საღი საგარეო ნაბიჯი იყო, ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება. ეს ინიციატივა თეირანდან მოდიოდა და წინადადება სააკაშვილმა პოზიტიურად აღიქვა. ორ ქვეყანას შორის გაფორმდა სავიზო რეჟიმის მოხსნის ხელშეკრულება, რითაც ერთობ გაიოლდა ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა.

როგორც ჩანს ეს საკითხი ვაშინგტონთან არ იყო შეთანხმებული და ამდენად მან უკმაყოფილობა (კულუარულად) გამოთქვა, საჯაროდ არა. მაგრამ საჯაროდ ააყვირა საქართველოში ამერიკული ფულით მოქმედი არასამთავრობოები -„ირანთან უვიზო მიმოსვლა, როგორ შეიძლებაო!“

ირანთან თავისუფალი მიმოსვლის ხელშეკრულება ცხინვალის ომის შემდეგ გაფორმდა. იმჟამად, თეირანის ნაბიჯი, საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს შერყეული იმიჯის მხარდაჭერის მომასწავებელი იყო. გარდა ამისა, ირანი მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც არაერთხელ დააფიქსირა გაეროში კენჭისყრის დროს.

სავიზო რეჟიმის გაუქმებამ სასიკეთო ძვრები მოუტანა საქართველოს. უპირველეს ყოვლისა გაიზარდა ირანული ტურიზმი, გააქტიურდა ირანული ბიზნესი. საქართველოსთვის ჩვეულებრივად იქცა თბილისსა და ბათუმში მოსიარულე ირანელები, მათ მიერ უძრავი ქონების შეძენა, ოფისებისა და რესტორნების გახსნა. ყოველივე აღნიშნულმა ათეულ-ათასობით ევრო შესძინა საქართველოს ბიუჯეტს. სავიზო რეჟიმის გაუქმების შედეგად აზერბაიჯან-სომხეთში მიმავალი ირანული ტურიზმი საქართველოსკენ გადმომისამართდა.

და როდესაც ორი ქვეყნის ხალხთა ურთიერთობა უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას ლამობდა, ვაშინგტონმა ბრძანა – არაო. თქმა და მორჩილი მოქმედება ერთი იყო.

ამერიკული გაზეთის სტატიამ – საქართველოში ირანული ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, იმდენად შეაშინა საქართველოს „ამაყი“ ხელისუფლება, რომ უმალ ირანს ნოტა აფრინა – სავიზო ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გამოსვლის შეტყობინებით. ამას ჰქვია „დამოუკიდებელი“ პოლიტიკა და რაც მთავარია „გამჭრიახი“ დიპლომატია.

მკითხველს შევახსენებ, რომ ირანი სწორედ ის ქვეყანა იყო, რომელმაც დამოუკიდებლობის გაუსაძლის წლებში დახმარების ხელი გამოუწოდა საქართველოს. ეს ის ქვეყანაა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა მასთან. ირანი რეგიონის მძიმეწონიანი მოთამაშეა და მასთან აგდებული დამოუკიდებლება არ წაადგება საქართველოს.

დავუშვათ, აშშ-ა გვისაყვედურა, საქართველოს ხელისუფლებას ძალა არ შესწევს აუხსნას მას ვითარება? ან რა ურთიერთობაზეა საუბარი? იმაზე, რომ ირანელი ტურისტები ჩამოდიან საქართველოში ან ირანული ბიზნესი ამოქმედდა? ან თითო-ოროლა მეცნიერი თუ თანამშრომლობს ერთმანეთთან საუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის კვლევის მიზნით?

არ ვარ დარწმუნებული, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა თითი დაგვიქნია. და თუ ამას მართლაც ჰქონდა ადგილი, ასეთთან „სტრატეგიული პარტნიორობა“ რაში წაგვადგება?! ასეთს ხომ უყოყმანოდ შეუძლია ჩვენი ირანის საწინააღმდეგოდ გამოყენება ისე, როგორც ავღანეთში გვიყენებს? და თუ ვაშინგტონმა თითი არ დაგვიქნია, რა გვსჯის?

საოცარია ქართული პოლიტიკა, მითუმეტეს დიპლომატია. მის ლაბირინთებში გარკვევას ორი ბოთლი ჭაჭაც არ უშველის. არ უშველის იმიტომ, რომ სიცარიელეში ძებნა უშედეგოა. როგორც მეგრელები ამბობენ – ვავა, ვავა!

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.