საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
„საქართველოს რესპუბლიკის“ ა.წ. 12 სექტემბრის N174-ში გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ, სათაურით „რუსეთი ივანიშვილისგან მეტისმეტს ითხოვს და პოლიტიკიდანაც სწორედ იმიტომაც მიდის, რომ მოსკოვის ზეწოლა თავიდან აიცილოს“ – მეტად დამაფიქრა და გადამაწყვეტინა ჩემი მოსაზრება გამომეხატა ინტერვიუს ზოგიერთ, თუ არა სრულ სულისკვეთებასთან დაკავშირებით.
დასაწყისიდანვე ბოდიშს მოვუხდი ჟურნალისტ კობა ბენდელიანსა და მის რესპონდენტს, რუსეთში მცხოვრებ პოლიტოლოგ ავთანდილ წულაძეს, საკუთარი, მათთვის მიუღებელი ჩემი პოზიციის დაფიქსირებისთვის, მაგრამ რა გაეწყობა, დემოკრატიამ მოიტანა ესოდენი თავისუფლება, რამაც ხელი მკრა კალმისკენ.
გარდა ამისა ბატონ კობასთან წარსულში, არაერთი ინტერვიუ გამოგვიქვეყნებია ზაზა ოქუაშვილისა და მისი მეუღლის მიერ დაარსებულ გაზეთში, რამაც ოდნავ გამათამამა კიდევაც, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო, სხვა მოთხოვნებითა და ინტერესებით. დღეს, სხვა დროა, გაცილებით მძიმე და გაუსაძლისი, ვიდრე მაშინ.
მიუხედავად ჩემი მრავალწლიანი ურთიერთობისა ბეჭდურ და ელექტრონულ მედიასთან, თავს ჟურნალისტობით ვერ შევიქებ, თუმცა 1964 წლიდან მოყოლებული – დღმდე არაერთი სტატიის ავტორი, ვთვლი, რომ ჟურნალისტმა, რესპონდენტს თავს არ უნდა მოახვიოს მისთვის საწადელი კითხვა და ამით წინასწარ არ უნდა დამუხტოს ის სასურველი პასუხის მისაღებად.
კობას შეკითხვებში თავიდანვე ჩადებული იყო მთავარი „სიბრძნე“ – რესპონდენტის ვითომდა საქართველოს სასარგებლოდ ალაპარაკება. ბატონ კობას გულდასაწყვეტად ვიტყვი – არ გამოვიდა. არ გამოვიდა იმათში, ვინც მეტნაკლებად ჩახედულია ქართულ პოლიტიკასა და საერთაშორისო ცხოვრებაში. არ გამოვიდა იმიტომ, რომ მსგავსი კითხვა-პასუხი თითქმის ათი წელიწადია გვესმის – უკმეხად, უსაფუძვლოდ, ნაცთა პროპაგანდის სადარად, მათი პოლიტიკისა და იდეოლოგიის გასაპიარებლად და ა.შ., იმ პოლიტიკისა და იდეოლოგიისა, რომლის ბინძური ჭაობიდან ქვეყანა კარგა ხანს ვერ ამოვა.
ახლა ჩამოვთვლი კობას კითხვების ნაწილს, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო: „რას შეიძლება ნიშნავდეს, როგორც ბევრი აღნიშნავს, პეტერბურგის სამიტზე „პუტინის ხულიგნური ქცევა“, საერთაშორისო ურთიერთობებში რუსეთის ხისტი თამაში?
ხომ არ შეიძლება, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის თავნებობა იმასაც დავუკავშიროთ, რომ, როცა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს წინააღმდეგ ძალა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე გამოიყენა…?
. . . საქართველოსთვის მთავარია, ქვეყნის შიგნით არ აირიოს ვითარება, სტაბილური განვითარება შენარჩუნდეს და რუსეთს არ მიეცეს ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ზედმეტად ხელის ფათურის შესაძლებლობა. მოსკოვიდან როგორ ჩანს, შეძლებს ქვეყანა წონასწორობის შენარჩუნებას და რუსეთის წნეხისგან თავის დაცვას?
მოახლოებულ არჩევნებზე მათი ფავორიტი რომელი კანდიდატია? და კიდევ მონაწილეობენ თუ არა ისინი რომელიმე მათგანის დაფინანსებაში, ოფიციალური მოსკოვის დავალებით (რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები იგულისხმაბა)?
ანუ არ გამორიცხავთ, რომ რუსეთი, სირიის კონფლიქტის ფონზე, რაიმე მორიგ სისულელეს არ ჩაიდენს“?
მოვაშოროთ შეკითხვებს კითხვის ნიშნები და მზად გვექნება ისეთივე ანტირუსული სტატია, რასაც არაერთხელ შევხვედრივართ ქართულ პრესაში. ბატონი კობა შემედავება – სხვისი სიტყვები მოვიშველიეო. კეთილი, მაგრამ, რატომ ესოდენ რეაქციული და არშემდგარი ქართულ-რუსული ურთიერთობების კიდევ უფრო დამძაბავი?!
ჟურნალისტის მსგავსი კითხვები აიძულებს რესპონდენტს, თუ მთლად არა, ნაწილობრივ მაინც, გაიზიაროს კითხვის დედაარსი, რასაც ადგილი აქვს პოლიტოლოგ წულაძის პასუხებში. რომ იტყვიან, ფერი-ფერს და მადლი ღმერთსო.
კითხვა-პასუხის იდენტურობის საკითხი, რომ ინტერვიუს გამოქვეყნებამდე იყო შეჯერებული, ეჭვი არ არის, მაგრამ ვის სჭირდება მსგავსი დადგმული სპექტაკლი? ინტერვიუ სწორედ მაშინ არის საინტერესო, როდესაც რესპონდენტი ჟურნალისტის კითხვას მოულოდნელ პასუხს აგებებს.
ამ ინტერვიუში მსგავს მოულოდნელობას სულაც არ აქვს ადგილი, გარდა ერთისა, სრულად ამოვარდნილისა სინამდვილიდან. აი, ისიც: „ივანიშვილი ცდილობს თავიდან აიცილოს რუსეთის ზეწოლა. მოკლედ ჩემის აზრით, რუსეთი ივანიშვილისგან მეტისმეტად ბევრს ითხოვს და იგი პოლიტიკიდან სწორედ იმიტომაც მიდის, რომ მოსკოვის ზეწოლა აიცილოს თავიდან. მოსკოვი ივანიშვილს იმაზე მეტს სთხოვს, ვიდრე მას გაკეთება შეუძლია“.
ბატონი ავთანდილის მოსაზრება მხოლოდ მაშინ იქნებოდა არსებულ ვითარებასთან შესაფერისი, რუსეთის ნაცვლად, ამერიკა რომ დასახელებულიყო. მაგრამ არა. პოლიტოლოგი, ქართველი ჟურნალისტისა და მკითხველის სასიამოვნოდ რუსეთს ასახელებს, ქვეყანას, რომელსაც 2008 წლიდან მოყოლებული არც დიპლომატიური და არც სხვა რამე კავშირი აქვს საქართველოსთან, თუ არ ჩავთვლით ეპიზოდურ, უსაგნო შეხვედრებს ჟენევაში და აბაშიძე-კარასინის შეხვედრას-შეხვედრისთვის, ხან სად და ხან სად.
რესპონდენტის ინფორმაციისთვის – ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა, თანაც ორი წლის შემდეგ, პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განაცხადა.
რესპონდენტის პასუხი ნათლად მეტყველებს, რომ საქართველო და მისი პრობლემები, განსაკუთრებით კი შიდაცხოვრება ისეთივე შორეულია მისთვის, როგორც ზიმბაბვეს ან ნებისმიერი აფრიკული სახელმწიფოსი. საქმეში ოდნავ ჩახედული ადამიანი თავს უფლებას არ მისცემდა მსგავსი აბსურდი გაეჟღერებინა.
საქართველო რახანია, განსაკუთრებით ნაცთა ზეობის პერიოდში, აშშ-საა ჩაბარებული, და თუ ვინმეს დიქტატზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, მხოლოდ ამერიკულზე. პრეზიდენტ სააკაშვილის ერთპიროვნული, ვოლუნტარისტული ბატონობის დროს საქართველოს ყველა სამინისტროს, სახელმწიფო აპარატებს ზედამხედველობას უწევდა ე.წ. ამერიკელი „სპეციალისტები“.
ამერიკულ ექსპანსიას პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდი საელჩო ედგა სათავეში, რომელთა ხელმძღვანელები, ელჩის რანგში, ყოველგვარი მორიდების გარეშე, აფათურებდნენ ხელს შიდაქართულ ცხოვრებაში. საელჩოს გვერდში ედგნენ ამერიკული ინსტიტუტები ანუ რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების თბილისის ფილიალები, აუარება არასამთავრობო ორგანიზაციები – აშშ-ს მიერ დაფინანსებულ, გამოტრენინგებული და ა.შ.
აშშ-ს ადმინისტრაციის ძალისხმევის შედეგად 2008 წლის საპრეზიდენტო ვადამდელ არჩევნებში „გაიმარჯვა“ ამერიკელთა ჯილამ – სააკაშვილმა, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ვაშინგტონმა გაამარჯვებინა სააკაშვილს, ცხადია ფალსიფიკაციით, რითაც სულში ჩააფურთხა ქართველ ხალხს.
სააკაშვილის უდიდესი მხარდაჭერის გამო მოხდა 2008 წლის თბილისური აგრესია მძინარე ცხინვალზე. რომ არა ეს, საქართველოს ხელისუფალი, თუნდაც ავანტიურისტი და ჭკუამჩატე არ გაბედავდა ამას, რითაც გადაარჩენდა ქვეყნის მთლიანობას. აშშ-ს მიერ ნაბოძები მილიარდნახევარი დოლარი და მისი დაძალებით ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სამი მილიარდი, ვერაფრით აანაზღაურებს ხანმოკლე ომში დაღუპულთა სიცოცხლეს და დაკარგული ტერიტორიების 20%-ს.
ამერიკელთა დიქტატით თბილისში აშენდა ბიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც 300 მილიონი დოლარი დაჯდა და რომელიც პენტაგონის პირდაპირ დაქვემდებარებაშია. პატარა ქვეყნისთვის მსგავსი ლაბორატორია მიუღებელია, ისევე, როგორც დიდისთვის. აი რას წერს თავის ინტერვიუში („საქართველო და მსოფლიო“, 4-10 სექტემბერი, 2013წ.) ამერიკელი მკვლევარი და ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი: „საქართველოში არსებული ლაბორატორიების ქსელს, ფაქტობრივად აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი მართავს და მას შეტევითი პოტენციალი აქვს. . . თავის დროზე აშშ-ი საკუთარ მოქალაქეებზე ატარებდა ექსპერიმენტებს და ამიტომ მას შეუძლია საქართველოს მოსახლეობაც გამოიყენოს, ვაქცინების სავალე კვლევის ნაწილად მისი თანხმობის გარეშე.“
ლაბორატორიის არსებობა არა მარტო საქართველოსთვის არის სახიფათო, როგორც ამას უცხოელი სპეციალისტები ამტკიცებენ, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც. და თუ საქართველო რაიმე დიქტატს განიცდის რუსეთის მხრიდან, რატომ არ ხდება ჯეროვანი რეაგირება? ონიშჩენკოს მოკლე განცხადება, თანაც მხოლოდ ერთი, ნამდვილად არ ჩაითვლება დიქტატის მცდელობად.
ან რა რუსულ დიქტატზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ერთ დროს სააკაშვილის განკარგულებით, რესტორნებში რუსული სიმღერებიც აიკრძალა, ხოლო ქართულ სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდანვე იქნა შემოღებული. თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში რუსული ენა ისეა ამოძირკვეული, რომ უკეთესს ვერ ინატრებდა მაკკეინის მსგავსი ამერიკელი სენატორი. რუსულის ჭაჭანება არ არის არსად. აი, რაც შეეხება თურქულს, არაბულს, ინგლისურს, სპარსულს და ა.შ. უხვადაა.
თბილისი დაემსგავსა მე-20 საუკუნის დასაწყისის ქალაქს – ერთმანეთში არეული ახლო აღმოსავლური და ევროპული ენებით, წეს-ჩვეულებებით, რელიგიური აღმსარებლობის მოზაიკით, ათასი ჯურისა და მისწრაფების „დომხალით“, გაუგებრობით და რაც მთავარია არაქართული სულისკვეთებით. იქნებ სწორედ ამით არის გამოწვეული რუსეთის ნოსტალგია, იმჟამინდელი წესი და რიდი, თქვენ რომ დიქტატად მიიჩნევთ?
და კიდევ – კობას კითხვის – „სირიის ფონზე, რუსეთის მხრიდან მორიგი სისულელის ჩადენის“ თაობაზე – რესპონდენტის პასუხთან – „სისულელეები“ რუსეთში ყოველდღე ისედაც ხდება, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ ახლა ძალიან სახიფათო პერიოდია, როგორც თავად რუსეთისთვის, ისე მისი მეზობლებისთვის “ – დაკავშირებით შეგახსენებთ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას – ავი ძაღლის გაღიზიანება, კბენით თავდება.
თუმცა მთლად ავიც არ ითქმის რუსეთის მისამართით. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რას მოიმოქმედებდა აშშ-ი, მექსიკას რომ მისი მშვიდობისმყოფელები დაეხოცა და საერთაშორისო დაკვირვებისა და კონტროლის ქვეშ მყოფი, თუნდაც მექსიკის ტერიტორიას, ღამით, რაკეტებითა და ტანკებით დაცხრომოდა თავს? მექსიკის ხელისუფლებას ელექტრონული სკამი არ ასცდებოდა ან სამარადისო პატიმრობა, ისე როგორც პანამის პრეზიდენტ ნორიეგას.
თუ მაშინ დასავლეთს, რუსეთისთვის „საკადრისი პასუხი“ არ გაუცია, როგორც თქვენ ეკითხებით რესპონდენტს, ახლა ხომ არ იმკის მაშინდელ უხერხულობასო? – კითხვას სირიასთან დაკავშირებით სვამთ. რატომღაც ამ კითხვას თქვენი რესპონდენტი გვერდს უვლის და სხვაგვარად პასუხობს – „რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ასეა, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ვინაიდან პოსტსაბჭოთა სივრცე რუსეთის გავლენიდან გადის. . .“
ორივეს გასაგებად ვიტყვი იმას, რასაც მეც და სხვებიც დიდი ხანია ვამბობთ და რაც იგივე დასავლეთის მიერ შექმნილმა სპეცკომისიამ დაადასტურა – აგრესია ქართულმა მხარემ განახორციელა! კომისიამ, ქალბატონ ტალიავინის ხელმძღვანელობით, დაადგინა ის, რაც ყველამ კარგად იცოდა, მაგრამ – მისდა საწინააღმდეგოდ დღემდე დუჟმორეული გაჰკივიან ნაციონალები.
ის, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო ომი და არა მედვედევმა, მრავალჯერ დაიწერა თქვენს ნაქებ დემოკრატიულ დასავლეთში. ამიტომაც ხომ არ ერიდება დასავლეთის ლიდერებს პუტინთან შეხვედრების დროს შეახსენონ 2008 წლის „აგრესია“? რახანია საქართველოს მიმართ განხორციელებული „აგრესია“ აღარ არის არც ერთი საერთაშორისო შეკრების თემა. არ არის, არა იმიტომ, რომ მთელს მსოფლიოში რუსული დიქტატი მეფობს, არამედ უკბილო გამოდგა დაბრალება.
ჩვენ, ჩვენი უთაობით დავკარგეთ ყოფილი ავტონომიები – ზოგი თოფით, ზოგიც ჭინკებზე გაცვლით. ეს ტენდეცია სამწუხაროდ დღესაც გრძელდება. აჭარაში, თურქული მოზღვავების შემხედვარეს ნაკლებად გაუჩნდება სურვილი ამტკიცოს, რომ აჭარა ისეთია, როგორიც წინათ, რომ რუსეთის იმპერიის ომით და სისხლით შემობრუნებული, უთოფოდ დაბრუნებული არ არის.
რაღა აჭარა, თბილისი ავიღოთ, მისი ძირძველი „პლეხანოვით“, რომელზეც მოსწრებულად წერს ჟურნალისტი თამუნა კეშელავა „საერთო გაზეთში“: „თურქებმა ვარდების ბაღის მოპირდაპირე მხარეს ქართული ბორდელი გახსნეს, ქართველი ჯიშიანი გოგოებით, რომლებიც მერე თქვენს საჯიშე ბიჭებთან უჯიშო შვილებს გააჩენენ. თავი შეგვიძლია იმით დავიმშვიდოთ, რომ, სამაგიეროდ, ქართველ გოგონებს ამ უძველესი პროფესიის ნიუანსების დასახვეწად თურქეთში გადასვლა არ სჭირდებათ, აქვე „პლეხანოვზე“ მამების, ძმების და ქმრების თვალწინ ერთობიან და ამ გართობაში აღებული ფულით ქმრებისთვის სიგარეტი და ოჯახისთვის საკვები მიაქვთ“.
ამის შემხედვარე რუსული კი არა საბჭოური „დიქტატიც“ სანატრებელი გახდება. და რა რუსულ „დიქტატზეა“ საუბარი, პატივცემული ავთანდილი არაორაზროვნად პასუხობს – თითქმის ყველა დსთ-ს წევრი ქვეყანა, განსაკუთრებით უკრაინა რუსეთის ორბიტიდან გასვლას და დასავლეთთან შეერთებას ლამობსო. დიქტატისა და მკაცრი ხელის შემთხვევაში, მსგავსი რამ არ ხდება ან თუ ხდება სისხლის მდინარეებს იწვევს.
პატივცემული ავთანდილ წულაძის პოლიტიკური მენტალიტეტი რუსეთში მოქმედი ტელეკომპანია RTVI-ა და რადიო „Эхо Москвы“-ს ისეთი რესპონდენტების მენტალიტეტის სადარია, როგორებიცაა ნოვოდვორსკაია, ალბაცი, ნემცოვი, ფელგენგაუერი, კასპაროვი, კასიანოვი, სხვები და სხვები, დაუძინებელი მტრები რუსეთის და მისი ხელისუფლებისა, იმ ხალხისა, ვინც შესანიშნავად გრძნობს თავს რუსეთში, ფუფუნებას არ იკლებს და დასავლეთის დავალებით დღენიადაგ თხრის მას.
თხარეთ სადამდეც დაიღლებით, მაგრამ ჩვენ შეგვეშვით. ნუ გვჩხირავთ იმ საქმეში, რამაც ცუდი შედეგი იცის.
ჭინჭყლობას, ჭირვეულობას, ავანტიურიზმს და დასავლეთთან ჩახუტებას მოჰყვა ის უბედურება, რაც ჩვენ გვჭირს და რის შესახებაც წერს პროფესორი ანზორ თოთაძე თავის წერილში „ვინ ვართ ჩვენ და რას ნიშნავს ქართველობა“ (გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“, 11-17 სექტემბერი).
საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება. საქართველოს სჭირდება საღი და რაც მთავარია ობიექტური აზრი, როგორც რუსეთის, ისე ნებისმიერი ჩვენი მეზობლის, შორს თუ ახლოს მყოფი სახელმწიფოს მიმართ – საკუთარის შესამუშავებლად, და ისეთი ნაბიჯების გადასადგმელად, ქვეყანას რომ მრავალი ათეული წლის განმავლობაში გამოადგება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.