,,რა უთქვამთ, რა მოუჩმახავთ“
გაზეთ ,,ასავალ–დასავალის“ #15–ში ვკითხულობთ: ,,ქართველი გლეხკაცი, რომელიც ქრისტიანულ რუსეთში ერთმორწმუნე ძმასა და მხსნელს ხედავდა შაჰ–აბასისა და თემურ–ლენგის ურდოებზე უფრო სასტიკი ქვემძრომი და ცბიერი მანქურების პირისპირ აღმოჩნდა, რომლებიც გეგმაზომიერად უტევდნენ როგორც ქართულ ცხოვრების წესსა და რიგს, ისე ეროვნულ ფასეულობებს, ტრადიციებსა და რაც მთავარია, ჩვენს ღირსებას. წყეულ მონგოლებსაც არ უკადრებიათ, რაც საქართველოში რუსებმა იკადრეს“. ამის შემდეგ ავტორი გვაწვდის ინფორმაციას, როგორ უნადგურებდნენ რუსები გლეხებს საქონელს, პრიდუქტს; როგორ აუპატიურებდნენ ქმრების თვალწინ მათ ცოლებს, როგორ იტაცებდნენ გლეხების ცოლებს და გარკვეული დროის შემდეგ აბრუნებდნენ, როგორ აბამდნენ ქალებს უღელში ხარების სანაცვლოდ და ა.შ. ასეთად დაგვანახა ჟურნალისტმა – დ. ჩუბინიძემ ქრისტეს ჯვრით მოსული რუსეთის მორალური სახე.
კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი კრიმინალი არ შეიძლება განვაზოგადოთ და რომელიმე ქვეყნის სახედ ვაქციოთ. ევროპის ქვეყნების მოქალაქეები ქართველებს ყაჩაღებად და ქურდებად რომ მიიჩნევენ, შეიძლება ეს მახასიათებლები ქართველი ერის სახედ ვაქციოთ და ჭეშმარიტებად მივიღოთ? ვუდასტურებ პატივისცემას გაზეთ ,,ასავალ–დასავალს“, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ნაცბანდის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას: მაქვს გონივრული ეჭვი, რომ მსგავსი რიტორიკა დასავლეთის ემისრების შეკვეთაა, რათა ავტორიტეტული გაზეთის ფურცლებიდანაც ხდებოდეს რუსეთის დისკრედიტაცია.
ჟურნალისტს კონტრარგუმენტებს ვთავაზობ: შაჰ–აბასსა და თემურ–ლენგზე უფრო სასტიკ რუსეთთან თანაცხოვრებამ შეგვინარჩუნა ეროვნულობა და 600 ათასიდან 5 მილიონნახევრამდე რიცხობრივად ამიტომ გავიზარდეთ? ან ეს ყოველივე სიმართლე რომ იყოს ილია ჭავჭავაძე 1899 წელს თავის ცნობილ წერილს – ,,ასის წლის შემდეგ“ დაწერდა? მასში ხომ რუსეთის მიმართ მადლიერებაა გამოხატული, როცა ,,სასოწარკვეთილმა მეფემ და ერმა ძლივს ნუგეშითა და იმედით გაიცოცხლა გული“? ნუ დავეტოლებით სამშობლოს სიყვარულში საქართველოს უგვირგვინო მეფეს – ილია ჭავჭავაძეს! ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ ურაპატრიოტები და ,,ასო“–ები
ერეკლესაც ეტოლებიან, მაგრამ მის ასო–საც ვერ ასცდნენო. იმედია, არავის სურს ამ განზომილებაში დარჩეს! ,,დაილაპარაკე, რათა დაგინახო“ – წერდა ფილოსოფოსი სოკრატე (მე–5 ს.ძვ.წ.). ამ იდეას იგი იყენებდა მორალური კრიტერიუმების შეფასებისას. ნაფიქრალ–ნააზრევი სულიერების სარკეა და საზოგადოებამ ამ მეთოდით უნდა შეაფასოს ქართველი ე.წ. ექსპერტები, პატრიოტები თუ ხელისუფლების წარმომადგენლები.
– დავით მაღრაძე (პოეტი) – ,,საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ საბჭოთა წარსულს“. ეს ის ყველა დროის ,,პატრიოტია“, რომელიც საქართველოს ქართველებისგან იცავს და საზ. მოძრაობა ,,დაიცავი საქართველოს“ თავყრილობაზე ჟურნალისტ – დ. მხეიძეს ნება არ მისცა დიდი ჭაბუას სიტყვები წაეკითხა საზოგადოებისთვის: ,,ჩვენ არც აზიელები ვართ, არც ევროპელები, ჩვენ ქართველები ვართ“.
– ზაზა შათირიშვილი (ფილოსოფოსი) – ,,თუ ჩვენ გვინდა უარი ვუთხრათ რუსეთს, უნდა ვთქვათ უარი მართლმადიდებლობაზე. ევროპისათვის ყველაზე დიდი მტერი არის მართლმადიდებლობა“. (ამ არსებას ხშირად იწვევენ ,,ობიექტივის“ ეთერში დიდ თარხანთან და ი. ინაშვილთან სასაუბროდ).
– დავით უსუფაშვილი – ,,ნაცების გადარჩენა დემოკრატიის გადარჩენაა“; ,,ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა რუსული ზღაპრებით“ (ცნობილი ფაქტია, რომ მის მშობლიურ სოფელ მაღაროში მის ხსენებაზე ჯერ პირჯვარს იწერენ, შემდეგ კი მახსენებელს ჯარიმას ასმევენ).
– ტარიელ ფუტკარაძე (მეცნიერ მუშაკი) – ,,მუსულმანურ სამყაროს არ გაუნადგურებია ისე საქართველო, როგორც რუსეთს. ევროკავშირი ჩემთვის უალტერნატივოა“.
– ზაზა პაპუაშვილი (დეპუტატი) – ,,უცხოელებს თუ არ შემოვუშვებთ არც ქართველებს შეუშვებენ ევროპის ქვეყნებში (ამას მხოლოდ მივესალმები).
– სოსო ცინცაძე (ექსპერტი) – ,,რუსეთთან მუდამ გვექნება კინკლაობა და მის გამო 40 მილიონიან უკრაინას ვკარგავთ? რუსეთთან მხოლოდ ინტერესები უნდა გვამოძრავებდეს, რომელ მეგობრობაზე უნდა ვისაუბროთ?“ – სოსო ცინცაძემ და დ. აქუბარდიამ კავკასიის ტელეეთერიდან მიულოცეს უკრაინელებს ავტოკეფალია და გულისტკივილით აღნიშნეს, რომ უკრაინელებს მათი მილოცვა არ ესმოდათ.
ამასთანავე, ექსპერტმა ამაყად აღნიშნა, რომ სამი პრეზიდენტის მრჩეველი იყო. იქნებ ამიტომაც წარიმართა ჩვენი ქვეყნის ბედი ასე ბედუკუღმართად?
– სანდრო ბრეგაძე – ,,მე რუსეთის ინტერესებს არ გავატარებ“ – (ჩვენ რუსეთთან ინტერესთა თანხვედრა გვქონდა. ამ არსებამ ი. გრიგოლიას გადაცემაში, მისდა სამარცხვინოდ, ბიბლიაზეც კი დაიფიცა – ჩვენ რუსეთთან არანაირი საერთო არა გვაქვსო).
– ნუკრი ქანთარია – ,,რუსული მენტალიტეტი…“ – დამცინავად ქირქილებს დეპუტატი.
– ვახტანგ მაისაია (ექსპერტი) – ,,პუტინის საერთო ქონება 26 მილიარდია“.
– პეტრე მამრაძე – ,,პუტინის ქონება არაბი შეიხების ქონებაზე არანაკლებია“. ,,რუსეთი ზიმბაბვეზე უფრო ჩამორჩენილი ქვეყანაა“.
– ბ. ივანიშვილი – ,,ნაცებს სახე უნდა შევუნარჩუნოთ“; ,,ტერიტორიების დაბრუნების სხვა ალტერნატივა არ უნდა გამოჩნდეს, ჩვენ ,,ნატოში“ და ევროკავშირში უნდა შევიდეთ“ (ქვეყნის პირველი პირისთვის ნატო–ევროკავშირი უფრო ფასეულია, ვიდრე სამშობლო).
– შალვა ხაჭაპურიძე (უფლებადამცველი) – ,,პუტინი ცას არ გამოეკერება და რუსეთი დაიშლება“ (თურმე რაზე ოცნებობს?!)
– ვაჟა ბერიძე (ექსპერტი) – არ შეიძლება მთლად განვუდგეთ მიგრანტების მიღების თემას“.
– რამაზ საყვარელიძე (ექსპერტი) – ,,რატომ უნდა წავეხმაროთ რუსეთს, რომ აგრესორის იმიჯი მოიხსნას?“ – (ეს განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა რუსეთმა ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად საქართველოს დახმარება შესთავაზა).
– მამუკა არეშიძე (ექსპერტი) – ,,რუსეთიდან დახმარების შეთავაზება ამორალურია და კიდევ უფრო ამორალური იქნებოდა მისი მიღება“ (თუნდ მთელი საქართველო გადაბუგულა, ოღონდ რუსეთს ჰქონდეს აგრესორის იმიჯი!).
– ირმა ინაშვილი – ,,რუსეთი არის საერთაშორისო ბანდიტი“. ,,მტერია, აბა რა არის, ჩვენი ტერიტორიები აქვს მიტაცებული“. ,,20 წლის წინ ვიყავი ბრიუსელში და ნატო–საქართველოს ურთიერთობაზე ვისაუბრეთ“ – აცხადებს ინაშვილი ,,ქრონიკა +“–სადმი მიცემულ ინტერვიუში (საინტერესოა ვინ მისცა ამის უფლებამოსილება ამ არსებას?)
– დიდი თარხანი – ,,ნახეთ რა უქნა რუსეთმა უკრაინას?“ – თუ არ იცის ვინ ,,უქნა“ უკრაინას, ვისი ინიციატივით დახოცეს ადგილობრივი მოსახლეობა, რა პრეტენზია აქვს პოლიტიკოსობაზე?) – ,,ჩვენ უნდა ვაღიაროთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, ჩვენი პარტნიორი უნდა იყოს ისრაელი და ამერიკა“. (ეს იგივეა საქართველო მუსულმანური სამყაროს ტერაქტების ობიექტად ვაქციოთ). ,,ჩვენ უკეთეს პარტნიორობას გავუწევთ ამერიკას“ (ანუ უკეთესად შევასრულებთ ამერიკის დირექტივებს და უკეთესად ამოგხდით სულსო).
– ბონდო მძინარაშვილი – ,,ისინი ქამელეონები არიან“ – საუბრობს კონკრეტულ პირებზე და კადრში წარმოგვიდგინა ხვლიკი ,,ქამელეონი“, რომელიც ფერს იცვლის სიტუაციიდან გამომდინარე. ეს არსება გაზეთ ,,საქართველო და მსოფლიოს“ რედაქტორის მოადგილე იყო. ,,ობიექტივში“ გადასვლისთანავე ამერიკის მეგობარი გახდა და რუსეთის მიმართ პოზიციები შეცვალა, ასე, რომ თავად ყველაზე დიდი ქამელეონი – ,,ჩემი შენ გითხარის“ პრინციპით მოქმედებს.
– გია არეშიძე (ანალიტიკოსი) – ,,რუსეთმა წაგვართვა, ამერიკა გვეხმარება და ეს ხალხმა უნდა დაინახოს“ (ამ არსების ღნავილს კვირაში 2 საათს უთმობს ტელეკომპანია ,,ობიექტივი“ მაშინ, როცა ვ. კვარაცხელიას საავტორო გადაცემა ორ კვირაში ერთხელ არის დაანონსებული, მიუხედავად ტელემაყურებელთა მოთხოვნისა, რომ ფორმატი გაფართოვდეს ექსპერტ ჰ. ჭიპაშვილის ჩართულობით).
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ნებისმიერი პიროვნება თუ ძალა პოტენცური საფრთხოს შემცველია, რადგან ქვეყნისა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ იმუშავებს. საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი უალტერნატივო გარანტი არის მხოლოდ რუსეთი და ყველა საწინააღმდეგო ვერსია ნეგატიურ კონტექსტში განიხილება. ამ დასკვნის საფუძველს გვაძლევს ის 25 წლიანი სწრაფვა დასავლეთისკენ, რომელმაც საქართველო ეკონომიკურად გააჩანაგა, ტერიტორიულად გახლიჩა, ზნეობრივად გახრწნა და დღეს ჩვენი სამშობლო ლიბერალიზმის მყრალ წუმპეში ტივტივებს.
საქართველოს ე.წ. ცნობადი სახეები საუბრობენ მიგრაციის შეჩერებაზე, ნარკოტიკების აკრძალვაზე, მაგრამ არაფერს ამბობენ, საიდან იღებს სათავეს ამდენი მავნებლობა და როგორ უნდა ავიცილოთ იგი თავიდან. მიზეზი კი ის არის, რომ ივანიშვილის ნაბახუსევის მოლოდინში ყოფნა და პოლიტიკურ წუმპეში ტივტივი ურჩევნიათ რადიკალური განცხადებების გაკეთებას, ხოლო აქციებით მხოლოდ ქართველი ხალხის პატრიოტულ გრძნობებზე თამაშობენ.
რადიკალიზმი კი საგარეო კურსის ცვლილების მოთხოვნით უნდა გამოვხატოთ: ,,არა – ნატოს“, ,,არა – ევროკავშირს“. ეროვნულმა ძალებმა თავიანთი ნიშა უნდა დაიკავონ პოლიტიკურ სივრცეში, რადგან დღეს საქართველოს რადიკალი ქართველები სჭირდება და არა ლიბერასტ–პატრიოტები. მე რადიკალი ქართველი ვარ!
P.S. სამწუხაროა, რომ გაზეთი ,,ასავალ–დასავალი“ ხალხს დაშორდა და გაზეთის ინტერნეტვერსიის წაკითხვა ფასიანი (2 ლარი) გახდა. გინდა წაიკითხო? – გადაიხადე! ეს აღარ უნდა გვიკვირდეს, როცა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ჯანდაცვაც ამ პრინციპით მოქმედებდა: – გინდა იცოცხლო? – გადაიხადე! საქართველოც და ხალხის სიცოცხლეც შეითან–ბაზარში მიკირტუმას დახლზე დადებული ნადავლია, რომელსაც ნაკუწ–ნაკუწ, ნაგლეჯ–ნაგლეჯ ყიდიან.
იზა თამაზაშვილი
ტელ: 593 90 55 07, 235 91 15
8 მაისი, 2019წ.