„ექვსეულ-ირანის“ ჟენევის შეთანხმება შედგა
„ექვსეულ-ირანის“ ჟენევის შეთანხმება უარყოფითად იქნა აღქმული ისრაელსა და ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში, უპირველეს ყოვლისა საუდის არაბეთში. მათ უკვე გამოთქვეს ნეგატიური მოსაზრება და ხელშეკრულებას ისტორიული მარცხი უწოდეს. განსაკუთრებით კატეგორიული იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ, რომელიც ვერც აშშ-ს პრეზიდენტის ლაპარაკმა დაამშვიდა.
საუდის არაბეთის მეფესა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ერთობლივი პოზიცია აღმოაჩნდათ ჟენევის დოკუმენტის მიმართ, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ორივენი ირანის პოზიციების განმტკიცების აშკარა მოწინააღმდეგენი არიან. ორივენი არ მიესალმებიან ირანის პოლიტიკას სირიასთან მიმართებაში. ორივენი წინააღმდეგნი არიან ახლო აღმოსავლეთში ირანის ლიდერობის. ორივენი ნეგატიურად აღიქვამენ ამერიკა-ირანის ურთიერთობების გამოსწორებას.
საუდის არაბეთისა და ისრაელის პოზიციების თანხვედრა ბევრი რამით არის გამოწვეული, უპირველესად ირანის შიშით. ძლიერი და გავლენიანი ირანი, მითუმეტეს აშშ-ნ ურთიერთობაში მყოფი, გააფერმკრთალებს ამ ქვეყნების გავლენას ვაშინგტონის კარზე. ამერიკა-ირანის ურთიერთობათა დათბობა ჟენევის შემდეგ სრული რეალობით წარმოჩინდება, რაც თავისთავად აღძრავს ეჭვს საუდის არაბეთსა და ისრაელში. ვინ უფრო მეტად „ეყვარება ვაშინგტონს, საუდის არაბეთ-ისრაელი თუ ირანი?“ აი, ის ეჭვი, რომელიც ბუნებრივად წარმოშვა ჟენევის დოკუმენტმა.
ეჭვი, ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული, ვინაიდან ერ-რიადმა და თელ-ავივმა კარგად იციან, „საყვარელი“ ამერიკის ხასიათი. ისიც კარგად იციან, რომ ვაშინგტონი მარტო ამ ჟენევით არ შემოიფარგლება და გააგრძელებს ძალისხმევას სხვა ჟენევისთვის. ანუ თუ ყველაფერი ხელშეკრულების მიხედვით წარიმართა და ირანის მხრიდან ადგილი არ ექნა გადახვევას, ერთი წლის შემდეგ, ახალი ხელშეკრულება დაიდება – გაცილებით მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი, ვიდრე ჟენევის ამჟამინდელი დოკუმენტი. გარდა ამისა, ადგილი ექნება დოკუმენტზე მეტის „მიღებას“ ანუ ამერიკა-ირანის ურთიერთობის აღორძინებას, შეწყვეტილს 1979 წლის ისლამური რევოლუციით.
ძნელად მოიძებნება ობამას ადმინისტრაციაში მოხელე, რომელიც ირანთან მარტო ხელშეკრულებას დასჯერდეს. აშშ-ს პოლიტიკა აქტიურად იღვაწებს ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად, სხვა კავშირების ჩამოსაყალიბებლად. ირანის ისლამური რესპუბლიკა ამ თვალსაზრისით ამერიკისთვის ყამირია. მას არასდროს ჰქონია ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობები. მას შაჰის ირანთან ჰქონდა ასეთი, თანაც 35 წლის წინათ.
35 წელიწადი კი დიდი დროა, ხალხის მენტალიტეტის გარდასაქმნელად – მხედველობაში მაქვს ირანის მოსახლეობა. ირანი, ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული თვალსაზრისით, ახალგაზრდა სახელმწიფოა. ამ ახალგაზრდებს არ უნახავთ ცოცხალი ამერიკელი. თუ რამ ესმოდათ მათზე და მათ ქვეყანაზე – ნეგატიური იყო, ნომერ პირველი „სატანა“, – ასე მოიხსენიებდა ისლამური ირანის დამფუძნებელი აიათოლა ხომეინი აშშ-ს.
ბევრი რამ ცუდი იგემა რევოლუციურმა ირანმა პირველი „სატანისგან“. ტერორისტული აქტებიდან დაწყებული, ერაყ-ირანის ომის წაქეზებითა და ეკონომიკური სანქციებით დამთავრებული. ერთი წლის განმავლობაში 400 მილიარდ დოლარს კარგავდა ირანი ამერიკელთა მეცადინეობით შემოღებული ეკონომიკური სანქციებით, ვაჭრობის შეზღუდვით, საბანკო ანგარიშების გაყინვით და ა.შ. როგორც ჩანს, ყოველივე ნეგატიური წარსულს ბარდება. აწმყო და მომავალი საინტერესოა აშშ-თვის, არანაკლებად ირანისთვის.
პირდაპირი მნიშვნელობით აშშ-ს ირანის წინააღმდეგ არ უომია, ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ვიეტნამში. ვიეტნამის ომი აშშ-ს ისტორიის შავი ფურცელია, მაგრამ უკვე ისტორიის გაყვითლებული ფურცელი. ვიეტნამმა გადალახა მის არსებაში ჩამოყალიბებული მტრობა აგრესორი ამერიკის მიმართ და სრულიად ახალი პოლიტიკა შეიმუშავა გუშინდელ მტერთან მიმართებაში.
ორი ქვეყნის დღევანდელი ურთიერთობები პრაგმატიზმს ეფუძნება. ამერიკასთან თანამშრომლობამ წინ წამოსწია ვიეტნამის ეკონომიკა. ეს ქვეყანა ლამის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკური „ვეფხვების“ მცირერიცხოვან გუნდში შევიდეს. არის თუ არა ირანთან მიმართებაში მსგავსი პერსპექტივა მოსალოდნელი?
ცხადია, არის! ირანი, აშშ-ს, მრავალმხრივ მომხიბლველი სახელმწიფოა, ჯერ ერთი – გეოპოლიტიკური მდგომარეობით, მეორეც – განსწავლული 80-მილიონიანი მოსახლეობით, გარდა ამისა განვითრებული მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, ენერგეტიკით, მედიცინით და ა.შ. ირანთან ურთიერთობა სხვა პერსპექტივას უსახავს აშშ-ს, პერსპექტივას კასპიის ზღვასა და ზღვისპირა ქვეყნებზე, ცენტრალურ აზიაზე, კავკასიაზე, რაც ჰეგემონი ქვეყნისთვის ერთობ მომხიბლველი რამ არის.
ირანთან მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებით, აშშ-ი სერიოზული გამოწვევა იქნება როგორც რუსეთის, ისე ჩინეთისთვის.
ჟენევის დოკუმენტი ერთის შეხედვით მსოფლიოს მშვიდობის გარანტად იქცა, რასაც რუსეთი გულთბილად მოესალმა, მაგრამ ღამის 3 საათზე ლავროვის ღიმილი და „ექვსეულის“ წევრებთან ხვევნა-კოცნა, მხოლოდ ფასადური ნაწილია. გულის სიღრმეში, რუსეთისთვის ახალი თავსატკივარი ჩნდება, ერთმანეთთან დაახლოებული ამერიკა-ირანის სახით.
საბჭოთა კავშირის დროინდელ პოლიტიკოსებს კარგად ახსოვთ ამ ტანდემის მოქმედება. მართალია, დღეს მსგავსს ადგილი არ აქვს და ალბათ არც ექნება, მაგრამ ის, რომ პერსპექტივაში რუსეთის სამხრეთში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვლება, ცხადია. და არა მარტო რუსეთის სამხრეთში, მთელს მსოფლიოში, მათ შორის კავკასიაში.
ალბათ ნაკლებად მოიძებნება ქვეყანაზე ადამიანი, ვინც წყრომას იოლად ივიწყებს. ასეა ქვეყანაც – ადამიანებისგან შემდგარი. ირანს კარგად ახსოვს საქართველოს „საოცნებო“ ხელისუფლების მიერ გადადგმული არასახარბიელო ანტიირანული ნაბიჯები – უვიზო ხელშეკრულების გაუქმება, საქართველოში ირანული ბიზნესისთვის პრობლემების შექმნა, ირანელთათვის საბანკო ოპერაციებზე უარის თქმა, ირანის ავიაკომპანია „ფლაი-ჯორჯიას“ ფაქტიური გაჩერება და სხვა.
„ოცნების“ ხელისუფლებამ ერთი წლის განმავლობაში იმდენი უარყოფითი ნაბიჯი გადადგა ირანთან მიმართებაში, რომ სხვა ქვეყნები წლებს მოანდობდნენ არასაშურ საქმეს. არადა ირანი ის სახელმწიფოა, რომელიც მუდამ მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის გაეროში. ირანი ის ქვეყანაა, ვინც, საქართველოს მეგობრობისა და დახმარების ხელი გამოუწოდა დამოუკიდებლობის პირველ წლებში. ირანისგან ბევრის სწავლა შეიძლებოდა, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე მედიცინის, აგრეთვე სხვა დარგებში.
სამწუხაროდ, ფუჭად ჩაიარა წლებმა, დასავლეთზე ორიენტირებულმა ქვეყანამ, სხვასთან ურთიერთობა არაფრად ჩააგდო, აჰყვა დასავლეთს, კეძოდ აშშ-ისრაელის ანტიირანულ პოლიტიკას და ზურგი შეაქცია 80-მილიონიან ქვეყანას. ამერიკა-ირანის ურთიერთობათა გაუმჯობესება, სხვაგვარად აფიქრებინებს საქართველოს პოლიტიკას და უნდა ვიმედოვნოთ პოზიტიურად, ამ დიდი ქვეყნის მიმართ.
ირანი არა მარტო ეკონომიკით და ენერგომატარებლებითაა საინტერესო, არამედ რელიგიური აღმსარებლობით. შიიტური ირანი დიდი გავლენით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ შიიტებში და არა მარტო მათში. ირანის მოწინააღმდეგე სუნიტურ საუდის არაბეთში მოსახლეობის 20% შიიტები შეადგენენ, იემენში – 40% (ზეიდიტები), ბაჰრეინში – მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ქუვეიტში – თითქმის მესამედს. სირიაში შიიტების მონათესავე ალავიტები არიან ქვეყნის სათავეში. შიიტების დიდი რაოდენობა ცხოვრობს ერაყში, სხვა ქვეყნებში.
ირანის ისლამური რესპუბლიკა კატეგორიული წინააღმდეგია ექსტრემისტული ისლამის, სალაფიტების, ჯიჰადისტების.
ცნობისთვის, სალაფიტებად ისინი მოიაზრებიან, ვინც პატივისცემით არიან განმსჭვალული წინაპრების მიმართ. მათ ხშირად ფუნდამენტალისტებადაც მოიხსენიებენ. ისინი მოუწოდებენ ისლამურ საზოგადოებას დაუბრუნდნენ „ოქროს ხანას“, როდესაც ბატონობდა სუფთა, შეუბღალავი ისლამი, როდესაც ხელისუფალნი ცხოვრობდნენ ყურანის მიხედვით, სუნიტურად.
ჯიჰადი – ნიშნავს მაქსიმალურ ძალისხმევას აღმსარებლობისთვის. ჯიჰადი ხშირად ითარგმნება, როგორც „სამართლიანი ომი“.
ირანთან ნორმალური ურთიერთობა წმინდა რელიგიური თვალსაზრისითაც უნდა იყოს სასარგებლო. ირანის რელიგიური გავლენის უგულებელყოფა დააზიანებს ქვეყნის ინტერესებს. ირანი მხარს უჭერს ბაშარ ასადს, მას მყარი პოზიციები აქვს სირიაში. სირიის ომში ჩართულია ათასი ჯურის ექსტრემისტი, რომლებიც სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებენ.
სირიის ხელისუფლების მხარდასაჭერად იბრძვის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული შიიტი მებრძოლები. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ მთელს მსოფლიოს აუწყა – თუ უცხოელი სუნიტი „ბოევიკები“ დატოვებენ სირიიას, მაშინ ის მოუწოდებს შიიტ მებრძოლებს გამოვიდნენ ამ ქვეყნიდან.
სამწუხაროდ, სირიის ტერიტორიაზეც იკვეთება ირან-საქართველოს ინტერესები. სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ არაერთი პანკისელი იბრძვის, ზოგი მათგანი სამხედრო ნაწილების მეთაურებადაც გვევლინება.
სირიის საკითხებში ყურებამდე ჩაფლული ირანი აღიზიანებს საუდის არაბეთს, ისევე, როგორც ყატარს, არაბულ საამიროებს, ისრაელსა და დასავლეთს. ჯიჰადისტებს სურთ მსოფლიოში ჯიჰადის დომინირება და აქედან გამომდინარე დაუნდობელი ომი ურწმუნოებთან. მათ მიერ გამოცემულ ბროშურებში წერია: „ძმაო, შენ მეკითხები, რატომ ვკლავთ ამერიკელებს? გპასუხობ – იმიტომ, რომ ისინი სინამდვილეში ებრაელები არიან, რომლებმაც მუსლიმანებს წაართვეს პალესტინა და დაიპყრეს წმინდა იერუსალიმი“.
ჯიჰადიზმი არ გადაიზარდა გლობალურ ისლამიზმში, ვერ გადაიქცა მძლავრ მსოფლიო ძალად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „ალ-ქაიდა“ დასამარდა. ექსტრემისტული ისლამი, „ალ-ქაიდას“ ფილიალების სახით, ფართოდაა წარმოდგენილი სირიაში. და რაოდენ პარადოქსულად არ უნდა მოსჩანდეს, ბაშარ ასადის, ირანის, რუსეთის და თვით ამერიკის მტერი, ამერიკა-ევროკავშირის იარაღით და ფინანსებით მარაგდება.
სწორედ ამ დახმარების წყალობით ერთ დროს არაბული „მარგალიტი“ სირია განადგურების პირასაა მისული. ქვეყნის ქალაქების დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული. მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა ლტოლვილობაში ცხოვრობს მეზობელ თურქეთსა და სხვა ქვეყნებში.
სირიის ტრაგედიის დასასრული არ ჩანს და რომც გამოჩნდეს, ეს არ იქნება ისეთი სტაბილურობა, რომელიც საჭიროა ქვეყნისთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სუნიტები გაწყვეტენ ქრისტიანებს, აიძულებენ მათ გაიქცნენ ქვეყნიდან, შეავიწროებენ ალავიტებსა და ქურთებს, სუნიტებში მშვიდობა არ დაისადგურებს.
უკიდურესი ჯიჰადი ვერ იტანს არა მარტო სხვა აღმსარებლობის ხალხს, არამედ სხვა სექტის მუსლიმანებსაც. გავიხსენოთ ავღანეთი. საბჭოთა ჯარის გამოსვლის შემდეგ ისლამისტები გაუსწორდნენ პრეზიდენტ ნაჯიბულას (ის დაკოდეს და ჩამოაღრჩვეს) და ერთმანეთს. მუსლიმანთა დაპირისპირებამ ათასობით ადამიანი შეიწირა, გაანადგურა ქაბული. შემდეგ მოვიდნენ უფრო მეტად სასტიკნი, „თალიბები“ და გაანადგურეს ისლამისტები. ხომ შეიძლება, რომ მსგავს ადგილი ჰქონდეს სირიაში?
მეამბოხეთა ბანაკში მყარი პოზიციები უკავია „ალ-ქაიდას“ ფილიალს „ჯაბხატ ან-ნუსრას“ და მის მსგავს დაჯგუფებებს, მათ შორისაა ჩრდილო კავკასიიდან და პანკისიდან ჩასულებიც. მათ იცნობენ, როგორც უშიშარ, უმკაცრეს, დაუნდობელ „ბოევიკებად“.
რახანია ერაყიდან, ირანიდან, სხვა ქვეყნებიდან ჯგუფ-ჯგუფად მიედინება სირიისკენ როგორც სუნიტი, ისე შიიტი მეომრები, ერთნი ბაშარ ასადის რეჟიმის დასაცავად, მეორენი – დასამხობად. სირიის ომის გამოძახილი, სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირების სახით, სხვა ქვეყნებშიც აისახება. დღე ისე არ ჩაივლის, რომ სუნიტთა მიერ ორგანიზებულმა ტერაქტებმა ასობით ერაყელი შიიტი არ შეიწიროს.
„ექვსეულ-ირანის“ ჟენევის ხელშეკრულებამ საფუძველი დაუდო ირანთან არსებული ბირთვული პროგრამის მოწესრიგებას, მაგრამ ამასთანავე, ირიბად, მან შეიძლება სირიის კონფლიქტზეც იმოქმედოს. სირიის საკითხებთან დაკავშირებით ჟენევის კონფერენცია, რომელიც ახლო მომავალში გაიმართება, უდავოდ შეეცდება გაიზიაროს ირანის პოზიცია, მაგრამ არა, როგორც მტრის, არამედ, როგორც კონფლიქტით დაინტერესებული კონსტრუქციული მხარის, რაც მეტად მნიშვნელოვანია პროცესის დადებითად წარმართვისთვის.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.