ევროკავშირის დაპირება მეტადრე დაპირებაა, ვიდრე საქმე
უკრაინის მოვლენებმა სააშკარაოზე გამოიტანა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაპირისპირება, რაც კარგს არაფერს უქადის თანამედროვეობას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ამ არასასურველ პროცესში დასავლეთის ხარბი ამბიცია ყველა ბარიერს, მათ შორის დემოკრატიულსაც რომ ლახავს, რითაც უდიდეს პრობლემებს უქმნის როგორც საკუთარ თავს, ისე მსოფლიოს.
როგორც ყოველთვის, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მოყოლებული, „ბუად“ რუსეთი მოიაზრება. მსოფლიოს უდიდესი პოლიტიკოსის უინსტონ ჩერჩილის მიერ ფულტონში წარმოთქმულმა სიტყვამ არათუ რკინის ფარდა ჩამოაფარა საბჭოეთსა და მის აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირე ქვეყნებს, არამედ მთელი დასავლეთი მომართა აღმოსავლეთთან საომრად, უპირველესად ვერბალურად, ყოველ შემთხვევისთვის, ძალისმიერად.
მას შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ დასავლური შემართება არ ჩამქრალა, პირიქით, სულ უფრო ძლიერდება, იხვეწება, ახალ სახეს იღებს. დასავლეთის შემართება, რომელიც სხვადასხვა სახის გეგმებით, მათ შორის მილიტარისტულით არის გაჯერებული, ავტომატურად იწვევს აღმოსავლეთის რეაქციას. იწვევს ეჭვს და უნდობლობას დასავლეთის მიმართ. დასავლური ამბიცია მუდმივი მტრის ფაქტორის შექმნაზეა დაფუძნებული. არ იქნება მტერი და არ იქნება ამბიციური პოლიტიკურ-სამხედრო პროგრამების განხორციელებისთვის საკუთარი მოქალაქეების მხარდაჭერა.
დასავლეთსაც, ისე, როგორც აღმოსავლეთს ეჭვისა და უნდობლობის ჭია ღრღნის – შიში იმისა, რომ არ მოხდეს აღმოსავლეთის მიერ სამხედრო და ეკონომიკური უპირატესობის მოპოვება. და რომ ამას ადგილი არ ჰქონდეს, საჭიროა მილიარდობით დოლარის ფლანგვა სამხედრო მშენებლობის, პროპაგანდის, სხვადასხვა სახის ავანტიურისტული გეგმების განხორციელებისთვის.
ძალას, განსაკუთრებით სამხედროს, პატივითა და მოკრძალებით ეკიდება მსოფლიო. მხოლოდ ძლიერ ქვეყანას ძალუძს მეტოქის დასუსტება, განეიტრალება და პირველობისთვის, ჰეგემონიისთვის მყარი ფუნდამენტის შექმნა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთს წუთითაც არ მოუდუნებია ყურადღება ამბიციური გეგმის განხორციელების საქმეში. რა არ იღონა მან – ხან ნატოს სამხედრო ბლოკი შექმნა, ვითომდა მოსალოდნელი საბჭოური ექსპანსიიდან თავის დასაცავად, ხან კოსმოსის სამხედრო ათვისებას მიჰყო ხელი, ხან ევროპის ეკონომიკური კავშირი გააპოლიტიკურა, ხან აღმოსავლეთის, ამ შემთხვევაში რუსეთის რკალში მისაქცევად ნატოს სამხედრო ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოება დაისახა მიზნად, ხან რუსეთზე ეკონომიკური სანქციების ქამრის შემოჭერა გადაწყვიტა.
ეკონომიკური სარტყელი ამერიკა-ევროპის ახალი ნიუ-ჰაუა. მის მომფიქრებლად შვედი და პოლონელი პოლიტიკოსები გვევლინებიან, რომლებმაც 2004 წელს მოიფიქრეს აღმოსავლეთში მეგობარი ქვეყნების სარტყელის შექმნა – სახელწოდებით „აღმოსავლეთის პარტნიორობა“. მიზანი – რუსეთის იზოლაცია, მისთვის გავლენის სფეროს შემცირება, ანუ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, რუსეთის ორბიტიდან ჩამოშორება, მისი ეკონომიკის დაძაბუნება, თვით რუსეთის ერთიანობისთვის წყლის შეყენება.
რუსეთის ისტორიულმა მტრებმა შვედებმა და პოლონელებმა იფიქრეს – იქ, სადაც მახვილი არ ჭრის, სიეშმაკემ უნდა გაჭრასო. და შეიმუშავეს გეგმა, რომელმაც ორი ამოცანა უნდა გადაჭრას. პირველი – გარკვეული ვადით დაამუხრუჭოს ევროკავშირის ახალი წევრებით გაფართოება, მეორე – გააფართოვოს ევროკავშირის გავლენა აღმოსავლეთში.
ბუნებრივად იბადება კითხვა – რა უშლის ხელს ევროკავშირს თავის შემადგენლობაში მიიღოს ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი? ერთის შეხედვით არც არაფერი, მითუმეტეს მრავალი ათეული წლის განმავლობაში ის (ევროპა) ხომ დაბეჯითებით უმტკიცებდა აღნიშნულ ქვეყნების ევროპული „ფასეულობების“ სიკეთესა და პრიორიტეტულობაში?
ერთია სურვილი – ევროპულ-ამერიკული გეგმების შესრულებისთვის და მეორეა რეალური შესაძლებლობა, ანუ დღევანდელი ევროკავშირის, 28 სახელმწიფოს ეკონომიკურ-საფინანსო მდგომარეობა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სულ უფრო ხშირად წუწუნებენ გაუარესებული სოციალური პირობების გამო და ადანაშაულებენ ბრიუსელს გაფართოებისთვის. მათი აზრით, ახალი წევრების ადაპტაციას მნიშვნელოვანი თანხები ესაჭიროება, მაშინ, როდესაც „ძველ ევროპას“ საკუთარი გადასაჭრელი პრობლემებიც უხვად აქვს. რა გამოდის? ბრიუსელმა აამუშავა ბედნიერი ევროპის პროპაგანდისტული მანქანა, დაპირდა აღმოსავლეთის ქვეყნებს – ყოფილ საბჭოელებს გაწევრებას და . . .
და არც არაფერი – ევროპას ამის თავი არ აქვს. ჩიხიდან გამოსასვლელად შეიქმნა „აღმოსავლური პარტნიორობის“ პროგრამა. მისი მიხედვით, ევროკავშირი იახლოვებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, ვალდებულებებით (ასოცირებულ წევრობის დოკუმენტზე ხელის მოწერა) ბოჭავს და კალთაზე იბამს მათ, ყოველგვარი მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების გაწევის გარეშე.
ასოცირებული წევრობა ხანგრძლივი პერიოდით „ოჩერედში“ დგომას უფრო ნიშნავს, ვიდრე საგნობრივ მოქმედებას, ეკონომიკურ წინსვლას, სოციალური ყოფის გამოსწორებას, ევროპული ინვესტიციების შემოდინებას და სხვა. შვიდი წელიწადია ევროკავშირში შესული (და არა ასოცირებული) ბულგარეთ-რუმინეთი გულისფანცქალით ელოდება ბრიუსელის კეთილ ნებას, ევროპულ ინვესტიციებს და ა.შ., მაგრამ მსგავსი არაფერი.
შვიდი წლის განმავლობაში დაინგრა და განადგურდა საბჭოთა პერიოდის ქარხანა-ფაბრიკები და მასთან ერთად მეცნიერება, გაჩნდა უმუშევრობა. ათეულ-ათასობით ბულგარელი და რუმინელი არალეგალურად მიაწყდა ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებს პურის შოვნისთვის. ევროკავშირის წევრ ძველ ქვეყნებში გაჩნდა უკმაყოფილება მოულოდნელ მიგრანტთა გამო. უკმაყოფილებას ვერ მალავენ ისეთი ქვეყნების მთავრობები, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, გერმანია, სხვები.
რუმინეთ-ბულგარეთისადმი შეპირებული შენგენის ხელშეკრულებასთან მიერთება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რუმინეთ-ბულგარეთს ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა მომავალი წლის იანვრიდან უნდა მისცემოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პროცესი გაიჭიმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ზემოდმოყვანილ აუსრულებელ დაპირებას უვიზო მიმოსვლის დაპირების შეუსრულებლობაც დაემატება. და ეს ყველაფერი ევროკავშირში მყოფ წევრებთან მიმართებაში.
ასოცირებული წევრობა კი ნამდვილი წევრობისგან ძალიან შორს არის. ასოცირებული წევრობა (მანამდე საქართველოს ერთი წელიწადი აშორებს) ნიშნავს ბევრ პასუხისმგებლობას ასოცირებული წევრის მხრიდან და ნაკლებ სტიმულს მის მიმართ ბრიუსელის მხრიდან. ასოცირებული წევრობით მოპოვებული „სიკეთე“ ვერ შეედრება იმ დანახარჯსა და წვალებას, რაც დაკავშირებულია ბრიუსელის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებასთან.
„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა განუსაზღვრელი ვადით შეიძლება გაიჭიმოს, თუმცა ასოცირებული წევრის ვალდებულება ბრიუსელის წინაშე ხელმოწერისთანავე იწყება. რას ნიშნავს ეს, თუ არა მეორეხარისხოვან ქვეყნობას?
უკვე 10 წელიწადია „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ მოქმედებს, თუმცა პროგრამით მოპოვებული ევროპული შეღავათები არ ჩანს.
ევროკავშირს სხვა პროექტიც აქვს – „ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების პარტნიორობა“. ეს პროექტი 1995 წლიდან არსებობს და ითვალისწინებს ევროკავშირის კავშირების გაფართოებას რეგიონის 35 ქვეყანასთან. 18 წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები უაღრესად მოკრძალებულია. და რატომ? იმიტომ, რომ ევროკავშირის მიზანი არის რეგიონში საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გამყარება და არა ეკონომიკური ბედნიერების მინიჭება. ეს ხომ დიდ დანახარჯებს უკავშირდება!
„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მიზანი – რუსეთთან ქიშპობაა, რაც აშკარად გამოჩნდა უკრაინაში ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების კიევის მიტინგებზე გამოსვლის დროს. ისინი სისტემატურად მოიხსენიებენ რუსულ ზეწოლას, პუტინის ამბიციურ გეგმას, რუსეთის გავლენას უკრაინაზე, მაგრამ რუსული „ზეწოლა“ ახლოსაც ვერ მივა ამერიკულ-ევროპულთან.
პოლიტიკური ლაქლაქი ზენიტშია აყვანილი, მაშინ, როდესაც საკითხი ეკონომიკას ეხება და იმ მოსალოდნელ დანაკარგებს, რასაც უკრაინა შეხვდება ასოცირებული წევრობის დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ. ბრიუსელისთვის მთავარია უკრაინამ ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას. მას ნაკლებად აღელვებს ამ ქვეყნის მომავლის ბედი.
რაც შეეხება თვით ევროკავშირს – იქ მდგომარეობა ერთობ რთულია. მსოფლიო ეკონომიკურ-საფინანსო კრიზისმა საგრძნობლად გააუარესა ევროპელთა ყოფა. დაიხურა ქარხნები და საწარმოები, გაჩნდა უმუშევრობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამას წინათ ტელეკომპანია „ევრონიუსის“ კორესპონდენტთან საუბარში ბერძენი არქიტექტორი ამბობდა -„შემთხვევითი სამუშაოებით ვირჩენ თავსო. თუ თვის განმავლობაში 250 ევრო ვიშოვნე, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ აქვსო“. არადა 7-8 წლის წინათ ქართველი მომვლელი იღებდა თვეში 700-800 ევროს.
გაუარესებულმა მდგომარეობამ სტიმული მისცა ანტიევროკავშირულ განწყობას. ევროპის ულტრამემარჯვენე პარტიები სულ უფრო მეტ მომხრეებს იძენენ და მძლავრ ანტიევროკავშირულ ალიანს ქმნიან. გაიზრდება მათი გავლენა ევროპარლამენტშიც. მომავალ წელს ჩატარდება ევროპარლამენტის არჩევნები, სადაც ყოველი მეოთხე პარლამენტარი განწყობილი იქნება ანტიევროკავშირულად. ისინი იბრძოლებენ ევროკავშირის დაშლისთვის და საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებისთვის. ამ ვარაუდს გამოთქვამს გერმანული კვლევითი ცენტრი – „კონრად ადენაუერის“ ფონდი.
ევროსკეპტიკოესებს რახანია აღარ მოიხსენიებენ მარგინალებად, ვინაიდან მათ მხარს უჭერს ევროპელთა სოლიდური რაოდენობა. მაგალითად, ბრიტანულმა დამოუკიდებლობის პარტიამ ნაიჯელ ფარაჯას მეთაურობით ა.წ. მაისში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში 26% დააგროვა. ეს არჩევნები მემარჯვენეებისთვის ერთობ წარმატებული გამოდგა. ანალოგიური წარმატება მოიპოვეს ფრანგმა ულტრამემარჯვენეებმა ა.წ. შემოდგომით ჩატარებულ კანტონის არჩევნებში.
მემარჯვენე რადიკალურმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც 2013 წლის 6 თებერვალს დაფუძნდა ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორის ბერნდ ლუკეს თაოსნობით, უმალ გააწევრიანა 14000 კაცი და სექტემბრის ბუნდესტაგის არჩევნებში 4.7% დააგროვა, სულ რაღაც 0.3 პროცენტი დააკლდა 5%-იანი ბარიერის გადასალახავად. თუმცა ექსპერტთა აზრით, ამ პარტიას შეუძლია ევროპარლამენტის არჩევნებში მოიპოვოს გამარჯვება, ვინაიდან იქ მხოლოდ 3%-იანი ბარიერის გადალახვა იქნება საჭირო.
ევროპარლამენტის დეპუტატი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან (გერმანია) მანფრედ ვებერი თვლის, რომ მემარჯვენე პარტიები, უდავოდ მოიპოვებენ გამარჯვებას მომავალ არჩევნებში. მემარჯვენეთა გამარჯვებას ხელს შეუწყობს ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გალიბერალება. ასეთი პერსპექტივის შემყურე ბრიუსელი გააიოლებს სავიზო რეჟიმს? ეს კითხვა ქართველ ოპტიმისტებს ეხებათ.
მაინც რით არის გამოწვეული „ანტიევრო“ პარტიების წარმატება? ექსპერტთა აზრით, მრავალი პრობლემით, მათ შორის ეკონომიკურ-საფინანსო კრიზისით, თვით ამ კავშირისადმი ნდობის გაცრუებით და სხვა. გარდა ამისა „ანტიევროელთა“ გაზრდილი დაფინანსებით, რასაც „ანტიევროელი“ ბიზნესმენები ახორციელებენ.
ევროსკეპტიკოსებს გადაწყვეტლი აქვთ 2014 წლის ევროპარლამენტში შექმნან „ანტიევრო“ ფრაქცია. ა.წ. ნოემბერში ჰააგაში საფრანგეთის მემარჯვენეთა პარტიის ლიდერის მარინ ლე პენისა და ნიდერლანდების მემარჯვენეთა ლიდერ გერტ ვილდერსის შეხვედრის დროს სწორედ მომავალი ევროპარლამენტის მემარჯვენე ფრაქციის შექმნის საკითხი იყო განხილული.
ულტრამემარჯვენეობით თავი გამოიჩინეს ბერძენმა და უნგრელმა პოლიტიკოსებმაც. „ანტიევროს“ პოზიციებით გამოირჩევიან ისეთი ევროპული ქვეყნებიც, როგორებიცაა: დანია, შვეცია, შვეიცარია, ნორვეგია. ცნობილია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონის ანტიევროპული განწყობაც. და არა მარტო მისი, არამედ ბრიტანეთის პარლამენტის, რომელიც 2017 წელს გეგმავს საყოველთაო რეფერენდუმს – ევროკავშირში ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით.
ინგლისელი პოლიტიკოსები თვლიან, რომ ევროკავშირი ზღუდავს ინგლისის სუვერენიტეტს, რომ ინგლისთან დაკავშირებული უმნიშვნელო საკითხები ბრიუსელში და არა ლონდონში წყდება.
რაც შეეხება ოპერატიულობას, ეს ის სერიოზული პრობლემაა, რომლის გადალახვა ევროკავშირს უჭირს. ხუმრობა ხომ არ არის ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსგან თანხმობის ან უარის მიღება ნებისმიერ საკითხზე? ოპერატიული მუშაობისთვის ბრიუსელი რახანია მოითხოვს საერთო სამინისტროების შექმნას, ანუ ბრიუსელის ზენაციონალურ ორგანოდ გადაქცევას. მაგრამ დათანხმდება ამას წევრი ქვეყნები? და თუ დათანხმდება, რა განსხვავება იქნება ბრიუსელსა და საბჭოთა მოსკოვს შორის?
აი, ამ და სხვა უამრავი პრობლემის წინაშეა ევროკავშირი, რომელიც მიუხედავად მძიმე საშინაო საკითხებისა, იხტიბარს არ იტეხს და საკუთარი პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებისთვის იბრძვის – საგარეო ფაქტორების გააქტიურებით, მასზე ყურადღების გადატანით. ამ ბრძოლაში მთავარი „ბუა“ ფიგურირებს – რუსეთის სახით.
რუსეთის „ბუობა“ საჭირო და აუცილებელია. ხალხის დარაზმვას, შეუსრულებელი დაპირებებიდან ყურადღების გადატანისთვის რუსული „ბუა“, ანდა დათვი მომგებიანი თემაა. ამ პროპაგანდისტული წამლებით, უფრო ზუსტად ფუნთუშებით დარბიან ევროკავშირიდან შორს მყოფი აშშ-ს პოლიტიკოსები, ნულანდისა და მაკკეინის სახით, აბუნტებულ უკრაინელებთან – თქვენი ადგილი ევროპაშია, რუსეთთან რა გინდათო – აგულიანებენ საქმეში ჩაუხედავ მომიტინგეებს და არა მარტო მათ „აღმოსავლეთის მომავალ პარტნიორებსაც“, მათ შორის ჩვენც.
იოლია დემოკრატიაზე, ერთსქესიან ქორწინებაზე ლაპარაკი და ამიტომაც ლაპარაკობენ, მაგრამ გაცილებით ძნელია ეკონომიკურ-ფინანსური დახმარება. მას სხვა განსჯა, სხვა გადაწყვეტილება სჭირდება – მეტადრე პრაგმატული და არა ისეთი – სხვის საქმეებში ჩარევა რომ ჰქვია.
დემოკრატია არ ჰქვია მხოლოდ ასოცირებაზე და არა მის ალტერნატივაზე მედიაში ლაპარაკს, რასაც საქართველოში აქვს ადგილი. ყველას როგორც მოსწონს ის, რაც არ უნახავს, არ განუცდია?
17 დეკემბერს მოსკოვში გამართულ რუსეთ-უკრაინის სამთავრობო კომისიის სხდომაზე რუსეთის ხელისუფლებამ გადადგა ნაკლებად პროპაგანდისტული და მეტად პრაგმატული ნაბიჯი უკრაინის მოსალოდნელი დეფოლტიდან გადარჩენის მიზნით.
გაზის ტარიფების შემცირება, 15 მილიარდი დოლარის კრედიტი და სხვა შეღავათები უკრაინის ეკონომიკის სტაგნაციის შეჩერების სტიმული იქნება. გადარჩება უკრაინის მთელი რიგი სამრეწველო კომპლექსები, რომლებიც შეასრულებენ რუსულ შეკვეთებს აეროკოსმიურ, საზღვაო მშენებლობის დარგებისთვის. საწარმოების გადარჩენა თავისთავად ნიშნავს მუშა ხელისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის დასაქმებას, მათთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებას. 45-მილიონიანი უკრაინისთვის რუსეთის მიერ გაწვდილი ეკონომიკური ხელი უდიდესი შვების მომტანია და გაცილებით მეტია საქვეყნოდ ნაქებ ევროპულ „ფასეულობებზე“.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.