„გამარჯვებულმა“ თბილისმა აჭარის „დაბრუნება“ აღნიშნა
6 მაისს „წარმატებულმა“ საქართველომ აჭარის „დაბრუნების“ მეცხრე წლისთავი აღნიშნა. მედიამ, განსაკუთრებით ელექტრონულმა, გაიხსენა იმჟამინდელი პოლიტიკური პერიპეტიები. წინა პლანზე წამოსწია რა პრეზიდენტის „სასიხარულო“ ცნობა ასლან აბაშიძის „რეჟიმის“ დაცემის და მისი საქართველოდან წასვლის თაობაზე. გაიხსენეს ჩოლოქის აფეთქებულ ხიდთან მყოფი პრემიერ-მინისტრიც – სიტყვებით: „აბაშიძემ უნდა შეიგნოს, რომ მისი დრო დამთავრდა“.
„რევოლუციონერებსა“ და აბაშიძეს შორის დაპირისპირება ლამის 1995 წელს დაიწყო. არჩევნებში გამარჯვებულმა „მოქალაქეთა კავშირის“ ახალაგაზრდულმა ფრთამ იმთავითვე ვერ იგუა პარლამენტში მოხვედრილი აჭარის დეპუტაცია, ზოგთან, გადაბირებისთვის საერთო ენა გამონახა, ზოგთან ფარული მტრობა გაახურა. ახალგაზრდა მოქკავშირელთა სახიფათო სამომავლო გეგმებს ხელს უშლიდა აჭარის ავტონომიის მეთაურის ავტორიტეტი, აჭარაში მიღწეული წარმატებები. იმჟამინდელ ჩაბნელებულ, დამშეულ, ქურდობითა და ყაჩაღობით გაჯერებულ დანარჩენ საქართველოსთან შედარებით აჭარა სიმშვიდის, სინათლის, სტაბილურობის სახეს ქმნიდა.
90-იანი წლების აჭარულ აღმშენებლობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, რამაც გარკვეული შური გააღვივა ცენტრსა და ავტონომიას შორის. შურს ისიც აძლიერებდა, რომ ცენტრი ვერ ახერხებდა ავტონომიის საშინაო საქმეებში ხელის ფათურს. სწორედ ასლან აბაშიძემ არ მისცა მას ამის საშუალება, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ის ყელამდე იყო აღვსილი ცენტრის ამბიციური გეგმებით.
ჯერ იყოდა გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებამ, ავტონომიის გაუქმების თაობაზე, ფართომასშტაბიანი გამოსვლები გამოიწვია ბათუმში, რომლის ჩახშობას აბაშიძის სერიოზული ძალისხმევა დასჭირდა. შემდეგ, კიტოვან-იოსელიანის ლაშქრის შეჩერება. აბაშიძის მოხერხებულობამ და ბათუმში მდგარი რუსეთის სამხედრო ბაზის გამოყენებამ გადაარჩინა აჭარა აოხრებისგან.
აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთში დამარცხებულმა ცენტრმა ჯავრი აჭარის მეთაურზე იყარა – შავი „პიარის“ სახით. რა არ დაიწერა და ითქვა მასზე – რუსის გენერალი, თურქეთის ფაშა, სეპარატისტი, რუსულ-თურქული პოლიტიკის გამტარებელი. ითქვა ისიც, თუ როგორ ცდილობდა აბაშიძე აჭარის რუსეთთან და თურქეთთან შეერთებას. თბილისელ „პოლიტიკოსებს“ ის ვეღარ გაერკვიათ, ერთდროულად როგორ მოახერხებდა ამას აბაშიძე.
ცენტრმა აბაშიძისგან მტრის ხატი გამოძერწა. ბათუმში ჩასულ კულტურისა და ხელოვნების მუშაკებს თბილისი ლამის მოღალატეებად აღიქვამდა. იმჟამინდელმა აჭარამ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის, სულის გადარჩენაში. იყო თუ არა ყოველივე ეს საშური? ცხადია, იყო.
ცენტრისა და ავტონომიის დაპირისპირება არასახარბიელო ნიუანსებს იძენდა, მათ შორის უპირველესი – შემოსავლების გადმორიცხვა-არგადმორიცხვა იყო. ცენტრისთვის წესად იქცა აჭარიდან შემოსული თანხების გარკვეული ნაწილის უკან არ დაბრუნება, რამაც ავტონომიაში ერთობ არასახარბიელო ვითარება შექმნა. ცენტრალურ ბიუჯეტზე მყოფ მოხელეებს ვერაფრით გაეგოთ, რატომ არ იღებდნენ ისინი ისე, როგორც ავტონომიის ბიუჯეტზე მყოფი მოხელეები.
ცენტრისთვის, ავტონომიის ხელისუფლების არაერთი თხოვნის მიუხედავად – თანხის გარკვეული ნაწილის დაბრუნება არ ხდებოდა, რამაც აიძულა აბაშიძე გადაედგა კარდინალური ნაბიჯი ანუ აჭარაში მყოფი, ცენტრალურ ბიუჯეტზე დამოკიდებული მოხელეების დაფინანსება.
ცენტრისა და ავტონომიის დაპირისპირება მკვეთრად გაიზარდა 1999 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. პარტია „აღორძინების“ მზარდმა პოპულარობამ ცენტრი სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ უკიდურეს ზომებს მიმართა, მათ შორის შავ „პიარს“. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, მან მოუწოდა საზოგადოებას, არ მიეცათ ხმა ფაშისტური პარტია „აღორძინებისთვის“.
ხელისუფლების დავალებით ანტიასლანური პროპაგანდა გამძაფრდა. ტელე-ჟურნალისტმა ყანდიაშვილმა ისიც კი იკადრა, ტყუილით მიემართა ხალხისთვის – „თქვენ, რომ ხელფასებსა და პენსიებს ვერ იღებთ – ასლან აბაშიძის ბრალია, ვინაიდან ფული არ გადმორიცხაო“.
ანტიაღორძინების უმკაცრეს ზომად შეიძლება ჩაითვალოს „აღორძინების“ კონფერენციის ჩასაშლელად თბილისის ყველა დარბაზის ჩაკეტვა. „აღორძინებამ“ სხვა გზას მიმართა – ღია ცის ქვეშ მიტინგის გამართვას, რისთვისაც მიტინგისთვის სპეციალური ავტობუსებიც დაიქირავა მეზობელ თურქეთში.
ხელისუფლების სამარცხვინოდ, ავტობუსებს გადაცმული პოლიციელები დაახვედრეს, რომლებმაც თბილისის შემოსასვლელში დაარბიეს ავტობუსები – ჩაულეწეს მინები, დაუხეთქეს საბურავები და სხვა. სამწუხაროდ, თბილისმა აღნიშნული ბარბაროსული აქტი ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე მიიღო. სიტყვა არც საქართველოში აკრედიტებულ დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის აშშ-ს საელჩოებსაც არ დასცდენიათ. მათი ფავორიტი „მოქალაქეთა კავშირი“ და პრეზიდენტი შევარდნაძე იყო.
და როდესაც ასეთი სამარცხვინო პოლიტიკური წარსული გაქვს აღარ უნდა გაგიკვირდეს იმ საშინელებების, რაც ნაცებმა ჩაიდინეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
აბაშიძის სახელის გასატეხად ცენტრმა უცხოეთიც გამოიყენა – აქაოდა მარტო ჩვენ კი არ გვაწუხებს აბაშიძე, უცხოეთსაც აწუხებსო და ატყდა დისკრედიტაციული სტატიების წერა „ვაშინგტონ პოსტში“, „ვაშინგტონ ტაიმსში“, სხვა გაზეთებში.
სტატიები ცენტრის მიერ იყო შეკვეთილი. ამ საქმეში ხელი გაიწაფა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი ამერიკული გაზეთის კორესპონდენტი, რომელმაც ვრცელი სტატია მიუძღვნა აბაშიძის ნარკობარონობას, იმასაც წერდა, რომ ინფორმაცია მას საგარეო უწყების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა, რომელმაც სთხოვა გვარის არ დასახელება.
ასლან აბაშიძესთან პირად ომში ჩართულ თბილისს სულაც გადაავიწყდა, რომ ამით თავისსავე საქმეს ვნებდა, ანუ ქვეყნის მთლიანობას. ცენტრთან კონფლიქტში მყოფი აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთისთვის აჭარა და მისი მეთაური მუდამ ყურადღების ცენტრში იყო. მათ წინააღმდეგ გადადგმულ ყველა ნაბიჯს ისინი შეშფოთებით შეჰყურებდნენ, თან იმასაც ამბობდნენ – აჭარას რას უკეთებენ და ჩვენ რას გვიზამენო. აქვე მინდა აღვნიშნო, აჭარის ხელისუფლების სანიმუშო დამოკიდებულება აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან.
თბილის-ბათუმის დაძაბულობა გამძაფრდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. მოსკოვში მყოფმა აბაშიძემ, პრეს-კონფერენციაზე ამხილა გამარჯვებულთა სარისკო გეგმები. საფრთხის წინაშე დადგა აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. შერიგების პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ როგორც რუსი, ისე ამერიკელი დიპლომატები.
2003 წლის დეკემბერს თბილისში, ხანმოკლე ვიზიტით მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ლინ პასკომ, აბაშიძესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ის და ჩვენთვის შემდგომში ცნობილი, ბრაისმა, აგრეთვე აშშ-ს ელჩი მაილსი, ჩემის თანხლებით ბათუმს ჩავედით.
ასლან აბაშიძესთან საუბარი კონსტრუქციული გამოდგა, თუმცა არჩევნების ჩატარებაზე დასტური მასპინძელს არ გამოუთქვამს. ეს მოგვიანებით მოხდა მაილსის ვიზიტების დროს. საბოლოო ჯამში აჭარაში ჩატარდა არჩევნები, უფრო მეტიც, პრეზიდენტმა ინაუგურაცია აჭარიდან დაიწყო.
თითქოსდა შეიქმნა გარკვეული სახის თანამშრომლობაც, მაგრამ სამწუხაროდ ყოველივე მოჩვენებითი აღმოჩნდა, რაც დადასტურდა საპარლამენტო არცევნებით. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ჭიაბერაშვილი) ბათილად ცნო „აღორძინების“ მიერ მიღებული ხმები და არ მისცა მას პარლამენტში შესვლის საშუალება, ხოლო არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში გამარჯვებულმა ნაცებმა მთელი საქართველოს „მოხალისეები“ მიაყენეს აჭარის კარს.
მოგვიანებით, სამშობლოდან გადახვეწილი ჟურნალისტი კომახიძე იტყვის, რომ ე.წ. ამბოხებულთა და ჟურნალისტთა დაწიოკების ორგანიზატორი თვით ნაცმოძრაობა იყო და ყოველივე აბაშიძის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.
6 მაისს აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივანოვმა მოსკოვს წაიყვანა. გახარებული საქართველო ერთხმად გაჰყვიროდა აჭარის დაბრუნების თაობაზე. იგივეს აცხადებდნენ პოლიტიკური პარტიებიც. მათ შორის დასამახსოვრებელი იყო „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლის ჩიხრაძის განცხადება, რომლითაც მარჯვენა შეუქო სააკაშვილს საშვილიშვილო საქმისთვის.
არანაკლები თავშეუკავებლობით იყო აღსავსე იმჟამინდელი საგარეო უწყების ხელმძღვანელის ზურაბიშვილის 6 მაისამდე ნათქვამიც: „აბაშიძე გიჟია, ვერ ვხვდება, რომ უნდა წავიდესო“. დემოკრატიის ნაკრძალ საფრანგეთში გაზრდილ ქალბატონისგან მსგავსი ნათქვამი, არჩეული მეთაურისადმი გაკვირვებას იწვევდა. აჭარის არჩევნებამდე სულ რაღაც 5 თვე იყო დარჩენილი, სწორედ იმ არჩევნებს უნდა გადაეწყვიტა აბაშიძის ბედი და არა თბილისის ძალისმიერ მოქმედებას.
აჭარის „დაბრუნებამ“ ნეგატიურად იმოქმედა აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთზე. ეს ფაქტი მათთვის შემაშფოთებელი გამოდგა. ბათუმური ეიფორიით აღვსილი სააკაშვილი სამხრეთ-ოსეთსაც მიადგა, თუმცა წარუმატებლად, თბილისისთვის შეურაცხმყოფლად. აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის თბილისთან ურთიერთობის ჩამოყალიბების საბოლოო იმედიც გადაიწურა. არადა ისინი მზად იყვნენ ახალ ხელისუფლებასთან პრაგმატული კავშირებისთვის.
ფედერალური მოწყობის საკითხები აქტუალური იყო და არის მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, მაგრამ თუ იქ ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება, საქართველოში მსგავსს არ ჰქონია ადგილი. დამოუკიდებლობის პერიოდში რეგიონალიზმის, ფედერალიზმის საკითხებზე ყურადღება არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის ხელისუფლებას არ გაუმახვილებია. არ შექმნილა ამ თემაზე მომუშავე სამთავრობო სამსახური. შევარდნაძის მიერ გამოგონილი სამინისტრო, ამჟამინდელი რეინტეგრაციის, მხოლოდ თვალებში ნაცრის შეყრა იყო და მეტი არაფერი.
ფედერალიზმისთვის არც საზოგადოება აღმოჩნდა მზად. ის, ისე, როგორც ხელისუფლება, ერთი მიმართულებით იყო და არის მომართული – ცენტრის განუსაზღვრელი ძალაუფლება. მაღალი რანგის პოლიტიკოსი, მოხელე თუ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფოებრივ მოწყობას მხოლოდ ცენტრალიზმის პრინციპებიდან გამომდინარე განიხილავს. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რიგი საკითხების უფრო დაბალ დონეზე განხილვა-გადაწყვეტა. ხელისუფლებისა და თბილისელთა დიდი ნაწილი სახელმწიფო მართვის ცენტრალიზაციასთან მიმართებაში ერთსულოვანნი არიან.
ავტონომიური მართვის საკითხი უცხო არ არის საქართველოს ისტორიისთვის. ამ თემას საღი თვალით უყურებდა ილია ჭავჭავაძეც: „ამგვარი მმართველობა მეტად ხელს უმართავს ქვეყნის კეთილდღეობას. ხალხს აფხიზლებს, ხალხს ჭკუას და გონებას უხსნის, რადგანაც საზოგადო მმართველობისთვის ხალხს აღვიძებს და საზოგადო საქმისათვის წვრთნის და ავარჯიშებს“.
ფედერალური მოწყობის საკითხები რომ ცხოველ ინტერესს იწვევდა საქართველოს ავტონომიებში, გასაკვირი არ არის, რამეთუ სწორედ მათ იწვნიეს ცენტრის ძალისმიერი მართველობის მწარე გაკვეთილები.
ფედერალური მოწყობის სახელმწიფო სისტემის შექმნის წინადადებას აყენებდა 1992 წლის მარტიდან დაწყებული, აფხაზთა ლიდერი არძინბა, შევარდნაძის სახელზე გამოგზავნილ წერილში. ვერაფერს გახდა. საპასუხოდ ტანკები და ომი მიიღო – დღეს რომ ზოგიერთი, თავის გასამართლებლად, რუსეთთან ომს უწოდებს. „ჩვენ, რუსეთი გვეომებოდა და არა აფზახეთიო“, – უტუხად აცხადებენ ისინი, თითქოს კბილებამდე შეიარაღებულ რუსეთთან, სუსტი საქართველოს ომი, დასაშვები იყო.
ცენტრსა და ავტონომიას შორის მთელი რიგი საკითხების დახვეწას მოითხოვდა საქართველოს იურისდიქციაში მყოფი, ერთადერთი ავტონომიის მეთაური აბაშიძე. სწორედ ამისთვის აითვალწუნა ის ცენტრმა, თანაც იმ დონეზე, რომ სეპარატისტიც უწოდა. რა უკუღმართი აზრი უნდა დატრიალებოდა თავში ზოგიერთ ვაი პოლიტიკოსს, რომ მემედ აბაშიძის შთამომავლისთვის სეპარატისტობა ეკადრებინა?!
არძინბას მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რასაც ჯერ ფაქტიური, ხოლო შემდეგ (2008) იურიდიული დამოუკიდებლობა მოჰყვა.
არც აბაშიძის მცდელობამ იხარა. 2004 წლის მაისს ის მოსკოვს წაიყვანეს. „გამარჯვებულმა“ თბილისმა აჭარის „დაბრუნება“ იზეიმა, რასაც აჭარის ავტონომიაში სააკაშვილის პირდაპირი მმართველობის დამყარება მოჰყვა.
სააკაშვილის წყალობით აჭარის ავტონომიას, ავტონომიურობის არაფერი ეტყობა. იქაურ საკითხებს, აქაურები წყვეტენ და არა მარტო აქაურები, მეზობელი თურქებიც. რომ იტყვიან – მთელი სიგრძე-სიგანით მოქმედებს ყარსის ხელშეკრულება. თურქული გავლენა საგრძნობი და მზარდია.
განვდევნეთ აბაშიძე, „დავიბრუნეთ“ აჭარა და თურქეთს ჩავაბარეთ. ომი ავტეხეთ და აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთი რუსეთს ჩავაბარეთ. რას ვაპირებთ ხვალ? თუმცა სახვალიო საქმეებს, სააკაშვილის მეცადინეობით, უკვე აქვს ჩაყრილი საფუძველი. მისი არსებობის შესახებ ჯერ არავინ იცის, ვინაიდან საიდუმლოების სუდარა ფარავს. ვინ იცის, ჩამოხსნის შემდეგ რა ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით?!
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.