ბრიუსელის პოლიტიკური ჭადრაკი გრძელდება
ახლოვდება ვილნუსის სამიტი და კიდევ უფრო ინტენსიური ხდება საქართველოს პოლიტიკოსების თავდავიწყებული, დაბეჯითებული ლაპარაკი – ვილნუსის დოკუმენტის პარაფირების და არა მარტო პარაფირების, ევროკავშირში გაწევრების თაობაზე. შესაშური ოპტიმიზმი ახასიათებს ქართულ პოლიტიკას, რაც თავისთავად იძლევა მოსახლეობის გაბრუების შანსს.
პოლიტიკოსობა 20 წელიწადი ასმენინებს ხალხს ნატოში და ევროკავშირში შესვლის ზღაპარს და ისიც ცხვარივით ისმენს, თავჩაქინდრული, თავის საქმით გართული. ისმენს და აგრძელებს ცოხნას – შევალთ ხომ კარგი, არ შევალთ და მერე რაო.
საზოგადოებას არ ადარდებს ნატო-ევროკავშირი, მას თავისი პრობლემები აქვს. ვისაც ადარდებს – ხელისუფლებაა, გუშინდელი, დღევანდელი, ხალხის ზრუნვაში „გადაქანცული“! ხელისუფლება, ხალხის სახელით აცხადებს – საქართველომ რახანია გადაწყვიტა ნატო-ევროკავშირში შესვლაო.
გადაწყვიტა ერთია, მაგრამ შესვლა, მეორე. პარაფირება, შესვლას არ ნიშნავს, არც ასოცირებული წევრობა, რომელსაც, კარგად მოქცევის შემთხვევაში, ერთი წლის შემდეგ გვიბოძებენ. ასოცირებული წევრობა, ისეთი რამ არის, როგორც ნატოსთვის „მაპი“ ან „მაპზე“ უკეთესი, მაგრამ წევრობა – არა. იქნებ გვეკითხა მეზობელი თურქეთისთვის, რა არის ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
მრავალი წელიწადია თურქეთს წევრობას ჰპირდებიან, მაგრამ. . . ხან რას იგონებს ბრიუსელი და ხან რას. თურქეთი, ბოლოსდაბოლოს დაარწმუნეს, რომ მთელი რიგი პუნქტების მოგვარებაა საჭირო. ჰოდა, ყოველწლიურად მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ თურქეთისთვის მიცემული საშინაო დავალების შემოწმება.
ამჯერად, ანკარა ორი პუნქტის შესრულების თაობაზე აბარებს ბრიუსელს ანგარიშს. შესასრულებელი პუნქტების რაოდენობა არ მცირდება, პირიქით, რაც აღშფოთებას იწვევს თურქეთის ხელისუფლებაში, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრ ერდოღანში. ამას, ხომ არ უნდა მიეწეროს თურქეთის განცხადება საბაჟო კავშირში შესვლასთან დაკავშირებით?
მაგრამ მარტო თურქეთი რომ არ გამოთქვამს ასეთ სურვილს? საბაჟო კავშირში შესვლის წინადადებით ირანმა, ცენტრალური აზიის (ყაზახეთის გარდა, ის უკვე წევრია ამ ორგანიზაციის) ქვეყნებმა, ინდოეთმა, ვიეტნამმა, სხვებმაც მიმართეს მოსკოვს. საბაჟო კავშირი, ხოლო 2015 წლიდან ევრაზიული კავშირი, პერსპექტივის მატარებელ ორგანიზაციად იქმნება. და თუ ეს ორგანიზაცია ეფექტიანად ამოქმედდება, უაღრესად დიდ რეგიონს მოიცავს. შანხაის ორგანიზაციასთან ერთად მას შეეძლება კონკურენციის გაწევა ევროკავშირისთვის.
არის თუ არა საბაჟო კავშირის, შემდგომში ევრაზიული კავშირის საკითხის შესწავლა საჭირო? ნებისმიერი კავშირის ღრმა და არა ზერელე შესწავლა არათუ საჭირო, აუცილებელიცაა, მაგრამ ევრაზიული კავშირი რუსეთს და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს უკავშირდება, ამდენად საკითხის განხილვის პერსპექტივა ნულის ტოლია.
ხელისუფალთა მტკიცებით, საქართველო დასავლური ორიენტაციის მატარებელია და მას ვერაფერი შეცვლის. ერთხელ, ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა – ნატო და ევროკავშირი ჩვენი ოცნებააო და თუ ეს ორგანიზაციები აღარ იქნებიან, რაც პერსპექტივაში შესაძლებელია, სხვაგან შევალთო. ნუთუ ასე იოლია ერთი ბანაკიდან, მეორეში გადახტომა?! ბიზნესმენს ეპატიება. ის სხვაგვარად უდგება საჭირბოროტო პოლიტიკურ თემებს, მაგრამ პოლიტიკოსს – არა!
ვილნუსის სამიტზე განხორციელდება საქართველოს ევროკავშირზე „დანიშვნა“, ისე, როგორც ეს ქორწინების წინ, ნიშნობაზე ხდება, თუმცა „დანიშვნა“ უფრო ერთი წლის შემდგომ პროცედურას ანუ ასოცირებულ წევრობას მიესადაგება. „დანიშნული“ საქართველო კი მრავალი წლის განმავლობაში შეიძლება იყოს ამ პოზიციაში, ისე, როგორც თურქეთი. მავანი შემედავება, რით არიან საქართველოზე მეტი ბულგარეთი, რუმინეთი, ბალკანეთის ქვეყნები, ისინი ხომ რახანია ევროკავშირის წევრები არიანო.
აღნიშნული ქვეყნები, ჯერ ერთი – ევროპის კონტინენტზე არიან, მეორეც – მათი ცხოვრების დონის მიღწევამდე საქართველოს მრავალი წელიწადი დასჭირდება. სხვა არის ბულგარელებისა და რუმინელების მენტალიტეტიც. მათ იციან, რა არის შრომა, იციან რომ სამსახურის გაცდენა მძიმედ დაუჯდებათ. იციან, რომ დაკისრებული მოვალეობა კეთილსინდისიერად უნდა შეასრულონ და არ უნდა „წაასამშაბათონ“, რასაც სისტემატურად აქვს აქ ადგილი.
საბჭოთა სისტემის დროს არაერთხელ მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი ამ ქვეყნებს, მათ ცხოვრებას, ზღვისპირა კურორტებს, სადაც თავს იყრიდა მთელი ევროპის ტურისტები. ბევრის მნახველმა ერთმა უნგრელმა ტურისტმა, რუმინეთის ტურისტული კომპლექსების „სატურნის“, „ვენერას“, „მარსის“, „ეიფორიის“ და სხვათა მონახულების შემდეგ გულახდილად მითხრა – არაფრით ჩამოუვარდება ესპანეთის, საფრანგეთის, აშშ-ს ზღვისპირა კურორტებსო.
სოფიაში, ღამით გასეირნების დროს, ჩემი ყურადღება მიიპყრო მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეცხი ფხვნილითა და წყლით ხეხვამ, არადა დაუსუფთავებელ ქუჩასაც წუნს ვერ დავდებდი. პატარა ნიუანსია, მაგრამ მიმანიშნებელი დავალებული სამუშაოს პირნათლად შესრულებაზე.
კიდევ ერთი მაგალითი. საბჭოთა კავშირის ჟამს აშენდა გუდაურის სასტუმრო „მარკო პოლო“. ჩემი მეგობარი ინჟინრების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მშენებლობის ხელმძღვანელმა ავსტრიელმა ქვიშის გაცრა მოსთხოვა მათ. ქვიშა სუფთა უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბეტონი მტკიცე არ იქნებაო, – ამბობდა ავსტრიელი.
სასტუმროს გახსნის ცერემონიალის წინაღამით, სასტუმროს ქართველი დირექტორის ყურადღება მიიპყრო რესტორნის დარბაზში შუქმა, როდესაც შეიხედა, დაინახა სასტუმროს გერმანელი ადმინისტრატორი ქალი, რომელიც იატაკს აპრიალებდა. გაოცებულ დირექტორს ქალბატონმა მიუგო – ხვალ გახსნაა, სტუმრები რესტორანში შემოვლენ, რაღაც არ მომეწონა იატაკის სიპრიალე და გადავწყვიტე ჩემებურად გამეპრიალებინაო. არადა სასტუმროს ადმინისტრატორს არაფერი ესაქმებოდა რესტორნის იატაკთან, გარდა ერთისა – საერთო საქმე.
როდესაც იტალიის ერთ-ერთი ქალაქის მერი, სამუშაოდან თავისუფალ დროს, ქუჩას ასუფთავებს, საქმის სიყვარულია და არა „პიარი“, რასაც ხშირად მიმართავენ თბილისის მერიის ბობოლები.
იქ, იმ დალოცვილ ევროკავშირში სხვა მენტალიტეტია, სხვანაირი მიდგომა საერთო საქმისადმი და არა ისეთი ფეოდალური, როგორც ჩვენში. ვინმე წარმოიდგენს კოლეგა თანამშრომლის წინა ღამით ნაქეიფარი სახის ყურებას?! მითუმეტეს კუჭიდან ამოსული ალკოჰოლის „სურნელს“ აიტანს ვინმე? არასდროს შეხვედრივარ ნაბახუსევის მიერ ჰაერგაჟღენთილ ავტობუსს – იქ, აქ თითქმის ყოველდღე.
თითქოს უმნიშვნელო რამაა, მაგრამ მნიშვნელოვანი. ნახავთ სადმე ევროპაში მეპურე, რომ ცომს ზელდეს პირში სიგარეტგაჩრილი ან ხელით გაძლევდეთ პურს? აქ ტრადიციადაა ქცეული თონიდან ამოღებული პურის ძველი გაზეთის ნაგლეჯში შეხვევა, რა მოხდაო? ვამბობთ ჩვენ. არც არაფერი, მაგრამ ასეთნი მიუღებელი ვიქნებით ევროპისთვის.
გინახავთ ვინმეს იმ დალოცვილ ევროპის სუპერმარკეტში დახლზე დადებულ ძეხვს ფასი არ ეწეროს? მე, პირადად არ მინახავს. აქ კი, ასეთს ხშირად წააწყდებით, უფრო მეტსაც, როდესაც „სუპერმარკეტის“ თანამშრომლებმა არ იციან საქონლის ფასი – „არ ვიცით და სხვა იყიდეთო“, – უმალ გეტყვიან.
წვრილმანია, მაგრამ მნიშვნელოვანი, დამახასიათებელი ზერელე საზოგადოებისთვის. ზერელეობა და ევროკავშირი შორსაა ერთმანეთისგან. წვრილმანი საქმეებიდან იქმნება მსხვილმანი, საქვეყნო საქმეები.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ევროკავშირში შესულები, დღესაც დიდი თავსატკივარია ძველი ევროპისთვის, ისე, როგორც აღმოსავლეთი გერმანია, სოციალისტური ბანაკის ეტალონი, დასავლეთ გერმანიისთვის.
შრომის სწავლა უმაღლესიდან არ იწყება, სკოლიდან იწყება. სამწუხაროდ, იმ ახალგაზრდებს, ვინც ევროკავშირს გვპირდება, უცხოეთის სასწავლებლებში გავლილი ხანმოკლე კურსები, განათლება ჰგონიათ. მსგავსი „განათლების“ მქონე ახალგაზრდობამ ჩაანაცვლა (ცხადია ძალისმიერად) პროფესიონალი კადრები. შეხვალთ მათ კაბინეტებში და უმალ იხილავთ კედელზე ჩამოკიდებულ, ჩარჩოში ჩასმულ უცხოური დიპლომებისა და სერტიფიკატების ასლებს – „ჩემი თუ არ გჯერათ, ამას დაუჯერეთო“, – უსიტყვოდ გეუბნებათ თავდაჯერებული ყმაწვილი.
მაინც, რატომ უნდა ხელისუფლებას ნატო-ევროკავშირში შესვლა? მარტივი მიზეზის გამო – ყველაფერს მათ დააბრალებს. მე რა ვქნა, ბრიუსელს ასე უნდაო – გვეტყვის უტუხად. ბრიუსელიდან დიდ დისტანციაზე მყოფი გვეუბნება და იქ შესული არა? ხელისუფლებას ჰგონია, რომ ევროკავშირში შესვლით მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელს დაეკისრება, თვითონ კი განცხრომაში იქნება. იცის თუ არა ეს, ევროკავშირმა?
ცხადია, იცის, ამიტომაც აქვს დაწესებული გამოსაცდელი ვადა, რომელიც უსასრულობამდე შეიძლება გაგრძელდეს – კანონმდებლობის ჰარმონიზაციით, სასამართლო სისტემის დახვეწით, ადამიანის უფლებათა დაცვის (მათ შორის მამათმავალთა) მოთხოვნით, ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალ ქართველთა სამშობლოში იძულებით დაბრუნებით, თურქი-მესხების ჩამოსახლების პროცესის ინტენსიფიკაციით, მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბების მოწოდებით და სხვა.
თურქეთს არ შეუშვებენ ევროკავშირში, ვიდრე ჯარს არ გამოიყვანს კვიპროსიდან. არც ჩვენ შეგვიშვებენ ნატო-ევროკავშირში, ვიდრე არ მოვაწესრიგებთ ყოფილ ავტონომიებთან ურთიერთობებს.
აღნიშნული ორგანიცაზიების წესდებაში არსად წერია, რომ ისინი ტერიტორიული მთლიანობის აღმდგენნი არიან. პირიქით, ისინი, როგორც კეთროვნებს ისე უყურებენ მსგავსი პრობლემების მქონე ქვეყნებს. ალბათ დადგება დრო, შესაძლოა ძალიან მალე, როდესაც ბრიუსელი გვეტყვის მიგიღებთ, მხოლოდ აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთის გარეშეო. მინიშნებები კეთდება უკვე, რაც საყურადღებო უნდა იყოს. რას მოიმოქმედებს ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება? მაინც დაკარგული იყოო, – იტყვის. თუ მსგავსი რამ 2008 წლის ომის შემდეგ გაჟღერდა, როდესაც ქვეყნის ტერიტორის 20% დაიკარგა, დღეს რა შეუშლის ხელს?
მაშ, რატომ გვეპატიჟებიან ნატო-ევროკავშირი თავიანთ რიგებში? რბილად რომ ვთქვათ, გვატყუებენ, ტყუილით გვბერავენ. მიზანი? რომ არ გავიხედოთ ჩრდილოეთით, რომ არ შევიდეთ საბაჟო კავშირში, ევრაზიულ კავშირში. უღირს დასავლეთს ესოდენ უღირსი თამაში? ცხადია, უღირს. ის არა მარტო საქართველოს ეთამაშება, არამედ უკრაინას, მოლდოვას, ამიერკავკასიას, ბელორუსს.
ევროკავშირი მარტო ეკონომიკური კავშირი არ არის – პოლიტიკური კავშირიცაა, უფრო სწორად პოლიტიკურ-ეკონომიური. მისი მიზანი, ისე, როგორც პარტნიორი აშშ-ს, რუსეთის მოთოკვაა, მისი პოზიციების შესუსტება. რუსეთი უნდა გადაიქცეს მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ, მხოლოდ წიაღისეულის ბეღლად. მას არ უნდა ჰქონდეს გავლენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე. ისინი უნდა მოწყდნენ რუსეთის ორბიტას.
აღმოსავლეთის პარტნიორობა ევროპა-აშშ გეგმის შემადგენელი ნაწილია. ამიტომაც მიმდინარეობს ბრიუსელის ბრძოლა უკრაინისთვის. უკრაინის რუსეთიდან ჩამოშორებით, დასავლეთი დაასუსტებს რუსეთს. დაასუსტებს უკრაინასაც, მაგრამ ეს უკვე უკრაინის ხელისუფლების თავსატეხი იქნება.
რუსეთიდან ჩამოშორებული უკრაინის ეკონომიკა რომ გაუარესდება – ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ სოციალური პრობლემებით შეწუხებული მოსახლეობა ქუჩაში გამოვა და დაამხობს იანუკოვიჩის ხელისუფლებას. იანუკოვიჩს დასავლეთში სამარეში არავინ ჩაჰყვება. გაუხარდებათ კიდეც. და ვინ იცის, იქნებ დასავლეთის სასურველი იულია ტიმოშენკოს მზეც ამბორწყინდეს!
აშში-ი არ ივიწყებს თავის „გმირებს“, ფერადი ანტირუსული რევოლუციების შემოქმედთ. არც ნაცებს და მათ ბელადს დაივიწყებს. ყველაფერს იღონებეს მათი გადარჩენისთვის.
დასავლეთის პოლიტიკური ჭადრაკი გრძელდება. ჯერ-ჯერობით ის იგებს. აიძულებს რუსეთს ხელი აიღოს მის დასავლეთში არსებულ სივრცეზე. რუსეთი გრძნობს შეტევას და თავის მხრივ ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას, თან აღმოსავლეთისკენ იყურება, უკეთესი „მოსავლისთვის“.
აზია-წყნარი ოკეანის სივრცე, რახანია გამოცხადდა აშშ-ს მოჭარბებული ყურადღების ზონად. რუსეთმა აქაც დააგვიანა, თუმცა ბოლოდროინდელი პოლიტიკური ნაბიჯებით ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას. ამ მხრივ აღმოსავლეთის რკინიგზის რეკონსტრუქცია, რუსეთ-ჩრდილო და სამხრეთ კორეის რკინიგზის გაჭრა უდიდესი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენა იქნება. პრეზიდენტ პუტინის ვიზიტმა ვიეტნამსა და სამხრეთ კორეაში წინ წამოსწია ისეთი საკითხი, როგორიცაა ციმბირის, რუსეთის შორეული აღმოსავლეთის განვითარება, აღნიშნულ ქვეყნებთან, პლიუს იაპონიასა და ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობა.
რუსეთის წიაღისეული რესურსები მომხიბლველია ინვესტორისთვის, მთავარია მოსკოვის თანხმობა. თავისუფალი ეკონომიკური ზონა – აი, ის გზა, რომელმაც ჩინეთი ფეხზე დააყენა. ჩინური გამოცდილების გაზიარება, უდავოდ, ხელს შეუწყობს რუსეთის შორეული აღმოსავლეთის აღორძინებას. თავისუფალი ვაჭრობის შემოღებით რუსეთი აპირებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
სინანულით ვიხსენებ ჩინელი სპეციალისტების მიერ შემუშავებულ თავისუფალი ეკონომიკური ზონის კანონპროექტს, რომელიც ასლან აბაშიძის პირადი ინიციატივის ნაყოფი იყო და რახან მას სურდა ეს, ცხადია საქართველოს საკეთილდღეოდ, „მოქალაქეთა კავშირის“ საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო კანონპროექტი. კანონის მიღების შემთხვევაში, ვინ იცის, როგორი ეკონომიკური ვითარება იქნებოდა საქართველოში?
კრემლის გეგმების განხორციელების შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადში სხვა რუსეთთან, სხვა ევრაზიულ კავშირთან გვექნება საქმე. ღირს ყოველივე ამაზე ხელის აღება, აბსტრაქტული ასოცირების სანაცვლოდ? საქართველოს იმ კავშირში უნდა ჰქონდეს საქმე, სადაც ჩვენს ნიჭს და გამოცდილებას ჯეროვნად დააფასებენ, სადაც ჯერაც მიგვესვლება სხვებთან თანაბრად და არა მესამეხარისხოვნად, რასაც ევროკავშირის ასოცირებული წევრობა გვპირდება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.