ახლო აღმოსავლეთი კვლავ ბობოქრობს
ახლო აღმოსავლეთი და სირია, ისე, როგორც ყოველთვის, ყურადღების ცენტრშია. არაბულ ქვეყნებში დაწყებულმა რევოლუციამ, რომ იტყვიან, სირიაში წაიფორხილა. მაგარი გამოდგა სირიის ხელისუფლება. ორი წელია დაბეჯითებით იგერიებს ათასი ჯურის ტერორისტებს. ვინ არ ომობს აქ – „ალ-კაიდა“-დან დაწყებული, სალაფიტებით დამთავრებული. მათ, დასავლეთი მეამბოხეებად ნათლავს – სირიის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლ გმირებად. დასავლეთი არაფერს იშურებს მათთვის, არც მორალურ მხარდაჭერას, არც ფინანსურ დახმარებას და არც იარაღითა და ტყვია-წამლით მომარაგებას.
მკაცრი და კატეგორიულია დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ-ი სირიის ხელისუფლების მიმართ. ერთ წელიწადზე მეტია აშშ-ის პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ ბაშარ ასადი უნდა წავიდეს, ვინაიდან ხალხს ანუ სირიელებს არ სურთ ის, გარდა ამისა, ოფიციალური დამასკო გენოციდს უწყობს საკუთარ მოსახლეობას.
ორწლიანმა სამოქალაქო ომმა ყველას აჩვენა, რომ საქმე ისე არ არის, როგორც ამერიკა ხატავს. სირიელთა უმრავლესობას, რომ ასადის ხელისუფლება არ უნდოდეს, დიდი ხნის წინათ მოიშორებდა, ისე, როგორც სხვა არაბულ ქვეყნებში.
საქმე სხვაშია და უპირველესად იმაში, რომ დასავლეთს, მათ შორის აშშ-ს არ სურს ბაშარ ასადის ხელისუფლება. თუ რატომ არა – ცნობილია. რეგიონში დასავლეთის ჰეგემონიზმს ეღობება ბაშარ ასადის სირია და მასთან მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი ირანი, იორდანიაში არსებული ორგანიზაცია „ჰესბოლა“, პალესტინის „ჰამასი“.
რეგიონში დასავლეთის უკიდგანო ბატონობას ვერ შეეგუება რუსეთი, რომელსაც მრავალწლიანი მეგობრული კავშირები აქვს სირიასთან. რუსეთს ამ საქმეში გულშემატკივარიც ჰყავს ჩინეთის სახით. თუმცა, გარდა მარტივი გულშემატკივრობისა, ჩინეთს საკუთარი მიზნები აქვს ახლო აღმოსავლეთში.
სირიისადმი დამოკიდებულება დასავლეთსა და ისრაელს შორის იდენტურია. ისრაელი, თავის გადარჩენის მოტივით, დროდადრო თავს ესხმის სირიის სამხედრო ობიექტებს. მსგავსს ჰქონდა ადგილი ამასწინათ, როდესაც ისრაელმა სარაკეტო იერიში მიიტანა დამასკოსთან ახლოს მდებარე ობიექტზე. მძლავრი აფეთქების ხმა დედაქალაქს აზანზარებდა. „ისრაელს უფლება აქვს თავი დაიცვასო“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ.
თავდასხმა განპირობებული იყო სირიის მიერ „ჰესბოლასთვის“ იარაღის გადაცემის შეჩერებით, თითქოს ეს იარაღი იმ სამხედრო ობიექტზე იყო, რომელიც ისრაელმა დაბომბა. თავდასხმიდან ორი დღით ადრე „ჰესბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ არც „ჰესბოლა“ და არც ირანი არ დაუშვებენ სირიაში ამერიკა-ისრაელის პარპაშს, რომ ირანიც და „ჰესბოლაც“ იბრძოლებენ მეგობარი სირიის ხელისუფლების გადასარჩენად.
ისრაელის თავდასხმამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია მოსკოვში, რასაც მოჰყვა პრეზიდენტ პუტინის სატელეფონო საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან. საუბრიდან, რამდენიმე დღეში, მოსკოვში იმყოფებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა სირია იყო.
მხარეები შეთანხმდნენ სირიასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას. კონფერენცია მალე გაიმართება. მაგრამ რას მოიტანს, არავინ იცის, ვინაიდან დასავლეთი მზად არ არის განიხილოს სირიის საკითხი დღევანდელ ხელისუფლებასთან ერთად, გარდა ამისა აშშ-ი ყველაფერს აკეთებს სირიის ხელისუფლების დასადანაშაულებლად. რახანია ვაშინგტონი აცხადებს, რომ თუ სირიის ხელისუფლება გამოიყენებს ქიმიურ იარაღს, მაშინ აშშ-ი სხვაგვარად იმოქმედებს. მუქარა როგორც ჩანს სამხედრო ჩარევას ნიშნავს.
სირიაში შეჭრის საბაბი ვერა და ვერ გამოიძებნა. რა გზა არ სცადა დასავლეთმა, მაგრამ შეჭრის საფუძველს ვერ მიაგნო. ქიმიური იარაღის გამოყენება – სერიოზული ბრალდებაა, თანაც სირიაში შეჭრის საბაბადაც გამოდგება. ამიტომაც ატეხა ხმაური ვაშინგტონმა – „ჩვენ ვიცით, სირიამ გამოიყენა ქიმიური იარაღი“, – ამბობენ ამერიკელი მაღალჩინოსნები. არადა სრულიად საწინააღმდეგოს ამბობს გაეროს სპეციალური კომისიის წარმომადგენელი ქალბატონი კარლა დელ პონტე: – „სირიის მეამბოხეებმა გამოიყენეს ქიმიური იარაღი და ხელისუფლებას დააბრალესო“.
ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების „უტყუარ“ ფაქტზე ლაპარაკობს ბაშარ ასადის მტერი თურქეთიც. მის განცხადებას უმალ მოჰყვა სასაზღვრო თურქულ ქალაქ რეიჰანის აფეთქება, რომელმაც 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თურქეთის პრემიერმა ტერორისტულ აქტში უმალ დასდო ბრალი ბაშარ ასადს.
ისრაელისა და თურქეთის მოქმედება მოწმობს სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი ტალღის აგორებას და არა მარტო სირიის. როგორც ჩანს დასავლეთი სერიოზულად ემზადება სირიის შემდეგ ირანის დასასჯელად, რაც გამოჩნდა კიდევაც აშშ-ს თავდაცვის მდივნის ჰეიგელის ისრაელში ვიზიტის დროს.
კოლეგა მინისტრთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ აშშ-ი თანხმაა ისრაელმა, აშშ-ს გაუფრთხილებლად, მიიტანოს იერიში ირანის ბირთვულ ობიექტებზე. მანამდე, ისრაელს, ვაშინგტონის გაფრთხილების გარეშე, იერიშის სხვაზე მიტანა ეკრძალებოდა. ფაქტიც სახეზეა – მოლაპარაკების შემდეგ ისრაელმა აშშ-ს გაუფრთხილებლად დაბომბა სირიის სამხედრო ობიექტი.
ჰეიგელმა განაცხადა, რომ აშშ-ი მიჰყიდის ისრაელს 3 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს, მათ შორის თვითმფრინავ-ტანკერს, რომელსაც შეუძლია ჰაერში შეავსოს გამანადგურებელი თვითმფრინავების ავზები. ირანზე ისრაელის საჰაერო იერიშის მიტანას ისიც აფერხებდა, რომ ისრაელის გამანადგურებლებს საწვავი არ ჰყოფნიდათ სადამსჯელო ფრენისთვის.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მოშე იალონმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ირანი ემუქრება არა მარტო ისრაელის, არამედ ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, რომ ირანი აიარაღებს „ჰამასსა“ და „ჰესბოლას“, ეხმარება სირიის რეჟიმს, არის დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორი ერაყში, ავღანეთში, სუდანში, იემენში.
აშშ-ი არა მარტო ისრაელს მიაწვდის იარაღს, არამედ ირანის მოწინააღმდეგე საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს – სულ 10 მილიარდი დოლარის საფასურის.
ისრაელისთვის მიწოდებული იარაღის ასორტიმენტი თავისთავად მეტყველებს ერთზე, რომ ირანთან სამხედრო კონფლიქტი შორს არ არის – ასე ამბობენ საერთაშორისო ექსპერტები. რუსი ექსპერტი სატანოვსკი აცხადებს, რომ ისრაელში ვიზიტის დროს ბარაკ ობამამ სთხოვა ნეთანიაჰუს სამი თვის განმავლობაში არ დაბომბოს ირანის ბირთვული ობიექტები. ეს ვადა ივნისის ბოლოს გადის. როგორც ჩანს, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდებიან.
ისრაელის მიერ ირანის დაბომბვას მიესალმებიან საუდის არაბეთი და ყატარი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ისრაელის მტრებად ითვლებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ სულაც არ სურთ ბირთვულბომბიანი ირანი.
საყურადღებოა აშშ-ს სენატის მიერ მიღებული რეზოლუციაც, რომლის მიხედვით, ისრაელ-ირანის ომის შემთხვევაში აშშ-ა ისრაელის მხარეზე უნდა იომოს.
რეგიონში აშშ-ის მტკიცე დასაყრდენად კვლავაც ისრაელი და თურქეთია. ობამას ადმინისტრაციის ამოცანა არის იმაში, რომ თურქეთსა და ისრაელს შორის დაძაბულობა განელდეს. ობამამ ნაწილობრივ მიაღწია ამას. მისი ვიზიტის დროს გაიმართა ნეთანიაჰუ-ერდოღანის სატელეფონო საუბარი. ისრაელმა აღიარა შეცდომა.
რაც შეეხება ირანს, ის მზად არის მიიღოს გამოწვევა, მიუხედავად საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებისა. პრეზიდენტობის სურვილი 400 კაცმა გამოთქვა. შერჩევის შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე დარჩება. მათ შორის ისეთი ცნობილი სახეცაა, როგორიც ყოფილი პრეზიდენტი რაფსანჯანია. არის აგრეთვე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ველაიათი, ამჟამინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მაშაი და სხვები. მაშაის დღევანდელი პრეზიდენტი აჰმადინეჟადი უჭერს მხარს, რომელიც აცხადებს, რომ მაშაი იგივე აჰმადინეჟადია.
ივნისის ბოლოს ირანს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ვის აირჩევს ირანის ამომრჩეველი, ვის მიანიჭებს უპირატესობას – ახლო აღმოსავლეთისთვის, საერთოდ მსოფლიოსთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.