ახლო აღმოსავლეთი ირანის საპრეზიდენტო არჩევნების ჭრილში

შიდა პრობლემებით გართულ საზოგადოებას, რომ ყურადღება არ ჰქონდეს მიპყრობილი მეზობელი ქვეყნებისადმი, სულაც არ არის გასაკვირი, არადა იქ მიმდინარე პროცესები ხშირად ჩვენზეც აისახება. რეგიონი, სადაც საქართველო არსებობს, მსოფლიოს უცხელეს რეგიონად ითვლება, ისეთად, ბადალი რომ არ ჰყავს მთელს მსოფლიოში, და რაც არ უნდა დავიჩემოთ ევროპელეობა,  ახლო აღმოსავლეთთან, თუნდაც ტერიტორიული სიახლოვე, თავისთავად იმოქმედებს ჩვენზე. თუ ევროპასა და სხვა კონტინენტებზე მოქმედებს, გეოგრაფიულად მის მეზობლად მყოფზე არ იმოქმედებს?

ახლო აღმოსავლეთი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არასამართლიანი გადანაწილების გამო, მოქმედი ვულკანის შეგრძნებას რომ იწვევს – ფაქტია. რამდენჯერ ამოიფრქვა ეს ვულკანი მას შემდეგ, თვლა არ აქვს. ყოველმა ამოფრქვევამ ასეულ-ათასობით ადამიანის სიცოცხლე რომ შეიწირა, ესეც ფაქტია.

გაუთავებელ ომებს, რომლებსაც მცირეხნიანი შესვენება ახლავს თან, არათუ რეგიონისთვის, კაცობრიობისთვისაც განუსაზღვრელი თავისტკივილი მოაქვს, რომლის წამლის გამოძებნა ჭირს. ჭირს, უპირველესად, იმიტომ, რომ პრობლემებში ჩართული ნებისმიერი დიდი თუ პატარა სახელმწიფო, ავადმყოფს საკუთარ აბებს უნიშნავს, ისეთს, რომელიც საბოლოოდ, ექიმის სასარგებლოა, ვიდრე პაციენტის. კონფლიქტში მონაწილენი თავისებურ ჭკუას ხმარობენ – იღებენ რა ხან ერთი მხარის შემოთავაზებას, ხან მეორის.

მღვრიე წყალია ახლო აღმოსავლეთში – დიდი ქვეყნების მიერ დაგუბებული და ამ წყალში უმოწყალოდ აფათურებენ ხელს ძლიერნი ამა  ქვეყნისანი აშშ-ს, ევროკავშირის, არაბული ქვეყნების, ისრაელის, რუსეთისა და სხვათა სახით. ყველა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს – ერთმანეთის საპირისპიროდ, რაც თავისთავად ძაბავს ვითარებას.

დღევანდელი დაძაბულობის ეპიცენტრი სირიაა. ორი წელია იქ ომი მიმდინარეობს, რომელსაც შეიძლება სამოქალაქოც ეწოდოს, გარე ძალების მიერ საერთაშორისო ტერორისტ „ბოევიკთა“ მისევა დასავლეთის არასასურველ, ბაშარ ასადის ხელისუფლებაზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირებაც, რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენებული ომიც და სხვა.

სირიასთან მიმართებაში ყველას საკუთარი ინტერესი აქვს: აშშ-ს, არაბულ ქვეყნებს, თურქეთს, რუსეთს, ირანს, ჩინეთს, ევროპას. ინტერესთა თანხვედრა სახეზეა აშშ-ს, ევროკავშირის, თურქეთის, ისრაელის, არაბული სახელმწიფოებს შორის.

სხვა ინტერესთა თანხვედრაა რუსეთის, ირანის, „ჰამასის“, „ჰესბოლას“, ჩინეთს შორის – პირველი ჯგუფის ინტერესებისგან მკვეთრად განსხვავებული. ამ ორი ჯგუფის ინტერესთა შეჯერებას ექნება ადგილი მომავალ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჟენევაში გაიმართება. შეძლებენ მხარეები შეთანხმებას? ძნელი სავარაუდოა – პრობლემათა სიუხვე არ იძლევა ამის შანსს.

 სირიაში კი ომი გრძელდება, ამჯერად სახელისუფლებო ჯარების უპირატესობით, რომლის მხარეზე იბრძვის ლიბანში არსებული ორგანიზაცია „ჰესბოლას“ მეომრები. სირიის ხელისუფლებას ეხმარებიან ირანი და რუსეთი – ამ უკანასკნელმა სირიას ახლახანს C-300 ანტისარაკეტო სისტემა მიაწოდა.

რაც შეეხება დასავლეთს – ის კარგა ხანია ამარაგებს ანტისამთავრობო ძალებს იარაღით, ინფორმაციით, ფულით, თუმცა არა გახსნილად. ევროკავშირის მაღალჩინოსანთა ამასწინანდელ შეხვედრაზე კი გადაწყდა, რომ მეამბოხეთათვის, ადრე მიღებული შეთანხმება, იარაღის ემბარგოსთან დაკავშირებით, მოხსნილიყო. ემბარგოს მოხსნა ნიშნავს ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან მეამბოხეთა იარაღით მომარაგებას.

აშშ-ს სირიის ხელისუფლების დამხობა ნიშნავს ირანზე იერიშის მიტანის გზის გათავისუფლებას. ირანისკენ მიმავალ გზაზე სირიის დაცემას დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც კარგად უწყის ყველამ, უპირველესად ირანმა, რომელიც ძალას არ იშურებს მოკავშირე ასადის გადასარჩენად.

სირია-ირანის დამარცხება აშშ-ს უახლოეს ისტორის მთავარი საპროგრამო ამოცანაა. ამოხსნის ვაშინგტონი ამოცანას – საკმაო ხნის განმავლობაში განიმტკიცებს პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში, ხელ-ფეხს გაიხსნის რუსეთ-ჩინეთის წინააღმდეგ ფარულ თუ ღია დაპირისპირებაში, დიდ თავსატკივარს ააშორებს ისრაელს, საუდის არაბეთს, არაბთა საამიროებს, თურქეთს, ირანის რეგიონული ამბიციების სახით.

ირანის დაჩოქება ნიშნავს აშშ-ს ჰეგემონიზმის განმტკიცებას, მრავალპოლუსიანი მსოფლიო იდეისთვის წყლის შეყენებას, რეგიონში აშშ-ს და მისი მოკავშირეების უკიდეგანო პარპაშს. ირანის დაცემა კარგს არაფერს მოუტანს რუსეთს, რაც კარგად იცის მან. კრემლმა თავი უნდა აარიდოს ამერიკელთა ნებისმიერ შეთავაზებას ირანის სანაცვლოდ. ირანის კარტი, სხვით, ვერაფრით გადაიჭრება.

ირანთან დაკავშირებით თვალის დახუჭვა, ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ლიბიასთან მიმართებაში, ძვირი დაუჯდება რუსეთს. დღეს უკვე ნათელია, რომ მედვედევის პრეზიდენტობისას ირანისთვის რაკეტსაწინააღმდეგო C-300 სისტემის მოწოდებაზე უარის თქმა, იყო კრემლის უხეში შეცდომა, რამაც ირანიც გაანაწყენა და რაც მთავარია, არც ამერიკულ გაუმაძღრობას დაუსვა წერტილი.

ირანი, დასავლეთის ჟურნალისტთა, პოლიტიკოსთა და ექსპერტთა წყალობით, ისეთ მონსტრად არის წარმოდგენილი, თითქოს საზარელი ქვეყანა იყოს. არადა საკმარისია ირანში ერთი ვიზიტიც კი, რომ დასავლელთა მიერ დახატული ურჩხულის პორტრეტი სამარადისოდ გაქრეს.

რა გვესმის ჩვენ ირანზე? უპირველესად ის, რომ ქალები დადიან ფარანჯით. მათი სხეული მთლიანად დაფარულია, მხოლოდ თვალები უჩანთ, რომ იქ უმკაცრესი კანონებია, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას, მათ შორის სტუმრად მყოფმა უცხოელმა ქალებმა; ის, რომ ქალებისთვის ირანში მოგზაურობა სახიფათოა, ვინაიდან ისინი შეიძლება მონობაში აღმოჩნდნენ.

ვიცით იმის შესახებ, რომ ირანი ამზადებს ბირთვულ ბომბს და ეს რომ არ მოხდეს, დასავლეთი მის წინააღმდეგ აწესებს ეკონომიკურ სანქციებს. გვესმის ის, რომ ირანში ცხოვრობენ ტერორისტები, რომლებსაც ასპონსორებს ხელისუფლება და ამიტომაც ამერიკამ ირანი გამოაცხადა „ბოროტების ღერძად“ და სხვა.

ირანში ქალები არ ატარებენ ფარანჯას. კანონის მიხედვით, ისინი თავშალით იფარავენ თმებს. ტანზე ლაბადას იცმავენ. სახე დაფარული არ აქვთ. ამ წესს უნდა დაემორჩილოს ირანში ჩასული უცხოელიც. ირანში „მშრალი“ კანონია ანუ აკრძალულია ალკოჰოლური სასმელები, ლუდის ჩათვლით. უცხოელს ეკრძალება ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელის შეტანა. ირანში არ ცხოვრობენ ტერორისტები, არც ტერორისტებს ამზადებენ, არ მოჰყავთ ოპიუმი და არ ამზადებენ იარაღს კონტრაბანდისთვის. ირანი იბრძვის ტერორიზმისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ.

ირანი ის ქვეყანაა, სადაც დღე-ღამის განმავლობაში, ყოველგვარი ხიფათის გარეშე, შეიძლება ქუჩაში სეირნობა. ირანელები თბილი, კეთილად განწყობილი ხალხია. მათგან არ იგრძნობა დაძაბულობა, რასაც სამწუხაროდ შეხვდებით საქართველოს ქალაქების თავშეყრის ადგილებში. ნაწილობრივად ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ ირანელი თვით არის ნეგატიურად განწყობილი ალკოჰოლური  სასმელებისადმი.

ყურანი კრძალავს ვინმეს მოტყუებას, ქურდობას, თაღლითობას. მოსახლეობის უმრავლესობა ცდილობს დაიცვას ეს პრინციპები. ირანელები დღეში ხუთჯერ ლოცულობენ. ლოცვას, რიტუალური განწმენდა უძღვის, რაც თავისთავად მეტყველებს ირანელთა ჰიგიენაზე. რამადანის დროს უმრავლესობა მარხულობს, კითხულობს ყურანს, მეტ დროს ატარებს ახლობლებთან, დადის სტუმრად და საჩუქრებს ჩუქნის – აწარმოებს ქველმოქმედებას.

მცდარია ის, ვინც ფიქრობს, რომ ირანელი ქალი უუფლებოა. ოჯახში მას დიდი ავტორიტეტი აქვს, არანაკლები, ვიდრე მამაკაცს. ირანელი ქალი დამოუკიდებელია. ის მსახურობს და იღებს გადაწყვეტილებას. მას შეუძლია ქმართან გაყრა. ირანელი ქალები მაკიაჟსაც ხმარობენ და თვალებსაც იხატავენ, პომადასაც ისვამენ.

სილამაზისთვის ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ოპერაციას, განსაკუთრებით ცხვირის. პლასტიკური ოპერაცია პრესტიჟულად ითვლება და ამიტომაც არავინ ერიდება დაბინტული ცხვირით ქუჩაში სიარულს – პირიქით. ირანელი ქალები არც მოწევას ერიდებიან. ხშირად მინახავს საჭესთან მყოფი, თავწაკრული ქალი, სიგარეტით.

რაც შეეხება საქალაქო ტრანსპორტს – საკმაოდ განვითარებულია, თანაც იაფი. ავტობუსის ბილეთის ფასი 20 ცენტს არ აღემატება, მეტროს – 10 ცენტს. მეტროს ვაგონები კონდიცირებული და კომფორტულია. მეტროს დიდი მნიშვნელობა აქვს დედაქალაქ თეირანისთვის. თითქმის 18-მილიონიანი ქალაქის ავტომანქანებით გადატვირთულობა აშკარად თვალშისაცემია, ხშირია საცობებიც. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ქალაქი ღამითაც არ იძინებს. ავტობუსები კონდიცირებულია, გარდა ამისა ტელევიზორით შეიძლება ფილმის ყურებაც.

ერთ რამედ ღირს ირანის ბაზრებში გასეირნება. უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშლილი, დახურული ბაზრები სავსეა სხვადასხვა სახის ნაწარმით: ოქრო-ვერცხლით, სუვენირებით, სხვადასხვა სახის ნაკეთობებით, ხილით, პროდუქტებით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ერთი სიტყვით, რას არ ნახავთ იქ. თვალს იპყრობს მსოფლიოში განთქმული ნოხები – აბრეშუმისა და შალისგან დამზადებული. ფასიც შესაბამისია – მსოფლიოში პირველთან.

ირანის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მაჰმადიანი შიიტია. მათი დამოკიდებულება მაჰმადიანი სუნიტებისადმი ისეთი დაძაბული არ არის, როგორც სხვა მაჰმადიანურ ქვეყნებში. ირანში სხვა რელიგიებიცაა წარმოდგენილი, მათზე რაიმე შეზღუდვა არ არსებობს. უზარმაზარი მეჩეთები არა მარტო სალოცავია, არამედ თავშეყრის, ერთმანეთის მონახულების ადგილიც. მეჩეთების ეზოებში, მდელოზე გაშლილ ნოხზე მსხდომი ირანული ოჯახი, ჩვეულებრივი რამ არის. ზაფხულში, გვიან ღამითაც შეხვდებით ასეთ სურათს.

ირანი ის სახელმწიფოა, სადაც ქვეყნის საერო მმართველობასთან ერთად იგრძნობა შიიზმის გავლენაც. ქვეყანას, საბჭოს მიერ არჩეული სულიერი ლიდერი, აიათოლა ხამენეი უდგას სათავეში. ყოველდღიურ საქმიანობას კი აღმასრულებელი ხელისუფლება და პრეზიდენტი წარმართავს. აღმასრულებელი ხელისუფლება ანგარიშვალდებულია სულიერი ლიდერისა და პარლამენტის წინაშე, და ეს ვალდებულება ყასიდი, მოჩვენებითი ნამდვილად არ არის. პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ან მინისტრების დაბარებაც ჩვეულებრივი რამ არის.

ირანში 14 ივნისს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას ვეღარ მიიღებს ამჟამინდელი პრეზიდენტი აჰმადინეჟადი. კონსტიტუციით მას ეკრძალება ზედიზედ მესამე ვადით არჩევნებში მონაწილეობა. აჰმადინეჟადს ერთი საპრეზიდენტო ვადის გავლის შემდეგ შეეძლება არჩევნებში მონაწილეობა, ისე, როგორც სხვა ყოფილ პრეზიდენტებს.

ერთმა ასეთმა ყოფილმა პრეზიდენტმა ჰაშემი რაფსანჯანიმ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო არჩევნებში, მაგრამ მისდა სამწუხაროდ, დამკვირვებელთა საბჭომ დაიწუნა 78 წლის კანდიდატობის მსურველი. რაფსანჯანის ბედი გაიზიარა 686 კანდიდატობის მსურველმა, მათ შორის 30 ქალმაც. საბოლოო ჯამში საბჭო 8 კანდიდატზე შეჩერდა.

ირანული წყაროების მიხედვით, 8 კანდიდატიდან – 4 სულიერი ლიდერის ხამენეის მხარდაჭერით სარგებლობს, დანარჩენები რეფორმატორის სახელით არიან ცნობილნი.

რაფსანჯანის არჩევნებიდან მოხსნა არასასიამოვნო რამ იყო, რეფორმატორულად განწყობილი საზოგადოებისთვის, რომლის სურვილია ირანის საერო სახელმწიფოდ გადაქცევა. რაფსანჯანის მისამართით შემდეგი რამ ითქვა: „პირი, რომელსაც სურდა მაღალი ადმინისტრაციის თანამდებობის დაკავება, მაგრამ, რომელსაც დღეში მხოლოდ რამდენიმე საათი შეეძლო ემუშავა, არ შეიძლებოდა დაშვებულიყო არჩევნებზე“.

არანაკლები ხმაური გამოიწვია მეორე კანდიდატის ესფანდიარ რაჰიმ მაშაის მოხსნამაც. ეს პიროვნება აჰმადინეჟადის ადმინისტრაციის უფროსი იყო. ის პრეზიდენტის სიძეა, მას მხარს დღევანდელი პრეზიდენტი უჭერდა. მისდა სამწუხაროდ, საბჭოსთან ის ვერაფერს გახდა.

საბოლოო ჯამში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ: მუჰამედ რეზა არეფი – ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჰასან რუჰანი – ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ფოსტა-ტელეგრაფის ყოფილი მინისტრი – საიდ მოჰამად გარაზი. ანალიტიკოსებს ისინი რეფორმატორებად მიაჩნიათ, თან ნაკლებად წარმატებულ კანდიდატად.

არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ – ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ალი აკბარ ველაიათი, თეირანის მერი მოჰამად ბაგერ გალიბაფი, ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი საიდ ჯალილი და პარლამენტის ექს-სპიკერი ალი ჰადად ადელი. ყველა მათგანი რეჟიმის მხარდაჭერით სარგებლობს.

ირანელი ექსპერტების მიხედვით, მათ შორის გამსვლელად – თეირანის მერი მოიაზრება. ეს პიროვნება ირან-ერაყის ომის დროს (1980-88 წლები) ისლამის გუშაგთა კორპუსში მსახურობდა, შემდეგ სამხედრო-საჰაერო ძალებში, შემდეგ ხელმძღვანელობდა ირანის პოლიციას.

ქვეყნის საშინაო ან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით კანდიდატებს შორის დიდი განსხვავება არ არის. ყველა მათგანი ერთსულოვანნი არიან ბირთვული კვლევების გაგრძელების თვალსაზრისით. ირანის ახალი პრეზიდენტის უპირველესი მოვალეობა იქნება ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემების გამოსწორება, თუმცა ეს საკითხი მჭიდროდ უკავშირდებდა აშშ-ს და ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც უპირველესად ეკონომიკური სანქციების დაწესებაში გამოიხატება. სულ ახლახანს აშშ-ს ადმინისტრაციამ ერთი ახალი სანქცია დაუწესა ირანს, რომელიც კიდევ უფრო გააუარესებს რიგითი ირანელის ცხოვრებას.

აშშ-ს და მისი მოკავშირეების მიერ აღებული კურსი სირია-ირანის ხელისუფალთა მოგუდვის თაობაზე გრძელდება. რას დაუპირისპირებს ირანის ახალი პრეზიდენტი დასავლეთის გეგმებს, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ქვეყნის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ ამასწინანდელ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ახალი პრეზიდენტისა და მთავრობის უპირველესი მოვალეობა იქნება უცხოეთის სახელმწიფოებთან კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბება, თუმცა არა ისე, რომ ირანმა ავნოს თავის თავს.

ახალი პრეზიდენტის არჩევა არ გულისხმობს ქვეყნის მიერ  აღებული საგარეო კურსის კარდინალურ ცვლას. არ შეიცვლება ირანის პოლიტიკა ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით. ირანი დაბეჯითებით იბრძოლებს დაწესებული სანქციების გაუქმებისთვის, ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისთვის. თუ რამდენად შეძლებს ახალი პრეზიდენტი აღნიშნული პრობლემების მოგვარებას, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.