არის თუ არა მოსკოვის სამიტის ჩაშლა – საღი გადაწყვეტილება?
მსოფლიოს პოლიტიკური წრეები თვეზე მეტია გაფაციცებით აკვირდებიან აშშ-რუსეთს შორის შექმნილ ვითარებას. ორი სუპერ სახელმწიფოს დაპირისპირება კარგს არც ერთს და არც მსოფლიოს არ მოუტანს. ამ დაპირისპირებაში ორივეს თავისი მომხრეები ჰყავს – ძლიერიც და გავლენიანიც, რაც უკიდურესი დაპირისპირების შემთხვევაში თავის სიტყვას იტყვის. ვაშინგტონ-მოსკოვს შორის არსებულ სერიოზულ უთანხმოებას ისეთ საკითხებში, როგორებიცაა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება ევროპაში, სირიის ომი, ირანის ბირთვული პროგრამა, არასამთავრობოებსა და გეებთან დამოკიდებულება, სნოუდენის საკითხიც დაემატა.
ცსს (CIA) ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემა, ის მწვავე წვეთი გამოდგა, რომელმაც საბოლოოდ მოუწამლა ვაშინგტონს გუნება-განწყობილება და ხელი ჰკრა ერთობ უხერხული გადაწყვეტილების მიღებისკენ – ორი პრეზიდენტის მოსკოვის სამიტის გაუქმებისკენ.
არადა შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება დიდი რვიანის ბოლო სამიტზე იქნა მიღებული. აშშ-ს პრეზიდენტისთვის (ტექნიკური თვალსაზრისით), სანკტ-პეტერბურგის დიდი ოცეულის შეხვედრის შემდეგ, მოსკოვში, პუტინთან დიალოგი, მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარტო ტექნიკური თვალსაზრისი საკმარისი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიტიკური განაწყენება იჩენს თავს. სნოუდენის ამერიკისთვის არ გადაცემამ გაანაწყენა ვაშინგტონი.
არადა უნდა ითქვას, რომ სნოუდენის პრობლემა – სრულიად მოულოდნელად გაჩენილი, რუსეთისთვის ერთობ არასასიამოვნო რამ იყო, ვინაიდან ამერიკის მოთხოვნის დაუკმაყოფილება, უდავოდ, გამოიწვევდა ამერიკელთა მხრიდან მკაცრ ნაბიჯს.
შეეძლო თუ არა რუსეთს სნოუდენის აშშ-ს გადაცემა? ცხადია შეეძლო, ოღონდ მისი, როგორც სუპერ სახელმწიფოს როლი მსოფლიოში, დაკნინდებოდა. რუსეთი იქნებოდა ისეთი, როგორიც ევროპის ქვეყნები – ვაშინგტონის დაკრულზე მომღერალ-მოცეკვავე. გარდა ამისა – გადაცემა არაადამიანურ, არაჰუმანურ აქტად ჩაითვლებოდა და ის ქვეყნებიც, რომლებიც ვაშინგტონის ნებისმიერ სურვილს აკმაყოფილებენ, პუტინის ასეთ ნაბიჯს არაკაცურად ჩათვლიდნენ.
პუტინს, უდავოდ, სურდა მოსკოვის სამიტის გამართვა, მაგრამ სამიტზე მაღლა – ერთი ადამიანის სიცოცხლე დააყენა, რაც უდავოდ მისასალმებელია.
ამერიკელი ექსპერტები თვლიან, რომ სამიტზე უარის თქმა დიდი შეცდომაა, ვინაიდან, ერთი ადამიანის (სნოუდენის) გამო, ქვეყნების ურთიერთობა არ უნდა შეფერხებულიყო. თუმცა არიან ისეთებიც, მაგალითად სენატორი მაკკეინი, რომელიც არა მარტო სამიტის გაუქმებას მოითხოვდა, არამედ სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირებასაც. მაგრამ ამ მოწოდებას პრეზიდენტმა ობამამ დაუსვა წერტილი – „ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი არ ექნება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სნოუდენთან დაკავშირებით დიდად დაგვწყვიტა გული“.
ობამამ ისიც თქვა, რომ მარტო სნოუდენის თემა არ ყოფილა განხეთქილების საბაბი. სირიის, ირანის და ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების საკითხები იყო მთავარი სამიტის ჩაშლისთვის.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობა საჭიროებს პაუზას და შესწავლას იმისა, საით მიდის რუსეთი. ჩამოთვლილ ნეგატივში მან მოიხსენია რუსეთში ადამიანის, მათ შორის პედერასტთა უფლებების დარღვევა, სირიისა და ირანის საკითხები.
ის, რომ ობამასთვის პუტინი მოუხერხებელი პარტნიორია, ისედაც ნათელია, მაგრამ ობამამ სხვაგვარად აღნიშნა ეს – პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ რუსეთში ანტიამერიკულმა რიტორიკამ იმატა და ცივი ომის პერიოდს ემსგავსებაო. ერთმანეთისადმი მიუღებელი რიტორიკის თვალსაზრისით, ძნელია რომელიმეს გამოყოფა. თითოეული მათგანი „მოწოდების“ სიმაღლეზეა და არც ერთი მხარე თავს არ იზღუდავს.
გაიბუტა ობამა, და შეხვედრაც ჩაშალა, რაც მსოფლიო პოლიტიკის მოჭირნახულე პოლიტიკოსის უსუსტესი გადაწყვეტილებაა. აშშ-ს და რუსეთის ისტორიაში მსგავს მომენტს ვერ იხსენებენ და არა მარტო რუსეთის, არამედ „ავადსახსენებელი“ საბჭოთა კავშირის დროსაც, თუმცა ეკზოტიკური ხრუშჩოვის პერიოდში ჰქონდა ასეთს ადგილი. მაშინ ხრუშჩოვმა თქვა ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი – ამერიკული უ-12 თვითმფრინავის საბჭოთა ტერიტორიაზე შემოფრენის გამო.
ისტორია გამეორდა – ათეული წლების და საბჭოეთის დანგრევის შემდეგ, ოღონდ ამჯერად აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან.
დიდი სამეულის (ჩერჩილი, რუზველტი, სტალინი) შთამომავლებს უფრო სერიოზული დაფიქრება ესაჭიროებათ. წარმოვიდგინოთ ასეთი რამ – რა იქნებოდა, რომ რუზველტს, სტალინის საპასუხო წერილის შემდეგ, განაწყენებულს, ანტისტალინური ნაბიჯი გადაედგა, გაბუტულიყო და თავის ამერიკულ ნაჭუჭში ჩაკეტილიყო?
შეექმნებოდა თუ არა მსოფლიოს პრობლემები?
მავანი შემედავება – მაშინ ომი მიმდინარეობდა და სამთა კოალიციას მეტი გამოსავალი, გარდა კონტაქტისა არ ჰქონდაო. მაგრამ დღესაც ომია, სირიაში და რომ საყოვეთაო ომად არ გადაიზარდოს, ლაპარაკია საჭირო. დღეს, სხვა ძალთა თანაფარდობაა, ვიდრე მაშინ. დღეს აშშ-ი მსოფლიო ჰეგემონია, რასაც მაშინ ადგილი არ ჰქონდა. მაშინ, 1945 წლის თებერვალი იდგა – წითელი არმიის უამრავი გამარჯვებებით დასავლეთის ფრონტზე, სტალინს გაკვრითაც არ უგრძნობებია თავისი პარტნიორებისთვის საბჭოეთის პრიორიტეტულობა.
სტალინის პასუხით უკმაყოფილო (პოლონეთის მომავალ მთავრობასთან დაკავშირებით), რუზველტი და ჩერჩილი ატყობინებენ სტალინს, რომ სამეულის სასწრაფო შეხვედრა იყო საჭირო. შეთანხმების შედეგად და იქედან გამომდინარე, რომ სტალინისთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მაგალითად, ყირიმში შეხვედრა – გადაწყდა იალტის კონფერენციის ჩატარება.
საბჭოთა მხარემ ყველაფერი იღონა, გერმანელთა ოკუპაციის შედეგად განადგურებული ყირიმის წესრიგში მოსაყვანად. „ჩვენმა მასპინძლებმა ყველაფერი იღონეს, რათა ჩვენთვის კომფორტი შეექმნათ. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი სურვილების დასაკმაყოფილებლად. ერთხელ ჩვენი დელეგაციის წევრმა პორტალმა შენიშნა, რომ აკვარიუმში, რომელშიც მცენარეები იზრდებოდა, არ იყო თევზები. ორი დღის შემდეგ აკვარიუმი წითელი თევზებით აივსო. . .
. . . ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა აღნიშნა, რომ კოქტეილში ლიმონი არ იყო. მეორე დღესვე, ჩვენი შენობის ჰოლში ლიმნის ხე მოიტანეს, ნაყოფით დახუნძლული. ყველაფერი ეს მოჰქონდათ შორი გზიდან, თვითმფრინავებით“, – წერს ჩერჩილი.
ერთ-ერთი სადილის დროს, სტალინს უთქვამს: „მე, მინდა ჩვენი კავშირის სადღეგრძელო დავლიო, ვისურვო, რომ მან არ დაკარგოს მიღწეული ინტიმურობა, აზრის გამოხატვის თავისუფლება.
დიპლომატიის ისტორიაში მე არ მახსოვს მსოფლიოს სამი უდიდესი ქვეყნის ასეთი მჭიდრო კავშირი, სადაც მოკავშირეებს აქვთ საშუალება გულღიად განაცხადონ თავიანთი შეხედულებები. შეიძლება ეს ზოგიერთებს გულუბრყვილოდ მოეჩვენოს. კავშირში, მოკავშირეებმა არ უნდა მოატყუონ ერთმანეთი. შეიძლება, ესეც გულუბრყვილობაა? გამოცდილმა დიპლომატებმა შეიძლება თქვან – რატომ არ უნდა მოვატყუო ჩემი მოკავშირე? მაგრამ მე, როგორც გულუბრყვილო კაცი, ვთვლი, რომ არ უნდა მოატყუო, მაშინაც კი, თუ ის სულელია. სწორედ ამიტომ არის ჩვენი კავშირი მტკიცე, რომ არ ვატყუებთ ერთმანეთს“, – იხსენებს ჩერჩილი სტალინის სიტყვებს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩერჩილის მოგონება ეყრდნობა იმ დიპლომატიურ ჩანაწერებს, რომელსაც ინგლისის დელეგაციის წევრი აკეთებდა. მსგავსი ჩანაწერები დღესაც მიღებულია დიპლომატიაში და ის კეთდება არა დიქტაფონით, არამედ მარტივად – კალმისტრით ქაღალდზე.
სტალინის სურვილი – სამეულის მჭიდრო, მეგობრულ თანამშრომლობაზე, უდავოდ ახდებოდა, რომ არა პრეზიდენტ რუზველტის მოულოდნელი გარდაცვალება. ახალმა პრეზიდენტმა სხვა გზა აირჩია, მათ შორის მოტყუების, ძალის დემონსტრირების – ამის მაგალითი იყო პრეზიდენტ ტრუმენის სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება იაპონიის ქალაქების ჰიროსიმასა და ნაგასაკის ბირთვული დაბომბვა.
ჰიროსიმას თავზე, ატმოსფეროში აფეთქებულმა ატომურმა ბომბმა, სამასი ათასი ადამიანი უმალ გაანადგურა და ასეულ-ათასობით – დაასახიჩრა. ბომბის აფეთქების შედეგად გამოწვეულმა რადიაციამ უამრავი იაპონელი გაისტუმრა საიქიოს. იაპონელები, ყოველწლიურად, აგვისტოში აღნიშნავენ ბირთვული თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. მდუმარე პროცესია, მკაცრი გაფრთხილებაა ყველა ხელისუფალისა, იმუშაოს მშვიდობისთვის, მაგრამ. . .
სამწუხაროდ, ამას ნაკლებად აქვს ადგილი. პირველობისთვის ბრძოლაში იყენებენ ყველაფერს – იარაღით დაწყებული, ელექტრონული ჯაშუშობით, მოსმენებით დამთავრებული. სწორედ მალული მოსმენების გამომზეურებლის რუსეთში შეფარებამ დაძაბა ვითარება მოსკოვ-ვაშინგტონს შორის. ობამამ ბოლო პრეს-კონფერენციაზე კი განაცხადა, რომ ეს პროცესი გამჭვირვალე იქნება, მაგრამ არავინ იცის, მართლა იქნება თუ არა.
ყოველ შემთხვევაში თეთრ სახლს, მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა, არ შეუმცირებია ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA – The National Security Agency) ბიუჯეტი. წარმომადგენლობათა პალატამ კენჭისყრის შედეგად, არ შეიტანა ცვლილება კანონში. 205-მა დეპუტატმა, როგორც რესპუბლიკელმა, ისე დემოკრატმა, კენჭი უყარა ანტიჯაშუშურ შესწორებას – 217-მა კი თანხმობა განაცხადა დაფინანსების გაგრძელებაზე.
ექსპერტები თვლიან, რომ ობამას ადმინისტრაცია ყველაფერს იღონებს აღნიშნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფისთვის. და არა მარტო მისთვის, არამედ ყველა სპეცსამსახურისთვის, რომელთა შორის ეს სააგენტო გამორჩეულია. NSA თავისი პერსონალითა და ბიუჯეტით გაცილებით აჭარბებს ცსს-ს (CIA).
NSA – იჭერს და უსმენს ტელეკომუნიკაციას მსოფლიოს მასშტაბით და ამარაგებს უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ორგანოებს ინფორმაციით. ცხადია, ასეთ ინფორმაციაზე არც ერთი ადმინისტრაცია უარს არ იტყვის. დედამიწაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სარგებლობს მობილური ტელეფონით ან ინტერნეტით შეიძლება ფარული თვალთვალის მსხვერპლი აღმოჩნდეს.
ის, რომ კონგრესში ანტირუსული თემა აქტუალურია, მტკიცება არ სჭირდება. ვაშინგტონი ვერ ეგუება მოსკოვის სიჯიუტეს, დამოუკიდებელ პოლიტიკას. ვაშინგტონი სხვა ქვეყნების განსხვავებულ აზრსაც ვერ ეგუება, მაგრამ ის სხვები „სხვებია“. რუსეთი მძიმეწონიანია, ამდენად მისი ქმედება მძიმედ აღიქმება და ეს მაშინ, როდესაც აშშ-ს უამრავი პრობლემები აქვს. მარტო 17 ტრილონიანი დოლარის სახელმწიფო ვალი რად ღირს? რომ არაფერი ვთქვათ უმუშევრობაზე, ეკონომიკურ ჩავარდნებზე.
ეს პრობლემები რომ აშშ-ს საზღვრებს გარეთ არ გადიოდეს, კიდევ არაფერი, მაგრამ გლობალიზაციამ მჭიდროდ მიაბა ერთმანეთს დიდი და პატარა ქვეყნები. ვაშინგტონში დაცემინებას სხვა ქვეყნების ფილტვების ანთება მოჰყვება. ასეთ დროს ყბადაღებული რუსული თემა გაუგებარია. სამწუხაროდ, კონგრესში არიან სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ობამას დაყოლიებას ცდილობენ, ერთმა ჯგუფმა წარმატებასაც მიაღწია, პუტინთან შეხვედრის გაუქმების თვალსაზრისით. მეორე ჯგუფი მოუწოდებს პრეზიდენტს სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას.
რესპუბლიკელი სენატორი ლინსდეი გრემი იმასაც სთხოვდა პრეზიდენტს, რომ „დიდი ოცეულის“ სანკტ-პეტერბურგის სამიტი სხვაგან გადაეტანათ. მას მხარი დაუჭირა დემოკრატმა სენატორმა ჩარლზ შუმერმა. გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტ“-მა გააკრიტიკა პრეზიდენტი ობამა სისუსტისათვის და მოსთხოვა მას მეტი სიმკაცრის გამოჩენა რუსეთის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებს, 1979 წელს ავღანეთში შეჭრისათვის გამოეცხადა ბოიკოტი. აშშ-ა მილიონობით დოლარი ჩაყარა ავღანეთიდან საბჭოთა ჯარის გამოსადევნად, შედეგი – ალ-ქაიდა, თალიბანი და 11 სექტემბერი და რაც მთავარია, საკუთარი 12-წლიანი ავღანეთი – ათასობით ამერიკელის სიკვდილით, ქარს გატანებული მილიარდებით.
დიდი პოლიტიკა სხვა აზროვნებას მოითხოვს, ამასთვანავე შორსმჭრეტელობას. სამწუხაროდ, თანამედროვე პოლიტიკაში მსგავსი რამ არცთუ თვალში საცემია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.