საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
საქართველოს დამოუკიდებლობის 21-ე წლისთავზე, როგორც იქნა, ვიგრძენი სასიამოვნო ჟრუანტელი ორგანიზმისა, საწინააღმდეგო სქესისადმი (ზოგს პირიქით), რომ არის მიმართული, თუმცა ჩემი გრძნობა და სიყვარული უფრო მაღალია, უფრო ღვთაებრივი, ვიდრე „პრიმიტიული“ – კაცისა და ქალისა (ან შებრუნებით). ჩემი სიყვარული აბსტრაქტულია, ვირტუალური, უსულო საგნისადმი მიმართული. გამოგიტყდებით იმაშიც, რომ ეს გრძნობა არა ერთისადმი, არამედ ორისადმი მაქვს, ორი ორგანიზაციისადმი – ნატო და ევროკავშირი რომ ჰქვია.
დიდი ძალა აქვს შთაგონებას, გამუდმებულ მტკიცებას იმისა, რომ ეს ორგანიზაციები, არა მარტო მე, არამედ საქართველოში დარჩენილმა ორმა კაკალმა ქართველმაც უნდა იწამოს, შეიყვაროს. ასე სურს ხელისუფლებას, თავის მოსატყუებლად, ჩვენივე არჩეული რომ ჰქვია. შეგნებულად არ გამოვყოფ გუშინდელსა და დღევანდელს, ვინაიდან ამ საკითხში ისინი ტყუპის ცალივით გამოიყურებიან და არა მარტო ამ საკითხში, სხვაშიც იმ იგივეობასთან გვაქვს საქმე, ცხრა წლის განმავლობაში, თავი რომ გადაგვჭამა.
მეათე წელი ინტენსიური შეტევისა ჩვენს გონებაზე გრძელდება – უფრო აგრესიულად, დოკუმენტურად – საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის სახით. რა არ იღონა წინა ხელისუფლებამ მსგავსი დოკუმენტის მიღებისთვის – ვერ მიიღო. თუმცა, რაში სჭირდებოდა დასავლურ მორევში ისედაც თავგადაშვებულ ნაციონალებს? მითუმეტეს, როდესაც სხვადასხვა დოკუმენტებში მარგალიტებივით ჰქონდათ მიმობნეული ფიცის მსგავსი დაპირება? მათ არ სჭირდებოდათ. „ოცნებას“ სჭირდება. „ოცნებამ“ უნდა დაუმტკიცოს დასავლეთს, რომ ის ისევე ეტრფის მას, როგორც ნაცები ან უფრო მეტად.
საქართველო და ხალხი, უფრო სწორად, მომავალი არავის გახსენია. რეზოლუციის მიხედვით, დღევანდელი, ხვალინდელი, ზეგინდელი და ა.შ. საქართველოს ოცნება, ორიენტაცია – ნატო და ევროკავშირია, მიუხედავად იმისა, იარსებებენ თუ არა ეს ორგანიზაციები. ფიცისდა მიხედვით, რომც არ იარსებონ, საქართველომ მაინც იქითკენ უნდა იაროს. აკი ბრძანა ალასანიამ – ავღანეთში ჩვენი ჯარი 2014 წლის შემდეგაც დარჩებაო ანუ მას შემდეგ, რაც აშშ-ის ჯარი დატოვებს ავღანეთს. რომის პაპზე უწმიდესია ჩვენი ხელისუფლება, გუშინდელი და დღევანდელიც, დასავლეთთან დადებულ ფიცს ხომ არ გატეხს?! საკუთარ ხალხთან ყველაფერი შეიძლება. ის ხომ სტატისტის როლშია – არჩევნების წინ რომ იხსენებენ.
კეთილი, მაგრამ არის კი დღევანდელი პარლამენტი ისეთი ინტელექტის, ანალიტიკური აზროვნების მქონე, რომ ერთობ „თათარიახნად“, თანაც თავდაჯერებულად გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი თაობების ბედი?! გლობალიზებულ, ცვალებად მსოფლიოში, სამარადისო კურსის წინასწარ განსაზღვრა, სავალდებულოდ ჩათვლა, არათუ რისკია, უპატივცემლობაც არის დღევანდელი და მომავალი თაობების მიმართ.
დიახ! ხელისუფლებას, ძველს და ახალს, სურს ნატო, ევროკავშირიც, მაგრამ სურს კი ხალხს ის, რაც ხელისუფლებას? სურსო, გვიმტკიცებს პარლამენტის რეზოლუცია: „ხელმძღვანელობს რა საქართველოს საზოგადოების ინტერესებით, მათ შორის 2008 წლის პლებისციტის შედეგებით გამოხატული ნებით“-ო.
მაინც რა ისეთი ნება გამოხატა საქართველოს საზოგადოებამ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიტმასნილ ნატოში შესვლის პლებისციტში? ან ვის ჰქონდა თავი ამ საკითხისთვის ჯეროვანი ყურადღება დაეთმო? არც არავის, მათ შორის არც ნაცებს. მათი მთავარი ამოცანა სააკაშვილის გამარჯვება იყო. დანარჩენი საქართველოსთვის – სააკაშვილის გაშავება.
თუ ვინმეს სურდა პლებისციტზე დადებითი პასუხის მიღება – აშშ-ს საელჩო და ნაცთა მეგობარი ბრაისა იყო. სწორედ მათ არ მოეწონათ პლებისციტის შედეგები და მოარული ხმების მიხედვით, მხარდამჭერთა რიცხვი გასამმაგდა.
სავალალო გამოდგა იმ არჩევნების შედეგები საქართველოს საზოგადოებისთვის. სააკაშვილმაც „გაიმარჯვა“ და ნატომაც. რომ არა დასავლელთა მხარდაჭერა, სააკაშვილი არ გაპრეზიდენტდებოდა, არც 2008 წლის ომი იქნებოდა და არც დაკარგული ტერიტორიები. 2008 წლის ომისწინა პერიპეტიების მიხედვით, დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს წვლილი ომის დაწყებაში მნიშვნელოვანია. და ესეც რომ არ იყოს, სააკაშვილის გაპრეზიდენტებაში ხომ არის?! ასეთ ვითარებაში, რამდენად უნდა მიყვარდეს დასავლეთი?
ზემოთ ვახსენე ნატოსა და ევროკავშირისადმი ვირტუალური სიყვარული. ვირტუალური იმიტომ, რომ არ ვიცი, რა არის, მაგრამ რახან ზემოდან ჩამომძახეს, უნდა მიყვარდეს. დიდი ილიასი არ იყოს: „მე შენ გიბრძანებ, მუხას ვაშლი ასხია მეთქი!“ და პატარას ნება აქვს მიუგოს: „მაქვს პატივი, მოგახსენოთ, რომ დღეს, ჩვენმა მუხამ ვაშლი დაისხა, ბრძანებისამებრ თქვენისა“.
ნატოში შესვლის თემაზე საუბარი, მითუმეტეს საგნობრივი განსჯა საქართველოს საზოგადოებაში არ ჩატარებულა, თუ არ ჩავთვლით, ასლან აბაშიძის თანხმობით, ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას, თვით ნატოს ექსპერტების მონაწილეობით.
სააკაშვილის ზეობისას ამ თემაზე საუბარი არათუ შეუძლებელი, სახიფათოც იყო, რამეთუ ნატოს მოწინააღმდეგეებს უმალ მოღალატის სახელს მიაწეპებდნენ. არც რეპრესიები იყო უცხო. ხელისუფალთა და მის მომხრეთა მხრიდან გამოვლენილი იმჟამინდელი აგრესია დღესაც ძალაშია. არ გინდა ნატო? აჰა, რუსეთი გინდა! – ოკუპანტი, ეშვებიანი რუსეთი. ნეიტრალიტეტიც პრორუსულად აღიქმება.
დემოკრატია არ ჰქვია იმას, როდესაც ხელისუფლება ხალხს ატენის რაღაცას, რაც მან (ხალხმა) არ იცის. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ხალხს განუმარტოს ნატოს სიკეთეების თაობაზე, მოისმინოს მისი აზრი ამასთან დაკავშირებით, წინასწარ, ხალხთან შეთანხმების უგულებელყოფით აცხადებს – რომ ნატოში შესვლა ხალხის სურვილია.
ხალხში სურვილის გაჩენა, ინფორმაციის ქონასაც უკავშირდება, რამეთუ სწორედ ინფორმაციის გადამუშავების, გაანალიზების შედეგად ხდება აზრის გამოთქმა, თუნდაც კენჭისყრის სახით. სწორედ ეს „მარტივი“ პროცედურა დაირღვა 2008 წლის პლებისციტის დროს.
2007 წლის ბობოქარი შემოდგომის და მანამდე არცნაკლები ბობოქარი თვეების განმავლობაში ხელისუფლებას თავში არ მოსვლია აღნიშნულ თემაზე სერიოზული დისკუსიის მოწყობა, ხალხის აზრის მოსმენა.
ტელეეთერში ნატო-ნატოს განუწყვეტელი ძახილი, უფრო ცალ კარში თამაშს ჰგავდა და არა შეთავაზებას, დიალოგს – იმას, რასაც მსგავს საკითხებზე სისტემატურად აქვს ადგილი იმ ევროკავშირში, საითკენაც სიტყვით მივექანებით.
დემოკრატია, უპირველესად, ის არის, როდესაც ადამიანი თავისი გონების კარნახით გააკეთებს არჩევანს. დემოკრატია არ არის, როდესაც ხელისუფლება გაძალებს ხმის მიცემას, უფრო მეტიც შენს მაგივრად აცხადებს – დიახ! ხალხმა ასე გადაწყვიტაო.
სწორედ ასეთ დემოკრატიასთან გვაქვს საქმე – 2008 წლის პლებისციტით. მას შემდეგ, მეხუთე წელიწადია ქართული პოლიტიკა პერმანენტულად, ისტერიულად გაჰყვირის – ხალხმა გადაწყვიტაო.
ხალხის გადაწყვეტილება აისახა რეზოლუციაში, რომელიც სამოთხის კარის მთავარი გასაღებია. ხელისუფლების მიხედვით, პასუხისმგებლობა ხალხს ეკისრება და არა მას, ვინაიდან პლებისციტზე მან (ხალხმა) დაუჭირა მხარი ნატოში შესვლას.
დავუშვათ, არ გაამართლა ნატო-ევრიკავშირმა, ხელისუფლება უყოყმანოდ იტყვის – მე რა შუაში ვარ, ხალხმა გადაწყვიტაო და მართალიც იქნება, ვინაიდან ფალსიფიცირებული, მაგრამ შემდეგ გაპრიალებული პლებისციტის მასალები – ამის დასტური იქნება.
მაშინ არავის გაახსენდება ბუშის, ბრაისას ან სხვა იქაურთა სახელები. სააკაშვილისა და მისი ნაცების სახელებიც, ცუდი სიზმარივით, მივიწყებული იქნება. აღარც პლებისციტში მონაწილე ხალხი იქნება. სხვა ხალხი იქნება – ფაქტის წინაშე მდგარი, წინაპართა აუგად გამხსენებელი.
გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღება, მითუმეტეს მყვირალა დოკუმენტებში ჩაწერა ის ყულფია, რომელმაც შესაძლოა საკუთარი თავის ჩამოხრჩობის ფუნქცია იტვირთოს. მიკვირს, აუწყობელი, დაულაგებელი ქვეყნის პოლიტიკოსთ, რატომ უნდა გასჩენოდათ მსგავსი დოკუმენტის შექმნის სურვილი? იმიტომ ხომ არა, რომ თავიანთი გასაკეთებელი საქმე სხვას აჰკიდონ, ისინი კი წამოგორდნენ ჩეროში და დატკბნენ ამქვეყნიური სიამოვნებით?!
სხვა მარტივი მიზეზიც არის – ისინი, ვინც ამ და სხვა სახის დოკუმენტებზე მუშაობენ, მუდმივად იქ ცხოვრობენ, მუდმივად იქ იმყოფებიან – მივლინებით თუ სალაღობოდ, იქაური წყალი აქვთ დალეული. მათ აქაური სულაც არა იციან რა. რაც მთავარია არ იციან, რით ცხოვრობს, რით სუნთქავს ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, რა არის მისი ყოველდღიური საფიქრალი, რა უჭირს, რა ულხინს.
ამ უმრავლესობის ერთადერთი სურვილი, დღის გადაგორება და თითო-ოროლა თეთრის შოვნაა და არა ნატოსა და ევროკავშირზე ფიქრი. საზღვარგარეთ, მეტადრე აშშ-ში გამოტრენინგებული თინეიჯერები არიან ევროატლენტიკური ორიენტაციის მებაირახტნენი და მათთან ერთად მთლიანად ნაცმოძრაობა, რომელიც, საკუთარ ქვეყანაში საყრდენგარეშე დარჩენილი, იმ დასავლეთში ეძებს შვება-დახმარებას, პოლიტიკურ თავშესაფარს.
ევროატლანტიკურ მიმართულებას მხარს „ოცნებაც“ უჭერს, ხშირ შემთხვევაში იმისთვის, რომ ვინმემ ქვეყნის მოღალატობა არ დასწამოს.
2008 წლის პლებისციტის შემდეგ არათუ ბევრმა წყალმა, ბევრმა მდინარემაც ჩაიარა. მარტო 2008 წლის ომი რად ღირს ან ტერიტორიების დაკარგვა?! შეიცვალა ხალხის აზრი, მისი დამოკიდებულება არსებული საკითხებისადმი, რაც თავისთავად გვიკარნახებს აზრის ხელახალ გამოკითხვას.
ჩავატაროთ ახალი პლებისციტი – გამჭვირვალედ, დემოკრატიულად, რაც მთავარია, მანამდე ხალხს ავუხსნათ, რა არის ნატო, რას მოიგებს ქვეყანა იქ შესვლით, რამდენად შესაძლებელია მდუღარე რეგიონში ნატოს შემოსვლა, რა რეაქცია ექნება რუსეთს, ირანს, სომხეთს, აზერბაიჯანს და ეს რეაქცია როგორ აისახება საქართველოზე, ნატოში შესვლით რას მოიგებს ან რას წააგებს ქვეყანა და ა.შ.
მაგრამ მიიღებენ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში? საქართველოს მაშინ მიიღებენ ნატოში, როდესაც ის, მას, შესაფერის ქვეყნად ჩათვლის. ანალოგიურია ევროკავშირშიც შესვლა. ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, გულახდილად ვთქვათ – ვართ ამ ორგანიზაციებში გაწევრების ღირსი? მხედველობაში მაქვს ჩვენი მენტალიტეტი, უდისციპლინობა, ზერელეობა, დაბალი განათლება, გაუგებარი ყოყოჩობა, გაუტანლობა, საქმისადმი არასერიოზული დამოკიდებულება, და სხვა ნეგატიური თვისებები, რაც სამწუხაროდ უხვადაა ჩვენში.
და ყოველივე ეს დამატებით იმ ნეგატიურ მომენტებზე, რომელთა გამოსწორება არცთუ იოლი იქნება, მათ შორისაა მეზობლებთან უპრობლემო ურთიერთობა. სხვებს, რომ თავი დავანებოთ, მარტო რუსეთი რად ღირს? რუსეთი მუდამ იქნება ისეთი პრობლემა, რომელსაც ნატო გვერდს ვერ აუვლის. ნატოში საქართველოს გაწევრებით, რუსეთი, ნატოს პრობლემად იქცევა.
ნატომ უნდა იკისროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა ანუ მან უნდა გააკეთოს ის, რაც მას არასდროს გაუკეთებია. საქართველოს გულისთვის აიკიდებს ნატო ამ პრობლმას? გარდა ამისა სხვაც უამრავია.
ნატოში გაწევრება თავისთავად, თანაც კარდინალურად დასვამს საკითხს ან/ან. ანუ ან საქართველო რეალურ საზღვრებში, რაც 2008 წლის ომის შედეგად ჩამოყალიბდა ან 1992 წლის ივლისის საზღვრებში – გაეროში მიღების დროს. პლებისციტის მიხედვით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ისედაც ნატოს გარეთ რჩება.
ამ და სხვა პრობლემათა მრავლობითობა არც ერთ ხელისუფლებას არ უნდა აძლევდეს ოპტიმისტური ლაპარაკის საშუალებას. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება სხვაა.
გუშინდელმა, ნაცურმა, მოჭარბებული ტყუილებით და დაპირებებით გაგვატარებინა 9 წელიწადი. ნატოში შესვლის სურვილით არც დღევანდელი ხელისუფლება ჩამორჩება გუშინდელს. ახალიც გამუდმებით უმტკიცებს ხალხს – წინა ხელისუფლების მიერ აღებულ ევროატლანტიკურ კურსს არ გადავუხვევთო, თითქოს ხალხს ნატოზე ამოსდიოდეს მზე და მთვარე.
ახალს ჰგონია, რომ თუ ასე არ თქვა, საკუთარი ხალხი შეაჩვენებს. პირიქით ბატონებო. შეეშვით ტყუილ დაპირებებს და საქმეს მიხედეთ. ამით უფრო დაფასდებით.
ნატო, ევროატლანტიკური სივრცე, წინა ხელისუფლებას ჩადენილი დანაშაულის გადასაფარად უნდა. თქვენ ეს პრობლემა არ გაქვთ, ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით. რაც გაქვთ – ხალხის ნდობაა, ჯერ-ჯერობით. ნატოზე და დასავლეთზე, განსაკუთრებით ამერიკაზე გამუდმებული ლაპარაკი შეარყევს თქვენს რეპუტაციას.
დადებით კონტექსტში ამერიკა-ნატოს წამდაუწუმ ხსენება ისე მოქმედებს ხალხზე, როგორც წითელი ნაჭერი ხარზე. ხალხი თავისი უბედურების მიზეზად სწორედ დასავლეთს მიიჩნევს და მის მიერ გაჯეჯილებულ ნაცურ მმართველობას. ასეთ ვითარებაში ნუ ცდილობთ დასავლეთის ჩვენთვის შეყვარებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სწორედ იმ დასავლეთის, მათ შორის აშშ-ს ძალისხმევით მომზადდა ქართული არმია ორდღიან ომში გასანადგურებლად.
ეს ომიც, ებრაელი მწერლის და პუბლიცისტის ლევ გუნინის მიხედვით, ამერიკის გარკვეული წრეების კისერზეა, ისე, როგორც 2007 წლის დემონსტრანტთა დარბევა, ტელეკომპანია „იმედის“ ძალისმიერი დალაშქრა და სხვა მრავალი. დიახ! აშშ-ა გაგვიწია ფინანსური დახმარება. საქართველოს გაუწია თუ სააკაშვილის ხელისუფლებას? საქართველოს ეს დახმარება, რატომღაც არ დასტყობია.
2012 წლის შემოდგომით გამოვიდა ამერიკელი ანალიტიკოსის ჯეიმს ჯატრასის წიგნი – „ჯიჰადი ჩრდილო და სამხრეთ კავკასიაში“, სადაც ვკითხულობთ: “2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ერთგვარი სპეკულაციური თამაში წამოიწყო რეგიონში და როგორც ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით, ასევე სოჭის ოლიმპიადის გარშემო არაერთი შემაშფოთებელი განცხადება თუ ნაბიჯი გადადგა.
2009 წლის დეკემბერში, თბილისი ჯიჰადის ისლამური წრეების მრავალრიცხოვან წარმომადგენლებს საიდუმლო ვითარებაში მასპინძლობდა. ამ შეხვედრაზე, როგორც ჩრდილო კავკასიელი, ისე ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოფრენილი ექსტრემისტული დაჯგუფეფების ლიდერები, ევროპული ქვეყნებიდან ისლამის რადიკალური დაჯგუფებების წევრები და თავად მასპინძელი საქართველოს ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჯიჰადის ექსტრემისტთა საქართველოში ჩაფრენის საკითხს ქუვეითში, საქართველოს ელჩი ეკატერინე მაერინგ-მიქაძე კურირებდა. სააკაშვილის მთავრობა, როგორც კავკასიის საამიროთა ლიდერის უმაროვის მკურნალობისთვის საჭირო თანხების გამოყოფაზე, ისე ექსტრემისტ ბოევიკთა მომზადების დაფინანსებაზე უკან არ იხევდა.
ამ საიდუმლო შეხვედრაზე გადაწყდა, რუსეთის სამხრეთში იდეოლოგიური ომის საწარმოებლად ახალი ტელეარხის „პირველი კავკასიური“-ს შექმნა, რომლის იდეის ავტორები „ჯიჰადი“ და „ალ-ქაიდა“ იყო“.
ნუთუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ საქართველოში არსებული მრავალრიცხოვანი ამერიკული დესანტი, დიპლომატთა ჩათვლით, ვერ ამჩნევდა ამას? ამჩნევდა და არა მარტო. ჩერქეზთა გენოციდის საკითხი სწორედ აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ იყო ინიცირებული. სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება.
უხილავი, თუ ნახევრად ხილული ფაქტები ეჭვის, უნდობლობის განცდას იწვევს ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის მიმართ. ჩნდება კითხვა – საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია? თუ ეს ასეა, ამერიკელთა მიერ სამადლოდ გადმოგდებული ფული – არარაობაა.
ნაცთა დროს ევრაზიურ სივრცესთან ისეთი ურთიერთობები იყო ჩამოყალიბებული, სადაც მერკანტილურობა თავის გზას იოლად პოულობდა. შემოაკლდათ „პატივისცემა“ და ამიტომაც, შემოდგომის ბუზებივით იკბინებიან ევროპარლამენტარები. ის, რომ მათ ფეხებზე ეკიდათ საქართველოს დემოკრატია – აშკარაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა კავშირი უნდა ჰქონოდათ დემოკრატიის მესაფლავე სააკაშვილთან?
ისინი, რომ დემოკრატები ყოფილიყვნენ, ომის გამჩაღებელ სააკაშვილს, მილოშევიჩის მსგავს, დავიდარაბას შეჰყრიდნენ. აი მაშინ იწამებდა მადლიერი ქართველი ხალხი ევროატლანტიკურ დემოკრატიას.
მაგრამ, როგორც ჩანს მოჭარბებულად მიწიერები არიან ისინი. იმქვეყნიურ სამოთხეს, ამქვეყნიური „ატკატი“ ურჩევნიათ, მითუმეტეს ეკონომიკური კრიზისის ჟამს. მათ 2012 წლის 1 ოქტომბრის ომი წააგეს, თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრიათ. პირიქით, შეტევაზე გადმოვიდნენ და უმცირესობასთან ერთად ფართო ფრონტით გაილაშქრეს ხელისუფლების წინააღმდეგ.
ანტირუსულ პროპაგანდაზე აგებული თავგადარჩენის ნაცური პოლიტიკა ზენიტშია. მიზნის მისაღწევად საჭიროა საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, ერთმანეთზე გადაკიდება. და ყოველივე ეს „ბრძენი“ დასავლეთის თვალწინ. ურთიერთის მიმართ დაგროვილი ნეგატიური განწყობა იზრდება. პატარა ნაპერწკალი და ხანძარი აგიზგიზდება. ვინ იცის, იქნებ მათი ხელის მოსათბობად?
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.