26.12.2024

საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო

საქართველოს „დამოუკიდებლად“ არსებობის განმავლობაში ორი აგვისტო აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც კარდინალურად შეცვალა საქართველოს ისტორია, ცხადია უარესობისკენ. ორივე უკავშირდება საქართველოს პირველ პირთა ამბიციურობას, წინდაუხედავობას და რაც სავალალოა, ვითარების არცოდნას, როგორც საკუთარი ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება ხელმძღვანელებმა მიიღეს, თუმცა არანაკლები დანაშაული მიუძღვით იმათ, ვინც მათ გვერდით იყვნენ, ვინც ტყუილებით აბრიყებდნენ მათ, ვინც სწრაფ წარმატებას პირდებოდნენ „პირველებს“ და ხალხს.

პირველი აგვისტო, 14 აგვისტოს მოხდა, როდესაც შევარდნაძის დაჟინებული მოთხოვნით ჯარი, მეტადრე ლაშქარი, შევიდა აფხაზეთში, ვითომდა რკინიგზის დასაცავად, ვითომდა აფხაზთა ლიდერთან, არძინბასთან შეთანხმების შედეგად. შესვლის საკითხი, რაღაც „საბჭოს“ მოახსენა ჯერაც თანამდებობის გარეშე მყოფმა, მაგრამ ლიდერად წოდებულმა, რომელმაც, აფხაზთა ჯიუტობით (წინა წლებში) განრისხებულმა, მწვანე შუქი აუნთო შევარდნაძეს. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის დაქცევის დასაწყისი გახდებოდა.

1992 წლის 14 აგვისტომდე კი იყო ივლისი და იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ჩიკვაიძის პირველი გამოსვლა გაეროში ანუ საქართველოს გაეროს წევრად მიღების ცერემონიალზე წარმოთქმული სიტყვა, რომელიც ყველაფერთან ერთად, იყო ფიცი საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე, რომ საქართველო შიდა პრობლემებს მხოლოდ დიალოგით და არა ძალით მოაგვარებდა.

ვის, ვის და შევარდნაძეს, საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, კარგად უნდა სცოდნოდა, რომ ჩიკვაიძის სიტყვიდან 14 დღის შემდეგ, აგრესიული ნაბიჯი, ნეგატიურად შეფასდებოდა უცხოეთში. რაც შეეხება შინ – საქართველოს მოსახლეობის საკმაო ნაწილი აფხაზთა მორჯულების სურვილით იყო განმსჭვალული.

საქართველოს ფაქტიურ მეთაურს იმის იმედიც ჰქონდა, რომ რუსეთისგან, როგორც სამხედრო, ისე მორალურ დახმარებას მიიღებდა. იმჟამად ამბობდნენ, თითქოს იყო რაღაც შეთანხმება მოსკოვთან სწრაფი ომის თაობაზე, რაზეც ის (მოსკოვი) თვალს დახუჭავდა. სწრაფი ომი არ გამოვიდა, ნაცვლად, ხანგრძლივი  მივიღეთ – უხეში შეცდომებით, სამხედრო საქმის უცოდინრობით, არაპროფესიონალიზმით, ხშირ შემთხვევაში ლაშქრის ცუდი ქცევით, დიდი მსხვერპლით და რაც მთავარია აფხაზეთის ფაქტიური დაკარგვით.

დამარცხებულმა „მთავარსარდალმა“ ძლივს გამოასწრო გამარჯვებულთა მხრიდან ანგარიშსწორებას. რომ არა რუსი სამხედროები, არავინ იცის რა ბედი ეწეოდა მას, სრული შესაძლებელია ისეთი, როგორიც შარტავას.

ქართულმა საზოგადოებამ გაგებით მიიღო შევარდნაძის საბედისწერო ნაბიჯი და არათუ მიიღო, დაუჩოქა კიდევაც – არ წახვიდე, არ დაგვაობლოო. საზოგადოების დიდ ნაწილს შიში გვრიდა გამსახურდიას ხსენებაზე, ამიტომაც უჭერდა მხარს დაბეჯითებით – ოღონდ ის არ დაბრუნებულიყო.

დამარცხებული მეთაური, გამარჯვებულად მოევლინა ხალხს, ამდენად არც არავის უფიქრია 1992 წლის 14 აგვისტოს მოვლენების შეფასება და სათანადო დასკვნების გაკეთება, დამნაშავე ხელისუფლებისთვის შესაბამისი განაჩენის გამოტანა.

მსოფლიო ისტორიაში არაერთხელ ჰქონდა ადგილი დამნაშავე ხელისუფლების გასამართლებას. ყველა რომ არ გავიხსენით, არგენტინის სამხედრო ხელისუფლების დასჯა რად ღირს – ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებისთვის გაჩაღებული ომის გამო.

დაუსჯელობის სინდრომი გაუჯდა დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარ საქართველოს. დაუსჯელობა სამხედრო დანაშაულისთვის, დაუსჯელობა ქვეყნის დოვლათის განიავებისთვის, დაუსჯელობა ხალხის საბანკო ანაბრების მითვისებისთვის, კორუფციისთვის, უამრავი უხეში შეცდომისთვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1992 – 2008 აგვისტოებს შორის. დაუსჯელობის შეგრძნებამ რა არ გააკეთებინა სააკაშვილის ხელისუფლებას – კორუფციის უამაღლეს დონეზე აყვანა ანუ გაელიტარება, ადამიანების უკიდურესი შეურაცხყოფა, დაშინება, ციხეებში ჩაყრა, ფასადური კეთილდღეობის შექმნა და ა.შ.

კვიცი გვარზე ხტისო, რომ იტყვიან ისე მოხდა საქართველოში. სააკაშვილის ხელისუფლებამ თითქმის ყველა ნეგატივში გაუსწრო წინამორბედს, რამაც თავისთავად შექმნა უმთავრესში (2008 წლის აგვისტო) გასწრების ყველა პირობა. ისე, როგორც 1992 წელს, ახალ ხელისუფლებასაც ჰქონდა იმედი, ქვეყნის გარედან.

შიგნით ცოტამ თუ იცოდა დამდეგი ომის თაობაზე. 2008 წელს ხელისუფლება ნაკლებად ელოდა სახალხო დახმარებას ისეთს, როგორსაც 1992 წელს ჰქონდა ადგილი. მისთვის მთავარი დასაყრდენი ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების მიერ გაწვრთნილი არმია იყო და რაც მთავარია თვით აშშ-ი.

ისე, როგორც 1992 წელს, 2008 წელს გარედან დახმარებამ შედეგი არ გამოიღო. პირველ შემთხვევაში – გარედან დახმარებას, რუსეთის სახით, სამხედრო ოპერაციის წარმართვის დონემ, არაპროფესიონალურმა ქმედებამ შეუწყო ხელი. დაახლოებით იგივე ხასიათისა იყო მეორე შემთხვევა. ქართულმა მხარემ კი შეძლო სწრაფი შეტევის განხორციელება – გრადებით, ტანკებით, საფრენი აპარატებით, მაგრამ წარმატების შენარჩუნება ვეღარ შეძლო, რუსეთის მტკიცე და მკაცრი პასუხის შედეგად.

კულუარული ინფორმაციის მიხედვით – შეტევას, თანაც ესოდენ სწრაფს, რუსეთის მხრიდან, ადგილი არ უნდა ჰქონოდა. შეცდნენ ვარაუდში. როგორც ჩანს არც დასავლეთი, უპირველესად აშშ-ი არ ელოდა ახალარჩეული პრეზიდენტის, მედვედევის მხრიდან ესოდენ მტკიცე რეაქციას.

საქართველოს ბრიყვი ხელისუფალის ხელით, აშშ-ა ტესტი ჩაუტარა რუსეთს, მის ბრძოლისუნარიანობას, მიღებული გადაწყვეტილების შეუვალობას. ქარაფშუტა დასავლეთი იმასაც ვარაუდობდა, რომ რუსეთის სამხრეთ საზღვართან მუდმივი დაძაბულობის კერა შეექმნა საქართველოს სახით. თუ ეს ასეა, მაშინ მედვედევს აგრესორი კი არა, მხსნელი უნდა ვუწოდოთ, ვინაიდან პარტიზანულ ომს, ბაქრაძე რომ მოგვიწოდებდა – დანებით და ჩანგლებით, საქართველო უდავოდ ვერ გადაიტანდა.

მუცელზე მხარბეჭიანი ახალი ქართველისთვის, ტროლეიბუსის ზომის შავ „ტოიოტას“ ჯიპზე შემომჯდარისთვის, შეუძლებელი იქნებოდა საველე პირობებში ყოფნა. ჰეროიკული წარსულის კბილები საქართველომ კარგა ხანია მოცვალა და როგორც ერთი ახალგაზრდა ქალი ამბობდა ტელეეთერში საკუთარი მამის მისამართით – მას და მის თანატოლებს დღეს, სხვა „კაიფი“ აქვთ, არა ისეთი (აფხაზეთი), როგორიც მშობლებს.

ვერ გათვალა სააკაშვილმა მარტივი რამ – აშშ-ი საქართველოს გულისთვის ომს არ დაუწყებდა იარაღით აღსავსე რუსეთს. რაც შეეხება PR-ს – იცოცხლეთ, ყველაფერს იღონებდა შავი სააკაშვილის გასათეთრებლად და რუსეთის გასაშავებლად.

ამერიკული ძალისხმევა ამ დარგში დღესაც ძალაშია, თუმცა არიან ისეთი ამერიკელებიც ლინკოლ მიტჩელის სახით (მეცნიერი, პოლიტოლოგი), რომელიც ცხადია ამბობს რუსული აგრესიის თაობაზე (მან ასე უნდა თქვას), თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ აშშ-ი იყო ჯგუფი პოლიტიკოსებისა, მათ შორის ბუშის ადმინისტრაციაში, რომლებიც სააკაშვილს სისტემატურად შეუძახებდნენ – მიდი, მიდიო! ოფიციალურმა ამერიკამ კი, კონდოლიზა რაისის სახით, ისეთი პოზა დაიჭირა – ჩვენ რა შუაში ვართ, ყველაფერი სააკაშვილმა გადაწყვიტაო.

ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია გაოცებს. გაოცებს თუნდაც ის, რომ 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევა, აშშ-ს ერთ-ერთი კერძო ფირმის მიერ, კანონიერად არის შეფასებული. დასკვნა სულ ახლახანს გამოქვეყნდა, რამაც დამნაშავე მერაბიშვილს უდანაშაულობის ფრთები შეასხა.

მოკრძალებული იყო საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაც. მაინც რა დემაგოგიური მოწყობის ტვინი უნდა ჰქონდეს კაცს, რომლის განცხადებას თავს და ბოლოს ვერ გაუგებ. ცხადზე უცხადესია, ვაშინგტონი ცდილობს დამნაშავე ნაცური ხელისუფლების გადარჩენას. მართალია, ნაცები ხელისუფლებაში არ არიან, მაგრამ არც არაფერი უკლიათ. ისინი ატრიალებენ ქვეყნის ბორბალს, ოღონდ „ოცნების“ ხელით და ამ საქმეში ამერიკელთა წვლილი განუზომელია.

ამერიკელი, სწორედ ის მწვრთნელია, რომელიც ორივე მხარეს ავარჯიშებს, უყვავებს, თავზე ხელს უსვამს, ხანდახან უწყრება კიდევაც, მაგრამ უწყრება კულისებში და არა ტელეკამერების წინაშე, ისე, როგორც ეს გააკეთა პრეზიდენტმა, პრემიერის მიმართ აშშ-ს სამხედრო ხომალდზე.

ამ მართლაცდა სალაღობო სცენამ მედიის, განსაკუთრებით ელექტრონულის უდიდესი ყურადღება მიიქცია და არა მარტო ჩვენში, არამედ რუსეთში. თითქმის ყველა რუსულმა ტელეარხმა რამდენჯერმე გაიმეორა „შესანიშნავი“ ვიდეო-კადრი, დაახლოებით ასეთი ქვეტექსტით – ნახე, ნახეთ, რა ხდებაო.

უდავოდ, „კარგი სანახაობა“ იყო, თანაც ქვეყნის პირველი პირის დონეზე, თანაც მამა-მასწავლებლის თანდასწრებით, რომ იტყვიან მის ტერიტორიაზე (გემი თუნდაც საქართველოს ტერიტორულ წყლებში – აშშ-ს ტერიტორიად ითვლება).

სალაღობო სცენამ ყველას გადაავიწყა მთავარი – აშშ-ს სამხედრო გემის ვიზიტი ბათუმის პორტში და ოფიციალური ცერემონიალი, რომელსაც ადგილი აქვს ნებისმიერი ვიზიტის დროს ამა თუ იმ ქვეყანაში. მასპინძელი მხარე (ამ შემთხვევაში სამხედრო გემის ხელმძღვანელობა) საელჩოს დახმარებით, მოსაწვევებს უგზავნის საზღვაო პორტის, ქალაქის, რეგიონის, ქვეყნის ხელმძღვანელობას, წვეულებაზე დასასწრებად. ისინიც, თავიანთ მხრივ, შეძლებისდაგვარად, იღებენ დაპატიჟებას.

თუმცა, როგორც წესი, ასეთ მიწვევას ქალაქის მერი, რეგიონის ხელმძღვანელი ან თავდაცვის მინისტრი პასუხობს. მაგრამ, როგორც ჩანს დღევანდელი საქართველოსთვის რაღა გემის კაპიტნის მიწვევა და რაღა თეთრი სახლის. აშშ-ს ელჩის, ნორლანდის საქებრად უნდა ითქვას, მან შეძლო საქართველოს „სრულიად“ ხელისუფლების აშშ-ს სამხედრო გემზე აყვანა – პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები და ა.შ.

გაოცებული გემის კაპიტანი იტყვის – აღტაცებული ვარ ასეთი სტუმრობითო. 

ამერიკულ გემზე „ყველას“ სტუმრობა უსუსურობის გამოხატულების კიდევ ერთი დადასტურება იყო, წყალწაყებულის, ხავსზე ჩამოკიდება. ვერც გუშინდელი და ვერც დღევანდელი ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ ხავსს არც ღრმა ფესვები აქვს და არც გადარჩენა შეუძლია – ისე, როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია.

2008 წელსაც შემოვიდნენ ამერიკული სამხედრო ხომალდები – სასმელი წყლითა და ტუალეტის ქაღალდით. მიზანი, საქართველოს მხარში დგომა იყო. დაუნახავმა ქართველობამ, მაშინდელი ვიზიტი ლამის სასაცილოდ აიგდო – წყალი რად გვინდოდა, ისედაც წყალში დამხრჩვალსო.

„რომ არა ამერიკული გემები – რუსეთი თბილისსაც აიღებდაო“, – განაცხადა სააკაშვილმა და დაბეჯითებით გაიმეორა ის ზღაპარი, როგორ დაძრა პენტაგონმა სამხედრო თვითმფრინავები და გემები საქართველოს გადასარჩენად. დაძრა, მაგრამ მერე რა – ჰაერში და წყალში გაიყინენ?

გახსოვთ ალბათ, რუსის ჯარი კარგა ხანს იყო თბილისთან დაბანაკებული, რაღაც ვერ შევატყვე მას ამერიკელთა შიში. ან რა აქვს მას შესაშინებელი, დასაკარგი? დასაკარგი თუ ვინმეს აქვს – ამერიკელია. ისე, რომ რუსი ზერელედ უყურებს მსგავს გამოხდომას, PR-ულ კამპანიას. მას რეაგირება არ აქვს პატარ-პატარა პროვოკაციებზე, რასაც 2008 წლის 8 აგვისტომდე სისტემატურად ჰქონდა ადგილი. მას ალბათ არც 8 აგვისტოს ექნებოდა ესოდენ მძაფრი რეაქცია, ქართული შეტევა რომ მიღებულ ჩარჩოებს არ გასცდენოდა, ტანკებს რომ არ დაეწყოთ ჯირითი ცხინვალის ქუჩებში. რეაქცია იქნებოდა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც იყო.

სიტყვის მნიშვნელობის და ომის შედარება შეუძლებელია, მაგრამ ხშირად სიტყვა რომ ომს იწვევს – უჩვეულო რამ არ არის. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 5 წლის თავზე, რუსეთი, ისე, როგორც ყოველთვის, ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს ქართულ მხარის გამონათქვამებს. აქაოდა სააკაშვილი სულელია და მის განცხადებაზე რეაგირებას აზრი არ აქვსო.

ამ მოტივით ძნელია PR-ულ ომში გამარჯვება. ვრცელ ინტერვიუში სააკაშვილმა რაც პირზე მოადგა ყველაფერზე ილაპარაკა – რუსეთის გასალანძღად, დასწამა რა მას საკუთარი მშვიდობისმყოფელების დახოცვა, მედვედევს ჭკუასუსტობა, პუტინის მარიონეტობა და ბევრი ისეთი რამ, რაც თავისთავად მოითხოვდა შესაბამისი პასუხის გაცემას.

და ეს პასუხი უნდა ყოფილიყო არა სააკაშვილისადმი მიმართული, არამედ საქართველოს დაბრიყვებული მოსახლეობისადმი, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან 5 წლის თავზე ვერ დაუდგენია ტყუან-მართალი. სააკაშვილმა თავისი ტყუილებით, დემაგოგიით, ცილისწამებით არამარტო რუსეთს და მის ხელისუფლებას მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ სხვასაც. მაგალითად, ყაზახეთს, ნაზარბაევის სახით, გერმანიას, ყოფილი ვიცე-კანცლერის შტაინმაიერის სახით, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის რაისის სახით. სამწუხაროდ, შეურაცხყოფილთა მხრიდან  – „არსაიდან ხმა, არსით ძახილი“. იქნებ ასეთმა წაყრუებამ გამოიწვია სააკაშვილის სააკაშვილობა? იქნებ მსგავსი „კუკუმალობანა“ გახდა 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დაწყების საბაბი?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.