09.10.2024

რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები

გასულ კვირას, მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის დაკავების ისტორიულ დღეს, საქართველოს მოსახლეობის წინაშე წარსდგა ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი გამოსვლა, უცხოეთში ხანგრძლივი მოგზაურობის გამამართლებელი ლაპარაკით დაიწყო – „სიღრმისეულად“ აგვიხსნა რა, თუ რაოდენ ვეება დატვირთვა აქვს მიღწეულ დიპლომატიურ ნაბიჯებს.

პრეზიდენტმა უდიდეს მიღწევად ჩათვალა ტაილანდში, საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ვანუატუს პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკება და პრემიერის დაყოლიება – უკან წაეღო ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დიპლომატიური აღიარება.

ქვეყანაც ამას ჰქვია – „მტკიცე“, „ურყევი“, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების „დამცველი“. პრეზიდენტმა ტრადიციულად რუსეთიც გააკრიტიკა ოკეანის პატარა ქვეყნების მოქრთამვისთვის და დაწვრილებით მოგვიყვა ლავროვის მიერ აფხაზეთ—სამხრეთ-ოსეთის აღიარებისთვის პატარა ქვეყნების მოქრთამვის მაგალითები, თან ისიც დაუმატა – ყველაფერი სიმართლეს შეეფერებაო.

ჩემს მეხსიერებას არ შემორჩენია რომელიმე ქვეყნის მეთაურის მიერ, მეორე ქვეყნის ხელისუფლების დასადანაშაულებლად გაკეთებული ოფიციალური განცხადება. რუსეთი, რომ სერიოზულ ყურადღებას აქცევდეს სააკაშვილის ლაპარაკს, დიდი ხანია საერთაშორისო სამართალს მიმართავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას არ აქვს ადგილი.

სამწუხაროდ, ვინაიდან მსგავსი რიტორიკა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, შინაურისგან თუ გარეულისგან, ისეთ რეაგირებას საჭიროებს, როგორიც შეეფერება საერთაშორისო  ცხოვრებას. რუსეთის მხრიდან თავშეკავება, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ – მას სააკაშვილის წინააღმდეგ გალაშქრება არაფერს მოუტანს – აშშ-ს და მისი ევროპელი პარტნიორების გამოისობით. ისინი ხომ გადაფარებულები არიან საქართველოს პრეზიდენტზე?!

ვანუატუსთან მიღწეული წარმატება საჩოთიროდ მიმაჩნია, რამეთუ რუსეთის ფულით მიღებული დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება – თანაც ასე მარტივად, ერთი მოლაპარაკებით, აჩენს იმის ეჭვს, რომ „ახალ“ ფულს შეეძლება ფულსდახარბებული ხელისუფლების გადაწყვეტილების შეცვლა.

სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია, რამ გადააწყვეტინა ვანუატუს პრემიერს საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება. მას, რომ მარტო სააკაშვილის თვალები არ მოხიბლავდა – ცხადზე უცხადესია. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილის ნაამბობში სიცრუე ჭარბობს სინამდვილეს.

საათიან მონოლოგში სააკაშვილმა დიპლომატიაში ფულის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა მიანიჭა და დანაღვლიანებულმა ისიც თქვა – საქართველოს, რომ შესაბამისი თანხა ჰქონდეს, დანარჩენ ქვეყნებსაც (ვინც აფხაზეთ—სამხრეთ-ოსეთი აღიარა) გადაწყვეტილებას უკან წააღებინებდა.

იბრძვის პრეზიდენტი, ღამეები არ სძინავს და ხელჩართულ დიპლომატიურ პაექრობაშია ჩართული საზღვარგარეთის სახელმწიფოების მეთაურებთან. აი, ხომ ხედავთ, მისმა ძალისხმევამ რა „დიდი შედეგი“ გამოიღო! პრეზიდენტმა ისიც თქვა – როგორც კი გაიგებს ესა-თუ ის ქვეყანა ემზადება აფხაზეთ—სამხრეთ-ოსეთის აღიარებისთვის, უმალ იქ ჩნდება.

ჩვენ რომ გვგონია სალაღობოდ მოგზაურობს, თურმე საქმის გასაკეთებლად დადის. ერთი სიტყვით, ქვეყნის მთლიანობის მოსურნე პრეზიდენტის რკინის ქალამნიანი მოგზაურობა ნაცვლად გაკიცხვისა (ზოგიერთები რომ კადრულობენ) პატივისცემას იმსახურებს.

პრეზიდენტი თქვენთვის და ქვეყნისთვის მოგზაურობს გაუთავებლად და არა საკუთარი ორგანიზმის გასალაღებლად. მაგრამ, დავუშვათ, ვიღაცამ, სადღაც, რაღაცის გამო მართლაც აღიარა აფხაზეთ—სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა – მერე რა? არც არაფერი. თუ ეს აღიარება ფულით კეთდება – გაეროს 193 წევრი სახელმწიფოს მოქრთამვას რუსეთის 10 წლის ბიუჯეტიც არ ეყოფა. უღირს ასეთი აღიარება რუსეთს? რომ უღირდეს, ოთხის ნაცვლად, ოცი მაინც აღიარებდა. რა? ფული მარტო 4-ს სჭირდება და სხვას არა?!

მე ისეთი შთაბეჭდილება მექმნება აფხაზეთ—სამხრეთ-ოსეთის პრობლემა რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილ-ნაციონალები რაღაცას მოიგონებდნენ. სწორედ ამ ორი ყოფილი ავტონომიის საქმის საერთაშორისო არენაზე გატანამ გამოიწვია სააკაშვილისა და მისი გუნდის „უპრაგონო“ ხეტიალი მსოფლიოში, მათ შორის ისეთ ეკზოტიკურ ქვეყნებში, როგორებიცაა ვანუატუ, ტუვალუ, სხვები.

კონფლიქტების საკითხებს არაერთი კონფერენცია, შეკრება, თათბირი, ყრილობა ეძღვნება, რაც თავისთავად აძლევს საქართველოს ხელისუფლებას საშუალებას, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დაოთხილმა იმოგზაუროს მსოფლიოში – ცხადია ქვეყნის ბიუჯეტით.

და დადის რკინის ქალამნიანი სააკაშვილი ერთი ქვეყნიდან მეორეში სახელმწიფო ფულით – ხალხის ოფლით მოპოვებულით. დადის და თან გვამადლის – რომ არ დავდიოდე, უფრო ცუდი იქნებოდა. კეთილი, მაგრამ ამაზე ცუდი რაღა უნდა იყოს – აღარც ტერიტორიები და აღარც ფული.

სააკაშვილის ნათქვამიდან გამომდინარე, მოგზაურობა მძიმე ტვირთია. თუ ესოდენ მძიმეა, რას აიტეხა 2008 წლის აგვისტო? როგორც ბრძანა, იტალიაში ისვენებდა, მეუღლესთან ერთად, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ლამის საქართველოს მოადგა.

დარჩენილიყო იტალიაში და შორიდან ეცქერა, როგორ შემოიჭრებოდა რუსეთი საქართველოში – დამოუკიდებელ ქვეყანაში, ყოველგვარი საბაბის გარეშე?! იქნებ სწორედ სააკაშვილის დაბრუნებამ და მიღებულმა მზაკვრულმა გადაწყვეტილებებმა აიძულეს რუსეთი კონტრშეტევისთვის? არ დაგეწყო ომი, პატივცემულო სააკაშვილო, და არ ივლიდი მთელს მსოფლიოში საკუთარი თავის გამართლების მიზნით!

სააკაშვილის ანტირუსული განცხადებები იმდენად მოძველდა, რომ აღარც სულს ახარებს და აღარც გულს. ისინი კარგა ხანია ჩაბარდნენ ისტორიას. მათი მნიშვნელობა მსოფლიოსთვის კარგა ხანია დაკარგულია.

მსოფლიოში უამრავი ახალი პრობლემა გაჩნდა – გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე აფხაზეთ—სამხრეთ-ოსეთი, ასე თვლიან ისინი, მათ შორის ჩვენი „მეგობარი“ ქვეყნებიც. ჯერ-ჯერობით ისინი ავტომატურად იმეორებენ „ოკუპაციას“. შესაძლოა ხვალაც გაიმეორონ – ყასიდად, ნაკლები ცეცხლით, უბრალო დაფიქსირებისთვის, ისე, როგორც ამას აკეთებენ კვიპროსის მისამართით. მერე რა?

არც არაფერი. ისინი იტყვიან, რუსეთი მოისმენს და გააგრძელებს გზას. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა 2008 წელს ქვეყნის წინაშე გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდინა, რომლის გადაფარვა რუსეთის წამდაუწუმ ლანძღვა-გინებითა და „მხილებით“ შეუძლებელია.

2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებული ფაქტები ზედაპირზე დევს, დიდი გამოძიება მას არ სჭირდება. გადაავლეთ თვალი სააკაშვილის ომის წინა განცხადებებს, სამხედრო მეთაურთა „პატრიოტულ“ ნათქვამს და უმალ დარწმუნდებით ომის მთავარი შემოქმედის ვინაობაში.

სააკაშვილის დასჯას ვაშინგტონი არ დაუშვებს – მრავლად ამბობენ მავანნი, დიახ! ვაშინგტონს ეწყინება, ისე, როგორც წყინს დღეს ბობოლა ნაცების დაჭერა, მაგრამ რა გაეწყობა – ყველა კმაყოფილი ვერ იქნება. აშშ-ა და მისმა მოკავშირე ევროპამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიტიკურ მანტიაში გამოწყობილი კრიმინალებით რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა არასაშური საქმეა.

დასავლეთმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ნაცთა გარდა სხვებიც ცხოვრობენ, გაცილებით მეტნი, ვიდრე მისი საყვარელი ნაცები, გაცილებით განათლებულები, გაცილებით პატიოსნები, პატრიოტები. მათი მთავარი ნაკლოვანობა – სამშობლოს სიყვარულია.

რაც შეეხება დემოკრატიას, ტოლერანტობას, სხვა ყბადაღებულ დასავლურ სარეკლამო თემებს – ყველას თავისი დემოკრატია აქვს და არავინ იცის, ვისი დემოკრატიაა უკეთესი – ფემონიზებული საზოგადოების, თუ ისეთის, რომელშიც თაობები გაიზარდა – ტრადიციულს რომ უწოდებენ.

ტრადიციულის, გადაგვარებულით შეცვლამ გამოიწვია მილიონი ფრანგის გამოსვლა ქუჩებში, ცნობილი მწერლის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში თვითმკვლელობა.

დემოკრატია არ არის დამნაშავის დაცვა. დემოკრატიულს ვერაფრით დაარქმევთ დასავლეთის მიერ ხელით ნაგოგმანებ ნაცთა ცხრაწლიან აღვირახსნილობას. დემოკრატიულს ვერაფრით უწოდებთ თბილისში მყოფი ჰამერბერგის 17 მაისის შეფასებას – „მიკვირს დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი ქმედებაო“.

არც მას და არც სხვას – დემოკრატიული ფასეულობების ქედუხრელ ევროპელ დამცველებს, ნაცთა საშინელებებზე ხმა არ ამოუღიათ, ერთი სიტყვაც არ დაუძრავთ. იქნებ ართქმას, თქმა სჯობდა, არ დანახვას, დანახვა. მაგრამ ნაცთა მოჭარბებულ მასპინძლობას ვერ გაუძლეს. რა გაეწყობა – ისინიც ადამიანები არიან.

ნაცთა ცხრაწლიანმა მმართველობამ ბევრი რამ დაანახა დამონებულ საქართველოს და არა მარტო დაანახა, განაცდევინა კიდეც. არ დარჩა ოჯახი, ვისაც ნაცთა ავაზაკობა საკუთარ თავზე არ გამოეცადა. ასეთი ხელისუფლებისთვის მხარის დაჭერა, ისე, როგორც ამას ევროპელები ახერხებენ, საგმირო საქმეა.

არანაკლებ „საგმიროა“, უფრო ზუსტად, თავხედური პრეზიდენტის ნათქვამი მერაბიშვილ-ჭიაბერაშვის დაჭერასთან დაკავშირებით – ეს ადამიანები საქართველოს ახალი ცხოვრების შემქმნელები არიანო.

სააკაშვილს დღესაც ჰგონია, რომ მისი ცხრაწლიანი ბატონობა ხალხის კეთილდღეობისთვის იყო მიმართული. ანალოგიურად ჰგონიათ უცხოეთშიც. ჰგონიათ იმიტომ, რომ ახალი ცხოვრების შენება სწორედ მათი შეკვეთით დაიწყო. და როდესაც ესოდენ დიდი ღვაწლი აქვთ ჩაქსოვილი, მხარს დაუჭერენ, არადემოკრატიულს, დემოკრატიულს უწოდებენ.

ცხრაწლიანი მმართველობა ანტირუსული რიტორიკის მძლავრ საძირკველზე იდგა. აშშ-სა და მისი ევროპელი პარტნიორების ძალისხმევით, საქართველო, პოსტსაბჭოთა სივრცის ანტირუსული ქმედების თავდავიწყებული სუბიექტი გახდა. სააკაშვილსა და დასავლეთს აწყობდათ ანტირუსული ლოზუნგების ფრიალი და მტკიცება იმისა, რომ ყურადღების ოდნავი მოდუნების შემთხვევაში დიდი მეზობელი საქართველოს ჩასაყლაპ ხახას დააფჩენდა.

სააკაშვილს არაერთხელ გაუფრთხილებია, როგორც საკუთარი ქვეყანა, ისე დასავლეთი, რომ რუსეთთან მიმართებაში სიმკაცრე და სიფრთხილე იყო საჭირო. ოდნავი მოდუნებაც კი საბჭოთა კავშირის აღდგენას გამოიწვევდა

ძნელია იმის თქმა – რუსეთში ამ საკითხს როგორ უყურებენ, არასაჯაროდ, საჯაროდ რასაც ამბობენ შორს არის უტოპიური აზრებისგან. რუსეთის ხელისუფლებას რაც სურს – არის ყველა ყოფილთან ნორმალური სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბება, გარანტია იმისა, რომ მათი ტერიტორიები არ აღმოჩნდება უცხოური სამხედრო ბაზების არენად, რომ ამ ტერიტორიებიდან რუსეთს რაიმე ხიფათი არ შეექმნება.

სააკაშვილის მიხედვით, დსთ-ს ურთიერთდამოკიდებულება ისეთივეა, როგორც საბჭოეთის დროს ანუ სახეზეა კრემლის დიქტატი, რაც რბილად რომ ვთქვათ, სიცრუეა. წინა წერილში აღვნიშნე ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის განცხადების თაობაზე კასპიის ზღვის პორტ აქტაუსთან დაკავშირებით. ნაზარბაევი ვერავითარ ტრაგედიას ვერ ხედავს იმაში, თუ აქტაუში ნატოს დროებითი სამხედრო ბაზა მოეწყობა, რომელიც მოემსახურება ავღანეთიდან წამოსული ნატოს სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირბას.

კასპიის ზღვაზე ნატოს ბაზის შექმნა რუსეთ-ირანის პირდაპირი გამოწვევაა, ვინაიდან ორივენი დაბეჯითებით ეწინააღმდეგებიან მესამე ქვეყნის კასპიის ზღვაზე გამოჩენას. ამგვარ პერსპექტივას ეწინააღმდეგება კასპიის ზღვის ხუთი სახელმწიფოს, მათ შორის ყაზახეთის გადაწყვეტილებაც.

სააკაშვილის ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ნაზარბაევს მსგავსი მოსაზრება, კრემლის შიშით სიზმარშიც არ უნდა გაევლო თავში, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ისეა საქმე – სააკაშვილი რომ ღაღადებს. დსთ-ს წევრი სახელმწიფოები კრემლისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებენ, რაც გამოჩნდა კიდევაც აფხაზეთ, სამხრეთ-ოსეთთან მიმართებაშიც – მათ არ აღიარეს საქართველოს ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობა. ამისთვის რუსეთს ისინი არ დაუსჯია.

რუსეთთნ ურთიერთობის ფორმატი ყველა დსთ-ელს განსაკუთრებული აქვს და არც ერთი მათგანი არ წააგავს ყმა-ბატონის ურთიერთობას. ერთ ასეთ მაგალითს მოვიყვან: — სანგტუდინის ელექტროსადგურის მშენებლობას, რომელშიც რუსეთთან ერთად ირანიც მონაწილეობდა. ტაჯიკეთს ორივეს მიმართ ვალები დაუგროვდა (რუსეთის 67 მილიონი დოლარი). ტაჯიკეთი სხვადასხვა სახის კომბინაციებს მიმართავს, უკავშირებს რა მას რუსეთის 201 სამხედრო ბაზის არსებობას. ტაჯიკეთი ახალ მოთხოვნებს აყენებს – ვალების ჩამოწერას, ჰიდროენერგეტიკაში ახალ ინვესტიციების, სამხედრო დახმარების გაზრდას.

სამხედრო ბაზის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაცია ტაჯიკეთის პარლამენტს არ განუხორციელებია. თვალშისაცემია დუშანბეს პოლიტიკური თამაში – ის კარგა ხანია აწარმოებს ვაშინგტონთან საიდუმლო მოლაპარაკებებს სამხედრო-პოლიტიკურ დარგში.

დუშანბე ამზადებს ფონს აშშ-ს სამხედრო კონტიგენტისთვის, რომელიც მომავალ წელს დატოვებს ავღანეთს. მსგავსი ნაბიჯი მიუღებელია როგორც მოსკოვისთვის, ისე თეირანისთვის. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები ვაშინგტონთან გრძელდება.

დუშანბეს, მოსკოვთან არ უნდა აწყობდეს ვითარების დაძაბვა, რადგან ტაჯიკეთი, რუსეთში მცხოვრები ტაჯიკებიდან, ყოველწლიურად 4 მილიარდ დოლარს იღებს. ტაჯიკეთი, რომელიც ბევრად უფრო დამოკიდებულია რუსეთზე, მოსკოვისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ეწევა. ასე, რომ სააკაშვილის მიერ საქართველო-დასავლეთის დაშინება – საბჭოთა კავშირის აღდგენასთან დაკავშირებით, სრული დემაგოგიაა და მეტი არაფერი.

თუმცა ვინ იცის – სააკაშვილის ტყუილების დიდმა ნაწილმა გაჭრა, განსაკუთრებით ზოგიერთ საქმეში ჩაუხედავ ქართველში და არა მარტო მასში. ბევრი გულუბრყვილო ამერიკელიც წამოეგო მის ანკესს. ეს, რომ არ მომხდარიყო, ამერიკელი ექსპერტი ჯეიმს ჯატრასი 2010 წელს აფრთხილებდა ობამას – „პრეზიდენტო ობამა, გააუქმე სააკაშვილის მოპატიჟება“.

„ჩვენთვის, ამერიკელებისთვის, უმთავრესია გავაკეთოთ ისე, რომ სააკაშვილმა არ ჩაგვითრიოს თავის ავანტიურაში. 2008 წლის ომის დროს, ბუშის ადმინისტრაციის ზოგიერთი მოხელე გამოდიოდა რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების განხორციელების ინიციატივით, რითაც საფრთხის წინაშე აყენებდა ქვეყანას, რუსეთთან პირდაპირი ომის გაჩაღებით. მსგავსს ადგილი ცივი ომის დროსაც არ ჰქონია. ვერავითარი ამერიკული ინტერესი ვერ გაამართლებს ასეთ რისკს.

ვერავითარი ამერიკული ინტერესი ვერ იხსნის სააკაშვილის დაღმა მსვლელ პოპულარობას საკუთარ ქვეყანაში. რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯოს სააკაშვილმა ლობისტებისთვის, არაფერი ეშველება. სააკაშვილს უნდა ვუთხრათ, რომ ამერიკას არ სურს მისი ხილვა. პრეზიდენტმა ობამამ უნდა აგრძნობინოს სააკაშვილს, რომ მან ცუდად გამოიყენა ვაშინგტონის სტუმართმოყვარეობა“.

ეს სიტყვები 2010 წელს არის დაწერილი, მაგრამ სამწუხაროდ, არ იქნა გაზიარებული თეთრი სახლის მიერ, არადა რომ ყოფილიყო ბევრ უკუღმართობას გადავრჩებოდით. ჯატრასის მსგავსი ამერიკელებიც არიან, მაგრამ მათზე მეტნი ისინია, ვინც მხოლოდ ჰეგემონიზმის შენარჩუნებაზე ოცნებობენ, ასეთთათვის სააკაშვილი ნამდვილი მიგნებაა.

უსმენ სააკაშვილს და ფიქრობ – ესოდენ პიტალო ბრიყვი, როგორ მოექცა ქვეყანის სათავეში. ესოდენ მატყუარა, ნიანგისცრემლმორეული როგორ აჭენებდა ქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში; როგორ ხიბლავდა აშშ-ს სამთავრობო თუ არასამთავრობო წრეებს; როგორ ალაპარაკებდა მათ სააკაშვილისა და მისი ნაცების დასაცავად. უფრო მეტიც, როგორ ალაპარაკებს დღეს, როდესაც სააკაშვილის შავბნელი საქმეები სააშკარაოზეა გამოტანილი.

მინდა მჯეროდეს, რომ სააკაშვილის დასაცავი რიტორიკა, უბრალო ვალის მოხდაა და მეტი არაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც ისეთივე დამნაშავეები არიან, როგორც სააკაშვილი და მისი ნაცები.

სააკაშვილის ბოლო გამოსვლა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების სადარია – ყავლგასული, ფსევდოპატრიოტული, ტლაინქი, მიუღებელი 21-ე საუკუნის აზროვნებისთვის. ის უფრო წარსულში დაბრუნებაა, ვიდრე მომავლისკენ სწრაფვა. სააკაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტობის პერიოდშივე მოახერხა პოლიტიკურ სანაგვეზე ჯეროვანი ადგილის დაკავება. ასე იცის მაღალი სავარძლისადმი უკიდეგანო ტრფიალმა.

  ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.