რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?
ძველი და ახალი წლების მიჯნაზე თვალს ავლებ გასულს და სამომავლოდ ახალ გეგმებს სახავ. ქვეყანაც ასეა – ადამიანებისგან შემდგარი. მასაც აქვს რაღაც გასახსენებელი, ღირშესანიშნავი, რაღაც მნიშვნელოვანი გასაკეთებელი. როგორც ქვეყანას, ისე თითოეულ მის მოქალაქეს ამოძრავებს მთავარი – იმედი უკეთესად ყოფისა, წარსულში აუსრულებელი ოცნების, მომავალში რეალიზებისა.
უკვე ისტორიის კუთვნილებად მიჩნეულ 2013 წელსაც ჰქონდა რაღაც ისეთი, მომავალში რომ გავიხსენებთ, თუმცა ამ „რაღაცაში“ კარგად გასახსენებელი მოკრძალებული რაოდენობისაა. ისე სწრაფად გაირბინა 2013 წელმა, მთავრობამ ვერც კი მოასწრო უამრავი დანაპირებიდან თუნდაც მცირედის შესრულება. აქტიურ „შრომაში“ გართულს უცბათ შემოეძარცვა 365 დღე და რომ წლიური ციკლი ერთით მეტი ყოფილიყო, საახალწლო სუფრაზე უდავოდ ფართო ასორტიმენტს შემოგვთავაზებდა. რა გაეწყობა, ისევ მომავალს უნდა დაველოდოთ.
ლოდინი და იმედი კაცობრიობის არსებობის უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა. რაღაცის მოლოდინსა და იმედში გადის ჩვენი ცხოვრება. გადის სწრაფად, უმოწყალოდ. 2013 წლის მთავარი მოლოდინი და იმედი ბიძინა ივანიშვილი იყო. 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წარმატებამ განაპირობა ეს.
საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ხელმძღვანელზე, ლიდერზე, „ბელადზე“ ამყარებს იმედს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, არჩევნებში, რიგით პოლიტიკოსზე რომ გაამახვილებს ყურადღებას. მას ლიდერი, წინამძღოლი უნდა.
2012 წელს ხალხმა თავის ბელადად მილიარდერი, ქველმოქმედი, ბიძინა ივანიშვილი აირჩია, უარი თქვა რა „ქარიზმატული“ ლიდერის, სააკაშვილის პარტიაზე – შიშის ზარს რომ სცემდა ქვეყანას.
ხალხის ლოგიკა მარტივი იყო – მილიარდერი, მრავალი წლის განმავლობაში ინტელიგენციის დამაპურებელი, კულტურის ძეგლთა სიჯანსაღეში უდიდესი წვლილის შემტანი. კაცი, ფიზიკურად უცნობი, მაგრამ კეთილი საქმეებით ცნობილი. სიტყვის კაცი. ხალხი ენდო მას, გაჰყვა მას და წინასაარჩევნო პროგრამით მოხიბლული, მთელი თუ არა, გასული წლის ნახევარი, მისგან მოსალოდნელი დანაპირების ასრულებაზე ფიქრს გადააყოლა.
გასული წელი საქართველოს ისტორიას შემორჩება ორად გაყოფილ წლად. პირველში, იყო ივანიშვილის მთავრობის მიერ კონკრეტული საქმეების კეთების მოლოდინი. მეორეში, გაცრუებული მოლოდინით გამოწვეული ჭმუნვა. მოგვიანებით მას დაემატა ივანიშვილის მიერ იმ განცხადების გამეორება, რომელიც მან პოლიტიკაში შემოსვლისთანავე გააკეთა – დავალაგებ ვითარებას და ერთ-ორ წელიწადში წავალ.
მიუხედავად ამისა, ხალხს მაინც არ სჯეროდა ივანიშვილის წასვლა, ვინაიდან ახსოვდა სხვა განცხადებაც – მომწონს პოლიტიკა, ბიზნესს თავს დავანებებ და პოლიტიკაში ვიქნებიო.
ივანიშვილის წასვლის მიზეზს არაერთხელ შევეხებით მომავალში. იქნება მსჯელობა, თავის მტრევა, მაგრამ არ იქნება პასუხი ზუსტი და გასაგები – რატომ? პოლიტიკოსთა ნაწილმა, განსაკუთრებით „ოცნებიდან“, ლიდერს მოუწონეს გადაწყვეტილება – აქაოდა ამით ქვეყანაში შეიქმნება პრეცედენტი ხელისუფლებიდან ნებაყოფლობითი წასვლისაო.
იყო სხვა მოსაზრებაც – გადაწყვეტილების არასერიოზულობა. ხალხმა „ოცნებას“ ივანიშვილის ხათრით მისცა ხმა. მას (ხალხს) არ მიუცია ხმა კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის, განსაკუთრებით რესპუბლიკელებისთვის. ხალხი ივანიშვილისგან ელოდა დაპირების ასრულებას და არა „ოცნების“ აჯაფსანდალისგან.
ივანიშვილის წასვლა ხალხისთვის უდიდესი იმედგაცრუება იყო, მაგრამ არანაკლები – ხალხისთვის ულტიმატუმის წაყენება – არ აირჩევთ მარგველაშვილს 60-ზე მეტი პროცენტით და ის მეორე ტურში არ მიიღებს მონაწილეობას. ასე და ამრიგად, ივანიშვილმა დაგვიტოვა ყველასთვის უცნობი პრეზიდენტი, უცნობი პრემიერ-მინისტრი, რეკომენდაცია გაუწია ერთ-ერთ „ოცნებელს“ ქალაქ თბილისის მერობაზე.
ივანიშვილის ამბიციური სურვილების დაკმაყოფილებას ხალხი მორჩილად შეხვდა, თუმცა იყო გაოცებაც და გაოცებიდან გამომდინარე – იმედგაცრუებაც. იმედგაცრუება თვალშისაცემი გახდა ახალი ხელისუფლების ავადმყოფური სიხარბის შედეგად.
უზნეობა და ღორმუცელობა ახალს, ძველი ხელისუფლებიდან გადმოჰყვა. დედის რძესავით შეირგო ახალმა ხელისუფლებამ – მოსვლიდან ორი თვის თავზე, „მუყაითი შრომისთვის“ გამოწერილი პრემიები, მომატებული ხელფასები, საკუთარი ორგანიზმის გადასატან-გადმოსატანი ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენა, უძვირფასესი მობილური ტელეფონებით საკუთარი პერსონის აღჭურვა, კაბინეტების გარემონტება და ა.შ.
ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს უკაცრიელ უდაბნოში დაიწყეს „მოღვაწეობა“, არადა ამ საკითხში ხომ ბადალი არ ჰყავდა ნაცურ ხელისუფლებას? ის, რაც მათ „ეფექტიანი“ მუშაობისთვის ჰქონდათ სახელმწიფოდან მიღებული, სახლში ხომ არ წაუღიათ? უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი იმერლიშვილი მოურიდებლად აცხადებს – თითქმის 80-ათასიან „ტოიოტას“ სახლში ხომ არ წავიღებო. ჩემს თანამდებობას ეკუთვნის ასეთი რამო. ნეტავ რა საშიში საქმის წინაშეა უშიშროების საბჭოს მდივანი, რომ ძვირადღირებულმა „ჯიპმა“ იხსნას?
არც ახალი მთავარი პროკურორი ჩამორჩა „დროს“. აქაოდა შოვნააო და უმალ იმერლიშვილის „ჯიპზე“ ორჯერ ძვირი ავტომანქანა ამოიდო საჯდომქვეშ. არადა მთავარ პროკურორს ეკუთვნის. როდესაც მისი ზემდგომი კოლეგები უდიპლომობას და ყაჩაღობას პატიობენ, „ჯიპი“ რა არის?!
და ეს ყველაფერი გაღლეტილ, მშიერ საქართველოში – მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უმდაბლესი პენსიით, უსუსტესი სოციალური პირობებით და რაც მთავარია გაურკვეველი მომავლით. უცნობი, თანაც ხარბი მოხელეების გამოჩენამ, ხალხს ხელისუფლებისადმი მბჟუტავი იმედიც ჩაუქრო და იმედგაცრუებულმა ისევ თავის ნაჭუჭს მიაშურა, ჩაიკეტა და ჩათვალა, რომ ახალი ხელისუფლება არ შეუსრულებს დანაპირებს – არც სამართლიანობას აღადგენს, არც ნაცთა მიერ წაგლეჯილ სიმდიდრეს დააბრუნებს, არც ნაცებს დასჯის, თითო-ოროლა ნაცის დაკავება, განაჩენის გამოტანა და თავისუფლების აღკვეთა არ არის.
2013 წელი „კოჰაბიტაციური“ წელი იყო, რომელმაც სრულად, თუ არა ნაწილობრივ მაინც შეაჩერა დამნაშავე ნაცების დასჯა და არათუ შეაჩერა, მთავარ ოპოზიციურ ძალად გადააქცია.
2013 წელს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს კოჰაბიტაციის დასავლელ ავტორთა შეუნიღბავი პარპაშის წელი. ვინ არ იყო აქ? ყველა ისინი თავხედურად იცავდნენ კრიმინალ ნაცებს, მოუწოდებდნენ ხელისუფლებას შემწყნარებლობისკენ. მათმა „ძალად მაცხონეობამ“ გაჭრა. ჯერ იყოდა ივანიშვილმა განაცხადა – ისინიც ამ ქვეყნის შვილები არიან და უნდა შევინდოთო, შემდეგ – პრეზიდენტის არჩევნები და ნაცთა სრული რეაბილიტაცია. მეორე ადგილზე გასვლამ ნაცებს ახალი სული შთაბერა, რაც თვალნათლივ ჩანს მათ ყოველდღიურ ქცევაში. 2013 წელს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ნაცთა რეაბილიტაციის წელი.
2013 წელი ნაცთა ბელადის, სააკაშვილის უსაგნო ხეტიალის, ავანტიურისტული განცხადებების, სახელმწიფო ჯილდოების, საქართველოს მოქალაქეობის „უპრაგონო“ მინიჭების წელიც იყო. უფლებამოსილებით შეკვეცილი პრეზიდენტის ქცევამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ის იმაზე მეტი გამოდგა, ვიდრე სააკაშვილისგან ელოდა ხალხი.
სააკაშვილმა დაგვანახა, როგორი არ უნდა იყოს პრზიდენტი. სააკაშვილმა დაგვანახა, რომ ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანა მისი „ხოშის“ გასასწორებელი ინსტრუმენტი იყო, რომ ქვეყანა მეწველი ძროხაა, საკუთარი „სტომაქის“ ამოსაყორად.
სააკაშვილმა დაგვანახა, რამდენად სახიფათოა ამბიციური, გადაქანებული, ბოროტი ადამიანის პრეზიდენტობა. დაგვანახა, მაგრამ ნეტავი დიდხანს გაგვყვება სააკაშვილის გულბოროტი მმართველობა? და თუ არა, ამერიკიდან დაბრუნებული ახალი ენერგიით გვეკვეთება.
2013 წელი ახალი მთავრობისა და პარლამენტის გამოცდის წელიც იყო. სამწუხაროდ, დიდით ვერაფრით დაგვამახსოვრეს თავი, გარდა ერთისა, მათი პოლიტიკური ვექტორიც ისეთივე იყო, როგორც წინამორბედის. საზოგადოება ივანიშვილისგან პოლიტიკური ვექტორის შეცვლასაც მოელოდა, ანუ დასავლეთთან ბატონყმური ურთიერთობების შესუსტებას, რუსეთთან დამოკიდებულების გაუმჯობესებას.
სოფლის მეურნეობის პროდუქტების რუსულ ბაზარზე გატანა „რაღაც“ არის, მაგრამ არა ის, რასაც ველოდით. ნაციონალთა ოპონირებით შეშინებულმა ხელისუფლებამ მეტი ვერ გაბედა. რაც შეეხება რუსეთს, არც ის დარჩა კმაყოფილი. ახალი ხელისუფლებიდან უფრო მეტს მოელოდა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნისთვის უდიდესი რამ მოხდა 2013 წელს – პარაფირება გაუკეთდა ევროკავშირის ასოცირებული წევრობის დოკუმენტს, რაც თავისთავად გაზვიადებული რამ არის, რამეთუ ასოცირებული წევრობა, ნამდვილ წევრობას არ ნიშნავს. თვით ნამდვილი წევრობაც კი არ იძლევა ესოდენი ჟივილ-ხივილის საბაბს, ფანჯიკიძემ და მისმა კოლეგებმა რომ ატეხეს.
თვალი შევავლოთ ევროკავშირის წევრ ბულგარეთსა და რუმინეთს, მათ დანგრეულ ქარხნებს, განადგურებულ მრეწველობას და სოფლის მეურნეობას, აუტანელ სოციალურ პირობებს. ლუკმაპურის საშოვნად ევროკავშირს მოდებულ ბულგარელებსა და რუმინელებს. სულ ახლახანს ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“-მ ერთსაათიანი გადაცემა მიუძღვნა ამ ქვეყნებს, სათაურით – რუმინელები მოდიან.
შეშინებული ინგლისი ელდასავით ელოდება 2014 წლის იანვარს – ბულგარეთ-რუმინეთის შენგენის უვიზო ხელშეკრულებასთან მიერთებას. იანვრიდან ამ ორი ქვეყნის მოსახლეობას ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების საშუალება მიეცემა. სწორედ ეს აფრთხობს ინგლისს, ვინაიდან შიშობს, ბულგარელ-რუმინელების მასობრივ მოზღვავებას, რაც, მათი აზრით, გაზრდის კრიმინალს, თვით ინგლისელებს წაართმევს სამუშაო ადგილებს და სხვა.
ბულგარეთ-რუმინეთს ევროკავშირის „ოქროს ხელი“ არ ეტყობათ, ვინაიდან ასეთი, არ იყო გათვალისწინებული ბრიუსელის მხრიდან. და როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთობ მძიმე დღეში არიან, რა მოგველის ჩვენ – სამომავლო ასოცირებულ წევრს?
თუმცა ქართველობა უფრო წინდახედული გამოდგა. რახანია გავანადგურეთ ფაბრიკა-ქარხნები. იქ არსებული ჩარხ-დანადგარები, ჯართის სახით საზღვარგარეთის გზას გავუყენეთ. საქართველო ადრე გათავისუფლდა „შავი“ წარსულისგან, გაცილებით ადრე, ვიდრე შვედეთი და პოლონეთი მოიფიქრებდნენ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მზაკვრულ გეგმას, რომლის უმთავრესი მიზანი პოლიტიკაა და არა ეკონომიკა, ანუ რუსეთის გავლენის სფეროს შეკვეცა.
ასოცირებული წევრობა არის მოსკოვის ორბიტიდან გამოსვლა და ევროკავშირიდან დისტანცირება, ანუ მოსკოვის გავლენიდან გამოსული ქვეყანა ევროკავშირში კი არ შედის, არამედ შესვლისთვის რიგში დგება, უვადოდ, ხანგრძლივად. და რიგში დგომის დროს უყოყმანოდ ასრულებს ბრიუსელის დავალებებს.
ქართული პოლიტიკა აღტაცებულია ვილნიუსის სამიტით და თვლის, რომ დიდი საქმე გააკეთა. რომ იტყვიან, შავი და თეთრი აბანოში გამოჩნდება, მაგრამ, როცა გამოჩნდება, გვიან იქნება!
2013 წელს საქართველომ ე.წ. დამოუკიდებლობაზე უარი თქვა და რეალური დამოკიდებულება აღიარა. მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ, სხვის დაქვემდებარებაში ხანგრძლივმა ყოფნამ, ღრმად გაიდგა ფესვი თითოეულ ქართველში. და როდესაც ამ სენის განკურნების თავი არ გვაქვს, სხვას უნდა გადავაბაროთ ქვეყნის მართვის სადავეები.
რჩევის სახით, იქნებ ქართულ პოლიტიკაში გაგვეზიარებინა ფეხბურთში არსებული გამოცდილება და ქვეყნის სამართავად (მწვრთნელად) უცხოელი პოლიტიკოსი მოგვეწვია. ურიგო არ იქნებოდა, თუ ის მთავრობაში „მოთამაშე“ მინისტრებსაც უცხოეთიდან მოიზიდავდა.
სააკაშვილს ხომ ჰქონდა ამის მცდელობა? მის დროს ყველა სამინისტროს ჰყავდა უცხოელი მრჩევლები. გახსოვთ ალბათ, საქართველოს ელჩი გერმანიაში, თუ არ ვცდები, ავსტრიელი ქალბატონი იყო – მერკელს მშობლიურ ენაზე დაელაპარაკებაო. ამ ლოგიკით ნებისმიერი გერმანელი პრიორიტეტულ პოზიციაში უნდა იყოს კანცლერინის კარზე.
2013 წელს განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ უცხოელი დიპლომატები და პოლიტიკოსები. ისინი „უპრაგონოდ“ ხელს აფათურებდნენ საქართველოს საშინაო საქმეებში. ამ მხრივ დიდი ენერგია გამოავლინა აშშ-ს ელჩმა ნორლანდმა, ევროკავშირის ელჩმა დიმიტროვმა, ამერიკელმა სენატორმა მაკკეინმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მუშაკებმა, ნატოს ექსპერტებმა, სხვებმა.
ევროატლანტიკური სივრცის წარმომადგენლები საქართველოში თავს ბატონებივით გრძნობენ და ასე იქნება მომავალში. დღეს ისინი გვკარნახობენ – რა უნდა ვაკეთოთ, მაგალითად რუსეთთან მიმართებაში, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, მეზობლებთან დამოკიდებულებაში.
სწორედ ამ კარნახით საქართველომ ნულზე დაიყვანა ირანთან ურთიერთობა, კვლავ შემოიღო რა სავიზო რეჟიმი. როდესაც საზღვარზე მოსულ ირანელ კინემატოგრაფისტებს უკან გააბრუნებ, რჩევით – ვიზისათვის თეირანში არსებულ საქართველოს საელჩოს მიმართეთო და ისიც სამდღიან ვიზას გასცემს. როდესაც, დასავლეთის რჩევით, საქართველოს ბანკები ირანელ ბიზნესმენებს ფულს გაუყინავენ, როდესაც ქართული მხარე ირანელ ტურისტებს აიძულებს ხელი აიღონ საქართველოში ჩამოსვლაზე, ნათლად მეტყველებს, რა დონის საგარეო პოლიტიკა გვაქვს. ამ სიბრიყვეების შემოქმედი მინისტრი თავს უფლებას აძლევს არაპროფესიონალური დემაგოგიური აზრები მოგვახვიოს.
განვლილი წელი სხვა მსხვილმან-წვრილმანი ამბვებითაც იყო აღსანიშნავი, მაგრამ ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. დასასრულს მოკლედ ვიტყვი იმედსა და იმედგაცრუებაზე. საზოგადოებას იმედი ჰქონდა ივანიშვილის, მაგრამ ის წავიდა, განერიდა პოლიტიკას და მასთან ერთად წავიდა სამართლიანობის აღდგენა, გადასახადების შემცირების, ბენზინზე ფასების დაკლების, წამლებისა და მედიკამენტების გაიაფების დანაპირები ზღაპარი. მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაცია. ფაქტიურად ის დაკანონდა როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია.
ენერგომატარებლებზე განხორციელებული ფასდაკლება იმდენად მიზერული გამოდგა, რომ საზოგადოება ამას ხელისუფლების დიდ მიღწევად არ მიიჩნევს. ანალოგიურ მდგომარეობაშია სოფლის მეურნეობისთვის გაწეული დახმარება. არაკომპლექსურობამ და ნაკლებმრავალფეროვნულობამ დიდი ეფექტი ვერ მოიტანა.
სუსტი იყო საკადრო პოლიტიკა, რამაც დასაწყისშივე იჩინა თავი. რა იქნება მომავალში, ძნელი სათქმელი არ არის.
გასული წელი ლიბერალური აზროვნების განვითარების და პროპაგანდის წელიც იყო, რამაც მასობრივი სახალხო გამოსვლა ააგორა და ჩვენს დასავლელ „მეგობრებს“ დაანახა, რომ საქართველო კერკეტი კაკალია, მასთან სხვა ენის გამონახვაა საჭირო, ვიდრე ლიბერალურის.
ისტორიას ჩაბარდა 2013 წელი, აუსრულებელი ოცნებების წელი. ბედნიერებასა და იმედების ასრულებას გისურვებთ ახალ 2014 წელს!
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.