31.10.2024

რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?

„ნატოშიც შევალთ და ევროკავშირშიც“, – ბრძანა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს. შევალთ, მაგრამ მანამდე მსოფლიოში არსებულ ყველა კონფლიქტში მონაწილეობა არ აგვცდება. ამ „შესანიშნავი“ პერსპექტივის თაობაზე ჯერ ალასანიამ გვაუწყა ბრიუსელიდან, შემდეგ საფრანგეთის სამხედრო ატაშემ საქართველოში. ბარაქალა თქვენს მიგნებას, განსაკუთრებით ფრანგის, რომელმაც ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე „გვირჩია“ – გინდათ ნატოში შესვლა, წადით მალიში. და ეს მაშინ, როდესაც თვით საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით – მალის ოპერაცია საფრანგეთის ჯარისათვის მაისში დასრულდება.

ძნელია დაიჯერო, რომ ეს ასე მოხდება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ცინცხალი მაგალითები წინ გიდევს – ერაყის სახით. ერაყში შეჭრიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში მაშინდელმა პრეზიდენტმა ბუშმა სიამაყით აუწყა მსოფლიოს ოპერაციის წარმატებით დასრულება. მერე რა, რომ ამ „საზეიმო“ განცხადებიდან, ომის დასრულებამდე მრავალი წელი გავიდა, შესაბამისი მსხვერპლით, ნგრევით და ა.შ. დავუშვათ, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება ახდა, ჩვენ რაღა გვინდა მალიში?

ფათერაკების მაძიებლებს დაამსგავსა ქართული ჯარი წინა და ახალმა ხელისუფლებამ. მომავალ წელს აშშ-ი ასრულებს თავის სამარცხვინო მისიას ავღანეთში, მაგრამ მასზე ჩამოკიდებული საქართველო – არა. ნატოში, ქართველთა ინიციატივით, განიხილება ქართველი მეომრების იქ დარჩენის საკითხი.

ავღანეთის ხანგრძლივი სამხედრო ოპერაცია ტერორიზმის წინააღმდეგ არის მიმართული. ყოველ შემთხვევაში ასეთ კლასიფიკაციას აძლევს მას აშშ-ს ადმინისტრაცია, რასაც თავისთავად იზიარებს პარტნიორი საქართველოც. ტერორიზმის მასშტაბები კი უკიდგანოა. ის ხან ერთ ქვეყანაში წამოჰყოფს თავს და ხან მეორეში. აქედან და საქართველოს ხელისუფალთა შემართებიდან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ, რომ ქართველი მეომრების საბრძოლო არეალი გაიზრდება.

მთავარი „მეოცნების“ ოცნება ნატო-ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით დიდი ხანია რომ ასრულებულია, მტკიცება არ სჭირდება. სოლიდური სიმდიდრე და არანაკლები სოლიდური ქვეყნის მოქალაქეობა ამის დასტურია. ბიზნესი ისეთი რამ არის, საზღვრები რომ არ იცის.

საზღვრები და რაც მთავარია, მასთან დაკავშირებული სავიზო შეზღუდვები ნაკლებად იძლევა თავისუფალი გადაადგილების საშუალებას, განსაკუთრებით ევროკავშირის სახელმწიფოებში. რახანია ქვეყნის ხელმძღვანელობა პირდება საქართველოს მოსახლეობას გაიოლებულ სავიზო რეჟიმს, თუმცა მისი წვლილი აუსრულებელ დაპირებაში გაცილებით მოკრძალებულია, ვიდრე ევროკავშირის. არალეგალური მიგრაციით შეწუხებულ ევროპას უჭირს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რაც არ არის გასაკვირი. ევროპას თავისი გაჭირვება აქვს, როგორც სამუშაო ადგილების სიმცირით, ისე მზარდი უმუშევრობის თვალსაზრისით. ასეთ შემთხვევაში ცეცხლზე ნავთის დასხმის სადარია უკანონოდ შესული ასეულ-ათასობით ადამიანი.

ევროკავშირში შექმნილი მძაფრი ეკონომიკურ-საფინანსო კრიზისი არ უნდა იძლეოდეს იქ გაწევრების სტიმულს, მაგრამ ვიდრე ადამიანი პირადად არ დარწმუნდება იქაურ „სიკეთეებში“, მუდამ ექნება ლტოლვა უკეთესობისკენ. ანალოგიური განცდა ჰქონდათ კვიპროსელებს 5 წლის წინათ. დღეს, ევროკავშირამდე არსებულ ცხოვრებას მისტირიან.

ევროკავშირის მოუქნელობაზე და დიქტატზე არა მარტო ახალი წევრი ქვეყნები წუწუნებენ, არამედ ძველებიც – საფრანგეთის, იტალიის, პორტუგალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის სახით. შექმნილი ეკონომიკური პრობლემებით შეწუხებულნი, დაბეჯითებით მოითხოვენ კავშირში ყოფნა-არყოფნის რეფერენდუმის ჩატარებას. დემონსტრაციები, სახალხო მიტინგები, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა, მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადება, ვადამდელი არჩევნების ჩატარება ჩვეულებადაა ქცეული, თუმცა კრიზისს არაფერი შველის. ჩვენ კი ევროპისკენ მივიჩქარით.

იმ კრიზისიან ევროპაში გაცილებით უკეთესი ცხოვრებაა, ვიდრე აქ. ყოველ შემთხვევაში ასე გვგონია ჩვენ. მივდივართ და რახანია მივდივართ – ხელისუფალთა განცხადებით. ივანიშვილი ამ შემთხვევაში არ მყავს მხედველობაში. ის ახალია. აი, ძველები კი, სააკაშვილის თამადობით, დღესაც ყურებს გვიჭედავენ, თან გვემუქრებიან, თუ ახალმა ხელისუფლებამ, უმცირესობასთან დაკავშირებით, ნამდვილი სამართალი მოითხოვა, ვილნუსის სამიტი უარს გვეტყვის ასოცირებულ წევრობაზეო, თითქოს ასოცირება ისეთი რამ იყოს, უმალ ყველა ქართველს თაფლივით რომ წაადგება.

სააკაშვილის მიხედვით, ევროკავშირთან ინტეგრაცია მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული და არა ბრიუსელის მაღალ მოხელეებზე. იქ შესვლა თუ მარტო ჩვენზე იყო დამოკიდებული, რაღას აჭიანურებდა? ცხრაწლიანი ბატონობის პერიოდში მას არაერთხელ შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ . . .

ევროკავშირში შესვლა გაცილებით რთულია, ვიდრე ნატოში, თანაც ისეთი პრობლემებიანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ამ ორგანიცაზიების სისტემატური ხსენება ისე დააჩქარებს ამ პროცესს, როგორც ერთი მერცხალი გაზაფხულს. ნაცვლად ტყუილი დაპირებისა, უმჯობესი იქნებოდა საკუთარი ხელით, საკუთარი ცხოვრების ჭედვა და თუ ამას შევძლებთ, წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩება. და ასეთ ვითარებაში იქნებ არა ჩვენ, არამედ იმათ დაგვიწყონ ხვეწნა – ანტრე ბატონო, უთქვენოთ ჩვენს არსებობას ფასი არ აქვსო.

მკითხველი იტყვის – მანამდე გვერდები არ აგიდგეს, ვიდრე ეს არ მოხდესო. და მართალიც იქნება. იცის იმ ევროპამ, ჩვენი გასაკეთებელი საქმე მას რომ გვინდა ავკიდოთ, ამიტომაც იკავებს თავს და ათას ამოცანას გვტენის ამოსაცნობათ.

ხელისუფლება კი გვპირდება, თანაც რახანია. ხალხი ელის. მეტი რა გზა აქვს, ელის იმედით. იმედი დიდი რამ არის.

„სულელის ძირი რა არის? – ლოდინი. აბა „ლოდინი“ და „სულელი“ – საიდან სადაო, იკითხავთ. არც ისე შორს არიან ერთმანეთზე. იმ კაცს რას ეტყვით, რომელიც „სულ ელის და სულ ელის?“ სულ ელიო „მორჩა და გათავდა“ – წერდა დიდი ილია.

ახლა, რაც შეეხება „ლოდინს“, ისიც მისი განმარტებით, „ლოდინში ერთი კიდევ კარგი ის არის, რომ მუქთია. რამდენიც გინდათ ხარჯეთ, გროში არ გაგივათ. მერე კიდევ ის არის, რომ თუ მოინდომეთ, დაუსრულებელი იქნება, ბოლო აღარ მოეღება. ამ მხრივ ლოდინი მეტად კარგი ხერხია და ოსტატის კაცისთვის დიდად გამოსაყენი. შეიძლება ერთს რისამე ლოდინს რომ ბოლო მოეღოს, მაშინვე მეორე საგანი აუჩინო და ამას მიუსიო ადამიანის მუდამ დამშეული გული. ამ გზით შეგიძლიათ ადამიანის გულს არ მოაშოროთ ლოდინი არასდროს. ლოდინი თოკია, თუ ოსტატმა კარგად და ხერხიანად გამოიყენა, მაშინ ხსნილიც დაებმის და დაბმული ხომ დაბმულია და დაბმული“.

1882 წელს დაწერილი მოსაზრება დღესაც აქტუალურია. ოსტატის ხელში ლოდინი მეტად კარგი ხერხიაო, რომ წერს ილია, ზუსტად ესადაგება წინა ხელისუფლებას – თაღლითობასა და ტყუილებში დაოსტატებულს. რა დიდი სურვილია, რომ ახალმა ხელისუფლებამ არ გააგრძელოს ეს გზა. მაგრამ გაუძლებს ცდუნებას? მინდა ვირწმუნო, რომ გაუძლებს, თუმცა დასაწყისი ძველის იდენტურია.

სულ ახლახანს ტელევიზიამ გვამცნო საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის ბრიუსელში გამგზავრება, თანაც ისეთი პათოსით, გეგონებოდათ ამ ერთ კაცს აჰკიდეს მთელი ქვეყნის პრობლემებიო. წავიდა და მერე  . . . ჩამოსვლით, აღარ შევუწუხებივართ. როგორც ჩანს, ჩამოსვლის დღეს საინფორმაციო პროგრამა სხვა სიუჟეტებით შეივსო, ამდენად აღარც ზალკალიანი გახსენებით და აღარც მის მიერ იქ გაკეთებული „ფასდაუდებელი“ საქმე, ალბათ, არც წასვლას აღბეჭდავდნენ, სხვა უფრო საინტერესო სიუჟეტი რომ ჰქონოდათ.

საზღვარგარეთ მივლინება იმდენად სალაღობოა, როგორც გუშინდელი, ისე დღევანდელი ხელისუფლებისთვის, რომ მისი ზომიერების ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია. არადა დიდი რაოდენობის თანხები იხარჯება მოგზაურობებში – ქვეყნისათვის ნაკლებ მნიშვნელოვანში. ერთი მივლინებიდან მეორეში გამგზავრება იმ სისწრაფით ხდება, რომ წინაში „გაკეთებული საქმის“ ქაღალდზე გადატანა (ანგარიშის სახთ) შეუძლებელია. თუმცა, როგორც ჩანს „ანგარიშის“ პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში დეფიციტია.

წინა ხელისუფლების სარეკორდო სამივლინებო მონაცემებს, ტოლს არ უდებს ახლების მადა. დარწმუნებული ვარ საქართველო ამ მხრივ თითით საჩვენებელია მთელს დედამიწაზე. ეკონომიკურად სუსტი საქართველოს პოლიტიკოსთა სამივლინებო ვნებანი დიდ სახელმწიფოს უტოლდება, რაც მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი გონიერი მთავრობისთვის.

მოუგვარებელი სოციალური პრობლემები, ბავშვთა სიკვდილიანობა, თანაც შიმშილით, უმდაბლესი, სიმბოლური პენსიები და სხვა მრავალი, თავისთავად უნდა აშფოთებდეს ხელისუფლებას, თუმცა ასეთ შეშფოთებას ადგილი არ აქვს. რასაც ადგილი აქვს – წინა ხელისუფლების გინებაა. ახალი აგინებს წინას, ისე, როგორც წინა აგინებდა წინას.

თავის გასამართლებლად ახლებს უმალ მოჰყავთ ძველთა ხელფასებისა და პრემიების საარაკო მაგალითები. თუმცა ამ საქმეში არც ახლები იჩაგრავენ თავს. მაგალითად, ხანმოკლე მუშაობის პერიოდში მიღებული პრემიებიც კმარა, რომ აღარაფერი ვთქვათ მომატებულ ხელფასებზე – ერთობ შეუფერებელზე ღატაკი ქვეყნისათვის. 

დამშეული ქვეყნის უმდიდრესმა პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა – 21-ე საუკუნეში ბავშვი შიმშილით არ უნდა კვდებოდესო. და ეს „წუხილი“ პრეზიდენტის სასახლეების, უცხოეთში სალაღობო მივლინებების, უზომო ხელფას-პრემიის, „ლიმუზინების“ ფონზე. გლოვის ნიშნად მან პრეზიდენტის სასახლეზე დროშა დაუშვა. დიდად განიცადა პრეზიდენტმა და ჭმუნვაშეყრილმა უმალ უცხოეთს მიაშურა.

სოციალური პრობლემების გადაჭრისათვის თითოეული დაზოგილი თეთრიც კი დიდი მონაპოვარი იქნება, მითუმეტეს, როდესაც თეთრებთან კი არა, ათეულ-ათასებთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, რაღაც არ მსმენია ახლების მხრიდან დაზოგვის სურვილის თაობაზე. ის, რომ წინა მინისტრები და მოხელეები მეტ ხელფას-პრემიას იღებდნენ, ხოლო ახლები ფიქსირებულ რვა ათას ლარს, დიდი ვერაფერი შვებაა.

ახალ მთავრობას უარი არ უთქვამს ტროლეიბუსის სიდიდის ჯიპებზე, გაუთავებელ, თანაც უშედეგო მივლინებებზე, საკუთარი ხელფასების შემცირებაზე და მისი საქართველოს ცხოვრების შესაფერის დონეზე დაყვანაზე, საპიარო ალა-ფურშეტებზე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში უაზრო  კონფერენციების მოწყობაზე, მობილური ტელეფონების უზომო ხარჯების შემცირებაზე, პერსონალური ავტომანქანების ბენზინის ულიმიტო ხარჯვაზე.

საქართველოს ხელისუფლებას არ დაუსვია კითხვა – რაში სჭირდება არშემდგარ, უსუსურ სახელმწიფოს უცხოეთში მომრავლებული დიპლომატიური წარმომადგენლობები. არადა, მათი შენახვა ძვირი ჯდება.  საზღვარგარეთ ხანგრძლივ მივლინებაში მყოფი ჩვენი ელჩის ხელფასი ხუთი ათასი დოლარია. საელჩოში, ელჩის გარდა, სხვა დიპლომატებიც არიან. აქედან გამომდინარე ბიუიჯეტის გასავალი მნიშვნელოვანია. 60 წარმომადგენლობა სააკაშვილის ავადმყოფური ახირება იყო. რომ დასცლოდა, გაეროს წევრ 193 ქვეყანაში გახსნიდა საქართველოს წარმომადგენლობას.

საელჩოების გახსნით პრეზიდენტი საკუთარ ამბიციებს იკმაყოფილებდა. საქართველოს ნამდვილად არ აქვს ესოდენ დიდი დიპლომატიური ფუფუნების თავი. არავითარი პოლიტიკურ-ეკონომიკური გამართლება არ აქვს კანადაში, მექსიკაში, იაპონიაში, სხვა ქვეყნებში გახსნილ საელჩოებს.

ნათესავებისა და ნაცნობ-მეგობრების დასაპურებლად გახსნილი საელჩოები უდიდესი შვებაა იქ მომუშავე პერსონალისთვის, მაგრამ ქვეყნისთვის? რა სჯობს საელჩოში მუშაობას, მითუმეტეს ისეთში, რომელსაც საქმე არ აქვს. ერთადერთი დატვირთვა მოხეტიალე ქართველი მოხელის აეროპორტში დახვედრა-გაცილება და გიდობაა.

უცხოური ცხოვრება თაფლივით ტკბილია. მისი გახანგრძლივება საგარეო უწყებაში მომუშავე „დიპლომატთა“ უმთავრესი ამოცანაა. ჰოდა, ასე და ამრიგად ერთ ქვეყანაში მომუშავე ელჩს, 4-წლიანი მივლინების შემდეგ, სამშობლოში ფეხდაუდგმელად, სხვა ქვეყანაში აგზავნიან.

ქართულ „დიპლომატიაში“ მომრავლდა ელჩები, რომლებსაც უცხოეთში უწყვეტი მუშაობის 16-18 წლიანი სტაჟი აქვთ. მათი ცხოვრება იავარდფენილი იყო, როდესაც ქვეყანას შიოდა, ციოდა, უშუქობა და უპურობა კლავდა. ისინი შორიდან უყურებდნენ ქვეყნის გასაჭირს. რა იღონეს მათ ვითარების გამოსასწორებლად? არც არაფერი ან იმდენად უმნიშვნელო – გახსენებაც არ ღირს.

ცხადია, არის ქვეყნები, ვისთანაც საქართველოს უნდა ჰქონდეს აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები, შესაბამისად იქ გახსნილი საელჩოებით, მაგრამ მათი რიცხვი გაცილებით მოკრძალებულია, ვიდრე არსებული მონაცემები. დიპლომატიასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები ჩნდება, მათი უბრალო ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. შეიცვალა რამე ახალ ხელისუფლების პირობებში? არც არაფერი. ახლები, საკუთარი ნათესაური ფონდიდან, ცდილობენ სააკაშვილის „დიპლომატთა“ ცვლას.

ქვეყნის გაუსაძლის სოციალურ მდგომარეობაზე ლაპარაკით არაფერი გამოვა.  საჭიროა ხელმომჭირნეობა, დაზოგილი ფულის მიზნობრივი გამოყენება, რაც სამწუხაროდ არ ხდება. მაგალითად, თუნდაც უცხოეთში არსებული ლობისტური ჯგუფები გამოდგება. რას ემსახურებიან ისინი? მავანი იტყვის – იქაურ სამეფო კარზე საქართველოს ამბავის სწორად მიტანასო.

კეთილი, უდავოდ, კარგი საქმეა, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა ბუზის აქლემად მოჩვენების ნაცვლად, პირდაპირ აქლემი გვეკეთებინა, არა სიტყვებით, არამედ საქმით. დაგვერწმუნებინა ისინი ჩვენს მუყაით შრომაში.

სააკაშვილმა მილიონები „ჩაყარა“ არშემდგარი საქართველოს რეკლამაში უცხოურ ჟურნალ-გაზეთებსა და ელექტრონულ მედიაში. დაიჯერა ვინმემ, რომ ბათუმი ნიცაზე უკეთესია ან თბილისი პარიზზე? ასეთ გულუბრყვილოს ჯერ არ შევხედრივარ. ფული კი დადნა, როგორც წლევანდელი თოვლი.

ახალი ხელისუფლება უფრო შორს წავიდა – პიარი გვესაჭიროებაო და სახელმწიფო კანცელარიაში მრავალრიცხოვანი საპიარო სამსახური შექმნა, რომლის მთავარი ამოცანა ისე, როგორც ნებისმიერი პიარმანქანისა, მოჭარბებული ლაპარაკია ვითომ გაკეთებულზე, ვითომ მიღწეულ წარმატებებზე და ა.შ.

ფული კი მიდის – მიზერული პენსიების და სოცდახმარებისთვის აუცილებელი ფული.

ის, რომ ვიღაცამ, ამერიკაში, ქართულ „ჯორჯიას“ მოჰკრა ყური და ამერიკულად აღიქვა, ქართულ „ჯორჯიას“ რა?

20 წელია, ერთ დროს წარმატებული აგრო-სამრეწველო ქვეყანა, წვრილი ვაჭრობით, თაღლითობით, სპეკულაციით (დღეს, რომ ბიზნესი ჰქვია) არის დაკავებული. საქართველო მდარე თურქული პროდუქციის მოსანელებელი ქარხანაა. თურქულმა უხარისხო, შხამ-ქიმიკატებიანმა კვების პროდუქტებმა ისე დააზიანა ქართველთა გულ-კუჭ-ღვიძლი, როგორც მდარე აზერბაიჯანულმა რეგულარის ბენზინმა – ავტომანქანის ძრავები.

სხვა საქმეა, სპეკულაციაზე გაფურჩქნული ე.წ. ბიზნესი – ხელისუფალთა წახალისებული, ხალხის ხარჯზე გასუქებული. ის ვერ იცლის საქვეყნო საქმისათვის. რისთვისაც იცლის – ხალხის ყვლეფაა. როგორ არ გვანან ჩვენი მილიონერები რუს ბიზნესმენ პოტანინს, რომელმაც თავისი მილიარდების ნახევარი საქველმოქმედო საქმეში ჩადო. მას არაერთი მიმდევარი გამოუჩნდა. ჩვენში?!

როდესაც ქვეყნის ჭირი, ღობეს ჩხირად ითვლება, ბავშვიც შიმშილით მოკვდება და მოხუციც, ნაგავში მქექავებიც მომრავლდებიან და კარზე მომდგარი მათხოვრებიც.

და ისევ ილია: „ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენი დიდკაცობა შორს მანძილზედ არის დარჩომილი ამ მხრით და ქვეყნისათვის დადებული ღვაწლი არამც თუ ადამიანის ღირსების მხოლოობით საწყისად მიაჩნია, არამც თუ ჭეშმარიტის პატივმოყვარეობის საგნად უღიარებია, არამედ მის ცხოვრების დავთარში სახსენებლადაც მოხსენებული არ არის. არ არის ქვეყანაზედ არც ერთი ერი, რომლის შემძლებელი ნაწილიც ასე გულაცრუებული, ასე გულგრილი იყოს საზოგადო საქმეების შესახებ, როგორც ჩვენები არიან“.

„ევროკავშირშიც შევალთ და ნატოშიც“, – გაჰყვიროდა წინა ხელისუფლება. ტოლს მას არც ახალი უდებს. განცხადებით ფუჭდება რამე? არც არაფერი, გარდა იმისა, რომ ხალხი უგრძნობო გახდა ტყუილი დაპირებების მიმართ.

არც ერთ ხელისუფლებას გულწრფელად არ უკითხავს – შეუშვებენ არაჯანსაღ საქართველოს ევროპაში? კითხვის მოკლე, სამართლიანი პასუხია – არა! მაშ, რატომ ირჯის თავს ხელისუფლება? გარჯის მარტივი მიზეზიც ისაა, რის შესახებაც ილია ჭავჭავაძე 1882 წელს წერდა.

 ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.