22.12.2024

აშშ-ს ახალ თამაშში ირანის ჩართვის პერსპექტივები

ჩვენ ისე ვართ გართული საქართველოს შიდა პოლიტიკით, რომ აინურშიაც არ ვაგდებთ ჩვენი ქვეყნის ახლომდებარე სივრცეში მიმდინარე პროცესებს. არადა, რა უნდა ქნას მოსახლეობამ, როდესაც ხელისუფალთა მინიშნებით მედია, ბეჭდური თუ ელექტრონული, მხოლოდ ერთ „კერძს“ სთავაზობს – ნატოსა და ევროკავშირში შესვლის?

ნატო და ევროკავშირი კარგია, მაგრამ ისეთი შორეული, რომ მსგავსი აჟიოტაჟი ნამდვილად არ ღირს. გარდა ამისა, არავინ იცის, რამდენად კარგია ნატო ან რას მოუტანს ის ქვეყანას. ზედაპირული ახსნა-განმარტება, რომელიც გვესმის, უფრო ლოზუნგებს წააგავს, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ არც ნატოში, მითუმეტეს ევროკავშირში არსებულ ვითარებასთან.

თითქმის ოცი წელიწადია ხელისუფლება სატყუარა საკენკს გვიყრის ამ ორ ორგანიზაციაში შესვლასთან დაკავშირებით, რაც მიზანმიმართულად ხდება. ავტორი მისი დასავლთია, კერძოდ აშშ-ი, რომლის მიზანი იყო, არის და იქნება საკუთარი პირველობისთვის ბრძოლა, მოპოვებული მსოფლიო ჰეგემონიზმის განმტკიცება და ამ გზაზე მეტოქეების დაჯაბნვა – განეიტრალება, მათი ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანა, ერთი სიტყვით, ისეთი პირობების შექმნა – მეტოქემ რომ მუდამ მეორეხარისხოვან საკითხებზე იფიქროს და არა მსოფლიოში ან რეგიონში პოზიციების განმტკიცებაზე.

აშშ-ი მეტოქეებად რუსეთსა და ჩინეთს მიიჩნევს. ამ ქვეყნების რესურსები, როგორც წიაღისეული, ისე ადამიანური იძლევა უკეთესი განვითარების პერსპექტივას. განვითარებული ქვეყნები, მითუმეტეს სამხედრო ინდუსტრიის თვალსაზრისით, საშიშია ვაშინგტონისთვის.

ორივე ქვეყანასთან აშშ-ს თითქოს კონსტრუქციული ურთიერთობა აქვს, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან გლობალიზაცია მოითხოვს ამას, თუმცა რა ხდება კულისებში – გასათვალისწინებელია. კულისებში კი მიმდინარეობს დაუნდობელი ბრძოლა საკუთარი პოზიციების ისეთი განმტკიცებისთვის, რომ სხვამ ვერ შეეძლოს მყარი პლაცდარმის შექმნა.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში აშშ-ს ადმინისტრაციამ რუსეთის დასუსტების ახალი გეგმა შეიმუშავა. მიზანი იყო ამ ქვეყნის გავლენის სფეროდან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გამოყვანა და მათი ისეთ ორგანიზაციაში გაწევრიანების დაპირებით გაბრუება, როგორიცაა ნატო.

მომხიბლველმა პერსპექტივამ დააბრმავა ყოფილი საბჭოელები, განსაკუთრებით ქართველები და ნაცვლად იმისა, ვინმეს ეკითხა, როდის დადგებოდა ეს „ბედნიერი“ დღე ან რა არის ის ორგანიზაცია, სადაც შეყვანას გვპირდებიან, ტკბილ ოცნებას მიეცნენ. ნატო? რატომაც არა?! ბედნიერად ვიცხოვრებთ, დაცულებიც ვიქნებით, წამოვწვებით კაკლის ხის ჩრდილში – ნატო გვაჭმევს და გვასმევს, როგორც ღმერთის წილხვედრ ქვეყანას.

არავის უფიქრია, რომ იქ შესასვლელად მკაცრი გამოცდების ჩაბარება იყო საჭირო. არც აშშ-ს შეუწუხებია თავი ჩვენი ინფორმირებისთვის, ცხადია შეგნებულად და არა გულმავიწყობით.

ის, რომ ნატო ამ ხნის განმავლობაში ჩვენთვის არ გამოჩნდებოდა, კარგად იცოდა ნატოს კარში ჩამდგარმა აშშ-ა, მაგრამ მისი მიზანი სწორედ ეს იყო – საქართველოსთვის „ჭრელი პეპელას“ (ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები) ბედის გაზიარება.

საქართველოს მუდამ უნდა ეფიქრა ნატოზე, დასავლეთს მუდამ უნდა ეთქვა საქართველოსთვის – ნატოში მიგიღებთ, მაგრამ საქართველო დარჩებოდა საწყის პოზიციაზე, ოღონდ რუსეთიდან შორს. არც ვაშინგტონს და არც ბრიუსელს არ ჰქონდა სურვილი პრობლემებით დახუნძლული, ტერიტორიებდაკარგული ქვეყნის შვილობის.

დასავლეთის დაკვეთა საშური მუყაითობით შეასრულეს შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუბლებამ. მათ არც ახალი მთავრობა ჩამოუვარდება. საკუთარი ხალხის მოტყუებაში ისინი ისე იყვნენ და არიან დაოსტატებულნი, ტყუილი რომ მართალი ჰგონიათ.

აშშ-ა მიაღწია მთავარს – მან ისე დააპირისპირა ნატოში გაწევრების იმედზე მყოფი საქართველო რუსეთს, რომ ეს უკანასკნელი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდა მას.

საქართველოში რუსეთის ხსენებაც რომ ერიდებათ, სწორედ აშშ-ს პროპაგანდისტური მანქანის მოხერხებული მუშაობის შედეგია. ჩვენთვის დაიკარგა რუსეთი – საუკუნეთა განმავლობაში, ცუდად თუ კარგად, ჩვენთან მდგომი – ნათესავური, რელიგიური, კულტურული კავშირებით.

დაიკარგა რუსეთი და არსად ჩანს ნატო. გამოჩნდებაო – გვიმტკიცებს დღევანდელი ხელისუფლება – გუშინდელის კურსის გამგრძელებელი. „იმდენი, გვერდები არ აგიდგეთო“, – იტყოდა შევარდნაძე ამ კომიკურ ვითარებაზე. იტყოდა დღეს! გუშინ კი, არა!

აშშ-ს პოლიტიკა არ არის ცალსახა და უზიგზაგო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აღარ იქნებოდა ჰეგემონი. აშშ-ი თამაშობს და ამ თამაშში ითრევს სხვას. როგორც ჩანს, მან ახალი თამაში წამოიწყო – ახლო აღმოსავლეთის კარტის გადალაგებით და ამ თამაშში ირანის ჩართვით.

ირანი, ის ქვეყანაა, რომელმაც 35 წლის განმავლობაში, ბევრი სიმწარე იგემა აშშ-ს მზაკვრული პოლიტიკიდან. ისლამური რევოლუციიდან დაწყებული, დღემდე, ირან-აშშ-ს შორის გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა, შექმნილია მთელი რიგი ეკონომიკური ბარიერები. დღემდე, აშშ-ს ირანი არის ნომერ პირველი მტერი, ხოლო ირანისთვის – აშშ-ი ნომერ პირველი ურჩხული.

აშშ-თან ირანის შაჰის მჭიდრო მეგობრულ-პარტნიორული ურთიერთობებიდან, მტრულ რელსებზე გადასვლამ, რაც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ განხორციელდა, ირანის საზოგადოება გამოაწრთო, საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნა, ააშენებინა ისეთი ქვეყანა, რომელიც მთელი რიგი პარამეტრებით სამაგალითოა რეგიონში.

ამერიკა-დასავლეთის მუდმივი საფრთხის ქვეშ მყოფი ირანი მუშაობდა არა მარტო მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის გასავითარებლად, არამედ სამხედრო მშენებლობის ჩამოსაყალიბებლად, საკუთარი ენერგეტიკული გეგმების შესაქმნელად, ბირთვული კვლევების გასახორციელებლად.

ამერიკისთვის საშიში აღმოჩნდა ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ქვეყანა, ვინაიდან გზა მშვიდობიანი ატომიდან ბირთვულ ბომბამდე არცთუ შორია. რა ხერხს არ მიმართეს ვაშინგტონმა და მისი წაქეზებით, მისმა მოკავშირე ქვეყნებმა ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად, მაგრამ ამაოდ. მიუხედავად დასავლეთის და ისრაელის პერმანენტული მუქარისა – ირანის კვლევითი ლაბორატორიების რაკეტებით განადგურების ჩათვლით – ირანი აგრძელებდა მშვიდობიან ატომზე მუშაობას. ირანის ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს, რომ ის არ ამზადებს ბირთვულ ბომბს, მაგრამ ვის სჯეროდა ამის?!

ირანის ახალმა პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ, რომელმაც კონსერვატორი აჰმადინეჟადი ჩაანაცვლა, განსხვავებული, უფრო პრაგმატული პოზიცია დაიკავა. მისმა გამოსვლამ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკვალოდ არ ჩაიარა. ის, უმალ გახდა მსჯელობის საგანი. გარდა ამისა, ობამა-როუჰანის  სატელეფონო საუბრის ინიციატორი. როუჰანიმ განაცხადა, რომ მზად არის „ექვსეულთან“ (გაეროს 5 მუდმივი წევრი და გერმანია) შეწყვეტილი მოლაპარაკებების აღსადგენად. ნათქვამმა გაჭრა. დასავლეთი დათანხმდა ჟენევის მოლაპარაკებების განახლებას ირანის მხარის მოთხოვნების გათვალისწინებით.

მაინც რა მოთხოვნებს აყენებს ირანი? უპირველეს ყოვლისა, დასავლეთის მხრიდან იმის აღიარებას, რომ ირანს უფლება აქვს ჩაატაროს სამშვიდობო ბირთვული კვლევები, 20%-დე გაამდიდროს ურანი ენერგეტიკისა და მედიცინისთვის. ირანი ითხოვს გამდიდრებული ურანის თავის ტერიტორიაზე დატოვებას.

ირანი, ოფიციალურად აცხადებს, რომ არ შექმნის ბირთვულ ბომბს და აღნიშნული დაპირების გადასამოწმებლად მზად არის საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტების მასპინძლობისთვის. აღნიშნულ წინადადებათა გათვალისწინების შემთხვევაში, ირანი მოითხოვს მის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას – განსაკუთრებით ნავთობის ექსპორტსა და საბანკო სისტემაზე.

ჟენევის შეხვედრა იმდენად პრაგმატულად წარიმართა, რომ ნაცვლად დაგეგმილი 2 დღისა, მესამე დღესაც გაგრძელდა. მესამე დღეს შეხვედრის დონეც აიწია და ექსპერტებთან ერთად, „ექვსეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებიც ჩაერთნენ მოლაპარაკებაში. გაიმართა ორმხრივი მოლაპარაკებებიც, მათ შორის ამერიკა-ირანის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელთა შორის, რომელიც 8 საათს გაგრძელდა. როგორც ჩანს, 35-წლიანმა პაუზამ ერთმანეთის მონატრება გამოიწვია – ეს, უბრალოდ, ხუმრობით.

სენსაციური გამოდგა ჟენევის რაუნდი, მართალია ერთობლივი დოკუმენტი არ იქნა მიღებული, მაგრამ აღარაფერი აკლდა. სრული შესაძლებელია, რომ ასეთს ხელი მოეწეროს 20 ნოემბერს, როდესაც გაგრძელდება მოლაპარაკება.

ახლო აღმოსავლეთში, ახალი ვითარება იქმნება – ირანის წინ წამოწევით. არც ისაა გამორიცხული, რომ ამერიკა-ირანს შორის აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა, რასაც, უდავოდ, მოჰყვება ეკონომიკური და სხვა კავშირების აღდგენა. და თუ ამას ექნა ადგილი, ირანის როლი რეგიონში სულ სხვანაირად წარმოჩნდება.

ამერიკა-ირანს შორის ატმოსფეროს დათბობა მისასალმებელია უპირველესად იმიტომ, რომ თავიდან იქნება აცილებული სამხედრო დაპირისპირება დასავლეთსა და ირანს შორის. აშშ-ს აღარ დასჭირდება ანტისარაკეტო სისტემების განთავსება ევროპაში, რომელიც, თვით ამერიკის განმარტებით, ირანის რაკეტებისგან დაიცავს ევროპას. დათბობა, ხელს შეუწყობს სირიის ომის დასრულებას, სირიიდან შიიტი მეომრების (რომლებიც ასადის მხარეს იბრძვიან) გამოყვანას. ახლო აღმოსავლეთსა და არაბულ სამყაროში შექმნილი ფეთქებადი ვითარების ჩაცხრობას და ა.შ. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?

ერთის შეხედვით – არაფერი. მაგრამ მხოლოდ ერთის შეხედვით, ვინაიდან ისრაელი და საუდის არაბეთი (ორივენი აშშ-ს სტრატეგიული მოკავშირეები არიან) ნეგატიურად უდგებიან ამერიკა-ირანის ურთიერთობათა აღდგენას. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი არ დაიცავს ხელშეკრულების პირობებს და გააგრძელებს ბირთვულ ბომბზე მუშაობას. ერთადერთი გზა ირანისთვის არის სანქციები. სწორედ სანქციებით უნდა ააღებინოს ხელი ამერიკამ ირანს ურანის გამდიდრებაზე.

ისრაელს არც საუდის არაბეთი ჩამოუვარდება. ეს ქვეყანა კარგახანია იბრძვის რეგიონის ლიდერობისთვის. მისი აზრით, ამ გზაზე მას ირანი ეღობება. ირან-საუდის არაბეთის ინტერესები იკვეთება სირიაში. საუდის არაბეთი, საერთო ჯამში ცივად არის განწყობილი ირანის მიმართ, ხოლო ირანის სავარაუდო ბირთვულ ბომბს პირად გამოწვევად აღიქვამს.

საუდის არაბეთის მეფის აბდალას ამერიკელ დიპლომატებთან გაკეთებული განცხადება – სუნიტური საუდის არაბეთი ვერ აიტანს შიიტური ირანის ბირთვულ ბომბს  და თვით შექმნის ასეთს, ყასიდად ნათქვამი სიტყვები არ არის. ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“-ს მიხედვით, ერ რიადი ბირთვულ ბომბს პაკისტანს ამზადებინებს. მართალია, ორივე ქვეყანა მტკიცე უარს აცხადებენ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მაგრამ „ბი-ბი-სი“ სულაც არ არის „ყვითელი“ ტელეკომპანია.

ირან-აშშ-ს შორის დაძაბულობის განელება, წესით, არც რუსეთს უნდა აწყობდეს, ვინაიდან პერსპექტივაში, მას შეიძლება მოჰყვეს დათბობა, მრავალმხრივი კავშირების აღდგენა და მათ შორის სამხედროს.

ირან-აშშ-ს სამხედრო თანამშრომლობის რეანიმაცია ძვირად დაუჯდება რუსეთს, ვინაიდან ირანში განლაგებული ამერიკული რაკეტების საწინააღმდეგოდ საჭირო გახდება რუსეთის სამხრეთში ანტისარაკეტო სისტემის ჩამოყალიბება, რაც მილიარდებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, რუსეთს საფრთხე შეექმნება კასპიის ზღვაზეც, სადაც, სრული შესაძლებელია, აშშ-ს სამხედრო-საზღვაო გემების გამოჩენაც.

ირანთან აშშ-ს ურთიერთობის დათბობით კარდინალურად შეიცვლება ცენტრალური აზიისა და კასპიის ენერგომატარებლების ბედიც. რუსეთის ენერგომატარებლებს სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდება ირანისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგომატარებლების სახით.

ირან-აშშ-ს მომავალმა (სავარაუდო) ალიანსმა საბოლოოდ შეიძლება გადაწყვიტოს რუსეთის ყოფნა-არყოფნის საკითხი. დასავლეთის მხრიდან რუსეთის საზღვრებს შემორკალულ ნატოს ალიანსს ბუნებრივად დაემატება სამხრეთის რკალი. ეს გეგმა არა მარტო რუსეთის წინააღმდეგ იმუშავებს, არამედ აშშ-ს მეორე მეტოქის, ჩინეთის წინააღმდეგაც. რას მოიმოქმედებს რუსეთი აღნიშნული, მისთვის ნეგატიური, გეგმის დასაპირისპირებლად, ძნელი გამოსაცნობია.

უპირველეს ყოვლისა რუსეთი შეეცდება დიპლომატიური აქტიურობის გზით ირანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ისეთი კავშირების წარმოებას, რომელიც წინ აღუდგება ვაშინგტონის გეგმას. სხვა გზა მას არ დარჩენია.

მეორის მხრივ, რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს ამერიკა-ირანის ურთიერთობათა გაუმჯობესება, ვინაიდან ის გაუხსნის რუსულ ბიზნესს გზას, ირანში თავისუფალი მოქმედებისკენ. დღეს, ამ მხრივ ვითარება შეზღუდულია, ვინაიდან გლობალიზაციის წყალობით, რუსეთ-აშშ, რუსეთ-ევროკავშირი, ისე მჭიდროდ არიან ერთმანეთზე გადაჭდობილი, რომ ნებისმიერი რუსული ინიციატივა უოლ-სტრიტზე ფიქსირდება. ირანის სანქციების მოხსნის შემთხვევაში, მსგავსს ადგილი არ ექნება.

გარდა ამისა, მოსკოვმა უნდა იმედოვნოს, რომ ირანის დღევანდელ პოლიტიკურ სისტემასა და დასავლეთს, კერძოდ აშშ-ს შორის ისეთი დიდი განსხვავებაა, რომ მისი უცბათ შეცვლა წარმოუდგენელია. ირანის ისლამურ ხელისუფლებას კარგად ახსოვს აშშ-ს მხრიდან, 35 წლის განმავლობაში მიყენებული ჭრილობები, რომლთა დავიწყება, ერთის ხელის მოსმით, შეუძლებელია. ვაშინგტონ-თეირანს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესების პერიოდშიც არ გაქრება ერთმანეთის მიმართ არსებული ეჭვი.

აშშ-ი, უდავოდ, შეეცდება ირანის პოლიტიკური სისტემის შეცვლას, ირანის გარეთ მყოფი ირანელების დახმარებით და ქვეყნის შიგნით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურებით. ცხადია, ეს უცბათ არ მოხდება. მას არაერთი წელი დასჭირდება, მაგრამ აშშ-ი მუდამ მზად იქნება ამ გეგმის განსახორციელებლად.

და ბოლოს, რით არის გამოწვეული აშშ-ს ესოდენი ინტერესი ირანის მიმართ? ირანს ხომ წინათაც არაერთხელ დაუსვამს მსგავსი წინადადებები დასავლეთისთვის?

საქმე საბაჟო კავშირსა და ევრაზიულ კავშირშია. როგორც ცნობილია, ირანმა სურვილი გამოთქვა აღნიშნულ ორგანიზაციებში შესვლის და არა მარტო ირანმა, თურქეთმა, ინდოეთმა, ვიეტნამმა, სხვებმაც. შანხაის ორგანიზაციასთან ერთად, რომელშიც ჩინეთ-რუსეთი ლიდერობს, ევრაზიული კავშირი დიდი გამოწვევაა აშშ-ს და ევროპისთვის – ისეთი, რომელიც დაასამარებს აშშ-ს ჰეგემონიზმს.

ვაშინგტონი ასწრებს მოვლენებს და ირანის მოხიბლვით ცდილობს ხელი ააღებინოს მას ევრაზიულ კავშირში და შანხაის ორგანიზაციაში შესვლაზე. რამდენად გამოუვა ვაშინგტონს ეს ჩანაფიქრი, მომავალი გვიჩვენებს. ის, მომავალი, რომელიც დიდთა დაპირისპირებას არ გამორიცხავს. და როდესაც დიდთა ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება, იქ პატარებს, ისეთებს, როგორიც ჩვენ ვართ, მხედველობაში ნაკლებად მიიღებენ.

მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში მოუწევს მუშაობა საქართველოს გამოუცდელ ხელისუფლებას. შეძლებს ის გამოწვევების ატანას?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.