ჰილარი კლინტონის ვიზიტი ბათუმში

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ბათუმში ვიზიტმა და მისმა პოლიტიკურმა განცხადებებმა ცხოველი ინტერესი გამოიწვია, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. რბილი კრიტიკის ობიექტი ტრადიციული იყო – რუსეთი. ეს ქვეყანა დიდი ხანია შეეჩვია ვაშინგტონის არათუ რბილ, არამედ მძაფრ კრიტიკას და ამდენად კლინტონის განცხადება, არცთუ გამომწვევად უნდა მიეღო, მაგრამ ამჯერად ეს ასე არ მოხდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ლუკაშევიჩის პასუხი იყო ხისტი, გადაუჭარბებელი, 2008 წლის ომის წინა პერიოდში,  საქართველოს შეიარაღების გაზრდისათვის ვაშინგტონის დაუღალავი შრომის გახსენებით, რამაც დაარწმუნა სააკაშვილი ავანტიურისტული ნაბიჯის გადადგმაში.

ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის პოზიცია საქართველოს სამხედრო იარაღით მომარაგების დარგში არის უპასუხისმგებლობა და საფრთხის ქვეშ აყენებს რეგიონის უსაფრთხოებას.

ლუკაშევიჩის განცხადებას უმალ მოჰყვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის პასუხი, დაახლოებით ასეთი ხასიათის – აშშ-ს და რუსეთს აქვთ სხვადასხვა საკითხებში თანამშრომლობა, „გადატვირთვის“ პროცესიდან გამომდინარე, მაგრამ არის ისეთი საკითხები და მათ შორის საქართველოს, რომელშიც მათ აქვთ აზრთა სხვადასხვაობა, რომ აშშ-ი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ასეთად დარჩება, რომ აშშ-ი მუდამ მოუწოდებს რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანისაკენ.

თუ ოდნავ ჩავუღრმავდებით ქალბატონი კლინტონის ბათუმში გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის დიდ განსხვავებებს ვერ დავინახავთ, მაგრამ ზოგიერთს – უდავოდ. ის, რაც კლინტონმა ბრძანა რუსეთის მისამართით იყო პრემიერ გილაურთან და აშშ-საქართველოს მხარეთა გაფართოებული შეხვედრის დროს ანუ მეორეხარისხოვან არენაზე.

რაც შეეხება პირველხარისხოვანს – გამართულს სააკაშვილ-კლინტონის შეხვედრა-საუბრის შემდეგ (პრეს-კონფერენციაზე) – მაღალ სტუმარს სიტყვაც არ დაუძრავს რუსეთის საწინააღმდეგოდ და არც საქართველოს ნატოში შეყვანაზე უთქვია რამე დასამშვიდებელი, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ჟურნალისტების, ცხადია ხელისუფალთა მიერ წინასწარ მომზადებულების, მხრიდან აშკარა გამოწვევას ჰქონდა ადგილი.

კლინტონმა დელიკატურად დაამშვიდა ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც ზომაზე მეტად „აშინებდა“ საპარლამენტო არჩევნების დროს, ჩრდილო კავკასიაში დანიშნული სამხედრო სწავლება. სტუმარმა ეს ორი საკითხი ვერაფრით დაუკავშირა ერთმანეთს, რითაც ძლიერ დაწყვიტა გული, როგორც ქართველ ჟურნალისტებს, ისე პოლიტიკოსებს, რომლებიც სისტემატურად ზაფრავენ საქართველოს მოსახლეობას რუსული სამხედრო მანევრებით და მოსალოდნელი ავანტიურით.

კლინტონმა არც საქართველოს პრეზიდენტს აწყენინა და არ ჩაერია უცხოელი ჟურნალისტის შეკითხვაში – გახდება თუ არა ის პრემიერ-მინისტრი. მოულოდნელმა კითხვამ იმდენად დააბნია სააკაშვილი, რომ ნაცვლად მოკლე პასუხისა, რასაც მასგან ითხოვდა ჟურნალისტი, მისთვის ჩვეული მონოლოგ-პასუხი შეაგება ე.წ. დეცენტრალიზებული „დემოკრატიის“ სახით ანუ პარლამენტის ქუთაისში გადატანით და სხვა.

კლინტონის ღიმილი ანუ ქცევის, მიმიკის დიპლომატია, სულაც არ ყოფილა ისეთი, რასაც მისგან ინატრებდა ოპოზიცია და რასაც ოპოზიცია გვიყვება ჩვენ, უბრალო მომაკვდავებს, დიპლომატიური „ადათ-წესების“ უცოდინარებს, რომ თურმე „იქ“ დიდი ხანია წირვა გამოუყვანეს სააკაშვილს, რომ მისი ბედი გადაწყვეტილია.

სხვათა შორის სწორედ იმ დროს, როდესაც კლინტონი სტუმრობდა ბათუმს – „მეოცნებე“ ალასანია და ჯაფარიძე ვაშინგტონში ხვდებოდნენ პოლიტიკურ-დიპლომატიურ წარმომადგენლობას და იქიდან გვმოძღვრავდნენ სააკაშვილის პოლიტიკურ ბედთან დაკავშირებით. არც ერთ იმ მასპინძელს, ვინც ისინი მიიღო არ ჰქონდა სახელმწიფო მდივნის დონის რანგი. მერე რა? ბათუმში ჩასულ კლინტონს ხომ შეახვედრეს წულუკიან-კობახიძე-უსუფაშვილის „საოცნებო“ ტრიო – იტყვიან „ოცნებისტები“. რუსულად ამას „ნაკლადკა“ ჰქვია.

„ნაკლადკა“ იყო ის, რაც მოთხოვა ივანიშვილმა, ჩემის აზრით ერთობ მოუზომავად, ქართული დაუფიქრებლობით – კლინტონთან პირადი მიღება. ჯერ ერთი პატივცემულმა ბიძინამ უნდა იცოდეს, რომ მსგავსი ვიზიტები ვიწრო მიზანს ემსახურება, ვიწრო მოსალაპარაკებელ საკითხებს შეეხება, რაც თავისთავად გულისხმობს ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან შეხვედრას.

ხაზს ვუსვამ, მხოლოდ ზოგიერთ და არა ყველასთან, მითუმეტეს ოპოზიციასთან. და თუ მაინც შედგა ოპოზიციასთან ხანმოკლე შეხვედრა მხოლოდ კლინტონის „გულისხმიერებას“ უნდა მივაწეროთ. მთავარი „მეოცნების“ თავდაჯერება, დაგროვებული კაპიტალითაც არის გამოწვეული, მაგრამ ამერიკელს ამ ფულის არ უკვირს, ვინაიდან საკუთარ ქვეყანაში ათჯერ დიდი მილიარდების პატრონებსაც კი არ შეუძლიათ საკუთარი აზრის პოლიტიკოსებზე თავს მოხვევა.

კლინტონის კავკასიაში ვიზიტი სულ სხვა მიზანს ემსახურებოდა, რაც არასდროს გახდება ჩვენთვის ცნობილი და რაზეც მხოლოდ ვარაუდით შეიძლება ლაპარაკი. მაგალითად, სამხედრო თანამშრომლობა, ქართული ჯარის შეიარაღება და მისი წვრთნა, ახლო აღმოსავლეთის მოსალოდნელი მოვლენებიდან გამომდინარე ამიერკავკასიაში მტკიცე ფუნდამენტის გარანტირება, სირია-ირანის მიმართულებით განსახორციელებელ გეგმებში კავკასიის ქვეყნების, განსაკუთრებით საქართველოს პოზიციის კიდევ ერთხელ მოსინჯვა, რუსეთის წინააღმდეგ მუდმივ ვერბალურ ქიშპობაში სააკაშვილის რუპორის გამოყენება და სხვა.

გარდა ამ მნიშვნელოვანი საკითხებისა იყო მთავარი – ხელისუფლებისათვის მხარის დაჭერა. ცხადია, კლინტონმა ახსენა დემოკრატიული არჩევნები, ხელისუფლების გადაცემა და სხვა, მაგრამ ამ ფრაზებს, „რიგითად“ რომ მოიხსენიებენ, ამერიკელები ხშირად იყენებენ, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში ერთობ უშედეგოდ.

კლინტონის ვიზიტი გამოირჩეოდა უაღრესად დადებითი განწყობით სააკაშვილის და მისი წრის მიმართ. დღენახევრიანი ვიზიტისთვის დამახასიათებელი იყო სტუმრის აღფრთოვანებული გამონათქვამები ბათუმის აღმშენებლობასთან, საქართველოს რეფორმებთან, ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით – გუიმპლენისეული ღიმილის თანხლებით. სტუმარი მოიხიბლა ქართველ ხელოვანთა კონცერტით და როგორც სააკაშვილი ამბობს, იუსტიციის სახლით – სადაც მას „თათარიახნად“ მიართვეს საქართველოს პასპორტი – ბიძინა ივანიშვილს, რომ ვერაფრით არგუნეს.

პასპორტის გადაცემის „უშუალობამ“ უმალ გამახსენა საბჭოთა პერიოდი, როდესაც შამპანიური ან კონიაკის ქარხნების დათვალიერების დროს რუსს თუ უცხოელ მაღალჩინოსნებს საჩუქრად მათივე გვარისა და სახელის ეტიკეტიან ბოთლებს ჩუქნიდნენ.

რომ იტყვიან, პროგრესი სახეზეა – ბოთლიდან პასპორტზე. ბოთლს უმალ გამოცლი და ცოტა ხნით თუ გაგყვება მისი გემო. აი, პასპორტი კი – სხვაა, რამდენი ბოთლის დაცლის შესაძლებლობას აჩენს ღვინის სამშობლოში. ჰოდა, როდესაც ჰილარი პენსიაზე გავა, როგორც საქართველოს მოქალაქე, უდავოდ ჩამოაკითხავს ქვეყანას, რომლის ღვინოც ასე მოსწონს.

მაგრამ ყოველივე აღნიშნული ჩვეულებრივი ბელეტრისტიკაა სააკაშვილის ამერიკულ ხოტბასთან შედარებით. სააკაშვილის მიერ უხვად გადმოღვრილ სიტყვათა ჩანჩქერი არათუ ქალბატონი სტუმრის გულს მოალბობდა, არამედ ქვისგულიან ნებისმიერ დასავლელს. მსგავსი საქებარი სიტყვები მათ დიპლომატიურ ლექსიკონში არ გამოიყენება და ამდენად აღმოსავლური ქება ხიბლავს თვალსა და გულს.

დარწმუნებული ვარ ჰილარისთვის „ოპოზიციონერთა“ გაუგებრად, ბუნდოვნად შეფასებული ქართული სინამდვილე, რომელშიც საგარეო საფრთხეები და ნატოში შეყვანა დომინირებდა, ვერაფრით გადასწონიდა სააკაშვილისეულ „მურაბა“ სიტყვებს.

მაინც, რას ემსახურებოდა ქალბატონის ვოიაჟი? თუ ოპოზიციას დავუჯერებთ – ობამას მესიჯის გადაცემას სააკაშვილისთვის – არ გაბედოს პუტინობა, ანუ პრემიერ-მინისტრობა. სხვათა შორის მსგავსი მოსაზრება ამერიკელმა ჟურნალისტებმაც გააჟღერეს, თუმცა ისიც დაუმატეს, რომ მთავარია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და დამარცხებულის მხრიდან დამარცხების აღიარება, ყოველგვარი მიტინგების და მანიფესტაციების გარეშე.

ესეც ასე! ჩატარდება „დემოკრატიული“ არჩევნები, მოიგებენ ნაციონალები. არჩევნების დემოკრატიულობას შეაჯამებენ დამკვირვებლები, ოპოზიცია გამარჯვებას მიულოცავს ნაციონალებს, ისე, როგორც ეს გააკეთა ადგილობრივ არჩევნებში დამარცხებულმა ალასანიამ.

არადა, კაცმა რომ თქვას არჩევნების ნორმალურად ჩატარების შემთხვევაში, ისე, როგორც ამას ადგილი აქვს დასავლეთში, დამარცხებული უმალ ულოცავს გამარჯვებულს. ასეთს საქართველოში კარგა ხანს ვერ ვეღირსებით სხვადასხვა მიზეზთა გამო, რომელშიც მთავარი მაინც ძალაუფლების დიდხანს შენარჩუნებაა – ძალაუფლებისა, რომელსაც უპირველესად მოაქვს ხელისუფალთა გამდიდრება, უკონტროლო პარპაში, კანონის ზემოთ დგომა და ის სიკეთეები, რომლებიც ძალიან შორს არის ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან.

ამ „სიკეთეებს“ მოკლებულნი არიან დასავლელი პოლიტიკოსები – ერთმანეთის კონტროლის, მედიისა და ამომრჩევლის მახვილი და კრიტიკული თვალის გამო.

დიახ! კლინტონი მიესალმება დემოკრატიულ, გამჭვირვალე არჩევნებს, მაგრამ სააკაშვილიც ხომ იმავეს აცხადებს, თანაც ყელგამოწვდილი თხოვს ამერიკელებს დამკვირვებლების გამოგზავნას?

რა იქნება არჩევნების ანუ ნაცთა პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შემდეგ – ყველასათვის ცნობილია – გაგრძელდება კურსი, რომელიც დღეს არის და რომელსაც ამერიკელები მიესალმებიან. მათ უნდა აწყობდეთ (და ასეც არის) უკვე გამოცდილი, უკანალში მძრომი სააკაშვილი და მისი გუნდი. ბიძინა, მიუხედავად მისი ეპისტოლარული ჟანრისა, ჯერ-ჯერობით სრულ იმედს არ იმსახურებს. სრული იმედი გაჩნდება პარლამენტში, ოპოზიციაში მუშაობის დროს, თუმცა ესეც საკითხავია, რა დოზით.

ვაშინგტონისთვის სააკაშვილი არის რუსეთის მიმართ ის გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომელსაც ხშირად იყენებს რუსეთთან სავაჭროდ. ასეთ ამპლუაში ივანიშვილს ვერ განიხილავენ.

სააკაშვილი ის პოლიტიკოსია, რომელიც თვალის დაუხამხამებლად ეთანხმება აშშ-ს რეგიონულ საკითხებში, სირიასთან, ირანთან, რუსეთთან, სხვებთან მიმართებაში. ჯარს აგზავნის ერაყსა და ავღანეთში, თუ ამერიკელები მიუთითებენ სირიაშიც – ფართომასშტაბიანი გარე ჩარევის შემთხვევაში. სააკაშვილს კონსტრუქციული ურთიერთობები აქვს მეზობელ თურქეთთან და ამერიკის პარტნიორ ისრაელთან, ამ უკანასკნელთან მას მჭიდრო სამხედრო კავშირებიც აქვს.

სააკაშვილი ამერიკელთათვის ის ჯილაა, რომლის მსგავსის მოძებნა გაუჭირდებათ. ამგვარი ნდობის დამსახურება ვაშინგტონის კარზე იოლი არ არის. ამჯერად ამერიკელები, რომელთა მთავარი ინტერესი კავკასიაში ფეხის მტკიცედ მოკიდებაა და არა ქართველთა ბედი, აქცენტს პირველზე აკეთებენ, რაც ჩვეულებრივი რამ არის დიდი ქვეყნების პოლიტიკისათვის.

სააკაშვილი ფასდაუდებელი ბაჯაღლოა, რუსეთთან ომში, მითუმეტეს დღეს, პუტინის მესამედ გაპრეზიდენტების დროს. პუტინის გამარჯვებამ შეაფიქრიანა ვაშინგტონი, რა არ იღონა ობამას ადმინისტრაციამ, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ უშედეგოდ. ერთი წუთითაც ნუ იფიქრებთ, რომ ამერიკელთა მცდელობა პუტინის არადემოკრატიულობით იყო გამოწვეული. პუტინს არ დაურღვევია რუსეთის კონსტიტუცია, არც თავის თავზე მოურგია ისე, როგორც ამას ადგილი აქვს საქართველოში. მან პრემიერის პოსტზე შეისვენა და ამის შემდეგ იყარა კენჭი პრეზიდენტობაზე.

აქ მთავარი არის თვით პუტინის პიროვნება, მისი ხისტი პოლიტიკა, ხისტი სიტყვები, რომლებიც მან თავისი მეორე პრეზიდენტობის მიწურულს განაცხადა მიუნჰენის კონფერენციაზე. აქედან გამომდინარე, სულაც არ იყო გასაკვირი, რომ თეთრ სახლს აქცენტი მედვედევზე გაეკეთებინა.

ამის დასტურად ობამამ ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენიც გაგზავნა მოსკოვში. ვაშინგტონმა ყველაფერი იღონა რუსული ლიბერალური ძალების ასამოქმედებლად, პუტინის წინააღმდეგ დასარაზმად, ანტიპუტინური პროპაგანდის გასაშლელად.

გამარჯვებული პუტინი და მისი გუნდი მოსკოვში გამართულ ფართომასშტაბიან მიტინგებსა და მსვლელობებს პირდაპირ აკავშირებენ ვაშინგტონთან და დასტურად რუსეთში აშშ-ს საელჩოს დიპლომატების მიტინგებზე დასწრება მოჰყავთ.

გარდა ამისა არსებობს სხვა საკითხებიც, მათ შორის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ევროპაში განთავსება, სირია, ირანი, საქართველო, რომლებშიც არ ჩანს აზრთა დაახლოების ნიშანწყალი, და რომლებიც საფრთხეს უქმნიან ობამასეულ „გადატვირთვის“ პროცესს. „ამ ტერმინს ხშირად იყენებდა მედვედევი, მაგრამ რაც შეეხება პუტინს – არასდროს გამოუყენებია, ვინაიდან არსებობს სხვადასხვა მიზეზები“, – აცხადებს ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი დიმიტრი საიმსი.

მაინც რა მიზეზებია, რომლებიც აღიზიანებს პუტინს? ზოგი უკვე ვახსენეთ, ზოგსაც მოგახსენებთ.

პრეზიდენტობისათვის ბრძოლაში გამარჯვებული პუტინისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ობამას მილოცვას, რამაც პუტინის და არა მარტო პუტინის, არამედ ობამას სამწუხაროდ დაიგვიანა. თეთრი სახლი ამ დაგვიანებას ხსნის პრეზიდენტის დაძაბული გრაფიკით, რომლმაც მას სწრაფი რეაგირების საშუალება არ მისცა.

დავუმატოთ ამას სეულში ობამას მედვედევთან გადალაპარაკება, რომელიც რესპუბლიკელმა როუმნიმ სახელმწიფო ღალატის რანგში აიყვანა, აგრეთვე ზემოთნახსენები საკითხები და პუტინის დიპლომატიური დემარშის გამოვლინება არ გაგიკვირდება. ასეთი გახლდათ უარი კემპ-დევიდში დიდი რვიანის შეხვედრაში მონაწილეობა.

ობამასთვის პუტინთან შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ამდენად მან დიდი რვიანის შეხვედრა ჩიკაგოდან კემპ-დევიდში გადაიტანა, რათა მყუდრო გარემოში პუტინთან დიალოგისთვის მეტი დრო დაეთმო.

შეხვედრის პროგრამის გაცნობის მიზნით მოსკოვს აფრინეს ობამას თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თომას დონილონი, თუმცა ამაოდ. რუსმა მასპინძლებმა ემისარი უარით გაისტუმრეს – პუტინი მთავრობის წევრთა შერჩევით არის დაკავებული და კემპ-დევიდში მონაწილეობას ვერ მიიღებსო. გაკვირვებულმა სტუმარმა იკითხა – რა შუაშია პუტინი, როდესაც მედვედევი არჩევსო მთავრობას, მასპინძლებმა უპასუხეს – მედვედევი კი არჩევს, მაგრამ პუტინი ამტკიცებსო.

ასე შეიქმნა „გადატვირთვის“ პროცესში ხინჯი და ამ ხინჯში მთავარი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაა. ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ სისტემა ანტიირანულია და არა ანტირუსული, რისი კრემლს არ სჯერა, ვინაიდან ის თვლის, რომ ამით ირღვევა არსებული ბალანსი.

ვითარების დაძაბვას ემსახურება რუსეთის  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის განცხადებაც, რომ რუსეთმა შეიძლება მიმართოს პრევენციული ომის დოქტრინას იმ შემთხვევაში, თუ ამერიკული სისტემები განლაგდება რუსეთის საზღვრების სიახლოეს.

ცეცხლს ნავთი დაასხა მედვედევმაც, თქვა რა – ბირთვული ომის შესაძლებლობის გაჩენის თაობაზე.

ამ განცხადებათა ფონზე არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ვაშინგტონისადმი სააკაშვილის ხვეწნა-მუდარა საქართველოში მსგავსი სისტემების განლაგების შესახებ. მართალია ჯერ-ჯერობით ვაშინგტონს საქართველოსთვის თანხმობა არ განუცხადებია, მაგრამ . . .

მეორე საკამათო საკითხი სირიაა. რუსეთი მხარს უჭერს ასადის ხელისუფლებას, ვინაიდან ამ ქვეყანას რუსეთთან მილიარდიანი სამხედრო შეკვეთები აკავშირებს. ასადის ჩამოგდების შემთხვევაში, მილიარდები დაიკარგება, ისე, როგორც რუსეთის გავლენა ახლო აღმოსავლეთში. სირია ლიბიის სარკის ანარეკლია.

მესამე საკითხი ირანის ბირთვული პროგრამაა. ამ საკითხში რუსეთს ანტიდასავლური პოზიცია უკავია.

მეოთხე საკამათო საკითხი – რუსეთის საპროტესტო მოძრაობაა. მასში კრემლი ვაშინგტონის ხელს ხედავს. სხვაზე, რომ არაფერი ვთქვათ, თვით პუტინმა დაადანაშაულა სახელმწიფო დეპარტამენტი, პირადად კლინტონი მოსკოვური პროტესტების დაფინანსებაში. კრემლი ამერიკის ახალ ელჩს რუსეთში მაკფოლს, განიხილავს როგორც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ რევოლუციის ორგანიზატორს.

მეხუთე საკითხი –  ჯეკსონ-ვენიკის შესწორებათა ნაცვლად მაგნიტსკის შესწორების მიღებაა კონგრესის მიერ. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სულ ახლახანს განიხილა და დაამტკიცა  კანონპროექტი და მწვანე შუქი აუნთო მას ფართო განხილვისთვის, როგორც კონგრესში, ისე სენატში.

ობამას ადმინისტრაცია გამოდის როგორც ჯეკსონ-ვენიკის, ისე მაგნიტსკის შესწორებათა წინააღმდეგ. მაგრამ კრემლის განცხადებით, უგერგილოდ, რომელშიც შეინიშნება ფარისეველობა.

საერთოდაც უნდა ითქვას, რომ მოსკოვში „გადატვირთვის“ პროგრამას მიიჩნევენ ვაშინგტონისთვის უფრო სასარგებლოდ, ვიდრე რუსეთისთვის, უმალ ახსენებენ რა ავღანეთში კოალიციური ჯარისთვის ტვირთის გატარებას და სხვა. დიმიტრი საიმსის აზრი, რომელიც მან გამოიტანა პუტინის გუნდთან შეხვედრის შემდეგ, არის ასეთი: „მედვედევი იყო ერთობ გულუბყვრილო ობამას ადმინისტრაციის მიმართ. პუტინი ობამასთან მიმართებაში ასეთი ტონალობით არ ლაპარაკობს“.

ორთა დაპირისპირება შეინიშნებოდა „შოსის“ პეკინის შეხვედრაზეც, რომლის დროს რუსეთმა და ჩინეთმა კატეგორიულად მოითხოვეს სირიისა და ირანის საკითხების მხოლოდ მოლაპარაკებათა გზით გადაწყვეტა, არავითარი გარე სამხედრო ჩარევა და ა.შ. „შოსის“ კონფერენცია ერთობ მასშტაბურია არა მარტო მისი წევრების სახით, არამედ 18 დამკვირვებლის სახითაც. ასე, რომ იქ მიღებული რეზოლუცია ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის.

რა შეიძლება მოხდეს რომნის გამარჯვების შემთხვევაში? რუსულ-ამერიკული ურთიერთობის სახით – კარგი არაფერი. რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო წარმომადგენელი რუსეთს ამერიკის მთავარ პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. მისი გუნდი თვლის, რომ ობამა მედვედევთან უფრო დამთმობი იყო, ვიდრე პირიქით. რომნი წინააღმდეგია „გადატვირთვის“, აგრეთვე აშშ-ს-რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ხელშეკრულების, რომელსაც მედვედევის პრეზიდენტობის დროს მოეწერა ხელი.

რომნი მოუწოდებს რუსეთის ეკონომიკური ზრდის შეჩერებისაკენ, რათა ამით განელდეს რუსეთის გავლენა მსოფლიოში, უპირველესად ევროპაში. რომნი მოითხოვს არა მარტო რაკეტსაწინააღმდეგო ფარს ევროპისთვის, არამედ სარაკეტო მახვილს რუსეთისთვის.

რომნის შტაბ-ბინაში რუსეთის საკითხებზე მუშაობს ჯგუფი კონსერვატორი პოლიტოლოგის ლეონ არონის ხელმძღვანელობით, რომელიც რესპუბლიკელთა ტვინიკოსთა ცენტრის American Enterprise institute-ს წარმომადგენელია. ამას წინათ ის წერდა, რომ 2014 წლისთვის რუსეთი განიცდის ფინანსურ კრიზისს, და ვერ შეძლებს სამხედროებისთვის და მოსახლეობისთვის მიცემული დაპირების შესრულებას. ამ განცხადების მიღმა სხვა რამ იმალება – კრიზიზით გამოწვეული რევოლუცია.

როგორც ჩანს, პუტინისთვის ობამა უფრო მისაღები უნდა იყოს, ვიდრე რომნი, მაგრამ სააკაშვილისთვის? ცალსახად შეიძლება ვთქვათ – რესპუბლიკელები და რომნი, მითუმეტეს, როდესაც რომნის მთავარი დამრიგებელი მაკკეინია.

პუტინ-ობამას დაპირისპირებას მძიმედ არ მიიჩნევს ცნობილი ამერიკელი ექსპერტი გორდონ ხანი. „მე არ ვთვლი, რომ პუტინის დიდ რვიანში არ მონაწილეობა ფეხებზე დაკიდებას ნიშნავს. თუ რამე აღიზიანებს პუტინს, უპირველესად არის აშშ-ს და ევროპის ქვეყნების პოლიტიკა, მათი გამონათქვამები რუსეთის მიმართ, გაუთავებელი ჭკუის სწავლება დემოკრატიასთან დაკავშირებით, რუსეთის მოსაზრების გაუთვალისწინებლობა მსოფლიოს საკითხებში“.

 პუტინი არ მიდის კემპ-დევიდში, პასუხად არც ობამა მიდის აზია-წყნარი ოკეანის ვლადივოსტოკის სამიტზე, არჩევნების მომიზეზების გამო. ვლადივოსტოკის სამიტი ა.წ. ოქტომბერში ტარდება. რა გაეწყობა, რომ იტყვიან ბარი-ბარში არიან. დასავლელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამით ობამა გადაურჩება რესპუბლიკელთა მხრიდან შეტევას, პუტინი კი გააძლიერებს ზეწოლას შიდა ოპოზოციაზე.

ცნობილი გერმანელი პოლიტოლოგის ალექსანდრე რარის მიხედვით, პუტინის ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია მსოფლიო მოწყობის საკითხებში დასავლეთის მონოპოლიის დაშვება. პუტინი მრავალპოლუსიანი მსოფლიოს მომხრეა, რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, უდიდესი პოტენციალის და უდიდესი ტერიტორიის მქონეს და უამრავი წიაღისეულის პატრონ რუსეთს თავისი მნიშვნელოვანი როლი არ ეკისრებოდეს. რარის აზრით, პუტინი იბრძოლებს მრავალპოლუსიანი მსოფლიოსთვის და აშშ-ს დიქტატის წინააღმდეგ.

აშშ-სა და რუსეთს შორის არსებული აზრთა სხვაობა, რომელშიც შიგა-დაშიგ ცივი ომის პერიოდის რიტორიკა გაჰკრავს, განმუხტვა ესაჭიროება. ასეთად შესაძლებელია მექსიკის G-20 შეხვედრა იყოს, რომლის დროს იგეგმება ობამა-პუტინის მოლაპარაკება. თუ რა შედეგით დასრულდება ეს შეხვედრა, მომავალი გვიჩვენებს. მას საქართველოსთვისაც ექნება მნიშვნელობა – შესაძლოა ირიბი, მაგრამ მაინც, თუმცა ეს არ იქნება სააკაშვილის წასვლის მომასწავებელი.

კლინტონის ვიზიტი ზემოთჩამოთვლილი საკითხების მოსინჯვა უფრო იყო, ვიდრე ობამას მესიჯის გადაცემა სააკასვილისთვის არ გაპრემიერებასთან დაკავშირებით. მანამდე დიდი დროა, თანაც ამ მარტივ საკითხში სახელმწიფო მდივნის გამოყენება არ არის აუცილებელი. ასეთ საკითხებს ფილიპ გორდონის დონეზე აგვარებენ ანუ სახელმწიფო სამდივნოს პასუხისმგებელი მუშაკის, რომელსაც „შეცდომით“ ლავროვმა გონდონი უწოდა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი.