04.12.2024

ხელისუფლების ცვლა არჩევნებზე გადის?

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიათა რაოდენობამ კიდევ ერთელ დაადასტურა საქართველოში ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ჭეშმარიტება, რომ დასაქმების ერთადერთი გზა პოლიტიკა და არჩევნებია.

ვინ არ დარეგისტრირდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ყველა მათგანი რიხით აცხადებს არჩევნებში გამარჯვებაზე, ხალხისათვის საამური ცხოვრების შექმნაზე. გამარჯვებაში მათ ეჭვი არ ეპარებათ, რასაც ვერ ვიტყვით ამომრჩევლებზე. პარტიების წარმომადგენლებთან მოწყობილ შეხვედრებზე დასწრების ბარომეტრით – „ქართულ ოცნებას“ ტოლი არ ჰყავს. მან შესამჩნევად აჯობა (ჯერ-ჯერობით) მმართველ „ნაცებს“, მიუხედავად სამთავრობო რესურსების გამოყენებისა.

ცხადია, ამა თუ იმ ქალაქში „ოცნების“ მიერ ორგანიზებულ მიტინგში მონაწილეობას ღებულობენ, სხვადასხვა ქალაქებიდან კოალიციაში შემავალი პარტიების მხარდამჭერები, მაგრამ მიტინგზე ჩაყვანილთა რაოდენობით „ნაცებთან“ კონკურენცია შეუძლებელია.

არჩევნებამდე დარჩენილ თითზე ჩამოსათვლელ დღეებში კიდევ უფრო გამოიკვეთება ამ ორი სუბიექტის პრიორიტეტულობა სხვა დანარჩენ პარტიებთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლა საპარლამენტო უმრავლესობისათვის სწორედ მათ და არა დანარჩენ პარტიებს შორის გაიმართება. ამომრჩეველი ან ერთს მისცემს ხმას ან მეორეს – მესამეს – სხვა პარტიების სახით, არავითარი შანსი არ რჩება, თუ ასეთი თვით „ნაცებმა“ არ გააჩინეს მათთან კულუარულად დაახლოებულ „ოპოზიციურ“ პარტიათა მიმართ.

ეჭვი არავის ეპარება, რომ „ნაცებიც“ და „ოცნებაც“ პარლამენტში მოხვდებიან. ლაპარაკია ვინ რამდენით. ვარაუდები სხვადასხვაა – 80%-ი 10%-ზე ნაცთა სასარგებლოდ და პირიქით. 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი, ნაცთა წყალობით, ქრისტიან-დემოკრატებსაც აქვთ, მცირე – ლეიბორისტებსაც. დანარჩენებისთვის არჩევნებში მონაწილეობა საპატიოდ ჩაითვლება (ასე ჩათვლიან ისინი), ცხადია ნაკლებად საპატიოდ, ვიდრე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.

ერთი სიტყვით პოლიტიზირებულ საქართველოში საზოგადოება ძირითადად ორ ნაწილად დაიყო – სააკაშვილის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ორ ნაწილად არის გაყოფილი მედიაც. ამ დარგში სააკაშვილის მომხრეთა რიგებს ამაგრებენ ტელეკომპანიები „რუსთავი-2“, „იმედი“, „პირველი არხი“, „აჭარის ტელევიზია“ და ა.შ. მოწინააღმდეგეთა შორის არიან „მაესტრო“, „კავკასია“, ზოგიერთი ინტერნეტ ტელევიზია. ორივე ბანაკი საკუთარი ექსპერტობით და რესპონდენტებით საზრდოობს. ორივე ბანაკში სჭარბობს მოწინააღმდეგის ლანძღვა, კრიტიკულ-ცილისმწამებლური ვიდეო სიუჟეტების ჩვენება.

ანალოგიური ვითარებაა ბეჭდურ მედიაშიც, თუმცა აქ ხელისუფლების კრიტიკოს გაზეთთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე მეხოტბეთა.

სააკაშვილის მოწინააღმდეგე მედიაში ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მთელი საქართველო, ერი და ბერი, მუსიკოსი თუ სპორტსმენი, პოლიტიკოსი თუ მწერალი, ქრისტიანი თუ მუსლიმანი სააკაშვილისა და ნაცების წინააღმდეგ არიან დარაზმულნი – როგორც მთავარი მტრის, ერის დამაქცევრების.

სააკაშვილის მომხრე მედიაში სულ ქება-დიდება, ჟივილ-ხივილია ნაცთა მიერ შექმნილი წარმატებული ცხოვრებისა, აშენებულისა, აყვავებულისა, რომლის დანგრევა სურს მოწინააღმდეგეს.

მთავარ მოპაექრეთა კამპანიას თვით ლიდერები წარმართავენ. სააკაშვილი მოჭარბებულად აქტიურია. ხან ერთ ქალაქშია, ხან მეორეში, ხან მინდორშია, ხან ახალგახსნილ სამედიცინო დაწესებულებაში. აქტიურობაში მას უდავოდ ხელს უწყობს საპრეზიდენტო რესურსები. აქეთ-იქეთ ხეტიალში სააკაშვილი ჯობნის მოწინააღმდეგეს, რომლის გადაადგილება, სააკაშვილის შიშით, ტყვიაგაუმტარ მინის ყოლბით ხორციელდება, რაც თავისთავად იწვევს გარკვეულ დისკომფორტს.

თვით სააგიტაციო დღიური ნაკლებად განსხვავებულია ერთმანეთისგან, ისევე, როგორც სქემები და მეთოდები: მოგზაურობა რეგიონებში, მიტინგები, პოპულისტური დაპირებები და სხვა. დაპირებებში პირველ პლანზე პენსიონრები არიან – მათთვის პენსიების მომატებაზე „ზრუნვა“ ორივე სუბიექტისთვის მთავარია.

დაპირებების თვალსაზრისით „მეოცნებენი“ გაცილებით უკეთ გამოიყურებიან – მარტივი მიზეზის გამო – მათი გაკეთებული ჯერ არსადაა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოჩნდება. რაც შეეხება „ნაციონალების“, საზოგადოებას სრული უფლება აქვს არ დაუჯეროს მათ – განვლილი რვაწლიანი დუხჭირი და შეურაცხმყოფელი არსებობის გამო.

ნაციონალები ყოყოჩობენ, რომ 8 წლის განმავლობაში ბევრი რამ გააკეთეს და თავიანთ გაკეთებულს სხვას არ დაანგრევინებენ. „ეს ღა გვაკლია ჩვენს მიერ გაკეთებულზე სხვები ვაბაირამოთო“, – დაახლოებით ასეთ განწყობაზე არიან „ნაცები“.

ამ მოსაზრებიდან გამომდინარე ჩანს, მათ არათუ ამჟამინდელ არჩევნებში სურთ „გამარჯვება“, არამედ მრავალ მომავალ არჩევნებში. მათი აზრით,  ამომრჩეველი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეეგუოს იმას, რომ მისთვის ყველაზე მისაღები პარტია „ნაციონალურია“, ყველაზე საჭირო მმართველი – სააკაშვილი.

მაგრამ ნაცთა სურვილი დაემთხვევა ამომრჩევლის სურვილს? რიგითი ამომრჩევლის სურვილი რომ ნაცთა სურვილს არ ემთხვევა, თანაც კარგა ხანია, ნაცთათვის არაფერს ნიშნავს. მათ თავიანთი ამომრჩეველი ჰყავთ, არცთუ უმნიშვნელო, რაოდენობრივად – სახელმწიფო სტრუქტურები, ჯარი, პოლიცია, მიტმასნილი ბიზნესი, უცხოეთში მცხოვრებლები და ა.შ. თუ ამ რგოლში არ მოხდა მენტალური ცვლილება ნაცების გამარჯვება შესაძლებელია.

სააკაშვილმა კარგად შეითვისა წინამორბედის დამარცხების მიზეზები და სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავეთა შემოსავლები იმდენად გაზარდა – ავ თვალს არ ენახება. კმაყოფილი სახელმწიფო სტრუქტურა – ნაკლებად მოფიქრალი ქვეყნის ბედ-იღბალზე, საკუთარი ამოვსებული კუჭით უდგება საქვეყნო საკითხებს. ეს სტრუქტურა თავს არ გაიწირავს, ივანიშვილისკენ არ გადაიხრება, თუნდაც მალულად, საარჩევნო კაბინაში სუბიექტების შემოხაზვის დროს. მისი ცხოვრება 8 წელიწადია უზრუნველყოფილია.

არათანაბარი საარჩევნო მარათონი ფინიშისკენ მიემართება. მარათონის დროს არ შესრულებულა (ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით) ხელისუფლების დაპირება თანაბარი საარჩევნო პირობების თაობაზე. მართალია არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლები გვეკეკლუცებიან ტელეეკრანებიდან, მაგრამ მათი კეკლუცი ზღვაში წვეთია ნაცებთან შედარებით. ქუჩებში, საქალაქო ავტოტრანსპორტზე გამოკრულ ნაცთა „ჯილების“ სარეკლამო ბანერებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. აქ ნაცებს ბადალი არ ჰყავთ. საერთოდ ყველა რეკლამა მათ ხელშია, მთავარი რეკლამმახერის, ნაცი კეზერაშვილის წყალობით.

მიმდინარე საარჩევნი მარათონი იმითაც არის გამორჩეული წინა არჩევნებისგან, რომ ხელისუფლება თავს უფლებას აძლევს მუქარით განაცხადოს, რომ არსად წამსვლელი არ არის. ასეთ დროს რაღა საჭიროა არჩევნების ჩატარება? ან რა ლოგიკაა იმაში, რომ – „ჩვენს აშენებულს სხვას არ დავანგრევინებთ“? იქნებ ის „სხვა“ სულაც არ აპირებს ნაცთა მიერ აშენებული „საამური“ ცხოვრების დანგრევას? იქნებ მხოლოდ შეცვლის სურვილი ამოძრავებს და არა ნგრევის?

სააკაშვილის ფილოსოფიით, რახან ხელისუფლება „კარგად“ ართმევს თავს „აღმშენებლობას“, ის სამარადისოდ (ყოველ შემთხვევაში სანამ არ მობერდება) ქვეყნის სათავეში უნდა იყოს.

ქართულ საზოგადოებას იმთავითვე უნდა სცოდნოდა, რომ მხარდაჭერილ სააკაშვილს ასე იოლად (არჩევნების გზით) თავიდან ვერ მოიშორებდა, არა იმიტომ, რომ სააკაშვილი „მაგარია“, არამედ კულისებში მოთამაშე სააკაშვილის მწვრთნელი ამერიკაა მაგარი. ქართული საზოგადოება ვერა და ვერ მიხვდა სად იწყება ჩვენი „ბედნიერება“. ვერ ხვდება ამას „ოცნებაც“. ზედმეტი რევერანსი, ენის ჩლექა აშშ-ს მიმართ იწვევს იმას, რაც დღეს გვაქვს.

ქართული საზოგადოება ვერც იმას მიხვდა, რომ 2004 წლის ინაუგურაციისას სააკაშვილის ბათუმს, ქუთაისს წვევას, დავით აღმაშენებელთან მისვლას სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა – ის მთელი საქართველოს მიერ არჩეული პრეზიდენტია,  სახელოვანი ქართველი მეფის საქმის გამგრძელებელი ანუ აღმაშენებელი და რომ აღმშენებლობას ხანგრძლივი დრო სჭირდება. აკი შეგვახსენა კიდევაც ახალმა „დავითმა“, რამდენი წელი მოანდომა დიდმა მეფემ თბილისის დაბრუნებას.

ქართულ საზოგადოებას უნდა სცოდნოდა, რომ სააკაშვილისთვის კოჭის გორება ცუდად დაუბრუნდებოდა. დღეს, ხელზე კბენანი და მჯიღის გულზე ბაგუნი უშედეგოა. ქართულ პოლიტიკას, განსაკუთრებით 2004 წელს სააკაშვილის გვერდში მდგომ პარტიებს უნდა სცოდნოდათ, რა ლიდერთან ჰქონდათ საქმე სააკაშვილის სახით. მაგრამ, მაშინ, მთავარი, პარლამენტში მოხვედრა იყო – ნებისმიერი გზით. იქნებ დღესაც იგივე სურვილია? იქნებ სწორედ ამით არის გამოწვეული „ოცნების“ კოალიციის ზოგიერთი წევრი პარტიისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდან, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა?

რა იქნება 2 ოქტომბერს? ამ კითხვას ზოგი ხმამაღლა, საჯაროდ სვამს, ზოგიც გულში, მაგრამ პასუხი არ აქვთ. იქნებ აქვთ და შიშით ხმამაღლა ვერ ამბობენ. ერთი მარტივი მიზეზის გამო – ხელისუფლების მიერ ზედმიწევნით დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებიც კი ოპოზიციის მიერ გაყალბებულად ჩაითვლება, რაც თავისთავად ტოვებს ერთადერთ გზას – ქუჩას.

რას მოიმოქმედებს ხელისუფლება? იმას, რასაც მრავალჯერ წარსულში. რა რჩება საზოგადოებას? რწმენა უკეთესი მომავლისა და იმისა, რასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი და რამაც არაერთხელ დაარწმუნა საზოგადოება, რომ ხელისუფლების ცვლა აქ არჩევნებზე არ გადის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.