ქართულ მიწაზე აღმოცენებული ამერიკული ოცნება

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თბილისში გამგზავრების წინ რუსული „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერდა – ფილატი მიემგზავრება თბილისში, რათა სააკაშვილისგან გადაიწეროს პოლიციის კორუპციისგან განკურნების რეცეპტი. ამ საქმეში მოლდოველებს დახმარებას ამერიკა პირდება.

აშშ-ს საელჩომ კიშინოვში კონფერენცია გამართა თემაზე – „პოლიციის რეფორმასთან დაკავშირებით მოლდოვის მიერ საქართველოს გამოცდილების გაზიარება“. „მოლდოვას ძალუძს საქართველოს გამოცდილების გაზიარება“ – ასეთი იყო კონფერენციის დევიზი. მოლდოვაში აშშ-ს ელჩმა უილიამ მოზერმა განაცხადა: „მოლდოვის მიერ საქართველოს იურიდიული სისტემისა და პოლიციის რეფორმების გაზიარება ხელს შეუწყობს მას ევროპის ოჯახში შესასვლელად“.

გაზეთი წერს ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე და უფრო მეტად განსხვავებისკენ იხრება. მთავარი საკითხი – ნატოსთან დამოკიდებულებაა. საქართველოს მთელი მოსახლეობა – ხელისუფლება-ოპოზიციის ჩათვლით, მზადაა ნატოში შესასვლელად, მაშინ, როდესაც მოლდოვაში მოსახლეობის 15 პროცენტი გამოთქვამს ასეთ სურვილს.

კონფერენციის დროს აშშ-ს ელჩმა მოიყვანა  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კლინტონის მიერ ისრაელში გაჟღერებული საქებარი სიტყვები საქართველოს რეფორმებთან დაკავშირებით.

აშშ-ს მოსწონს საქართველოს ხელისუფლების გატარებული რეფორმები და ვერაფრით დაეთანხმება ქართული ოპოზიციის ეპიზოდურ, საწინააღმდეგო მოსაზრებას. ცხადია, ყველა ამერიკელი პოლიტიკოსი სააკაშვილით მონუსხული არ არის, მაგრამ ვინც არის – დიდი გავლენით სარგებლობს. ვაშინგტონში სააკაშვილს ჯერაც ახლო აღმოსავლეთის დემოკრატიის ჩირაღდანად თვლიან, თანაც რუსეთის წინააღმდეგ ხმალამოღებულ მებრძოლად.

სააკაშვილი ერთადერთი ამერიკული პროექტია, რომელმაც გაამართლა. სხვებმა უკრაინის, ყირგიზეთის, ბელორუსის, სხვათა ჩათვლით ჩაილურის წყალი დალიეს. ამერიკისთვის სააკაშვილისა და ნაცებზე უარის თქმა ნიშნავს – საკუთარ პროექტზე უარის თქმას, საკუთარი თავის წინააღმდეგ ამხედრებას ანუ მაზოხისტურ ექსპერიმენტს, რასაც ვაშინგტონი არ დაუშვებს.

აღნიშნულის გაუთვალისწინებლობა სიბეცეა. სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან სწორედ ამას აქვს ადგილი. არჩევნების ზღურბლზე მდგომი ქვეყნის მიმართ დასავლური მხარდაჭერის აორთქლება და ნაცთა წინააღმდეგ შებრუნება უფრო ფანტაზიის ნაყოფია, ვიდრე რეალური აზროვნება. „მეოცნებეთა“ სურვილი – დროის მოკლე პერიოდში ვითარების მკვეთრი შემობრუნებისათვის სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. ამისათვის დროა საჭირო, ამასთანავე მუყაითი შრომა.

თვით ნაცთა ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, იოლად დავრწმუნდებით აღნიშნულში. ნაცებმა, როგორც „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდულმა ფრთამ 1995 წლიდან გააჩაღა ბრძოლა საკუთარი შემქმნელის – „მოქალაქეთა კავშირის“ წინააღმდეგ – ბრძოლა ფარული, მზაკვრული, დაუნდობელი. ამ ბრძოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იყო მერაბიშვილის მიერ ამერიკული გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუ – დაახლოებით შემდეგი შინაარსის – შევარდნაძე დაბერდა და გამოშტერდა. მაშინ ამ სიტყვებმა ავტორს დიდი რისხვა მოუტანა, მაგრამ მომავალ ნაცებს – აღიარება.

„მოქალაქეთა კავშირი“ მაშინდელ ოპოზიციონერთა მიერ ჯეროვნად იყო შეფასებული, რაც დღეს არ შეინიშნება. ოპოზიცია რატომღაც მიიჩნევს, რომ დიდი ფულით ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელი იქნება. ამ მოსაზრებას ამტკიცებს ხელისუფლებაში მოკალათებული მაღალი რანგის მოხელეთა გამოუცდელობა, სიხარბე, უცოდინარობა, სხვა ისეთი ნეგატიური თვისებები, რაც არც ერთ მათგანს საშუალებას არ მისცემდა რიგით მოხელედ ემუშავა ნებისმიერი ქვეყნის სამინისტროში.

საქართველოში ხშირად გაისმის სიტყვა – „გუნდი“ ანუ ნაციონალთა გუნდი, თითქოს ეს გუნდი რაღაც იდეის ირგვლივ იყოს გაერთიანებული, რაღაც იდეალებისთვის იბრძოდეს. არავითარ მსგავსს ადგილი არ აქვს. ქვეყანაში არის ნაციონალთა მონური გუნდი – ერთი ადამიანის მიერ დამორჩილებული და მისი მეხოტბე.

მონური მორჩილება, ერთმანეთს შორის დათესილი შიში და უნდობლობა აერთიანებს, ერთ მუშტად კრავს მას. ამ „გუნდს“ ჰყავს ლიდერი სააკაშვილის სახით – ყველაფრის მკადრებელი, შეუპოვარი მებრძოლი, თავის დროზე ხალხის მიერ მხარდაჭერილი, დღეს ხალხის სულთამხუთავი, დასავლეთთან სისტემატურ დიალოგში მყოფი, დიდი PR-ისტი და ა.შ.

სააკაშილთან ეპიზოდურ ომში ნებისმიერი დამარცხდება, რაც დადასტურდა კიდევაც სტრასბურგში. ფიასკო, რომელიც „მეოცნებეებმა“ განიცადეს, სააკაშვილის ტელევიზიების მთავარი საქილიკო თემა იყო – გალამაზებული სტრასბურგის სხდომათა დარბაზში ევროპელ პოლიტიკოსთა, მათ შორის ლანდსბერგისის მწვავე, ანტიბიძინური გამოსვლებით. „მარტო ლანდსბერგისი გამოვიდა ასეო“, – განმარტა ხიდაშელმა, თუმცა მისი ნათქვამი დაუჯერებლად ჟღერდა.

ევროპელთათვის მიუღებელი გამოდგა „რეფორმატორ“ სააკაშვილის ლანძღვა. „რას დარბიან ამ უცხოეთში (იგულისხმება „ოცნებელები“), ხომ ხედავენ, რა დღეში ჩაგვაგდეს მათ. არ სჯობს საკუთარ ხალხთან მოთათბირება“, – აცხადებდა რადიო „მაესტროს“ რესპონდენტი. რა გაეწყობა – ის მართალია. როდესაც მთელი დასავლეთი დაბეჯითებით გაჰყვირის, რომ საქართველოს ნატოში შესვლა სურს (იგივეს აცხადებს „ოცნებაც“), უცხოეთში კი არ უნდა გაიქცე, არამედ საკუთარ ხალხს ჰკითხო – არის ეს ასე, თუ არა, საკუთარ ხალხს უნდა შეხვდე არსებული ვითარების განსამარტავად, სამომავლო გზების დასასახად.

დასავლელი, განსაკუთრებით ამერიკელი პოლიტიკოსების სააკაშვილის საწინააღმდეგო რელსებზე გადაყვანას დრო სჭირდება. ამერიკულ პრესაში თითო-ოროლა ანტი სტატია ვითარებას ვერ შეცვლის.

რაც შეეხება თვით ამერიკას – ის ყოველთვის იქნება იმ იდეალების მხარდამჭერი, რომელიც ფუნდამენტურად არის ჩამოყალიბებული ამ ქვეყანაში. ამერიკელს მიაჩნია, რომ ის და მისი ქვეყან არის სამაგალითო მთელს მსოფლიოში და აქედან გამომდინარე სულაც არ ერიდება საკუთარი იდეების სხვაზე თავსმოხვევა.

შეერთებული შტატები, იდეოლოგიის საფუძველზე სახელმწიფოს და საზოგადოების თანაარსებობის იშვიათი გამონაკლისია. ეს ქვეყანა ემიგრანტების ქვეყანაა, იმათი, ვინც უკეთესი ცხოვრების ძიებაში პოულობდა ყველაფერს, რასაც საკუთარ ქვეყანაში იყო მოკლებული – თავისუფლებას ეკონომიკაში, პოლიტიკაში, რელიგიაში.

მათ წარმოსახვაში ამერიკა იყო ის ადგილი, სადაც ღმერთმა შეძლო საკუთარი გეგმის განხორციელება – იდეალურის მთელს დედამიწაზე. ქართველთაგან განსხვავებით, ამერიკელები ქეიფის დროს (ქართული გაგებით – ქეიფიც უცხოა მათთვის) არ ჰყვებიან ზღაპარს – მოქეიფე ამერიკელები როგორ დააჯილდოვა ღმერთმა იმ ზღაპრული მიწით, თავისთვის რომ ჰქონდა გადანახული, ვინაიდან იქ აბორიგენები ცხოვრობდნენ. დღეს მცირე მათგანი შემორჩა – ამერიკელად ქცეული, რეზერვაციებში მცხოვრები ანუ საკუთარი ქვეყნიდანაც გარიყული.

თავისუფლების მოკაშკაშე ვარსკვლავის იდეა ამერიკის რევოლუციამდე წარმოიშვა, თვით შტატების ჩამოყალიბებამდე და ორ საუკუნეზე მეტია  ამერიკული ეროვნული თვითშეგნებისა და პოლიტიკის ფუნდამენტად ითვლება.

სწორედ ამერიკული ფუძის უცოდინარობა არის ზერელე დასკვნების წარმოშობის მიზეზი. ბევრს დღესაც ვერ გაუგია, რატომ უშვებს შეცდომას პრაგმატი ამერიკელი, უკვირს ამერიკელთა ნამოქმედარში რატომ არ არის საღი გათვლის ნაყოფი, ვერ ხვდება, რომ ამერიკელთა ნამოქმედარი იდეოლოგიური-მოსაზრებიდან არის გამომდინარე, რომლის დედაარსი მდგომარეობს შემდეგში – ამერიკამ, ღმერთის ძალისხმევით შექმნა დედამიწაზე იდეალური ცხოვრება, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს ყველასათვის.

მხოლოდ ის არის ყველასათვის მისაბაძი, ის არის ჩირაღდანიც და უკუნეთის განმანათებელიც, მხოლოდ მისგან უნდა გადაიღოს სხვა ქვეყანამ მაგალითი – იმათ, ვინც საკუთარი სიზარმაცით ან გონებაჩლუნგობით ვერ მოახერხეს ეს. ერთი სიტყვით, როდესაც შენი არ გაქვს ან არ შეგიძლია საკუთარის შექმნა, მაგალითი ამერიკისგან უნდა აიღო – ანუ კოპირება გაუკეთო ამერიკულ ცხოვრებას.

ყოველივე აღნიშნული ამერიკული კულტურის და ეროვნული თვითშეგნების დამახასიათებელი მომენტია და აქედან გამომდინარეა საგარეო პოლიტიკაც. მესიანობა საგარეო პოლიტიკის უმთავრესი, განუყოფელი ნაწილია და თუ ამას დავუმატებთ გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ ინტერესებს – ერთად თავმოყრილ, კონცენტრირებულ ძალას მივიღებთ, რომლის სიძლიერე და მასთან ერთად მომხიბლველობა იპყრობს სხვა ქვეყნების ყურადღებას, იწოვს მათ ამერიკულ ორბიტაში.

ამერიკული ოცნების განსამარტავად ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობს. ყველა მათგანი, ისე, როგორც ხელისუფლება, მთლიანად საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ამერიკა არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს შანსი მოახდინოს თვითრეალიზაცია, მიაღწიოს წარმატებას, სიმდიდრეს და აღიარებას.

ასეთია ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე გადასახლებული ხალხების მიერ ჩამოყალიბებული იდეალები და რაც მთავარია რწმენა, რწმენა საკუთარი უძლეველობისა და დემოკრატიულობისა.

ამერიკული ცხოვრების წესის ფართო აფიშირება განსაკუთრებით გაფართოვდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – დანგრეული ევროპისა და იაპონიის აღდგენის პერიოდში. იქედან მოყოლებული ამერიკული ცხოვრების წესი, ამერიკული მასობრივი კულტურის სახით, დაუკითხავად ლახავს ევროპისა და აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რიგითი მცხოვრების სახლის ზღურბლს და ძალაუნებურად ითრევს მას თავისუფალ, ამერიკულ ცხოვრებაში.

მისთვის არც რელიგიური, არც საუკუნეობრივი ცხოვრების წესი, ენობრივი თუ კულტურული ბარიერი არ არსებობს. მისთვის მთავარია საკუთარი ცხოვრების წესის თავსმოხვევა, დაუმორჩილებელთა დამორჩილება და ამ „კეთილშობილური“ საქმისთვის ფინანსების, გავლენის, ძალისმიერი პოლიტიკის გამოყენება.

საქართველო წინა და დღევანდელი ხელისუფლების წყალობით რახანია ამერიკისკენაა გადახრილი. განსაკუთრებული ინტერესი ამერიკისადმი ბოლო 10 წლის განმავლობაში იგრძნობა. ამ თითზე ჩამოსათვლელ წლებში აშშ-ა საქართველოში ისეთი ხელისუფლება გამოძერწა, რომელიც თავიდან-ბოლომდე ამერიკულია. ამერიკამ შეძლო საქართველოს ხელისუფლების დახმარებით კავკასიაში ამერიკული „ოცნებისათვის“ მყარი ფუნდამენტის შექმნა და მასზე ხელის აღება არ შედის ამერიკელთა ინტერესში.

შექმნილი ვითარების შესაცვლელად პატრიოტული ძალისხმევაა საჭირო, მის გამოსავლენად კი – გონიერება,  ესოდენ დეფიციტური ჩვენში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.