04.12.2024

რითი იყო გამორჩეული გასული წელი

2012 წლის დასაწყისში ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ დამდეგი წელი ესოდენ წარმატებული იქნებოდა მაშინდელი ოპოზიციისათვის და რაც მთავარია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის. მართალია, პოლიტიკურ არენაზე ბრძოლის გაჩაღების მსურველი, ბიძინა ივანიშვილი უკვე დგამდა პირველ ოპოზიციურ ნაბიჯს, მაგრამ ცოტას თუ სჯეროდა ამ ნაბიჯის წარმატებით დასრულების.

ცხადია, იყო ფართო საზოგადოების მხრიდან ნდობაც, რის საფუძვლად მილიარდერის მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო საქმიანობას მოიხსენიებდნენ, მაგრამ იყო ხელისუფლების უძლეველობის ფაქტორიც – განმტკიცებული დასავლელთა მხრიდან.

პოლიტიკური ჭიდილი, უფრო სწორად ომი წესების გარეშე, წლის დასაწყისიდანვე დაიწყო და 10 თვის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. ივანიშვილმა შეძლო ის, რაც ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერ მოახერხა – გააერთიანა რა პოლიტიკური პარტიები კოალიციაში. მან შეძლო ქვეყნის ელექტორატის დიდი ნაწილის კოალიციისადმი დადებითად განწყობა, რაც საწინდარი გახდა პირველი ოქტომბრის გამარჯვების. ივანიშვილმა შეძლო ძლიერი, მზაკვარი, სახიფათო მოწინააღმდეგის ბეჭებზე დადება.

მას შემდეგ სამი თვე გავიდა – მოლოდინებით აღსავსე და ოცნებათა ასრულების დასაწყისის სამი თვე. ცხოვრებამ სხვა დინამიზმი, მანამდე ჩამქრალი, შეიძინა. საზოგადოებამ იგრძნო, რომ მას რაღაც შეუძლია – თუნდაც ის, რომ უშიშრად ჩაუშვას ბიულეტენი ყუთში. საზოგადოებამ თავი დაარწმუნა უსტიმულატორო გამარჯვებაში. არადა ივანიშვილის მასტიმულირებელი ფაქტორის გარეშე წარმატება საეჭვო იქნებოდა.

გამარჯვების ეიფორიაში მყოფ ხალხს ჯერაც ვერ გაუაზრებია, რა მოხდა პირველ ოქტომბერს. გაივლის დრო და თუნდაც ზედაპირული ანალიზით დარწმუნდება იმაში, რომ 2012 წლის მოვლენა უდიდესი მნიშვნელობისაა ერის ისტორიაში. რომ ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საბჭოთა სისტემიდან დამოუკიდებლობაზე გადასვლა, ვინაიდან საბჭოთა სისტემა არ დამუქრებია ერს განადგურებით.

პირველმა ოქტომბერმა შეაჩერა (ჯერ-ჯერობით მხოლოდ შეაჩერა) ცხრა წლის წინათ, ნაცთა მიერ დაწყებული ერის დაკნინების გეგმა – ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის სისტემების, მეცნიერების, დემოგრაფიული პროცესის განადგურების სახით.

ცხრა წლის განმავლობაში მუდმივი შიშის ქვეშ მცხოვრებმა ხალხმა თავისუფლების ჰაერი ჩაისუნთქა. მსგავსი შეგრძნება მას საბჭოეთის დაშლის დროსაც არ ჰქონია. ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ დამოუკიდებლობის წლებში იგრძნო ერმა საკუთარი დაბეჩავების საფრთხე, საკუთარი მეორეხარისხოვნობა, საკუთარ ქვეყანაში უცხოელთა პრიორიტეტულობა, საკუთარი ენის მიწასთან გასწორება და ინგლისურის მშობლიურად გამოცხადება, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ უძლიებ შვილთა და გადამთიელთა მხრიდან ბატონ-ყმური დამოკიდებულება.

პირველი ოქტომბერი არ არის რიგითი გამარჯვება, ისეთი, ევროპის ქვეყნებში, ოპოზიცია რომ სისტემატურად იმკის. პირველი ოქტომბერი არც დემოკრატიის იმ საზომით იზომება, დასავლეთი რომ ზომავს. პირველი ოქტომბერი ერის გადარჩენისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო გაბრძოლებაა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე დასავლელთა მიერ შეფასებული „დემოკრატიული არჩევნები“.

პირველი ოქტომბერი უსისხლო, საარჩევნო რევოლუციადაც შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან მან შეძლო ხალხის საძულველი მმართველობის ჩამოშორება, თუმცა სრულ ჩამოშორებამდე გასაკეთებელი ბევრია.

და რახან ხალხის მიერ განხორციელებული მოქმედება რევოლუცურის სადარია, ხალხიც ითხოვს ყოფილთა მიმართ სწრაფ სადამსჯელო მოქმედებას. ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანაში შექმნილი უკუღმართობის უმალ გამოსწორებას, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ახალი ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას. ანუ ყოველივე იმას, რისი გაკეთებაც გაცილებით იოლი იქნებოდა ნამდვილი რევოლუციის შემთხვევაში.

მაგრამ ნამდვილი რევოლუცია არ მომხდარა, ის, რაც მოხდა ჩანაცვლებაა – ძველის, ახლით, რაც არ იძლევა სწრაფი ქმედების, მითუმეტეს ყველა დამნაშავის დასჯის შანსს. არადა გამარჯვებულ ხალხს სწორედაც „სამართლის მიერ პურის ჭამის“ სურვილი აქვს. შეძლებს ხელისუფლება საზოგადოების შეკვეთის შესრულებას – ძნელი გამოსაცნობია, ვინაიდან ახლებშიც უხვად არიან ე.წ. ლიბერალები, ნაცებთან „ნაღვაწნი“, ათასი ჯურის „პოლიტიკოსნი“, საზოგადოზე მაღლა, საკუთრის დამყენებელნი. ისე, როგორც ძველებში, ახლებშიც ჭარბობს დაბალი პროფესიონალიზმი, ისტორიული დაავადება – „ეს იმის შვილია“, ნათესაობა.

ახლებში არც დაუფიქრებელი ზეპირაზროვნებაა უცხო. პოლიტიკაში პირიდან ამოსული სიტყვა, მითუმეტეს წინადადება – არასწორად დაწყობილი, არასასიამოვნო მსჯელობის საგნად იქცევა, რასაც ქვეყნებს შორის მინიმუმ უკმაყოფილება შეიძლება მოჰყვეს. „რომელიღაც ეტაპზე ეს პროცესი შეიძლება არ იყოს ჩვენთვის ხელსაყრელი და მას მოწესრიგება სჭირდება. . . შესაძლებელია საკითხები ამ თემაზე დავსვა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს“, – განაცხადა ივანიშვილმა ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით.

არავინ უწყის, როგორ ილაპარაკეს ამ თემაზე ივანიშვილ-ალიევმა ან იყო თუ არა ივანიშვილი ისეთი კატეგორიული, როგორც ბაქოში გამგზავრებამდე. ვერც გაზის ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით მივიღეთ ნათელი პასუხი, გარდა იმისა, რომ თურმე – აზერბაიჯანი მსოფლიო ფასებზე გაცილებით დაბალ ფასებში გვაწვდის გაზს. ერთი რამ, რაც ითქვა, ის არის, რომ გაზზე ფასების შესამცირებლად ქვეყნის შიგნით უნდა გამოიძებნოს რესურსები.

ღირდა ამ მარტივი ჭეშმარიტების დასადგენად ერთობ სოლიდური დელეგაციით აზერბაიჯანს სტუმრობა? როგორც ჩანს ძველივით, ახალსაც „ნაყვარება“ მრავალრიცხოვანი დელეგაციით ვოიაჟი, შემდეგ, ვიზიტის ისტორიულად „გაფორმება“. „ასეთი დახვედრა, ასეთ მაღალ დონეზე არასდროს მინახავსო“, – ბრძანა ქალბატონმა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი მიხედვით, ვიზიტის მთავარი „მარილი“ პროტოკოლში ყოფილა. შედეგი?

როგორც იქნა მთავრობა, დიდი ჭმუნვის შემდეგ, მიხვდა, რომ ენერგომატარებლებზე ფასების შემცირება მხოლოდ მასზე და არა სხვაზეა დამოკიდებული. მან რაღაც უნდა მოიკლოს, დიახ, უნდა მოიკლოს და წინასაარჩევნო დაპირება უნდა შეასრულოს. შეუსრულებლობას უდავოდ მოჰყვება უკმაყოფილება, ისეთი, როგორსაც ერთი ქალბატონი ბრძანებდა ერთ-ერთ რადიოეთერში – „დაპირებას თუ არ შეასრულებს ქუჩაში გამოვალთო“. გამოვლენ! შიშგადალახული ხალხისთვის რა პრობლემაა ქუჩაში გამოსვლა?!

რკინის გული და გამბედაობა უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას მის წინაშე არსებული უამრავი პრობლემის მოგვარებისთვის, ნაცთა მიერ ჩაოხრებული საქმის გამოსწორებისთვის. ბარიერი მაღალია, ჭირს მისი სწრაფი დაძლევა, თან ნახევარხელისუფლებიანობაც თავისებური წინაღობაა.

„ქართველთა დიდი პრობლემაა ის, რომ მათ არ შეუძლიათ გაიყონ ხელისუფლება და წავიდნენ კომპრომისზე. ის ვინც უფრო ძლიერია ღებულობს ყველაფერს, როგორც პოლიტიკაში, ისე ბიზნესში“, – წერს თბილისში მომუშავე ფრანგი მეწარმე ლუდოვიკ ჟირო.

ამ სიტყვების ავტორი დასავლურად უდგება ქართულ რეალობას, მაგრამ საქართველო დასავლეთი არ არის. ან იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ „ევროატლანტიკური“ სიტყვის ხშირი ხმარება გადააქცევს ლამის ფეოდალურ ქვეყანას საფრანგეთად? ისე, კაცმა რომ თქვას, ფრანგები რომ ყოფილიყვნენ საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილის ადგილას, სხვაგვარად მოიქცეოდნენ?, თავზე ხელს გადაუსვამდნენ კორუმპირებულ, დამნაშავე გუშინდელებს? საფრანგეთის გუშინდელი პრეზიდენტის, სარკოზის მრავალსაათიანი დაკითხვა ხომ საწინააღმდეგოზე მიგვანიშნებს?

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ივანიშვილსა და მის კოალიციას არჩევნებში გამარჯვებაზე მეტად, გამარჯვების შემდგომ პერიოდში უჭირს. ძნელია, როდესაც სრულ ძალაუფლებას არ ფლობ. ძნელია, როდესაც ჩასაფრებული მოწინააღმდეგენი მისხალ-მისხალ გიზომავენ საქმეს. ძნელია, როდესაც დამნაშავე გუშინდელები ნიშნის მოგებით აცხადებენ – ხომ ხედავთ, რა მართლები ვყოფილვართო.

რა გაეწყობა, ასეთია დემოკრატიული არჩევნები. მაგრამ დემოკრატიული არჩევნები დემოკრატიულ, ნაკლებად კორუმპირებულ,  კანონისადმი მორჩილ საზოგადოებაშია შესაძლებელი, რისგანაც საქართველო  ისე შორს არის, როგორც მარსი დედამიწიდან. ევროპული დემოკრატიული არჩევნები შესაბამის დემოკრატიულ გარემოში ტარდება, არა ისეთში, როგორიც საქართველოშია.

გასულ წელს ზოგიერთი პოლიტიკოსი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების ცვლა საყოველთაო დაუმორჩილებლობით, მასშტაბური გამოსვლებით, ლამის რევოლუციით უნდა მომხდარიყო. მაშინ მათ წარმოუდგენლად მიაჩნდათ არჩევნებით ხელისუფლების დამარცხება. აქედან გამომდინარე ისინი ვერც იმას იფიქრებდნენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საჭირო გახდებოდა ახალი გამარჯვება ხელისუფლებაში შემორჩენილი გუშინდელების დასამარცხებლად.

არჩევნების შედეგით ნირწამხდარმა დასავლეთმა არა მარტო დემოკრატიულად მონათლა პირველი ოქტომბრის არჩევნები, არამედ საკუთარი „პროექტის – სააკაშვილის“ დასაცავად ლამის ჯვაროსნული ომი გამოუცხადა ახალ ხელისუფლებას. „მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მოვიდა ახალ ხელისუფლებაში, პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული მინისტრები, გუბერნატორები, დეპუტატები განიცდიან დევნას. მათ აპატიმრებენ, აშინებენ ფიზიკრი ზემოქმედების ზომებით. თავად სააკაშვილზე, რომელსაც დიდ პატივს სცემენ ვაშინგტონში და ევროპაში, ზემოქმედებას ახდენენ იმისათვის, რომ გადადგეს“, – წერს  „Le Temps“-სი და აღნიშნავს, რომ ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულება, დემოკრატიიდან გადახვევა, მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნება.

ამაზე უარესი რა დაიწერებოდა, საყოველთაო დაუმორჩილებლობით ხელისუფლების დამხობის შემდეგ?

რა მაგნიტი აქვს ამ მოსკოვს 20 წლის გავლის შემდეგ, ესოდენ ძლიერად რომ იზიდავს საქართველოს?

პრაგმატულად მოაზროვნე ხელისუფლებისთვის, საკუთარი ხალხის პირობების გასაუმჯობესებლად, საკუთარი, რის ვაი-ვაგლახით მოწეული სოფლის მეურნეობის პროდუქტების გასასაღებად, ქართული სოფლისთვის სტიმულის მისაცემად, ქართული ეკონომიკის ასაღორძინებლად სწორედ რომ რუსეთია საჭირო. ქართულ ეკონომიკას, ისე, როგორც პოლიტიკას რუსულ „ბაზარზე“ დაბრუნების არ უნდა ეშინოდეს, ისე, როგორც ამის არ ეშინიათ დსთ-ს წევრ სახელმწიფოებს. იმაზე მეტი რაღა უნდა ჩაგვყლაპოს რუსეთმა, რაც ჩვენ თვითონ არ ჩავეყლაპეთ?

ახალმა რუსეთმა ვერავინ ჩაყლაპა, ჩვენს გარდა.  რომ არა ჩვენი ინიციატივა, ესეც არ იქნებოდა. რუსეთმა ვერც ის მოახერხა, რომ დსთ-ელებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინათ. რუსულ პოლიტიკურ არენაზე თამაში იოლი არ არის, მაგრამ ხომ ახერხებენ ამას დსთ-ს წევრი სახელმწიფოების პოლიტიკოსები? ქართველ პოლიტიკოსთა და პოლიტოლოგთა ლოგიკის მიხედვით გამოდის, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში ყველაზე სუსტი პოლიტიკოსები ჩვენ გვყოლია.

გასული წელი დასამახსოვრებელი იყო ევროატლანტიკური სივრცის მხრიდან ნაცთათვის უკიდეგანო მხარდაჭერით. არ გაუმართლდათ, თუმცა იხტიბარს არ იტეხენ – რაც მოხდა, დემოკრატიაც ეს არისო და ამ „დემოკრატიის“ მთავარ შემოქმედ სააკაშვილს ცხვირში გვტენის, როგორც ვირს პიტნას – დაყნოსეთ და დატკბით სააკაშვილის „დემოკრატიული შემოქმედებითო“.

და კიდევ ერთი რამ – ყბადაღებული რუსული „ორბიტა“.

საქართველოსთვის  უდიდესი მნიშვნელობა აქვს საკუთარი გეოგრაფიული მდებარეობის გონივრულ გამოყენებას. საქართველო ენერგომატარებლებით ან სხვა წიაღისეულით მდიდარი ქვეყანა არ არის. რაც მას აბადია – გზაჯვარედინია. გაუჭირდებოდა აზერბაიჯანს ენერგოპროექტების განხორციელება საქართველოს სატრანზიტო გზის გარეშე. ამდენად, სულაც არ არის გასაკვირი ან დასამადლებელი აზერბაიჯანის მხრიდან ნაკლებ ფასად გაზის მოყიდვა, არც მშენებარე რკინიგზაა სამადლო.

გარდა ამისა, რატომ არის თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზა სასწაული და რატომ არ არის სასწაული რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აღდგენა? აფხაზეთთან შემაერთებელი მოკლე ზოლის აღდგენა გაცილებით იაფი დაჯდებოდა, ვიდრე ახლის მშენებლობა. ეს რკინიგზა საქართველოს და მასთან ერთად ამიერკავკასიას დააკავშირებდა რუსეთთან, უკრაინასთან, დსთ-ს სხვა წევრ სახელმწიფოებთან, ევროპასთან, გარდა ამისა – სამხრეთით – ირანთან, სპარსეთის ყურესთან. პერსპექტივა გაცილებით დიდია, ყოველ შემთხვევაში იმაზე ნაკლები არა, რაც მშენებარის შემთხვევაში.

მშენებარე რკინიგზის პროექტის განხორციელების დასაწყისში სააკაშვილმა ბრძანა – ქართველებს შანსი ეძლევათ ევროპაში მატარებლით ჩასვლისო. კეთილი, მაგრამ ეს შანსი ისედაც გვქონდა და ვიყენებდით საბჭოეთის დროს, როდესაც უნგენის, ჩოპის, სხვა სასაზღვრო პუნქტების გავლით მივემგზავრებოდით ევროპაში. რამდენ ქართველ ტურისტს უმოგზაურია ამ გზით.

გარდა ამისა რახანია არსებობს ირან-რუსეთ-ცენტრალური აზიის ე.წ. სამხრეთ-ჩრდილოეთის სატრანსპორტო ხაზი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტვირთებს, სპარსეთის ყურისა და ირან-რუსეთის გავლით ეზიდება ევროპაში.

რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აღდგენა უპირველესი ამოცანა უნდა იყოს საქართველოს ხელისუფალთათვის, ისე, როგორც სამხრეთ რკინიგზის ამოქმედება. ცხადია, დასავლეთი, კერძოდ აშშ-ი აღნიშნული გეგმის განხორციელების კატეგორიული წინააღმდეგი იქნება, მაგრამ, როდესაც მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, გულისწყრომა პოლიტიკური დიალოგით უნდა მოილბოს.

გასული წელი ევროატლანტიკურ კურსზე გაუთავებელი ლაპარაკის წლადაც შეიძლება ჩაითვალოს – ერთობ შემაწუხებლის საქართველოს მოსახლეობისთვის. როგორც ჩანს არც წელს ვიქნებით დაზღვეული ამდაგვარი ლაყბობისგან. ლაყბობა ჰქვია თითქმის ოცწლიან გაუთავებელ და უშედეგო ქაქანს. ბრიუსელი არც შიგნით გვიშვებს და არც უარს გვეუბნება იმის შიშით – განაწყენებულებმა რუსეთის ორბიტას არ მივაშუროთ. არადა ნატოში შესვლა, ნატოს  მოთხოვნებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია.

როგორც ჩანს აქ სხვაშია საქმე – აკვიატებულ იდეაში, ჩვენ ისეთი უნიკალურები ვართ, ნატოში შესვლას მაშინაც დავიჟინებთ, როდესაც ეს ორგანიზაცია აღარ იქნება. ჩვენ ისეთი „მაგრები“ ვართ, რომ ავღანეთიდან კოალიციური ჯარების გამოსვლის შემდეგაც, გავაგრძელებთ იქ ყოფნას – ტერორიზმისგან მსოფლიოს გადასარჩენად.

დადგა ახალი წელი – 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოპოვებული უნიკალური გამარჯვების განმტკიცების წელი. დიახ! განმტკიცების, რამეთუ მოპოვებულ გამარჯვებას უდავოდ ესაჭიროება განმტკიცება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩასაფრებული ნაცები ყველაფერს იღონებენ ვითარების სათავისოდ შესაცვლელად.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი.