ორმაგი სტანდარტით გაჯერებული პოლიტიკა
ამას წინათ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვესტრეველემ, მთელი ევროკავშირის სახელით, გააკეთა განცხადება, რამაც გული დამწყვიტა. განცხადება ბელორუსიის პრეზიდენტს, ლუკაშენკოს ეხებოდა, რომელმაც ბელორუსიაში პოლონეთის ელჩს არ შეუქო საქციელი და პოლონეთის ხელისუფლებასთან დათათბირებისკენ მოუწოდა, რაც, დიპლომატიურ ენაზე, ქვეყნის დროებით დატოვებას ნიშნავს. ამას როგორ უბედავს ლუკაშენკო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსო და ბრუსელმა 27 ქვეყნის ელჩი გაიწვია ბელორუსიიდან -კონსულტაციისთვის.
ბელორუსია-ევროკავშირის დიპლომატიური კინკლაობა რახანია დაწყებულია და ვითარებიდან გამომდინარე, ცუდი კარდიოგრამის მსგავსად, ხან მაღლა იწევს, ხან დაბლა. ჩანს, არც ერთ მხარეს, არ მობეზრდა არასტაბილური ურთიერთდამოკიდებულება, რაც თავისთავად იმის მანიშნებელია, თუ რაოდენ ჩამოუყალიბებელია ევროკავშირი მთელ რიგ საკითხებში.
ოფიციალურ ბრუსელს მინსკის მიმართ ისეთი პოლიტიკა აქვს შემუშავებული, ნებისმიერი რომ უმალ მიხვდება, მინსკის ქმედების შემდეგ რა ნაბიჯს გადადგამს. ელჩების აქეთ-იქით სირბილს არა მარტო ბრიუსელ-მინსკი დაეჩვია, არამედ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია ორთა პოლიტიკურ, თანაც ერთობ მოუხერხებელ ვალსში.
ვესტერველემ თქვა ის, რასაც, ლუკაშენკოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამბობდა, როგორც მისი წინამორბედი მინისტრები, ისე სხვა ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსებიც. მერე რა? ბევრი მათგანი კარგა ხანია ხელისუფლებაში აღარ არის ან ოპოზიციაშია ან პენსიაზე. ლუკაშენკო ისევ არის და როგორც ჩანს, კარგა ხანსაც იქნება, უდავოდ მოესწრება რა ვესტერველეს პოლიტიკიდან წასვლას. ასეა დიქტატორების ამბავი.
ვესტერველემ ლუკაშენკოს ევროპის უკანასკნელი დიქტატორი უწოდა, რითაც არც არავინ, მითუმეტეს ლუკაშენკო, გაუკვირვებია. ის რახანია მიეჩვია ამგვარ „ხოტბას“. გერმანელი მინისტრის ნათქვამში სერიოზული ხარვეზია ან ორმაგი სტანდარტი, რასაც სისტემატურად აქვს ადგილი არა მარტო ლუკაშენკოსთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტი ნამდვილად არ უქმნის დასავლეთს სანდომიან სახეს და თუ ეს არ შეიცვალა, ზოგიერთთა დასავლური აღტაცება, ქარს შეიძლება გაჰყვეს.
როგორც ჩანს, ვესტერველეს ნათქვამიდან გამომდინარე, ბელორუსია ევროპაა, საქართველო კი – არა. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ბელორუსიის პრეზიდენტის „დიქტატორობა“, საქართველოს პრეზიდენტთან შედარებით, რა მისატანია.
ქვეყნის მართვა რთული საქმეა, მითუმეტეს ისეთის, რომელმაც სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლის გზა აირჩია. გარდამავალი პერიოდის დემოკრატია რა დემოკრატიაა, ისტორიამ გვიჩვენა. ის ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას და განვითარებას.
საპარლამენტო კინკლავი, მიტინგები, პარტიული დაპირისპირებები, პოლიტიკოსთა ერთმანეთის პერმანენტული ლანძღვა მეხამრიდივით ისხლეტს ყოველდღიური საქვეყნო საქმის კეთებას. ამით იყო განპირობებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში მრავალწლიანი, მტკიცე ხელის მმართველობა, რომელმაც ფეხზე დააყენა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ტაივანი, იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, სხვები. და როდესაც დადგა ჟამი ნამდვილი დემოკრატიისა ამ რეგიონის ბევრმა ქვეყანამ ფართოდ გაუღო კარი მას.
დიქტატურა, ცხადია, არ არის ქვეყნის მართვის სანატრელი გზა, მაგრამ დასავლურ დემოკრატიამდე გაზრდისათვის, როგორც ჩანს, 20 წელი სულაც არ კმარა, რასაც თვალნათლივ გვიჩვენებს ბელორუსიის, თუნდაც საქართველოს მაგალითი.
დიქტატურა სულაც არ ნიშნავს იმას, რასაც დღეს საქართველოში აქვს ადგილი. ამ შემთხვევაშიც საქართველო უნიკალურია და ამიტომაცაა დასავლეთისათვის ასატანი, ხოლო რუსეთ-ბელორუსია, მითუმეტეს ირანი, დასავლეთის არ არის, ამიტომაც ისინი არადემოკრატიული, დიქტატორული ქვეყნებია.
როგორც იქნა დასრულდა ყბადაღებული რუსული არჩევნები – ჯერ დუმის, 4 მარტს კი – საპრეზიდენტოს სახით. შედეგიც ისეთია, რასაც ყველა ელოდა, მათ შორის დასავლეთიც, მაგრამ მას უნდა ეთქვა თავისი სიტყვა, „დემოკრატიულობით“ გაჟღენთილი, სადღეისოდ თუ არა სახვალიოდ გამიზნული. და მან თქვა ის, რაც თქვა. ის ნებისმიერ შემთხვევაში ასე იტყოდა, თუნდაც საარჩევნო მარათონი უნიკალური სიზუსტით წარმართულიყო.
დიახ, იყო დარღვევები – სერიოზული და ნაკლებ სერიოზული, უნებლიე თუ ტექნიკური, მაგრამ საერთო ჯამში იყო გამართული, გამჭვირვალე. მართლაცდა დემოკრატიული, ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც სულ რაღაც 20 წელია ეზიარა პლურალისტულ არჩევნებს.
არჩევნებში გამოყენებული ვიდეო-სისტემა ახალი სიტყვაა მსოფლიო არჩევნების ისტორიაში. სისტემამ მოსკოვიდან გაუსვლელად მისცა დამკვირვებლებს შესაძლებლობა თვალი ედევნებინათ რუსეთის ნებისმიერი საარჩევნო უბნისათვის.
ძვირადღირებულმა, დახვეწილმა სისტემამ გაოცება გამოიწვია უცხოელ დამკვირვებლებში. 500-მილიონიანმა სისტემამ გაამართლა. ის სამაგალითო გახდა, მაგრამ არა იმათთვის, ვინც წინასწარ იყო დაპროგრამებული ცდის სათქმელად. და მათაც არ დააყოვნეს, შეურაცხყვეს რა შრომატევადი საქმე.
ეუთოსა და ევროკავშირის დამკვირვებლების განცხადებით, არჩევნები იყო არადემოკრატიული, ადგილები ჰქონდა ფალსიფიკაციას, რომ გამარჯვებული წინასწარ იყო ცნობილი და ა.შ. არჩევნების შედეგებით, უფრო მეტად მისი ორგანიზებულად ჩატარებით იმედგაცრუებული დასავლეთი, ავსიტყვაობით შემოიფარგლა. არც ერთი პოზიტიური სიტყვა. ნუთუ ესოდენ არაორგანიზებულ-ფალსიფიცირებული იყო ყველაფერი?
მათი აზრით, რუსეთის არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდა, მაგრამ საქართველოს – დემოკრატიულად. ამას გვტენის ცხვირში ეუთო და ევროკავშირი, ისე, როგორც ვირს პიტნას.
რუსეთის არჩევნების არადემოკრატიულობაზე ლაპარაკობს მსოფლიოს „მთავარი არბიტრი“ – აშშ-ი. სახელმწიფო დეპარტამენტის დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი შინაარსის განცხადებაში ყურადღებაა გამახვილებული ეუთო-ევროკავშირის ნეგატიურ დასკვნებზე, თუმცა განცხადება იმით მთავრდებოდა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, აშშ-ი ითანამშრომლებს ახალ ხელისუფლებასთან ანუ პუტინთან.
ის, რაც არ იყო აღნიშნული ამ განცხადებაში, მაგრამ უნდა ვიგულისხმოთ, არის შემდეგი – კაცობრიობის კეთილდღეობისა და მსოფლიოს მშვიდობისათვის აშშ-ი თავს წირავს ითანამშრომლოს არადემოკრატ პუტინთან. ამ შემთხვევაში პუტინი და რუსეთი გაიგივებულია მიანმასთან, ჩრდილო კორეასთან, ცხადია ბელორუსიასთან, ირანთან და ა.შ.
ბელორუსიის ან სხვა ქვეყნის მაგალითიდან გამომდინარე დიქტატურა სულაც არ ნიშნავს დიქტატორის მიერ ქვეყნის დაუოკებელ ძარცვას, ხალხის გამათხოვრებას, შეურაცხყოფას, დაცინვას, რასაც საქართველოში აქვს ადგილი – პირიქით, სწორედ ხალხის კეთილდღეობისათვის ზრუნვას.
თუ ამ თვალსაზრისით გავავლებთ პარალელს ბელორუსია-საქართველოს შორის, დავინახავთ, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე ბელორუსიაში გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში ან დსთ-ს სხვა ქვეყნებში. ბელორუსიაში ხალხი სოციალურად გაცილებით უფრო დაცულია, ვიდრე სხვაგან. იქ უფრო მეტი პენსიებია, ვიდრე სხვაგან და სხვა.
ასეთ დიქტატორთან ძნელია ჭიდილი. ამიტომაც არის ლუკაშენკო უფრო პოპულარული, ვიდრე ერთად აღებული ბელორუსული ოპოზიცია. ლუკაშენკო აცხოვრებს მოსახლეობას, რაც რევოლუციის შანსს არ იძლევა.
ლუკაშენკოს საკუთარი პოლიტიკა აქვს, როგორც რუსეთის, ისე ევროკავშირის და აშშ-ს მიმართ. მისი მოდრეკა არცთუ იოლია, სწორედ ამიტომ ვერ იტანენ მას დასავლეთში, ამიტომაც არის ის „უკანასკნელი დიქტატორი“. ლუკაშენკო, რომ სააკაშვილი ყოფილიყო, კარგა ხანია ჩაიხუტებდა მას ევროპა-ამერიკა.
ლუკაშენკოს, რომ ისე ეძიძგნა საკუთარი ქვეყანა, როგორც სააკაშილს, ის სუპერ დემოკრატი იქნებოდა. საკუთარი ქვეყნის მიწასთან გამსწორებელი სააკაშვილი – დემოკრატია, საკუთარ ქვეყანაში სასარგებლო, სახალხო საქმეების გამკეთებელი ლუკაშენკო – დიქტატორი. მსგავსი სტანდარტების შემქმნელი ევროკავშირი აშკარად არ იმსახურებს სიმპატიებს, დადებითად არ აწყობს სხვა ქვეყნებს მის მიმართ.
დასავლეთის მიერ ტოტალიტარულ-დიქტატორულ რეჟიმებად წოდებულ ქვეყნებში მკაცრი კონტროლია დაწესებული სახელმწიფო ქონებაზე. პატარა შეცდომაც საკმარისია არათუ ხელისუფლებიდან გაძევების, არამედ ციხეში გამომწყვდევისათვის. ამ ქვეყნების ყოფილი პრეზიდენტები, მაღალი თანამდებობის პირები კარგა ხანია ციხეს ხეხავენ.
საქართველოს ხელისუფლების მიმართ არსებული დასავლური რევერანსი, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უხვად გამოვლენილი, აფერხებს ქვეყნის არა მარტო ე.წ. დემოკრატიულ განვითარებას, არამედ დასავლეთის საწინააღმდეგოდ უბიძგებს მოსახლეობას.
დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს მხრიდან სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიმართ გუნდრუკის კმევა ათავხედებს სააკაშვილს, შედეგი – პარლამენტში „დემოკრატი“ სააკაშვილის სრულიად არადემოკრატიული ქცევაა.
არც ერთ დასავლელ ხელისუფალს, ერთობ დემოკრატიულსა და ჭეშმარიტების მოტრფიალეს, სიტყვაც არ დაუძრავს ამ არაადამიანური საქციელისთვის, მაშინ, როდესაც ბელორუსიიდან ელჩებს იწვევენ, ხოლო რუსეთს უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ. ყოველივე სავალალო ორმაგი სტანდარტის მაუწყებელია.
მაინც რით ვერ გაალღვო რუსეთმა მოჭარბებულად „დემოკრატიული“ ამერიკული გული? უპირველეს ყოვლისა საკუთარი პოზიციის, აზრის, პოლიტიკის ქონით. ამერიკას მოსწონს, როდესაც უცხო ქვეყნის ლიდერი ამერიკულად უქნევს ენას, ისე, როგორც სააკაშვილი, როდესაც კოჭს უგორებს მას და ყველა საკითხში ეთანხმება მის მოსაზრებას. ვინც ამას არ აკეთებს – მიუღებელია.
ვაშინგტონ-პუტინის მეგობრობას წყალი შეუდგა პუტინის პრეზიდენტობის ბოლოს, მიუნჰენის კონფერენციაზე გამოსვლის დროს, როდესაც პუტინმა მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რას წარმოადგენს აშშ-ი.
შეიძულეს პუტინი, თანაც ისეთ დონეზე, რომ გასულ წელს ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენიც მიავლინეს მოსკოვში იმის სათქმელად – აშშ-ი ნეგატიურად აღიქვამს პუტინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
არ გაუმართლდათ.
არც ამერიკული დოლარით დაპურებულმა ე.წ. რუსმა ლიბერალებმა ქნეს „სიკეთე“. ჯერ – ერთი იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის კასიანოვ-რიჟკოვ-ნემცოვ-მილოვის პარტიის მხარდამჭერთა შესაბამისი რაოდენობა ვერ გამოძებნეს, მეორეც იმიტომ, რომ პარტიამ ხელისუფლების მიმართ, უსაგნო ლანძღვა-გინების გარდა, სხვა ვერაფერი მოახერხა. მაგრამ აშშ-ი იოლად არ შეეგუება ვითარებას.
რევოლუციების ამერიკული სცენარი, რომელმაც თავდაყირა დააყენა უკრაინა, საქართველო, არაბული სამყარო, რუსეთს მიადგა და დღეს თუ არა, ხვალ წირვას გამოუყვანს მას, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ კრემლი არ გადადგამს შესაბამის ნაბიჯს.
ამის მაგალითია მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში აგორებული ანტისახელისუფლებო მრავალათასიანი მიტინგები და დემონსტრაციები. მათი მთავარი მიზანი – სახელმწიფოს მანქანაში სისუსტის შეტანაა, გარდა ამისა ფინანსური პრობლემების გაჩენა.
4 მარტამდე გამართულმა მიტინგებმა რუსეთი თითქმის 80 მილიარდი დოლარით აზარალა. მიტინგებს უნდა მოჰყოლოდა ჯაჭვური რეაქცია – სამრეწველო წარმოების ვარდნა, რუბლის კურსის დესტაბილიზაცია, ფასების ზრდა, სოციალური პროგრამების შეჩერება. ყოველივე აღნიშნული პირველ რიგში ხალხზე იმოქმედებდა. მაშინ კი ხალხი მართლაც გამოვიდოდა ქუჩაში. და თან ჩაიტანდა არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას.
ამ სცენარმა დღეს არ მოიტანა წარმატება, მაგრამ ხვალ?
აშშ-ს „ფერადმა“ პოლიტიკამ რუსეთთან მიმართებაში წაიფორხილა, თუმცა არ დაცემულა და უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალში სისტემატურად შეახსენებს თავს არა მარტო პუტინს, არამედ მსოფლიოს. დასტურად – მოსკოვში 5 მარტს გამართული ანტისახელისუფლებო მიტინგიც კმარა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.