04.12.2024

დამაიმედებელი სტამბოლის შეხვედრა

სტამბოლში გამართული შეხვედრა ექვსეულსა და ირანს შორის განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა. მას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოსთვის და აქედან გამომდინარე საქართველოსთვის.

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის და გერმანიის დიპლომატების მოლაპარაკება ირანის წარმომადგენელთან დიდი დატვირთვის მოვლენა იყო, რომელსაც უნდა განესაზღვრა ომისა და მშვიდობის საკაცობრიო საკითხისთვის პრიორიტეტულობის მინიჭება.

სტამბოლამდე დასავლეთმა ყველაფერი იღონა ვითარების მაქსიმალური დაძაბვისთვის და ამ გზაზე არაერთი ხერხი გამოიყენა, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკურ-საფინანსო სანქციების სახით. სტამბოლამდე მისვლას არაერთი წელი დასჭირდა – დაპირისპირებით, ლანძღვა-გინებით, პრაქტიკული ნეგატიური ქმედებით დახუნძლული წლები, თუმცა ირანის დაყოლიება ვერ მოხერხდა.

ირანი აგრძელებდა დაწყებულ საქმეს და შიგადაშიგ დაბეჯითებით იმეორებდა, რომ რასაც ის აკეთებს, სულაც არ არის ის, რაც აშშ-ს და მის დასავლელ მოკავშირეებს ჰგონიათ. ირანის ნათქვამი ისე, როგორც მისი გულშემატკივარი ქვეყნების, უყურადღებოდ რჩებოდა, ეს კი აშკარა მიმანიშნებელი იყო იმაზე, რომ ვაშინგტონის ჰეგემონისტური გეგმებისთვის მთავარი იყო საბაბი და არა სინამდვილე, დაახლოებით ისეთი საბაბი, როგორსაც ადგილი ჰქონდა ერაყთან მიმართებაში.

დაძაბულობის პიკმა იმ დონეს მიაღწია, რომ თელ-ავივსა და ვაშინგტონში ლამის დაუფარავად აცხადებდნენ ირანის ბირთვული ობიექტების საჰაერო დარტყმებით ლიკვიდაციის შესახებ. ნათელი გახდა, ისიც, რომ აშშ-ს და ევროკავშირის ეკონომიკური ბლოკადით, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შემოღებულ ოთხ სანქციას დაემატა, ირანი არ წაიქცეოდა. პირიქით, მან თვით გადაუკეტა ევროპას ენერგომატარებლების ონკანი, გაცილებით ადრე, ვიდრე დასავლეთის სანქციები ამოქმედდებოდა.

შექმნილი ჩიხური მდგომარეობა ისევ ირანმა განმუხტა. მან არა მარტო საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტები მიიწვია ირანში, ბირთვული ობიექტების საინსპექციოდ, არამედ სურვილი გამოთქვა ექვსეულთან წელიწადნახევრის წინ შეწყვეტილი მოლაპარაკების აღსადგენად. ოფიციალურმა ვაშინგტონმა, მისთვის ჩვეული სკეპტიციზმით შეამკო ირანელთა წინადადება, თუმცა შემოთავაზებაზე დათანხმდა. ამერიკა-ევროპაში არსებულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა ვითარებამ აიძულა ის ამგვარი ნაბიჯის გადადგმაში.

ამერიკაში წინასაარჩევნო მარათონია. მიუხედავად პრეზიდენტ ობამას რეიტინგისა, ის 9%-ით უსწრებს რესპუბლიკელთა კანდიდატ როუმნის, არავინ იცის, რა სურათი იქნება მომავალი შემოდგომისთვის. ირანის დაბომბვა არც ობამას რეიტინგს წაადგება და არც ეკონომიკურ ვითარებას, მითუმეტეს ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს საჰაერო დარტყმით გამოწვეული შედეგები.

გარდა ამისა ობამა, რომელიც მშვიდობის მტრედობას იჩემებს და ავღანეთში ომის შეწყვეტისთვის იღვწის, ახალ სამხედრო ავანტიურაში ჩართვის ნაკლებად გულანთებული მომხრეა. ყველაფერთან ერთად ავანსად მიცემული ნობელის პრემია (მშვიდობისათვის) თავის საქმეს აკეთებს. მაგრამ ობამა მარტო არ არის.

აშშ-ი ბევრია თავგახურებული პოლიტიკოსი და ექსპერტი, რომელიც ირანის დასჯას მოითხოვს. ისინი სისტემატურად იკვებებიან ებრაული ლობის იდეებით. განსაკუთრებული რეაქციული გამოხდომებით ცნობილები არიან რესპუბლიკელები. გაიხსენეთ პრეზიდენტობის კანდიდატის როუმნის ბოლოდროინდელი ნათქვამი რუსეთის მტრობასთან დაკავშირებით და უმალ თვალწინ დაგიდგებათ ცივი ომის პერიოდი.

არანაკლებ მოსათოკია ისრაელი, რომელიც ყალყზეა შემდგარი და ირანისთვის დასარტყმელად ვაშინგტონის თანხმობის მოლოდინშია. ობამამ მოახერხა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს დაჯერება ირანის დაბომბვისგან თავშეკავებაში. ობამას წინადადება ასეთი იყო – ჯერ ვაცალოთ სანქციებს და შემდეგ გადავწყვიტოთ.

როგორც ჩანს, აშშ-ს მიერ დამონებულმა ევროპამაც ხმა ამოიღო. ირანის ნავთობის ონკანის გადაკეტვა მასზე მძიმედ მოქმედებს. ყოველივე ამან პოზიტივისკენ გადახარა დასავლეთი. თუ სტამბოლის მოლაპარაკებას შევხედავთ, დავინახავთ, რომ ეს რაუნდი კონსტრუქციულად, სასარგებლოდ წარიმართა, რაც განაცხადეს კეთრინ ეშტონმა – ევროკავშირის საგარეო საქმეების ხელმძღვანელმა და საიდ ჯალილიმ – ირანის დელეგაციის მეთაურმა.

„ევრონიუსისთვის“ მიცემული ინტერვიუს დროს საიდ ჯალილიმ თქვა, რომ წელიწადნახევრის შემდეგ დასავლეთი დარწმუნდა დიალოგის აუცილებლობაში და ჩვენც მზადყოფნა გამოვთქვით. მან ისიც თქვა, რომ ირანი მაშინაც მზად იყო დიალოგის გაგრძელებისთვის, მაგრამ დასავლეთი წავიდა წინააღმდეგ.

ჯალილიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციებით ირანი არ დაიჩოქებს. მას დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს (ნავთობი). თუ ვინმე კარგავს – ეს ევროპაა, რომელიც არა მარტო ირანულ ნავთობს კარგავს, არამედ 70-მილიონიან ირანულ ბაზარს. ჯალილიმ ისიც თქვა, რომ მომავალი შეხვედრის დროს, რომელიც ბაღდადში დაიგეგმა, უნდა გადაწყდეს სანქციების მოხსნის საკითხი.

თავის მხრივ ეშტონმა განაცხადა, რომ ირანს სრული უფლება აქვს გააგრძელოს სამშვიდობო ბირთვული კვლევები, გარდა ამისა შეთანხმდნენ ბირთვული გაუვრცობლობის საკითხებშიც.

სტამბოლის შეხვედრას წინ უსწრებდა აშშ-ს პრესაში ამერიკული სადაზვერვო მონაცემების გამოქვეყნებაც. მისი მიხედვით, ირანს 2003 წელს შეუწყვეტია ბირთვულ ბომბზე მუშაობა და დღემდე არ აღუდგენია. ამის დამადასტურებელი სამთავრობო განკარგულება არ არსებობს.

ეს ფაქტი ერთ რამეზე მეტყველებს – ირანი ყოველგვარი ობიექტური საბაბის გარეშე ისჯება სანქციებით. ვითარების გამოსწორებისთვის საჭიროა სანქციების მოხსნა, მაგრამ აშშ-ი ალოკავს თავის გადაფურთხებულს? ალბათ არა, ვინაიდან ირანის ე.წ. ბირთვული სამხედრო „პროგრამა“ აშშ-ს გეოპოლიტიკური მიზნებისთვის იყო მოგონებული. ეს რომ ასეა, ამაში ეჭვის შეტანა ჭირს. აშშ-ს ბევრი ძალისხმევა დასჭირდება საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად.

ერთობ უხერხულ დღეში ჩავარდნილი დასავლეთი, მედიის საშუალებით, ცდილობს იმიჯის გამოსწორებას. საინფორმაციო საშუალებები, მათ შორის ცნობილი ტელეკომპანიები, ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს სწორედ სანქციებმა აიძულეს ჯიუტი ირანი მოლაპარაკებაზე წასულიყო. თითქოს დასავლურმა ბრძნულმა პოლიტიკამ და ირანისთვის მშვიდობიანი გზით ხელის გრეხამ დასვა ირანი მოსალაპარაკებელ მაგიდასთან და ა.შ. არადა სალეხის მიხედვით, თვით დასავლეთი გახდა იძულებული გადაედგა ეს ნაბიჯი.

ასეა თუ ისე, ჯერ-ჯერობით რეგიონმა და მსოფლიომ თავიდან აიშორა უსასტიკესი სამხედრო დაპირისპირება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ბაღდადის შეხვედრაც კონსტრუქციულობით იქნება გამორჩეული.

ეკონომიკური ბლოკადის თემა უცხო არ არის აშშ-ს და მისგან გამომდინარე მსოფლიოსთვის. მთელი რიგი ქვეყნები – აშშ-ს მიერ „ბოროტებად“ შერაცხულები თითქმის ნახევარსაუკუნოვანი სანქციების ქვეშ იმყოფებიან. მაგალითისთვის კუბა და ჩრდილო კორეა რად ღირს. აშშ-ს არ მოსწონს ქვეყნები, რომლებიც საკუთარ, დამოუკიდებელ პოლიტიკას ეწევიან. მას დამჯერები უყვარს, ისეთები, როგორებიც ბალტიისპირა ქვეყნები, საქართველო, საუდის არაბეთი, ყატარი, საამიროები თუ სხვა ქვეყნებია. „ამერიკული ვარსკვლავი სულ არ ჰგავს იტალიურ ვარსკვლავს. ამბობენ, მას ბედნიერება მოაქვს, ოღონდ მაშინ, როცა ამერიკული ვარსკვლავი ძალაუფლებას აძლევს იმათ, ვინც მას მიჰყვება“, – ალბერტო მორავია „ჩოჩორა“.

სულ ახლახანს ლათინური ამერიკის ქვეყნების სამიტზე, აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ კუბა არ ასრულებს დემოკრატიული ცხოვრებისთვის საჭირო მოთხოვნებს. კუბა სოციალისტური მშენებლობის თანმიმდევრული მომხრეა, რაც გულზე არ ეხატება აშშ-ს. კუბის სისტებისა და ლიდერების მოსახრჩობად აშშ-მ უმკაცრეს სანქციებს მიმართა. ანალოგიურად მოიქცა ჩრდილო კორეის მიმართაც.

ორივემ გაძლო, გაუჭირდათ, მაგრამ არ დათმეს პოზიციები. სანქციებმა კარგი არაფერი მოიტანა. დაშინებული ჩრდილო კორეა იძულებული შეიქმნა წელის გაწყვეტამდე შემოეჭირა ქამარი და ისეთი არმია შეექმნა, რომელიც გაუძლებდა აშშ-ს მიერ ზურგგამაგრებული სამხრეთის შეტევას. ჩრდილოეთმა – საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად ბირთვული ბომბიც შექმნა. მას დღეს 8-12 ასეთი ბომბი აქვს. გარდა ამისა კორეას 1.3 მილიონიანი კარგად გაწვრთნილი არმია ჰყავს, რომელსაც ვერაფერს დააკლებს აშშ-ს 30-ათასიანი სამხედრო კონტიგენტი – 50-კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონის გასწვრივ განლაგებული.

რომ არა ამერიკის დაძალებით დაწესებული ეკონომიკური სანქციები, გაცილებით უკეთესი ვითარება იქნებოდა შექმნილი მსოფლიოში. რომ არა დასავლეთის შიში, ნიჭიერი ჩრდილოელები სამხრეთელ ძმებზე არანაკლები წარმატებული ქვეყნის შექმნას მოახერხებდნენ.

გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებამდე ჩრდილო კორეა ყველა პარამეტრით გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე სამხრეთი, მაგრამ აშშ-ს ძალისხმევით, გამუდმებული მუქარით – ჩრდილო კორეა იძულებული შეიქმნა, ნაცვლად სოციალური პირობების გაუმჯობესებისა, საკუთარი სუვერენიტეტის დაცვაზე ეზრუნა.

ჰეგემონიზმი, ერთპიროვნული მმართველობა, დიდი ქვეყნის ამბიციები, სამწუხაროდ სხვას მოითხოვს – ძალისმიერ მოგუდვას. ამ ძალისმიერში სამხედრო ინტერვენციაც იგულისხმება და ახალ-ახალი იარაღის შექმნის მარათონშიც გამოწვევა. არ ჩაერთვები გამალებულ შეიარაღებაში და მეტოქე გადაგივლის. მთელმა რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ირანმა, სხვებმა მიიღეს გამოწვევა, არმიაც შექმნეს და იარაღიც, მაგრამ საკუთარი ხალხის სოციალური ყოფის გაუმჯობესებაში მოიკოჭლეს.

სწორედ ეს იყო და არის აშშ-ს ჰეგემონისტური მიზნები. მაგრამ ამ პოლიტიკამ სერიოზული ზიანი მიაყენა თვით მას. ეკონომიკური კრიზისი, მზარდი უმუშევრობა, სოციალური პირობების გაუარესება აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ ძველმოდური, დახავსებული პოლიტიკა ახლით არის შესაცვლელი. შეძლებს ამას აშშ-ი? ძნელი დასაჯერებელია, ვინაიდან მსოფლიო ჰეგემონიზმის იდეა საფუძვლიანად არის გამჯდარი მის გონებაში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.