ბრჭყვიალა ფასადს მიღმა
ფასადური საქართველო, საქართველოში მცხოვრებთათვის ისეთივე ჩვეულებრივი რამ რომ გახდა, როგორც ჰაერი, გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს. რვაწლიანმა პროპაგანდისტულმა შეტევამ თავისი გააკეთა და თუ მოსახლეობა „ფასადურ სიკეთეებში“ ვერ დაარწმუნა, მისი ყური მაინც დაიპყრო და თანაც ისე, რომ ურეაქციობას შეაგუა.
ფასადური ამბების მთავარი შემოქმედი იმდენად გაერთო ბარონ მიუნჰაუზენობით, ხშირად პროპაგანდის ობიექტსაც ვეღარ ზომავს და ისეთი ქვეყნის პოლიტიკოსსაც უყვება „უნიკალური“ აღმშენებლობისა და რეფორმების შესახებ, როგორც აშშ-ია.
სააკაშვილისეულ თავის ქებას საზღვარი არ ჰქონდა ჰილარი კლინტონის ბათუმში ვიზიტის დროს. რა არ ითქვა იქ, მსოფლიოში ჯერ არნახული უნიკალური რეფორმების თაობაზე, იუსტიციის სახლზე, რომელიც წარმოუდგენლად უმსუბუქებს რიგით მოქალაქეს არსებობას. გინდათ პასპორტის მიღება, მიდით იუსტიციის სახლში და მანქანიდან გადმოუსვლელად შეუკვეთეთ პასპორტი. ოპერატორი უმალ მოგართმევთ ყავას და ვიდრე მას მიირთმევთ – პასპორტსაც.
დასტურად მაღალ სტუმარს, იუსტიციის შენობის დათვალიერებისას, უმალ აჯახეს ქართული პასპორტი, ცხადია კლინტონის სახელზე გამოწერილი. გაოცებული სტუმარი აღფრთოვანებას ვერ მალავდა და თან გულში ფიქრობდა, რა მოხერხებული მასპინძელია, რა ბედნიერებაა, როდესაც ამერიკას ასეთი მოკავშირე ჰყავს, თან საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მზრუნველი, რეგიონში ამერიკელთა მარჯვენა ხელი, აშშ-ს იდეალების მებაირახტრე.
რა ბედნიერებაა, რომ ამერიკელებმა ის იპოვეს, დროულად შეამჩნიეს და ხელიც წაჰკრეს ოლიმპისკენ. ორმოცდახუთს მიტანებული სააკაშვილი, უკანალში ძრომაში დაოსტატებული კიდევ რამდენ – ამერიკულ საქმეს გაართმევს თავს, ფიქრობდა კლინტონი. და ალბათ ნებისმიერი იფიქრებდა მისდარად.
ქართულმა მასპინძლობამ მოხიბლა კლინტონი, უფრო მეტად მთავარი მასპინძლის სიტყვებმა – სტუმრის ქვეყნის იდეალიზაციით, რომ იყო შეკმაზული. უცხოელებს მოსწონთ, როდესაც სამშობლოს უქებენ, მითუმეტეს უმაღლესი დემოკრატიულობისთვის, თავისუფალი ცხოვრების შექმნისთვის და იმ სიკეთეებისთვის, რასაც ის აკეთებს მსოფლიოსთვის.
მსგავსი ქება კლინტონს კარგა ხანია არ სმენია, როგორც საზღვარგარეთ, ისე საკუთარ ქვეყანაში. ამერიკის ლანძღვა-გინების ფონზე სააკაშვილის ხოტბა ყურსაც სიამოვნებს და გულსაც. ანდა როგორ არ უნდა სიამოვნებდეს ინგლისურად მოლაპარაკე სტუმარს მასპინძლის ნათქვამი – ბავშვებს 5 წლიდან დაწყებული ამერიკელი მასწავლებლები ასწავლიანო. და რომ ეს ასეა თვით დარწმუნდა ამერიკელ მასწავლებლებთან შეხვედრით.
კლინტონმა კარგად იცის, თუ რა მნიშვნელობა აქვს თოთო ბავშვებისათვის ინგლისურის შეტენას, თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ამ ექსპერიმენტმა ერს. მშობლიური ენის ინგლისურით ჩანაცვლება თანაც იმ ასაკში, როდესაც მშობლიურიც უცხოა, მძიმედ მოქმედებს ბავშვზე, ცვლის მის ფსიქიკას.შედეგი – გაორებული, ცუდი ჰიბრიდი – ამერიკულისკენ გადახრილი, და როდესაც ამ ექსპერიმენს საყოველთაო საფუძველი აქვს შექმნილი, კარგი სიტყვის მეტი რა უნდა თქვას სტუმარმა ექსპერიმენტატორზე?
სააკაშვილმა დაარწმუნა კლინტონი ამერიკისადმი უკიდეგანო სიყვარულში, საქართველოს გაამერიკულებაში, ამერიკის ინტერესების უყოყმანო შესრულებაში, მის მიერ წამოწყებული რეფორმების სიკეთეებში და აქედან გამომდინარე საქართველოს ბრწყინვალე მომავალში.
რომ იტყვიან – ხელი-ხელს ბანსო – არც კლინტონმა დააკლო „აყვავებულ“ საქართველოს კეთილი სიტყვები, რითაც ესოდენ გაახარა სააკაშვილისა და ნაცთა გულები. გალაღებულმა სააკაშვილმა კი თავს უფლება მისცა „განვითარებული“ ტურიზმით ეტრაბახა – 5 მილიონ ტურისტს ველოდებითო – მოახსენა უფროსს. კმაყოფილების ნიშნად კლინტონმა თავი დაუკრა. არც ერთი კითხვა, როგორ შეძლებს 120 ათასიანი ბათუმი და მასზე ნაკლები ქობულეთი 5 მილიონი ტურისტის მიღებას?
ამ მამალ ტყუილთან დაკავშირებით საქართველოს ახლო-მახლოს მდებარე ერთი ქვეყნის დიპლომატი მეუბნებოდა – ჩვენი, თითქმის 80-მილიონიანი ქვეყანა ვერ იღებს 2 მილიონ ტურისტს და პატარა საქართველომ, როგორღა უნდა მიიღოს 5 მილიონიო? დიპლომატის გაკვირვება ობიექტურია.
საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის მონაცემებით – ეს დარგი წარმატებულად მაშინ ითვლება, როდესაც თითო ტურისტზე საშუალოდ 3 მომსახურე პერსონალი მაინც მოდის, თანაც მაღალკვალიფიცირებული და არა ისეთი, როგორც ჩვენში.
ტურიზმი მარტო სასტუმრო არ არის. ტურიზმი ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილია, რომელშიც უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია გზებს, აეროპორტებს, კვების ობიექტებს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს, ტრანსპორტს, ისტორიისა და კულტურის ძეგლებს, თბილ მასპინძლობას, გართობას და სხვა. ტურიზმი ნიშნავს სოფლის მეურნეობის, გადასამუშავებელი მრეწველობის განვითარებას, სწრაფ და იაფ მომსახურებას, რაც საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
ტურიზმი არის წყალი და შუქი, რასაც სტაბილურობა არ ეტყობა. დიდ სასტუმროებში თუ ამის პრობლემა არ დგას, პატარებში ამას სისტემატურად აქვს ადგილი. კვირა ისე არ გაივლის აბაზანაში გასაპნული არ დარჩე წყლის მოულოდნელი შეწყვეტის გამო. ელექტროენერგიის შეწყვეტა მძიმედ მოქმედებს მომხმარებელზე, სუპერმარკეტებში, ბანკებში ან სხვაგან. ობიექტურად მობუზღუნე მომხმარებლებში უცხოელებიც არიან.
ტურიზმი ფეხს ვერ მოიკიდებს მეორეხარისხოვან თურქულ კვების პროდუქტებზე, რომელსაც დაპყრობილი აქვს ქართული ბაზარი.
ტურიზმი საქალაქო ტრანსპორტსაც ნიშნავს, მათ შორის ტაქსს. ამ მხრივ ერთობ შემაშფოთებელი მდგომარეობაა, განსაკუთრებით საქალაქო ტრანსპორტის – ავტობუსების თვალსაზრისით. ყვითელი ავტობუსების სიმცირე და გადატვირთულობა თვალში საცემია და სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ნებისმიერ მგზავრს. მორყეული, გაუმართავი ავტობუსები, ზაფხულის ხვატში ჩაკეტილი მინებით, შეპირებული კონდიცირების გარეშე, მძღოლთა თავნებობა, უსუფთაობა ტურიზმის განვითარებას სულაც არ უწყობს ხელს.
მგზავრთათვის აუცილებელი პირობების შექმნას ხელს უშლის ე.წ. გამჭვირვალე ავტობუსების გასაჩერებელი ჯიხურების მინების სარეკლამო პლაკატებით დაგმანვა, რითაც გამჭვირვალეობა ქრება და წვიმაში მგზავრი იძულებულია ჯიხურებიდან თავი მუდამ გამოყოფილი ჰქონდეს ავტობუსის მოლოდინში. ყოველ გაჩერებაზე წვიმის ღრმა გუბეები დგას და მასში ჩამხტარი ავტობუსი უმოწყალოდ წუწავს ტალახიანი წყლით ახლო მყოფთ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ავტობუსებზე მარშრუტის ნომრების არ არსებობა. ავტობუსების უდიდეს უმრავლესობას მხოლოდ წინა საქარე მინაზე აქვს ნომერი, არც გვერდზე და არც უკან ნომრები არ აქვს, მაგრამ აქვს უამრავი რეკლამა, მინებზეც კი.
ცალკე თემაა ქალაქის უსუფთავობა. დასუფთავება ქუჩიდან ნაგვის გატანით ან ზერელე დაგვით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ამ საკითხს ქალაქის მესვეურები საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. ამდენად კარგ ამინდში სქელი მტვრის ფენა აქვს გადაკრული ქუჩებს, რომელიც წვიმაში ტალახად იქცევა. მიზეზი – არაპროფესიონალური, ღია მშენებლობებია, გათხრილი და უყურადღებოდ მიტოვებული ქუჩები და ტროტუარები, მიწისქვეშა კომუნიკაციებიდან სისტემატურად მომდინარე წყალი, ფეკალური სითხე და სხვა. სავალალო მდგომარეობაშია გვერდითა ქუჩები, როგორც ანტისანიტარიის თვალსაზრისით, ისე არსებული ორმოებით. ასეთი ქალაქით უცხოელს ვერ მოიზიდავთ.
ზემოთნახსენებმა დიპლომატმა ვერც ბათუმის ბარსელონობა, პარიზობა და თუნდაც შავი ზღვის პირველობა შეიგრძნო და გულახდილად მითხრა – ცენტრში ზოგიერთი სახლის შერემონტება და თითო-ოროლა სასტუმროს აშენება ბარსელონობას არ ნიშნავსო. მაგრამ ვკითხოთ სააკაშვილს, რომელიც ხალხს უმტკიცებს საწინააღმდეგოს. მისი ქების ობიექტს ქუთაისის პარლამენტის შენობაც დაემატა. მარტო ამ შენობის ნახვისათვის ჩამოვა უცხოელი ქუთაისშიო, – ამბობს სააკაშვილი.
უცხოელი, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის გარემოში ცხოვრობს, ვერაფრით გაკვირდება მინის პარლამენტით ან პოლიციის მინის შენობებით. მინის ფასადი თვალს იბყრობს, მაგრამ შინაარსი თრგუნავს. ისე როგორც იუსტიციის სახლი – მომსახურების „შედევრად“ აღიარებული, ანდა თუნდაც ჯანმრთელობის რეფორმა.
დასტურად ამისა საკუთარ თავგადასავალს მოგიყვებით. მაშინ, როდესაც სააკაშვილი ენაწყლიანად უყვებოდა კლინტონს მომსახურეობის გაიოლებაზე, თქვენი მონა-მორჩილი, ალერგიით დასიებული სახით ემუდარებოდა აფთიაქში შეძენილი წამლის კუნთში გაკეთებაზე, ჯერ „ავერსის“ კლინიკას, შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, თუმცა ამაოდ. „არ შეიძლება“, – მომიგეს სახედასიებულ პაციენტს და ერთი ჩხვლეტა დამამადლეს. რეგისტრაციაში გატარდით, ექიმი ნახეთ და . . .
რეგისტრაცია 40-50 ლარი ღირს, რაც შეეხება ექიმს, ცალკე თემაა. ერთ ნემსში 50 ლარი. გამწარებულმა სასწრაფოს ტელეფონს ვეცი და ნახევარი სათის განმავლობაში ამაოდ ვცდილობდი დაკავშირებას – დაელოდეთ, იყო პასუხი. ვცადე სხვა სასწრაფო სამსახურის გამოძახება, ცხადია კერძოს, მაგრამ ოპერატორმა განმიმარტა, რომ გამოძახება 50 ლარი დამიჯდებოდა.
ის, რაც გუშინ უმტკივნეულოდ კეთდებოდა, თანაც ექთნისთვის ერთი ან ორი ლარის ჩუქებით, დღეს, გარეფორმებულ საქართველოში, 50 ლარი ღირს. ესეც თქვენი სანაქებო ჯანდაცვის რეფორმა, გულწასულ პაციენტს აიძულებენ რეგისტრაციაში გატარებას – ფულის გამოძალვის მიზნით, თანაც იმ რაოდენობის, ღატაკი ქვეყნის, ღატაკი მოსახლეობის თვიური შემოსავლის ნახევარი რომ არის.
არანაკლები ბანდიტიზმია თბილისის ქუჩებში ავტომანქანების მფლობელთა მიმართ. დააყენებთ ავტომანქანას „სიტი პარკის“ მიერ შემოფარგლულ ტერიტორიაზე და მანქანას ვერ ნახავთ. ევაკუატორმა წაიყვანა, ვინაიდან „არასწორ“ ადგილას დააყენეთ. ტყუილ-მართლის დადგენა შეუძლებელია, ამდენად ავტომანქანის პატრონი იძულებულია ჯარიმის სახით 70 ლარი გადაიხადოს. და ესეც წარმატებული რეფორმაა. მისი მსგავსი უამრავია და სიცოცხლეს უმწარებს ნებისმიერ ჩვენგანს.
ასეთი „რეფორმების“ გზით, ხელოვნურად გაზრდილი გადასახადებით, ხელისუფალთა თავხედობით, ხდება მოსახლეობის ჯიბიდან ფულის ამოღება და „საარაკო“ მშენებლობაში დაბანდება, იქედან ნაცთა ჯიბეში გადაქაჩვა.
კორუფციამ უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია. განუკითხაობა მძვინვარებს ყველა დარგში. კორუფცია გაახალგაზრდავდა, მასში ყელამდე ჩაეფლო თანამდებობის მქონე თინეიჯერი ნაცები.
კორუფციის გაახალგაზრდავება უმძიმესი შედეგის მომტანია ქვეყნისთვის. და ამას ყველაფერს გაღიმებული სახით უყურებს ქალბატონი ჰილარი, სხვა ამერიკელი ჰილარები, ბარაკები, მიტები, ჯონები და ა.შ. ე.წ. სტრატეგიული პარტნიორები, რომელთა უმთავრესი მოვალეობა უნდა იყოს არაპროფესიონალი, თანაც ქურდი ნაცების მოთვინიერება.
მაგრამ არა. სტრატეგიული „პარტნიორის“ გეგმა სხვაა – ერის გარყვნა, გახრწნა, რამეთუ ასეთის დამორჩილება იოლია. ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერ არც ერთ ამერიკელ ჩინოსანს არ უკითხავს, რა გზით ხდება სხვადასხვა სახის მშენებლობათა დაფინანსება, რა საფასურს იხდის ამ საქმისათვის ხალხი ან სჭირდება თუ არა მას ახალი ქალაქი ლაზიკა ან ანაკლია?
კლინტონის ვიზიტმა, მისდა უნებურად (შესაძლოა შეგნებულადაც), პოზიციები გაუმაგრა სააკაშვილსა და ნაცებს. მოხდა ის, რაც სისტემატურად ხდება ბოლო 8 წლის განმავლობაში – სააკაშვილისა და მისი ნაცების ვოლუნტარიზმის გაათკეცება. ნაცები სათავისოდ აპიარებენ კლინტონის ვიზიტს, „მეოცნებენი“ – სათავისოდ, გაჩანაგებული ხალხი, თანაც იმედგაცრუებული აქეთ-იქით იყურება და არ იცის, რა გზას დაადგეს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი.