27.12.2024

„წარმატებული“ საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმი

საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის მორიგი დღე „იზეიმა“, თანაც ორ დედაქალაქში – თბილისა და ქუთაისში – ქვეყნისათვის შეუფერებელი გრანდიოზული ღონისძიებებით და ცხადია კონცერტებით.

ღირშესანიშნავ თარიღამდე ქვეყანა განსაკუთრებული ნახელავით მივიდა, რომელთა დიდი ნაწილიც რუსთაველის პროსპექტზე გამოიფინა – დასამტკიცებლად იმისა, რაოდენ მაგრები ვართ ნაცთა გონივრული მეთაურობის წყალობით.

რას არ ნახავდით აქ – სამხედრო ტექნიკასა და სამრეწველო საქონელს, სოფლის ნობათს და ყვავილებს . . .  მაგრამ სხვა ნახელავიც არის, რომელიც არც გულს ახარებს და არც სულს – ყოვლისშემძლეობა, ჭარბი თავდაჯერებლობა, თავხედობა ჰქვია მას, ესოდენ მოჭარბებულად, რომ არის გამოკიდებული ნაციონალური ცის კაბადონზე.

„წარმატებულ Made in Georgia” ნახელავიდან გამოვყოფდი ქვეყნის უზენაესი კანონის – კონსტიტუციის მორიგ გაბახებას, ცხადია სქესობრივად აღგზნებული თინეიჯერი ხელისუფლების მხრიდან. ერთი კაცისათვის განხორციელებულმა ცვლილებამ არა მარტო საზოგადოება აღაშფოთა, არამედ თვით ის კაციც, ვისთვისაც პარლამენტმა ორი მოსმენით ერთობ უხერხული, მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში ჯერ არნახული გადაწყვეტილება მიიღო.

ეს უმადური „ერთი კაცი“ კი ვირზე შეჯდა (იქნებ ზებრაზე) და ნაცვლად მადლობისა, პრეზიდენტს გულგამგმირავი უსტარი აჯახა. ჯერი პრეზიდენტზეა. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს წერილში აღნიშნულ რჩევიდან გამომდინარე, მალე გახდება ცნობილი.

ისე კი, „უმადურის“ გასაგონად, გაცილებით უმჯობესი იქნებოდა საკუთარი მოსაზრების პარლამენტის სხდომამდე გამომზეურება. მაშინ ნაკლები ემოციები გადმოიღვრებოდა „უმადურის“ მიმართ, ნაკლებ ნაციონალურ ვერსიებს მოისმენდა საზოგადოება თუნდაც ასეთს, რომ „მას“ არც არასდროს სურდა პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

ნაციონალებს გულზე დადებული დიდი ლოდი მოეშვათ. მათ ხმამაღლა შეუძლიათ აუწყონ დასავლელ გულშემატკივრებს „დემოკრატიული“ საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე და თუ „უმადური“ ამას არ გამოიყენებს – მისი პრობლემაა.

კონსტიტუციის კიდევ ერთხელ გასაბახებლად ნაცებმა ქრისტიან-დემოკრატები გაამწესეს. მათმა ლიდერმა, ჩვეული „აკადემიური“ მსჯელობით, „დაარწმუნა“ საზოგადოება, რომ ორ ჯიხვს შორის შეტაკების შესაჩერებლად შესანიშნავ სამშვიდობო მანდილს მიაგნო. მაგრამ თვით საზოგადოების აღშფოთებიდან გამომდინარე ჩანს, რომ მას არც მანდილი მოსწონს და არც მემანდილე.

საზოგადოების და თვით „უმადურის“ აზრით, თარგამაძისა და მისი გუნდის მიერ მოგონებული საკონსტიტუციო ცვლილება არა მარტო კონსტიტუციის, არამედ ქვეყნის შეურაცხყოფაა. ბევრი ამბობს, რომ თარგამაძე არაფერ შუაშია, მან ის გააკეთა, რაც ნაცებმა შეუკვეთეს, რაც არ არის სინამდვილისგან შორს, მაგრამ დაუფიქრებლად საქმის კეთება, თანაც მზაკვრულის, ისევე დასაგმობია, როგორც კულისებში მყოფი ნამდვილი ავტორების მოსაზრება.

და მაინც რატომ ამოიჩემა ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მოქალაქეები, ბატონმა გიორგიმ? რა დააშავეს აშშ-ი, რუსეთში, თუნდაც თურქეთში მცხოვრებმა ქართველობამ. ამ ქვეყნებში ხომ გაცილებით მეტი ქართველი ცხოვრობს, ვიდრე ევროკავშირში? თუ ცვლილებაა, ცვლილება იყოს. რუსები რომ იტყვიან – умирать хоть с музыкой. როგორც ჩანს მას და მის შემკვეთებს სჯერათ, რომ ასეთები ევროპაში არ მოიძებნებიან.

არანაკლები ჟივილ-ხივილი მოჰყვა საქართველოს ნატოში ასპირანტობას. ჩიკაგოს ნატოს სამიტი ამით (ასპირანტობით) სულაც არ იყო გამორჩეული, მას თავისი პრობლემები ჰქონდა – ავღანეთის მარყუჟში შეყოფილი თავის გამოყოფის და ამ ქვეყნიდან კუდამოძუებული გამოქცევის სახით.

ავღანეთში აშშ-ს და მისი მოკავშირე ქვეყნების ჯარების შეყვანა ათი წლის წინათ ეიფორიულად განხორციელდა, თანაც ტრანსპორტირების საქმისათვის ნაკლები PR-ით, გამოსვლისას, მითუმეტეს დამარცხების შემდეგ ამ ღონისძიებას სერიოზული ყურადღება ექცევა. ას ოცდაათ ათასიანი სამხედრო კონტიგენტის და შეიარაღების გამოყვანა სერიოზულ პრობლემებს უკავშირდება.

სამხრეთის გზა – პაკისტანზე გავლით ფაქტობრივად ჩაკეტილია – პაკისტან-აშშ-ს დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების წყალობით. რაც შეეხება ჩრდილოეთის გზას – რუსეთის გამოყენებით, განსაკუთრებით ქ.ულიანოვსკის, სერიოზულ პრობლემებს აწყდება ანტინატოური განწყობიდან გამომდინარე.

და მართლაც, ულიანოვსკი და ნატო შეუთავსებელი მცნებებია. სხვა გზებიც არსებობს – ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით, თუმცა გაცილებით მცირე გამტარუნარიანობის შემცველი. რომ იტყვიან, კოალიციური ჯარები ავღანურ ტომარაში აღმოჩნდნენ, რაც სერიოზულ თავსატეხს უქმნის აშშ-ს და ნატოს პოლიტიკოსებსა და სამხედროებს. ასეთ დროს ნატოს გაფართოებაზე ლაპარაკი ქარაფშუტობაა. ამდენად ამ თემაზე ლაპარაკით თავი არავის შეუწუხებია, გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი თანმხლები პირებისა.

ასპირანტობა იმას ნიშნავს, რომ ნატოს მომავალ შეხვედრაზე, 2 წლის შემდეგ, უდავოდ მიგვიღებენ ნატოშიო – ბრძანა სააკაშვილმა. სააკაშვილის განცხადება გადაჭარბებულად შეიძლება აღვითქვათ, მაგრამ რა ვუყოთ ნატოს გენმდივნის რასმუსენის განცხადებას – საქართველოს აუცილებლად მიიღებენ ნატოშიო?

დავუშვათ, რომ ეს ასეც მოხდა, გამოდის, რომ ნატო თვით ამბობს უარს იმ პრინციპეპზე, რის დაცვაც, უფრო სწორად გათვალისწინებაც აუცილებელია ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის. მათ შორის გამოვყოფდი ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მეზობლებთან ურთიერთობა, მეზობლებთან დადგენილი საზღვრების არსებობა, ტერიტორიული მთლიანობა და სხვა.

საქართველოს აქვს ურთიერთობა აზერბაიჯან-სომხეთთან და თურქეთთან, მაგრამ ცუდი ურთიერთობა აქვს რუსეთთან. მარტო ის რად ღირს, რომ ამ ქვეყანასთან 2008 წლიდან გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები. საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები პრაგმატულია, ისე, როგორც საქართველო-სომხეთის, თუმცა საზღვრების გავლების საკითხში უდავოდ მოსალოდნელია გართულებებიც, რაც სულ ახლახანს დაფიქსირდა – დავით გარეჯის სახით.

ჯერ-ჯერობით, კომისიის მუშაობის დასრულებამდე, აზერბაიჯანის მესაზღვრეები გაატარებენ ქართველ მღვდლებსა და ტურისტებს „აზერბაიჯანის საზღვარზე“, მაგრამ რა იქნება შემდეგ?

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს „შემდეგ“ 20 წლის შემდეგ იქნება ისე, როგორც დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე. კომისია იმუშავებს და იმუშავებს. რაღაც ეტაპზე საზოგადოებას ეტყვიან, რომ “რაღაც პროცენტი „შეთანხმდა“ ისე, როგორც კალანდაძემ ბრძანა – 60%. „შეთანხმებულს“ კი არავინ გააცნობს საზოგადოებას – დამთავრების შემდეგო, იტყვიან.

თუ აზერბაიჯანთან მიღებული იქნება შეთანხმება, რა გაკეთდება სომხეთთან და რუსეთთან მიმართებაში? მათთან გაცილებით მძიმე ვითარებაა, ვიდრე აზერბაიჯანთან. დავუშვათ საზღვრის პრობლემები მოგვარდა, როგორ იქნება აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთის დაბრუნების საკითხი? არც ერთ ყოფილ ავტონომიასთან არ არის პირდაპირი დიალოგი, არც რუსეთთან არსებობს მსგავსი, რის გარეშე საკითხი გადაუჭრელი დარჩება.

2014 წლამდე ორი წელი რჩება – ზემოთმოყვანილი პრობლემების მოგვარებისთვის უდავოდ მცირე დრო. არც სააკაშვილი და არც რასმუსენი ჯადოსნური ჯოხის პატრონები არ არიან, რომლის აქნევაც მოაგვარებდა იმ  პრობლემებს, რომლებიც გახსნიდა ნატოს კარს. მაშ რას ეფუძნება სააკაშვილ-რასმუსენის ოპტიმიზმი – სააკაშვილისეულის გამოცნობა იოლია – ქართული საზოგადოების მორიგ მოტყუებას, მაგრამ რასმუსენის? ისიც გვატყუებს?

ეს, რომ ასეა, თვალნათელია. მაგრამ ხომ შეიძლება სხვა რამეც იყოს? მაგალითად ნაცვლად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, თბილისის მიერ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება? მაშინ კი მორიგ დამოუკიდებლობის დღესასწაულს საქართველო შაგრენის ტყავივით დაპატარავებული, მაგრამ ნატოში გაწევრიანებული შეხვდება.

ერთი რჩევა მინდა მივაწოდო პატივცემულ მიხეილს – ეროვნული დღესასწაულების ჩატარების გრაფიკის შედგენა, ხან აქ და ხან იქ, ისე, როგორც ოლიმპიური თამაშების ან ფეხბურთში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარება – ხან ერთ ქვეყანაში და ხან მეორეში. რატომაც არა, თუ ევროკავშირელის პარლამენტარობა, პრემიერობა და პრეზინდენტობა შეიძლება, რატომ არ შეიძლება სამხედრო პარადის ჩხოროწყუში ჩატარება?

26 მაისამდე ხელისუფლება სხვა მხრივაც ხელდამშვენებული მივიდა, მაგალითად პარლამენტართა ასაკის 21 წლამდე შემცირება. ამ მხრივაც პირველები ვართ მსოფლიოში, პარლამენტარიზმით განთქმული ქვეყნებისგან განსხვავებული, სადაც კანონებს დაბრძენებული, პრაქტიკული ცხოვრებით გამოწრთობილი ხალხი იღებს და არა მთლად თოთო, პირზე რძეშეუმშრალი გოგო-ბიჭობა.

რას მიქვია კუანა ბებრებიო – ბრძანა მიხეილმა და რვა წელია ქვეყნის მართვის სადავეები თინეიჯერებს არგუნა. თუ რა მოგვიტანა ამან, თითოეული საკუთარ თავზე ვგრძნობთ, გაპარტახებული ქვეყნის და ყოფის სახით. ნაცთა ბატონობის გაგრძელების შემთხვევაში სულაც არ არის გამორიცხული პარლამენტარის ასაკის 18 წლამდე შემცირება. ამ ასაკის თინეიჯერთა მწყემსვა იოლია.

დღესასწაულამდე ბედკრულ საქართველოში წვიმაც წამოვიდა, რომელმაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მიზეზი ამ ბედოვლათობისა არაპროფესიონალური, თინეიჯერული მმართველობაა. გულდათუთქულმა პრეზიდენტმა ლამის ცრემლები ღვარა დაზარალებული უბნების მონახულებისას, შემდეგ კი დარდის გასაქარვებლად საკუთარ თვითმფრინავს მოახტა და ფეხბურთში თინეიჯერთა ჩემპიონატისკენ გაქუსლა. იქედან მილანს მიაკითხა საშოპინგოდ, შემდეგ აშშ-ს.

მილანის შოპინგმა ბოლოს და ბოლოს იმოქმედა ჟურნალისტიკაზე და გაჩნდა კითხვები – ვისი ფულით დახტის პრეზიდენტი საზღვარგარეთ?. კარგი დროა. 8 წელიწადია ქვეყნის პირველი პირის ამპლუაში დახტის ეს კაცი ქვეყნიდან-ქვეყანაში, რაშიც ჩვენი ჯიბიდან ამოღებულ ფულს ხარჯავს და დღეს გაგახსენდათ?

საქართველოს სახელმწიფო მოხელეთათვის ჩვეულებრივად ითვლება თვის განმავლობაში ორ-ორჯერ მაინც უცხო ქვეყნებში მივლინებით გამგზავრება. სად არ ნახავთ მათ – ახალი ზელანდიიდან დაწყებული, ბრაზილია-ჩილეთი დამთავრებული. ამერიკაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

გერმანიის ბუნდესტაგში სტაჟირების დროს მასპინძლებმა აგვიხსნეს, რომ პარლამენტარის საზღვარგარეთ მივლინება დიდი იშვიათობაა და მას მოწვევის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ შეიძლება ჰქონდეს ადგილი. „ღარიბი“ გერმანია უფრთხილდება სახელმწიფო ბიუჯეტს, „მდიდარი“ ქართველობა – არა.

გამოგონილ „მივლინებებში“ მგზავრობის ხარჯები, აგრეთვე ძვირადღირებულ კონცერტებსა და უაზრო გამოფენებში დახარჯული ფული საკმარისი იქნებოდა ჩაოხრებული თბილისის უბნების მოწესრიგებისათვის. მარტო პოლიგრაფიულად მაღალ დონეზე დაბეჭდილი ჟურნალის – „თბილისური ამბვების“ ყველა თბილისელისთვის ჩამორიგება ეყოფოდა „გაკეთებული“ ბელინსკის ქუჩის აღდგენას, სადაც რახანია ჩანჩქერივით მოედინება მიწიდან ამოხეთქილი წყალი და ფეკალი, სადაც ავტომანქანის საბურავების ნასროლი სიპი ქვებისგან ძლივს იცავს თავს გამვლელ-გამომვლელი. ასეთი ქუჩები უხვადაა დედაქალაქში, ისევე, როგორც გაუთავებელი ბაქიაობა წარმატებული საქართველოს შესახებ.

საქართველომ 26 მაისს აღნიშნა ის დამოუკიდებლობის დღე, რომელიც მას არა აქვს. საქართველოს მოსახლეობა უკვე მერამდენედ, უხასიათოდ ხვდება დიდ დღესასწაულს, დღესასწაულს, რომელიც მას არ ახარებს. და რომ ეს ასეა, ნათლად გამოჩნდა „უმადურის“ მიერ მოწყობილ იმედის მომცემ სახალხო თავყრილობაზე.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.