09.10.2024

რესპუბლიკელი რომნის ვოიაჟები

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის რომნის უცხოური ვოიაჟი მთელი რიგი გამონათქვამებით იყო დახუნძნული, რამაც უდავოდ არ მოუტანა მას ის წარმატება, რასაც კანდიდატი და მისი გუნდი ელოდა, თუმცა ოპტიმისტები გულს არ იტეხენ, ამბობენ რა, რომ რომნიმ მოხიბლა ისრაელის ხელისუფლება, ქვეყნის მოსახლეობა, რაც თავისთავად იმოქმედებს ამერიკელ ებრაელობაზე, ებრაულ ლობიზე, რომლის საარჩევნო ძალა მნიშვნელოვანია.  ხუმრობა ხომ არ არის მსოფლიოში მცხოვრები 13.580 ათასი ებრაელიდან 81% ისრელსა და ამერიკაში ცხოვრობს, კერძოდ აშშ-ი 5.275 ათასი, ხოლო ისრაელში – 5.708.700.

რომნის უცხოური ვოიაჟი ობამას საგარეო პოლიტიკის სისუსტის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო. ვიზიტს ამერიკის სამ მეგობარ ქვეყანაში – დიდ ბრიტანეთში, ისრაელში და პოლონეთში უნდა დაენახვებინა ამერიკელი ამომრჩევლისათვის ობამას სისუსტეები, როგორც მეგობარი ქვეყნების, ისე მტრებისა და მეტოქეების მიმართ. რესპუბლიკელები ჩასჩიჩინებენ  ამომრჩევლებს ობამას სისუსტეს, გულუბრყვილობას და მუდამ მობოდიშო განწყობას მტრებისა და მეტოქეების, ხოლო ცივ და ნაკლებად სანდო დამოკიდებულებას მეგობრების მიმართ. მიღწეულ იქნა თუ არა სასურველი შედეგი, მომავალი გვიჩვენებს. ჯერ-ჯერობით პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგი თანაბარია.

ისრაელში ვიზიტის დროს რომნი შეეცადა ობამა-ნეთანიაჰუს რთულ ურთიერთობებზე მოეპოვებინა პოლიტიკური დივიდენდები, რასაც ნაწილობრივ მიაღწია. ნეთანიაჰუს და ებრაელ პოლიტიკოსთა მტკიცე მხარდაჭერა რესპუბლიკელთა კანდიდატის მხრიდან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ობამა-ნეთანიაჰუს ოთხწლიანი გაურკვევლობის ფონზე. რესპუბლიკელები ცხარედ აკრიტიკებენ ობამას ისრაელისადმი ცივი დამოკიდებულებისათვის. მაგალითად მოჰყავთ ისიც, რომ ოთხი წლის განმავლობაში ობამამ ვერ მოიცალა სტრატეგიული პარტნიორისათვის და ერთხელაც არ ჩავიდა ისრაელში მაშინ, როდესაც ეწვია ისრაელის მეზობელ ქვეყნებს.

ოთხი წლის განმავლობაში ისრაელის ხელისუფლებას მუდამ ჰქონდა თეთრი სახლის პოლიტიკის მიმართ უკმარისობის გრძნობა. ნეთანიაჰუს გონებაში ჩაებეჭდა მიკროფონის მიღმა ობამას მიერ ნათქვამი სიტყვები, დაახლოებით ასეთი შინაარსისა – აბა მე მკითხე, როგორ მომაბეზრა თავი ნეთანიაჰუმ. პასუხი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის სარკოზის ნათქვამზე – ნეთანიაჰუ აუტანელიაო – იყო გამოთქმული ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე.

პოლიტიკოსები ადამიანები არიან და მათთვისაც ჩვეულია გულისწყრომა. ზოგი გულსატკენ ნათქვამს გმირულად იტანს, ზოგი თითქოს ყურადღებას არ აქცევს, საჯარო განცხადებებს არ აკეთებს, თუმცა გულში იხვევს და შესაბამისი ვითარების გამოჩენისთანავე ხურდას აბრუნებს. ობამას მიმართ გაღიზიანება ნეთანიაჰუს ჯერ არ გამოუთქვამს, შეიძლება არც გამოთქვას, მაგრამ რომნისთან გულახდილი შეხვედრა ბევრის მანიშნებელია.

რომნის განცხადება, რომ ისრაელს სრული უფლება აქვს დაიცვას თავი და იბრძოლოს გამოწვევების წინააღმდეგ, სასიამოვნო მოსასმენი იყო ნეთანიაჰუსთვის, ისე, როგორც იერუსალიმის მხოლოდ ისრაელის დედაქალაქად მოხსენიება ან ის, რომ ყველამ უნდა იშრომოს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის წინააღმდეგ და თუ ამ ბრძოლაში დიპლომატია და სანქციები შედეგს არ მოიტანს, საჭირო იქნება ირანის ბირთვული კვლევის ობიექტების განადგურება, ამ საქმეში აშშ-ს პრეზიდენტი რომნი მხარს ისრაელს დაუჭერს.

პრეზიდენტობის კანდიდატის გამონათქვამში თითქოს ახალი ან განსხვავებული არაფერია. ობამას ადმინისტრაციაც იგივეს ამბობს – თუ მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო, მაშინ ძალისმიერი გადაწყვეტილება არ დააყოვნებს, თუმცა ამ ნათქვამში მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ეს ასე იქნება, თელ-ავივი ვერ ხედავს.

სხვაგვარია ობამას ადმინისტრაციის მიდგომა იერუსალიმისა და პალესტინის მიმართ. თელ-ავივი ამ საკითხებში ამჩნევს ობამას პალესტინისკენ გადახრას..

ასეა თუ ისე ბრძოლა თეთრი სახლისათვის სულ უფრო იძაბება. მეტოქეებს შორის სხვაობა უმნიშვნელოა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ფინიშისკენ თითო ხმას, მითუმეტეს ებრაულის, დიდი მნიშვნელობა ექნება. ებრაელებს რომნის დაპირებაც – გამარჯვების შემთხვევაში პირველ სახელმწიფო ვიზიტს ისრაელში განახორციელებს, გულში ჩარჩათ.

დიპლომატიასა და სახელმწიფოთა ურთიერთობაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ გამარჯვებული პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ პირველ განცხადებას ან პირველ უცხოურ ვიზიტს.

რომნის მიერ ნათქვამი სიტყვები – პირველად ისრაელში ჩასვლასთან დაკავშირებით, ამერიკელ ებრაელთა ლობის მიმართ გაკეთებული მესიჯიც იყო – ამირჩიეთ და მეც პატივს დაგდებთ – ვეწვევი რა ისრაელს. ამერიკული ებრაული ლობი ამ თხოვნის გარეშეც არ დააყოვნებს რომნის მხარდაჭერას, ვინაიდან მას ერთობ რთული ურთიერთობა აქვს ახლანდელ ადმინისტრაციასთან. თუ საით გადაწონის ებრაული ხმები და ებრაული ლობის გავლენა ა.წ. ნოემბერი დაგვანახებს.

რაც შეეხება მედლის მეორე მხარეს, ანუ რომნის ნათქვამს პალესტინისა და ირანის მიმართ, მასაც საკმაო პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვინაიდან ამერიკელ ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით მუსლიმანებზე, რომელთა ხმები არაფრით ჩამოუვარდება ებრაელებისას, რომნის ნათქვამმა ნეგატიურად იმოქმედა. პალესტინის ავტონომიის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რომნის ნათქვამს უმალ მოაყოლა კრიტიკული გამონათქვამი, უფრო გმობის სახით.

არც ირანი დარჩენილა ვალში, თუმცა ის რახანია შეეგუა ამერიკელ პოლიტიკოსთა რეაქციულ განცხადებებს. ირანისთვის გამოცანას არ წარმოადგენს, დემოკრატის ან რესპუბლიკელის გამარჯვების შემთხვევაში, რა განვითარებას მიიღებს თეთრი სახლის პოლიტიკა. ირანი ყელამდეა აღვსილი დემოკრატიული ადმინისტრაციის „სასიკეთო“ მოქმედებით, განსაკუთრებით მკაცრი ანტიირანული სანქციების თვალსაზრისით. თეთრი სახლის მხრიდან მეტი სიმკაცრე – ბირთვულ ობიექტებზე იერიშის მიტანა იქნება. ირანი ამისათვისაც მზად არის, თუმცა იმედოვნებს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს.

ირანის პოზიცია „ექვსეულთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებზე არის ისეთი, როგორც ყოველთვის – ირანს აქვს უფლება აწარმოოს ბირთვული სამშვიდობო კვლევები და გააგრძელოს ურანის გამდიდრება, მიუხედავად იმისა დააწესებს დასავლეთი ახალ სანქციებს მის წინააღმდეგ, თუ არა.

სტამბოლის ბოლო შეხვედრის დროს ირანის მხარემ გამოთქვა მოსაზრება, რომ საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა უპირველესად სანქციების მოხსნა. თუ სანქციები არ მოიხსნება, გაგრძელდება ურანის 20%-ზე ზევით გამდიდრების პროცესი.

„ექვსეულის“ წინადადება საწინააღმდეგოა – ჯერ გამდიდრების შეწყვეტა და შემდეგ სანქციებზე მოლაპარაკება. ერთი სიტყვით – ილფის და პეტროვისა არ იყოს – „დილას ფული, საღამოს სკამები“.

გაუთავებელი პოლიტიკური ვაჭრობა აშკარა მაჩვენებელია იმისა, თუ რაოდენ რთულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. დახუჭავს თვალს დასავლეთი ირანის პროგრესირებულ ბირთვულ კვლევებზე და მსოფლიოს ბირთვული სახელმწიფოების კლუბს ერთი ახალი წევრი შეემატება, რასაც შეიძლება მოჰყვეს კლუბის სხვა წევრებით გამდიდრებაც.

ბირთვული პროგრამის ლიკვიდაციის თვალსაზრისით ირანზე თავდასხმა კი აბსურდია. მას მხოლოდ დროებით შეუძლია ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება. ისრაელის პრეზიდენტის შიმონ პერესის არ იყოს – ბირთვული ობიექტების განადგურება შეიძლება, მაგრამ ირანელ მეცნიერთა თავების შეუძლებელი.

რა იქნება, თუ ირანი დაამზადებს ბირთვულ ბომბს?

ირანის ხელისუფლება გაცილებით სტაბილურად და მტკიცედ გამოიყურება, ვიდრე პაკისტანის, ვისაც აქვს ასეთი. ბოლო დროს ამ მოსაზრებას იზიარებენ ამერიკელებიც, მათ შორის ისეთი ცნობილი პოლიტოლოგი კენეტ ნილ უოლტსიც – მრავალი წლის განმავლობაში ბერკლისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების პროფესორი.

ამას წინათ ამერიკულმა ჟურნალმა „ Foreign Affairs”-მა გამოაქვეყნა უოლტსის სტატია სათაურით – „ირანს ბომბი უნდა ჰქონდეს“, რომელმაც ერთობ ნეგატიური რეაქცია გამოიწვია ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში.

პროფესორი ამტკიცებს, რომ ირანის მიერ ბირთვული ბომბის დამზადება არ გამოიწვევს გამალებულ ბირთვულ შეიარაღებას. „შეხედეთ, ბირთვული ეპოქა 70 წლის არის და არც არავითარი მანიშნებელი არ არის იმისა, რომ შეიარაღების ეს სახეობა ჭირივით ან შიდსივით ვრცელდება. ტერმინი „proliferation” – „გავრცელება“ ნიშნავს სწრაფ, უკონტროლო პროცესს, ჩვენ კი რა გვაქვს? ისრაელმა შექმნა ბირთვული ბომბი სამოციან წლებში, მაგრამ რეგიონში მის მაგალითს არავინ წაჰყვა. თუ ამას მაშინ არ ჰქონია ადგილი, რატომ ვშიშობთ ირანის მაგალითს მოჰყვება ასეთი? მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ რეგიონისთვის ბირთვული ისრაელი უფრო საშიშია, ვიდრე ბირთვული ირანი. ირანელები არც თვითმკვლელები და არც შუასაუკუნეების ბარბაროსები არიან, რომ ვინმეს წინააღმდეგ, თუნდაც ისრაელის გამოიყენონ ბირთვული იარაღი. მიუხედავად იმისა, რომ ირანელებს ახასიათებთ გამომწვევი რიტორიკა, მათ არ სურთ საკუთარი თავის განადგურება. ირანს შეუძლია მკაცრი განცხადებების გაკთება აშშ-ს და ისრაელის მიმართ, მაგრამ მათი მოქმედების ლოგიკა – საკუთარი ქვეყნის, ხალხის და რეჟიმის გადარჩენაა.

ირანმა არ გადაკეტა ორმუზის სრუტე. ირანი საკუთარ თავდაცვაზე ფიქრობს. თქვენ გგონიათ, რომ ამის საფუძველი ირანს არ აქვს? გავიხსენოთ 1981 წელი, როდესაც ისრაელმა დაბომბა ერაყის ბირთვული ობიექტები ან 2007 წელი, როდესაც მან იერიში მიიტანა სირიის ანალოგიურ ობიექტებზე.

მაო ძედუნი ტოვებდა სახიფათო ლიდერის შთაბეჭდილებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩინეთმა 1964 წელს დაამზადა ატომური ბომბი, ქვეყანამ დაიწყო თავშეკავებული მოქმედება. ერთმანეთთან დაპირისპირებულმა ინდოეთმა და პაკისტანმა ბირთვული იარაღის შექმნისთანავე დაუკლეს გამაღიზიანებელ განცხადებებს.

ბირთვული კვლევები ძვირი საქმეა. სრული შესაძლებელია, რომ ბომბის მიღების შემდეგ ირანმა მასზე მკაცრი კონტროლი დააწესოს და ამით გამორიცხოს ამ იარაღის სხვის ხელში მოხვედრა“, – აცხადებს მეცნიერი.

მეცნიერის აზრით, უნდა შეწყდეს ყოველგვარი სანქციები ირანის წინააღმდეგ, ვინაიდან ირანი მაინც გააგრძელებს ურანის გამდიდრებას. სამხედრო გზა მიუღებელია. ირანმა უნდა აღადგინოს ნავთობის ექსპორტი ევროპის ქვეყნებში, სპარსეთის ყურიდან გაყვანილ უნდა იქნას სამხედრო გემები. ირანთან უნდა დაიწყოს დიპლომატიური მოლაპარაკება.

მეცნიერი არ გამორიცხავს, რომ ისრაელს უმტყუნოს ნერვებმა და დაჰკრას ირანს. შესაძლოა ამას აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჰქონდეს ადგილი. და ეს იქნება გაცილებით უარესი, ვიდრე ინდიელი ტომის მაიას წინასწარმეტყველებისა – თვლის მეცნიერი.

პროფესორი უოლტსის მოსაზრებას ეხმიანება რუსი მეცნიერი გიორგი მირსკი, რომელიც  აღნიშნავს, რომ „ახალ-ახალი სანქციები იმ ზომამდე მიიყვანს ირანს, რომ ის ჩათვლის თავს კუთხეში მოქცეულად, რაც კიდევ უფრო გაზრდის მის ინტერესს ბირთვული იარაღისადმი, თავდაცვის საშუალების ერთადერთი შესაძლებლობისადმი“. რუსი მეცნიერის აზრით, „ისრაელის ბირთვულმა მონოპოლიამ შექმნა ახლო აღმოსავლეთის არასტაბილურობა. დღევანდელი კრიზისი არა ირანის ბირთვული ამბიციებით არის გამოწვეული, არამედ ისრაელის ბირთვული არსენალით“.

დასავლელი მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ ირანს არ სურს ბირთვული იარაღის დამზადება, მაგრამ მას უნდა ბირთვულ იარაღამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი ჰქონდეს დარჩენილი. მსგავსი მოსაზრება მიუღებელია ისრაელისთვის, ვინაიდან მუდმივ შიშში ყოფნა და იმაზე ფიქრი, გადალახა თუ არა ირანმა ურანის გამდიდრების 20%-იანი ბარიერი და მიაღწია თუ არა 90%-იან ზღვარს, რაც აუცილებელია ბომბის დამზადებისთვის – ძნელი საქმეა. ისრაელს შეიძლება ნერვებმა უმტყუნოს, რაც ომის დასაწყისი იქნება. ამ ომში აშშ-ც იქნება ჩათრეული. ასე და ამრიგად მივიღებთ ცივილიზაციათა ომს, რომელიც ბევრ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს მძიმე პრობლემებს შეუქმნის. უნდა ვიმედოვნოთ, რომ მსგავს ვითარებას ადგილი არ ექნება, თუმცა არც ამისგან ვართ დაზღვეული.

დასასრულს ურიგო არ იქნებოდა გაგვეხსენებინა, ვის რა რაოდენობის ბირთვული იარაღი აქვს: აშშ – 1800; რუსეთი – 1537; საფრანგეთი – 300; ჩინეთი – 240; დიდი ბრიტანეთი – 225; ინდოეთი – 80-100; პაკისტანი და ჩრდილო-კორეა – 90-110; ისრაელი 80.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი.