08.12.2024

პრეზიდენტის მორიგი „მჭერმეტყველება“

პრეზიდენტის გამონათქვამებზე ყურადღების გამახვილება არავითარ შედეგს, რომ არ იძლევა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. აღშფოთებულმა გუშინდელებმა ანუ „ჩარეცხილებმა“ ანუ „წითელმა ინტელიგენციამ“, მართალია პროტესტი გამოხატა, მაგრამ სამწუხაროდ მას არც მიტინგი მოჰყოლია და არც დანარჩენ „ჩარეცხილთა“ სოლიდარობის განცხადებები.

რაც შეეხება ახალგაზრდებს, თუნდაც სააკაშვილის სიტყვების ირიბ ადრესატებს, ყურიც არ შეუბერტყიათ, აქაოდა პრეზიდენტის ლექსიკა, განსაკუთრებით დამცინვი მიმიკა, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს სულაც არ ეხებოდა – ის განკუთვნილი იყო „გპი“-სათვის (ქართულად „სპი“), რომელიც შორს არის დღევანდელი „პოლიტექნიკური“ უნივერსიტეტისგან.

ეს შეგრძნება გამიჩინა სააკაშვილის „ლექციაზე“ დამსწრე სტუდენტების კმაყოფილმა, მომღიმარმა სახეებმა. დარწმუნებული ვარ, არა მარტო მათ, არამედ სხვა ფაკულტეტის სტუდენტებმაც არ იციან სად სწავლობენ, არც ის იციან, რაოდენ დიდი სახელით სარგებლობდა „გპი“, როგორც საბჭოთა საქართველოში, ისე საბჭოთა კავშირში. საკუთარი უნივერსიტეტის (ყოფილი ინსტიტუტის) ისტორიის შესახებ დამსწრე სტუდენტებმა სააკაშვილის გამოსვლიდან შეიტყვეს. და რაც შეიტყვეს, იყო შეურაცხმყოფელი სიცრუე – გადასული უკიდეგანო აღვირახსნილობაში.

დემოკრატიამ, სიტყვის თავისუფლებამ, გლობალიზაციამ უამრავ „სიკეთეს“ გვაზიარა, თუნდაც ისეთს, ტყუილ-სიმართლეს რომ ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან. იტყვის მავანი მამალ ტყუილს და მერე არკვიე სიმართლეა თუ სიცრუე.

ერთხელ ერთმა პირმა მეორეზე საჯაროდ ბრძანა, გაქანებული პედერასტიაო. რას ამბობ, მართლაო, ჰკითხეს მას. უკმეხმა, ჭორის ავტორმა მიუგო – მე გითხარით – გინდ დაიჯერეთ, გინდ არაო.

ეს ამბავი „ჩარეცხილობის“ დროს მოხდა, როდესაც მამათმავლობა დიდ სირცხვილად ითვლებოდა. დღეს, პირიქით არის. ვინც ცისფერი არ არის, ის იჩემებს ცისფერობას. ცისფერობა საამაყოა. თუ ჩემი არ გჯერათ, თვალი შეავლეთ ტელევიზიას.

დამოკიდებულება ცისფერობისადმი რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ ჭორიკნობისადმი ძველებურად ზეიმობს. ის გაათმაგებულად იზეიმებს, თუ მხარდაჭერას ისეთი პოლიტიკოსისგან პოვებს, პრეზიდენტი რომ ჰქვია. „გპი“-ში გამოსვლა ჭორიკნობისა და ბოროტი განცხადებების ნაზავი იყო, რაც სერიოზულ დაფიქრებას ითხოვს საზოგადოების მხრიდან.

ქართველთა აღქმაში დემოკრატია ისეთი რამ არის, ყველაფერს რომ წამოროშავ და პასუხს რომ არავინ მოგთხოვს. „დემოკრატიულმა“ ვერბალურმა ფაღარათმა არა მარტო ელექტრონული მედია წალეკა, არამედ ბეჭდვითიც, გარდა ამისა პოლიტიკური წრეები და ექსპერტობა. საზოგადოება მიეჩვია ყოველივეს და აღარ რეაგირებს – მაინც არაფერი გამოვაო, ფიქრობს ის.

მაგრამ „დემოკრატიის“ დასავლური აღქმა, რომ სულ სხვას გვასწავლის? უპირველესად სწრაფ რეაგირებას – მატყუარა ჭორიკნის მიმართ უმკაცრეს დამოკიდებულებას, სასამართლო პროცესს და საქვეყნოდ შერცხვენას – ყოველივე ეს უცხოა ქართული „დემოკრატიული“ საზოგადოებისთვის.

და რახან ეს ასეა, პრეზიდენტს სრული უფლება აქვს თქვას ის, რაც თქვა, მაგალითად: „სოციალურად გეპეის სტატუსი იყო, რომ თუ ვერსად მოეწყობოდი, მერე აუცილებლად შეგტენიდნენ გეპეიში. ლამის ეს სასჯელის ტოლფასი იყო“. და ამ ნათქვამს მოაყოლა „გეპეის“ პროფესორ-მასწავლებლების კორუმპირებლობა.

პრეზიდენტის სიტყვებმა გული ატკინა იმათ, ვინც „გპი“-ს დიდებას მოესწრო, მაგრამ მერე რა? რვა წლის განმავლობაში რამდენ ასეთს ატკინა გული სააკაშვილმა? ბევრს, ძალიან ბევრს – საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას – მერე რა? მოსახლეობის უკმაყოფილება სადღაც მაინც ხომ უნდა ირეკლებოდეს, თუნდაც არჩევნებში? სამწუხაროდ, არა. არათუ არჩევნებში, არამედ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებშიც არ ირეკლება.

გადავხედოთ “NDI”-ის ბოლო გამოკითხვას. მისი მიხედვით, ნაციონალებისა და სააკაშვილის პოპულარობა განუზომელია. ამერიკული ინსტიტუტის ეკვილიბრისტიკა, რომ ჩვეულებრივად ითვლება, ცნობილი ფაქტია.

დავუშვათ ინსტიტუტი ტყუის და შედეგი საშუალოზე დაბალია, მაგრამ ის დაბალიც ხომ არის? რა გამოდის – შეურაცხყოფილ საზოგადოებაშიც კი სააკაშვილს ემხრობიან ანუ მისგან მიყენებულ შეურაცხყოფას გმირულად იტანენ. ასეთ ვითარებაში თვითდარწმუნებული სააკაშვილი, პირდაპირი მნიშვნელობით თავზე რომ არ გვაშარდავს (სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ), მადლობა უნდა ვთქვათ.

ეს საზოგადოება, რომ საზოგადოება იყოს, ეს ოპოზიცია, რომ ოპოზიცია იყოს, ეს სტუდენტობა, რომ სტუდენტობა იყოს – სააკაშვილი მსგავსს ვერ გაბედავდა. ასე, რომ ჩემო ძვირფასებო, დამნაშავე სააკაშვილი კი არ არის, დამნაშავე – საზოგადოებაა, სწორედ ის, ვინც მიშა, მიშას ბღაოდა და ბღავის, ვინც რევოლუციის გასაკეთებლად თბილისში ჩამოვიდა, ის, ვინც მათ თბილისში გვერდი დაუმშვენა, ის, ვინც დღეში ათჯერ ტელეეკრანებიდან გვმოძვრავს ხელისუფლების, პრეზიდენტის, ქვეყნის წარმატებებზე.

ძველ „გეპეელებს“ გული დაწყდათ და მართლაც გულდასაწყვეტია, როდესაც უვიცი პრეზიდენტი შეურაცხყოფს ქართული პოლიტექნიკური სწავლების აკვანს – საბჭოთა კავშირში სახელოვანს, დიდად დაფასებულ სასწავლებელს.

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამაგალითო იყო, როგორც სწავლების ხარისხით, ისე დამთავრებული ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით. ამ ინსტიტუტში 35 ათასი სტუდენტი სწავლობდა. მისი კურსდამთავრებული კადრები არა მარტო საქართველოში ნაწილდებოდა, არამედ მთელს საბჭოთა კავშირში. „გპი“-დამთავრებულები მუშაობდნენ არა მარტო სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, არამედ აზიისა და აფრიკის სახელმწიფოებში.

სააკაშვილის მიხედვით, იმჟამინდელი „ქაოსისა“ და „ჩამორჩენილობის“ პერიოდში, საბჭოური განათლების სისტემის წყალობით არც ერთი უმაღლესდამთავრებული, განსაკუთრებით, „გეპეის“ – განაწილების გარეშე არ რჩებოდა.

ქართველი ინჟინრის დონე არაფრით ჩამოუვარდებოდა სხვას, თუ მეტი არ იყო. დღეს რა სურათი გვაქვს? „ლექციებს აღარ ვკითხულობ, რადგან სტუდენტი ვერ მოგყვება, მათემატიკის ელემენტარული ცოდნა არ აქვს, სამკუთხედის ფართობის ანგარიში არ იცის ხალხმა და რა პროექტები უნდა გააკეთებინო?!“ – ამბობს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი ანზორ საკანდელიძე.

დამოუკიდებლობის 20 წელმა თუ რამეზე ცუდად იმოქმედა – განათლებაა. უცოდინარმა ლექტორებმა ჩაანაცვლეს განსწავლული კადრები. არაპროფესიონალიზმი გახდა განათლების სამინისტროს ყოველდღიური „მოღვაწეობის“ დამახასიათებელი თვისება.

თვალი გადაავლეთ ამ სამინისტროს ხელმძღვანელობას, მათ უინტელექტო სახეებს, მათ ლაპარაკს და უმალ მიხვდებით, რომ ასეთებით განათლების სისტემა არ აშენდება, მითუმეტეს ქვეყანა.

დაიჯერებს ვინმე, რომ ისინი მეცნიერებასაც ხელმძღვანელობენ? შაშკინ-სეფერთელაძის შემხედვარე მეცნიერებს დიდი ხანია უარი უნდა ეთქვათ მეცნიერებისთვის, მაგრამ რა გაეწყობა, ცხოვრება ხომ გინდა? ჰოდა, როცა ცხოვრება გინდა – ლანძღვაც უნდა აიტანო და არჩევნებშიც ნაცებს მისცე ხმა.

რახან არჩევნები ვახსენე, იმასაც ვიტყვი, რომ თუ ვინმე დაამარცხებს სააკაშვილს – სააკაშვილია. წინასაარჩევნო კამპანიაში თავფეხიანად გადაშვებული სააკაშვილი, რომლის მთავარი მიზანი თითო ხმის ნაცთა სასარგებლოდ მოპოვებაა, „გეპეის“ ლანძღავს და ამით საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იმტერებს. ასე მხოლოდ სულელი მოიქცევა, მაგრამ არის თუ არა სააკაშვილი სულელი? ნამდვილად არა. მან კარგად იცის, რომ განაწყენებული ქართველი ცივ წყალს დალევს და წყენაც გაუვლის.

„გეპეის“ თემა იმ დღეს შემთხვევით არ იყო წამოწეული, მას სხვა დატვირთვა ჰქონდა ანუ რუსეთის ლანძღვაზე გადასასვლელი ხიდის. და მოაყოლა და რა მოაყოლა საბჭოურ „გეპეის“ – ბატონმა მიხეილმა.

პირდაფჩენილი, უცოდინარი სტუდენტობა დიდის გულისყურით ისმენდა ბოროტი რუსეთის შესახებ. მან გაიგო, რომ კოლონიზატორები, რომლებიც ტოვებდნენ კოლონიებს, რაღაცას უტოვებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ეს რაღაცა იყო განათლებული კადრები, ინფრასტრუქტურა და სხვა. მაგრამ, როდესაც რუსეთმა დატოვა საქართველო – დატოვა მიწასთან გასწორებული ქვეყანა, უნიტაზებში ჩაყრილი ცემენტით.

მსგავსი ქადაგება არაერთხელ გვსმენია პრეზიდენტის მხრიდან და არა მარტო მისგან, არამედ ნაცთა ლიდერების მხრიდანაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ე.წ. მეცნიერებაზე. რაც უდავოდ მიანიშნებს მათ უმეცრებაზე. კარგად გადაავლეთ თვალი მსოფლიო ისტორიას, კოლონიზატორი ქვეყნების პოლიტიკას და დაინახავთ იმ სავალალო სურათს, რასაც ჰქონდა ადგილი.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ – საბჭოთა სისტემას ჰქონდა ნაკლოვანებები, ისე, როგორც სხვა სისტემას, მაგრამ თუ რაიმე წარმატებას მიაღწია საქართველომ მრავალსაუკუნოვან ისტორიაში –  70-წლიანი კომუნისტური პერიოდი იყო – დახვეწილი საგანმანათლებლო სისტემით, მეცნიერებით, კულტურით, ხელოვნებით, მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, აშენებული ქალაქებით და სოფლებით, სხვა სიკეთეებით.

საბჭოეთის გალანძღვის შემდეგ მიხეილი თანამედროვე რუსეთს და მის ლიდერებს მიადგა – უშვერი სიტყვებით – პრეზიდენტისათვის შეუფერებელით. სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ რუსეთთან ურთიერთობა გამოსწორდებოდა, მაგრამ არა. სააკაშვილის ლექსიკით, არათუ გამოსწორდება, პირიქით საგრძნობლად გაუარესდება. ან როგორ უნდა გამოსწორდეს, როდესაც ქართული მხარე მოლაპარაკების დაწყების წინაპირობად შეუძლებელს მოითხოვს – ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანას, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობაზე რუსეთის უარის თქმას და ა.შ.

დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ვიდრე აფხაზეთიდან და სამხრეთ-ოსეთიდან არ მოხდება რუსეთის საელჩოების გაყვანაო, აფრთხილებენ ღრმადპატივცემული ექსპერტები პრეზიდენტს, რითაც ცდილობენ რომის პაპზე უწმინდესად მოაჩვენონ თავი მას.

ვინ, ვინ და რუსეთში ნაელჩარმა პატივცემულმა ზურაბ აბაშიძემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმებით რუსეთის მოსალაპარაკებელ მაგიდასთან დასმა შეუძლებელია. ქართველი ექსპერტობის განცხადებებიდან გამომდინარე, გამოდის, რომ რუსეთთან მოლპარაკება არასდროს გაიმართება.

მაშ რა ვუყოთ მოსახლეობის 47%, რომელიც, სოროსის ფონდის გამოკითხვის მიხედვით, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ითხოვს?

2008 წელს უზარმაზარი ანტისახელმწიფოებრივი დანაშაული იქნა ჩადენილი, რომლის გამოსწორება თითქმის შეუძლებელია. გაჯიქება სხვა დანაშაულს ჩაგვადენინებს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის გაქრობის მომასწავებელი იქნება.

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა არც დიპლომატია დაინდო და არადიპლომატიური ენით მას ლამის კუდით ქვა ასროლინა. ამას დაემატა სააკაშვილების მხრიდან აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის კრიტიკაც, რამაც უკიდეგანო აღშფოთება გამოიწვია ივანიშვილებში – ეს, როგორ შეიძლებაო, ეს დაუშვებელიაო, სააკაშვილი და ნაცები აგონიაში არიანო, როგორ შეჰბედეს ჩვენი მამა-მარჩენალის დიპლომატიურ წარმომადგენელსო და ა.შ. მოკლედ ივანიშვილმა მორიგი თავგასაპნულობა გამოავლინა ოკეანის გადაღმელთა მიმართ. მან კიდევ ერთხელ შეახსენა ბასს და ამერიკას ამ ქვეყანაში ვინ არის ამერიკელთა დამჯერი. ივანიშვილი და ივანიშვილები უპირველეს-ყოვლისა და არა სააკაშვილი და სააკაშვილები, გაჰყვირიან ისინი, მაგრამ გაიგებენ ამას ვაშინგტონში?

მიშას ხმა და ქცევა რახანია გაიგეს და ამიტომაც ეთაყვანებიან. კახელები რომ იტყვიან, მიშას თავისი ვირი დაბმული ჰყავს ვაშინგტონში. მასზე მზე და მთვარე ამოსდით მაკკეინებს, ლიბერმანებს, ბაიდენებს, სხვებს. ამდენად მიშასთვის პატარა “ელჩუშკა“, მითუმეტეს თითქმის უკვე წასული, არაფერს ნიშნავს. ეს კარგად იცის ბასმაც და საელჩოს სხვა დიპლომატებმაც, მაგრამ ეს არ იცის ივანიშვილმა.

თუ სააკაშვილის ანტიდიპლომატიურ განცხადებას ისინი აგონიით ხსნიან, გამოდის, რომ სააკაშვილი 2004 წლიდან არის აგონიაში. პრეზიდენტობის დასაწყისშივე ის აუგად მოიხსენიებდა საქართველოში აკრედიტებულ დიპკორპუსს. გავიხსენოთ ევროსაბჭოს წარმომადგენლის, ელჩის პლამენ ნიკოლოვის ისტორია. სრულიად უსაფუძვლოდ გალანძღული ელჩი ლამის პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა სააკაშვილმა. მან არც ევროსაბჭოს მაშინდელი ხელმძღვანელი შვიმერი დაინდო.

ელჩების დატუქსვა მისთვის ჩვეული რამ არის, რაც არ არის გასაკვირი. გასაკვირი ის იქნებოდა, რომ შეურაცხყოფილი ელჩების ქვეყნებს, რეაგირება მოეხდინათ. რახან მათი მხრიდან ამას ადგილი არ აქვს – ყველაფერი რიგზეა.

ამერიკა იღებს იმას, რაც დათესა. მერე რა, რომ ნაყოფი ჰიბრიდული სიმინდივითაა. ამერიკა რიგით ქართველს ნაკლებად ადარდებს, ყოველ შემთხვევაში გაცილებით ნაკლებად, ვიდრე ივანიშვილებს და მართლაც ამერიკაზე დარდი რა მოსატანია, როდესაც საკუთარი დარდი თავზე საყრელად გვაქვს?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.